მღვდელმან: კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მკითხველმან: ამინ. დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
უფალო შეგვიწყალენ (12–ჯერ).
უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.
უშიშ იყავ, ვითარცა უხორცოი, და მინდობილი საჭურველსა უძლეველსა, ნიშსა ჯუარისასა, ბრძოდი რაი ურიცხუთა მტერთა მცირედითა მით ლაშქრითა, განიოტნე აგარისა ნათესავნი და აღადგინე სამეფოი ქართლისაი, ხოლო მოიკალ რაი ხელითა ორგულთაითა, ვითარცა მსხვერპლი შეიწირე წინაშე ღმრთისა, მას ევედრე აწ ხსნად ჩუენდა, წმიდაო მეფეო აშოტ, ყოვლისაგან ჭირისა და მზაკუვარებათაგან ბოროტისა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
უშიშ იყავ, ვითარცა უხორცოი, და მინდობილი საჭურველსა უძლეველსა, ნიშსა ჯუარისასა, ბრძოდი რაი ურიცხუთა მტერთა მცირედითა მით ლაშქრითა, განიოტნე აგარისა ნათესავნი და აღადგინე სამეფოი ქართლისაი, ხოლო მოიკალ რაი ხელითა ორგულთაითა, ვითარცა მსხვერპლი შეიწირე წინაშე ღმრთისა, მას ევედრე აწ ხსნად ჩუენდა, წმიდაო მეფეო აშოტ, ყოვლისაგან ჭირისა და მზაკუვარებათაგან ბოროტისა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
არასადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.
ფსალმუნი 50
1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უშჯულოებაი ჩემი.
2. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.
3. რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.
4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.
5. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.
6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.
7. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე.
8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.
9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი ახოცენ.
10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.
11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე.
13. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.
14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა.
15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.
16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს.
17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს.
18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი.
19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
გალობაი 1, უგალობდითსა
ძლისპირი: ქუეყანასა მწყურნებსა, ვითარცა ხმელსა, განვიდა და შრომათაგან ეგვიპტისათა განერა ერი ისრაელთაი, ღაღადებდა: მხსნელსა ჩუენსა და უფალსა უგალობდეთ.
წმიდაო მოწამეო მეფეო აშოტ კურაპალატო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ქებით შეგამკობთ შენ, მხნეო მეფეო, და მეოხ-გყოფთ წინაშე ღმრთისა, რაითა წარმწყმედელთა მათ გზათაგან განგვარინნეს და წარგვიძეღუს გზასა მას უცთომელსა, ზეცად აღმყვანებელსა.
წმიდაო მოწამეო მეფეო აშოტ კურაპალატო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ძირთაგან ღმრთისმსახურთა მათ ბაგრატოვანთა მთავართაგან აღმოსცენდი და გამოცდილი მხედრობითსა წყობასა და კუეთებასა, ახოვნად წინა-აღუდეგ და ბრძოდი მხდომთა მათ უსჯულოთა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
უშიშ იყავ, ვითარცა უხორცოი, და ბრძოლათა შინა ფიცხელთა ტფილისი და ბარდავი წარუღე მტერსა, აწ ჩუენცა მოგვეც სიბრძნეი, სიმხნეი და ძალი დაცვად სამშობლო ქუეყანისა ჩუენისა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ბჭეო აღმოსავალისა საღმრთოისაო, განმიხვენ მე კარნი სინანულისანი და ბჭეთაგან სიკუდიდ-შემოსილისა ცოდვისათა, მიხსენ შუამდგომელობითა შენითა, ღმრთისმშობელო.
გალობა 3, განძლიერდასა
ძლისპირი: განმაძლიერებელ მექმენ მე, დამბადებელო ცისაო და ქუეყანისაო წყალთა ზედა. დამამტკიცე მე, ქრისტე, ეკლესიისა კლდესა ზედა, რამეთუ არა ვინ არს წმიდაი შენებრ, კაცთ-მოყუარე.
წმიდაო მოწამეო მეფეო აშოტ კურაპალატო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
განძლიერდენ უსჯულონი და იწყეს რაი ძიებაი შენი, ივლტოდი საბერძნეთად, გარნა გეწივნეს სარკინოზნი ჯავახეთსა და შეგეწია რაი ღმერთი, მოსცა ძლევაი კნინსა ლაშქარსა შენსა.
წმიდაო მოწამეო მეფეო აშოტ კურაპალატო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
მიიწივნე რაი აოხრებულსა მას ხევსა შავშეთისასა, სიხარულითა შეგიწყნარეს მუნ დაშთომილთა, და დაემკვიდრე რაი, წმიდაო აშოტ, განამრავლე დაბანი და სოფელნი, და ვითარცა მწყემსი მღვიძარეი, კეთილად იღუწიდი სამწყსოთა შენთა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
კლარჯეთისა ტყეთა შინა პოვე ციხეი გორგასლისაი არტანუჯი, დაერღვია რაი უსჯულოსა მას მურვან ყრუსა, და განაახლე, სანატრელო, და აღაშენე ქალაქი ქუეშე მისა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოქალაქობისაგან წმიდისა განვვარდი, ყოვლადწმიდაო, და ვებაძუე პირუტყვთა და ყოვლითურთ დასჯილ ვიქმენ, მშობელო მსაჯულისაო, ყოვლისაგან დასჯისა მიხსენ და მაცხოვნე მე.
მრჩობლი კვერექსი
დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩვენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივ–დაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათჳს (მთავრობისა და მხედრობისა) მისისათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქისა და მცეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, და ყოვლადუსამღვდელოესისა... (აქა მოიხსენეთ ადგილობრიბი მღვდელმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს... (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთს).
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხოვრებისა მათისანი, და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთასა, და მიუტევენ მათ ყოველნი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტიანეთათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
მღვდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის – უფალო, შეგვიწყალენ 40-გზის. დიდებაი… აწდა…
წარდგომა, ხმა 4
გამოსჩნდი რაი სუეტად კეთილმსახურებისად და მფარველად ეკლესიისა, მარადღე იღუწიდი მშვიდობით დაცვისათვის ერთა თვისთა, და კუალად აღძარ იგინი მსახურებად ღმრთისა, მეფისა და მამულისა, და სისხლი შენი დაათხიეს რაი ქუეყანასა ზედა ორგულთა, ვითარცა სისხლი აბელ მართლისაი, ზეცისა მხედრობათა თანა ბრწყინვალედ განშუენებული წარმოუდეგ ქრისტესა ღმერთსა, და აწ მის თანა ჰსუფევ სასუფეველსა.
გალობა 4, მესმასა
ძლისპირი: მესმა, უფალო, განგებაი საიდუმლოთა შენთა გამოუთქუმელთაი, განვიცადენ საქმენი შენნი და აღვიარე მე ღმრთეებაი შენი.
წმიდაო მოწამეო მეფეო აშოტ კურაპალატო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
აღაგე რაი ეკლესიაი თავთა მათ მოციქულთაი ციხესა მას შინა არტანუჯისასა, დაემკვიდრე მუნ სახლობითა და ჰყავ სამფლობელოდ ხელმწიფეთა მათ დავითიან-ბაგრატოვანთა.
წმიდაო მოწამეო მეფეო აშოტ კურაპალატო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
მოგანიჭა ღმერთმან ძლიერებაი და გახელმწიფა რაი შავშეთ-კლარჯეთსა ზედა, განამტკიცა მეფობაი შენი ნებითა ბერძენთა მეფისაითა, რომლისა მიერ მოგეცა პატივი კურაპალატობისაი.
წმიდაო მოწამეო მეფეო აშოტ კურაპალატო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ზეგარდამო ძლევისა მომღებელმან სარკინოზთა ზედა დაიცევ ერი შენი მძვინვარეთა მხდომთაგან, აწ ჩუენცა გვექმენ საფარველად ურვათა და ხდომათა შინა მტერისათა.
წმიდაო მოწამეო მეფეო აშოტ კურაპალატო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ცისკროვან-ჰყავ სული ჩემი, დაბნელებული შეცოდებათა სიმრავლითა, რომელმან ჰშევ მზეი სიმართლისაი, მარადის ქალწულო.
გალობა 5, ღამითგანსა
ძლისპირი: განგუანათლენ ჩუენ ნათლითა შენითა, უფალო, და მკლავითა მაღლითა მორწმუნეთა მშვიდობაი შენი ზეცით მომეც ჩუენ, კაცთ-მოყვარე.
წმიდაო მოწამეო მეფეო აშოტ კურაპალატო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
დაიდგ რაი სასანთლესა ზედა მაღალსა, განანათლე შენდა რწმუნებული ერი, ქრისტეის მოსახელეი, აწცა კარნი წყალობისანი განგვიხუენ ჩუენ ლოცვითა შენითა, მეფეო აშოტ, გევედრებით.
