მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები წიგნის შესახებ

ოთხშაბათი (დილა)

 

ლოცვა ბოროტ გულის სიტყვათა წინააღმდეგ

 

  ყოვლადწმიდაო დედოფალო ღმრთისმშობელო, განსდევნენ ბოროტნი და არაწმიდანი გულისსიტყუანი უბადრუკისა და საარებულისა გულისა ჩემისაგან და შემიწყალე მე ცოდვილი, რამეთუ უძლურ და უსუსურ ვარ მე, და მიჴსენ მე ბოროტთა გულისთქუმათაგან და მოგონებათაგან, უწყი, ვითარმედ არაწმიდაჲ ვარ მე და ბილწ, და მწიკულევან, და უღირს, რამეთუ ზესთა თავისა ჩემისა აღემატნეს უსჯულოებანი ჩემნი, რამეთუ განმრავლდეს უფროჲს რიცხვისა ქჳშისა, შეყროლდეს და დალპეს ნაგვემნი სულისა ჩემისანი სიმრავლისაგან ბოროტთა ჩემთაჲსა, არამედ მოვილტვი შენდა მონანული და შეგივრდები შენ, აღმსარებელი ყოველთა ძჳრთა ცოდვათა ჩემთაჲ: შენ დედაო ღმრთისა ჩუენისაო, დღე ყოველ განგარისხებ არაწმიდებათა ჩემთა მიერ შემწიკულებული, შემიწყალე მე, ყოველთა მწყალობელო, კაცთმოყვარეო, და შემინდვენ მე, და ნუ მომიძაგებ მე, დედოფალო, ნუცა გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან და მივიქცე  მეცა შენგან, ვაიმე, ვაიმე, დაბნელებული, ნუ, დედოფალო, ნუ ახარებ ამით, ვაიმე, ვაიმე, მტერთა ჩემთა, აღადგინე გულისსიტყუაჲ ჩემი სინანულად და ჴელპყრობილ-მყავ გზისა მიმართ საცხორებელისა, რომლისა მპოვნელმან და მოგზაურმან მოგიგო შენცა მოგზაურად და შენითა წინამძღურებითა ვცხოვნდე. ჵ დედოფალო წმიდაო, დედაო კაცთმოყუარისა ღმრთისაო, შემუსრე გული ჩემი და დაამდაბლე იგი და აღავსენ თუალნი ჩემნი ცრემლთა მიერ სულიერთა და განანათლენ იგი მეოხებათა შენთა ნათლითა, რაჲთა არა დავიძინო მე სიკუდიდ. მასხურო მე უსუპითა წყალობათა შენთაჲთა და განვწმიდნე, განმბანე მე მადლითა შენითა ცრემლთა მიერ ჩემთა, და უფროჲს თოვლისა განვსპეტაკნე. ჵ დედაო უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესო, შეიწირე მოკლე ესე აღსარებაჲ და ვედრებაჲ ჩემი და შეეწიე უძლურებასა ჩემსა, და დაიცევ ნეშტი ცხორებისა ჩემისაჲ სინანულით უცთომელად, და ჟამსა სხეულთაგან მდაბლისა სულისა ჩემისა განსლვისასა,  რაჟამს მეგულებოდეს სიტყუად მტერთა ჩემთა ბჭეთა შინა, ვაიმე, ვაიმე, მაშინ გამომიჩნდი, დედოფალო მოწყალითა თუალითა შენითა და განმათავისუფლე მე მწარეთა მათგან სიტყჳს მიმჴდელთა, და სალმობიერთა მეხარკეთა მთავრისა მის ამის საწუთოჲსათა, და მექმენ მე ვაქილ და უჩინო-ჰყვენ ყოველნივე ცოდვათა ჩემთა ჴელით წერილნი. მაშინ წარმადგინე მე, ურცხვენელი და ცხოვნებული, საყდართა ძისა და ღმრთისა შენისათა, დიდებად შენდა და მხოლოდშობილისა ძისა შენისასა, და დაუსაბამოჲსა მამისა მისისასა, და ყოვლადწმიდისა სულისა მისისასა, ცხოველსმყოფელისა და ნათელთდასაბამისა ერთისა და თანაარსისა სამებისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. 

 

ლოცვა ღვთისმშობელისადმი

 

  ღმრთისმშობელო, შენ ხარ სასოებაჲ ჩემი, შენ ხარ ზღუდე და კეთილიმედოვანი ნავთსაყუდელი და მისალტოლველი მაცხოვარებითი, ვნებათა მოხელებისაგან და მაშურალისათჳს. მიჴსენ მე ყოველთა მტერთა ჩემთაგან, რომელნი ეძიებენ სულსა ჩემსა და შეიპყრობენ მრავალთა საცთურთაგან: გზასა მას, რომელსაცა ვალ, მრავალნი მანქანებანი დაფარულ არიან; მრავალფერნი საცთურნი, ფრიად საძნელონი, მრავალჯერმრავალნი ხიბლნი. ფრიადნი უძლურებანი, სულიერნი და ჴორციელნი, შემიპყრობენ მე დაცემად ცოდვათა შინა. აწ უკუე საბრალობელი, შეპყრობილ-ვარ მახეთაგან მტერისათა, შეკრულ-ვარ და ვუპყრიე მით, და რაჲ ვქნა, უსასომან, არა უწყი. უკუეთუ განვიზრახო სინანული, უგრძნობელობასა და განძჳნებასა  მოუცავ მე; ხოლო ოდეს ტირილად აღვიძრვი, შემუსვრილებაჲ გულისა არა მაქუს და არცა ცრემლი. ვაი საწყალობელობასა ჩემსა! ვისდამი მივივლტოდე, ბრალეული ესე? შენდამი მხოლო, კეთილმოწლეო  დედაო უფლისა და მაცხოვრისა ჩუენისაო, უსასოთა სასოო, ზღუდეო და საფარველო შენდამი მოლტოლვილთაო! ნუ განმაგდებ უკუე შეგინებულსა ამას; შენ მხოლო მომიგიე ცხორებასა ჩემსა ნუგეშინისცემად, ღმრთისმშობელო ქალწულო მარიამ, და შენდამი მხოლოჲსა მოვივლტი კადნიერებით ყოველსა საჭიროებასა შინა, ნუ დამაგდებ მე ცხორებასა ამას და ჟამსა სიკუდილისა ჩემისასა, წამიდეგ შემწედ, ჴელის აღმპყრობელო ჩემო, რაჲთა გიხილონ შენ ყოველთა მტერთა ჩემთა და ჰრცხუენოდენ შენით ძლეულთა, დედოფალო, შუამდგომელო ცხორებისა ჩემისაო. ამინ.

 

ლოცვა მთავარნგელოზ რაფაელისადმი

 

  წმიდაო მთავარანგელოზო რაფაელ, რომელსა გაქუს ნიჭი ღმრთისაგან სენთა განკურნებისაჲ, განკურნე უკურნებელი წყლულებანი გულისა ჩემისანი და მრავალნი სნეულებანი ჴორცთა ჩემთანი. ჵ დიდო მთავარანგელოზო ღმრთისაო რაფაელ, რომელი–ეგე ხარ წინამძღვარი გზისა ჩემისაჲ და მკურნალი, მიძეღუ მე ცხონებისა მიმართ და ჴსნისა და განკურნე ყოველნი სნეულებანი ჩემნი, სულიერნი და ჴორციელნი, და მიმიყვანე მე საყდარსა ღმრთისასა და მომადლებულ–ყავ უფალი კეთილმოწლეობად ცოდვილისა სულისა ჩემისათჳს, რაჲთა შემინდოს მე უფალმან და დამიფაროს ყოველთა მტერთა ჩემთაგან და ბოროტთა კაცთაგან უკუნითი უკუნისამდე. ამინ.


