ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ქვემოთ მოყვანილ ლოცვაზე გაბრიელ ბერი ამბობდა: „ეს ლოცვა ჩემი ხელით ავიღე ღვთისმშობლის საფლავიდანო".
ეს ლოცვა იპოვნეს გეთსამანიის ბაღში ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის საფლავში და ვისაც აქვს თანა და მუდამ ლოცულობს ანუ ატარებს მას, არ შეეშინდება. სიკვდილის წინა დაცული იქნება ყოველნაირი მავნესა და ბოროტისაგან, სნეულს თუ წაუკითხავ განიკურნება. ვინც მარადის იკითხავს, მას სიკვდილის წინ, სამი დღით ადრე გამოეცხადება ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი.
ლოცვა
გიხაროდენ, მიმადლებულო, ყოვლად მოწყალეო დედაო, მეოხო ქრისტეანეთაო, რამეთუ შენდამი იხარებენ ანგელოზნი და გმსახურებენ მთავარანგელოზნი;
გიხაროდენ, მწუხარეთა ნუგეშინისმცემელო, კვერთხო უსინათლოთაო, შემწეო. და შუამდგომელო მონათა და მხევალთა შენთაო;
გიხაროდენ, ტრაპეზო განსასვენებელო, წმიდისა მაღლისაო;
გიხაროდენ, პალატო შუენიერო მეუფეთაო;
გიხაროდენ, საკუმეველო ოქროსაო შემოქმედისა შენისაო;
გიხაროდენ, მარიამ, ოქროქსოვილო სუეტო;
გიხაროდენ, მზისა ჯუარისა შემაცურებელო ზეციერისა ტახტისაო,
ქალწულო წმიდაო და უბიწოო, დამიფარე საფარველითა შენითა, მლოცველო მქონებელო ლოცვისა ამის წმიდისაო, ხელთა შენთა შევვედრებ
სულსა ჩემსა, ღირს მყავ მე აღსრულებად სიმართლისა ჩემისა, რაითა შევიდე სასუფეველსა ცათასა, სიტყვისაებრ უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესო ქრისტეისა.
ჰოი, მარიამ ყოვლადწმიდაო ქალწულო და დედოფალო, უბიწოო
სვეტო და სიმტკიცეო სარწმუნოებისაო.
გიხაროდენ, სძალო უსძლოო;
გიხაროდენ, დედაო უქორწინებელო და უბიწოო, რომელსა გეტვირთა
ყოვლადწმიდასა მკლავსა შენსა ზედა, მტვირთველი სოფლისაი, მეყავ აწ შემწედ და შუამდგომელ მონასა შენსა, დამიცევ მე ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისასა ყოველთა განსაცდელთაგან, მომანიჭე მე სიგრძეი ჟამთაი და წარმართე ცხოვრებაი ჩემი, პატივად და დიდებად შენისა წმიდისა
სახელისა, რაითა გიგალობდე უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ჰოი, დედოფალო ანგელოსთაო და უფალო უფლებათაო;
გიხაროდენ, უფალი შენთანა, წმიდაო წმიდათაო ქერაბიმ-სერაბიმთაო;
გიხაროდენ, კიდობანო ოქროისაო, მტვირთველო მანანაისაო;
გიხაროდენ, ქალწულო წმიდაო, შემწეო ცოდვილთაო;
გიხაროდენ, ყუავილო მოწამეთაო და მამათაო;
ჰოი, მარიამ ქალწულო, ყოვლად წმიდაო, რომლისაგან ქრისტეი ღმერთი ჩუენი განხორციელდა. შემეწიე მე, მონასა შენსა, შენ შემჭურვე მე ძალითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისა ძისა შენისაითა
და დამადგინე მე გზასა ჭეშმარიტებისასა;
ჰოი, წმიდაო ანგელოზნო და მთავარანგელოზნო, და მცველნო სულისა ჩემისანო, მთავარანგელოზნო მიქაელ და გაბრიელ, შემეწიეთ მე ცოდვილსა.
