მღვდელმან: კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მკითხველმან: ამინ. დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
უფალო შეგვიწყალენ (12–ჯერ).
1. უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა;
2. და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი.
3. რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხოურებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი.
4. და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი.
5. მოვიხსენე დღეთა პირველთაი და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ.
6. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი.
7. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა, ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა.
8. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი.
9. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე.
10. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა.
11. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი.
12. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.
იყვენით რაი უძლეველ გონებითა და მოუდრეკელ სულითა, ჰოი, წმიდანო სამასნო არაგველნო, დასდეთ თავი მეფისათვის და მამულისა, აწ ჩუენცა შეგვაწყნარეთ ქრისტესა ღმერთსა, რაითა განაქარვოს მზაკუვარებაი მტერთა ჩუენთაი და დაგვამტკიცოს კლდესა მას ზედა მცნებათა თვისთასა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ქებით შეგამკობთ უსჯულოთა მიერ ტფილისს ვნებულთა – მხედართა, სამღდელოთა და ერთა, და შემწედ მიგავლენთ წინაშე ღმრთისა, რაითა შეურყეველად დაიცვას ეკლესიაი, და ქუეყანაი ჩუენი დაიფაროს ზედა მოსლვათაგან მტერისა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
არასადა დავსდუმნეთ, ღმრთსმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედუფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.
ფსალმუნი 50
1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უშჯულოებაი ჩემი.
2. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.
3. რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.
4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.
5. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.
6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.
7. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე.
8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.
9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი ახოცენ.
10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.
11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე.
13. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.
14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა.
15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.
16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს.
17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს.
18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი.
19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
გალობაი 1, უგალობდითსა, ხმაი 5
ძლისპირი: ეტლთა სიმრავლე მხედრებითურთ ზღუასა მეწამულსა სიღრმესა შთაითხინეს სიმტკიცითა მკლავისაითა ქრისტეს მიერ და იხსნეს ისრაელნი, და ძლევისა გალობასა ახლად იტყოდეს.
წმიდანო სამასნო არაგველნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.
ქებით შეგამკობთ თქუენ, მხედარნო უფლისნო, ვითარცა ვარსკულავთა ეკლესიისათა, მრავალ–ბრწყინვალეთა, და უგალობთ ღმერთსა, ღუაწლისდამდებელსა თქუენსა.
წმიდანო სამასნო არაგველნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.
სიყუარულითა ღმრთისა და ერისაითა აღგზებულთა სახელოვნად დასთხიეთ სისხლი თქუენი წინაშე მეფისა თვისისა, მხნენო, და ღირს იქმნენით ცათა სასუფეველისა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
გაქებთ თქუენ, ახოვანნო მხედარნო მოწამენო, და თქუენ თანა ვნატრით გუნდსა მრავალრიცხვსა მას მხნეთა მარტვილთასა, ტფილისს მომწყდართა, და ვადიდებთ ღმერთსა, განმაძლიერებელსა თქუენსა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ჩუენ–წილ ჰბრძოდე, მტერთა და მბრძოლთა ჩუენთა, რომელნი ესე გესავთ, და მიგავლენთ მათ ზედა მბრძოლად, დედოფალო, რამეთუ შენ ხარ, მხედართ–მძღუანუელი ყოველთა ქრისტეანეთა.
გალობაი 3, განძლიერდასა
ძლისპირი: რომელმან დააფუძნე ქუეყანაი წყალთა ზედა და მიეც ნაყოფიერებაი ყოვლადვე, კლდესა ზედა, ქრისტე, მცნებათა შენთასა შეუძრავსა დაამტკიცე ეკლესიაი შენი, მხოლოო სახიერ და კაცთ–მოყუარე.
წმიდანო სამასნო არაგველნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.
არა სთნდა სპარსთა მონებაი ახოვანსა მეფესა ჩუენსა, და ერთობაი შეკრა რუსთა თანა, გარნა განრისხდა უსჯულოი ხანი, და წარმოემართა რაი ურიცხვითა სპითა, მყის მოკრბა ლაშქარი ქართველთაი დაცვად მამულისა და ერისა თვისისა.
