მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

საღვთისმსახურო ტერმინების განმარტება

 

ალილუია – (ებრ. "აქებდით ღმერთს"). ეს არის მოკლე და მრავლისმეტყველი მოწოდება მორწმუნეებისადმი ღმერთის განდიდებისა და ქებისაკენ. ძვ. აღთქმაში ებრაელებს ფსალმუნთა წიგნში მრავალი საგალობელი ჰქონდათ, რომელიც ამ სათაურით იწყებოდა: ფსალმ. 104, 105, 106, 110, 111, 112, 113, 114, 115, 116, 117, 118, 134, 135, 146, 147, 148, 149, 150. ხოლო 113 – 118 ფსალმუნებს ებრაელები დიდ ალილუიას უწოდებდნენ, რადგან ისინი იგალობებოდა დიდ დღესასწაულებში, როგორიც იყო პასექისა და კარვობის დღესასწაულები. საგალობელი ალილუია ახალ აღთქმაშიც გვხვდება: წმინდანები, რომლებიც ზეცაში იმყოფებიან, უფლის საყდრის გარშემო, დაუდუმებელად უგალობენ ღმერთს ამ საგალობელს (გამოცხ. 19, 1-4).
მართლმადიდებლურ ღმრთისმსახურებაში ალილუია ხშირად წარმოითქმება მსგავსად ზეცაში წმინდანების დაუდუმებელი გალობისა. იგი აგრეთვე სრულდება პანაშვიდზე და მიცვალებულის წესის აგებისას. ამ დროს ღმერთის საქებარი უნდა იგალობებოდეს იმიტომ, რომ ქრისტიანის სიკვდილი არ არის მწუხარებისა და სასოწარკვეთილების მიზეზი – მართლმორწმუნე და მონანული ქრისტიანისათვის სიკვდილი არის გარდაცვალება, გადასვლა უკეთეს სამყაროში.

 

 

ამინ - ებრაული სიტყვაა და ითარგმნება, როგორც ჭეშმარიტება. მაგრამ ეს არსებითი სახელი საღმრთო წერილში ხშირად იხმარება როგორც ზმნიზედა, რომელიც ნიშნავს ხოლმე: ასეა, ჭეშმარიტად ასეა, იყოს ასე; ამ მნიშვნელობით იხმარება ეს სიტყვა, მაგალითად, მეორე სჯულის წიგნში (27, 15-21) და ნათარგმნია როგორც იყავნ (ასე იყოს). მართლმადიდებლურ ღმრთისმსახურებაშიც ეს სიტყვა ამ უკანასკნელი მნიშვნელობით იხმარება. მსგავსად ალილუიასი, სიტყვა ამინიც თითქმის ყველა ეროვნების ქრისტიანებმა თარგმანის გარეშე დაიტოვეს და წარმოითქმება ებრაულ ენაზე.

 

 

ანტიფონი (ბერძ. "ანტი" – წინააღმდეგ, პირდაპირ; "ფონი" – ხმა) – ნიშნავს ორი ("ერთმანეთის პირდაპირ მდგარი") გუნდის, გარკვეული წესის მიხედვით, მონაცვლეობით გალობას.
ღვთისმსახურებაში ანტიფონურად მრავალი საგალობელი იგალობება (უნდა იგალობებოდეს). მაგალითად, მწუხრზე ანტიფონურად უნდა იგალობებოდეს 1-3 ფსალმუნები; დიდ ცისკარზე სახარების კითხვის წინ – ანტიფონები, რომელთაც აღსავლებსაც უწოდებენ. ეს მუხლები შექმნილია 119-133 ფსალმუნების მოტივზე, ხოლო თითოეული ამ ფსალმუნის ზედაწერილი არის "გალობა აღსავალთა" ანუ აღსვლის, ამაღლების საგალობელი. არის გადმოცემა, რომ თითოეული ამ 15 ფსალმუნიდან შეესაბამება ძველაღთქმისეული ტაძრის 15 საფეხურს. ტაძარში შემავალი ადამიანები ჩერდებოდნენ თითოეულ საფეხურზე და თითო ფსალმუნს გალობდნენ, უკანასკნელი საფეხური უკვე ტაძრის კარებში იყო და მასზე 133 ფსალმუნს გალობდნენ: "აქა აკურთხევდით უფალსა ყოველნი მონანი მისნი, რომელნი სდგათ სახლსა უფლისასა, ეზოთა სახლისა ღმრთისა ჩვენისათა". ეს ანტიფონები (ჯამში 25: სამ-სამი პირველი შვიდი ხმისათვის, ხოლო ოთხი – მერვისათვის) თავისი შინაარსით წარმოადგენენ მიწიერიდან ზეციურისაკენ აღმყვანებელ საფეხურებს, ცოდვის მონობისაგან სული წმიდის მიერ განათლებისაკენ. თითოეული ანტიფონი შედგება სამი ნაწილისაგან. პირველ ორ მუხლში ცოცხლადაა დახატული ადამიანის სულის ბრძოლა საცდურებთან და მისი ვედრება უფლისადმი. უკანასკნელ – მესამე მუხლში იდიდება სული წმიდა, როგორც გონიერ არსებათა ცხოვრების, სიწმიდისა და ჭეშმარიტი განათლების მომნიჭებელი. მაგალითად მოგვყავს მეოთხე ხმის პირველი ანტიფონი, რომელიც ყველაზე ხშირად იგალობება: "სიყრმით ჩემითგან ფრიად მბრძვანან (ე.ი. მებრძვიან) მე არაწმიდა ვნებანი, ამისთვის გევედრები: შემწე მეყავნ და მიხსენ, სახიერ". მეორე მუხლი: "რომელთა გძულთ სიონი, სირცხვილეულ იქმენით უფლისა მიერ და, ვითარცა განხმელი თივა, შეგჭამნესთ გეენიამან". მესამე მუხლი: "სულისა მიერ წმიდისა ყოველი სული ცხოველ იქმნების და სიწმიდით ამაღლდების და გაბრწყინდების სამებისა მიერ ერთარსებისა, ღმრთივშვენიერად და საიდუმლოდ".
ლიტურგიაზე ანტიფონები იგალობება თითოეული პირველი სამი კვერექსის შემდეგ. კვირას და სხვა დღესასწაულებზე (გარდა იმ დღესასწაულებისა, რომელთაც საკუთარი ანტიფონები აქვთ), იგალობება სადილის ჟამნის ანტიფონები – ფსალმ. 102, 145 და ნეტარ-იყვნენი დასდებლებით. ყოველდღიური ანტიფონები არის ფსალმუნის მუხლები ჩასართავებით. ჯერ იგალობება ძველი აღთქმის მუხლი (ფსალმუნიდან), შემდეგ კი ახალი აღთქმისა. პირველი ანტიფონის ჩასართავია: "მეოხებითა ღმრთისმშობელისათა, მაცხოვარ, გვაცხოვნენ ჩვენ". მეორე ანტიფონის: "მეოხებითა წმიდათა შენთათა, მაცხოვარ, გვაცხოვნენ ჩვენ". მესამე ანტიფონის: "გვაცხოვნენ ჩვენ, ძეო ღმრთისაო, წმიდათა შორის საკვირველო, მგალობელნი შენნი: ალილუია". ზოგიერთ დიდ დღესასწაულს (ჯვართამაღლებას, შობას, ნათლისღებას, ფერისცვალებას, ამაღლებას, აგრეთვე, აღდგომის, ბზობისა და სულთმოფენობის კვირებს) აქვს საკუთარი ანტიფონები, რომლებშიც ფსალმუნის მუხლები შერჩეულია დღესასწუალის მიხედვით. 

 

 

აღდგომისა ეწოდება ისეთ საგალობელს, რომელიც საეკლესიო ტიპიკონით კვირა დღეებში უნდა შესრულდეს. არსებობს ტროპარი აღდგომისა, ღმრთისმშობლისა – აღდგომისა, დასდებლები აღდგომისა, კანონი აღდგომისა და სხვა. გასაგებია, რომ შინაარსი ამ საგალობლებისა არის ქრისტეს აღდგომის დიდება. თუ ამასთან ერთად იდიდება მაცხოვრის ვნება ჯვარზე, მაშინ ასეთ საგალობლებს ეწოდებათ "ჯვარ-აღდგომისა". უნდა ავღნიშნოთ, რომ მწუხრის "უფალო ღაღად-ვყავ"-ზე აღდგომის დასდებლებს შორის ზოგიერთს ჰქვია "აღმოსავლურნი". ეს სათაური არ არის სწორი; ახლად გამოცემულ საღმრთისმსახურო წიგნებში შეტანილია შესწორება: იმ ადგილებში, სადაც ეწერა "აღმოსავლურნი", ახლა წერია "ანატოლისა". ბერძნულმა სიტყვამ "ანატოლი" – აღმოსავლეთი, ძველი მთარგმნელები შეცდომაში შეიყვანა: მათ საკუთარი სახელი საზოგადო სახელად ჩათვალეს და "ანატოლისა"-ს მაგივრად "აღმოსავლურნი" დაწერეს. ეს სიტყვა კი არის სახელი ამ დასდებლების შემქმნელისა – ანატოლისა.

 

 

ასამაღლებელი არის ხმამაღლა წარმოსათქმელი მოკლე ლოცვა (უმეტესად წმიდა სამების განდიდება). ასამაღლებლად იწოდება იმიტომ, რომ არის სხვა ლოცვები, რომლებსაც მღვდლები და ეპისკოპოსები ჩუმად (ე.წ. "საიდუმლოდ") კითხულობენ. ასამაღლებლებია: "რამეთუ შევენის შენდა ყოველი დიდებაჲ...", "რამეთუ შენი არს სიმტიკეცე..." და სხვა.

 

 

აღსავალნი ანუ კვირა დღის ანტიფონები. ასეთი სახელწოდება მომდინარეობს იქიდან, რომ მათი შინაარსი აღებულია 119-132 ფსალმუნებიდან, რომელთაც ზედაწერილი აქვთ "გალობა აღსავალთა" (იხ. ანტიფონი).

 

 

განმანათლებელი, გამოავლინე ეწოდება რამდენიმე ტროპარს, რომლებიც ცისკრის ლოცვაზე კანონს მოსდევს. გამოავლინეში ყოველთვის საუბარია მოციქულებსა და ქადაგებად მივლინებაზე, განმანათლებელში კი ვითხოვთ ღმრთაებრივი ნათლით განათლებას. ცისკრის ლოცვის ამ მომენტის დროს მზე უკვე საკმაოდაა ამოსული და ირგვლივ ყველაფერი ნათდება (ცისკრის ლოცვა წესით მაშინ იწყება, როდესაც ჯერ კიდევ ბნელა). ჩვენ ღმერთს ვთხოვთ უხილავი ნათლით გაანათლოს ჩვენი სული ისევე, როგორც ნივთიერი ნათლით გაანათლა სამყარო. განმანათლებლის შემდეგ იგალობება საქებარი ფსალმუნები, რომელშიც ყოველ ქმნილებას მოვუწოდებთ ღმერთის ქებისაკენ. შემდეგ კი ვადიდებთ მას, რომელმაც მოგვფინა ნათელი ხილულიცა და სულიერიც: "დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი..." ამგვარად, ტროპარები, რომლებსაც განმანათლებლები და გამოავლინეები ეწოდებათ, მჭიდრო კავშირში არიან მომდევნო საქებარ საგალობლებთან და ერთგვარ მომზადებასაც წარმოადგენენ მომდევნო დიდებისმეტყველებისათვის.

 

 

განიცადე ჰქვია ფსალმუნის რომელიმე მუხლს, რომელიც ლიტურგიაზე იგალობება წმ. ტარიგის განტეხის დროს, მღვდლის მიერ წარმოთქმული ასამაღლებლის – „წმიდა წმიდათა“-ს შემდეგ. ფსალმუნის მუხლი იცვლება დღესასწაულის შესაბამისად და მას მოსდევს ღვთის სადიდებელი „ალილუია“ (3-გზის). სახელწოდება "განიცადე" მომდინარეობს იქიდან, რომ პირველშეწირულის წირვალზე მღვდელმსახურთა ზიარების დროს იგალობება ფსალმუნის მუხლი: "განიცადეთ და იხილეთ, რამეთუ ტკბილ არს უფალი". ძველად ამ მუხლს მორწმუნეთა ზიარების დროსაც გალობდნენ.

 

 

განტეხა არის კონკრეტული მოქმედება საღმრთო ლიტურგიის დროს და მდგომარეობს შემდეგში: წმიდა პური, რომელსაც ტარიგი ეწოდება, ქრისტეს ხორცად გადაქცევის შემდეგ, იტეხება ნაწილებად, რათა მიეცეს საჭმელად მორწმუნეებს. პირველად იყოფა 4 ნაწილად ისე, რომ თითოეულ ნაწილზე წერია ბეჭდის ერთ-ერთი სიტყვა (იჳ, ქე, ძლ, ვა – იესუ ქრისტე ძლევა). ეს 4 ნაწილი ჯვარის სახედ დაბრძანდება ფეშხუმზე, ქრისტეს ჯვარზე ვნების მოსაგონრად. ამის შემდეგ ნაწილი "იჳ" ჩაეშვება ბარძიმში და ყოვლად პატიოსან სისხლს შეერთვება. დანარჩენი ნაწილები კი კიდევ იყოფა საზიარებლად: "ქე" – მღვდელმსახურთა, "ძლ" და "ვა" – ერის ხალხისა.

 

 

განსატევებელი ტროპარ(ებ)ი ეწოდება იმ ტროპარს (ან ტროპარებს), რომელიც იგალობება მწუხრზე "მამაო ჩვენოს" შემდეგ, მწუხრის განტევების წინ.

 

 

განზოგება. (1) დიდმარხვის განახევრება, უწევს მე-4-ე შვიდეულის ოთხშაბათს. (2) ზატიკის განახევრება, უწევს აღდგომიდან მე-4-ე შვიდეულის ოთხშაბათს. მასზე იკითხება სახარება, რომელიც გადმოგვცემს ქრისტეს სიტყვებს, რომელიც წარმოთქვა ძველი აღთქმის ერგასის განზოგებაზე იერუსალიმის ტაძარში. ეს მეორე განზოგება არის დღესასწაული და გრძელდება 1 კვირა.

 

 

დიდებამაღალიანი არის ცისკრის ერთ-ერთი ბოლო საგალობელი, რომელიც სრულდება "აქებდითის" ფსალმუნების (148, 149, 150) შემდეგ. იწყება სიტყვებით "დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა..." ანუ იმ სიტყვებით, რომლითაც ანგელოზებმა იესო ქრისტეს შობა ადიდეს (ლკ. 2,14). "დიდებამაღალიანი" არის უძველესი საგალობელი (ფაქტიურად მოციქულთა დროინდელი), ის არის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და ამავდროულად, ღრმა დოგმატური შინაარსის მქონე ქრისტიანული ჰიმნი. ამიტომ ეკლესიის წმიდა მამებმა განაწესეს, ქრისტიანებმა დილასა და საღამოს ღვთისმსახურებაზე აღუვლინონ ეს საგალობელი ღმერთს. აქედან გამომდინარე, "დიდებამაღალიანი" შედის ყველა ცისკრისა და სერობის მსახურებაში. არსებობს ორნაირი "დიდებამაღალიანი" – ყოველდღიური და სადღესასწაულო. ტექსტობრივად მათში ძალიან მცირე განსხვავებაა. სადაგი დღის ცისკარსა და სერობებზე იკითხება ყოველდღიური "დიდებამაღალიანი", სადღესასწაულო კი იგალობება დიდი ან საშუალო დღესასწაულების ცისკარზე.

