
ევედრებიან სიმსივნით დაავადებულთა შეწევნისათვის
ხატის დღესასწაული აღესრულება (ძვ.სტ. 18) 31 აგვისტოს და (ძვ.სტ. 21 აგვისტო) 3 სექტემბერს
სიხარულისმომნიჭებელითა პატიოსნითა ხატითა შენითა გვაცხოვნენ ჩუენ, ყოველთა დედუფალო, სურვილით მეძიებელნი მადლისა შენისანი; გამოგვიხსენ შენდამი მოლტოლვილნი ფათერაკთაგან, გარეშეზღუდე ყოველთა განსაცდელთაგან სამწყსო შენი, მარადის მხმობელი შემწეობისა შენისადმი.
ახალგამოცხადებულისა ხატისა შენისა წინაშე წარდგომილ-ვართ ლმობიერად მორწმუნენი და გიგალობთ შენ, ყოველთა დედუფალო: გარდამოგვივლინე კურნებანი შენდამი მოლტოლვილთა, რათა სიხარულითა ვხმობდეთ შენდამო: გიხაროდენ, ყოველთა დედუფალო, სნეულებათა ჩუენთა მადლითა მკურნალო.
ყოვლადსახიერო, ღირსადსაკვირველო ღმრთისმშობელო, ყოველთა დედუფალო! არა ღირს-ვარ, რათა სართულსა ქუეშე ჩემსა შემოჰხვიდე! გარნა ვითარცა მოწყალისა ღმრთისა საამოვნოთ კეთილმოწლემან დედამან, ჰბრძანე განიკურნოს სული ჩემი და განმტკიცნეს უძლურნი ხორცნი ჩემნი. გაქუს ძლიერება უბრძოლველი და არა უძლურ-იქმნება შენთანა არცა ერთი სიტყუა , ჰო ყოველთა დედუფალო! შენ ჩემთვისა გამოითხოვე, შენ ჩემთვისა ჰვედრე, რათა აღვამაღლებდე ყოვლადდიდებულსა სახელსა შენსა ყოვლადვე აწ და მარადის და დაუსრულებელთა საუკუნეთა, ამინ!
ჰოი, ყოვლადპატიოსანო დედაო ღმრთისაო, ყოველთა დედუფალო! შეისმინე მრავალსალმობიერი აღმოოხვრანი ჩუენნი წინაშე საკვირველთმოქმედისა ხატისა შენისა, მოიხილე სულიერთა შვილთა შენთა ზედა, გვემულთა უკურნებელთა სნეულებათა მიერ, აწ შევრდომილთა წმიდისა ხატისა შენისა მიმართ! ვითარცა ფრინველი შეიფარებს მართვეთა ქუეშე ფრთეთა თვისთა, ეგრეთვე შენცა დაგვიფარენ, მარადცხოველო, მრავალსამკურნალო თა ომოფორითა შენითა. მუნ, სადაცა იმედი წარხდების, იქმენ უეჭველ სასოებად; ხოლო, სადაცა სასტიკნი მწუხარებანი გარდაემატნეს, მოთმინებად და ტანჯვათა აღსუბუქებად გამოგვიჩნდი. მუნ, სადაცა წყვდიადი სასოწარკვეთისა სულთა შინა დაემკვიდრების, ჰე, აღმობრწყინდეს გამოუთქმელი ნათელი ღვთაებისა! სულმოკლეთა ნუგეშინის-ეც, უძლურნი განჰკურნენ, გულითა განძვინებულნი მოალბე და მიანიჭე განათლება. განამტკიცენ სნეულებათა შინა მყოფნი მონანი შენნი, ჰო , ყოვლადსახიერო დედუფალო! გონება და ხელნი მკურნალთა ჩუენთანი აკურთხე, რათა იქმნენ ორღანოდ ყოვლადძლიერისა მკურნალისა ქრისტე მაცხოვრისა ჩუენისა. ვითარცა ცხოველსა შენ, ჩუენთანა მყოფსა, გვედრით წინაშე ხატისა შენისა, ჰო დედუფალო! განართხ ხელნი შენნი, სავსე კურნებითა და სიმრთელითა, სიხარულო, მწუხარებათა შინა მყოფთაო, ჭირვეულთა ნუგეშინის-მცემელო, რათა საკვირველისა შეწევნისა შენისა მსწრაფლმიმღებელნი ვადიდებდეთ ცხოვრების მომნიჭებელსა განუყოფელსა სამებასა, მამასა და ძესა და წმიდასა სულსა უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
საბერძნეთში, ათონის წმინდა მთის ვათოპედის სავანეში დასვენებულია ღვთის დედის „ყოველთა დედუფალად“ („პანტანასსა“) წოდებული ხატი. მონასტრის ბერები ასეთ რასმე ჰყვებიან: როგორღაც ვათოპედის ტაძარში ერთი ახალგაზრდა შევიდა სალოცავად. მიუახლოვდა თუ არა „პანტანასას“ ხატს მოულოდნელად ღმრთისმშობლის ხატიდან რაღაც ელვისმაგვარი გამოკრთა და ეს ახალგაზრდა პირქვე ძირს დასცა. გონს რომ მოეგო სტუმარმა აღიარა, რომ უღვთო ცხოვრებას ეწეოდა და მაგიით იყო გატაცებული. ღვთის დედის სასწაულებრივმა ჩარევამ ერთიანად შესცვალა მისი ცხოვრება და იგი ღვთისმოსავი გახდა. XVII ს. ეს მცირე ხატი ძველთაგანვე იზიდავდა მლოცველებს, რომელნიც მძიმე სნეულებათა და განსაცდელთა შინა ეძებდნენ კურნებასა და ნუგეშს ყოვლადწმიდისაგან. ცნობილია სიმსივნისაგან განკურნების მრავალი შემთხვევა, რომელიც ამ ხატთან სარწმუნოებით მლოცველებს მიენიჭათ.
