მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

პარაკლისი სავედრებელი
წმიდისა დიდმოწამისა ევსტათი პლაკიდასი
და მეუღლისა მისისა თეოპისტიასი და
ორთა ძეთა მათთა - აღაპისი და თეოპისტისი

 

 მღვდელმან: კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მკითხველმან: ამინ. დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

 

 მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

 

 წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

 

 უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

 

 მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 უფალო შეგვიწყალენ (12–ჯერ).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
 

 

 მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა, ღმერთსა.
 
 მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
 
 მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
 
 
ფსალმუნი 142
 

1. უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; 

 

2. და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი. 

 

3. რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხოურებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. 

 

4. და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. 

 

5. მოვიხსენე დღეთა პირველთაი და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. 

 

6. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. 

 

7. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა, ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. 

 

8. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. 

 

9. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. 

 

10. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა. 

 

11. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. 

 

12. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

 
 
 დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
 

 

 ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.

 

 ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.

 

 ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

 

 

 დიაკონმან: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი ა. აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი ბ. ყოველი თესლები გარე მომადგეს მე და სახელითა უფლისათა ვერეოდი მათ.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი გ. არა მოვკვდე, არამედ ვსცხონდე, და განვსთქვნე მე საქმენი უფლისანი.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი დ. ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე და არს საკვირველ წინაშე თვალთა ჩუენთა.

 

ტროპარი, ხმა 4

 

  ხატად სასოებისა და დათმენისა გუექმენი შენ, ნათლითა ელვარითა შემკულო, მხნეო მხედარო ქრისტეის ღმრთისაო, მოწამეთა მთავარო ევსტათი, ორითა ძითა აღაპით და თეოფისტეთი, და მეუღლით თეოპისტიათი, მეოხ გვეყავით წინაშე ღმრთისა პატივისმცემელთა თქუენთა.

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

სხვა ტროპარი, ხმა 4

  მოწამეთა შენთა უფალო ევსტათი, თეოპისტია, აღაპი და თეოპისტე ღუაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგეს უხრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩუენისა, რამეთუ აქუნდათ მათ შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამხვეს და შემუსრეს კერპთა იგი უძლური ძალი, მათითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნე სულნი ჩუენნი.

 

 აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 არასადა დავსდუმნეთ, ღმრთსმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედუფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

 

 

 

ფსალმუნი 50

 

1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უშჯულოებაი ჩემი. 

 

2. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. 

 

3. რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. 

 

4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა. 

 

5. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. 

 

6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. 

 

7. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. 

 

8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. 

 

9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი ახოცენ. 

 

10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. 

 

11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. 

 

12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. 

 

13. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. 

 

14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. 

 

15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. 

 

16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. 

 

17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს. 

 

18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. 

 

19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

 

 

 

გალობაჲ 1, უგალობდითსა

 

  ძლისპირი: ეტლთა სიმრავლეი მხედრებითურთ ზღუასა მეწამულსა სიღრმესა შთაითხინეს სიმტკიცითა მკლავისაითა ქრისტეს მიერ და იხსნეს ისრაელნი, და ძლევისა გალობასა ახლად იტყოდეს.

 

წმიდაო დიდო მოწამეო ევსტათი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

 

ღუაწლსა მარტვილობისა შენისასა ვაქებთ, მრავალ-მოღუაწეო ევსტათი, და ვითხოვთ შენ მიერ შეწევნასა, რაითა გარე წარგუხადნეს ჭირნი და განსაცდელნი ქრისტემან, ღმერთმან ჩუენმან.

 

წმიდაო დიდო მოწამეო ევსტათი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

 

იყავ რაი განთქმული სტრატილატი ჰრომთა კეისრისაი, ჯერეთ გეწოდებოდა შენ პლაკიდა და სიმართლისა მოქმედი ეგე ყოველთა აღემატე სიმხნითა და მტერთა მძლეობითა.

 

წმიდაო დიდო მოწამეო ევსტათი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

 

ჟამსა მას შინა კერპთა ზორვისასა შემკულ იყავ სიმდიდრითა და სიბრძნითა, და სიწმიდითა ცხორებისა მოყუარული ეგე გამოზრდიდი გლახაკთა და დავრდომილთა.

 

წმიდაო დიდო მოწამეო ევსტათი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

 

არა ხოლო თუ საჭურველთა ხუმევაი ასწავე მარჯუენესა შენსა, არამედ დაფარული ქველის-საქმეი უსაწადელეს გიჩნდა უფროის მტერთა ზედა დასხმისა და მოსრვისა.

 

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

საღმრთოითა განგებულებითა განხვედ რაი ნადირობად, საუფლოისა ჯუარისა ჩუენებაი იხილე რქათა შორის ირმისათა, და მას ზედ გამოხატულ იყო იესუ ქრისტე, ვითარცა ფიცარსა.

 

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

გუნდმან წინაისწარმეტყუელთამან წინაით მოგასწავა შენ მთად საღმრთოდ და კარად განუვლელად, ამისთვისცა გევედრებით: კარნი სინანულისანი საღმრთონი განგვიხუენ ჩუენ, ქალწულო.