წმიდანო სამასნო არაგველნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.
მოგიწოდათ რაი საყვარელმან მეფემან წინააღმდგომად მტერისა, აღისხით საჭურველი, მხნენო, და შეჰფუცეთ ურთიერთას: „დაღათუ ვერა ვძლევთ ურიცხუსა მტერსა, თავსა შევსწირავთ მამულსა და მეფესა ჩუენსა“.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
მოიწია რაი ყაენი ტფილისსა, იქმნა ფიცხელი ომი, და სძლო რაი მხცოვანმან მეფემან, განიზრახა უკუნ–ქცევაი უსჯულომან, გარნა აუწყეს სიმცირე ქართველთაი მზაკუვართა და მსწრაფლ მოადგა ველსა მას კრწანისისასა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ხელთა განპყრობითა მოსე გამოჰსახა ჯუარისა სახე, ჰოი, ქალწულო, და ჰსძლო უღმრთოსა მას ამალეკსა, ეგრეთვე აწ მტკიცითა ხელითა შენითა დაამხუენ უხილავნი მბრძოლნი ჩუენნი და აღამაღლენ მორწმუნენი ბარბაროზთა ზედა.
გჳჴსნენ განსაცდელთაგან მარადის მსასოებელნი სიწმიდისა შენისანი, ღუაწლითშემოსილო დიდო მოწამეო გიორგი, რამეთუ ჩუენ ყოველნი შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლად ქებულო ღმრთისმშობელო, და ჴორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მრჩობლი კვერექსი
დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩვენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივ–დაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათჳს (მთავრობისა და მხედრობისა) მისისათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქისა და მცეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, და ყოვლადუსამღვდელოესისა... (აქა მოიხსენეთ ადგილობრიბი მღვდელმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს... (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთს).
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხოვრებისა მათისანი, და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთასა, და მიუტევენ მათ ყოველნი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტიანეთათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
მღვდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
წარდგომა. ხმა 4
მტკიცენი და ყოვლად ბრწყინვალენი გუნდნი ეგე არაგველთანი, არა შეშინდით რაი ზახებასა ურიცხუთა მტერთასა, საკვირველი სიმხნე აჩუენეთ ბრძოლასა შინა, და უწყალოდ მოისრენით რაი ხელითა უსჯულოთაითა, ზეცისა მხედრობათა თანა ბრწყინვალედ განშუენებულნი წარუდეგით ქრისტესა ღმერთსა, მას ევედრეთ აწ, ძალნი ანგელოსთანი ბრძოლად გარდამოგვივლინოს შეწევნად ჩუენდა, რაითა დასცენ და შეჰმუსრნონ მტერნი და მბრძოლნი ჩუენნი და გვიხსნეს ჩუენ ყოველთა ჭირთა და ღელვათაგან.
გალობაი 4, უფალო მესმასა
ძლისპირი: ესმა მოსლვაი შენი დიდებული, დაუკვირდა ამბაკუმს, ქრისტე, და შიშით ღაღადებდა: გამოხუედ მაცხოვრად ერისა შენისა და ხსნად ცხებულთა შენთა.
წმიდანო სამასნო არაგველნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.
მიიწიენით რაი ველსა მას კრწანისისასა, ასპარეზსა ბრძოლისასა შეხვედით სიმხნითა, და ფიცხლად ეკუეთნეთ განძვინებულთა უსჯულოთა. აწ ჩუენცა დაგვიფარეთ ყოველთა ორგულთა და მხდომთაგან.
წმიდანო სამასნო არაგველნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.
იქმნა რაი სასტიკი ომი, შურმან საღმრთომან უფროის განგამხნოთ, ჰოი, ქრისტეს მხედარნო, და დასცემდით მგმობართა მისთა. აწ ჩუენცა გვიხსენით გარე–მოდგომილებისაგან უცხოთესლთაისა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
დამცრობილ იყო რაი ძალი ქართველთა ლაშქრისაი, უშიშად ჰკაფდით სიმრავლესა მას მტერისასა, განეზრახათ რაი აღსპობაი ერისა თქუენისაი, და განამხნობდით ურთიერთას.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
საკვირველითა მით შეწევნითა შენითა, ბოროტთა მათ მბრძოლთა თავნი შეჰმუსრენ, ქალწულო, და ზარ–განმხდელითა ძლიერებითა შენითა შეჰსძრენ იგინი, ყოვლადწმიდაო.
