დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა;
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრეთ ქრისტესა მეუფესა ღმერთსა ჩვენსა;
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა;
მიწყალე მე ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განჰმართლდე სიტყვათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა. რამეთუ ესერა უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან, რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყვარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე, მასხურო მე უსუპითა და განმწმიდე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდნენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცნენ. მიხსენ მე სისხლთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკუეთუმცა გენება მსხვერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხნი არა გთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს სული შემუსვრილი, გული შემუსვრილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღაშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა, შესაწირავი და ყოვლად დასაწუელი; მაშინ შესწირენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი.
კანონად სარწმუნოებისა, და ხატად სიმშვიდისა, და მოძღვრად მარხვისა გყო შენ ქრისტემან სამწყსოსა შენისათვის ჭეშმარიტებით, ამისთვისცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მირონთ გამო, წმიდაო, მსხვერპლის შემწირველად გამოსჩნდი, რამეთუ შენ ქრისტეს სახიერებაჲ აღასრულე, და დასდევ სული შენი ერისა მისთვის შენისა და იხსნენ უბრალონი სიკვდილისაგან, ამისთვისცა წმიდა იქმენ შენ, დიდი მესაიდუმლე მადლისა ღმრთისა.
ძლისპირი: ზღვისა ღელვათა მძვინვარეთა წიაღხდეს დაულტოლველად ისრაილნი, ძლიერებითა მარჯვენითა ღმრთისათა და სიღრმეთა მათ დაფარნეს მეგვიპტელნი და საფლავ ექმნეს წყალნი ბანაკსა მათსა.
წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
გვირგვინოსანი, ქრისტეს ღმრთისა საყდართა წინაშე სდგა შენ, ნეტარო ნიკოლოზ, ზეცისა ძალთა თანა, გაბრწყინვებული, განსდევნე ბნელი გონებისა ჩემისა, რათა შევასხმიდე ხსენებასა შენსა.
წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
ქრისტემან ღმერთმან, მადიდებელთა თვისთა მადიდებელმან, გადიდა შენ, წმიდაო, და მორწმუნეთა ზღუდედ გამოგაჩინა და მვედრებელთა შენთა იხსნის შენ მიერ და შიშით და სიხარულით გიგალობენ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
შარავანდედითა სასწაულთათა, მამაო ნიკოლოზ, განანათლებ ყოველსა მზესა ქვეშესა და დაჰხსნი ბნელსა ჭირთასა და განსაცდელთა ზედა მოსლვასა განსდევნი, ვითარცა უმხურვალესი შუამდგომელი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
სწორებაჲ ღმრთისა მაოცნა უბადრუკსა გველმან ბოროტმან და ტყვე მყო მე ღმრთისაგან, ხოლო შენ მიერ განვთავისუფლდი, სძალო და ჭეშმარიტად ღმერთ-ვიქმენ, უბიწოო, რამეთუ ჰშევ შენ განმაღმრთობელი ჩემი.
ძლისპირი: განხსნილნი ძველთა კრულებათა ჩვენთაგან და ხსნილნი მხეცთა შუამძვინვარეთაგან, მხიარულებით აღებითა პირთათა სიტყვასა ღმერთსა, სიტყვითა ხმიანითა სარწმუნოებით და ქებით ვადიდებდეთ.
წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
ქრისტეს მხსნელისა იქმენ ერთგულ მოწაფე, ღმერთშემოსილო ნეტარო ნიკოლოზ, და აცხოვნებ მათ, რომელნი მოილტვიან შენდა მხურვალედ და იხსნი ჭირთა და განსაცდელთაგან და მწარისა სიკვდილისა.