 

 

გალობა 3, განძლიერდასა

 

  ძლისპირი: რომელმან დააფუძნე ქუეყანაი წყალთა ზედა და მიეც ნაყოფიერებაი ყოვლადვე, კლდესა ზედა, ქრისტე, მცნებათა შენთასა შეუძრავსა დაამტკიცე ეკლესიაი შენი, მხოლოო სახიერ და კაცთ-მოყუარე.

 

წმიდაო დიდო მოწამეო ევსტათი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

 

„რაისა მდევნი მე? პლაკიდა! - გრქუა მაცხოვარმან, ვითარცა სავლეს - მე ვარ იესუ ქრისტე, და არა მიხმს წარწყმედაი შენი კერპთმსახურებისა შინა“, და განგიცხადა საიდუმლოი ცხორებისაი, მას ევედრე აწ დაგვიფაროს სჯულისაგან უცხოისა და წვალებისა.

 

წმიდაო დიდო მოწამეო ევსტათი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

 

თავს იდევ რაი სწავლებაი ესე მსგავსად პავლეისსა, შეგიხდა შენ მხურვალედ გონებასა სურვილი ქრისტეს მხედრობისა, აწცა მეოხ გვეყავ წინაშე მისსა, რაითამცა მოგვცეს ჩუენ გული გონიერი და ბრძენი, გულისხმის-ყოფად კეთილისა და ბოროტისა.

 

წმიდაო დიდო მოწამეო ევსტათი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

 

ქრისტეს მოწოდებასა შეუდეგ, დიდო მოწამეო ევსტათი, რომლისა ხმაი ისმოდა ხილულისა მისგან ხატისა და გიბრძანა რაი ნათლისღებაი, მასვე ღამესა სახლეულითურთ მიიწიე მღდლისა მიმართ, და განგსწავლნათ სარწმუნოებასა შინა.

 

წმიდაო დიდო მოწამეო ევსტათი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

 

აღიარეთ რაი ღმერთი ჭეშმარიტი, ნათლისღებისა მიერ აღგბეჭდათ თქუენ მღდელმან, და გიწოდა შენ ევსტათი, და თეოპისტია ტატიანას, მეუღლესა შენსა, ხოლო აღაპი უწოდა პირმშოსა შენსა და თეოპისტოს - ურწემესსა.

 

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

 

სამეუფოსა მას ხორცსა და სისხლსა გაზიარათ რაი მღდელმან, ვითარცა წინაითვე მეცნიერმან აღსასრულისა თქუენისამან, გრქუათ: ნუ დამივიწყებთ მე, ოდეს აღმაღლდეთ სამოთხესა. აწ მეცა თანამავალ მექმენით და შემეწიენით ჟამსა მას განსჯისასა.

 

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

ქრისტეის მარჯუენითა მდგომარემან, ვითარცა დედოფალმან შემოსილმან, ღმრთივსახარულევანო, სამოსლითა ოქროვანითა, სუფევაი ზეციერი გვითხოვე ჩუენ, ქალწულო, ყოვლადწმიდაო.

 

 

  მიჴსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოჳვლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

 

  მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ჴორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

 

 

მრჩობლი კვერექსი

 

 დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩვენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივ–დაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათჳს (მთავრობისა და მხედრობისა) მისისათჳს.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქისა და მცეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, და ყოვლადუსამღვდელოესისა... (აქა მოიხსენეთ ადგილობრიბი მღვდელმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს... (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთს).

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხოვრებისა მათისანი, და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთასა, და მიუტევენ მათ ყოველნი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტიანეთათჳს.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 მღვდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 

 

წარდგომა. ხმა დ

 

  ზეგარდამო წოდებაი შენი არა კაცთა მიერ იყო, დიდო მოწამეო ევსტათი, არამედ თავად კაცთმოყუარე ქრისტე ღმერთი გამოგეცხადა და მოგინადირა რაი სათხეველითა რწმენისაითა, ნათლისღებითა ცოდვანი შენნი განსწმიდა და ცხორებისა განსაცდელთა მიერ მოთმინებაი შენი განავრცო, ვითარცა მეუფემან, მას ევედრე აწ, ახოვანო, მშვიდობით დაცვად ეკლესიათაი და ხსნად ყოველთა ვნებათა და ბიწთა და ყოველთაგან იწროებათა სოფლისათა, რომელნი აღვასრულებთ ხსენებასა შენსა.

 

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

ჯუარი ქრისტეისი იხილე რაი რქათა შუა ირმისათა, მიერითგან აიღე, წმიდაო ევსტათი, საჭურველად, საძლეველად და ყოველი საცთური კერპთაი მით დახსენ, გვირგვინი ზეცისაი მოიღე, ზღუდე გუექმენ და მეოხ ხარ სულთა ჩუენთათვის.

 

 

გალობა 4, მესმასა

 

  ძლისპირი: ესმა მოსლვაი შენი დიდებული, დაუკვირდა ამბაკუმს, ქრისტე, და შიშით ღაღადებდა: გამოხუედ მაცხოვრად ერისა შენისა და ხსნად ცხებულთა შენთა.

 

წმიდაო დიდო მოწამეო ევსტათი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

 

გეწადა რაი ხილვაი მაცხოვრისაი, კუალად უკუნ-იქეც მთასა მას, სანატრელო, და გამოგიჩნდა ჟამსა ლოცვისასა და გრქუა: „ამიერითგან უკუე მიგელის გამოსაცდელი სარწმუნოებისაი“.

 

წმიდაო დიდო მოწამეო ევსტათი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

 

ჩუენებაი იგი მიუთხარ მეუღლესა, და განემზადებოდით რაი განსაცდელთა მიმართ, ითხოვდით შეწევნასა. აწ გამოგვითხოვე ზეგარდამო შეწევნაი ჟამსა მოწყინებისა და უძლურებისა ჩუენისასა.

 

წმიდაო დიდო მოწამეო ევსტათი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

 

გიხილა რაი მხურვალედ შესრული მოღუაწებასა, ურიცხვი განსაცდელი შეგამთხვია ეშმაკმან, რაითა განაქარვნეს მგზებარებაი შენი, ნეტარო, და მიუშვა იგი ღმერთმან, ვითარცა იობს ზედა მართალსა.

 

წმიდაო დიდო მოწამეო ევსტათი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

 

მძვინვარითა მით სენითა მოისრნეს ქუეშევრდომნი შენნი საცხოვართა თანა, და ყოველი მონაგები შენი იავარ-იქმნა რაი მცირედსა მას ჟამსა, ითხოვდით თქუენ მადლსა მას მოთმინებისასა.

 

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

ვერ თავს-იდე რაი სირცხვილი უბადრუკებისაი, სანატრელო, განიზრახე ნეფსით თავს-დებაი ექსორიობისაი, და ემსგავსე შენ დიდსა აბრაჰამს მამულისა დატევებითა.

 

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

შემეწიე მე, წმიდაო ღმრთისმშობელო, გემოვნებითა მიერ ხორციელთა მარადის დანთქმულსა, რომელი ესე ვკუნესი მარადღე მდებარე ცხედარსა ზედა მოწყინებისასა.

 

 

გალობა 5, ღამითგანსა

 

  ძლისპირი:  რომელმან შეიმოსე ნათელი სამოსლად, შენდა მოვივლტი, შენ გიღაღადებ: განანათლე სული ჩემი დაბნელებული, ვითარცა ხარ მხოლოი, მრავალმოწყალე.

 

წმიდაო დიდო მოწამეო ევსტათი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

 

წარემართე რაი ეგვიპტეს სახლეულთა თანა, შემდგომად ავაზაკთაგან განძარცვისა, აღხვედით ნავსა, გარნა მფლობელმან მისმან წარგტაცა ცოლი, და ხრმლითა გაიძულა შენ წარსლვად.

 

წმიდაო დიდო მოწამეო ევსტათი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

 

იწყე რაი სლვად შვილთა თანა, არცაღა უწყოდი თუ ვითარ მიიწია სასჯელი ღმრთისაი ბარბაროზსა ზედა, მოკუდა რაი მეყსეულად და სიწმიდისმოყუარეი თეოპისტია დარჩა შეუგინებელად.

 

წმიდაო დიდო მოწამეო ევსტათი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

 

მიიწიე რაი მდინარესა, ერთი ყრმაი წიაღ-იყვანე ნაპირსა, და მოიქეც რაი წიაღ-ყუანებად მეორისა, იხილვიდი მწარესა სახილველსა, თუ ვითარ მიეტევა მგელი ერთსა, და ლომი აღიტაცებდა მეორესა.

 

წმიდაო დიდო მოწამეო ევსტათი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

 

ჰგონებდი რაი მხეცთა მიერ შეჭმასა შვილთასა, ძნიად მოეგებვოდი გონებასა, და უღონოებითა მოცული ვერცაღა ცრემლეოდი სიმძაფრითა მით მწუხარებისაითა.

 

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

ეჰა საკვირველსა განგებულებასა ღმრთისასა, რომელმანცა არა ყოვნა, და მწყემსნი ზედა დასხნა ლომსა, ხოლო მგელი მიამთხვია მხნველთა და ძენი შენნი დაიცვა უვნებელად.

 

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

რომელსა იგი ვერ მისწვდების გონებაი, ხორცნი შეიმოსნა, ღმრთივმიმადლებულო, და შენ სამკვიდრებელად თვისად შეგიწყნარა და იხსნნა კაცნი.

 

 

გალობა 6, ღაღადყავსა

 

  ძლისპირი: გარე-მომიცვეს ღელვათა, და მექმნა საფლავ მუცელი ვეშაპისაი, და გიღაღადებ: მიხსენ მე, კაცთმოყუარე, და მაცხოვნე მე, მრავალმოწყალე უფალო.

 

წმიდაო დიდო მოწამეო ევსტათი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

 

ვიდოდი შენ უქონოი, გლახაკი, უშვილოი და უმეგობროი, და კუალად სასოებდი ნუგეშინის-ცემასა ღმრთისასა, მეოხ გვეყავ წინაშე მისსა, რაითა მიხსნეს ყოვლისაგან ჭირისა და მწუხარებისა.

 

წმიდაო დიდო მოწამეო ევსტათი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

 

არა უწყოდი ხსნაი მეუღლისა და შვილთაისა, განიზარდნეს რაი მეზობელ ურთიერთას, გარნა უმეცარ იყვნეს ძმობასა თვისსა, და სულთქუმითა ცრემლოვანითა მარადის ავედრებდი ღმერთსა.