გალობაი 5, ღამითგანსა
ძლისპირი: რომელმან შეიმოსე ნათელი სამოსლად, შენდა მოვივლტი, და გიღაღადებ: განანათლე სული ჩემი დაბნელებული, ვითარცა ხარ მხოლოი, მრავალმოწყალე.
წმიდანო სამასნო არაგველნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.
ფრიად საქებელ არს უშიშებაი თქუენი, სანატრელნო, რამეთუ მამულისათვის ბრძოდით ურიცხუსა მტერსა, ეწადათ რაი შეპყრობაი მეფისაი და აღხოცვაი ქრისტეს სარწმუნოებისაი.
წმიდანო სამასნო არაგველნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.
ხედვიდით რაი ფრიად მხცოვანსა მეფესა, გარემოცულსა სპარსთაგან, საკვირველი სიმხნე აჩუენეთ, ჰოი, არაგველნო, და ზღუდედ და ფარად ექმენით ღმრთივცხებულსა მას.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
არა ჰრიდეთ რაი სიმრავლესა მხდომთასა, განწირეთ თავნი თქუენნი, ნეტარნო, და მკერდითა იფარვიდით მეფესა, ვიდრემდის ერთგულთა მისთა განაშორეს ტფილისსა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოველთა მორწმუნეთა ვუწყით უძლეველობაი ძალისა შენისაი, ქალწულო, და გევედრებით: რომელთა არა იციან ხელმწიფებაი შენი, შეჰრისხენ და შეაძრწუნე იგინი.
გალობაი 6, ღაღადყავსა
ძლისპირი: გარე–მომიცვეს ღელვათა, და მექმნა საფლავ მუცელი ვეშაპისაი, და გიღაღადებ: მიხსენ მე, კაცთმოყუარე, და მაცხოვნე მე, მრავალმოწყალე უფალო.
წმიდანო სამასნო არაგველნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.
ეჰა, საკვირველი ახოვანებაი თქუენი არაგველნო, კარავსა ყეენისა მიწევნულნი კბილითა გლეჯდით რაი დროშათა, და ძელთა დამუსრვიდით მუხლთა ზედა.
წმიდანო სამასნო არაგველნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.
მოგეხვივნეს რაი ურიცხუნი მტერნი, ვითარცა მხეცნი მძვინვარენი, დაგკაფეს უწყალოდ, და აღგწყვიდნეს ყოველნი მახვილითა, გაქუნდათ რაი სასოებაი ყოვლადწმიდისა სამებისაი.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
უზეშთაეს ბრძოდით რაი კაცობრივისა ბუნებისა უძლურებითა, მიითუალეთ საღმრთოი აღსასრული, და წარმავალისა მხედრობისა წილ მოიგეთ მხედრობაი ზეციერისა მხედართმთავრისა და მეუფისაი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მფარუელ და განმაძლიერებელ ექმენ ერსა ჩუენსა, და მახვილ ორ–პირ ორგულთა, დედოფალო, და რისხვითა მომსრუელ და უკუნ–მაქცეველ ურიცხუთა მტერთა და მხდომთა ჩუენთა.
გჳჴსნენ განსაცდელთაგან მარადის მსასოებელნი სიწმიდისა შენისანი, ღუაწლითშემოსილო დიდო მოწამეო გიორგი, რამეთუ ჩუენ ყოველნი შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლად ქებულო ღმრთისმშობელო, და ჴორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
კონდაკი
საკვირველი სიმხნე აჩუენეთ ბრძოლასა შინა, და აღასრულებდით რაი ფიცსა მას, ტაძარსა შინა დადებულსა, არცა–ღა ერთი განერეთ მახვილისაგან ქრისტეს მტერთაისა, და ღუაწლთა თქუენთა სისხლითა, ვითარცა ძოწეულითა, განაშუენეთ წმიდაი ეკლესიაი ქართველთაი, შემოკრებს რაი შვილთა თვისთა ქებად უძლეველისა ახოვანებისა თქუენისა: გიხაროდენ, წმიდანო სამასნო არაგველნო, სიმამაცისა ძეგლნო უმუსრველნო!