საბერძნეთში, ათონის წმინდა მთის ვათოპედის სავანეში დასვენებულია ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის „ყოველთა დედოფლად“ („პანტანასსა“) წოდებული ხატი, რომელსაც სხვა დავადებებთან ერთად ონკოლოგიური დაავადებებისგან განკურნებასა და ჯადოსნობისგან გათავისუფლებას შესთხოვენ. XVII ს-ის ხატი დაბრძანებულია მთავარი ტაძრის აღსავლის კართან და ძველთაგანვე იზიდავდა მლოცველებს, რომელნიც მძიმე სნეულებათა და განსაცდელთა შინა ეძებდნენ კურნებასა და ნუგეშს ყოვლადწმიდისაგან. ამ ხატთან ლოცვით, ავთვისებიან სიმსივნეთა განკურნვის შემთხვევები ხშირია.
ხატზე გამოსახულია მეწამულ სამოსში სამეფო ტახტზე დაბრძანებული ქალწული მარიამი, რომელსაც ხელთ ყრმა იესო უპყრია. იესოს მარცხენა ხელში გრაგნილი უჭირავს, მარჯვენა კი მაკურთხებელად აქვს დახრილი. ხატი ღვთისმშობლის გამოსახვის ისეთ იკონოგრაფიულ ხერხს მიეკუთვნება, რომელსაც პანაქრანტას (ბერძნულად უწმინდესს უწოდებენ). ამ სახის ხატებს სხვაგვარად `ყოვლადმოწყალეს” უწოდებენ. პანაქრანტას ხატების საერთო ნიშანს წარმოადგენს ტახტზე დაბრძანებული მარიამი, ყრმა იესოსთან ერთად, სადაც ტახტრევანი ღვთისმშობლის სრულყოფილებისა და ზეციური დიდების სიმბოლოა.
ვათოპედის მონასტერი ათონის ნახევარკუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეზე, ბორცვზე მდებარეობს და ზღვას დაჰყურებს. იგი დაახლოებით 972-985 წ.წ. დააარსა სამმა წარჩინებულმა ადამიანმა – ათანასემ, ნიკოლოზმა და ანტონიმ. წმ. ათანასეს დროინდელ ტიპიკონში (1045 წ.) ვათოპედს მეორე ადგილი ეჭირა წმ. მთის მონასტერში, რომელიც დღემდე შეინარჩუნა. XII-XIII საუკუნეების ყველაზე პატივცემული სერბი წმინდანები საბა და სვიმეონიც თავიდან ვათოპედის სავანეში მოღვაწეობდენ, შემდეგ კი, ღვთის ნებით, მათ განაახლეს და თავის სამშობლოს დაუმტკიცეს ხილენდარის მონასტერი.