*********

 

ოთხშაბათი (ღამე)

 

ლოცვა შეწევნითა ღვთისა და იოელ მთავარანგელოზისა

 

  აღსვლასა ამას ჩემსა ცხედარსა ზედა სარეცელისა ჩემისასა, იესო ქრისტე ღმერთო ჩემო, მომეც მე ძილი ტკბილი განსვენებისათჳს ჴორცთა ჩემთაჲსა, რაჲთა მძინარეცა შენვე გაქებდე, რამეთუ შენდა მომართ არს გული, გონებაჲ და გულის სიტყვანი ჩემნი! წმიდა ჰყავ საწოლი ჩემი, მოავლინე ანგელოზი შენი, მცველად აღდგომისა ჩემისა, რაჲთა დავიმარხნე ჴორცნი ჩემნი შეუგინებელად. უფალო ღმერთო ჩემო, განმაშორე ჩემგან ეშმაკი ღამით განმაკრთობელი, მაშფოთებელი და მაზრზინებელი, და ნუ მოუშვებ ჩემ ზედა სატანასა ბოროტსა და მარადის მოძულესა სიწმიდისა შენისასა, მოყვარესა სულსა ამაოებისასა, და რაჲთა ჟამსა განღჳძებისა ჩემისასა განვიმარტნე ჴელნი ჩემნი სახედ ჯვარისა შენისა უფალო, და შენ ჯვარცმულსა აღგიარნე ბრალნი ჩემნი და მე განძლიერებული ესრეთ გიღაღადებდე: უფალო, დაიცევ მეფჱ და ქალაქი ჩემი, მეფჱ, რომელ არს სული ჩემი და ქალაქი გვამი ჩემი, რომელ აღაშენე მიწისაგან ტაძრად სამკჳდრებელად სიწმიდისა შენისა ქრისტე მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო, დავწვები ძალითა შენითა და დავიბეჭდავ ყოველსა ასოსა ჩემსა ჯვარითა შენითა, და დავიძინებ მინდობითა საფარველისა შენისაჲთა. მამაო დამიცევ, ძეო დამიფარე, და სულო წმიდაო შემიწყალე მე! მრავალმოწყალეო ღმერთო უხრწნელო, უბიწოო, შეუგინებელო, მხოლოო უცვალებელო, განმწმიდე მე უღირსი მონაი შენი ყოვლისაგან შეგინებისა ჴორცთა და სულისა, და უბრალოდ გამომაჩინე მადლითა ქრისტე შენისათა და წმინდა მყავ მე დანერგვითა სულისა შენისა წმიდისაჲთა, რაჲთა განფრთხობილი არმურისა ბოროტთა ოცნებათაგან მტერისაჲთა და ყოვლისაგან განსაცდელისა ღირს ვიქმნე წმიდითა გონებითა მოსლვად და მოღებად საშინელთა საიდუმლოთა შენთა, რამეთუ შენ ხარ, რომელი აკურთხევ და განჰსწმედ ყოველთავე, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა შევჰსწირავთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

ლოცვა მთავარანგელოზ რაფაელისადმი

 

  წმიდაო მთავარანგელოზო რაფაელ, რომელსა გაქუს ნიჭი ღმრთისაგან სენთა განკურნებისაჲ, განკურნე უკურნებელი წყლულებანი გულისა ჩემისანი და მრავალნი სნეულებანი ჴორცთა ჩემთანი. ჵ დიდო მთავარანგელოზო ღმრთისაო რაფაელ, რომელი–ეგე ხარ წინამძღვარი გზისა ჩემისაჲ და მკურნალი, მიძეღუ მე ცხონებისა მიმართა და ჴსნისა და განკურნე ყოველნი სნეულებანი ჩემნი, სულიერნი და ჴორციელნი, და მიმიყვანე მე საყდარსა ღმრთისასა და მომადლებულ–ყავ უფალი კეთილმოწლეობად ცოდვილისა სულისა ჩემისათჳს, რაჲთა შემინდოს მე უფალმან და დამიფაროს ყოველთა მტერთა ჩემთაგან და ბოროტთა კაცთაგან უკუნითი უკუნისამდე. ამინ.