დიაკონმან: სიბრძნით. მოხედენ.
მღდელმან: მშვიდობა ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკონმან: წარდგომა ფსალმუნი დავითისი: საკჳრველ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა, ღმერთი ისრაელისა.
მგალობელთა: საკჳრველ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა, ღმერთი ისრაელისა.
დიაკონმან: იქადიან წმიდანი დიდებითა და იხარებენ სარეცელსა ზედა მათსა.
მგალობელთა: საკჳრველ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა, ღმერთი ისრაელისა.
დიაკონმან: საკჳრველ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა.
მგალობელთა: ღმერთი ისრაელისა.
დიაკონმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,
მგალობელთა: ამინ.
დიაკონმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.
მგალობელთა: ყოველი სული აქებდით უფალსა.
დიაკონმან: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.
მგალობელთა: ყოველი სული აქებდით უფალსა.
დიაკონმან: ყოველი სული.
მგალობელთა: აქებდით უფალსა.
დიაკონმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება.
მღვდელმან: მშჳდობაჲ ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკონმან: მათესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.
მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.
დიაკონმან: მოხედენ.
სახარება მათესი
ჰრქუა უფალმან თვისთა მოწაფეთა: აჰა, მე მიგავლინებ თქუენ ვითარცა ცხოვართა შორის მგელთა; იყვენით უკუე მეცნიერ, ვითარცა გუელნი, და უმანკონი ვითარცა ტრედნი. ეკრძალებოდეთ კაცთაგან, რამეთუ მიგცემდენ თქუენ კრებულსა და შორის შესაკრებელთა მათთა გტანჯვიდენ თქუენ; და წინაშე მთავართა და მეფეთა მიგიყვანენ თქუენ ჩემთვის საწამებელად მათდა და წარმართთა. და რაჟამს მიგცნენ თქუენ, ნუ ჰზრუნავთ, ვითარ ანუ რასა იტყოდით, რამეთუ მოგეცეს თქუენ მას ჟამსა შინა, რასა–იგი იტყოდით. რამეთუ არა თქუენ იყვნეთ მეტყუელნი, არამედ სული მამისა თქუენისაი, რომელი იტყოდის თქუენ შორის, რამეთუ მისცეს ძმამან ძმაი სიკუდიდ, და მამამან შვილი; და აღსდგენ შვილნი მამა–დედათა ზედა და მოჰკვლიდენ მათ; და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათვის, ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს.
მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.
მკითხველმან: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მეოხებითა წმიდათა სამასთა არაგველთაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისათა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩემთა სიმრავლენი. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებაჲ ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.
გერი: გუნდი უბიწოი, მხედრობაი საღმრთოი, და მწყობრი რჩეული, ბანაკი წმიდაი, და სპარაზენობაი ძლიერი, რიცხვით სამასნი არაგველნი ევედრებიან ჩუენთვის ქრისტესა ღმერთსა, დაცვად ეკლესიათა, და მოცემად ჯუარითა ძლევაი ერსა ჩუენსა, სიმტკიცე მორწმუნეთაი და ამაღლებაი რქისა მათისაი მწვალებელთა ზედა, მშვიდობაი სოფელსა და წყალობაი სულთა ჩუენთა.