 

წმიდაო დიდო მოწამეო ევსტათი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

 

დაყავ რაი ათხუთმეტ წელ დაბასა ერთსა, თვით სტრატილატი და მხედართმფლობელი შრომით მოირეწდი საზრდელსა, აწ კეთილი ცხორებაი ითხოვე ჩუენთვის, რაითა სათნო ვეყვნეთ ღმერთსა.

 

წმიდაო დიდო მოწამეო ევსტათი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

 

ჟამსა მას მრავალგზის დაესხნეს ბარბაროზნი საზღვარსა ჰრომთასა და აჭირვებდენ რაი ერსა, ფრიად შეურვებულ იქმნა კეისარი და მეაბჯრენი შენნი წარმოავლინნა ძიებად შენდა.

 

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

გეძიებდენ რაი, წმიდაო, კაცნი იგი მოვიდენ დაბასა მას, სამკვიდროსა შენსა, გარნა ძნიადღა გიცნეს, რამეთუ შეცვალებულ იყავ სახითა და გამცნეს ბრძანებაი კეისრისაი.

 

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

გულსა შენსა განვლო მახვილმან, იხილე რაი ჯუარსა ზედა ძეი შენი, უბიწოო ქალწულო, და საღმრთოი გუერდი მისი ლახვრისა მიერ მოწყლული და გოდებდ სიმწარით.

 

 

 

  მიჴსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოჳვლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

 

  მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ჴორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

 

 

მცირე კვერექსი
 
 დიაკონმან: მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
 
 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
 
 დიაკონმან: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
 
 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
 
 დიაკონმან: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროჲსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
 
 მგალობელთა: შენ, უფალო.
 
 მღდელმან: რამეთუ შენ ხარ მეუფჱ მშჳდობისაჲ, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაჲ, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
 
 მგალობელთა: ამინ.

 

 

 

კონდაკი. ხმა დ

 

  ვნებათა ქრისტესა ცხადად მიმსგავსებული და სარწმუნოებითა მისისა სასუმელისა მსუმელი ევსტათი, ზიარ და თანამემკვიდრე იქმენ დიდებისაცა თვით მის, ყოვლისა ღმრთისა მიერ მაღლით მომღებელი მოტევებისა.

 

სხუაი კონდაკი, ხმაი 6

 

ვარსკულავი ელვარე აღმოხედ, უცთომელ მზესა გვაუწყებ ქრისტესა, მრავალვნებათა დამთმენელო ევსტათი, სრულიად დაშრიტე სიმრავლეი საცთურისაი და ჩუენ მოგვფენ ორკეცსა მას ნათელსა და მეოხ-ხარ დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.

 

იკოსი

დაემოწაფე რაი სიტყუასა ქრისტეისსა, ღმრთივ-წოდებულო, დაემტკიცე სარწმუნოებასა ზედა მისსა, და თავს-იდე რაი განსაცდელნი სწორად იობისსა, წყლულებითა უკუე სწორ იყავ მისსა, გარნა კურნებითა და ნუგეშინის-ცემისა ღონითა არარაით მახლობელ, რამეთუ მისსა ცოლიცა მახლობელ იყო და მეგობართა ხილვაი, და მამული ქუეყანაი ყოვლად საწადელი სახილველად, ხოლო შენ ამათ ყოველთაგან დაკლებულ იყავ და ცრემლითა ოდენ აღისუბუქებდი ფრიადსა მას სიმძიმესა გულისა თვისისასა, გარნა სიმხნით თავს-დებითა ჰმადლობდივე ღმრთისა მშჯავრთა სიბრძნით განგებულებასა და უგალობდი ძალსა მისსა, რომელმანცა დიდ-მოწამეთა შორის პირველი, ვითარცა მძლეი სახელოვანი გამოგაჩინა, აწ გვითხოვე მისგან ცოდვათა და უსჯულოებათა ჩუენთა შენდობაი, დიდ-მოწამეო ევსტათი, რაითა ღირს-ვიქმნნეთ დიდებასა მისსა.

 

 

 დიაკონმან: სიბრძნით. მოხედენ.

 

 მღდელმან: მშვიდობა ყოველთა.

 

 მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.

 

 დიაკონმან: წარდგომა ფსალმუნი დავითისი, ხმაი 4: საკვირველ-არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა, ღმერთი ისრაელისა.

 

 მგალობელთა: საკვირველ-არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა, ღმერთი ისრაელისა.

 

 დიაკონმან:   იქადიან წმიდანი დიდებითა და იხარებენ სარეცელსა ზედა მათსა.

 

 მგალობელთა: საკვირველ-არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა, ღმერთი ისრაელისა.

 

 დიაკონმან: საკვირველ-არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა.

 

 მგალობელთა: ღმერთი ისრაელისა.

 

 დიაკონმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.

 

 მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 დიაკონმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.

 

 მგალობელთა: ყოველი სული აქებდით უფალსა.

 

 დიაკონმან: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

 

 მგალობელთა: ყოველი სული აქებდით უფალსა.