 

 

დაუჯდომელი ისეთი სახის სადიდებელ-საქებარ საგალობელს ჰქვია, რომლის დროსაც არ არის დაშვებული ჯდომა. პირველად ასეთი საგალობელი VII საუკუნეში კონსტანტინეპოლის ვლაქერნის ტაძარში უგალობეს ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელს, რომელმაც ბიზანტიის დედაქალაქი მტრებისაგან იხსნა. საგალობელი იწყება სიტყვებით: "ზესთა მბრძოლისა ჩემისათვის და მოღვაწისა უძლეველისა". დაუჯდომელი შედგება 13 კონდაკისა და 12 იკოსისაგან და თავისი კითხვის წესი აქვს. ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის დაუჯდომლის მიხედვითაა მოგვიანებით შექმნილი სხვა დაუჯდომლები: იესო ქრისტესი, წმ. ნიკოლოზისა, წმ. გიორგისა და სხვა. საეკლესიო ტიპიკონით ღმრთისმშობლის დაუჯდომლის გალობა (ან წაკითხვა) დაწესებულია დიდმარხვის მეხუთე შვიდეულის შაბათს. ამ დღის ცისკრის ლოცვაზე დაუჯდომელი მთლიანად იკითხება, იმის მოსაგონრად, თუ როგორ სასწაულებრივად გადაურჩა კონსტანტინეპოლი მტრების თავდასხმას.

 

 

დასდებელი(ფსალმუნის რომელიმე მუხლზე "დასადები" ტროპარი) ჰქვია საგალობელს, რომელიც ეძღვნება აღსანიშნ დღესასწაულს ან მოხსენებულ წმინდანს. ეს საგალობლები უმეტეს შემთხვევაში (ლიტიის დასდებლების გარდა) იგალობება ფსალმუნის მუხლებთან ერთად. დასდებლები განსაზღვრული სიდიდისაა და კონკრეტული კილოსთვისაა განკუთვნილი (იხ. მსგავსი). დასდებლები ყველა ღმრთისმსახურებაზე არ სრულდება – მხოლოდ მწუხრსა და ცისკარზე; ამასთან ერთად, თითოეულზე 2-ნაირი სახის. ჯამში ყოველდღიურ ღმრთისმსახურებაში დასდებლები 4-ჯერ იგალობება. ერთმანეთისაგან გასარჩევად თითოეულ დასდებლის სახეს თავისი სახელწოდება აქვს: (1) დასდებელნი უფალო ღაღად-ვყავსა ზედა; იგალობება მწუხრზე, საგალობლის "უფალო, ღაღად-ვყავის" მუხლებს შორის; (2) სტიქარონსა ზედა დასდებელნი; იგალობება მწუხრის ბოლოს, "აწ განუტევე..."-ს წინ, მაგრამ არა ერთიდაიგივე მუხლებით (ჩასართავებით). ეს უკანასკნელები დღესასწაულის (ან დღის) მიხედვით იცვლება; (3) დასდებელნი აქებდითსა ზედა (დიდებამაღალიანის წინ); (4) აღვივსენითსა ზედა დასდებელნი; იგალობება ცისკრის ბოლოს, თხოვნითი კვერექსის შემდეგ, როდესაც არ არის დღესასწაული. მისი ჩასართავებიც იცვლება (დღესასწაულის წინა და შემდგომ პერიოდში, შაბათ დღეს), მაგრამ ძირითადად ჩაერთვის 89-ე ფსალმუნიდან აღებული 2 ვრცელი მუხლი, რომელიც იწყება სიტყვებით: "აღვივსენით ჩვენ..." (აქედანაა სახელწოდება). დღესასწაულებზე, როგორც ითქვა, "აღვივსენითსა ზედა" დასდებლები არ იგალობება; (5) დასდებელნი ლიტიასა ზედა (იხ. ლიტია); ამ დასდებლებს ჩასართავები არ აქვთ, იგალობება ზოგიერთ დიდ მწუხრზე, თხოვნითი კვერექსის შემდეგ.

 

ყველა ზემოთ ჩამოთვლილ დასდებლებს შორის უკანასკნელი ყოველთვის ღმრთისმშობლისადმია მიძღვნილი. ღმრთისმშობლისები არ იგალობება ფსალმუნნის მუხლებით, არამედ – ჩასართავით "აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ".

 

კვირა დღეებში "აქებდითსა ზედა" ღმრთისმშობლის დასდებლის წინ იგალობება სახარების დასდებელი (ე.წ. "გერი"), ჩასართავით: "დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა"; მას ეწოდება "სახარებისა", რადგან მისი შინაარსი აღებულია საკვირაო ცისკრის სახარებიდან. სახარების დასდებლები ისევე, როგორც საკვირაო საცისკრო სახარებები, თერთმეტია.

 

 

დასაწყისი ანუ პირველდაწყებითი ფსალმუნი ეწოდება მწუხრის პირველ – 103-ე ფსალმუნს: "აკურთხევს სული ჩემი უფალსა, უფალო ღმერთო ჩემო, განსდიდენ ფრიად..." მას ეწოდება "დასაწყისი", რადგან იგი იკითხება (დიდ დღესასწაულებში განსაკუთრებული წესით იგალობება) მწუხრის დასაწყისში და აგრეთვე იმიტომ, რომ მისითვე იწყება დღე-ღამის ღმრთისმსახურებათა ციკლი (მწუხრი ამ ციკლის პირველი ლოცვაა). ფსალმუნის მთავარი აზრი არის ღმერთის სიბრძნის განდიდება, რომელიც განსაკუთრებულად სამყაროს შექმნაში გამობრწყინდა. ფსალმუნში იდიდება, აგრეთვე, ღმერთის სახიერება, რომელიც მის მიერ ყველა ქმნილებაზე ზრუნვაში მჟღავნდება. ქართულ ლიტურგიკულ პრაქტიკაში დასაწყის ფსალმუნს "აკურთხევსი"-ც ეწოდება ("აკურთხევს სული ჩემი...").

 

 

დღესასწაული არის ჩვეულებრივისაგან განსხვავებული, განსაკუთრებული დღე. დღესასწაულები თავად ღმერთმა დაადგინა და მათი დასაბამიც სამყაროს შექმნისას უნდა ვეძიოთ. ღმერთი ექვსი დღე ქმნიდა სამყაროს, შემდეგ კი წმიდა-ყო მეშვიდე დღე, როდესაც განისვენა ყველა საქმისაგან (დაბ. 2,2-3). ამით ადამიანს მიეცა მცნება – წმიდა ეყო მეშვიდე დღე. მოგვიანებით, სჯულში, მოსეს პირით, ღმერთმა ებრაელ ერს დაუდასტურა (გაუმეორა) ეს მცნება (გამ. 20,8-11) და ამის გარდა სხვა დღესასწაულებიც დაადგინა: პასექი – ეგვიპტიდან გამოსვლის მოსაგონრად (გამ. 12,14), ზატიკი – სინას სჯულდების მოსახსენებლად (გამ. 23,10-12), კარვობის დღესასწაული – უდაბნოში მოგზაურობის მოსაგონრად (გამ. 23,34-43), ახალი წელი ანუ საყვირთა დღესასწაული (გამ. 23,24), განწმენდის დღე (გამ. 23,27-32) და სხვა დღესასწაულები, რომელთაც უნდა გაეხსენებინა ებრაელთა მომავალი თაობებისათვის ის მოწყალებები, რომლებიც ღმერთმა მათ მამებს, მამათა მიერ კი თავად მათაც მოუვლინა.

 

ახალაღთქმისეულ ეკლესიას, რომელსაც ღმერთმა გაცილებით მეტი და დიდი სიკეთეები უბოძა, ვიდრე ძველაღთქმისეულს, უფრო მეტი და დიდი დღესასწაულებიც უნდა ჰქონდეს, და აქვს კიდევაც. ეკლესიამ ღმრთივსულიერად დააწესა სხვადასხვანაირი დღესასწაულები: ზოგი – ღმერთის სადიდებლად, ზოგი – ღვთისმშობლისა და ზოგიც – წმიდა ანგელოსთა და წმიდა ადამიანთა საპატივცემულოდ. პირველებს საუფლო დღესასწაულები ეწოდებათ, მეორეთ – ღმრთისმშობლისანი, მესამეთ – წმიდათა დღესასწაულები.

 

ეს დღესასწაულები თავისი მნიშვნელობით იყოფა დიდ, საშუალო და მცირე დღესასწაულებად.

 

დიდი დღესასწაულები: (ა) საუფლო დღესასწაულები: ქრისტეს შობა, ღმრთის განცხადება, ანუ უფლის ნათლისღება, მირქმა უფლისა, ფერისცვალება უფლისა, უფლის დიდებით შესვლა იერუსალიმში, ქრისტეს აღდგომა – პასექი, ამაღლება უფლისა, სულთმოფენობა და უფლის პატიოსანი ჯვრის ამაღლება; (ბ) ღმრთისმშობლის ცხოვრების მოვლენებისადმი მიძღვნილი დღესასწაულები: ღმრთისმშობლის შობა, ტაძრად მიყვანება, ხარება იმის შესახებ, რომ მისგან იშვება მსოფლიოს მაცხოვარი, და მიძინება; (გ) წმინდანთა ხსენებებიდან ისინი, რომლებიც ეძღვნება უფლის წინამორბედს და მოციქულთა თავებს, ანუ: შობა და თავისკვეთა წმიდა იოანე ნათლისმცემელისა და წმიდა მოციქულთა – პეტრესა და პავლეს დღესასწაული (პეტრე-პავლობა). ამ დიდი დღესასწაულების დონეზე დგას წელიწადის ყველა კვირა დღე.

 

საუფლო და ღმრთისმშობლის დიდი დღესასწაულები, როგორც წესი, საეკლესიო ღმრთისმსახურებაში რამდენიმე დღით ადრე იწყება – ამ პერიოდს წინადღესასწაული ეწოდება, დღესასწაულის შემდეგ კი რამდენიმე დღე გრძელდება, რასაც შემდგომი დღესასწაული ეწოდება. ამ უკანასკნელის ბოლო დღეს კი დღესასწაულის წარგზავნა ჰქვია.

 

საშუალო დღესასწაულებია: (ა) ღმრთისმშობლის ის დღესასწაულები, რომლებიც დაწესებულია ყოვლადწმიდა დედოფლის მიერ ქალაქების, ერებისა თუ პიროვნებებისადმი მინიჭებული წყალობის მოსაგონრად; (ბ) წმიდათა ანგელოზთა, მოციქულთა, დიდთა მღვდელმთავართა (მოწამეთა, ღირსთა და ა.შ.) და განსაკუთრებით გაბრწყინვებულ წმიდათა (უმეტესად მშობლიური ეკლესიის წმინდანების) დღესასწაულები.

 

ზოგიერთ საშუალო დღესასწაულზე ტიპიკონი ითვალისწინებს ღამისთევის ლოცვას, ზოგიერთზე – დიდ მწუხრსა და სადიდებლიან (პოლიელეიან) ცისკარს.

 

მცირე დღესასწაულები იმ წმინდანებს ეძღვნებათ, რომლებიც ნაკლებ სახელგანთქმულნი არიან, მაგრამ განიდიდებიან იმ ადგილებში, სადაც ცხოვრობდნენ და ღმერთის სადიდებლად და ეკლესიის სიკეთისათვის მოღვაწეობდნენ. ამ დღეებში ღმრთისმსახურება ჩვეულებრივი დღეების მსახურებებისაგან განსხვავდება დასდებლებისა და ტროპარების მეტი რაოდენობით, ზოგჯერ სადღესასწაულო დიდებამაღალიანით (ცისკარზე).

 

ამათ გარდა, არსებობს ტაძრის წმინდანის დღესასწაული ანუ იმ წმინდანის ხსენების დღე, ვის სახელზეცაა ნაკურთხი ტაძარი. აღსანიშნავია, რომ წელიწადის ნებისმიერ არასადღესასწაულო დღეს აღინიშნება წმინდანების ხსენება. იმ მოვლენების შესახებ, რომელთა საპატივცემულოდაც დაწესდა დღესასწაული, მოთხრობილია იმ დღის წმიდათა ცხოვრებანსა და სვინაქსარში. მარხვანისა და ზატიკის სვინაქსარებიც შეიცავს აღსანიშნი საღმრთო მოვლენის აღწერას.

 

 

ევქარისტია ბერძნულად ნიშნავს "მადლობას". ამ სიტყვას უწოდებენ უსისხლო მსხვერპლშეწირვას ანუ ქრისტეს წმიდა ხორცისა და სისხლის საიდუმლოს, რომელიც საღმრთო ლიტურგიაზე აღესრულება. მიზეზი ამისა მდგომარეობს იმაში, რომ თავად იესო ქრისტემ ეს საიდუმლო ამგვარად დააწესა: "მოიღო სასუმელი და ჰმადლობდა და თქუა..." (ლუკ. 22, 17-19); "და მოიღო პური, ჰმადლობდა და განტეხა..." (მათ. 26, 26-27). უსისხლო მსხვერპლის შეწირვას ვიწყებთ ღმერთის მადლობით. ვიხსენებთ უფლის იმ დიდ საქმეებს, რომელიც მან ადამიანთა მოდგმისათვის აღასრულა, განსაკუთრებით კი იესო ქრისტეს ჯვარცმას. ასე რომ, ღმერთისადმი, როგორც შემოქმედის, კეთილისმყოფელის, მაცხოვრისა და განმწმენდელისადმი, მადლობის შეწირვა წმიდა ხორცისა და სისხლის მღვდელმოქმედების დიდ ნაწილს შეადგენს, ამიტომ ამ უსისხლო მსხვერპლშეწირვას ეწოდება "ევქარისტია" ანუ მადლობა.

 

 

ექვსფსალმუნი ეწოდება იმ ექვს ფსალმუნს (3, 37, 62, 87, 102, 142), რომელიც ცისკრის დასაწყისში იკითხება. იგი იწყება დიდებისმეტყველებით: "დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა და ქუეყანასა ზედა მშვიდობაჲ და კაცთა შორის სათნოებაჲ" (3-გზის) და ლოცვით: "უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა" (2-გზის). ექვსფსალმუნის შუაში და ბოლოში განიდიდება წმიდა სამება. ექვსფსალმუნის კითხვისას ტაძარში ყველა სინათლე ქრება, რამდენიმეს გამოკლებით. ეს ნახევრადსიბნელე ქრისტეშობისას ბეთლემის გამოქვაბულის ნახევრადსიბნელეს გვაგონებს. მაცხოვრის შობის გარდა, ექვსფსალმუნი გვახსენებს, აგრეთვე, იმ ჭირს, რომელიც ქრისტემ ამქვეყნიური ცხოვრების განმავლობაში დაითმინა და მომავალ საშინელ სამსჯავროს.

 

 

ზატიკი სიტყვა-სიტყვით ნიშნავს დღესასწაულს (ზოგადად). მაგალითად, ზატიკი აღვსებისაჲ, ზატიკი განცხადებისა (ე.ი. აღდგომის დღესასწაული, ნათლიღების დღესასწაული). უფრო კონკრეტულად "ზატიკი" შემდეგი მნიშვნელობით იხმარება:

 

(1) პასექის დღესასწაული, უმეტესად ძველი აღთქმისეული (გამ. XII,11; საქმე XII,4; 1 კორ. V,7; ებრ. XI,28);

 

(2) პერიოდი აღდგომიდან სულთმოფენობამდე;

 

(3) საღმრთისმსახურო წიგნი, რომელიც შეიცავს მსახურებებს ბრწყინვალე აღდგომიდან ყოველთა წმიდათა კვირიაკის ჩათვლით. ეს წიგნი, ამ პერიოდში, გამოიყენება პარაკლიტონის (რვახმათა) მაგივრად. ეს უკანასკნელი ან საერთოდ არ იგალობება ან როგორც ზატიკის დამხმარე (იგულისხმება ზატიკის პერიოდში).

