მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ლოცვანი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატისადმი
„პურთათვის სიუხვის მომნიჭებელი“

 

ევედრებიან უწვიმრობის, პურის მოსავლის დაღუპვის საშიშროებისას, შიმშილისაგან სახსნელად

 

ხატის დღესასწაული აღესრულება 15 (28) ოქტომბერს

 

 

ტროპარი, ხმა 3

 

ჰოჲ ყოვლადწმიდაო ქალწულო მარიამ, დედაო მეუფისა მის ზეცისა და ქუეყანისაო, სახიერებითა გარდამოიხილე მოყუარეთა ზედა ძისა შენისაითა და მოღუაწეთა საუკუნოისა ცხოვნებისათვის სახელისა მისისათვის და უხუებითა მიჰმადლე მათ ყოველი სიტკბოებისა მათისათვის. ნაყოფისა მომნიჭებლად ეყავ პურთა მათთა, ყოველთა ჭირთა და იწროებათაგან იხსენ იგინი და მიჰმადლენ მათ, მონათა შენთა ხსნაჲ ტანჯუათა მათთაგან და ცხოვრებაჲ საუკუნოჲ.

 

 

ლოცვა

 

ჰოჲ ყოვლადწმიდაო ქალწულო ღმრთისმშობელო, ყოვლადმოწყალეო დედუფალო ცისა და ქუეყანისა, ყოველთა ქრისტეანეთა სახლთა და ოჯახთა კეთილად წარმმართებელო, კურთხევაო მშრომელთა, სიმდიდრეო დაულევნელო ჭირვეულთაო, გამომზრდელო ობოლთა და ქურივთა და კაცთაო ყოველთაო; მშობელო ყოვლისა სოფლისა მზრდელისაო და პურთა ჩუენთათვის ნაყოფისმომნიჭებელო; შენ, დედუფალო, გარდამოავლინე დედობრივი კურთხევაჲ ეგე შენი ქალაქთა, დაბათა და ყანობირთა და თითოეულსა სახლსა ჩუენსა ზედა, რომელნი სასოებასა ჩუენსა დავსდებთ შენ ზედა და ღმრთისმოსაობრივითა ძრწოლითა და გულისა შემუსვრილებითა სიმდაბლით გევედრებით შენ: გვეყავ ჩუენ უღირსთა და ცოდვილთა მონათა შენთა ბრძნად განმმართებელად სახლთა ჩუენთა, კეთილად წარმმართებელად ცხოვრებისა ჩუენისა. დაიცევ კეთილად სახლი და ოჯახი ყოველი ღმრთისმოსაობითა და მართლმადიდებლობითა, ერთითა ზრახვითა და მორჩილებითა გამოზარდენ უპოვარნი და გლახაკნი, მწე ექმენ მოხუცებულთა, ყრმანი აღზარდენ, და ყოველნი განსწავლენ გალობასა შინა უფლისა მიმართ: პური ჩუენი არსობისა მომეც ჩუენ დღეს. დაიცევ, ყოვლადწმიდაო დედაო, ერი შენი ყოვლისაგან ჭირისა, სნეულებისა, სიყმილისა, კლვისა, სეტყუისა, ცეცხლისა და ყოვლისა ბოროტისა ვითარებისაგან და მშვიდობაჲ და დიდი წყალობაი ითხოვე სავანეთათვის ჩუენთა და სახლთა და ოჯახთათვის და ყოვლისათვის სულისა ქრისტეანისა და ყოვლისა ერისა ჩუენსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

 

 

ლოცვა ყანობირთათვის

 

უფალო, ღმერთო ჩუენო, რომელმან დასაბად შეჰქმენ შენ ცაჲ და ქუეყანაჲ და ცაჲ შეამკევ დიდითა მნათობებითა, რომელნიცა სჩანან ქუეყანასა ზედა და განკვირვებულ არიან მათთვის, შენ მხოლოჲსა დამბადებელისა მეუფისა და შემოქმედისა მიმართ. ხოლო ქუეყანაჲ შეამკევი მდელოჲთა თივითა და ფერადფერადითა თესლებითურთ, თესვად თითოეულისა და ყოვლისა ყუავილისა შუენიერისა და სულნელებისა კურთხევითა.

 

და აწ უკუე ესეცა შენვე აკურთხე, მეუფეო, და მოხედე წმიდით სამკვიდრებელითა შენით ნაყოფთა ამათ ზედა და აკურთხევენ ესენი და დაიცვენ ესენი ყოვლისა მჭამელისაგან და განმხრწნელისა და ყოვლისაგან მავნებელისა მოქმედისა ბოროტისა. კაცთა ბოროტთაგან და მოეც ამას ნაყოფი კეთილი, ჟამსა თვისსა აღსრულებული კურთხევითა შენ მიერითა. და ყოველთა მხეცთა და ფრინველთა და ყოვლისა რისხვისა და სენისაგან მავნებელისა ამას ზედა მომავალისაგან განაშორე და წარსდევნენ ყოველნი ესე მავნებელნი, რამეთუ წმიდა არს და დიდებულ ყოვლადპატიოსანი და დიდად შუენიერი სახელი შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

 

* * *

 

პურთათვის სიუხვის მომნიჭებელი ამ ხატს ღირსმა მამამ ამბროსი ოპტინელმა უწოდა.

 

1890 წელს ბოლოხოვის მონასტრის იღუმენიამ, ილარიამ წმიდა მამას ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სრულიად ახლებურად დაწერილი ხატი გაუგზავნა. ქვეყნიერების დედოფალი ამ ხატზე ღრუბლებზე მჯდომარეა გამოსახული და ხელებიც კურთხევის ნიშნად აქვს განპყრობილი. ქვემოთ პურის ყანაში ყვავილებსა და ბალახებს შორის ძნები მოჩანს. ღვთისმშობლის გამოსახულება ბოლოხოვის მონასტრის ყოველთა წმიდათა ხატიდანაა გადმოღებული, ხოლო ყანა და პურის ძნები ღირსი ამბროსის ჩანაფიქრით დაიწერა.

 

როდესაც ხატს სახელად პურთათვის სიუხვის მომნიჭებელი უწოდა, წმიდა მამას სურდა, ეჩვენებინა, რომ დედა ღმრთისა ადამიანებს არა მარტო სულიერ ხსნას მიჰმადლებს, არამედ ქვეყნიერ ღვაწლშიც ეხმარება. ღირს მამას ძლიერ უყვარდა ეს ხატი და მის წინაშე ლოცვა უანდერძა თავის სულიერ შვილებსაც, რომლებიც შამორდინოს დედათა სავანეში ცხოვრობდნენ. აქვე გაატარა წმინდანმა ცხოვრების უკანასკნელი წლები.

 

ხატმა პირველი წყალობა სწორედ შამორდინოს სავანეზე გარდამოავლინა რუსეთის შიმშილობის წელს (1891 წ.) და მონასტრის ველებსა და მთელ გუბერნიას მდიდარი მოსავალი მიჰმადლა.

 

1892 წელს გვალვისას ხატის ასლი ვორონეჟის გუბერნიაში გაგზავნეს და როგორც კი მის წინაშე პარაკლისი აღსრულდა, წვიმა წამოვიდა, მინდვრები გაცოცხლდა და მშვენიერი მოსავალიც მოვიდა.