სერბი მეფის სტეფანე დუშანის მრავალრიცხოვან შეწირულობებს შორის, რომელებიც მან XIVს-ში მონასტერს მიუძღვნა, მოიხსენიება სოფელი აგიოს მამი. მონასტრისთვის სახსრის შეწირვა შემდგომ საუკუნეებში სხვა სერბმა მმართველებმაც გააგრძელეს. ვათოპედს მძიმე დროც ახსოვს – კატალონელი მეკობრეები და თურქები თავს ესხმოდნენ და უმოწყალოდ არბევდნენ სავანეს. მაგრამ ამან მონასტრების შემდგომ აყვავებას არ შეუშალა ხელი. პირიქით, სხვადასხვა დროს მის მფლობელობაში შევიდნენ მონასტრები: ქალკეი, ვერიოტი, იეროპატორი, კალეტი, წმინდა დიმიტრის სახელობისა, ქსისტრი, ტრიპოლიტი და ტროქალი. ბიზანტიის იმპერატორები არ იყვნენ ამ სავანის მიმართ მაინცდამაინც ხელგაშლილნი. პოსტბიზანტიურ პერიოდში მონასტრებს მფარველებად მოევლინნენ დასავლელი მბრძანებლები. ვათოპედის საძმოს წევრი იყო XV ს-ის წმინდანი მაქსიმე ბერძენი. 1749 წელს, საბერძნეთისთვის მძიმე დროს, აქ გაიხსნა ცნობილი ათონის აკადემია.
X ს-ში აშენდა მონასტრის მთავარი ტაძარი – ღვთისმშობლის ხარების სახელობისა. მისი უძველესი ფრესკები (რომლებიც XVIII-XIX საუკუნეებში გადაღებეს) მიეკუთვნება XIV საუკუნეს. ვათოპედს აქვს 12 ტაძარი შიგნით და 19 – გარეთ. მათგან 5 – მიშენებულია ტაძარზე. მონასტრის სამრეკლო 1427 წელს აიგო და ითვლება წმინდა მთის უძველეს სამრეკლოდ. ვათოპედის ისტორიაში მონასტრული ცხოვრების წესი პერიოდულად იცვლებოდა: საერთო ცხოვრებიდან (კინოვია) გადადიოდა თვითშენახვაზე. 1989 წელს ვათოპედი დაუბრუნდა კინოვიას.
მონასტრის საგანძურში პანტანასას გარდა დავანებულია ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატები: ყოველთა დედოფალი, მირონმდინარე, ქტიტორული და სხვა. აქ ინახება უამრავი მშვენიერი შესამოსელი და წმინდა ჭურჭელი, ბიბლიოთეკაში დაახლოებით 2000 ხელნაწერია, 25 გრაგნილი, საბუთები და 3500-ზე მეტი ნაბეჭდი წიგნი. ასევე დაცულია ღვთისმშობლის სარტყელი. მონასტრის ხელშია 24 კელია, წმინდა დიმიტრის და წმინდა ანდრია პირველწოდებულის სკიტები კარუსის მახლობლად.
პანტანასა ხატის შესახებ ასეთი გარდამოცემაა შემონახული: თანამედროვე მოწმის, ბერის გადმოცემით, ერთ დღეს ტაძარში სალოცავად ახალგაზრდა კაცი შესულა. ხატს რომ მიახლოებია, უცბად ყოვლადწმინდას სახე განათებია და ყმაწვილი კაცი უხილავ ძალას ხატიდან შორს განუგდია. გონს მოსულს, ბერების წინაშე სინანულის ცრემლებით მოუნანიებია დანაშაული – ის დაშორებული ყოფილა ღმერთს და ჯადოქრობასა და მაგიას მისდევდა. ღვთისმშობლის სასწაულებრივმა ჩარევამ ერთიანად შესცვალა მისი ცხოვრება და იგი ღვთისმოსავი გახდა, რის შემდეგაც, ის ათონის წმინდა მთაზე დასახლდა. იმის მერე აკვირდებოდნენ და ხვდებოდნენ, რომ ხატი საოცარ ზეგავლენას ახდენდა ონკოლოგიური დაავადებების მქონე ადამიანებზე, მათ შორის, მათზე, ვისაც ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა. კიბოს, როგორც დაავადებას, უძველესი ისტორია აქვს. გარეგნულად კიბორჩხალას წააგავს, სწორედ ამ მსგავსების გამო, ჰიპოკრატემ მას „კარცინომა“ (ტერმინების „კიბორჩხალა“ და „სიმსივნე“ სინთეზი) უწოდა.
ძველ ქართულ წყაროებში ამ დაავადებას „კირჩხიბს“ უწოდებენ. მაგალითად, X საუკუნის უნიკალურ ნაშრომში „უსწორო კარაბადინი“ ეს სნეულება სწორედ ამ სახელწოდებით არის ცნობილი. შეიძლება სიმსივნის სახელწოდებაც „კიბო” აქედან მოდის. სხვა წყაროების მიხედვით კი კიბოს „კაეშანსა“ და „არამს“ უწოდებდნენ. აქედან მოდის გამოთქმაც, არმად შეგერგოსო.