 

 

თვითავაჯი ანუ თვითხმოვანი არის ისეთი დასდებელი, რომელსაც თავისი საკუთარი კილო აქვს და სხვა საგალობლების სანიმუშოც არის.

 

 

თავის მოდრეკა. სატაძრო ღმრთისმსახურებისას ზოგჯერ მღვდელმსახურები მლოცველ ხალხს მოუწოდებენ თავები უფალს მოუდრიკონ. ამ დროს მღვდელი თვითონაც ხრის თავს და კითხულობს თავმოდრეკის ლოცვას. ამ ლოცვაში ჩვეულებრივ მღვდელი ღმერთს სთხოვს ხოლმე, რომ მორწმუნე ერზე (ე.ი. ხალხზე) გარდამოავლინოს ლოცვა-კურთხევა. თავის მოდრეკა ნიშანია ღმერთისადმი მორჩილებისა და იმისა, რომ თავთან ერთად გონებასაც ქრისტეს ვუმორჩილებთ. თავის მოდრეკის შემდეგ სხეულის აღმართვა შესანიშნავად გამოხატავს ღმერთის წინაშე პირდაპირ და კეთილ-კადნიერ დგომას, რასაც მხოლოდ უფლის მცნებების მორჩილება და აღსრულება იძლევა. ღმრთისადმი შვილებრივი კადნიერება გვენიჭება მას შემდეგ, რაც გონებასა და გულს ქრისტეს დავუმორჩილებთ.

 

 

თვენი ჰქვია საღმრთისმსახურო წიგნს (ან წიგნების კრებულს), რომელიც შეიცავს საწელიწადო ციკლის მსახურებებს, ანუ მთელი წლის დღესასწაულებისა და წმინდანების მსახურებებს, რომლებიც თვეებად არის დაწყობილი.

 

 

კვერექსი არის გრძელი ლოცვა, რომელიც სხვადასხვა თხოვნებს შეიცავს და თითოეული მათგანი მთავრდება სიტყვებით: "უფალო, შეგვიწყალენ", "მოგვმადლენ, უფალო" ან "შენ, უფალო". კვერექსი რამდენიმენაირია:

 

1). მშვიდობიანი, რომელიც იწყება სიტყვებით: "მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ" და თითოეულ მუხლზე გუნდი პასუხობს: "უფალო, შეგვიწყალენ".

 

2). თხოვნითი, რომლის უმეტესი მუხლი მთავრდება სიტყვებით: "უფლისა მიმართ ვითხოვოთ", გუნდი კი პასუხობს: "მოგვმადლენ, უფალო". ეს კვერექსი არის მწუხრის, ცისკრის, კათაკმეველთა ლიტურგიისა და მართალთა ლიტურგიის ბოლოს.

 

3). მრჩობლი (ე.ი. გაორმაგებული, გაძლიერებული), რომლის თითოეულ თხოვნაზე გუნდი სამგზის პასუხობს "უფალო, შეგვიწყალენ".

 

მშვდობიანი კვერექსი ორნაირია: დიდი, რომელიც 12 თხოვნისაგან შედგება და მცირე, რომელიც მხოლოდ 2 თხოვნას შეიცავს. მრჩობლი კვერექსიც სიგრძის მიხედვით არის დიდი და მცირე. მშვიდობიან და თხოვნით კვერექსებში თხოვნების ბოლოს მლოცველ ერს მოეწოდება მოიხსენოს ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი და ყველა წმინდანი და "თავნი თვისნი და ურთიერთარს და ყოველი ცხოვრება ჩვენი ქრისტესა ღმერთსა შევვედროთ". ამ უკანასკნელ თხოვნაზე გუნდი პასუხობს "შენ, უფალო". ნათლობის, ჯვრისწერის, ზეთის კურთხევის საიდუმლოებებსა და სხვა მსახურებებში კვერექსებს სხვადასხვა ახალი თხოვნებიც ემატება, მაგრამ მათი საერთო ხასიათი იგივე რჩება.

 

 

კიდურწერილი ანუ ბერძნულად "აკროსტიხი" ეწოდება სტრიქონს, რომლის შემადგენელი თითოეული ასო არის თავის მხრივ პირველი ასო კანონის ძლისპირისა. ასე რომ, თუ კანონის თითოეული გალობის პირველ ასოს ავიღებთ, მივიღებთ ე.წ. კიდურწერილს, რომელიც მოკლედ გამოხატავს იმ დღესასწაულის შინაარსს, რომელსაც ეძღვნება კანონი. აკროსტიხი დაცულია მხოლოდ ორიგინალში, ე.ი. მხოლოდ იმ ენაზე, რომელზედაც დაიწერა კანონი. მაგალითად, ბერძნულად დაწერილ საგალობლებში შექმნილი კიდურწერილი ქართულ თუ სლავურ თარგმანში იკარგება. კიდურწერილს უმეტესად იყენებდნენ იოსებ და თეოფანე კანონთმთქმელები.

 

 

კანონი ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს წესს, კანონს. ლიტურგიკულ პრაქტიკაში კანონი ეწოდება დადგენილი წესის მიხედვით შეკრებილ წმიდა საგალობლების ერთობლიობას, რომელიც ძირითადად 9 ნაწილისაგან ("გალობისაგან") შედგება. დიდმარხვასა და ზატიკის (აღდგომიდან სულთმოფენობამდე) პერიოდში კანონი ზოგჯერ ორი, სამი ან ოთხი ნაწილისაგანაც შედგება და ამ შემთხვევაში შესაბამისი ზედაწერილიც აქვს: ორსაგალობელი, სამსაგალობელი, ოთხსაგალობელი. თითოეული ნაწილის, ე.წ. "გალობის", შინაარსი ეფუძნება 9 ბიბლიურ გალობას, რაც განსაკუთრებით ნათლად ჩანს გალობების პირველ ტროპარებში – ძლისპირებში.

 

პირველი გალობა მოსესა და მისი დის მარიამის გალობიდან მომდინარეობს, რომელიც მეწამული ზღვის გაპობის შემდეგ შეიქმნა. მასში ღმერთი იდიდება ადამიანთა მოდგმისადმი გამოვლენილი აურაცხელი სასწაულებისა და სიკეთისათვის.

 

მეორე გალობა მოსეს მიერ ებრაელების მხილებას ეფუძნება. აგრეთვე, ამ ერის მომავალ უსჯულოებასა და განდგომას წინასწარმეტყველებს. ეს გალობა სინანულსა და ღმერთისკენ შემობრუნებას ქადაგებს. იგი მხოლოდ წმიდა დიდმარხვაში სრულდება.

 

მესამე გალობა აგებულია ანა წინასწარმეტყველის, სამოელ წინასწარმეტყველის დედის გალობის მიხედვით, რომელიც მან გამოთქვა უნაყოფობამდე და უნაყოფობისაგან განკურნების შემდეგ.

 

მეოთხე გალობა შეიცავს ამბაკუმ წინასწარმეტყველის ლოცვას, რომელმაც ღმერთი იხილა "მთით მაღნარით გამო" მომავალი. ეს გალობა წინასწარმეტყველებს ძე ღმრთისას, იესო ქრისტეს დედამიწაზე მოსვლასა და ქალწულისაგან განხორციელებას.

 

მეხუთე გალობის შინაარსი აღებულია ისაიას წინასწარმეტყველებიდან; იგი მრავალმხრივია, მაგრამ უმეტესად ესაა ლოცვა ბნელში მცხოვრებთათვის ზეციური ნათლის გარდამოვლენისთვის.

 

მეექვსე გალობა იონა წინასწარმეტყველის გალობაა, რომელიც მან ვეშაპის მუცელში იგალობა. ეს მწუხარე საგალობელი შეიცავს ღმერთისადმი ღაღადებას იმ უფსკრულის სიღრმიდან, რომელშიც თავს ვიგდებთ ჩვენი ცოდვებით.

 

მეშვიდე გალობა სამი ყრმის გალობას ეფუძნება, რომელიც მათ ბაბილონის სახმილში გამოთქვეს.

 

მერვე გალობაც სამ ყრმას ეკუთვნის. მასში ანანია, აზარია და მისაილი ყველა ქმნილებას მოუწოდებენ აკურთხონ, უგალობონ და აღამაღლონ ღმერთი უკუნისამდე.

 

მეცხრე გალობა უკვე ახალი აღთქმიდანაა. იგი შედგება ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის წინასწარმეტყველური სიტყვისაგან, რომელიც მან ელისაბედთან შეხვედრისას წარმოთქვა, – და იოანე ნათლისმცემლის მამის, მღვდელ ზაქარიას სიტყვისაგან, რომელიც მან მეტყველების დაბრუნების შემდეგ წარმოთქვა.

 

თითოეული გალობა შეიცავს რამდენიმე მუხლს, რომლებსაც ტროპარები ეწოდებათ; პირველი ტროპარი ყოველთვის ძლისპირია; ყოველი გალობის უკანასკნელი მუხლიც ძლისპირია, ოღონდ მას უკვე კატავასია ეწოდება.

 

 

კატავასია (ბერძ. ჩამოსვლა, გამოსვლა, დათანხმება) ეწოდება ძლისპირს, რომლითაც მთავრდება კანონის თითოეული გალობა. ორივე მხრის მგალობლები შუა ტაძარში იკრიბებიან და ერთად გალობენ კატავასიას (სახელწოდებაც აქედანაა).

 

 

კონდაკი და იკოსი - ისეთი საგალობლებია, რომლებშიც განდიდებულია წმინდანი ან გადმოცემულია დღესასწაულის შინაარსი. კონდაკი და იკოსი განსხვავდება არა შინაარსით, არამედ გადმოცემის სიდიდით. კონდაკი არის მოკლე შექება წმიდისა თუ დღესასწაულისა, იკოსა კი ვრცელი. იკოსი ყოველთვის კონდაკს მოსდევს და არასდროს არ იგალობება ამ უკანასკნელის გარეშე.

 

 

კვირიაკე (კვირა დღე) - ეკლესიურად ჰქვია შვიდეულის პირველ დღეს, აღდგომის დღეს (ბერძ. "კვირიაკი" – უფლისა). კვირიაკეს (კვირას) უწოდებენ, აგერთვე, საეკლესიო შვიდეულს, რომელიც იწყება შაბათს მწუხრიდან და მთავრდება შემდეგი შაბათის IX ჟამნით. კვირიაკეების საწელიწადო ათვლა იწყება სულთმოფენობის დღესასწაულიდან. პირველ კვირა დღეს ეწოდება პირველი კვირიაკე სული წმიდის გარდამოსვლიდან, მეორე კვირა დღეს – მეორე კვირიაკე და ა.შ. ეს ათვლა სრულდება დიდმარხვის წინა მე-5-ე კვირა დღეს. ამ ორ ზღვარს შორს კვირების რაოდენობა სხვადასხვა წელს სხვადასხვანაირია: ნაკლებია, როდესაც აღდგომის დღესასწაული ადრეა და მეტია, როდესაც გვიან არის. დიდმარხვის წინა 4 კვირიაკე აღარ შედის ამ სათვალავში, არამედ თავიანთი განსაკუთრებული სახელწოდებები აქვთ: მეზვერისა და ფარისევლის, უძღები შვილის კვირიაკეები – ასეთი სახელწოდებები მომდინარეობს იმ სახარებისეული იგავების გამო, რომლებიც ამ დღეებში იკითხება, ამათ მოსდევს კვირიაკე, რომელსაც ხორციელისა ეწოდება, რადგან ამ დღეს უკანასკნელად იჭმევა ხორცი; და ყველიერის კვირიაკე, როდესაც უკანასკნელად (აქაც და მაღლაც იგულისხმება აღდგომის დღესასწაულადე) ვიხმევთ ყველსა და რძის ნაწარმს. ამის შემდეგ იწყება წმიდა დიდმარხვა. დიდი მარხვის ყოველ კვირიაკეს (კვირა დღეს) დაწესებულია განსაზღვრული გარდამავალი დღესასწაული: პირველი კვირიაკე – მართლმადიდებლობის ზეიმი, მეორე – წმ. გრიგოლ პალამას ხსენება, მესამე – ჯვრის თაყვანისცემა, მეოთხე – წმ. იოანე სინელის ხსენება, მეხუთე – წმ. მარიამ ეგვიპტელის ხსენება, მეექვსე – მაცხოვრის დიდებით შესვლა იერუსალიმში (ბზობა ანუ ბაიაობა). ამის შემდეგ მოდის ვნების შვიდეული, შემდეგ კი – აღდგომა და ბრწყინვალე შვიდეული. აღდგომიდან სულთმოფენობამდე კვირიაკეებს ეწოდება: აღდგომის შემდეგი კვირიაკე (ანუ მეორე) – ანტიპასქა, თომას კვირა, კვირაცხოვლობა; მესამე – მენელსაცხებლე დედათა; მეოთხე – განრღვეულისა; მეხუთე – სამარიტელისა; მეექვსე – შობითგან ბრმისა; მეშვიდე – პირველი მსოფლიო კრების წმიდა მამათა; მერვე – სულთმოფენობისა, რომლის შემდეგაც ისევ თავიდან იწყება კვირიაკეების საწელიწადო ათვლა.

 

 

კვეთა (ბერძ. "პროსკომიდის" – მოტანა) არის საღმრთო ლიტურგიის პირველი ნაწილი, რომელზედაც ხდება მღვდელმსახურის მიერ პურისა და ღვინის მომზადება წმიდა ზიარების საიდუმლოსათვის. კვეთის ერთ-ერთი ძირითადი მომენტია სპეციალურად დამზადებული პურებიდან (სეფისკვერებიდან) მკაცრად განსაზღვრული წესით ნაწილების ამოღება ანუ სეფისკვერების დაჭრა – კვეთა. ბერძნულად (აქედან, სლავურადაც) კვეთას "პროსკომიდიას" – მოტანას უწოდებენ. ამ სახელწოდების მიზეზი შემდეგში მდგომარეობს: ძველად ქრისტიანებს ღმრთისმსახურებისათვის საჭირო ნივთები ეკლესიაში სახლიდნ მიჰქონდათ: პური, ღვინო, ზეთი, სანთელი, საკმეველი და ა.შ. მოტანილი პურებიდან საუკეთესო ირჩეოდა წმიდა საიდუმლოსათვის, დანარჩენებიდან კი იღებდნენ ნაწილებს შემომწირველების სახელზე.

 

 

კათაკმეველი - კათაკმეველად დადგენა ერთ-ერთი ეკლესიური მსახურებაა, რომელიც წინ უსწრებს ნათლობას და მდგომარეობს შემდეგში: ადამიანს, რომელსაც სურს მოინათლოს, უკითხავენ ლოცვებს; მოსანათლი უარყოფს სატანას, შეუდგება ქრისტეს და აღიარებს თავის რწმენას. ამ ყველაფრის შემდეგ ადამიანი ხდება კათაკმეველი და აქვს უფლება დაესწროს ყველა ღმრთისმსახურებას, ლიტურგიის იმ ნაწილის გარდა, რომელზეც აღესრულება წმიდა ხორცისა და სისხლის საიდუმლო. დღევანდელ პრაქტიკაში კათაკმეველად დადგენის მსახურება უშუალოდ წმიდა ნათლობის საიდუმლოს წინ სრულდება.

