მოვედ ნათელო ჭეშმარტო, მოვედ ცხოვრებაო საუკუნოო, მოვედ საიდუმლოო დაფარულო, მოვედ უპოვარებისა საუნჯეო, მოვედ საგანო გამოუთქმელო, მოვედ ხატო განუჭვრეტელო, მოვედ სიხარულო განუწყვეტელო, მოვედ ნათელო მიუაჩრდილებელო, მოვედ იმედო გადამრჩენელო, მოვედ აღმოყვანებაო დაცემულთაო, მოვედ აღდგომაო განსვენებულთაო, მოვედ ძლიერო!
ყოველივეს ქმნის, გარდაქმნის და ფერს უცვლის ნება შენი! მოვედ უხილავო, ხელშეუხებო, მიუწვდომელო! მოვედ მარადიულო უძრაობაო და მიწყივ ყოველგან მიმომავალო, უზეშთაესო ზეცათა შინა ჯოჯოხეთშიაც მოგვეახლები დაცემულთ! მოვედ არსო სანატრელო, ყოვლადქებულო, განუცდელო, მიუთხრობო და საკვირველო! მოვედ ლხენაო მარადიულო, მოვედ გვირგვინო მარადუჭკნობო, მოვედ მეწამულო შესამოსელო ღვთისა მაღლისაო და მეუფისა ჩვენისაო. მოვედ სარტყელო თვალმარგალიტით შემკულო და საფარველო მიუდგომელო, მოვედ ძოწისფერო კვართო საუფლოო და მარჯვენავ საღმრთო დიდებისაო! მოვედ, გელოდა და კვლავაც გელის უბადრუკი სული ჩემი. მოვედ მხოლოო მარტოსულთან, ხომ ხედავ ობლად დავშთენილვარ მიუსაფარი, ის, ვინც ამქვეყნად გამომირჩიე და მქმენ ეულად. მოვედ სუნთქვავ და ცხოვრებავ ჩემო,მოვედ უსასოო სულისა ჩემისა სასოებაო, მოვედ სიხარულო, დიდებავ და დაულეველო სიტკბოებაო!
მადლობას გწირავ, ღმერთო ყოველთა უზეშთაესო, რომ ამ მშფოთვარე, წარმავალ და მბრუნავ წრეში მექმენ ერთსულ და ყოველივედ ყოველისა შინა! სასმელო გამოუცნობო, ვერვინ განმაშოროს შენგან! შენ დაგეწაფნენ ბაგენი სულისა ჩემისანი და უხვად გადმოდინდება წყაროთა შინა გულისა ჩემისა. სამოსელო მოელვარეო, დამნაცრებელო ბოროტთაო, განმასპეტაკებელო ემბაზო, შენ განმბან მე დაუშრეტელ წმინდა ცრემლში უხვად რომ სდის ყველას შენს სიახლოვეს.
გმადლობ, უფალო, ნათელო დაუღამებელო და მზეო დაუვალო. შენ დაუტევნელო და სავსებაო ყოველთაო დიდებითა შენისათა, არასოდეს არავის მარტო არ სტოვებ. ჩვენ გავურბივართ, განვეშორებით შენს მყუდრო წიაღს. რატომ, ან სად უნდა მიეფარო თვალ ჭეშმარიტად დაუტევნელი, როცა არავის მოიძულებ და მოიძაგებ. მოიხილე ჩემზედა უფალო, მოვედ და დაემკვიდრე ჩემთანა, შეეწიე და მეოხ ეყავ მონასა შენსა განუყოფლად და შეურევნელად ვიდრე უკანასკნელ აღმოფშვინვადმდე. მოვედ და შემაერთე შენთანა ოდეს მივიცვლები და შენი მეუფების პირისპირ წარვსდგები უფალო, ყოველი სულიერისაო. ღმერთო შეწევნასა ჩემსა მოხედენ, ნუ მიმატოვებ მტრების ამარა, რომელნი ეძიებენ სულსა ჩემსა და ზრახვიდიან ჩემთვის ძვირსა. დაე, ჩემს სულში მყოფს, შენ, გეკვეთნონ მარადძლიერო, მართლუკუნიქცნენ და სირცხვილეულ იქმნენ.
გმადლობ, უფალო, რომ გამიხსენე ამა სოფელში, მე, რომელიც ამ ქვეყნად ვარსებობდი და შენზე არაფერი ვუწყოდი, თავად გამომარჩიე, გამრიყე ამა სოფლიდან და შენი დიდების პირისპირ დამაყენე. ამიერიდან უკუნისამდე ჩემთანა ჰგიე უფალო, რათა განუწყვეტლად გჭვრეტდე, მკვდარი ცოცხალ ვიყო და უბადრუკი - უმდიდრესი. ღირს - მყავ ზიარებად უხრწნელსა და ყოვლადწმინდასა ხორცსა და სისხლსა შენსა, წყალობასა წმიდათასა წარუვალსა და დაუსრულებელსა, რამეთუ შენდა შვენის პატივი, შენდა შვენის დიდება, შენდა თაყვანისცემა შვენის ყოვლადწმინდა და სახიერი და ცხოველსმყოფელი - სამებისა მამისა და ძისა და წმინდისა სულისა და შენ შეგივრდებით ყოველი ქრისტიანენი აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ!