მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

განმარტებები

 

“ტროპარი, დასდებელი, ოხითა, იბაკო, ლიტანიისა”
(სამგალობლო ტერმინთა განმარტება)

 

ტროპარი (το τροπαριον) – ერთ-ერთი ყველაზე ძველი და გავრცელებული ჰიმნოგრაფიული ჟანრია. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ტროპარი წარმოიშვა არა უადრეს IV საუკუნისა და არა უგვიანეს VI. არსებობს ორგვარი აზრი ამ ტერმინის წარმოშობასთან დაკავშირებით. პირველის მიხედვით, ტროპარი ნაწარმოებია ბერძნული სიტყვიდან – οτροποσ (რაც ანტიკურ ხანაში აღნიშნავდა ტონალობას, კილოს), მეორე მოსაზრებით კი – სიტყვიდან τρεπωσ (ვაბრუნებ, წარვმართავ). იოანე ზონარა (VII ს. დასაწყისი) ასე განმარტავდა საგალობლის ამ სახელწოდებას: ,,ტროპარებს იმგვარი სახელწოდება აქვთ, თითქოს ისინი მიმართულნი არიან ძლისპირებზე და იქმნებიან მათ მელოდიაზე დამოკიდებულებით, ან ისინი წარმართავენ (τρεποντεσ) მგალობელთა ხმას – ძლისპირის მელოდიასა და რიტმზე. (ე. გერცმანი). ა. ბაუმშტარკს უძველესი ბიზანტიური ლიტურგიკული ტრადიციიდან გამოაქვს სტიქოსის ან ტროპარის განმარტება: ,,ბიბლიური გალობები თანდათან ადგილს უთმობენ ახალ პოეტურ ელემენტს – სტიქარონს ან ტროპარს, თავდაპირველ ბიბლიურ გალობათა სამკაულს რომ წარმოადგენდა და შინაარსობრივადაც მჭიდროდ იყო დაკავშირებული მათთან, კავშირი ბიბლიურ გალობებსა და ტროპარებს შორის თანდათან სუსტდება და ბოლოს კანონს შერჩა მხოლოდ თითოეული ბიბლიური გალობის დასაწყისის მიხედვით შერქმეული გალობათა სახელწოდებები. ტროპარებს კი – დოქსოლოგიური ფრაზა-ფორმულები”.


რადგან სტიქარონს და ტროპარს საწყის ეტაპზე ერთგვაროვანი ლიტურგიკული ფუნქცია ჰქონდათ, სწორედ ამიტომ ისინი ხშირად სინონიმთა წყვილშია მოცემული. სტიქარონებს საკუთარი ჰანგი გააჩნდათ, თუმცა მათ ხშირად უწოდებდნენ ტროპარებს ,,უფალო ღაღადვყავზე”. ისტორიული ცნობებიდან გამომდინარე, მიხ. სკაბალანოვიჩისათვის ეჭვგარეშეა ტროპარის (და სტიქარონის) შემდგენლის ვინაობა. ეს არის წმიდა ავქსენტი (გარდ. 470წ), რომელიც ,,ადგენდა ტროპარებს 2-3 გამონათქვამიდან და აგალობებდა მგალობლებს ყველაზე მარტივი და ბუნებრივი ხმით. როდესაც რამდენჯერმე განმეორდებოდა მიმოგდებით ნაგალობები ერთი მუხლი, მაშინ ნეტარის მითითებით იწყებდნენ მეორეს, შემდეგ მესამეს და ა.შ რიგის მიხედვით”. ტროპარი ერთ-ერთი იმ ჟანრთაგანია, რომელიც უაღრესად ფართოდ გამოიყენება. ტროპარი შეიძლება იყოს როგორც დამოუკიდებელი საგალობელი (მაგ. წმიდანთა ტროპრები), ასევე დიდი ფორმის საგალობლების (სტიქარონი, კონდაკი, კანონი) შემადგენელი ნაწილი – ცალკეული სტროფების სახით. ტროპარის შეთხზვა სხვადასხვა სახის დღესასწაულებზე, განსაკუთრებით მოწამეთა მოსახსენებელი დღეებისათვის, ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ,,V საუკუნიდან იქმნება ტროპარები, რომლებიც უფრო გვიან ერთიანდებიან კონდაკიონებსა და კანონებში. ამ კომპოზიციებში უკვე არსებობდა გარკვეული კანონზომიერება – საწყისი და მომდევნო ტროპარების დასაკავშირებლად. ჰიმნოგრაფიული კანონის ყოველი გალობის (ოდის) და სტიქარონის საწყის ტროპარს ქართულ პრაქტიკაში ძლისპირი ეწოდება, ის დანარჩენი ტროპარების ,,რიტმულ-მელოდიური მოდელია (ელ. მეტრეველი, ძლისპირნი). შესაბამისად – ბოლო ტროპარს ღმრთისმშობლისა ეწოდება.” კანონის ან სტიქარონის თითოეულ სტროფსაც ელ. მეტრეველი ტროპარს უწოდებს. ტროპარის სტროფი გალობის (კანონის) ერთეულია.


ქართულ ლიტურგიკულ ძეგლებში ტერმინი ტროპარი XVIII საუკუნემდე არ გვხვდება. მისი მონაცვლე ტერმინებია დასდებელი და ოხითა. ჰიმნოგრაფიული კანონის (გალობანის) ტროპარებს ქართულ პრაქტიკაში დასდებელი ეწოდება. საუფლო ჟამის ტროპარსაც იმავე სახელით – დასდებლით მოიხსენიებენ (კ. კეკელიძე, ლიტურგიკული ლექსიკონი). წირვის (ლიტურგია) და ცისკრის ტროპარებს ქართულ პრაქტიკაში ოხითა ეწოდება. ტროპარის კიდევ ერთ პარალელურ ტერმინად ქართულ ძეგლებში (ლექციონარი, იადგარი) ჩანს ტერმინი იბაკო (იპაკო), რომლის ერთ-ერთი განმარტება კეკელიძესთან არის სწორედ ტროპარი.


XIX საუკუნის ქართულ მუსიკალურ ჰიმნოგრაფიულ ძეგლებში ტერმინი ტროპარი უკვე დამკვიდრებული ჩანს. ტროპარი აქ ამა თუ იმ დღესასწაულზე შესასრულებლად განკუთვნილ საგალობელს ეწოდება (მაგ. აღდგომის ტროპარი), ანდა: წმიდანის მოხსენებისას (მაგ. წმიდა ნინოს ტროპარი). ქართულ პრაქტიკაშიტროპარის ერთ-ერთი ნაირსახეობაა ლიტანიისა, ანუ განსატევებელი ტროპარი – მწუხრის და ცისკრის ბოლოს. ეს სიტყვა წარმომდგარია ბერძნულიდან, რაც ნიშნავს საზოგადო ლოცვას ტაძრის გარეთ, ანუ სალიტანიო სვლას ტაძრის გარშემო, რომლის დროსაც სრულდებოდა განსაკუთრებული, ე.წ. განსატევებელი, რომლის შემდეგაც მლოცველები ტაძარში ბრუნდებოდნენ და მწუხრის ან ცისკრის ბოლო ქმედება – განტევება (ჩამოლოცვა) აღესრულებოდა.


ბაია ჟუჟუნაძე

ჟურნალი ქართული გალობა, N1, სექტემბერი 2006 წ.