გვილხინე მხსნელო მონათა ამათ შენთა და მოტევებაჲ ცოდვათა მოგვანიჭე, მეოხებითა ნიკოლოზ მღვდელთმთავრისა შენისათა, ვითარცა ხარ სახიერ და კაცთმოყვარე და გვიხსნენ ბოროტთაგან.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
შენ, ქადაგსა ჭეშმარიტებისასა და ყოვლად ბრწყინვალესა მნათობსა სოფლისასა, შემასხმელნი გიგალობთ, ნიკოლოზ, და სარწმუნოებით მვედრებელნი გიღაღადებთ: ვითარცა განარინენ უბრალონი იგი სიკვდილისაგან, ეგრეთვე ჩვენცა გვიხსნენ, წმიდაო, განსაცდელთაგან და ჭირთა და ყოვლისაგან ბოროტისა და ძვირისხილვისა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დააცხრვე აღძრვა ვნებათა ამათ ჩემთა, ღირსო, ღმრთისა დედაო, და დააყუდე ღელვაჲ გულის სიტყვათა ჩემთა შეგინებულთა, ყოვლად წმიდაო, და წარმართე კეთილად ცხოვრებაჲ ჩემი, ცხოვრებისა მშობელო.
ძლისპირი: საქმენი შენნი ვითარცა განიცადნა ღაღად-ჰყო ხმითა წინასწარმეტყველმან, დღეს მესმა მე სმენა კაცთა განახლებისა და დამიკვირდა შენი სიმდაბლით მოსვლაჲ, რათა შევმუსრო ძლიერება მხდომისა.
წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
შეეყავ წმიდად ელვათა სულისათა და იქმენ ელვარე, სანატრელო მამაო ნიკოლოზ, და განანათლებ კიდეთა სოფლისათა, ყოველთა შეეწევი და ყოველთავე მხურვალედ მვედრებელთა შენთა აცხოვნებ.
წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
განბრწყინდი სათნოებათა ელვარებითა და იქმენ მობაძავ მეუფისა შენისა, ღმერთშემოსილო ნიკოლოზ, და განანათლებ სულთა შიშით და ლმობიერად მადიდებელთა და მვედრებელთა სიწმიდისა შენისათა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ვითარცა იგი იხსნენ სიკვდილისაგან სამნი მთავარნი სიკვდილად მიცემულნი, ეგრეთვე მეცა, ყოველთა ურვათაგან გამომიხსნენ, ნეტარო ქრისტეს მსახურო, და განსაცდელნი და ჭირნი თანა წარმხადენ.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოვიდა შენდა შემოქმედი ყოველთა ხორცთა შესხმად, ღმრთისმშობელო დედოფალო, და მოწყალებით მაცხოვნა მე ყოვლითურთ შეცოდებული კაცი, ამისთვის ვიტყვი: გიხაროდენ, ყოვლად უბიწოო სძალო.
ძლისპირი: განვიბანენით ხორცითა სულთა თანა, მწიკულისა მისგან საცთურთა მტერისათა და წარვემართენით ჩვენ მცნებათა გზასა, რომელი მიმიყვანებს ჩვენს ცხოვრებასა მას განწმენდილთასა ჩინებულთა ღმრთისათა.
წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
განშვენებული საღმრთოჲთა ცხოვრებითა, დასჯილთა მათ უმსჯავროდ სიკვდილითა, წარმოუდეგ და მსწრაფლ განათავისუფლენ, ღმერთშემოსილო, სამგზის სანატრელო მამაო ნიკოლოზ, რომელნი შენ მიერ ევედრებოდეს ღმერთსა.
წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
ზეცათა შინა საღმრთოსა დიდებასა გამოუთქმელსა ჰხედავ მამათმთავარო და იშვებ ნათლითა მით უსხეულოჲთა, დამიფარე ჩვენ მეოხებითა შენითა, მსახურო ქრისტესო, ყოვლად ქებულო.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მრავალთა მაერ განცდათა შეპყრობილი და სამმღელვარებითა ცხოვრებისათა და ზრუნვითა გარემოცული, ხოლო ღელვათაგან გარემოდგომილთა დანთქმული, დავსდებ შენ ზედა ყოველსა სასოებასა, მამაო ნიკოლოზ, ხსნაჲ მომეც მე ყოველთაგან ბოროტთა, მეოხებითა შენითა, ნეტარო, მეუფისა მიმართ და ღმრთისა ჩვენისა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
რათა აცხოვნო დაბადებულნი შენნი დაფლული ვნებათა შინა მრავალსახეთა, საიდუმლოდ ძალთაგან ზეცისათა გარდამოხედ და იშევ ქალწულისაგან და დაჰხსენენ სალმობანი სიკვდილისანი.
