მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ლოცვანი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატისადმი
„შეუწველი მაყვალი“

 

დიდი შემწეა ხანძრის დროს. სინას მთაზე, როდესაც ჭექა-ქუხილი საშიში ხდება, ამ ხატის წინაშე პარაკლისს აღასრულებენ

 

ხატის დღესასწაული აღესრულება 4 (17) სექტემბერი

 

 

ტროპარი, ხმა 4

 

ვითარცა ცეცხლსა შინა მაყუალი შეუწველი ძველთაგანვე მოსეს მიერ ხილული წინა ხატად ქმნა თვისისა განკაცებისათვის ქორწილისა გამოუცდელისა ქალწულის მიერ, რომლითა აწცა, ვითარცა საკვირველებათა მოქმედითა სასწაულითა განდიდებულსა ხატს თვისსა სნეულებათა განსაკურნებლად მოჰმადლებს მართალთა, მცუელად სიფიცხლისაგან ცეცხლისა. ამისთვისცა უგალობთ უფროსადკურთხეულსა: სასოო ქრისტეანეთაო, მძვინვარეთა ჭირთა, ცეცხლისა და ქუხილისაგან მიხსენ მონანი შენნი და აცხოვნენ, მოწყალეო, სულნი ჩუენნი.

 

 

ლოცვა 1

 

ჰოი, ყოვლადწმიდაო და უფროსადკურთხეულო დედაო ქრისტეს ტკბილისა ჩუენისა! შეგივრდებით და თაყუანისგცემთ შენ წინაშე ყოვლადპატიოსნისა ხატისა შენისა, რომლისა მიერ მრავალთა დიდებულთა და საკვირველთა სასწაულთა აღმოგვიცენებ. ცეცხლისაგან მძვინვარისა და ქუხილისაგან ყოვლისა დაიცვნე სახლნი ჩუენნი, განკურნე უძლურნი და აღმისრულნე კეთილად ყოველნი კეთილნი ვედრებანი ჩუენნი. სიმდაბლით გევედრებით შენ, ყოვლადძლიერსა შუამდგომელსა ერისა ჩუენისასა. ღირს მყვნენ უძლურნი და ცოდუილნი ესე მიმთხუევად დედობრივითა ნაწილთა შენთა და კეთილსა ცხორებასა. იხსენ და დაიცევ მოწყალითა საფარველითა შენთა წმიდაჲ ეკლესიაჲ, სავანე ესე, მართლმადიდებელნი ერნი ყოველნი შენდა შევრდომილნი და მოსალმობიერითა ცრემლითა შუამდგომელობისა შენისა მვედრებელი. ჰოი, დედუფალო ყოვლადსახიერო, მოწყალე იქმენ მრავლითა ცოდუითა მოწყლულთა ამათ ზედა, რომელთა არა გუაქუს კადნიერებაჲ წინაშე ღუთისა თხოვად შეწყალებისა და შენდობისა: არამედ გევედრებით შენ, ხორციელად დედასა მისსა: ყოვლადსახიერო, განპყარ ღუთისმტვირთუელნი ხელნი შენნი და მეოხებთა შენითა წინაშე სახიერებისა მისისა ითხოე მოტევებაჲ ცოდუათა ჩუენთაჲ. რაჲთა მშვიდი და ღუთისმოშიშებითი ცხორებაჲ მომანიჭოს ჩუენ, აღასასრული ქრისტეანობითი და კეთილი სიტყვის-გებაჲ წინაშე საშიენლისა სამშჯავროსა მისსა მომმადლოს. მას ჟამსაცა, საშინელსა მოსვლისა მისისასა, რაჟამს ცეცხლითა დაიწუებოდიან სახლნი ჩუენნი და ელვისა ქუხილისა შიშითა დაცემულ ვიქმნებით, გამოაჩინე მოწყალე შუამდგომელობაჲ და ყოვლადძლიერი შემწეობაჲ შენი, რაჲთა ხსნილნი ლოცუითა შენითა წინაშე ღუთისა დროებითსა საშჯელსა ამას განვერნეთ და სამოთხისა სამარადისოჲსა ნეტარებისა მემკვიდრედ გამოსჩნდეთ და ყოველთა წმიდათა თანა უგალობდეთ ყოვლადწმიდასა და დიდებულსა სახელსა სამებისასა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისასა, უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

 

 

ლოცვა 2

 

ჰოი, ყოვლადწმიდაო ქალწულო, დედაო უფლისა მაღლისაო, მეოხო და მფარველო ყოველთა შენდა მოლტოლვილთაო!