ჰოი, ყოვლადწმიდაო ყრმააო, ღმრთისმშობელო დედოფალო, ყოვლადსახიერო, მზეო სიმართლისაო და დიდებისაო, უმაღლესო ცათაო და უბრწყინვალესო მზისაო. უპატიოსნესო ქერაბიმთაო და აღმატებულო უზესთაესო სერაბიმთაო, წინაპართა სასოებაო, მოციქულთა მიერ ქადაგებულო, წინასწარმეტყველთა დიდებაო და ყოველთა მოწამეთა, და ღირსთა, და მართალთა სიხარულო, აბრაჰამისა, ისააკისა და იაკობისა მხიარულებაო და გედეონისა ცუარმომასხურებელო, მოსეისა, აჰრონისა და ყოველთა წმიდათა შუენებაო, საკუმეველო ოქროისაო, სასანთლეო ბრწყინვალეო, ტაკუკო ოქროისა მანანაისა მის ზეციერისაო, კიდობანო საღმრთოისა სულისაო, ყოვლადსაგალობელო დედოფალო ჩემო, უწმიდესო ტრაპეზო, ნუგეშინისმცემელო მგლოვარეთაო, ქრისტეანეთა წინამძღუარო, ყოვლადწმიდაო ყრმააო, მაყუალო შეუწველო, უვრცელესო და დაუტევნელო, და კუერთხო აჰრონისაო აყუავებულო, ჭეშმარიტად კვერთხად გამოჩნდი შენ და ყუავილი ძეი შენი იესო ქრისტეა, მხსნელი ჩუენი, მეუფეი და შემოქმედი, ზეცისა მპყრობელი და ქუელისმოქმედი. შენ ხორცითა გვიშევ ღმერთი და სიტყვაი უწინარეს შობისა, ქალწულო, და შემდგომად შობისაცა ქალწულო, ხოლო კლიტენი ქალწულებისა შენისანი უვნებლად დაიცუნა ქრისტემან, ჩემმან შემოქმედმან, ვინაცა უთესლოდ განხორციელდა გუერდისაგან შენისა, ქალწულო, შემარიგებელო ჩვენო ღმერთთან შენ ხარ შემწეი უმწეოთაი და ცოდვილთაი, შენ ხარ ღელვა-გუემულთა ნავთსაყუდელი და ნუგეში, ყოველთა დახშულთა განმანთავისუფლებელო, ობოლთა მფარველო და ტყუეთა გამომხსნელო, სნეულთა მკურნალო და ცხოვრებაო მონაზონთაო, სიმტკიცეო და სასოებაო ყოვლისა სოფლისაო, შენ ქურივთა დამცველო და მფარველო ქალწულთაო, სიქადულო და გვირგვინო შუენიერებისაო, ყრმააო წმიდაო მეუფისაო, მშობელო დედოფალ ჩემო, ფრთეთა ქუეშე შენთა დამიფარე და დამიცევ მე, რაითა არა იქადოდეს ჩემ ზედა სატანაი იგი წარმწყმედელი კაცთა ნათესავისაი, ჩემზედა ბოროტგანმზრახველი და მტერი ჩემი. შემიწყალე მე დაგლახაკეული და უბადრუკი, რომელმან განვარისხე ურიცხვითა სიბოროტითა ჩემითა შემოქმედი, დამბადებელი ჩემი, მსაჯული და ღმერთი ყოველთაი. შენ ხარ მისავლტოლველი, საფარველსა ქვეშე შენსა მოვივლტი და შეგივრდები, ყოვლადსაგალობელო, და მონისაებრ გიღაღადებ შენ, დედოფალო ჩემო, მრავლითა ცრემლითა, რაითა ტკბილმან იესუ ცხოვრებისა მომცემელმან, ჩემთა მრავალთა ცოდვათათვის არა მომკვეთოს მე, უღირსი და განუმზადებელი