მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები წიგნის შესახებ

სტამატიოს ნ. ხაძისტამატიუ
„იესო ქრისტეს ვნება სახარებების მიხედვით“
(ლექციათა კრებული)


იესოს დაკრძალვა

(მთ. 27, 57-61; მკ. 15, 42-47; ლკ. 23, 50-56; ინ. 19, 38-42)


Οψίας γενομένης [ქართ. „და ვითარცა შემწუხრდა“ (მთ27, 57)] ნიშნავს „როგორც კი დაბინდება დაიწყო“, მაგრამ გულისხმობს დღის მონაკვეთს აუცილებლად მზის ჩასვლამდე. ჯერ კიდევ პარასკევია, ანუ შაბათის დასაწყისი (საღამოს 6 სთ. შემდეგ) და უცომოების დღესასწაულის პირველი დღე. მეორე რჯულის 21, 22-23-ის თანახმად, როგორც უკვე აღინიშნა, იკრძალებოდა ღამის განმავლობაში მიცვალებულის გვამის დაუსაფლავებლად დატოვება. ამასთანავე დაკრძალვა შაბათის დღესასწაულის დადგომამდე უნდა აღსრულებულიყო.


იოსებ არიმათიელი, ისევე როგორც ნიკოდიმოსი (ინ. 19, 39), იერუსალიმის დიდი სინედრიონის წევრი გახლდათ. იგი, როგორც ამას მახარებელი ლუკა აღნიშნავს, არა თუ არ ემხრობოდა სინედრიონის გადაწყვეტილებას იესოს დასჯასთან დაკავშირებით, არამედ მაცხოვარს ფარულად ემოწაფებოდა კიდეც. შეიძლება ამის გამოა, რომ მათე მახარებელი იოსების დიდი სინედრიონის წევრობას საერთოდ არ აღნიშნავს და მას იესოს ერთ-ერთ „მდიდარ“ მოწაფედ წარმოგვიჩენს, რათა მაცხოვრისთვის მსჯავრის გამოტანაში მისი მოწაფეც არ დაადანაშაულოს. თუმცა არ იყო აუცილებელი, რომ მსჯავრის გამოტანისას იოსებიც იქ ყოფილიყო. Ευσχήμων [ქართ. „შუენიერი მზრახვალი“ (მკ. 15, 43)] ნიშნავს გამოჩენილს. მარკოზის ფორმულირება „რომელი-იგიცა მოელოდა სასუფეველსა ღმრთისასა“ (15, 43), არ არის ნათელი და შესაძლოა მორწმუნე ფარისევლისაგან იესოს მოწაფეობას ნიშნავდეს, იმ გაგებით, რომ იგი მაცხოვარს სასუფევლის მატარებლად თვლიდა. „არიმათია“ შეიძლება ან Ramah, Ramathaim-zophim-ი იყოს იერუსალიმიდან 40 კმ. ჩრდ.-დასავლეთით (1 მეფ. =1 სამ. 1. 1. 19 «Αρμαθάιμ» (Ο’), ანდა „რამალა“ იერუსალიმიდან ჩრდილოეთით. ნიკოდიმოსი ფარისეველია, რომელთანაც მაცხოვარს უმძიმესი და უმნიშვნელოვანესი დიალოგი ჰქონდა (იხ. ინ. თავი 3). მიუხედავად იმისა, რომ ნიკოდიმოსიც და იოსებ არიმათიელიც ჯვარცმამდე იესოს ფარულ მოწაფეებად რჩებიან, უკანასკნელ ჟამს სიმამაცეს იკრებენ (იოანე მახარებლის მიხედვით ორივე), რათა პილატეს წინაშე განცხადებულად წარდგნენ და უფლის გვამი დასაკრძალად გამოითხოვონ. საქმე, რომელიც იესოს ღვთიურობის აღიარებას უდრის.


„სმირნა“ (ინ. 19, 39) არის ბალახოვანი მცენარის, ბალზამის ხისაგან დამზადებული ნელსაცხებელი ან მირონი. „ალოე“ არომატული ნელსაცხებელია ალოესაგან. ორივე არომატულ ნელსაცხებელს, სხვა ნელსაცხებლებთან ერთად ფართო გამოყენება ჰქონდა გვამის ბალზამირებისას ეგვიპტეში. გამოყენებული იყო ასევე ალექსანდრე დიდის, მაკედონელის ბალზამირების დროსაც (ფსევდო კალისთენი, „ალექსანდრე დიდის ისტორია“ 3, 34). ნელსაცხებლის რაოდენობა, რომელსაც იოანე მახარებელი აღგვიწერს, 100 რომაული ლიტრა (1ლ=327, 45 გრ) უზარმაზარია და 32, 745 კგ. -ს უდრის. ასეთი რაოდენობის ნელსაცხებლის გამოყენება სამეფო დაკრძალვის ხასიათს ატარებს, მიუხედავად იმისა, რომ ვერ უტოლდება ჰეროდე დიდის დაკრძალვას, რომლის დროსაც ნელსაცხებლის მხოლოდ გადასატანად 500 მონა გამოიყენეს (იოს. ფლავ. „არქეოლოგია“ 17, 199).


პილატეს სამართლიანად უკვირს იესოს ასეთი სწრაფი სიკვდილი, ვინაიდან ჯვარზე სიკვდილი ჩვეულებრივ გვიან დგებოდა. ამიტომაც მოეთათბირა სასჯელის აღმასრულებელი ქვედანაყოფის ასმეთაურს, ვიდრე ქრისტეს სხეულის დაკრძალვის შესახებ თანხმობას მისცემდა. რადგან იესო დასჯილი იყო როგორც ფსევდომესია და როგორც აჯანყებული, პროკურატორს ჰქონდა უფლება, რომ ჯვარცმულის დაკრძალვის უფლება საერთოდ არ მიეცა. აღნიშნული ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ პილატე იესოს მიმდევრებს საშიშ ადამიანებად არ აღიქვამდა და არც იუდეველთა მმართველი წრეებისაგან ჰქონდა ზეწოლა. შესაძლოა იგი პატივს სცემდა იუდეველთა ჩვეულებებს, რომლებსაც იესოს დაუკრძალველობის შემთხვევაში პრობლემები შეექმნებოდათ, თანახმად რჯლ. 21, 22-23-ისა.


საფლავი იყო ქვის და ერთი დიდი, მრგვალი ლოდით ილუქებოდა. ასეთი საფლავი მდიდარ და სინედრიონის წევრ იოსებს უფრო შეეფერებოდა, ვიდრე იესოს ოჯახს. სავარაუდოა, რომ იგი სწორედაც იოსებ არიმათიელის საკუთრება იყო. მსგავსი საფლავები დღესაც არსებობს ძველი იერუსალიმის კედლებს მიღმა. სხვებთან ერთად დედაკაცებიც ესწრებოდნენ იესოს დაკრძალვას, რათა საფლავის ზუსტი ადგილმდებარეობა სცოდნოდათ.


ლუკა მახარებლის გამოთქმა „შაბათად განთენდებოდა“ (23, 54), გარკვეულწილად უცნაურია, რადგან საუბარია მზის ჩასვლასა და შაბათის დაწყებაზე. ალბათ ყოველდღიური ლექსიკის ჩვეულებრივ „უყურადღებო“ გამოთქმასთან გვაქვს საქმე.