 

 დიაკონმან: ყოველი სული.

 

 მგალობელთა: აქებდით უფალსა.

 

 დიაკონმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება.

 

 მღვდელმან: მშჳდობაჲ ყოველთა.

 

 მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.

 

 დიაკონმან: მათესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

 

 მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.

 

 დიაკონმან: მოხედენ.

 

 

 

სახარება მათესი

 

  ჰრქუა უფალმან თვისთა მოწაფეთა: აჰა, მე მიგავლინებ თქუენ ვითარცა ცხოვართა შორის მგელთა; იყვენით უკუე მეცნიერ, ვითარცა გუელნი, და უმანკონი ვითარცა ტრედნი. ეკრძალებოდეთ კაცთაგან, რამეთუ მიგცემდენ თქუენ კრებულსა და შორის შესაკრებელთა მათთა გტანჯვიდენ თქუენ; და წინაშე მთავართა და მეფეთა მიგიყვანენ თქუენ ჩემთვის საწამებელად მათდა და წარმართთა. და რაჟამს მიგცნენ თქუენ, ნუ ჰზრუნავთ, ვითარ ანუ რასა იტყოდით, რამეთუ მოგეცეს თქუენ მას ჟამსა შინა, რასა-იგი იტყოდით. რამეთუ არა თქუენ იყვნეთ მეტყუელნი, არამედ სული მამისა თქუენისაი, რომელი იტყოდის თქუენ შორის, რამეთუ მისცეს ძმამან ძმაი სიკუდიდ, და მამამან შვილი; და აღსდგენ შვილნი მამა-დედათა ზედა და მოჰკვლიდენ მათ; და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათვის, ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს.

 

 

 მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.

 

 მკითხველმან: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

 მეოხებითა მთავარანგელოსთაჲთა, მოწყალეო, აღჴოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

 

 აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

 

 მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისათა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩემთა სიმრავლენი. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებაჲ ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

 

 

 გერი: ყოვლად-მოწყალეო ქრისტე ღმერთო ჩუენო, რომელმან ქუეყანისანი გამოუთქმელად შეაერთენ ზეცისათა, და ანგელოსნი და კაცნი ერთ კრებულად გამოაჩინენ, აწ ლხინებაჲ ჰყავ შეცოდებათა ჩუენთათჳს, და ერსა ჩუენსა შენი მშჳდობაჲ მიჰმადლე.

 

 

 

ლოცვა მღვდლისა მიერ სათქუმელი

 

 მღდელმან: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკჳდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაჲ ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაჲ, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაჲთა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაჲთა, მეოხებითა პატიოსანთა უსხეულოთა ზეცისა ძალთაჲთა, პატიოსნისა, დიდებულისა, წინაჲსწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანესითა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლად ქებულთა მოციქულთა, წმიდათა  შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა, ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა და იოვანე ოქროპირისაჲთა, წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაჲთა, წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისმძლეთა მოწამეთა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩუენთა, და ღირსისა დედისა დედისა ჩუენისა მოციქულთასწორისა ქალწულისა ნინოჲსითა, წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაჲთა იოაკიმ და ანაჲსითა (და წმიდის სახელი, რომელისაც არს ტაძარი) და ყოველთა წმიდათა შენთაჲთა, გევედრებით შენ, მრავალმოწყალეოღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაჲ და შეგჳწყალენ ჩუენ.  

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).

 

 მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაჲთა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 

 

გალობა 7, კურთხეულარსა

 

  ძლისპირი: უფროისად ამაღლებულმან ღმერთმან მამათა ჩუენთამან სახუმილი მოტყინარეი ყრმათა მათ განუქარვა და იგინი ღაღადებდეს: ღმერთო, შენ კურთხეულ ხარ.

 

წმიდაო დიდო მოწამეო ევსტათი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

 

წარსდეგ რაი წინაშე კეისრისა, პოვნაი შენი ნუგეშინის-ცემითა აღავსებდა სულსა მისსა და კუალად ხელთ-გიდვა სარტყელი, ახოვანო, და მოგანიჭა პატივი მხედართმძღუანისაი.

 

წმიდაო დიდო მოწამეო ევსტათი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

 

გყვეს რაი მთავარ დაკნინებულისა მის ლაშქრისა, იწყე ახლად მოკრებაი მხედრობისაი, და შორის მათსა იყუნეს რაი ძენი შენნი, გამოირჩიე და ყავ იგინი მტვირთველ საჭურველისა შენისა.

 

წმიდაო დიდო მოწამეო ევსტათი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

 

წინა წარუძეღ ლაშქარსა და დაესხ რაი მხდომთა მათ ბარბაროზთა, სძლიე ღმრთისაგან ძალისა მომღებელმან. ევედრე აწ განმაძლიერებელსა შენსა, გვიხსნნეს ჩუენ ურიცხუთა მტერთაგან.

 

წმიდაო დიდო მოწამეო ევსტათი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

 

დაბანაკდით რაი დაბასა მას, მტილთაგან შემკულსა, ერთსა ცოლი შენი მცველობდა, ხოლო ძენი შენნი მახლობელ მისსა უბნობდეს რაი საქმეთა სიყრმისა მათისათა, გულისხმაყვეს ძმობაი თვისი და სიხარულითა შეიტკბობდენ ურთიერთას.