მონაი. შენი, არამედ გევედრები შენ, ყოვლადწმიდაო დედოფალო, რაითა მომიძეღუ ქრისტეისა-თანა და ღირს-მყოს სასძლოსა მართალსა, სადა არა არს ცრემლი, მწუხარებაი, ურვაი, არცა სასჯელი და იწროებაი, არამედ სიხარული დაუსრულებელი და ცხოვრებაი საუკუნოი და ნათელი, უსაზღვროის შეერთებაი ანგელოზთა თანა, ღირს-მყავ, დედოფალო, მდაბალი მონაი შენი, რაითა ვიხსნე მე ცოდვათა და ვნებათაგან და აღავსენ ბაგენნი და ენაი ჩემი, რაითა გაქებდე და გიგალობდე სიხარულითა სულისაითა და ანგელოზებრივითა მხურვალითა გულითა გაბრიელისა თანა:
გიხაროდენ, ბრწყინვალებაო ღმრთისაო და ნათლისა სიტკბოებაო;
გიხაროდენ, სახარულევანო დედოფალო;
გიხაროდენ, უნეტარესო, დედათა შორის ქალწულო
გისაროდენ, ყოველთა ნათლისა მშობელო;
გიხაროდენ, აღმომაბრწყინვებელო ნათელისა სამართლისაო;
გიხაროდენ, დედოფალო უმაღლესო ყოველთაო,
გიხაროდინ, მშვიდობაო, სიხარულო და ცხოვრებაო ყოვლისა სოფლისაო;
გიხაროდენ, მხიარულებაო ყოველთაო,
გიხაროდენ, წინაისწარმეტყველთაგან მოსწავებულო;
გიხაროდენ, მოციქულთა სიქადულო, მოწამეთა სიხარულო;
გიხაროდენ, ღირსთა და მონაზონთა გვირგვინო;
გიხაროდენ, სახარულევანო, მღდელმთავართა შუენიერებაო;
გიხაროდენ, მგალობელთა და მთხოვნელთა ყოველთა სასოებაო;
გიხაროდენ, გამომხსნელო ჩვენო;
გიხაროდენ, სიტკბოებაო და შუენიერებაო დაბადებულთაო;
გიხაროდენ, ნავთსაყუდელო და დამხსნელო ღელვა-გუემულთაო;
გიხაროდენ, წყაროო სიმტკიცისაო;
გიხაროდენ, სიქადულო მონათა შენთა მდაბალთაო;
გიხაროდენ, მისავლტოლველო ცოდვილთაო და ყოვლისა სოფლისა დიდებაო;
გიხაროდენ, ყოვლად საგალობელო, მფარველო და შუამდგომელო;
გიხაროდენ, მეუფისა მშობელო და გვირგვინო მორწმუნეთა მეფეთაო;
გიხაროდენ, დიდებაო და სიხარულო მღდელთაო;
გიხაროდენ, სამოთხეთა ბჭეთა გამღებელო;
გიხაროდენ, სიხარულისა მომნიჭებელო;
გიხაროდენ, დამხსნელო მწუხარებისაო;
გიხაროდენ, კლიტეო ზეციერისა სამეუფოისაო;
გიხაროდენ, დედაო ქრისტე ღმრთისა ჩემისაო;
გიხაროდენ, რომელმან მუცლადიღე მოკუდავთა ნუგეში;
გიხაროდენ, დაუტევნელისა დამტევნელო;
გიხაროდენ, სძითა მზრდელო ქრისტე – ცხოვრების მომცემელისაო და ყოვლადსახიერისა ღმრთისაო;
მომეც მე კეთილი აღსასრული, უფალო, წიგნსა მას შინა ცხოველთასა აღმრაცხე და გარდამომივლინე ცუარი მადლსა შენისაი და მომიხსენე მე, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ, უკუნითი უკუნისამდე, ამინ!