ძლისპირი: წინასწარმეტყველმან მან მუცლისა სიმხურვალე ზღვისა მხეცისა სამდღე თავს იდვა და მოასწავა მეორედ შობაჲ კაცთა ხსნისათვის ყოფადისა მუცლისა მისგან ვეშაპისა, რომელი მოკლა მხსნელმან.
წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
ძლევისა გვირგვინითა, ვითარცა ღვაწლისა მძლეჲ, გვირგვინოსან-გყო ქრისტემან ღმერთმან, ღმერთ-შემოსილო, მამაო ნიკოლოზ, და წმიდა თავი შენი სამკაულითა თვალთშეუდგამითა განაშვენა, ღირსო.
წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
ჰოჲ, ღირსო მღვდელთმოძღვარო ნიკოლოზ, ცოდვათაგან მომკვდარი და ვნებათაგან ღელვაგვემული მაცხოვნე და მიმიძეღუ ნავთსაყუდელსა საღმრთოთა მცნებათასა, რამეთუ შენ ხარ მყუდრო ნავთსაყუდელი ღელვაგვემულთა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
წყვდიადი ბნელი განწირულებისა და ნისლი უმეცრებისა დამფარავს, ჭირი დაუცხრომელი აღმაშფოთებს, ხოლო შიში განსაცდელისა ყოველთაგან გარემომადგების მე, გევედრები შენ, ღმრთივსანატრელო: მაცხოვნე მე, რამეთუ შენ მივი შუამდგომელად უფლისა მიმართ, შეწევნაჲ შენი, მამაო ნიკოლოზ, გარდამომივლინე მე, მვედრებელსა შენსა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შენდამი სასოებაჲ ჩემი დამიძს, ქალწულო, ღმრთისა დედაო, ყოვლად წმიდაო, რამეთუ შენ ხარ ძალი ცხოვრებისა ჩემისა და ზღუდე სიმტკიცისა, შემიწყალე მე, სასოო ყოველთა ქრისტიანეთაო.
ძლისპირი: რომელმან პირველ ალი სახმილისა მის მძაფრი დაშრიტა და ღირსნი ყრმანი იხსნნა, აქა დღეს საშოჲ ქალწულისა დაიცვა შობასა მისსა შეუწველად, რომელსა უღაღადებთ ჩვენ ღმერთო, შენ კურთხეულ ხარ.
წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
მახვილითა მით განსაცდელთათა მწარედ ვიწერტები და განვილევი და სალმობანი სიკვდილისანი მეწივნეს და შეპყრობილ ვარ ურვათაგან, არამედ მეოხებითა შენითა მიხსენ, ნეტარო.
წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
ბრწყინვალებითა ღმრთაებისათა ნათობ სამგზის სანატრელო, მამაო ნიკოლოზ, მწუხარებათა ბნელითა შეპყრობილნი და ჭირვეულნი, გვიხსნენ და განგვანათლენ მღაღადებელნი: ღმერთო, შენ კურთხეულ ხარ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მადლისა მქონებელი ღმრთისა მიერ, ყოველთა მოლტოლვილთა საფარველისა ქვეშე შენისა მოსცემ კურნებასა, წმიდაო ნიკოლოზ, და განჰხდი საეშმაკოთა კადნიერებითა უძლურთა, ხოლო ყოველთა შეეწევი შუა მდგომელობითა შენითა, რომლისათვის ჩვენცა გევედრებით: იოხედ უფლისა მიმართ, რათა გვიხსნას ჩვენ ყოვლისაგან განსაცდელისა მეოხებითა შენითა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ევედრე, სძალო, ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა, რათა განფრდილნი ესე ცოდვათაგან, გვიხსნნეს წყალობით სისხლითა მით საღმრთოჲთა, საფრხეთა მათგან გველისა გულარძნილისათა, რამეთუ შენ ხარ სასო ყოვლისა სოფლისა.