ლოცვა მღვდლისა მიერ სათქუმელი
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანეისითა, წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყუელისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად–ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრეისა და პავლეისითა; წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათაისითა; ღირსისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისა და წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა; წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონ–ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისა–მძლისა მოწამისა, ძლევა–შემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ–მოწამეთა ბარბარეისა და მარინეისითა; წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე–ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ, და ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთა და წმიდისა მღდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისაითა; ღმრთივ–განბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკ–ყოფილისა და ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელთაითა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა–მძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, ჰაბო ტფილელისა, მიქაელ–გობრონისა, თევდორე მღდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინეისა და კონსტანტინე მთავრისაითა; წმიდისა მთავარ–მოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაითა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთა–ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთაითა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმინდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთაითა; წმიდათა ღუაწლისამძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისაითა და წმიდათა კეთილ–მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრე–დამიანეისა, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთისკაცისა და ექვთიმე აღმსაარებლისაითა; წმიდათა აღმსარებელთა მამათა ჩუენთა, იოვანეისი და გიორგი–იოანე ბეთანიელთა და ღირსისა მამისა ჩუენისა არქიმანდრიტისა გაბრიელისა, აღმსაარებელისა და სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაითა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი და დღის წმიდანი მოიხსენიოს), და წმიდისა დიდისა მღდელმთავრისა, შანხაისა და სან–ფრანცისკოს მთავარეპისკოპოსისა იოანესი, განმანათლებლისა და საკვირველმოქმედისაითა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალ–მოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).
მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაჲთა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
გალობაი 7, კურთხეულარსა
ძლისპირი: უფროისად ამაღლებულმან ღმერთმან მამათა ჩუენთამან სახუმილი მოტყინარე ყრმათა მათ განუქარვა და იგინი ღაღადებდეს: ღმერთო, შენ კურთხეულ ხარ.
წმიდანო სამასნო არაგველნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.
ძმებრივითა გონებითა ერთად შეკრებულთა ცხორებაი თქუენი მოკუდავი დასდეთ რაი უკუდავისათვის მეუფისა, მოიპოვეთ მადლი სულიერი და ნიჭნი განსაცდელთა შინა მყოფთა შეწევნისაი.
წმიდანო სამასნო არაგველნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.
სრულიად აღაოხრეს რაი ტფილისი მტერთა, დაარღვიეს ეკლესიანი, და მოსრნეს რაი ყოველნი მახვილითა, ერთობითა ღირს–იქმენით ღმრთისაგან სწორსა პატივსა და დიდებასა ცათა შინა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
გხედვიდენ რაი დედანი შავ–სოფლელნი მოწყლულთა, სიჭაბუკე თქუენი დაიტირნეს ცრემლითა, და აგხადეს რაი საჭურველი, ვითარცა ძმანი განუყრელნი, დაგფლეს კრწანისსა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ვითარცა ხარი შენ მტკიცე ზღუდე ქრისტეანეთაი, და შეუძრველი გოდოლი, უბიწოო, უღმრთოთა ძალნი და მზაკუვარებანი მთავართა მათ ბარბაროსთანი დახსენ ძალითა შენითა.
გალობაი 8, აკურთხევდითსა
ძლისპირი: შენ, მხოლოსა, დამბადებელსა ყოველთასა გალობაი სულიერი გიღაღადეს ყრმათა: `ყოველნი საქმენი უფალსა უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე~.
წმიდანო სამასნო არაგველნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.
უახოვნესი აჩუენეთ რაი ღუაწლის–მოყუარებაი, ჰოი, მხედარნო მოწამენო, აღიძრა ერი ჩუენი თქუენდა მომართ მადლიერებითა, და აქებდა თავდადებასა თქუენსა საკვირველსა.
წმიდანო სამასნო არაგველნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.
დიდებული სიმხნე თქუენი არცაღა დაინთქა სიღრმესა დავიწყებისასა, და მარტვილთა თანა შეგრაცხათ რაი ეკლესიამან ჩუენმან, სამწყსოსა თვისსა მოხსენებაი და ქებაი თქუენი განგვიწესა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
აჰა, ზღუდედ სიმტკიცისად მოგვიგიეს სამარხოი ეგე თქუენი, და ეკლესიასა შინა აღვასრულებთ რაი ხსენებასა თქუენსა, მარადის ისმენთ ვედრებასა ჩუენსა და ყოველთა მოგვცემთ ლხინებასა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ზეცისა ძალთა, გუნდთა უხილავთა მიერ გარე–შემზღუდენ ჩუენ, და კუალად მსწრაფლ–გუეწიენ, ქალწულო წმიდაო ღმრთისმშობელო, და მტერთა საცთურნი უჩინო–ჰყუენ.