 

გარდამოიხილე სიმაღლითგან სიწმიდისა შენისათა ჩემ ცოდუილსა ზედა, შევრდომილსა სასწაულთმოქმედსა ხატსა შენსა: ისმინე სიმდაბლით ლოცუისა ჩემისა და მიუძღუანე იგი წინაშე შენგან შეყუარებულისა ძისა, უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა, მას ევედრე, რაჲთა განანათლოს ბნელი ესე სუილი ჩემი თვისა საღმრთოჲსა მადლისა ნათლითა, რაჲთა მიხსნას მე ყოვლისაგან ჭირისა, მწუხარებისა და სნეულებისა და ყუდროჲ და მშვიდობითი ცხორებაჲ მომივლინოს მე. სიმრთელეჲ ხორცისა და სულისა და განუსუენოს ვნებულსა გულსა ჩემსა და აღადგინოს წყლულებანი მისნი, რაჲთა განმაბრძნოს მე კეთილს საქმესა შინა, განწმიდოს გონებაჲ ჩემი ამაოთაან ზრახუათა, დამადგინოს მე აღსრულებად მცნებათა თვისთა, მიხსნას მე საუკუნოჲსაგან სიკუდილისა და ნუ მომაკლებს ზეციურსა სასუფეველსა თვისსა. ჰოი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შენ ხარ - „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“. ისმინე მწუხარისა ამის ჩემისაცა, შენ სახელ გდებთ - „დამშრეტელად ნაღულისა“ დაშრიტე ნაღულიცა ესე ჩემი, შენ ხარ „მაყუალი შეუწველი“ და დაიცევ სოფელი ესე და ჩუენთაგანი ყოველი სიკუდილშემოსილისა და ცეცხლოვანისა ისრისაგან ყოვლისა, შენ ხარ „მომპოვნებელი წარწყმედულთაჲ“ და ნუ მიმიშუებ მეცა წარწყმედად უფსკრულისა შინა ცოდუათა ჩემთასა. შენზედა დამიძს ღმრთისა მიმართ სასოებაჲ ჩემი ყოველი! მექმენ მე მფარველ ცხორებასა ამას ჟამიერსა და საუკუნოსაცა და შუამდგომელ წინაშე საყუარელისა ძისა შენისა, უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი.

 

მასწავენ მე, თუ ვითარ ვმსახურებდე მას სარწმუნოებითა და სიყუარულითა და ღმრთისმოსაობითა პატივსგცემდე შენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისა დედაო, უფროსადკურთხეულო მარია! შენთა წმიდათა ლოცუათა შევვედრებთ თავსა ჩემსა ვიდრე აღსასრულადმდე ცხოვრებისა ჩემისასა. ამინ!

 

* * *

 

სასწაულთმოქმედი ხატი მოსკოვში, ხამოვნიკზე მდებარე შეუწველი მაყვალის სახელობის ეკლესიაში იმყოფება. ღვთისმშობელს ხშირად უწოდებენ შეუწველ მაყვალს და მას ცეცხლოვანი ნათლით განათებულს გამოსახავენ. ღვთისმშობლის წინასახე მოსე წინასწარმეტყველმა იხილა მაყვალში, რომელიც ენთო და არ იწვოდა. მაყვალი ანთია და არ იწვის, ქალწული შობს და ქალწულადვე რჩება. ეს ხატი რვაქიმიანი ვარსკვლავის სახითაა გამოსახული, რომელიც ორი წვერწამახვილებული ოთხკუთხედისგან შედგება, მათგან ერთი წითელი ფერისაა, რომელიც მოგვაგონებს იმ ცეცხლს, – მოსეს მიერ ხილული მაყვალი რომ მოიცვა და რომელშიც ის ალით გარშემორტყმული, დაუწველი დარჩა. რვაკუთხედის შუაგულში, როგორც მაყვალში, ყრმა ღმერთთან ერთად ყოვლადწმინდა ქალწულია გამოსახული. წითელი ოთხკუთხედის კუთხეებში კი – ადამიანი, ლომი, ზვარაკი და არწივი, როგორც ხილული ნიშნები ოთხი მახარებლის მონათხრობის თავისებურებებზე – ღვთაებრივი და უსხეულო ცეცხლის ცხოვრებისა და სწავლების შესახებ, ყოვლადწმინდა ქალწულმა თავის წიაღში დაუწველად რომ მიიღო.

 

წმინდა წინასწარმეტყველისა და ღვთისმეტყველის მოსეს გამო, რომელიც ღირსი გახდა შეუწველ მაყვალში ძე ღვთისას მიერ ადამიანთა მოდგმის სამომავლო ხსნა განეჭვრიტა, ამ ხატის დღესასწაული 4 სექტემბერსაა დადგენილი.

