(მთ. 28, 1-8; მკ. 16, 1-8; ლკ. 24, 1-12; ინ. 20, 1-10)
შთაბეჭდილებას იწვევს მარკოზის სახარების უეცარი დასასრული მოცემულ კრიტიკულ მონაკვეთში. არცერთ სახარებაში არ არსებობს აღდგომის მსგავსი სახით „აღწერა“, როგორც მარკოზთან, არამედ ცარიელი საფლავის მხოლოდ ცნობა და მტკიცებულებანი და ბუნებრივია მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვრის შემდგომი გამოცხადებანი გვხვდება. მახარებელი მათე უბრალოდ მარკოზის „გარდაგორვებულ იყო ლოდი იგი“ -ს (16, 4) და ლუკას „ლოდი იგი იყო გარდაგორვებული“-ს (24, 2) წარსულ დროს აწმყოთი ცვლის: „გარდააგორვა ლოდი იგი“ (მთ. 28, 2) და მოვლენას რეალურ დროში აღწერს.
დედაკაცები საფლავის ლოდის გადაგორების თვითმხილველნი ხდებიან. ამიტომაც ცარიელი სამარხი მცირე დროის განმავლობაშიც კი არ რჩება მოწმეთა გარეშე. მათეს განმარტებას, დანარჩენი მახარებლების განმარტებათა გარდა, აპოლოგეტური ხასიათიც აქვს და ბუნებრივია წინამორბედი მონაკვეთის (საფლავის დაცვის შესახებ) გაგრძელებას წარმოადგენს. მათესთან, ისევე როგორც სხვა მახარებლებთან, მაცხოვრის აღდგომა მოწმეთა თანდასწრებით არ ხდება. ლოდის გადაგორება ანგელოზის მიერ იმის დასადასტურებლად ხორციელდება, რათა ხაზი გაესვას იმ გარემოებას, რომ საფლავი უკვე ცარიელია, რადგან „არა არს აქა, რამეთუ აღდგა, ვითარცა თქუა. მოვედით და იხილეთ ადგილი, სადა დაიდვა უფალი“ (მთ. 28, 6). ჯარისკაცები, რომლებიც საფლავს დარაჯობდნენ, ისინიც ცარიელი საფლავის მოწმენი არიან, მაგრამ სრულიად შეუგნებლად და მოვლენის სიდიადეს ვერ აცნობიერებენ. მათესათვის ისინი უბრალოდ „დამარცხებულნი“ არიან, ვერ ხდებიან რა აღდგომის ხარების მატარებელნი. ანგელოზი მხოლოდ დედაკაცებს მიმართავს: „ნუ გეშინინ თქუენ“ (მთ. 28, 5), ანუ ჯარისკაცებისაგან განსხვავებით ნუ შეშინდებით!
„ერთშაბათ“-ში (მკ. 16, 2) უნდა იგულისხმებოდეს „პირველი დღე“ (შაბათის შემდეგ). ებრაულ და არამეულ ენებში „ერთს“ ცვლის „პირველი“, ალბათ უფრო ებრაიზმის გამო. კვირა, როგორც დღე, ნათელია, რომ ჯერ არ არსებობს და შვიდეული „ერთით“ („ერთშაბათით“) იწყება.
მათე მახარებლის მიერ ჯვარცმისას აღწერილი მიწისძვრა, რომელიც „ძე კაცისა“-ს, იესო ქრისტეს სიკვდილს აღნიშნავდა, ახლა უკვე მის აღდგომასაც ნიშნავს.
„ჭაბუკი“ (მკ. 16, 5), ისევე როგორც „ორი მამაკაცი“ (ლკ. 24, 4), ბუნებრივია ანგელოზები არიან (იხ. 2 მაკაბ. 3, 26. 33).
„აჰა წინაგიძღვის თქუენ გალილეას“ (მთ. 28, 7; იხ. ასევე მთ. 26, 32; მკ. 14, 28) - გალილეა, საიდანაც ყველაფერი დაიწყო, მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვრის გამოცხადების ადგილი ხდება. ლუკა და იოანე მახარებლები (გარდა 21-ე თავისა, რომელიც ჩანართია), არ აღწერენ იესოს გალილეაში გამოცხადებას. მათი ინტერესი იერუსალიმისკენ, იუდაიზმის ცენტრისაკენ არის მიმართული.
„მოიხსენეთ, ვითარ-იგი გეტყოდა თქუენ, ვიდრე იყოღა იგი გალილეას“ (ლკ. 24, 6)- მახარებლის აღნიშნული სიტყვები უკან ლკ. 9, 22. 44-45; 18, 31-32-ში გვაბრუნებს.
„ხოლო პეტრე აღდგა... და იხილნა ტილონი იგი ხოლო“ (ლკ. 24, 12) - თუკი იესოს გვამი მოიპარეს მოწაფეებმა, მაშინ მისი სუდარაც თან უნდა წაეღოთ. ლუკას გადმოცემის მსგავსება იოანე ღვთისმეტყველის გადმოცემასთან ნათელია.
პეტრე მოციქულისა და „სხუაი იგი მოწაფეი“-ს (ინ. 20, 4) შორის „შეჯიბრი“ მიზნად ანტაგონიზმსა და დაპირისპირებას არ ისახავს. იოანეს უბრალოდ სურს აღნიშნოს, რომ არა მხოლოდ პეტრე, არამედ სხვა მოწაფეც გაიქცა ცარიელი საფლავის სანახავად პირველთაგან ერთ-ერთი. ამ მოწაფემაც და მოციქულმა პეტრემაც (მიუხედავად იმისა, რომ პეტრეს შესახებ მსგავსი რამ არ აღინიშნება) ირწმუნეს, ვინაიდან საკუთარი თვალით იხილეს ცარიელი საფლავი, სუდარა და სახვევები (sudarium= სუდარა, მანდილი): „იხილეს და ჰრწმენა, რამეთუ არღა იცოდეს წერილისაი“ (ინ. 20, 8-9; იხ. ასევე ლკ. 24, 25-47). „სხუაი იგი მოწაფეი“, „რომელი უყუარდა იესუს“ (ინ. 20, 2), რა თქმა უნდა თვით იოანე მახარებელია (იხ. ინ. 1, 35-42; 18, 15; 19, 26; 21, 20-24). გამოთქმა „წარვიდეს უკუე კუალად თვისაგან მოწაფენი იგი“ (ინ. 20, 10) მოწაფეების სახლში დაბრუნებას გულისხმობს (იხ. ასევე ინ. 19, 27 „თვისთა თანა“).
იოანე ღვთისმეტყველთან მარიამ მაგდალინელი არ გახლავთ ცარიელი საფლავის ერთადერთი მოწმე. მრავლობით რიცხვში გამოყენებული „აღიღეს უფალი საფლავისაგან, და არა უწყი, სადა დადვეს იგი“ (ბერძ. «ούκ οίδαμεν» ინ. 20, 2) ნათლად მიუთითებს, რომ მარიამი მარტო არ იმყოფებოდა. მახარებელის ინტერესი მკვდრეთით აღმდგარი იესოს აღდგომიდან უმალვე მარიამ მაგდალინელის წინაშე წარდგომაა. ეს თხრობა, როგორც ჩანს, ცნობილ გნოსტიკურ გარდამოცემასაც ეხმაურება.