გალობაი 9, ადიდებდითსა
ძლისპირი: ესაია, მხიარულ–იყავ, ქალწულმან მუცლად–იღო, და შვა ძე დაუსაბამოი ევმანუელ, ღმერთი და კაცი, აღმოსავალ სახელი მისი. მას ვადიდებდეთ, და რომელმან შვა იგი, ვნატრიდეთ.
წმიდანო სამასნო არაგველნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.
ნეტარ–არს მიწაი იგი, რომელი განიპოხა სისხლითა თქუენითა, და შეიწყნარა ნეშტნი თქუენნი წიაღსა თვისსა, რამეთუ დასდეთ თავნი ერისათვის, და ქრისტეს მიერ მოიღეთ გვირგვინი ძლევისაი.
წმიდანო სამასნო არაგველნო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.
გვარ–ტომობაი თქუენი და სახელი განადიდეთ რაი სიმხნითა, იქადიან არაგველნი, და ყოველთა ქართველთა თანა გნატრიან, ვითარცა სახელოვანთა და ყოვლად დიდებულთა წინაპართა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
სიხარულითა გვიპყრიეს რაი წმიდაი ხატი თქუენი, ვითარ საუნჯე მადლთა უშურველთაი, მივისწრაფით შევრდომად მისსა, და მსწრაფლ შეწევნისა მომღებელნი ვადიდებთ ღმერთსა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დედოფალო წმიდაო, წიაღითა ქრისტეს მტვირთუელო, მოგუფინე წყალობაი შენი, ვითარცა ღრუბელი ნათლისაი, და ერი ესე შენი დაიცევ განუხრწნელად, რომელი მოქენე არს შეწევნისა შენისაი.
მგალობელთა: ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)
მკითხველმან: უხუად მორწყეთ რაი კრწანისისა ველი სისხლითა თქუენითა, ძუალნიცა თქუენი ხმა–მაღლად ჰქადაგებენ სიმხნეთა თქუენთა, ჰოი, არაგველნო, და აჰა, აწ ჩუენცა გული გვითქმს მოსლვად წმიდასა მას ალაგსა, თქუენ მიერ აღმოაცენებს რაი მადლსა ჭეშმარიტსა, და გევედრებით: გვიმეოხეთ წინაშე ღმრთისა, რაითა მოიხილოს ერსა ჩუენსა ზედა, რომელსა არა აქუს სიტყვისგებაი წინაშე მისსა და დაგვიცვას ეშმაკის მახეთაგან და სიცბილისა.
უნათლეს მზისა ჰნათობთ რაი ყოველთა კიდეთა ქუეყანისა ჩუენისათა, აწცა ნუ უგულებელს–ჰყოფთ ვედრებასა ჩუენსა, და გაქუთ რაი კადნიერებაი ღმრთისა მიმართ, ჰოი, წმიდანო მხედარნო არაგველნო, შეგვეწიეთ, რაითა გარე–წარაქციოს ყოველნი მტერნი და მაჭირვებელნი ჩუენნი, რომელთა განიგდეს წილი სამკვიდრებელსა ჩუენსა ზედა, და აღგვიდგინოს მამული ჩუენი პირველსავე დიდებასა.
ელვარებაი ღუაწლისა თქუენისაი, და მცხინვარებაი მამაცობისაი ცისკროვან–ჰყოფს გულსა ჩუენსა, და გევედრებით, ჰოი, ნეტარნო მოწამენო, შეგვაწყნარეთ სასოსა ჩუენსა ღმრთისმშობელსა, რაითა აღასრულოს თქმულნი თვისნი, ვითარცა მოწყალემან, და წილხვედრი თვისი ერი დაიცვას ყოველთა ჭირთა და საცთურთაგან, რაითა მამულისა ჩუენისა კაცთა წესისაებრ, სამ–წმიდა–არსობისა გალობითა ვაქებდეთ ღმერთსა:
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დაიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
მკითხველმან: მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ ყოველსავე სიტყვის-მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგვიწყალენ ჩუენ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელითა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენზედა, და შემიწყალენ ჩუენ.
აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა.
