მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ლოცვა სულიერი შვილებისადმი

 

ღმერთო ერთო, დაუსაბამოო და დაუსრულებელო, შემოქმედო ცათა და ქვეყანისაო, დამბადებელო ყოველთა კაცთაო, დიდება და მადლობა შენდა!

უფალო უფლებათაო და წყაროო წყალობათაო, მოგვმადლე წყალობა შენი და დალოცე შვილნი ესე ჩვენნი, მოანიჭე მათ დღეთა სიმრავლე, სიმრთელე სულისა და ხორცისა, გული გონიერი და წმინდა, სული მიმტევებლობისა და გულმოწყალებისა; მიჰფინე მშვიდობა და კეთილდღეობა, შრომისმოყვარეობა და ნაყოფის სიუხვე, ბედნიერი ოჯახი და შვილთა სიმრავლე, რათა იხარონ ორსავ სოფელსა შინა.

განამტკიცე იგინი მართლმადიდებელ სარწმუნოებაში, ღვთისა და მოყვასის სიყვარულში, აღავსე სიბრძნითა და შორსმჭვრეტელობით; მიეც მათ მტკიცე ნებისყოფა, უნარი განსაცდელის დაძლევისა და სამშობლოს სიყვარულისა; აშორე ბოროტი სული, მფარველად მოუვლინე ანგელოზი შენი, რათა ყოველთა დღეთა შინა დაცულ იყვნენ ცხოვრების გზასა ზედა და ისმინონ წინასწარმეტყველის სიტყვები, რომლიც ამბობს: “მამის დარიგება ლამაზი გვირგვინია შენს თავზე და დედის რჯული შენი ყელის სამკაული: (იგავნი 1;8,9). “თუ არ დაკარგავ განსჯის უნარს, უსაფრთხოდ ივლი შენს გზაზე და შენი ფეხი არ დაგბრკოლდება, დაწვები, არ შეგეშინდება და ტკბილი ძილი გექნება, რადგან უფალი გიდგას მხარში, მახეს აგარიდებს და არ წაიბორძიკებ” (იგავნი 3;21-26).

ყოვლადწმიდაო სამებაო, ერთარსებაო, მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, დალოცე შვილნი ესე ჩვენნი, აქა მდგომარნი და სრულიად საქართველო, სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ამინ!