წმიდაო მოწამეო მეფეო აშოტ კურაპალატო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
გეუწყა რაი, ნეტარო, ღუაწლი ხანძთელისა მის ბერისაი, გულისხმა-ყავ მადლი ღირსებისა მისისაი, და სურვიელ იყავ ხილვასა მისსა. აწ ჩუენცა მოგუმადლე სიბრძნეი კეთილისა და ბოროტის განრჩევისაი.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
იწვიე რაი ნეტარი გრიგოლ არტანუჯსა, სიმდაბლითა მიეგებე წინა, და იხილე რაი ბრწყინვალებაი პირისა მისისაი, ვითარცა მოსე წინისწარმეტყუელისაი, შეიწყნარე სიყუარულითა და პატივითა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მეოხ-გუეყავ, ძისა შენისა, ღმრთისმშობელო, რაითა გარდამოგვივლინოს სიმრავლეი მოწყალებათაი, ვითარცა გაქუს კადნიერებაი.
გალობა 6, ღაღადყავსა
ძლისპირი: ვედრებასა ჩემსა განვჰფენ უფლისა მიმართ და მას აუვარებ ბრალთა ჩემთა მარადის, რამეთუ ბოროტითა აღივსო სული ჩემი და სიმტკიცე ჩემი ჯოჯოხეთად მიიწია, და იონაისებრ ვღაღადებ: აღმომიყუანე მე, ღმერთო ჩემო, უფსკრულისაგან ცოდვისა.
წმიდაო მოწამეო მეფეო აშოტ კურაპალატო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
წარუდგინე რაი სამნი ძენი თვისნი ბერსა მას მოღუაწესა, დალოცა სიყუარულითა და შეავედრა ქრისტესა ღმერთსა, მას ევედრენით აწ ერთობითა, რაითა გვიხსნნეს ჩუენ საბრხეთაგან ეშმაკისაითა და მზაკუარებათაგან კაცთაისა.
წმიდაო მოწამეო მეფეო აშოტ კურაპალატო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
შეიმოსე მოწყალებაი, მეფეო, და ნეტარსა მას გრიგოლის შესწირნე შატბერდისა სანახებნი აგარაკად ხანძთისა, ხოლო ძეთა შენთა დიდი საუნჯეი გაიღეს კლარჯეთისა სავანეთა აღსაორძინებლად.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მოიხსენა რაი ძირ-გუარობაი შენი, მეფეო, უფლისა მიერ ცხებულისა შვილად აღგიარა შენ, გრიგოლ – კაცმან ზეცისამან და ქუეყანისა ანგელოზმან, და განათლებული ხედვიდა რაი მომავალთა, უკუნისამდე მეფობისა დამკვიდრებაი აღუთქვა ნათესავსა შენსა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
განჰკურნე უკურნებელი, უძლური, დაპყრობითა სიბოროტისაითა, მძვინვარედ მოწყლული გული ჩემი, ყრმააო, და შენმიერსა კურნებასა ღირს-მყავ და მაცხოვნე მე, მოსავი შენი მეოხებითა შენითა, ყოვლადწმიდაო.
გვიხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა. მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის: – უფალო, შეგვიწყალენ 12-გზის. დიდებაი… აწდა…
კონდაკი
უნათლეს მზისა გამობრწყინდი რაი ჟამთა მათ სარკინოზთა ზეობისასა, ბრძოდი მათ საღმრთოითა მოშურნეობითა, და აღადგინე რაი დაქცეული ტაოი და კლარჯეთი თანადგომითა გრიგოლ ხანძთელისაითა, დაუდევ ლოდი საკიდური ახლად შენებასა ქუეყანისა ჩუენისასა, და განავრცე რაი „სამეფოი ქართლისაი“, დასთხიე სისხლი შენი სჯულისათვის და მამულისა, და წარსდეგ რა წინაშე ღმრთისა, წმიდაო მეფეო აშოტ, მოიღე შარავანდედი წარუვალისა მეფობისაი, და მეოხ ხარ ჩუენთვის წინაშე ღმრთისა.
დიაკონმან: სიბრძნით. მოხედენ.
მღდელმან: მშვიდობა ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკონმან: წარდგომა ფსალმუნისაგან დავითისა, ხმაი 4: და აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა.
მგალობელთა: და აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა.
დიაკონმან: ამისთვის გცხო შენ ღმერთმან, ღმერთმან შენმან საცხებელი სიხარულისა.
მგალობელთა: და აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა.
დიაკონმან: და აღვამაღლო რჩეული
მგალობელთა: ერისაგან ჩემისა.
მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ!
მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,
მგალობელთა: ამინ.
დიაკონმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.
გუნდი: ყოველი სული აქებდით უფალსა.
დიაკონმან: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.
გუნდი: ყოველი სული აქებდით უფალსა.
დიაკონმან: ყოველი სული
გუნდი: აქებდით უფალსა.
დიაკონმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება.
მღვდელმან: მშჳდობაჲ ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკონმან: იოანესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.
მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.
დიაკონმან: მოხედენ.
სახარება იოანესი
ჰრქუა უფალმან მოსრულთა მათ მისა მიმართ ჰურიათა, მე ვარ კარი: ჩემ მიერ თუ ვინმე შევიდეს, ცხონდეს; შევიდეს და გამოვიდეს და საძოვარი ჰპოვოს. ხოლო მპარავი იგი არა მოვიდეს, არამედ რაითა იპაროს, და დაკლას და წარწყმიდოს. ხოლო მე მოვედ, რაითა ცხორებაი აქუნდეს და უმეტესი აქუნდეს. მე ვარ მწყემსი კეთილი: მწყემსმან კეთილმან სული თვისი დადვის ცხოვართათვის. ხოლო სასყიდელით დადგინებულმან და რომელი არა არნ მწყემსი, რომლისა არა არიედ ცხოვარნი თვისნი, იხილის-რაი მგელი მომავალი, დაუტევნის ცხოვარნი და ივლტინ, და მგელმან წარიტაცნის იგინი და განაბნინის ცხოვარნი. ხოლო სასყიდლით დადგინებული იგი ივლტინ, რამეთუ სასყიდლით დადგინებულ არნ, და არარაი სჭირნ მას ცხოვართათვის. მე ვარ მწყემსი კეთილი და ვიცნი ჩემნი იგი, და მიციან ჩემთა მათ. ვითარცა მიცის მე მამამან, ვიცი მეცა მამაი და სულსა ჩემსა დავსდებ ცხოვართათვის. და სხუანიცა ცხოვარნი მიდგან, რომელნი არა არიან ამის ეზოისაგანნი; იგინიცა ჯერ-არიან მოყუანებად ჩემდა, და ხმისა ჩემისაი ისმინონ და იყვნენ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს.
მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.
მკითხველმან: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მეოხებითა ყოვლად ქებულისა მეფისა და წმიდისა მოწამისა აშოტ კურაპალატისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისათა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩემთა სიმრავლენი.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებაჲ ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.
გერი: განათლდების ივერთა ეკლესიაი ღუაწლითა შენითა და ვიხარებთ აწ კრებული მორწმუნეთაი და მეოხ-გყოფთ წინაშე ღმრთისა, რაითა მოანიჭოს ქუეყანასა მშვიდობაი, ეკლესიათა დიდებაი, ქრისტეანეთა უვნებლობაი და მგალობელთა შენთა დიდი წყალობაი.
ლოცვა მღვდლისა მიერ სათქუმელი
მღდელმან: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანეისითა, წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყუელისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად–ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრეისა და პავლეისითა; წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათაისითა; ღირსისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისა და წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა; წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონ–ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისა–მძლისა მოწამისა, ძლევა–შემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ–მოწამეთა ბარბარეისა და მარინეისითა; წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე–ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ, და ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთა და წმიდისა მღდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისაითა; ღმრთივ–განბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკ–ყოფილისა და ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელთაითა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა–მძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, ჰაბო ტფილელისა, მიქაელ–გობრონისა, თევდორე მღდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინეისა და კონსტანტინე მთავრისაითა; წმიდისა მთავარ–მოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაითა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთა–ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთაითა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმინდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთაითა; წმიდათა ღუაწლისამძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისაითა და წმიდათა კეთილ–მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრე–დამიანეისა, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთისკაცისა და ექვთიმე აღმსაარებლისაითა; წმიდათა აღმსარებელთა მამათა ჩუენთა, იოვანეისი და გიორგი–იოანე ბეთანიელთა და ღირსისა მამისა ჩუენისა არქიმანდრიტისა გაბრიელისა, აღმსაარებელისა და სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაითა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი და დღის წმიდანი მოიხსენიოს), და წმიდისა დიდისა მღდელმთავრისა, შანხაისა და სან–ფრანცისკოს მთავარეპისკოპოსისა იოანესი, განმანათლებლისა და საკვირველმოქმედისაითა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალ–მოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).
მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაჲთა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
გალობა 7, კურთხეულარსა
ძლისპირი: ყრმანი ებრაელნი სახუმილსა შინა ვიდოდეს ცეცხლსა ზედა კადნიერებით და შეცურეულნი ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე.
წმიდაო მოწამეო მეფეო აშოტ კურაპალატო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ფრიად გაცთუნებდა რაი ეშმაკი ტრფიალებისაი, ხორციელად ძლიერი ეგე ხელმწიფეი დაემორჩილე სულითა ძლიერთა მონაზონთა და განერე სულისა განმხრწნელსა მას ცოდვასა.
წმიდაო მოწამეო მეფეო აშოტ კურაპალატო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
შეგზღუდა რაი წმიდამან გრიგოლ სწავლითა საღმრთოითა, გულსთქუმასა ხორცთა შენთასა აღვირასხენ და ძლევანი ყოვლად-დიდებულნი წარმართენ მის მიერ ახოვან-ქმნილმან.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
შუამდგომელად ღმრთისა მიმართ მიგავლენთ შენ, ყოვლად სანატრელო მეფეო, რაითა მომმადლოს მე სინანული და მოტევებაი ცოდვათაი, ვითარცა შენ მოგმადლა და განგბანა ცრემლითა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ნებითა ჩემითა შეცოდებული და დამონებული ჩვეულებისაგან უჯეროისა, მოწყალებისა მომართ შენისა მოვივლტი განწირული, მაცხოვნე, ყოვლადწმიდაო ქალწულო.
გალობა 8, აკურთხევდითსა
ძლისპირი: შვიდწილ აღაგზნა სახუმილი, მძლავრმან ქალდეველმან ყრმათათვის გულისწყრომითა, და რისხვითა, და ძალითა მაღლისაითა იხილნა უვნებელად დაცულნი ცეცხლისაგან განუხრწნელად, და დამბადებელისა მიმართ და მხსნელისა ღაღად-ყო: აკურთხევდით ყრმანი, და მღდელნი უგალობდით, ერნი უფროისად ამაღლებდით მას უკუნისამდე.
წმიდაო მოწამეო მეფეო აშოტ კურაპალატო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
იყავ რაი მოყუარულ ღმრთისა და მამულისა, გეწადა სარკინოზთა სრულიად განხდაი და აღორძინებაი ქართლისაი, აწ ჩუენთვისცა იმეოხე წინაშე ღმრთისა, განგვიმრავლდეს ქართველთ ზნეობითა სრულ-ყოფილნი ერის-მძღუარნი, რაითა ზრუნვიდენ ერისა ჩუენისათვის და დაიცვან სამწყსოი და ეკლესიაი ყოვლისაგან ბოროტისა.
წმიდაო მოწამეო მეფეო აშოტ კურაპალატო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ფრიად აჭირვებდი რაი უსჯულოთა, მოვიდა ხალილ არაბი და ქართლი და ჰერეთი დაიპყრა, ხოლო შენ განხვედ შეკრებად ლაშქრისა და დაგესხნეს რაი სარკინოზნი ფარულად, მიისწრაფე ხევსა ნიგალისასა, არამედ წინა-უსწრეს ორგულთა მათ სპასა შენსა და შეივლტოდი რაი ეკლესიად, დაგკლეს, ვითარცა ცხოვარი აღსავალსა საკურთხეველისასა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ვითარცა ქრისტემან ჯუარსა ზედა მიიღო ლახურისა მიერ წყლულებაი, ეგრეთვე შენცა მიეცი ხელსა მას ორგულთა კაცთასა, რომელნი-იგი მკლველ იქმნნეს იუდაისა მსგავსად შენ, მეფისა თვისისა, და განგმირეს რაი მისთვის ლახურითა, წმიდაი სისხლი შენი, მამულისათვის დათხეული, საჩინოდ სახილველ იყო მრავლსა ჟამსა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
თუალნი სულისა ჩემისანი გარდასლვითა დაბრმობილნი, ღმრთისმშობელო, განანათლენ, გონებაი და გული მრავალ-ხატითა აღშფოთებული დაამშვიდენ, გევედრები, მაცხოვნე მე მგალობელი: ყრმანი და მღდელნი უგალობდით, ერნი უფროისად ამაღლებდით მას უკუნისამდე.
გალობა 9, ადიდებდითსა
ძლისპირი: განკვირდეს ზესკნელს ცანი, და კიდენი ქუეყანისანი შეძრწუნებულ იქმნნეს, რაჟამს ღმერთი შენ მიერ კაცთა გამოუბრწყინდა და საშოი შენი უმაღლეის ცათა საყდართა გამოაჩინა. ამისთვის, ღმრთისმშობელო, ანგელოზნი და კაცნი, ვითარცა ღირს ხარ, გადიდებენ შენ.