ეს დაავადება პირველად, ძვ.წ.აღ-მდე, 1600 წელს, ეგვიპტურ პაპირუსზეა აღწერილი. ნაშრომში მითითებულია, რომ კიბოს რამდენიმე სახეა ცნობილი და რომ მისგან განკურნება შეუძლებელია. ძვ.წ.აღ პირველ საუკუნეში რომაელმა ექიმმა ავლიუს კორნელიუს ცელსიუსმა გადაწყვიტა, რომ საწყის სტადიაზე კიბოს მკურნალობა ქირურგიული გზით არის საჭირო, ხოლო ბოლო სტადიაზე საერთოდ, არ ღირს ჩარევა. კიბო ახლაც უკურნებელ დაავადებად მიიჩნევა და ყოველწლიურად უამრავი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი ხდება. ამიტომ, მათ მხოლოდ სასწაულის იმედი აქვთ და ამ დაავადების სასწაულებრივი განკურნება არაერთხელ მომხდარა. მათ შორის ღვთისმშობლის მიმართ გულმხურვალე ლოცვის შედეგად. XVII ს-ში, მას შემდეგ, რაც `ყოველთა დედოფლის” მიერ აღსრულებული სასწაულების შესახებ შეიტყვეს, დაიწყეს ხატის ზუსტი ასლების დაწერა და მისი სხვა სავანეებში დაბრძანება. ამასობაში „პანტანასამ“ მსოფლიოში გაითქვა სახელი, როგორც ონკოლოგიური დაავადებების მკურნალმა და მრავალი ადამიანი უმძიმესი დაავადებისგან ამ ხატის მეშვეობით განიკურნა. თავად სახელწოდება „ყოველთა დედოფალი“ საუბრობს ხატის ყოვლისმომცველ ძალაზე. ღვთისმშობლის ამ ხატს გააჩნია უძლიერესი მაკურნებელი საწყისი.
ხატის სხვადასხვა ასლი არსებობს, რომელთაგან ერთი საბერძნეთის უძველეს ქალაქ კავალასთვის შეიქმნა. ხმამ ხატის მიერ ბოროტ ძალთაგან განკურნვნის შესახებ რუსეთამდეც მიაღწია. წმინდა იოანე კრონშტადტელის მოწყალების საზოგადოების თხოვნით (საზოგადოება მოღვაწეობს ბავშვთა ონკოლოგიურ ცენტრში) და მონასტრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ ეფრემის კურთხევით, ყოველთა დედოფლის ხატის ასლი რუსეთისთვისაც შეიქმნა. 1995 წელს ის ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის სამლოცველოში დააბრძანეს. იმავე წლის შემოდგომაზე, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, ხატზე მირონის პირველი წვეთები გაჩნდა. შენობა, სადაც ხატი იყო დაბრძანებული, ნელსურნელებით აივსო. ამჯერად ეს ხატი მოსკოვში, ყოველთა წმინდათა ტაძარშია.
ამ სასწაულთმოქმედი ხატის კიდევ ერთი ასლი საქართველოში 2003 წლის 3 სექტემბერს ჩამოაბრძანეს და ავჭალის წმინდა ქეთევანის ტაძარში დააბრძანეს, სადაც ხალხის ნაკადი არ წყდებოდა – მრევლი მას სულიერი და ფიზიკური სნეულებებისგან განკურნებას შესთხოვდა. ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი რაზმაძე შეჭირვებულთათვის კვირაში ორჯერ-ოთხშაბათს და პარასკევს ჯანმრთელობის პარაკლისს იხდიდა. მამა გიორგის თქმით – „ხატმა უამრავ უძლურ ადამიანს ნუგეშინი სცა, სნეული ადამიანები ფეხზე დააყენა და ბევრს პროგრესირებადი დაავადებები შეუჩერა. ასეთი ფაქტები უამრავია და მადლობა ღმერთს, რომ ეს უდიდესი სიწმინდე საქართველოშია“.