მცირე მრჩობლი კვერექსი
დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით, მოწყალებისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, მყუდროებისა, განათლებისა, ცხორებისა, შეწევნისა, შენდობისა და ცოდვათა მოტევებისათჳს ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისა, რაჲთა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოჲ ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაჲ ესე მონასტერი (ანუ ეკლესია) და ყოველი სოფელი სიყმილისაგან, სრჳსა, ძრჳსა, მახჳლისა, ზედა მოსლჳსაგან უცხო თესლთასა და ყოვლისაგან ბოროტისა; რაჲთა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათჳს სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თჳსითა, და გარე წარაქციოს რისხვაჲ, მარადის ჩუენ ზედა მომავალი, და გჳჴსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგჳწყალნეს ჩუენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).
მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს და ცასა შინა, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დიაკონმან: მუხლმოდრეკით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
სავედრებელი ლოცვა
ჰოი, ბრძოლათა შინა უძლეველნო წმიდანო მხედარნო მოწამენო, სულიერად ერთსულნო და ხორციელად უმტკიცესნო, შემწენო მეფისანო, და მცველნო სამშობლო ქუეყანისანო; მხედართა დიდებანო და ხატნო წინაპართა ჩუენთა სიქუელისა და მამაცობისანო; ყოველთა მვედრებელთა თქუენთა მეოხნო და მოსავთა თქუენთა მტკიცენო ზღუდენო და საფარველნო!
ჰოი, ღვაწლისა–მძლენო სამასნო არაგველნო, მხედრობაი ქუეყნიერი სცვალეთ რაი მხედრობისა მიმართ ზეციერისა, აწ ჩუენცა მეოხ–გუექმენით ღმრთისა მიმართ, დასთრგუნოს სილაღე ურიცხუთა მტერთა და მაჭირვებელთა ჩუენთა, გარე–მოდგომილთა ქუეყანასა ჩუენსა, და მოგუმადლოს თქუენებრი მხურვალებაი სარწმუნოებისაი, ძმებრივი სიყუარული მოყუასისაი და საღმრთოი მოშურნეობაი მამულისაი. მრავალშემძლებელითა ძალითა თქუენითა დაიფარეთ და მსახურებასა შინა განაძლიერეთ დიდი მეუფე ჩუენი, უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაი ჩუენი ილია და მაღალყოვლადუსამღდელოესი, წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტი ზოსიმე, პატიოსანნი მღდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეანენი.
ჰოი, საღმრთოითა ძალითა აღჭურვილნო მხედარნო დიდ–სახელნო და დიდებულნო მეოხნო და მკურნალნო ჭირთა და სალმობათა შინა, აწ გვითხოეთ ქრისტეს ღმრთისაგან ცოდვათა ჩუენთა მოტევებაი, სულიერთა და ხორციელთა ვნებათაგან გათავისუფლებაი, მართლმადიდებლობითა განათლებაი, სიწმიდითა მოქალაქეობაი, სასუფეველსა ცათასა განბრწყინვებაი, ანგელოსთა თანა გალობაი, წმიდათა თანა სუფევაი, და თქუენ თანა დიდებაი და მადლობაი, რამეთუ მისა ჰშუენის ყოველი დიდებაი, პატივი და თაყუანისცემაი, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე,
მგალობელთა: ამინ.
დიაკონმან: ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.
მგალობელთა: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
მღდელმან: დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.
მგალობელთა: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
სახელითა უფლისათა, უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო გუაკურთხენ.
მღვდელმან: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.
მგალობელთა: ამინ. უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
სიმხნითა თქუენითა მოქადულნი კრძალვით შეუვრდებით ყოვლად პატიოსანსა ხატსა თქუენსა და შეწევნასა გევედრებით წინაშე ღმრთისა, რაითა არა სამართლად მოგვაგოს ცოდვათა ჩუენთათვის და გვიხსნნეს სულთა და ხორცთა ვნებათაგან.
დედოფალო ყოვლად–ბრწყინვალეო მარიამ, წმიდათა სამასთა არაგველთა და მათთანა ვნებულთა საეროთა და სამღდელოთა ლოცვითა წარგვიმართენ დღენი ცხოვრებისა ჩუენისანი, სადიდებელად ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისა, ამინ!
შეადგინა: თინათინ მჭედლიშვილმა