 

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

ესმა რაი თქმულნი იგი მეუღლესა შენსა, წარმოგიდგა ვითარცა სტრატილატსა, რაითა ეთხოვა მოძიებაი ქმრისაი, გარნა გიცნა შენ, სანატრელო, და გრქუა რაოდენიცა ესმა შვილთაგან.

 

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

აღმოგვიბრწყინდა ჩუენ შენ მიერ მზეი იგი დაუღამებელი, ღრუბელო ბრწყინვალეო, ქრისტე ღმერთი ჩუენი, განმანათლებელი უმეცრებისა ბნელსა შინა მყოფთა, ღმრთისმშობელო.

 

 

გალობა 8, აკურთხევდითსა

 

  ძლისპირი: შენ, მხოლოსა, დამბადებელსა ყოველთასა გალობაი სულიერი გიღაღადეს ყრმათა: ყოველნი საქმენი უფალსა უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე.

 

წმიდაო დიდო მოწამეო ევსტათი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

 

სიხარულითა აღვსილმან მოუწოდე ძეთა შენთა, და მოგითხრნეს რაი ყოველი, მოეხვივნეთ ურთიერთას, და ადიდებდით ღმერთსა, რომელი-იგი იქმნა მიზეზ შეკრებისა თქუენისა.

 

წმიდაო დიდო მოწამეო ევსტათი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

 

განმარჯვებული მიიქეც რაი ჰრომსა, ჟამსა მას ტრაიანეს წილ მეფობაი ერწმუნა ანდრიანეს - სჯულითა მეკერპესა, და მანცა მოგაგო პატივი, ვითარცა ძლევაშემოსილსა სტრატილატსა.

 

წმიდაო დიდო მოწამეო ევსტათი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

 

ხარობდა რაი ანდრიანე მტერთა მძლეობისათვის და სახლეულთათვის შენთა, წარვიდა თაყუანისცემად კერპთა, ხოლო შენ არა თავს-იდევ ბილწი იგი მსახურებაი და აღიარე ქრისტეანობაი.

 

წმიდაო დიდო მოწამეო ევსტათი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

 

მამხილებელად წარსდეგ წინაშე კეისრისა, და რქვი: „არა არიან კერპნი ღმერთ!", არამედ მხოლოსა მას ერთსა, ყოველთა შემოქმედსა და დამბადებელსა შევსწირავ მსხუერპლსა ქებისასა.

 

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

გაიძულებდა მძლავრი იგი უარის-ყოფასა ქრისტეანობისასა და გიბრძანებდა გებად კერპთა, გარნა ამაოდ დაშურა უგუნური იგი, და წარგხადა პატივი მხედართმთავრობისაი.

 

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

შენ მიერ ჩუენთვის ხორცშემოსილმან ღმერთმან, შენ, წმიდაი და ყოვლად უბიწოი, ყოვლისა ნათესავისა ჩუენისა საღმრთო შუამდგომელ გამოგაჩინა, ქალწულო, ამისთვის მორწმუნენი ხმამაღლად გიგალობთ შენ.

 

 

გალობა 9, ადიდებდითსა

 

  ძლისპირი: ესაია, მხიარულ-იყავ, ქალწულმან მუცლად-იღო, და შვა ძეი დაუსაბამოი ევმანუელ, ღმერთი და კაცი, აღმოსავალ სახელი მისი. მას ვადიდებდეთ, და რომელმან შვა იგი, ვნატრიდეთ.

 

წმიდაო დიდო მოწამეო ევსტათი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

 

შთაგიყვანნათ რაი მეფემან სტადიონად, ლომნი მძვინვარენი მოუტევნა თქუენ ზედა, გარნა მხეცთა მოგიდრიკნეს თავნი მათნი, ნეტარნო, და ვითარცა შეკდიმებულნი ჰლოშნიდეს ფერხთა თქუენთა.

 

წმიდაო დიდო მოწამეო ევსტათი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

 

ვერა გულიხმა-ყო მხეცთა ქცევისაგან კეისარმან და განძვინებულმან შთაგსხნათ რაი კუროსა მას რვალისასა, განხურვებულსა, სატანჯველსა მას შინა ვიდრე სიკუდიდმდე აკურთხევდით ქრისტესა.

 

წმიდაო დიდო მოწამეო ევსტათი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

 

განაღეს რაი კარი დღესა მას მესამესა, იხილეს გუამნი თქუენნი შეცურეული მადლისაგან საღმრთოისა, და განცვიფრებულთა წარმართთა ღაღადყვეს: „დიდ არს ღმერთი ქრისტეანეთაი“.

 

წმიდაო დიდო მოწამეო ევსტათი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

 

მოლოდებისათვის ცათა სასუფეველისა ერთობითა იტვირთვიდით რაი მძვინვარესა მას განსაცდელსა, ქრისტეისთვის თავისა შეწირვითა ღირს იქმენით მისგან დიდებასა და პატივსა.

 

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

 

ნათელცისკროვანნი გუამნი თქუენნი აღიხუნეს რაი მორწმუნეთა, ფსალმუნებითა და შესხმითა დაკრძალეს ადგილსა ჯეროვანსა, და აღმოეცენებოდა კურნებანი ნაწილთაგან თქუენთა წმიდათა.