 

 

კურთხევანი (სიტყვა "კურთხევა"-დან, მრ. რიცხვში). ქრისტიანები განუწყვეტლივ საჭიროებენ მადლისმიერ დახმარებას და ღმერთის ლოცვა-კურთხევას. ამიტომ წმიდა მამებმა ღმრთივგანბრძნობილად ქრისტიანების თითოეულ საჭიროებაზე ლოცვები ან მთელი მსახურებებიც კი შეადგინეს. ასეთი ლოცვებისა და მსახურებების კრებული შეადგენს საეკლესიო საღმრთისმსახურო წიგნს, რომელსაც კურთხევანი ეწოდება. კურთხევანის შემადგენლობა ისეთივე მრავალფეროვანია, როგორი მრავალფეროვანიცაა ჩვენი სულიერი და ხორციელი მოთხოვნილებები. ლოცვები: მშობიარე ქალისათვის, ახლადშობილის სახელის დარქმევის, იმავე ქალისათვის მე-40-ე დღეს განწმენდის, სახლის საფუძვლის ჩაყრაზე, ჭის ამოთხრაზე, შეგინებული (შებილწული) ჭურჭლის თუ ჭის განწმენდისა; ლოცვები უძლურსა ზედა წასაკითხი – ეს ყველაფერი არის კურთხევანში. იქვე არის საიდუმლოებების მსახურებები: ნათლობის, მირონცხების, აღსარების, ჯვრისწერის, ზეთის კურთხევის; წესი მონაზვნად აღკვეცისა, წყლის კურთხევისა, ტაძრის კურთხევისა.

 

 

კონდაკი არის საღმრთისმსახურო წიგნი, რომელიც შეიცავს მწუხრისა და ცისკრის, წმიდათა – იოანე ოქროპირის, ბასილი დიდისა და გრიგოლი დიოლოღოსის წირვათა განგებას. მწუხრისა და ცისკრის განგება შედგება ამ მსახურებების კვერექსების, ასამაღლებლებისა და სამღვდელმსახურო ლოცვებისაგან. პირველი ორი ხმამაღლა წარმოითქმის, ლოცვებს კი მღვდელი ჩუმად, საიდუმლოდ კითხულობს. ლიტურგიათა განგება მთლიანად არის მოყვანილი კონდაკში.

 

 

ლიტია ანუ ლიტანია (ბერძ. მუხლთდრეკა, გულმოდგინე, საყოველთაო ლოცვა) ეწოდება ისეთ ლოცვას, რომელიც ტაძრის სტოვაში ან საერთოდ ტაძრის გარეთ სრულდება. ამგვარად ყველას – მონანულებსა და კათაკმეველებსაც ეძლევათ შესაძლებლობა ლოცვაში მონაწილეობა მიიღონ (კათაკმევლები ადრე ტაძრის სტოვაში იდგნენ) და ლოცვა მართლაც საყოველთაოა. დღესასწაულებისა და კვირის ღმრთისმსახურებაში ლიტია სრულდება მწუხრის ლოცვაზე, კვერექსების შემდეგ. ლიტიის დასდებლების გალობის დროს სამღვდელოება და მლოცველი ერი სტოვაში გადის და გაძლიერებულ ლოცვებს აღავლენს ღმერთისადმი ყველა მართლმადიდებლისათვის და წმინდანებს მოუხმობს შემწეობისათვის. თითოეულ თხოვნაზე გუნდი მრავალგზის "უფალო, შეგვიწყალენ"-ს პასუხობს. დასასრულს მღვდელი კითხულობს ლოცვას, რომელსაც თავდახრილი ვუსმენთ. ასე მთავრდება ლიტია და ხალხი ტაძარში ბრუნდება. ეს არის სადღესასწაულო ლიტია. აგრეთვე არსებობს მიცვალებულთა ლიტია, რომელიც ტაძრის სტოვაში ან საფლავზე სრულდება. ჯვრით სვლაც ლიტანიის ანუ ლიტიის სახეა. წყლის კურთხევისას, უბედურების ან საერთო გასაჭირის დროს თუ სხვა ღირშესანიშნავი დღის აღსანიშნავად ტაძრიდან გამობრძანდება პატიოსანი ჯვრები, წმიდა ხატები, ბაირაღები და ხალხი გალობით დანიშნულების ადგილზე მიდის, გარშემო უვლის დასახლებას, ტაძარს და სხვა. ყველა ასეთ ლოცვას შეიძლება ეწოდოს ლიტია ანუ ლიტანია.

 

 

ლიტურგია ანუ წირვა. სიტყვა "ლიტურგია" ბერძნულად "საერთო მსახურებას" ნიშნავს. ქრისტეს ეკლესიაში ლიტურგია ეწოდება ღმრთისმსახურებას, რომელზეც აღესრულება წმიდა ზიარების საიდუმლო. ქართული სახელწოდება, "წირვა", მომდინარეობს იქიდან, რომ ლიტურგიაზე აღესრულება უსისხლო მსხვერპლშეწირვა. ლიტურგია არის მთავარი და უმნიშვნელოვანესი ღმრთისმსახურება მართლმადიდებელ ეკლესიაში. ყველა დანარჩენი ყოველდღიური ღმრთისმსახურება ფაქტიურად მომზადებაა წირვისათვის. მღვდელმსახურები, რომლებიც წირვას აღასრულებენ, სრული შესამოსლით იმოსებიან (თითოეული სამღვდელო ხარისხისათვის განსაკუთრებული შესამოსლით). ლიტურგიაზე მორწმუნეები ეზიარებიან (ვისაც აქვს კურთხევა). ლიტურგია შედგება სამი ნაწილისაგან: კვეთის, კათაკმეველთა ლიტურგიისა და მართალთა ლიტურგიისაგან. კვეთის დროს მზადდება პური და ღვინო წმიდა ხორცისა და სისხლის საიდუმლოსათვის. მლოცველი ერისათვის ამ დროს იკითხება ჟამნები (შეიძლება კვეთა ცისკრის ლოცვის დროსაც შესრულდეს). კათაკმეველთა ლიტურგიაზე, რომელზედაც კათაკმეველებსაც აქვთ დასწრების უფლება, მონათლული მორწმუნეები ემზადებიან საიდუმლოსათვის; ხოლო მართალთა ლიტურგიაზე თავად წმიდა საიდუმლო სრულდება; მასზე კათაკმეველებს აღარ შეუძლიათ დასწრება. წირვის ასეთი შემადგენლობა და მიმდევრობა უძველესი დროიდან მოდის. წმიდა ბასილი დიდმა და შემდეგ წმიდა იოანე ოქროპირმა საჭიროებიდან გამომდინარე შეამოკლეს მანამდე არსებული, მოციქულთა მიერ შედგენილი წირვის წესი. დღევანდელ დღეს სრულდება: წმ. ბასილი დიდის, წმ. იოანე ოქროპირისა და წმ. გრიგოლი დიოლოღოსის ლიტურგიები. პირველი ორი მხოლოდ ხანგრძლივობით განსხვავდება და არა შედგენილობით, რადგან ოქროპირის წირვა არის მხოლოდ ბასილი დიდის წირვის შემოკლებული ვარიანტი. წმიდა გრიგორის ლიტურგია კი არ არის სრული, რადგან მასზე უსისხლო მსხვერპლშეწირვა არ აღესრულება, არამედ მხოლოდ ხდება ზიარება იმ წმიდა ნაწილებით, რომლებიც უკვე იკურთხა ბასილი დიდისა თუ ოქროპირის წირვებზე (ე.ი. წმიდა ძღვენი "პირველად" ანუ წინდაწინ ნაკურთხია და აქედან მოდის წმიდა გრიგოლის წირვის მეორე სახელწოდება – პირველშეწირულისა). წმიდა გრიგოლი დიოლოღოსის ლიტურგია ფაქტიურად არის მწუხრის ლოცვა შეერთებული ზიარებასთან. სამივე წირვა წელიწადის განსაზღვრულ დროს სრულდება. წმიდა ბასილი დიდის ლიტურგია აღესრულება წელიწადში 10-ჯერ: წმ. ბასილი დიდის დღესასწაულზე (ძვ.სტ. 1 იანვარს); შობისა და ნათლისღების დღესასწაულების მწუხრზე, ანუ ძვ.სტ. 24 დეკემბერს და 5 იანვარს, ხოლო თუ ამ დღესასწაულების მწუხრი დაემთხვევა შაბათს ან კვირას, მაშინ ბასილი დიდის წირვა აღსრულდება დილით – 25 დეკემბერს და 6 იანვარს (ახ.სტ. 7 და 19 იანვარს); დიდმარხვის პირველ ხუთ კვირა დღეს, ვნების შვიდეულის ხუთშაბათსა და შაბათს. წმიდა გრიგორი დიოლოღოსის ლიტურგია სრულდება მხოლოდ დიდმარხვაში, პირველი ექვსი კვირის ოთხშაბათსა და პარასკევს, ვნების შვიდეულის პირველ სამ დღეს და ზოგიერთ დღესასწაულზე, რომელიც დიდმარხვის შუაკვირებში დაემთხვევა. წმიდა იოანე ოქროპირის ლიტურგია წელიწადის დანარჩენ პერიოდში სრულდება. არის დღეები, როდესაც წირვა არ სრულდება, ესენია: როდესაც ქრისტეს შობა და ნათლისღება კვირა დღეს ან ორშაბათს ემთხვევა, წინა პარასკევს წირვა არ სრულდება; ასევე ყველიერის ოთხშაბათსა და პარასკევს; დიდმარხვის პირველი ექვსი კვირის ორშაბათს, სამშაბათსა და ხუთშაბათს (გარდა მე-5 კვირის ხუთშაბათისა), დიდ პარასკევს. თუმცა საეკლესიო ტიპიკონით გათვალისწინებულია შემთხვევები, როდესაც ამ დღეებშიც სრულდება წირვა. მაგალითად, როდესაც ხარების დღესასწაული დიდ პარასკევს ემთხვევა, ლიტურგია სრულდება; ასევე – მირქმის დღესასწაული თუ ყველიერის ოთხშაბათს ან პარასკევს დაემთხვა. და ბოლოს, ორი შენიშვნა: ერთსა და იმავე დღეს, ერთსა და იმავე ტრაპეზზე აღესრულება მხოლოდ ერთი ლიტურგია; ასევე, მღვდელმსახურსაც დღეში მხოლოდ ერთ წირვის აღსრულება შეუძლია.

 

 

მომიხსენენი ეწოდება დასდებლებს, რომლებიც ლიტურგიაზე მესამე კვერექსის შემდეგ, მცირე შესვლის წინ იკითხება (ან იგალობება). მომიხსენენი იკითხება იმ კვირა ან სხვა დღეებში, როდესაც განწესებულია სადილის ჟამნის ანტიფონები. სახელწოდება – "მომიხსენენი" – მომდინარეობს იქიდან, რომ ეს მუხლები იკითხება სახარების ნეტარებების მუხლებს შორის; ტაძარში კი ნეტარებების გალობა იწყება კეთილგონიერი ავაზაკის სიტყვებით: "სასუფეველსა შენსა მომიხსენე მე, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა". ყველა კვირა დღის მომიხსენენი არის პარაკლიტონში (რვა ხმათა). სხვა დღესასწაულებზე კი იკითხება სადღესასწაულო საცისკრო კანონის მესამე და მეექვსე გალობების ტროპარები.

 

 

მოხედენ – ნიშნავს ყურადღება გავამახვილოთ, მოვუსმინოთ. ასეთი მოწოდება ღმრთისმსახურების დროს ისმის მაშინ, როდესაც ტაძარში მყოფმა მლოცველებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინონ საღმრთო სწავლების მოსასმენად, მიმდინარე საკითხავისა თუ მღვდელმოქმედების გასააზრებლად. ამიტომ "მოხედენ"-ს დიაკონი წარმოთქვამს საწინასწარმეტყველოსა და სამოციქულოს კითხვის წინ; მღვდელი – სახარების კითხვის წინ. ამითი მღვდელმსახურები მორწმუნეებს მოუწოდებენ მოუსმინონ საღმრთო სიტყვას, რომელიც გადმოცემულია საკითხავებში; განსაკუთრებული გულმოდგინება რომ გამოიჩინოს ხალხმა, ამისათვის უმატებენ სხვა სიტყვასაც: "სიბრძნით". ეს უკანასკნელი ნიშნავს იმას, რომ საჭიროა დავუკვირდეთ და გავიაზროთ ჩვენთვის გადმოცემული საღმრთო სიბრძნე. ამ მნიშვნელობით წარმოითქმის "მოხედენ" წარდგომების წინ. წარდგომაში მოკლედაა გადმოცემული აღსანიშნი დღესასწაულის შინაარსი და ამიტომ განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. მით უმეტეს, რომ წარდგომა ჩვეულებრივ მოკლეა ხოლმე და თუ ყურადღებას არ გავამახვილებთ, შეიძლება გამოგვრჩეს კიდევაც. ლიტურგიის დროს დიაკონი წარმოთქვამს "მოხედენ", სანამ მღვდელი აღამაღლებს წმიდა ტარიგს და იტყვის "წმიდაა წმიდათა"; ასევე – სარწმუნოების სიმბოლოს კითხვის წინ. ნათლისღების საიდუმლოს მსახურებაში მღვდელი წყალს სამგზის ჯვრის სახედ სცხებს ნაკურთხ ზეთს და თითოეული ცხების დროს წარმოთქვამს: "მოხედენ", გუნდი (ან მედავითნე) კი გალობს: "ალილუია". ასევე "მოხედენ" წარმოითქმის მაშინ, როდესაც წმიდა მირონით იკურთხება ტაძარი და წმიდა ტრაპეზი. ამ ყველა შემთხვევაში მორწმუნეებს ევალებათ ყურადღება მოიკრიბონ და კრძალულება გამოიჩინონ მღვდელმოქმედებისადმი.

 

 

მწუხრი – ერთ-ერთი ლოცვა ყოველდღიური ღმრთისმსახურებებიდან, რომელიც, როგორც სახელწოდებიდან ჩანს, სრულდება საღამოთი, მზის ჩასვლამდე. მწუხრით იწყება დღე-ღამის ღმრთისმსახურებათა ციკლი; რადგან ჩვენმა ეკლესიამ ძველაღთქმისეული ეკლესიის წესი გადმოიღო – დღე-ღამის ათვლის წერტილად საღამო ჩაითვალოს, ამიტომ მწუხრი ყოველთვის მეორე დღეს ეკუთვნის. დამდეგ დღეზეა დამოკიდებული როგორი იქნება მწუხრი: დიდი, მცირე თუ სადაგი დღის. მწუხრის მსახურებაში სამყაროს შექმნასთან ერთად, აღწერილია ღმერთის მზრუნველობა ქმნილებებზე, განსაკუთრებით კი, დაცემულ და სამოთხიდან გამოძევებულ ადამიანზე.

 

 

მსგავსნი (ძლისპირედნი ან ძლისპირიანნი). მსგავსი ეწოდება საგალობელს, რომელიც არის ნიმუში სხვა საგალობლებისათვის; ნიმუში, თუ როგორ და რა კილოზე უნდა შესრულდეს მოცემული საგალობელი. ასეთ სანიმუშო საგალობელს ეწოდება მსგავსი არა იმიტომ, რომ იგი "ჰგავს" სხვა საგალობელს, არამედ იმიტომ, რომ სხვა საგალობელი უნდა "მიემსგავსოს" მას: მის მიხედვით შეიქმნას ან შესრულდეს. მსგავსნი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მაშინ, როდესაც სანოტო რვეულები არ არის (ან ცოტაა), მგალობლები კი ბევრნი არიან. ამ შემთხვევაში საკმარისია მგალობლებმა მსგავსი საგალობლები (დასდებელნი) დაისწავლონ და მათ მსგავსად სხვა დასდებლები შეასრულონ (თანაც, მსგავსნი არც ისე ბევრია). ამიტომ საღმრთისმსახურო წიგნებში დასდებლის წინ იწერება მსგავსი. კანონებში მსგავსებს ძლისპირები ეწოდება (იხ. ძლისპირი).

 

 

მიცვალებულთა ეწოდება ტროპარს, დასდებელს ან კანონს, რომელიც შეიცავს ლოცვას მიცვალებულთათვის. მიცვალებულთა საგალობლები შესულია პარაკლიტონის ან ტრიოდიონების შაბათის მსახურებებში.