წმიდაო მოწამეო მეფეო აშოტ კურაპალატო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
მოიკალ რაი ხელითა ორგულთაითა, ზეცისა მხედრობათა თანა ბრწყინვალედ განშუენებული წარმოუდეგ ქრისტესა ღმერთსა, აწ ითხოვე მისგან მვედრებელთა შენთათვის გამოხსნაი ღელვათაგან მძვინვარეთა, რომელთა აღგვიძრავს მტერი იგი მოშურნეი, და ღირს-გვყვენ შენთანა სიხარულსა დაუსრულებელსა.
წმიდაო მოწამეო მეფეო აშოტ კურაპალატო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ესმა რაი საქმეი ესე საზარელი ერსა შენსა, დევნაი უყვეს მკლველთა და მოსრნეს რაი ყოველნი, დაგკრძალეს ციხესა არტანუჯისასა, ეკლესიასა შინა, აწ დარღვეულსა უსჯულოთა მიერ, რამეთუ ტაო-კლარჯეთიცა არს ხელთა შინა მათსა, გარნა მეოხ გუეყავ ღმრთისა მიმართ, რათა ღირს გვყოს მას ზედა კუალად ქართველთა დავანებისა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
აუწყეს რაი წმიდასა გრიგოლს სიკუდილი აშოტ კურაპალატისაი, გოდებდა მიცვალებისათვის დიდისა მის ხელმწიფისა და ნუგეშინის-სცემდა შვილთა მისთა და აკურთხევდა, რაითა უფალმა დაიცვნეს დღეგრძელებითა კეთილსა მას შინა ღმრთისმსახურებასა, ხოლო მათ აღაშენეს შატბერდისა მონასტერი სადიდებელად ღმრთისა და საცხოვნებელად ღმრთივცხებულისა მის მამისა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოველთა შემოქმედი და უფალი, მიდგომილმან შევ უკუე, ქალწულო, და აჰა, აწ მდგომარე ხარ მარჯუენით მამისა, ვითარცა დედოფალი, წმიდაო, ამისთვისცა გევედრებით შენ, ნაწილისაგან მარცხენისა მიხსენ მე დღესა შინა სასჯელისასა და აღმრაცხე მარჯვენითთა ცხოვართა თანა.
მგალობელთა: ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)
მღდელმან აკმიოს:
მკითხველმან: ჰოი, დიდებული სიმხნეი შენი, კეთილმორწმუნეო მეფეო აშოტ, ახოვნებაი სულისაი და სიმტკიცეი გონებისაი და დიდ-სულობაი ყოველსა შინა, სიწრფოებაი გულისაი და წყურილი მამულის დაცვისაი და ერის აღორძინებისაი, რაისთვისცა ზეცათა შინა მიიღე გვირგვინი დიდებისაი და მადლი ჭირთაგან ხსნისაი და უძლურთა კურნებისაი.
ელვარებაი ღუაწლისა შენისაი, და მცხინვარებაი სიმხნეთაი ცისკროვან-ჰყოფს გულსა ჩუენსა და შენთანა ვევედრებით მამასა გრიგოლს – მოძღუარსა და თანაგამკაფველსა ყოველთა გზათა და საქმეთა შენთა: გაქუთ რაი შუა-მდგომელობაი ღმრთისა მიმართ, შეგვეწიეთ მამობრივითა კადნიერებითა, რაითა მზაკუვარებაი მტერთა ჩუენთაი განხადოს და შეჰკრიბოს განბნეული ერი ქართველთაი.
ჰოი, ბრძოლათა შინა უძლეველო და ჭირთა შინა ურცხვენელო დიდო ხელმწიფეო, შენდამი სარწმუნოებითა მოლტოლვილნი შეგვაწყნარენ ღმერთსა სახიერსა, მოიხილოს ერსა თვისსა ზედა, რომელსა არა აქუს სიტყვისგებაი წინაშე მისსა, და ლაზარესაებრ აღგვიდგინოს მამული ჩუენი – საქართველო – პირველსავე დიდებასა, რაითა არა დასათრგუნველ ვიქმნეთ ღმრთისმბრძოლთა ნათესავთაგან, და არცა მიმძლავრებულ უსამართლოთა და უმსჯავროთა ხელისუფალთაგან.