 

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

შენ სასანთლედ ბრწყინვალედ წინაისწარმეტყუელმან წინაით გიხილა, ყოვლადუბიწოო, მქონებელი ქრისტეის, გონიერისა მის სანთლისა, რომლისა მიერ განვნათლდით ჩუენ სიბნელესა შინა ვნებათასა მდებარენი, ამისთვის გნატრით შენ, ღმრთისმშობელო, მარადის ქალწულო.

 

 

 მგალობელთა: ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)

 

 

 მკითხველმან: ჯუარცმული ქრისტე იხილე რაი შორის რქათა მათ ირმისათა, სწავლებაი მისი შეიტკბე მადლითა ღმრთისაითა და მრავალთა ექმენ კარ და გზა ზეცისა იერუსალეიმსა, აწცა აღაგზე გულსა შინა ჩუენსა საღმრთოი ცეცხლი მოშურნეობისაი, და წარგვიმართე გზისა მის მიმართ მაცხოვნებელისა.

 

იობის მსგავსად შემძლებელ იყო ღმერთი განრინებად შენდა ყოვლისაგან ჭირისა, გარნა ვითარცა ოქროი პატიოსანი, მიგცნა ბრძმედთა მათ განსაცდელთასა და შუენიერებაი შენი ყოველთა სახილველად გამოაბრწყინვა.

 

დაღაცათუ ეგულებოდა ეშმაკსა შთაგდებაი შენი გმობასა შინა ღმრთისასა, არამედ დეგ მტკიცედ და შეურყეველად ვიდრე სიკუდიდმდე, და განახუნე კარი დიდ-მოწამეობისაი, რომელსა შინა სრბით განვიდენ მხნეი გიორგი და დემეტრე, თეოდორე და მერკვირი და სხუანიცა დიდნი მარტვილნი ძალითა სულისაითა.

 

დასცხრა რაი დევნულებაი ქრისტეანეთა, აღაშენეს მუნ ტაძარი და აღმართეს მას ზედა თავი ირემისაი, ხოლო შორის რქათა მისთა - სახე ჯუარისაი, და აჰა, ყოველსა სოფელსა აზიარებს სიხარულსა ქალაქი ჰრომი, სადაცა დაუნჯებულ არს კურნების-მომცემელი ნეშტი თქუენი ლუსკუმსა შინა, და ყოველნი სარწმუნოებითა მილტოლვილნი ამბორისყოფად მისდა, მიემთხვევიან წყალობასა და მადლსა ჭეშმარიტსა.

 

თმენანი საკვირველნი შენი განაცვიფრებს გონებასა ჩუენსა, რამეთუ სახლეულთა შენთა თანა განჰვლე სახუმილი იგი განსაცდელთაი, და გვირგვინოსან იქმენით რაი ქრისტეის მიერ, გაქუთ კადნიერებაი მისა მიმართ, რაითა განაბნიოს მტერნი ჩუენნი ურიცხვი, რომელთა განიგდეს წილი სამკვიდრებელსა ჩუენსა ზედა, და შეგვკრიბოს განბნეული ერი ქართველთაი.

 

განითქუა ჰამბავი ესე ყოველთა შინა გარემოისთა მათ ქუეყანათა და განმრავლდებოდა რაი ეკლესიანი სახელსა შენსა ზედა, ქართველთაცა აღგიშენეს დიდებული ტაძარი, ღმრთივ-წოდებულო, და უწოდეს „ევსტათწმიდა“ , სადა აწ შემოვკრბებით, წმიდაო, და ვაქებთ ღუაწლსა მას შენსა, საკვირველსა.

 

ვითარცა ქრისტეის თანა მზრახველმან და სათნომყოფელმან, შეგვაწყნარე საყუარელსა დედასა მისსა, მარიამ ღმრთისმშობელსა, რაითა არა ვიქმნეთ საყუედრელ და საცინელ წარმართთა და მწვალებელთა, არამედ მამულისა ჩუენისა კაცთა წესისაებრ ერთითა გულითა და ერთითა პირითა ვაქებდეთ და ვადიდებდეთ სამებასა, ერთარსებასა და განუყოფელსა.

 

 

 წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

 

 უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

 

 მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დაიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 

 მკითხველმან: მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ ყოველსავე სიტყვის-მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგვიწყალენ ჩუენ.

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

 უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელითა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენზედა, და შემიწყალენ ჩუენ.

 

 აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა.

 

 

მცირე მრჩობლი კვერექსი

 

 დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით, მოწყალებისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, მყუდროებისა, განათლებისა, ცხორებისა, შეწევნისა, შენდობისა და ცოდვათა  მოტევებისათჳს ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისა, რაჲთა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოჲ ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაჲ ესე მონასტერი (ანუ ეკლესია) და ყოველი  სოფელი  სიყმილისაგან, სრჳსა, ძრჳსა, მახჳლისა, ზედა მოსლჳსაგან უცხო თესლთასა და ყოვლისაგან ბოროტისა;  რაჲთა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათჳს სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თჳსითა, და გარე წარაქციოს რისხვაჲ, მარადის ჩუენ ზედა მომავალი, და გჳჴსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგჳწყალნეს ჩუენ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).