 

 

მეტანია არის თავისა და სხეულის მოხრა, როგორც ხილული ნიშანი შინაგანი ლოცვისა, სინანულისა და დამდაბლებისა. საეკლესიო ტიპიკონი ღმრთისმსახურების გარკვეულ მომენტებში დიდი ან მცირე მეტანიების შესრულებას ითვალისწინებს. დიდი მეტანია ეწოდება სხეულის მოხრას, როდესაც თავი, ხელები და მუხლები მიწას ეხება (მუხლთდრეკით); მცირე მეტანია – თავისა და სხეულის მოხრას (წელში), მუხლთდრეკის გარეშე. ჩვეულებრივ, მორწმუნე მეტანიის შემდეგ ისევ იმართება, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც მოხრილები ვდგავართ რომელიმე ლოცვის ან მღვდელმოქმედების დასრულებამდე. მაგალითად, პირველშეწირულის წირვაზე, წმიდა ძღვენის გამოსვენების დროს, მლოცველები მუხლმოდრეკილები რჩებიან, სანამ სიწმიდე წმიდა ტაპეზზე არ დაბრძანდება; ლიტიის ბოლო ლოცვას: "მეუფეო, მრავალმოწყალეო..."-ს თავდადრეკილები ვუსმენთ. აღსარების საიდუმლოს დროს მორწმუნე მოხრილია (შეიძლება, მუხლთდრეკითაც), სანამ მღვდელმსახური შენდობის ლოცვას უკითხავს. მეტანია, როგორც სიმდაბლის სიმბოლო, ჩვენი ღმერთისა და ადამიანთა წინაშე ცოდვილობის შეგრძნებას გამოხატავს. სიტყვა "მეტანია" ბერძნულად "აზრთა ცვლას, სინანულს" ნიშნავს. წმ. ბასილი დიდი წერს: "ყველა მუხლთდრეკისა და (მის შემდეგ) აღმართვის დროს ჩვენ საქმით ვაჩვენებთ, რომ ჩვენ – ცოდვით მოწყლულები – მიწაზე დავენარცხეთ, ხოლო შემოქმედის კაცთმოყვარებამ კვლავ ზეცად მოგვიწოდა.

 

 

მარხვა - არის მოკლე ან გრძელვადიანი თავშეკავება ყველანაირი ან ზოგიერთი საკვებისაგან; თავშეკავება, რომელიც ეკლესიამ სხვადასხვა დღეებში, სხვადასხვა სიმკაცრით დააწესა. ყველაზე მკაცრი მარხვის სახე არის თავშეკავება ყველანაირი საკვებისაგან. ასეთი მარხვა დაწესებულია დიდ პარასკევს. შემდეგია მშრალი მარხვა, ე.ი. მხოლოდ წყალი, პური, ნაყოფები და ისიც ერთხელ დღეში – საღამოს. ასეთი მარხვა, წესით, ისეთ დღეებშია განწესებული, როდესაც რამენაირი გახსნილება არ არის მითითებული. ზოგიერთ მარხვის დღეს, დღესასწაულების საპატივცემულოდ, ტიპიკონი ითვალისწინებს მოხარშული საჭმლის მიღებას, ზეთით ან უზეთოთ; აგრეთვე, გარკვეული დოზით ღვინის მიღებას, დიდ დღესასწაულებში – თევზისაც. ეს უკანასკნელი მარხვის ყველაზე დიდი შეღავათია. საეკლესიო განჩინებით წელიწადის თითქმის ნახევარი (ზოგჯერ მეტი, ზოგჯერ ნაკლები) არის მარხვა. ეს მარხვის დღეები განაწილებულია 4 გრძელვადიან და სხვა ერთდღიან მარხვებად. გრძელვადიანი მარხვებია: (1) დიდმარხვა ანუ წმიდა და დიდი ორმეოცი – იწყება წმიდა აღდგომამდე 48 დღით ადრე და გრძელდება თვითონ ამ დღესასწაულამდე; (2) წმიდა მოციქულთა ანუ წმიდა პეტრესა და პავლეს მარხვა – იწყება აღდგომიდან მე-9-ე კვირის ორშაბათიდან და გრძელდება 29 ივნისადმე (ძვ.სტ.-ით), ე.ი. წიდა მოციქულთა პეტრესა და პავლეს ხსენების დღემდე. თვითონ სახელწოდებიდან ჩანს, რომ იგი იმ მარხვის მსგავსადაა დაწესებული, რომელსაც მოციქულები იმარხავდნენ წმიდა სულის გარდამოსვლიდან სამოციქულო მოღვაწეობის დაწყებამდე (საქმე 13,2); აგრეთვე, მოციქულთა შრომის საპატივცემულოდ; (3) მიძინების მარხვა – იწყება 1 აგვისტოს და მთავრდება 15 აგვისტოს (ძვ.სტ.-ით) – ღმრთისმშობლის მიძინების დღეს. ეს მარხვა დაწესებულია უბიწო დედოფლის პატივად და მოსახსენებლად; (4) შობის მარხვა – იწყება 15 ნოემბერს და გრძელდება 25 დეკემბრამდე. ეს მარხვა ქრისტეს შობის საპატივცემულოდაა დაწესებული. მას, აგრეთვე, ფილიპეს მარხვას უწოდებენ, რადგან იწყება წმ. ფილიპე მოციქულის ხსენების მეორე დღეს. შობის მარხვა 40 დღე გრძელდება, მსგავსად მოსეს მარხვისა: წმ. მოსე 40 დღიანი მარხვით მოემზადა ქვის ფიცარზე დაწერილი სჯულის მისაღებად; ჩვენ კი 40-დღიანი მარხვით ვემზადებით თავად სჯულისმდებელის ქვეყნად შობისათვის, რომელიც გვაძლევს გულის ფიცრებზე დაწერილ სჯულს (იერემ. 31,32-33). ოთხივე მარხვა საშუალოდ 127 დღეს შეადგენს. ეს რიცხვი იზრდება ან მცირდება წმ. მოციქულთა მარხვის სიგრძის მიხედვით.

 

ამის გარდა, წმიდა ეკლესიამ დაადგინა ერთდღიანი მარხვები: 29 აგვისტო – წმ. იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის ხსენების გამო; 14 სექტემბერი – ქრისტეს ცხოველმყოფელი ჯვარის საპატივცემულოდ და მაცხოვრის ვნებათა მოსაგონრად; 24 დეკემბერი და 5 იანვარი ქრისტეს შობისა და ნათლისღების საპატივცემულოდ (თარიღები ძვ. სტ.-ით).

 

და ბოლოს, ყოველი კვირის ოთხშაბათი და პარასკევი (ზოგიერთი კვირის გარდა) მარხვაა: ოთხშაბათს ებრაელთა მთავრებმა გადაწყვიტეს მოეკლათ ქრისტე; ამავე დღეს იუდამ გასცა მოძღვარი. პარასკევს ქრისტემ ივნო და მოკვდა. ზოგიერთი ოთხშაბათ-პარასკევი ხსნილდება: აღდგომის შემდეგ კვირას (ბრწყინვალე შვიდეული) – აღდგომის დღესასწაულის გამო; სულთმოფენობის შემდგომ კვირას – სული წმიდის სადიდებლად; 25 დეკემბრიდან 4 იანვრამდე – შობის, წინადაცვეთისა და ღმრთისგანცხადების გამო; სამი კვირით ადრე დიდმარხვამდე (მეზვერისა და ფარისევლის კვირა) – იმ მარხვის საწინააღმდეგოდ, რომელსაც მონოფიზიტები იმარხავენ ამ კვირას. არის კიდევ ყველიერის კვირა, რომლის განმავლობაში არ იჭმევა მხოლოდ ხორცეულის საკვები, ხოლო რძით, კვერცხით, თევზით, ღვინითა და ზეთით ოთხშაბათი-პარასკევიც ხსნილია. იმ კვირებს, როდესაც ოთხშაბათი-პარასკევი ხსნილდება, ეწოდება მსგეფსი.

 

 

მსგეფსი - ძველ ქართულად ნიშნავს შვიდეულს, კვირას. მაგრამ ეკლესიურად მსგეფსებად მხოლოდ ის შვიდეულები იწოდება, როდესაც ოთხშაბათი-პარასკევი მარხვა არ არის. მსგეფსია: მეზვერისა და ფარისევლის კვირა, ყველიერის კვირა (მთელი ამ კვირის განმავლობაში არ იჭმევა მხოლოდ ხორცეული, რძის ნაწარმი და თევზი დაშვებულია), ბრწყინვალე შვიდეული (აღდგომის შემდგომი კვირა), სულთმოფენობის შემდგომი კვირა, პერიოდი შობიდან ნათლისღების წინა დღემდე (7 იანვრიდან 17 იანვრის ჩათვლით, ახ. სტ.); 18 იანვარი მარხვაა, შობა და ნათლისღება ყოველთვის ხსნილია სრულად, ანუ თუ ემთხვევა ოთხშაბათ-პარასკევს, იჭმევა რძის ნაწარმიც და ხორციც.

 

 

მუხლი (ბერძ. "სტიხოს") ნიშნავს საგალობლის ან საკითხავის ფრაზას, წინადადებას. თითოეული საღმრთო წიგნი იყოფა დიდ ნაწილებად, რომელთაც თავები ეწოდება (ფსალმუნნში – ფსალმუნი). შემდეგ თითოეული თავი იყოფა მცირე ნაწილებად, რომელთაც მუხლები ეწოდება. ამგვარად, საღმრთო მუხლი არის ყოველი საღმრთო წიგნის უმცირესი დანაყოფი.

 

ეკლესიის ღმრთისმსახურებაში გამოყენებული ცალკეული მუხლები უმეტესად აღებულია ფსალმუნნიდან და ძალიან ცოტა – სხვა საღმრთო წიგნებიდან. მუხლები (საღმრთო წიგნის რომელიმე თავიდან ამოღებული) ეკლესიის ღმრთისმსახურებაში ფართოდ გამოიყენება. როდესაც მღვდელმსახურები შედიან საკურთხეველში, იმოსებიან თითოეული შესამოსელით, ხელებს იბანენ – ყველაფერს შესაფერისი მუხლების კითხვის თანხლებით აკეთებენ; შემდეგ – ღმრთისმსახურების განმავლობაში მუხლები განუწყვეტლივ გაისმის: ხან დასდებელთა შორის, ხან წარდგომის სახით, ხან ანტიფონის და ა.შ.

 

 

ნეტარარიანი, (უბიწონი) - საეკლესიო ენაზე ასეთი სახელწოდება აქვს 118-ე ფსალმუნს (მე-17-ე კანონს). სათაური მომდინარეობს ამ ფსალმუნის პირველი სიტყვებიდან: "ნეტარ არიან უბიწონი გზასა, რომელნი ვლენან შჯულსა უფლისასა". ეს ფსალმუნი საეკლესიო მსახურებაში მრავალჯერ გვხვდება. ყოველდღიუერ ღმრთისმსახურებაში იგი გვხვდება შუაღამიანზე, შაბათს – ცისკარზე, კვირას ცისკარზე, როცა აქებდითი არ იგალობება. დიდ შაბათს, ცისკარზე ის იგალობება გარდამოხსნის წინაშე, სპეციალური ჩასართავებით. მიცვალებულის წესის აგებაზე ფსალმუნის სამივე ნაწილი სხვადასხვა ჩასართავებით იგალობება: პირველი – ალილუია, მეორე – შეიწყალე მონა შენი, მესამე – ისევ ალილუია. შაბათის ალილუიას მსახურებაზე ეს ფსალმუნი ორ ნაწილად იყოფა და თითოეულს თავისი ჩასართავი აქვს: პირველს – კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი, მეორეს – მიწყალე მე, ღმერთო, მიწყალე მე; და ბოლოს, პანაშვიდზე ისევ ორ ნაწილად იყოფა, პირველს ჩასართავი აქვს – მოიხსენე, უფალო, მონა შენი; მეორეს – განუსვენე, უფალო, სულსა მონისა შენისასა. მეჩვიდმეტე კანონში საუბარია ღმერთის მცნებების გამოძიებითა და აღსრულებით უბიწო ცხოვრების მიღწევაზე, სინანულზე და სხვა.

 

 

ორმოცდღიანი მოხსენება ეწოდება მიცვალებულის მოხსენებას 40 დღის განმავლობაში, რომელიც იწყება გარდაცვალების დღეს. ორმოცი კი ჰქვია მიცვალებულის მოხსენებას მე-40-ე დღეს. ეს მოხსენება ძირითადად მდგომარეობს იმაში, რომ გარდაცვლილის მოსახსენებლად აღსრულდეს პანაშვიდები და ლიტურგია (ე.წ. შეკვეთილი წირვა). წმიდა ეკლესიის სწავლებით მეორმოცე დღეს გარდაცვლილის სული წარდგება უკვდავი და თვალუხვავი მეუფისა და მსაჯულის – იესო ქრისტეს წინაშე და მოხდება მისი კერძო (ე.ი. პირადი) სამსჯავრო, რომელზედაც გადაწყდება მისი ადგილსამყოფელი მეორედ მოსვლამდე.

 

 

პარაკლისი (ბერძ. "თხოვნა", "გულმოდგინე ვედრება", "ნუგეში") არის სავედრებელი ლოცვა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლისადმი ან სხვა წმინდანებისადმი, აღესრულება საზოგადო ან კერძო საჭიროებისამებრ. არსებობს სამადლობელი პარაკლისი, როდესაც ღმერთს მადლობას სწირავენ განსაკუთრებული შეწევნისათვის. ზოგჯერ პარაკლისს იხდიან იმისთვის, რომ თავიდან აცილებულ იქნეს ღმრთის რისხვა: სავედრებელ პარაკლისებს იხდიან ავადმყოფობების, უწვიმობის, მიწისძვრის, ომის, ეპიდემიის, ხანძრის დროს და სხვა. პარაკლისი თავისი აგებულებით (საღმრთისმსახურო მიმდევრობით) არის შემოკლებული და ცოტათი შეცვლილი ცისკარი (ცისკრის ლოცვა). პარაკლისზე იკითხება 142-ე ფსალმუნი: "უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისა...", შემდეგ "ღმერთი უფალი" და ტროპარები, რასაც მოსდევს 50-ე ფსალმუნი და კანონი. კანონში ჩართულია სახარება. ღმრთისმშობლის პარაკლისის მიხედვით შეიქმნა სხვადასხვა პარაკლისები: ჯვრისა, მოციქულთა, მოწამეთა; აგრეთვე მიწისძვრისა და სხვა.

 

 

პანაშვიდი (ბერძ. – მთელი ღამე ვგალობ). პანაშვიდი ეწოდება მიცვალებულთათვის სავედრებელ ლოცვას. ქრისტიანთა დევნის პერიოდში მიცვალებულებს ღამით ან გამთენიისას კრძალავდნენ, ამიტომ მიცვალებულისთვის ლოცვა ღამით აღესრულებოდა. საეკლესიო ტიპიკონით საზოგადო პანაშვიდები სრულდება ხორციელის შაბათს, დიდი მარხვის 2, 3, 4 შაბათს და სულთმოფენობის წინა შაბათს. მიცვალებულისთვის პანაშვიდი უნდა აღესრულოს გარდაცვალებიდან 3, 9, 40 დღეებში. პირველ დღედ ითვლება გარდაცვალების დღე. ასევე სასურველია პანაშვიდის გადახდა მიცვალებულის გარდაცვალების და მფარველი წმინდანის ხსენების დღეს.