ჰოი, საჩინოო, ბრძენ-მხნეო, მეფეო ბრწყინვალეო, აგარიანთა მრავალ ღონენი დააცხრვენ რაი ჭირთა მძვინვარებანი, მოწევნადი ერსა შენსა ზედა, იქმენ შენ წინამორბედ და გზათა გამკვალავ წმიდისა მეფისა ჩუენისა დავითისა, აღმაშენებელად წოდებულისა, აწცა მეოხ-გუეყვენით ჩუენ ღმრთისა მიმართ, განაბრძვნოს მთავარნი და განმგენი ჩუენნი, რაითა არა განმცემელ ექმნენ სიქადულსა ჩუენსა მართლმადიდებლობასა და საზღვარნი საქართველოისანი მოჰკრძალონ ოხითა ღმრთისმშობელისაითა.
ჰოი, ყოვლისა კეთილისა შემწეო და წარმმართებელო ყოველთა მვედრებელთა შენთაო, ახოვანო მეფეო ჩუენო და მოწამეო აშოტ კურაპალატო, განწმედილ იქმენ რაი ბრძმედსა მას შინა განსაცდელთასა, იქმენ ეკლესიათა სიმტკიცედ და ზღუდედ ქრისტიანობისა, და აწ გაქუს რაი კადნიერებაი ღმრთისა მიმართ, გარე-წარაქციოს ყოველნი მტერნი და მაჭირვებელნი ჩუენნი, რომელთა განიგდეს წილი სამკვიდრებელსა ჩუენსა ზედა და დაგვიცვას ზედა დასხმისაგან მტერთაისა და შინა-განცემისაგან ძმათაისა.
ჰოი, ღუაწლით შემოსილო მეფეო აშოტ, ვითარცა ძველად აჩუენე საკვირველი მფარველობაი ერსა შენსა, ეგრეთცა შეგვაწყნარე მფარველსა ერისა ჩუენისასა, ქალწულსა მარიამ ღმრთისმშობელსა, თქმულნი მისნი აღასრულოს, ვითარცა მოწყალემან და ნუ განგვაშორებს მეოხებასა მისსა წილხვდომილთა თვისთა, არამედ შეგვეწიოს ყოველსავე ჭირსა და საცთურსა შინა და აღგვავსოს მღვიძარებითა საღმრთოითა, რაითა ყოველნი ვიქმოდეთ სამართალსა და წინაპართა ჩუენთა წესისაებრ მარადის ვმსახურებდეთ და სამ-წმიდა-არსობისა გალობითა ვადიდებდეთ ღმერთსა:
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დაიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
მკითხველმან: მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ ყოველსავე სიტყვის-მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგვიწყალენ ჩუენ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელითა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენზედა, და შემიწყალენ ჩუენ.
აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა.
მცირე მრჩობლი კვერექსი
დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით, მოწყალებისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, მყუდროებისა, განათლებისა, ცხორებისა, შეწევნისა, შენდობისა და ცოდვათა მოტევებისათჳს ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისა, რაჲთა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოჲ ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაჲ ესე მონასტერი (ანუ ეკლესია) და ყოველი სოფელი სიყმილისაგან, სრჳსა, ძრჳსა, მახჳლისა, ზედა მოსლჳსაგან უცხო თესლთასა და ყოვლისაგან ბოროტისა; რაჲთა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათჳს სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თჳსითა, და გარე წარაქციოს რისხვაჲ, მარადის ჩუენ ზედა მომავალი, და გჳჴსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგჳწყალნეს ჩუენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).
მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს და ცასა შინა, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დიაკონმან: მუხლმოდრეკით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის – უფალო, შეგვიწყალენ 3-გზის. დიდებაი… აწდა…
სავედრებელი ლოცვა
ჰოი, მართლმადიდებლობისა სუეტო საღმრთოო და შეურყეველო გოდოლო ეკლესიისაო, კეთილმსახურო მეფეო ჩუენო აშოტ კურაპალატო! მეფეთა სიმტკიცეო და დიდებაო მთავართაო; მღდელთა და მონაზონთა პატივისმცემელო და სიქადულო მხედართაო; გლახაკთა მწყალობელო, ობოლთა გამომზრდელო და მსაჯულო ქურივთაო, მვედრებელთა შენთა მსწრაფლ-შემწეო და დიდო მეოხო ჩუენო წინაშე მაცხოვრისა და ღმრთისმშობლისაო!