 

მოსკოვის შეუწველი მაყვალის ეკლესიაში ამ სახელწოდების ორი ხატია დაცული. ერთი მათგანი, რომლის სიმაღლე – არშინი და 12 გოჯი, ხოლო სიგანე არშინი და 7 გოჯია, ძველი, მაღალოსტატური ხატწერული სტილითაა შესრულებული. ამ ხატის წარმოშობის შესახებ გადმოცემა არსებობს: მეფე თეოდორე ალექსის ძის მერემეთუხუცესი დიმიტრი კოლოშინი მეტად მდიდარი კაცი, განსაკუთრებულ პატივს მიაგებდა ღვთისმშობლის ხატს – შეუწველ მაყვალს, რომელიც მეფის სასახლის სამლოცველოში იყო მოთავსებული და ყოველთვის, როცა სასახლეში მიდიოდა ან გამოდიოდა იქიდან, მის წინაშე მხურვლედ ლოცულობდა. ერთხელ მეფე უმიზეზოდ განურისხდა და თავიც ვერაფრით იმართლა. მან შეუწველი მაყვალის წინაშე კიდევ უფრო გულმხურვალე ლოცვა აღავლინა და ზეციურ დედოფალს შემწეობა სთხოვა, მისი ლოცვა შეისმინა ყოვლადწმინდამ. ღვთისმშობელი სიზმრად გამოეცხადა მეფეს და კოლოშინის უდანაშაულობა ამცნო. საქმის გამოძიების შემდეგ მეფემ ეს ირწმუნა და მას ძველი თანამდებობა დაუბრუნა. შუამდგომელისათვის მადლობის ნიშნად კოლოშინმა მეფისგან შეუწველი მაყვალის ხატი გამოითხოვა და მის სახელზე მარკოზ მახარებლის ეკვდერში ეკლესია დააარსა. ეს ტაძარი დღემდე არსებობს.

 

ამ ხატის დღესასწაული 4 სექტემბრის გარდა აღდგომიდან მე–6 კვირასაც აღესრულება. იმიტომ, რომ ამ კვირაში წმინდა ხატი ლიტანიით გადააბრძანეს კოლოშინის მიერ აგებულ ტაძარში და მისი კურთხევაც აღსრულდა.

 

შეუწველი მაყვალის ეკლესიის მრევლი ირწმუნება, რომ მათთან ხანძარი თითქმის არასდროს ჩნდება, თუმცა ეს ადგილი – ეკლესია და სამრევლო მთლიანად ხის ნაგებობებითაა გაშენებული. მოსკოვის შეუწველი მაყვალის ეკლესიაში ამ ხატის განსაკუთრებული ხელნაწერი კანონი არსებობს. კანონის დასაწყისში არს წარწერა: "ეს მსახურება სინას წმინდა მთაზე იგალობება, როცა ჭექა–ქუხილი საშიში ხდება."

 

მეორე ხატი ამავე ეკლესიაში – ბერძნული ხატწერითაა შესრულებული, სიმაღლეც და სიგანეც 7–7 გოჯი აქვს. ხატზე ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ყრმა–ღმერთით ხელშია გამოსახული, ხოლო მის წინაშე მუხლმოდრეკით მლოცველი ადამიანი მოჩანს. ეს ხატი ტაძარს 1835 წელს მოსკოველი მეშჩანი ქალის, ქალწულ ალ.ნ. კუნიცინის ანდერძისამებრ შესწირეს. ხატის წინაშე მლოცველთა რაოდენობა განსაკუთრებით 1837 წელს გაიზარდა.

 

შეუწველი მაყვალი – ქ. სლავინსკში

 

ხარკოვის ეპარქიის ქ. სლავიანსკშიც იმყოფება შეუწველი მაყვალის სასწაულთმოქმედი ხატი. 1822 წელს, როცა ქალაქი ხშირი ხანძრების გამო დიდი განსაცდელის წინაშე იდგა და ხალხი შიშის ძრწოლას მოეცვა, ის განსაკუთრებული გამოცხადების შედეგად ერთმა ღვთისმოსავმა მოხუცმა ქალმა ბელნიცკიმ დაწერა, რომელსაც ამის შესახებ სიზმრად ეუწყა. იმავე დღეს, როცა ხატის წინაშე პარაკლისი იგალობეს და აკურთხეს, იპოვეს პიროვნება, ვინც ცეცხლს ხელოვნურად აჩაღებდა და ხანძრებიც შეწყდა. შეშლილი დედაკაცი მავრა, რომელიც ქალაქის გადაწვას ცდილობდა, მეთვაყურეობის ქვეშ აიყვანეს, მასზე დიდი ხანია ეჭვი ჰქონდათ, მაგრამ ვერ რწმუნდებოდნენ, რომ ამდენს გაბედავდა, ბოლოს იგი თვითონვე გამოტყდა. მოსახლეობამ ამ საშინელი უბედურებისგან ხსნის სამადლობელად ხატს კიოტი შესწირა, ხოლო ვერცხლის მოოქროვილი პერანგი ვაჭარმა მისიშევმა გაიღო. კიოტზე არის წარწერა: "1822 წელს ქალაქის ხანძრისგან ხსნის მოსახსენალად."

 

მოამზადა თეონა ნოზაძემ

 

* * *

 

ისევე როგორც მოსე წინასწარმეტყველის მიერ ხილულ ბუჩქს ცეცხლი ეკიდა, მაგრამ არ იწვოდა, ასევე ქალწული მარიამის წიაღში იყო ძე ღვთისა - ვითარცა ცეცხლი, იშვა მისგან და ქალწული ქალწულადვე დარჩა.