 

 

პასექი. ებრაული სიტყვა "ფესაქ", რომლისგანაც წარმოდგება სიტყვა "პასექი", ნიშნავს "გადასვლას", "ადგილის შეცვლას". ებრაელები "ფესაქს" უწოდებდნენ თავიანთ დღესასწაულს, რომელიც დაწესდა იმის მოსაგონრად, თუ როგორ გადავიდნენ ებრაელები ეგვიპტის მონობისაგან აღთქმულ მიწაზე. ("ფესაქ", "ფეისახ") აგრეთვე ნიშნავს "დანდობას", "გვერდის ავლას" იმის მოსაგონრად, რომ ანგელოსი, რომელიც ებრაელთა პირმშოებს ხოცავდა, როდესაც ებრაელთა სახლების კარებების თავზე, ზღურბლზე და გვერდით ბოძებზე სისხლს დაინახავდა, გვერდს უვლიდა და ინდობდა ებრაელთა პირმშოებს (გამ. 12). ამავე სიტყვით ისინი მოიხსენებდნენ იმ კრავსაც, რომელსაც ამ დღესასწაულზე ჭამდნენ უფუარი პურითა და მწარე ბალახებით, თანახმად მოსეს რჯულისა. ასე რომ, ებრაული "ფესახ" ნიშნავს "გადასვლას", პასექის დღესასწაულს და პასექის კრავს. ძველებრაული პასექი იყო წინასახე ქრისტიანული პასექისა – ქრისტეს აღდგომისა. ამგვარად, ეკლესიამ თვითონ ძველებრაული დღესასწაულის სახელი თავის დღესასწაულს უწოდა. ამასთან ერთად, ბერძნებმა ასოები შეცვალეს და "ფესაქის" ნაცვლად გამოვიდა "პასექი". ამ ახალ სიტყვას ბერძნულად სხვა მნიშვნელობაც სამართლიანად მიენიჭა ("პასხო" – ვევნები, ვიტანჯები): იესო ქრისტემ სწორედ თავისი ვნებითა და ჯვარზე სიკვდილით გზა გაგვიხსნა სიკვდილიდან სიცოცხლისაკენ, მიწიდან ზეცისაკენ. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ებრაელები პასექს კრავსაც უწოდებდნენ. ჩვენი ეკლესიაც პასექს არამარტო ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს უწოდებს, არამედ ჩვენთვის ნებსით ვნებულ, დაკლულსა და აღდგომილს – იესო ქრისტეს: "ზატიკად ჩუენდა ჩუენთვის დაიკლა ქრისტე" (1 კორ. 5,7). ამიტომ სააღდგომო ერთ-ერთ საგალობელში ეკლესია გალობს: "ჰოჲ, პასექო დიდო და დიდებულო, ქრისტე..." (გალობა 9).

 

 

პასქალია ეწოდება გამოთვლათა რიგს, რომლის მიხედვით ყოველ წელს დგინდება ბრწყინვალე აღდგომის – პასექის – დღე (თარიღი); აგრეთვე, იმ დღესასწაულებისა, რომლებიც პასექზეა დამოკიდებული (ამაღლება, სულთმოფენობა და სხვა). ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში სხვადასხვაგან პასექი გაზაფხულის სხვადასხვა დღეს აღინიშნებოდა. მაგრამ პასექის დიდი მნიშვნელობიდან გამომდინარე საჭირო იყო, რომ მთელ საქრისტიანოს ერთად ეზეიმა იგი. თავის მხრივ, კეთილმსახურება და ისტორიული სიზუსტე იმას მოითხოვდა, რომ ქრისტიანული პასექი არ დამთხვეოდა უკვე მნიშვნელობა დაკარგულ ებრაულ პასექს. პირველმა მსოფლიო კრებამ (325 წ., ნიკეა) დაადგინა, რომ სამომავლოდ წმ. პასექის დღესასწაული აღინიშნოს გაზაფხულის ბუნიობის (დღე-ღამის თანასწორობის) მომდევნო სავსემთვარეობის შემდეგ პირველ კვირა დღეს. აქედან გამომდინარე, აღდგომის დღესასწაული ყოველთვის უწევს 22 მარტიდან 25 აპრილის ჩათვლით პერიოდში (ძვ. სტილით). ეს ორი თარიღი არის ერთგვარი საზღვრები წმ. პასექისა, რადგან ამ 35 დღიდან ნებისმიერზე შეიძლება დაემთხვეს დღესასწაული. პასქალიის მთელი დანიშნულება იმაში მდგომარეობს, რომ გამოთვალოს: 1. მოცემულ წელიწადს, მარტისა თუ აპრილის რა თარიღზე მოუწევს ბუნიობის შემდგომი სავსემთვარეობა; 2. კვირის რომელ დღეს იქნება ეს სავსემთვარეობა.

 

 

პურის კურთხევა – როდესაც საღამოთი ღამისთევის ლოცვა იწყება, მაშინ მწუხრის ან დიდი სერობის ბოლოს იკურთხება პური, ხორბალი, ღვინო და ზეთი, რომლებიც მორწმუნეებს ურიგდებათ, რათა ხორციელად განმტკიცდნენ და განაგრძონ ღმრთისმსახურება. ჩვეულებრივ იკურთხება ხუთი პური, იმ ხუთი პურის მოსაგონრად, რომლებიც აკურთხა იესო ქრისტემ, გაამრავლა და ხუთი ათასი კაცი დააპურა. ნაკურთხი პურის მიღება შეიძლება ნაჭამზეც. რადგან ტიპიკონი პურის კურთხევას ითვალისწინებს ღამით, ე.ი. მაშინ, როდესაც მორწმუნეებს უკვე მიღებული აქვთ საზრდელი.

 

 

რვახმათა ანუ პარაკლიტონი. მართლმადიდებელი ეკლესიის ღმრთისმსახურებაში არსებობს გალობის რვა ხმა (კილო). საეკლესიო საგალობლების შემქმნელმა წმიდა და ღმერთშემოსილმა მამებმა თავიანთი შრომებით ისე გაამდიდრეს მართლმადიდებლური ღმრთისმსახურება, რომ თითოეულ ხმაზე მთელი კვირის მსახურებები არსებობს. თითოეულ ხმას კვირის თითოეულ დღეზე თავისი დასდებლები, კანონები და ა.შ. აქვს, რომლებიც სწორედ ამ და არა სხვა ხმისათვისაა განკუთვნილი. ამგვარად, ეკლესიაში რვა კვირის განმავლობაში რვავე ხმის ღმრთისმსახურება აღესრულება, დაწყებული პირველიდან. წიგნს, რომელშიც წერია რვავე ხმის მსახურებები, ეწოდება რვახმათა. თითოეული ხმა იწყება შაბათის საღამოს მსახურებიდან და შეიცავს კვირა დღის აღდგომის საგალობლებს, ორშაბათის უხორცო ძალთა საგალობლებს, სამშაბათის – ნათლისმცემლის, ოთხშაბათის – ჯვრის, ხუთშაბათის – მოციქულებისა და წმიდა ნიკოლოზის, პარასკევის – ისევ ჯვრის და შაბათის – მოწამეთა, ყოველთა წმიდათა და მიცვალებულთა საგალობლებს. ყოველი ეს მსახურება წინა დღის მწუხრით იწყება. რვახმათა ისეთი სრულია, რომ იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც სათვეო საკითხავი საერთოდ არ არის, კვირის ნებისმიერ დღეს შეიძლება სრული ღმრთისმსახურება ჩატარდეს რვახმათას მიხედვით. საერთოდ, რვახმათა იგალობება თვენთან (თვენი – თვეების მიხედვით დალაგებული წმინდანებისა და დღესასწაულების მსახურებები) ერთად. დღესასწაულებზე, თუ ეს დღე კვირას არ დაემთხვა, რვახმათა დაიტევება. დიდმარხვასა და ზატიკის პერიოდში რვახმათა იცვლება, ან ივსება ტრიოდიონით. ქართულ საღმრთისმსახურო პრაქტიკაში რვახმათას წიგნს ეწოდება "პარაკლიტონი" (ბერძ. "ნუგეშინისმცემელი").

 

 

ჟამნი ("ჟამი" – საათი, დრო). საღმრთისმსახურო წიგნი, რომელიც შეიცავს შუაღამიანის, ცისკრის, I-III-VI-IX და სადილის, მწუხრისა და სერობის ჟამებს (მსახურებებს). ჩვენს ჟამნს, დამატების სახით, ერთვის მთელი წლის წმინდანების, აგრეთვე, დიდმარხვისა და ზატიკის პერიოდის აღსანიშნი დღეების, კვირისა და შვიდეულის ციკლის, და სხვა საჭირო ტროპარ-კონდაკები, მცირე სვინაქსარი და ღმრთისმშობლის პარაკლისი.

 

ჟამნი (სწორი ტერმინია - ჟამი) დღევანდელ საღვთისმსახურო პრაქტიკაში ეწოდება აგრეთვე მოკლე ღმრთისმსახურებას, რომელიც შეესაბამება და ეძღვნება დღის განსაზღვრულ დროებს. ამგვარი ლოცვა სულ ხუთია: პირველი, მესამე, მეექვსე, სადილის და მეცხრე. I-III-VI-IX ჟამნებს ერთი და იგივე სქემა აქვს.

 

ჟამნების დრო შეესაბამება ჩვენი დროით შემდეგ საათებს: პირველი ჟამნი – დილის 7-9 საათი; მესამე – 10-12 საათი; მეექვსე – 1-3 საათი; მეცხრე – საღამოს 4-6 საათი.

 

წესით, ყველა ჟამნი იმ დროს უნდა სრულდებოდეს, რა სახელსაც ატარებს, მაგრამ, მოხერხებისათვის, ისინი სხვა ღმრთისმსახურებებს უერთდება: პირველი ჟამნი ჟისკარს ებმის, მესამე და მეექვსე ჟამნები წირვის წინ იკითხება (თუ წირვა არ არის, სადილის ჟამნის წინ), მეცხრე ჟამნი კი მწუხრს უსწრებს წინ. დიდმარხვაში ჟამნების ტიპიკონი ოდნავ იცვლება.

 

ქრისტეშობისა და ნათლისღების წინა დღეებში და დიდ პარასკევს ოთხივე ჟამნი, სადილის ჟამნთან შეერთებული, ერთად სრულდება. ამ დღეებში ჟამნებში ჩართულია საწინასწარმეტყველო, სამოციქულო და სახარების საკითხავები. ასეთ ჟამნებს, განსხვავებული და განსაკუთრებული საზეიმო შემადგენლობისა და ხასიათის გამო, სამეუფო ეწოდებათ. არსებობს სხვა გადმოცემაც: სამეუფო ეწოდება იმიტომ, რომ მათზე დასწრება უწინ მეფეებისათვისაც სავალდებულო იყო (ძირითადად, ბიზანტიის მართლმადიდებლურ სახელმწიფოში).

 

ჟამი – გარკვეულ ჟამს (დროს) აღსასრულებელი ღვთისმსახურება. მაგ. ცისკრის ჟამი, მწუხრის ჟამი, სადილის ჟამი.

 

 

სადღესასწაულო ჰქვია საღმრთისმსახურო წიგნს, რომელიც შეიცავს თვენიდან გამოკრებილ მხოლოდ დიდი (ზოგჯერ საშუალოც) დღესასწაულების მსახურებებს. მაგალითად, დეკემბრის სადღესასწაულოში შედის შობის დღესასწაულის წეს-განგება, მსახურება, აგრეთვე, წმ. ნიკოლოზის, ღირსი საბა განწმედილის, წმ. ბარბარეს მსახურებები. მაგრამ გამოტოვებულია წმ. იაკობ სპარსის, წმ. ამბროსი მედიოლანელის და სხვათა მსახურებები.

 

 

საწინასწარმეტყველო - საეკლესიო ენაზე ეწოდება საკითხავს ძველი აღთქმიდან (იშვიათად ახალი აღთქმიდანაც), რომელიც დღესასწულებსა და დიდმარხვის დღეებში იკითხება მწუხრზე, წარდგომის შემდეგ (სხვა მსახურებებზე – ძალიან იშვიათად). საწინასწარმეტყველო შინაარსით დაკავშირებულია აღსანიშნ დღესასწაულთან, უმეტესად ეს არის ძველი აღთქმისეული წინა-სახეები და წინასწარმეტყველებები (აქედან სახელწოდებაც) ახალი აღთქმის მოვლენებზე. ბერძნულად და სლავურად (პირველისგან გამომდინარე) საწინასწარმეტყველოებს ეწოდებათ პარიმიები (ბერძ. "პარიმია" – "იგავი", "ანდაზა"), რადგან საწინასწარმეტყველოების უმრავლესობა არის აღებული სოლომონის იგავთა წიგნიდან.

 

 

სამოციქულო – საზოგადოდ სამოციქულო ეწოდება ახალი აღთქმის წიგნებს სახარებების გამოკლებით. ესენია: 7 კათოლიკე ეპისტოლე, 14 წმ. პავლე მოციქულის ეპისტოლე და წმ. იოანე ღმრთისმეტყველის გამოცხადება (აპოკალიფსისი). საღმრთისმსახურო ენაზე სამოციქულო ეწოდება წიგნს, რომელიც ახალი აღთქმის ამ წიგნებისაგან შედგება (წმ. იოანეს გამოცხადების გამოკლებით, რადგან საეკლესიო განწესებით ეს წიგნი არ არის განკუთვნილი სატაძრო მსახურებისათვის). ჩვეულებრივი დაყოფის (თავებად და მუხლებად) გარდა, სამოციქულო იყოფა 335 ე.წ. საკითხავად. საკითხავები განკუთვნილია წელიწადის ყოველი დღისათვის. ცალკე საკითხავები აქვს დღესასწაულებს, კვირა დღეებს და სხვა. წირვაზე სამოციქულო იკითხება სახარების წინ.

 

 

სახარება - საღმრთისმსახურო ენაზე ეწოდება წიგნს (ოთხთავს), რომელიც განკუთვნილია სატაძრო მსახურებისათვის. ჩვეულებრივი დაყოფის (თავებად და მუხლებად) გარდა, ეს ოთხთავი იყოფა ე.წ. საკითხავებად. იქვე მითითებულია, ესა თუ ის საკითხავი რომელ დღეს უნდა იქნას წაკითხული წირვაზე, ცისკარსა თუ სხვა რომელიმე მსახურებაზე. სახარება ეკლესისაში შესაფერისი კრძალულებით ინახება: იგი დევს წმიდა ტრაპეზზე და ზოგჯერ, სპეციალურად განკუთვნილ დროს, ტაძარში გამოასვენებენ ხოლმე, რათა ხალხმა თაყვანი სცეს და ემთხვიოს.

 

 

სერობა ეწოდება საღამოს ღმრთისმსახურებას, რომელიც იმსახურება "ვახშმის შემდეგ" – სერობის ჟამს. ამ მსახურების ბერძნული სახელწოდება – "აპოდიპნონ" – სიტყვა-სიტყვით ნიშნავს "ვახშმის შემდეგ". სერობა არის დიდი და მცირე. ეს უკანასკნელი ყოველდღიური მსახურებაა, ხოლო პირველი – მხოლოდ ტიპიკონით განსაზღვრულ დღეებში აღესრულება: დიდმარხვაში; შობას, ნათლისღებას, ხარებას. ამ დღეებში უმეტესად დიდი სერობა ცისკრის ლოვცას უერთდება. მცირე სერობას ზოგიერთ ადგილებში მწუხრის ლოცვასთან აერთებენ. მონასტრებში მწუხრის ლოცვის შემდეგ მონაზვნები ვახშმობენ, შემდეგ ტაძარში ბრუნდებიან და სერობის ლოცვას აღასრულებენ. დიდ სერობას ძველად ეწოდებოდა, აგრეთვე, "ხადილსა ჩემსაჲ" ან "ხადილიანი", რადგან დიდი სერობა იწყება მე-4-ე ფსალმუნით, რომელიც, თავის მხრივ იწყება სიტყვებით: "ხადილსა ჩემსა ესმა ჩემი ღმერთსა..."

 

 

სადიდებელი არის დიდი ცისკრის ნაწილი, რომელიც მოსდევს აუვარებდითს (135-ე ფსალმუნს). სადიდებელი სრულდება შემდეგნაირად: ერთხელ ან რამდენჯერმე იგალობება ღმერთის ან წმინდანის სადიდებელი ლოცვა: "გადიდებთ შენ, ცხოვრებისმომცემელო ქრისტე...", "გნატრით შენ, წმიდაო...", რომელსაც მოსდევს ფსალმუნნიდან გამოკრებილი მუხლები. ეს მუხლები შინაარსით ეხმიანება დღესასწაულს. როდესაც ცისკარზე იგალობება სადიდებელი, მაგრამ არ აღესრულება ღამისთევის მსახურება, ასეთ შემთხვევაში ეწოდება სადიდებლიანი მსახურება. ბერძნულ და სლავურ საღვთისმსახურო ტერმინოლოგიაში არსებობს ტერმინი – პოლიელეოს (სლავურში - პოლიელეი). პოლიელეოს (ბერძ. პოლი - მრავალი, ელეოს - წყალობა) ჰქვია სადღესასწაულო ცისკრის იმ ნაწილს, რომელიც იწყება 19-ე კანონის 134 და 135 ფსალმუნების გალობით ("აქებდით სახელსა უფლისასა..." და "აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ...") და გრძელდება ცისკრის კანონის დაწყებამდე. ამ ნაწილის ასეთი სახელწოდება მომდინარეობს იქიდან, რომ მის შემადგენელ ერთ-ერთ (135) ფსალმუნში მრავალჯერ მეორდება სიტყვა "წყალობა" (ბერძ. - ელეოს) – "რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი".

 

 

საკითხავნი საღმრთისმსახურო ენაზე ეწოდება საწინასწარმეტყველოდან, სამოციქულოდან, პატერიკებიდან, წმიდათა ცხოვრებანიდან, მრავალთავიდან და ა.შ. გამოკრებილ საკითხავებს, რომლებიც იკითხება ღმრთისმსახურების გარკვეულ მომენტებში: ცისკარზე – ფსალმუნნის კანონების შემდეგ, საცისკრო კანონის ზოგიერთი გალობის შემდეგ და სხვა. დღევანდელ დღეს საკითხავნის კითხვა ხდება მხოლოდ მონასტრებში და ისიც მხოლოდ ისეთებში, რომლებშიც სრული ღმრთისმსახურების წესს იცავენ. უმეტესად შემორჩა ცისკრის კანონის VI გალობის შემდეგ სვინაქსარის კითხვა.

 

 

სვინაქსარი (ბერძ. - "კრებული", აგრეთვე იწოდება "პროლოგად" – "შესავალი", "მოსამზადებელი სიტყვა", "წინასწარი თხრობა") ეწოდება წიგნს, რომელიც შეიცავს წმინდანების ცხოვრებებისა თუ აღსანიშნი მოვლენების მოკლე აღწერილობას (ზოგჯერ ტიპიკონთან ერთად). ყოველი დღის სვინაქსარი იკითხება ცისკარზე VI გალობის მომდევნო კონდაკისა და იკოსის შემდეგ, VII გალობის დაწყებამდე.

 

 

სტავროპიგია სიტყვა-სიტყვით ნიშნავს ჯვარის დამყარებას, აღმართვას. ჩვეულებრივ, ეს სიტყვა სხვა მნიშვნელობით გამოიყენება (რომელიც მცირედ უახლოვდება პირდაპირ მნიშვნელობას). ჯვარი აღემართება ხოლმე ნებისმიერი ეკლესიის დაფუძნებისას (საფუძვლის ჩაყრისას), მაგრამ ეს განსაკუთრებული ჯვართ-აღმართვა ტაძარსა თუ მონასტერთან, რაც პატრიარქისა ან უწმიდესი სინოდის მითითებით ხდება, ნიშანია იმისა, რომ ეს ტაძარი თუ მონასტერი ამაღლებულია იმ ეპარქიის მღვდელმთავრის გამგებლობიდან და პატრიარქისა თუ სინოდის უშუალო დაქვემდებარებაში გადადის. ამიტომ ასეთ ტაძრებსა თუ მონასტრებს ეწოდება სტავროპიგიალური. საქართველოში ასეთია, მაგალითად, ღირსი დავით გარეჯელის სავანე.

 

 

სიბრძნით. ამ სიტყვას ღმრთისმსახურების დროს მღვდელი ან დიაკონი წარმოთქვამს მაშინ, როდესაც მრევლის ყურადღება უნდა გაამახვილოს მოსალოდნელ საკითხავსა თუ შესასრულებელ მღვდელმოქმედებაზე.

 

 

სამსაგალობელი არის კანონი, რომელიც არა 9, არამედ სამი გალობისაგან შედგება – წიდა სამების სადიდებლად. სამსაგალობელში, როგორც წესი, ყოველთვის არის 8 და 9 გალობები, ხოლო პირველი 7 გალობიდან – ერთ-ერთი. დიდმარხვის ორშაბათ დღეებში ცისკარზე იგალობება სამსაგალობელი, რომელიც შედგება 1,8,9 გალობებისაგან; სამშაბათის სამსაგალობლები შედგება 2,8 და 9 გალობებისაგან; ოთხშაბათის – 3,8 და 9; ხუთშაბათის – 4,8 და 9; პარასკევის – 5,8 და 9; შაბათობით კი იგალობება ოთხსაგალობლები, რომლებიც 6,7,8 და 9 გალობებისაგან შედგება. თუ კანონი 2 გალობას შეიცავს, მაშინ მას ორსაგალობელი ეწოდება. ეს უკანასკნელი ვნების შვიდეულის პირველ დღეებში იგალობება.

 

 

სტიქოლოგია ჰქვია დავითნის ერთ კანონს ცისკრის პირველ ნახევარში. "ა" (პირველი) სტიქოლოგია ნიშნავს პირველად წასაკითხ კანონს (კანონები იცვლება დღეების მიხედვით), "ბ" სტიქოლოგია – მეორეს, "გ" სტიქოლოგია – მესამეს (ეს უკანასკნელი მხოლოდ დიდმარხვაშია).

 

 

სამებისა არის საგალობელი ან საგალობელთა რიგი ყოვლადწმიდა სამების სადიდებლად. ყოველდღიურ "ალილუიას" მსახურებაზე, ალილუიას შემდეგ იგალობება სამების ტროპარები. ზოგიერთ კანონში ბოლოსწინა ტროპარი არის "სამებისა" და ამიტომ იკითხება (ან იგალობება) ჩასართავით: "დიდებაჲ მამასა და ძესა წმიდასა სულსა".

 

 

ტიპიკონი (ბერძ. "ნიმუში", "ფორმულა", "დაფუძნება") ჰქვია საეკლესიო წიგნს, რომელიც განსაზღვრავს წლის ყოველი დღის ღმრთისმსახურების შემადგენლობას, რიგსა და წესს. აგრეთვე, მასში მითითებულია დღესასწაულები, მარხვები, მსგეფსები მთელი წელიწადისათვის და ამათ გარდა, რამდენიმე წესი მონაზვნური ცხოვრებისა. თუმცა, ყველა ღმრთისმსახურებას არ განსაზღვრავს წიგნი, რომელსაც "ტიპიკონი" ეწოდება, არამედ ზოგიერთი ღმრთისმსახურების განგება სხვადასხვა საღმრთისმსახურო წიგნებში უნდა ვეძიოთ: ლიტურგიის განგება და წესი (მისი სამი სახესხვაობით) გადმოცემულია კონდაკში; შუაღამიანის, ჟამნებისა და სერობების – ჟამნში; საიდუმლოთა შესრულების, მიცვალებულის დამარხვის, წყლის კურთხევის, ტაძართა კურთხევის, მონაზვნად აღკვეცის – კურთხევანში. ტიპიკონის მთავარი დანიშნულება კი მდგომარეობს შემდეგში: შეაერთოს თვენი პარაკლიტონთან, ან თვენი ტრიოდიონთან მწუხრისა და ცისკრის ღმრთისმსახურებებზე. სხვა მსახურებებს ის მხოლოდ იმ შემთხვევაში ეხება, როდესაც დღესასწაულისა თუ მარხვის მოთხოვნით ამ მსახურებათა წესი რომელიმე ნაწილში იცვლება.

 

 

ტროპარი, ფართო მნიშვნელობით, არის საერთო სახელწოდება ყველანაირი საეკლესიო საგალობლისა, თუნდაც მას სხვა, განსხვავებული სახელწოდება ჰქონდეს. მაგალითად, ყველა დასდებელი არსობრივად არის ტროპარი, წარდგომები (მეორე მნიშვნელობით – იხ. წარდგომა) ტროპარებია, იპაკო ტროპარია, კანონის ყველა საგალობელი ტროპარია (ე.ი. ძლისპირი და მუხლები, რომლებიც მასთან ერთად კანონის თითოეულ გალობას შეადგენენ) და სხვა. ვიწრო მნიშვნელობით, ტროპარი არის საგალობელი, რომელიც შედგენილია დღესასწაულისა თუ წმინდანის საპატივცემულოდ – საგალობელი, რომელშიც მოკლედაა გამოხატული დღესასწაულის შინაარსი ან წმინდანის ცხოვრების სახე. რაც შეეხება სიტყვა "ტროპარის" წარმომავლობას, ჩვენ ყველა საფუძველი გვაქვს ამ საკითხში მივენდოთ წმ. მარკოზ ეფესელის ავტორიტეტს. იგი ამბობს: "ტროპარს ასე ვუწოდებთ სიტყვა "τρέπω" (მივმართავ)-დან, რადგან ისინი (ე.ი. ტროპარები) ყოველთვის იქმნება ცნობილი ნიმუშის მიხედვით და იგალობება ცნობილი საგალობლების მიხედვით და ცნობილი ხერხით. მათვე ზოგჯერ დასდებლებს (ბერძ. "სტიხიროს") ვუწოდებთ, რადგან მათ წინ რამე მუხლი (ბერძ. "სტიხოს") იგალობება, რომელიც დავითის ფსალმუნებიდანაა აღებული ან სხვა წიგნიდან" (ქართულად: ტროპარი "ედება" ჩასართავს ფსალმუნნიდან ანუ ხდება "დასადებელი", "დასდებელი"). აქედან ჩანს, რომ ტროპარი, თავისი სიტყვაშედგენილობით, ისეთი საგალობელია, რომელიც იქმნება და იგალობება ცნობილი ნიმუშის მიხედვით, რომელსაც უნდა "მივმართოთ" ყოველთვის, როდესაც უნდა შესრულდეს ეს საგალობელი (შეად. მსგავსი, ძლისპირი). კანონის თითოეული გალობის საგალობლებს (ძლისპირისა და კატავასიის გარდა) აგრეთვე ტროპარები ეწოდება.

 

ნიმუშები:

(1) პასექის (აღდგომის) ტროპარი: "ქრისტე აღდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი".

 

წმ. გიორგის ტროპარია: "ტყვეთა განმანთავისუფლებელო..."

 

(2) ტროპარი კანონში: ზიარების წინა კანონში – "პურ ცხორებისა საუკუნოჲსა...", "სისხლსა მას შენსა პატიოსანსა..." – ტროპარებია.

 

 

ტრიოდიონი ბერძნულად "სამსაგალობელს" ნიშნავს, მაგრამ ამ შემთხვევაში სახელი "ტრიოდიონი" აღნიშნავს არა თვითონ კანონს, რომელსაც სამსაგალობელი ეწოდება, არამედ წიგნს, რომელიც შეიცავს მთელ რიგ საეკლესიო მსახურებებს, მეზვერისა და ფარისევლის კვირიდან ყოველთა წმიდათა კვირიაკის ჩათვლით. სხვანაირად რომ ვთქვათ – აღდგომის წინა მე-9-ე კვირიდან აღდგომის შემდეგ მე-9-ე კვირის ჩათვლით. ტრიოდიონი ორ ნაწილადაა დაყოფილი: (1) მარხვანი. იგალობება მეზვერისა და ფარისევლის კვირიაკიდან აღდგომამდე, და (2) ზატიკი. აღდგომიდან ყოველთა წმიდათა კვირიაკის ჩათვლით.

 

 

მარხვანი ჩვენი თვალთახედვის წინაშე წარმოაჩენს ჩვენი დაცემის უფსკრულს, განგვაწყობს სინანულისა და ლმობიერებისადმი, გვთავაზობს მაცხოვნებელ საშუალებებს მარხვის, ლოცვის, სიმდაბლისა და მოწყალების სახით. ბოლოს კი, გვახსენებს ჩვენი რწმენისა და იმედის საფუძველს (და გვირგვინს) იესო ქრისტეს ტანჯვასა და სიკვდილს ჩვენი ცხოვრებისათვის. ზატიკი (ძვ. ქართულად – "დღესასწაული") უგალობს ქრისტეს აღდგომას, მის ზეცად ამაღლებას, სული წმიდის გარდამოსვლას და ბოლოს, მოციქულთა მსოფლიო ქადაგების საქმეს.

 

 

ფსალმუნნი არის წმიდა წიგნი, ძველი აღთქმის საგალობლების კრებული. ამ საგალობლების უმეტესი ნაწილი (ან ყველა მათგანი) იგალობა დავით მეფემ სული წმიდის შთაგონებით. ამის გამო, ფსალმუნნს ხშირად "დავითნს" უწოდებენ. ფსალმუნნის შინაარსი მრავალფერია, მასში ადამიანის სულის ყველა მოძრაობაა გამოხატული. წმიდა მოციქულები, წმიდა მამები ერთხმად გვასწავლიან, რომ ფსალმუნთა წიგნს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადამიანის სულისთვის. მის უაღრესად დიდ სარგებლიანობაზე ისიც მეტყველებს, რომ ყველა საეკლესიო ღმრთისმსახურება, წირვის გარდა, ძირითადად ფსალმუნებისაგან შედგება. ტიპიკონი ფსალმუნნიდან იღებს ზოგჯერ ცალკეულ მუხლებს, ზოგჯერ მთელ ფსალმუნებს, ზოგჯერ მიყოლებით რამდენიმე ფსალმუნს, ზოგჯერ – კანონს, ზოგჯერ – გამოკრებილ ფსალმუნს და ა.შ. როდესაც ვიღებთ ცალკეულ მუხლებს, ამას ეწოდება "წარდგომა" (მაგ. მწუხრის, წირვის წარდგომები, "ღმერთი უფალი" მუხლებით – ცისკარზე და სხვა). ჩასართავები სტიქარონსა ზედა დასდებლებს შორის, ლიტურგიის ანტიფონები და სხვა, აგრეთვე, ფსალმუნნის ცალკეული მუხლებითაა აგებული. ამის გარდა, თითოეული ღმრთისმსახურებისათვის განკუთვნილია მთლიანი ფსალმუნები: მწუხრისათვის – 5, სერობის, შუაღამიანისა და თითოეული ჟამნისათვის – 3, ცისკრისათვის – 12. და ბოლოს, ზოგჯერ ღმრთისმსახურებაში ფსალმუნნის მთელი ნაწილები (კანონები) იკითხება მიყოლებით.

 

ფსალმუნნი, რომელიც 150 ფსალმუნს შეიცავს, იყოფა 20 ნაწილად ე.წ. "კანონად". თითოეული კანონი, თავის მხრივ 3 ნაწილად ე.წ. "დიდებად".

 

ეკლესიაში ფსალმუნთა წიგნი მთლიანად ერთი კვირის განმავლობაში იკითხება (დიდმარხვაში – ორჯერ კვირაში). ამის გარდა ყველა პარაკლისი თუ სხვა სავედრებელი ლოცვა 1 ფსალმუნს მაინც შეიცავს.