ძლისპირი: დაბადებულნი გამოსჩნდეს თავის უფლად და ძედ ნათლისად იწოდნეს განწირულნი, და მიზეზი იგი ბნელისა მგლოვარე არს და ჭეშმარიტად აღყვავილნა მიზეზი წარმართთა ხსნისა სასოწარკვეთილნი დღეს.
წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
ვითარცა ტკბილმან და მოწყალემან მამამან, სიღრმისაგან განსაცდელთასა გვიხსნენ ჩვენ, რომელსა ესე მძვინვარედ შეუცავთ ჩვენ, მეოხებითა შენითა ქრისტეს მხსნელისა მიმართ, ნეტარო ნიკოლოზ.
წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
საიდუმლოთა საღმრთოთა შესწირევდი, სათნოდ ღმრთისა ზესთა ცნობისა, ვითარცა მღვდელი სარწმუნო და მღვდელთმთავარი დიდი, შუამდგომელი შორის ღმრთისა და კაცთა წმიდათა მსახური, მობაძავი მხსნელისა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ეკლესიისა შვილნი სწავლითა აღაფრინვენ, ვითარცა მართვენი ზეცისა ბუდისანი სამგზის სანატრელო ნიკოლოზ, და მეოხ-ხარ ღმრთისა მიმართ და იხსნი ჭირისაგან და განსაცდელთა, რომელნი გევედრებიან.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოუძლურდების ვნებული სული ჩემი და დაიხსნების უბადრუკი გონებაჲ ჩემი, ვნებათა მათგან აღდგომილთა ჩემ ზედა მრავალსახეთა, არამედ ჰოჲ, ქალწულო, განჰკურნე იგი და მიხსენ ხრწნილებისაგან.
ძლისპირი: უზესთაეს-არს ბუნებისა კაცთასა, სძალო წმიდაო და დედაო უსძლოო, დიდება შენი და ქება ჯერისაებრ, ხოლო ჩვენ, წადიერნი, არა დავსდუმნეთ მსგავსად ძალისა ჩვენისა ქებად შენდა.
წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
მადლთა ნათლითა განათლებული ღირსო, მნათობ სოფლისა იქმენ ჭეშმარიტებით, ვნებათა დაჰხსნი, ღელვათა დააყუდებ, განაძღებ სიყმილითა შეიწრებულთა, საკვირველებით მამაო ნიკოლოზ.
წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
რომელი ეგე იშვებ სასუფეველსა და სამებისა დიდებასა განიცდი, ზეცით გარდამო მოგვხედენ მგალობელთა შენთა, ნეტარო მამაო საწადელო, და ყოვლისავე ჭირისაგან გვიოხენ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
უხილავსა მას კეთილსა ხედევდ შენ და მარადის განიცდი საშინელსა ხილვასა და დიდებასა მას წმიდათასა, მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, რომლითა საიდუმლონი ზეცისანი გამოგეცხადნეს, სანატრელო.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
სიბრძნე და ძალი და სიტყვა გვამოვანი, სწორი მამისა და სულისა წმიდისა, სისხლთა მათ შენთა უხრწნელთაგან განჰკაცნა, უაღრესო ქერუბიმთაო ქალწულო, შემსხმელთა შენთა ოხად ნუ დაიდუმებ.
ღირს არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლადუბიწოდ და დედად ღმრთისა ჩვენისა, უპატიოსნესსა ქერუბინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა, და ყოველთა წმიდათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.