ჰოი, მეფეო ჩუენო ძლიერო და დიდებულო, სიმტკიცეო ეკლესიათაო და ზღუდეო ქრისტეანეთაო, წმიდაო აშოტ! რომელსა მოგიღიეს მადლი ზეგარდამოი ქრისტეის მიერ, მოგვიხსენე წინაშე მისა, რაითა წყალობითა მოხედოს დედისა თვისისა წილხვდომილსა ერსა ჩუენსა, მტვირთველსა საუფლოისა ჯუარისასა ქუეყანასა ზედა და დაიცვას მტერისა საფრხისაგან და ძმათა მტერობისაგან, ხოლო სარწმუნოებაი ჩუენი კუალად განაახლოს და მოგუმადლოს შენებრი მხურვალებაი სარწმუნოებისაი, ძმებრივი სიყუარული მოყუასისაი და საღმრთოი მოშურნეობაი მამულისაი, რომელიცა განიპოხა სისხლითა შენითა, და თვინიერ შებრკოლებისა აღგვიდგინოს ნათესავთაგან შენთა ცხებული ღმრთისაი, რომელიცა სარწმუნოებითა მტკიცითა მოჰკრძალავს ყოველთა საზღუართა საქართველოისასა და აღამაღლებს და აღადგენს ღირსებასა და ძლიერებასა ჩუენსა ქუეყანით დავიწყებისაით, რაითა ვიყოთ ერთ სამწყსოი და უფალი იყოს მწყემს ჩუენდა. მსახურებასა შინა განაძლიერე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოის კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი მამაი ჩვენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და ყოველნი სამღდელონი და სამონოზნო წესნი, მხედართმთავარნი და ქალაქმთავარნი, ქრისტესმოყუარე მხედრობანი, და კეთილისმყოფელნი ჩუენნი, და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი.
ჰოი, ქრისტეისთვის და მამულისა სისხლდათხეულო, და გვირგვინითა მეფობისაითა და პორფირითა მარტვილობისაითა განდიდებულო, წმიდაო აშოტ! კეთილმსახურებრითა კადნიერებითა ევედრე ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა, რაითა მოჰმადლოს ეკლესიათა დიდებაი, სამღდელოთა პატიოსნებაი, მთავართა კეთილად მწყსაი ერისაი, მხედართა მამაცობაი, ერისაგანთა უცოდველობაი და დედათა კრძალულებაი, ხოლო ჩუენ მოგუანიჭოს კეთილ-მოქალაქობით ცხორებაი, ქუელის საქმითა განშუენებაი, წმიდითა ლოცვითა განათლებაი, აღსარებითა განწმედაი, ზიარებითა განბრწყინებაი, პატიოსნად მიცვალებაი, სასუფეველსა დამკვიდრებაი, ანგელოზთა თანა გალობაი, წმიდათა თანა სუფევაი, და შენ თანა დიდებაი და მადლობაი, რამეთუ მისა ჰშუენის ყოველი დიდებაი, პატივი და თაყუანისცემაი, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე,
მგალობელთა: ამინ.
დიაკონმან: სიბრძნით! ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.
მგალობელთა: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
მღდელმან: დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.
მგალობელთა: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
სახელითა უფლისათა, უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო გუაკურთხენ.
მღვდელმან: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.
მგალობელთა: ამინ. უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის),
უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.
ყოვლითა ძალითა ბრძოდი რაი მტერთა და მხდომთა ერისა შენისათა, საქმენი შენი უზეშთაეს მზის-თუალისა განჰბრწყინდა, და განათლდა რაი ქრისტეს ეკლესიაი განშუენებული ღუაწლითა შენითა, ჰოი, ახოვანო მეფეო ჩუენო და მოწამეო აშოტ, სიყუარულითა ამბორს-უყოფთ წმიდათა ხატთა შენთა, და გევედრებით, ვითარცა მოყუარულსა მამასა ქრისტეისმოყუარეთა ერთასა, რაითა ხორცთა სენისა და სულთა ცოდვისაგან განგვკურნო ჩუენ და დაგვიფარო გარე-მოდგომილთა მძვინვარეთა ჭირთა და საცთურთაგან.
დედოფალო მარიამ, მოგუხედენ სარწმუნოებით თაყუანისმცემელთა და სურვილითა ამბორის-მყოფელთა, პატიოსანისა ხატისა წმიდისა მოწამისა მეფისა აშოტ კურაპალატისაისა, ხოლო მადლი მისი და წყალობაი შენი თანა-მავალ-მეყავნ ჩუენ ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა.
შეადგინა: თინათინ მჭედლიშვილმა