 

 მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს და ცასა შინა, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 დიაკონმან: მუხლმოდრეკით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. 

 

 

ლოცვა მუხლმოდრეკით სათქმელი

 

  ჰოი, ღუაწლ-მრავალო, დიდო მოწამეო ევსტათი! მნათობო ყოვლისა სოფლისაო და საღმრთოო სუეტო ეკლესიისაო; სამებისა წმიდისა გამორჩეულო მსახურო და თანამზრახველო მაცხოვრისაო; მხედართა დიდებაო და კეთილმორწმუნეთა სიმტკიცეო; გლახაკთა ხელის-აღმპყრობელო და ყოველთა უღონოთა, განწირულთა და მხურვალედ მომწოდებელთა შენთა შესავედრებელო.

 

ჰოი, ყოვლადქებულო, უძლეველო მხედარო ქრისტეის ღმრთისაო, დიდო მოწამეო ევსტათი! გამოსჩნდი, ვითარცა მეორე იობ, და განანათლე რაი სოფელი მოთმინებითა და ჭირთა თავსდებითა, აწ მკვიდრ ხარ ნათელსა მას გამოუთქმელსა მეუღლითა და ორითა ძითა შენითა, და გაქუთ მადლი წინაშე ქრისტეის - ღმრთისა მიმართ ჩუენისა, რაითა აღამაღლოს რქაი ქრისტეანეთა მართლმორწმუნეთა და დედისა თვისისა წილხვდომილი ივერიაი უვნებელად დაიცვას, ხოლო მკვიდრთა მას შინა მოგვანიჭოს საღმრთოი მოშურნეობაი მამულისაი და შენებრ მხურვალეი სიყუარული ღმრთისაი, რაითა არცაღა განმცემელ ვექმნნეთ სიქადულსა ჩუენსა მართლმადიდებლობასა და სულითა და ჭეშმარიტებითა მარადის ვადიდებდეთ შემოქმედსა და დამბადებელსა ყოველთასა. მრავალშემძლებელითა ძალითა შენითა მსახურებასა შინა განაძლიერე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი მამაი ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და ყოველნი სამღდელონი და სამონოზნო წესნი, მხედართმთავარნი და ქალაქმთავარნი, ქრისტეისმოყუარე მხედრობანი, და კეთილისმყოფელნი ჩუენნი, და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი.

 

ჰოი, დიდებაო მოწამეთაო და ბრწყინვალებაო მხედართაო, მრავალ-ტანჯვათა დამთმენელო ევსტათი-პლაკიდა! ვითარცა გაქუს კადნიერებაი დიდი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, კაცთმოყუარესა და მრავალმოწყალესა, რაითა მოხედოს საზეპუროპსა ერსა თვისსა, და დაიცვას სიყმილისაგან, სრვისა, რღვნისა, ცეცხლისა, მახვილისა, ზედამოსლვათაგან მტერთასა და ძმათა-შორის ბრძოლისაგან, ხოლო ჩუენ მოგუმადლოს ნაყოფიერებაი მიწისაი და ქუეყანისა მშვიდობაი; ზრახვათა სიმშვიდეი, ყოვლად წარმწყმედელთა ვნებათაგან გათავისუფლებაი და ბოროტის მახეთაგან დახსნაი; ქრისტეანული აღსასრული ცხორებისა ჩუენისაი და დამკვიდრებაი ზეცისა იერუსალეიმსა, რაითა ჩუენცა თქუენთანა ვადიდებდეთ და მარადის უგალობდეთ ყოვლადწმიდასა და დიდებულსა სახელსა მისსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 დიაკონმან: ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

 

 მგალობელთა: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზე­სთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

 

 მღდელმან: დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

 

 მგალობელთა: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 სახელითა უფლისათა, უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო გუაკურთხენ.

 

 მღვდელმან: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.

 

 მგალობელთა: ამინ. უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 

  წმიდათა ანგელოსთა ხატისა მთხვევასა ზედა ვჰგალობთ ამას:

 

ჭეშმარიტისა სარწმუნოებისა მტკიცედ მორწმუნენი ერნი, და ღუაწლისა თქუენისა მადიდებელნი სიყუარულითა გევედრებით: ჰოი, მოწამეთა დიდებანო და გვირგვინნო ჰრომისანო, ევსტათი და თეოპისტია, დაღათუ არა ვართ ღირს უსჯულოებათა ამათ ჩუენთათვის, შეგვეწიეთ ძეთა თქუენთა თანა, და ცოდვათაგან ბოროტთა და უძლურებათაგან და მრავალთა მათგან საფრხეთა მტერისაითა გვიხსენით წმიდისა ხატისა თქუენისა სურვილით ამბორს-მყოფელნი და სასოებითა მოქენენი.

 

ზეციერო დედოფალო, ყოვლად ბრწყინვალეო ქალწულო მარიამ, მეოხებითა დიდ-მოწამისა და ძლევაშემოსილისა ევსტათი პლაკიდასა და სახლეულთა მისთაითა წარგვიმართენ დღენი ცხორებისა ჩუენისანი, სადიდებელად ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისა, ამინ.