 

ფსალმუნნის უაღრესად დიდ მნიშვნელობაზე საკმარისია ეკლესიის დიდი მამის – წმ. იოანე ოქროპირის სიტყვა მოვიყვანოთ: "ფრიად უკეთილეს არს (ე.ი. სჯობს), რათა დაშრტეს მზე ბრწყინვალებისა თვისისაგან, ვიდრეღა ფსალმუნი აღმოკითხვისაგან; დიდ სარგებელ არიან სწავლანი ფსალმუნთანი, რამეთუ საღმრთო წერილნი ყოველნივე კეთილ არიან და განმდევნელ ეშმაკთა, არამედ არა ეგრე ვითარცა ფსალმუნნი".

 

 

ღამისთევის ლოცვა ეწოდება საეკლესიო მსახურებას, რომელიც უნდა აღესრულოს კვირადღეებსა და დიდ დღესასწაულებზე, და რომელიც მთელი ღამე უნდა გაგრძელდეს. ეს ლოცვა შედგება მწუხრისა (ან დიდი სერობისა) და ცისკრის ლოცვებისა და პირველი ჟამნისაგან (შეიძლება სხვა ლოცვებისგანაც). მსახურებაში, ტიპიკონის მიხედვით, ჩართულია საკითხავები: სვინაქსარი, სამოციქულო, ეკლესიის წმიდა მამათა ნაშრომები და სხვა. მლოცველებისათვის იკურთხება და შემდეგ რიგდება პური, ხორბალი, ღვინო და ზეთი. წმიდა მამებმა ღმრთივგანბრძნობილად დაადგინეს ღამისთევის ლოცვები, რათა მთელი ღამე ლოცვით შესაფერისი მომზადებით შევხვდეთ წმიდა დღესასწაულებს. დღევნდელ დღეს ღამისთევის ლოცვები შემოკლებით სრულდება საკითხავების გარეშე, ხოლო მღვიძარება ანუ საღამოდან დილამდე ღმრთისმსახურება მხოლოდ ისეთ მონასტრებში აღესრულება, სადაც ღმრთისმსახურების წესი შეუმოკლებლად სრულდება. საეკლესიო ტიპიკონი წელიწადის განმავლობაში 70-მდე ღამისთევის ლოცვას ითვალისწინებს, მაგრამ თუკი "უპირატესს ენებოს", სხვა შემთხვევაშიც "ჰყოფს ღამისთევასა".

 

 

ღმრთისმშობლისა – არის დასდებელი, რომელიც შეიცავს განდიდებას ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლისა – მიუწვდომლად განხორციელებული ღმერთის დედისა და ჩვენი მეოხისა. ღმრთისმშობლისა უმეტესად მოქცეულია დასდებლების ყოველი მიმდევრობის ბოლოს და იგალობება ჩასართავით "აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ." ამგვარადაა ღმრთისმშობლისანი "უფალო ღაღად-ვყავ"-ზე, ლიტიაზე, სტიქარონზე, აქებდითზე; ამის გარდა, კანონის თითოეული გალობის ბოლო მუხლიც ღმრთისმშობლისაა. ერთი სიტყვით, საეკლესიო მსახურებაში განუწყვეტლად სრულდება ღმერთის დედისადმი მიძღვნილი დასდებლები და ტროპარები. ოთხშაბათსა და პარასკევს, როდესაც აღესრულება ქრისტეს ჯვრის მსახურება, ღმრთისმშობლისების ნაცვლად იგალობება ჯვარ-ღმრთისმშობლის დასდებლები, რომლებშიც აღწერილია უბიწო ქალწულის ტანჯვა და გულისტკივილი მისი ღმრთაებრივი ძის ჯვრის წინაშე, აგრეთვე, აღიარება, რომ თუმცა იესო ჯვარს აცვეს, სწორედ იგია ჭეშმარიტი ღმერთი. კვირა დღეებში იგალობება ღმრთისმშობლის დოგმატიკონები, ე.ი. ისეთი დასდებლები, რომლებშიც ღმრთისმშობლის განდიდების გარდა გადმოცემულია დოგმატური სწავლება, – რომ სწორედ უბიწო ქალწულისა და სული წმიდისაგან შეისხა ხორცი ღმერთის ძემ, იესო ქრისტემ, რომელიც არის ჭეშმარიტი კაცი და ჭეშმარიტი ღმერთი, ერთ პირში განუყოფელად და შეურევნელად შეერთებული ღმრთაება და კაცება. დოგმატიკონები განწესებულია "უფალო ღაღად-ვყავ"-ის ბოლო დასდებლად ყველა შაბათ დღეს, როგორც დიდ, ასევე მცირე მწუხრებზეც.

 

 

შუაღამიანი ანუ შუაღამისაჲ არის დღე-ღამის ღმრთისმსახურებათა ციკლის ერთ-ერთი ლოცვა. იმსახურება გვიან, "შუა ღამეს", ცისკრის წინ. შუაღამიანი 4 სახისაა: ყოველდღიური, შაბათის, კვირისა და პასექის (ე.ი. აღდგომის). ოთხივე მათგანი თავისებურად იმსახურება.

 

 

ჩამოლოცვა არის თითოეულ ღმრთისმსახურებაში მღვდლის უკანასკნელი ლოცვა, რომლითაც სრულდება მსახურება და მრევლს ლოცვა-კურთხევა ეძლევა დატოვოს ტაძარი. ჩამოლოცვა იცვლება ღმრთისმსახურებათა მიხედვით. შუაღამიანის, ჟამნებისა და სერობის ლოცვები სრულდება მცირე ჩამოლოცვებით, რომელშიც მეოხებად იხსენებიან ღმრთისმშობელი, ღირსი და ღმერთშემოსილი მამები და ყველა წმინდანები სახელების ჩამოთვლის გარეშე. მწუხრისა და ცისკრის ლოცვები სრულდება დიდი ჩამოლოცვებით, რომლებშიც ცალ-ცალკე იხსენებიან: წმიდა მოციქულები, ტაძრის წმინდანი, ეპარქიაში გაბრწყინებული წმინდანები, დღის წმინდანები, ღმრთისმშობლის მშობლები – იოაკიმ და ანა და ყოველნი წმინდანნი. ამათ გარდა, ჩამოლოცვაში იხსენებიან: უსხეულო ზეციური ძალები – ორშაბათს, წმიდა წინასწარმეტყველები და წმიდა იოანე ნათლისმცემელი – სამშაბათს, ძლიერება პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისა – ოთხშაბათს და პარასკევს, წმ. ნიკოლოზი – ხუთშაბათს. ჩამოლოცვაში იხსენება ხოლმე, აგრეთვე, წმ. იოანე ოქროპირი, წმ. ბასილი დიდი და წმ. გრიგოლი დიოლოღოსი – იმისდა მიხედვით, თუ რომელი წირვა შესრულდა. კვირაობით ჩამოლოცვა იწყება სიტყვებით: "მკვდრეთით აღდგომილმან ქრისტემან..." საუფლო დღესასწაულებში: "მკვდრეთით აღდგომილმან" იცვლება დღესასწაულის შესაფერისი სიტყვებით; მაგალითად, შობას: "რომელი (ე.ი. ვინც) ქვაბსა შინა იშვა და ბაგასა მიიწვინა ჩვენისა ცხორებისათვის ქრისტემან ჭეშმარიტმან..." და ა.შ. ყველა ეს ცვლილება და დამატება დაწვრილებით მითითებულია კონდაკში (იხ. კონდაკი – წიგნი). აი რას წერს ჩამოლოცვაზე სვიმეონ თესალონიკელი: "მღვდელი მსახურებას ასრულებს ლოცვით, რომელსაც ჩამოლოცვა ეწოდება, რადგან ყველას არ აქვს უფლება, დაუტეოს საღმრთო საგალობლები და წავიდეს; ამისათვის საჭიროა მღვდლის ლოცვა-კურთხევა; ისევე, როგორც მღვდელმა დაიწყო მსახურება, სწორედ იგი ამთავრებს კიდევაც მას და დაბეჭდავს ლოცვით. მღვდელი მოუწოდებს ქრისტეს – ჭეშმარიტ ღმერთს, მისი წმიდა დედის და ყოველთა წმიდათა მეოხებით, სთხოვს შეგვიწყალოს და გვაცხოვნოს. რადგან ჩვენ თვითონ არაფერი გაგვაჩნია, არამედ ყველაფერი იქიდან მივიღეთ, რომ ქრისტე, თავისი სახიერებით, განკაცდა, ხოლო მისი დედა და მისი წმინდანები ჩვენი მეოხნი არიან ღვთის წინაშე".

 

 

ცისკარი არის ერთ-ერთი ლოცვა დღე-ღამის საღმრთისმსახურო ციკლიდან. როგორც სახელწოდებიდან ჩანს, იგი აღესრულება დილით (თანაც ადრიანად). ჩვეულებრივ, ცისკარი შეერთებულია შუაღამიანთან (საერო ტაძრებში შუაღამიანს აღარ ლოცულობენ) და პირველ ჟამნთან ისე, რომ შუაღამიანი იგალობება მანამდე, პირველი ჟამნი კი – ცისკრის შემდეგ. დღესასწაულებზე ცისკარი ხშირად ერთდება წინა დღის მწუხრთან და ამ გაერთიანებულ მსახურებას ეწოდება ღამისთევის ლოცვა (მწუხრი, ცისკარი, I ჟამნი). ზოგიერთ დღესასწაულზე, როგორებიცაა ქრისტეს შობა, ნათლისღება (ზოგჯერ ხარება), ცისკარი ერთდება წინა დღის დიდ სერობასთან. ცისკარი ძირითადად სრულდება დიდი (დღესასწაულებზე), სადაგი დღის (ჩვეულებრივ დღეებში), მიცვალებულთა (მიცვალებულთა ხსენებაზე). კიდევ არსებობს რამდენიმე განსხვავებული ცისკარი (განსაკუთრებით დიდმარხვაში). აღსანიშნი დღესასწაულისა თუ მოსახსენიებელი წმინდანის უმეტესი საგალობლები მოთავსებულია ცისკრის ლოცვაში

 

 

ძლისპირი ეწოდება კანონის თითოეული გალობის პირველ ტროპარს. ძლისპირების მიხედვით იქმნება გალობის დანარჩენი ტროპარები (წინადადებებისა და მარცვლების რაოდენობა, გალობის კილო, გალობებისათვის დამახასიათებელი სიტყვები და სხვა). ამიტომ ძლისპირი გალობის დასაწყისშია მოქცეული, რათა მის მიხედვით შესრულდეს სხვა ტროპარები.

 

 

წარდგომა (ბერძ. "პროკიმენოს" – წარმოდგენილი, "წინადაგებული" მუხლი) ეკლესიურ ენაზე ჰქვია:

 

(1) მუხლს დავითის ფსალმუნნიდან (ძირითადად), რომელიც ეხმიანება დღისა თუ დღესასწაულის შინაარსს. მას თან ერთვის სხვა მუხლიც (შეიძლება, მუხლებიც), რომელიც განავრცობს პირველ მუხლში გამოთქმულ აზრს. წარდგომა გვაუწყებს ძველაღთქმისეულ წინასწარმეტყველებას ქრისტეს მოსვლისა და ახალაღთქმისეულ ეკლესიაზე; მაგალითად, უფლის ამაღლების დღესასწაულის წარდგომაა: "ამაღლდი ცათა შინა, ღმერთო, და ყოველსა ქუეყანასა ზედა არს დიდებაჲ შენი" (ფს. 56,11); წმიდა მოციქულთა: "ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმაჲ მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი" (ფს. 18,4) და ა.შ.

 

(2) ისეთ საეკლესიო საგალობელს, რომლის დროსაც ქრისტიანებს ტაძარში დასხდომა შეუძლიათ. ასეთი წარდგომებია ხოლმე პირველი და მეორე სტიქოლოგიების შემდეგ, კანონის III გალობის შემდეგ (ცისკარზე). ზოგჯერ წარდგომის ადგილას იგალობება იბაკო (ბერძ. „დამორჩილება“); იგი წარდგომისგან განსხვავებით იგალობება (ან იკითხება) ფეხზე დგომით.

 

 

ხელთდასხმა არის კურთხევის ძველი ნიშანი, რომელიც მდგომარეობს შემდეგში: დამლოცველი თავზე ხელს ადებს დასალოცს (და შესაბამის ლოცვას წარმოთქვამს – მთ. შენ.). სწორედ ამგვარად აკურთხა მამათმთავარმა იაკობმა, ალბათ მამების მაგვარად, თავისი შვილიშვილები – იოსების შვილები (დაბ. 48,14-18). იესო ქრისტემ საკუთარი მაგალითით აკურთხა ეს ძველი წესი, როდესაც მასთან მიყვანილი ბავშვები ხელის დადებით დალოცა (მთ. 19,15). წმ. მოციქულები სწორედ ხელთდასხმით გადასცემდნენ ახლადნათელღებულებს სული წმიდის ნიჭებს (საქმე 8,17; 19,6), რაც შემდგომში მირონცხებით შეიცვალა. ამის გარდა, მოციქულები ხელთდასხმითვე გადასცემდნენ რჩეულ ადამიანებს განასაკუთრებულ მადლს, რათა ამ უკანასკნელთ ეკლესიის რომელიმე განსაკუთრებული მსახურება შეესრულებინათ: პირველი შვიდი დიაკონი ხელთდასხმით იკურთხა (საქმე 6,7); ბარნაბა და პავლე სახარების საქადაგებლად ხელთდასხმით დალოცეს (საქმე 13,3). მოციქულთა ხელების დადებით იკურთხებოდნენ პირველი ეპისკოპოსები და მღვდლები (1 ტიმ. 4,14 და საქმე 14,23). მოციქულებმა თავიანთ მემკვიდრეებს (ეპისკოპოსებს) გადასცეს ძალაუფლება ხელების დადებით დაადგინონ რჩეული ადამიანები ამა თუ იმ საეკლესიო ხარისხზე. ამ გზით ქრისტეს ეკლესიაში მოციქულთა დროიდან შემოინახა (და ჟამთა აღსასრულამდე იქნება) ძალაუფლება იმისა, რომ უწყვეტი ხელთდასხმის (თაობიდან თაობაში) მეშვეობით მოხდეს სული წმიდის მადლის გადაცემა. ეს ძალაუფლება აქვთ მხოლოდ ეკლესიის წინამძღოლებს ე.ი. ეპისკოპოსებს, თვითონ ეპისკოპოსსაც ხელს ასხამს ეპისკოპოსთა კრება (მოციქულთა I კანონი). თითოეული ეპისკოპოსი თავის ეპარქიაში ხელს ასხამს მღვდლებსა და დიაკვნებს, იპოდიაკვნებს, წიგნის მკიღხველებს, მგალობლებს. მაგრამ აქ უნდა გავმიჯნოთ ორგვარი ხელთდასხმა (ბერძნულ ენაში ორი სიტყვაა): ხიროტონია და ხიროთესია. ხიროტონია ისეთი ხელთდასხმაა, რომლის დროსაც ხდება მღვდლობის მადლის გადაცემა (მღვდლობის საიდუმლო) ანუ ხელთდასხმა ეპისკოპოსად, მღვდლად ან დიაკვნად (საქმე 14,23). ამიტომ ასეთი ხელთდასხმა საზეიმოდ სრულდება წმ. ტრაპეზის სიახლოვეს, წირვის განმავლობაში (წირვა თითქოს ჩერდება ამისათვის). სხვაგვარი ხელთდასხმა (ქართულად, უბრალოდ "კურთხევა") – ხიროტესია სრულდება შუა ტაძარში და მის დროს ხდება არა მღვდლობის მადლის გადაცემა, არამედ რომელიმე ადამიანს ლოცვა-კურთხევა ეძლევა ეკლესიაში რომელიმე, შედარებით მცირე, მსახურება აღასრულოს (წაიკითხოს, იგალობოს და ა.შ.).