უწმინდესისა და უნეტარესის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის, აგრეთვე – ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ტაძრის წინამძღვრის, მამა გიორგი რაზმაძის ლოცვა-კურთხევით ზაჰესში, მთის წვერზე, აშენდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის „ყოველთა დედოფალი პანტანასას“ სახელობის დედათა მონასტერი „ახალი მეტეორა ყოველთა დედოფლის სავანე”. მამა გიორგის თქმით, ყველაფერი ასე დაწყებულა: – „2000 წელს, ათონის წმინდა მთაზე მოგზაურობისას, ვატოპედის მონასტერში გვითხრეს, რომ „პანტანასას ღვთისმშობლის“ ხატს დიდი სასწაულები ჰქონდა მოხდენილი. სურვილი, რომ ამ ხატის ასლი საქართველოშიც ყოფილიყო მას შემდეგ გამიღრმავდა, რაც ჩვენი მრევლის წევრი ონკოლოგიური დაავადებით დასნეულდა. მას კურთხევა მივეცი დასნეულებული ადამიანები ენახა და ხელმოწერები მოეგროვებინა. დაახლოებით 2000 ხელმოწერა მოგროვდა, მასში ჩართული იყო ონკოლოგიური საავადმყოფოს როგორც ავადმყოფები, ასევე ექიმები, თანამშრომლები. შედგა სპეციალური წერილი. მაშინ ქორეპისკოპოსის მოვალეობას მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი) ასრულებდა. მეუფეს ვთხოვეთ და მისი კურთხევით ეს წერილი ვატოპედში გაიგზავნა, ვითხოვდით რომ საქართველოსთვის დაწერილიყო და ავჭალაში, ქეთევან წამებული ეკლესიაში ჩამობრძანებულიყო „ყოველთა დედოფლის-პანტანასას“ ორიგინალის ასლი. მთაზე მეორედ მომიწია გამგზავრება, წერილი პირადად ვატოპედის იღუმენს, მამა ეფრემს გადავეცი, რომელიც დაგვპირდა რომ ამ თემას აუცილებლად განიხილავდნენ და პასუხს შეგვატყობინებდნენ~. საკმაოდ მოზრდილი, მომინანქრებული ღვთისმშობლის ხატი ათონის მთაზე, ვათოპედის მონასტერში ბერებმა წმინდა ქეთევანის ტაძრისთვის საგანგებოდ შექმნეს. ხატი მისთვის განკუთვნილი ღამისთევის ლოცვებით იწერებოდა რამოდენიმე წლის განმავლობაში. საგანგებოდ შეირჩა ხის მასალა და ძვირფასი საღებავები, ბოლოს, ერთი თვის განმავლობაში, მასზე დაბრძანებული იყო სასწაულმოქმედი ხატის ორიგინალი და ყოველდღე ტარდებოდა საღმრთო ლიტურგია.
ვათოპედის მონასტრის ტრადიციით, როცა ხატი იწერება, დამკვეთმა შესაწირი უნდა გაიღოს, თუმცა როცა შესაწირი თანხის ოდენობა შევიტყვეთ, ძალიან შევწუხდით, მაგრამ მოხდა ის, რასაც არავინ ელოდა! ამ დროს ვათოპედის მონასტერს სტუმრობდა მდიდარი კვიპროსელი. ჩვენი ამბავი რომ გაიგო, უყოყმანოდ გადაიხადა 2500 ევრო. ეს ფაქტიც ხატის სასწაულად შეიძლება ჩაითვალოს. ხატის გადმობრძანების დღეს ვათოპედის მონასტრის იღუმენმა, არქიმანდრიტმა ეფრემმა აღნიშნა: სასწაულმოქმედი ხატის ასლი ლოცვა-კურთხევით შეიქმნა და ძალიან დიდი ძალა აქვს. იგი არა მხოლოდ სნეულებს განკურნავს, არამედ მთელი ერი მიიღებს მისგან განსაკურნებელ მადლსო.
ტაძარში, სადაც „პანტანასას“ ხატია დაბრძანებული, კვირაში ორჯერ, ოთხშაბათსა და პარასკევს, 14 საათზე მისივე სახელობის ეკლესიაში აღევლინება საჯანმრთელო პარაკლისები მძიმე სენით დაავადებულთა საკეთილდღეოდ. უსასყიდლოდ გაიცემა ღვთისმშობლის კანდელიდან ამოღებული ზეთი. მართლაც, ღვთის რწმენით და გულწრფელი ლოცვით, სასწაულები ხდება. „ყოველთა დედოფლის-პანტანასას“ სასწაულთმოქმედი ხატის ძალით ადამიანები მძიმე სენისგან თავისუფლდებიან. სავანეში მიაქვთ მადლიერების წერილები, რომელთაც ვატოპედის მონასტერში გზავნიან. ისინი, პანტანასას ხატთან დაკავშირებით დიდი წიგნის გამოშვებას აპირებენ. მამა გიორგი რაზმაძის კურთხევით მისი მრევლის წევრმა, ოპერატორმა ბესარიონს გაფრინდაშვილმა გადაიღო ფილმი პანტანასას ხატის როგორც ორიგინალზე, ისე საქართველოში ჩამობრძანებულ მის ასლზე.
„პანტანასად“ წოდებული ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი შეეწიოს სრულიად საქართველოს! ამინ!
შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა