მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები წიგნის შესახებ

სტამატიოს ნ. ხაძისტამატიუ
„იესო ქრისტეს ვნება სახარებების მიხედვით“
(ლექციათა კრებული)


იესო პილატე პონტიელის წინაშე

(მთ. 27, 1-2; 11-14; მკ. 15, 1-5; ლკ. 23, 1-12; ინ. 18, 28-38)


ჰეროდე დიდის გარდაცვალების შემდეგ (37-4 ძვ.წ.) ისრაელის სამეფო მისივე ანდერძის თანახმად ჰეროდეს სამ ძეს შორის განაწილდა (იოს. ფლავ. „არქეოლოგია“ 17, 188-189; „იუდ. ბრძ. შესახ. 2, 95). ჰეროდე არქელაოსს (4 ძვ.წ. - 6 ახ.წ.) წილად ხვდა იუდეა, იდუმია და სამარია. ჰეროდე ანტიპას (4 ძვ.წ. - 39ახ.წ.) გალილეა და პერეა დედაქალაქ ტიბერიადასთან ერთად. ჰეროდე ფილიპეს კი (4 ძვ.წ. - 34 ახ.წ.) ავრანიტიდა, ტრახონიტიდა, ვატანეა და პანიადა დედაქალაქ იორდანეს ბეთსაიდასთან ერთად, რომელიც აღადგინეს და იმპერატორ ავგუსტინეს ქალიშვილის პატივსაცემად ახალი სახელი იულიადა უწოდეს. არქელაოსი, რომში მცხოვრები იუდეველების ჩარევის შემდეგ, რომელთა შორიც სავარაუდოდ მღვდელმთავარი ანნაც იყო, გალიაში (გალატიაში) გააძევეს ცუდი პოლიტიკური მმართველობისა და საკუთარი ნება-სურვილით სამეფოს განმგებლობის გამო (იოს. ფლავ. „იუდ. ბრძ. შეს. “ 2, 111; „არქეოლოგია“ 17, 344). არქელაოსის სამეფო ქრისტეს შობიდან 6 წ. იუდეის რომაული ეპარქია გახდა ცენტრით კესარიაში (Caesaria maritima). იუდეის პირველ მმართველად (praefectus) კოპონიუსი (Coponius) დაინიშნა. პრეფექტის ფუნქციებში სამმართველი, სასამართლო და ეკონომიკური ძალაუფლება შედიოდა. იოსებ ფლავიუსი („იუდ. ბრძ. შეს.“ 2, 117) აღნიშნავს, რომ პრეფექტს კეისრის მსგავსი უფლებები ჰქონდა, ანუ სასიკვდილო განაჩენის (jus gladii) გამოტანის უფლება მხოლოდ რომაელ მმართველს კუთვნოდა. სწორედ ამით აიხსნება იესოს წაყვანა პონტიელ პილატესთან.


პილატე (26-36 წ.) [Pilleus-თავსაბურავი, რომელსაც განთავისუფლებულნი ატარებდნენ ღვთაება სატურნისადმი მიძღვნილ დღესასწაულზე. ლათ. - Satumalia] იუდეის მეხუთე რომაელი მმართველი ან ეპარქიის თავი გახლდათ. იტალიელი მეცნიერის Antonio Frova-ს მიერ 1961 წ. ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების დროს კესარიაში აღმოჩნდა (ინახება იერუსალიმის მუზეუმში) ტაძრის წარწერა იმპერატორ ტიბერიუსის პატივსაცემად, სადაც პილატე მოხსენიებულია როგორც Praefectus Iudaeae [J. Vardaman, JBL 81 (1962) გვ. 70-71; A. Calderini, BTS 57 (1963) გვ. 8-19]. ტაციტუსი (Annales 15, 44) გვაუწყებს: „Christus Tiberio imperitante per procuratorem Pontium Pilatum supplicio adfectus est“, ანუ „ქრისტე, ტიბერიუსის მმართველობის დროს, პროკურატორ პილატე პონტიელის მიერ სიკვდილით დაისაჯა“. ტაციტუსი იყენებს ტერმინს „procurator“, ვინაიდან ტერმინი „praefectus“ კლავდიუსის (41-54 წ. ) ეპოქიდან აღარ გამოიყენებოდა (J. Finegan, The Archeology of the New Testament, Princeton N. J. 1992 გვ. 138). როგორც იოსებ ფლავიუსი, ასევე ალექსანდრიელი ფილოსოფოსი ფილონ იუდეველიც, პილატეს შავი, მუქი ფერებით აღწერს. როდესაც მან მმართველობა მიიღო, იერუსალიმში, ძალზედ გამომწვევად, იუდეველთა დროშების ნაცვლად, რომლებზეც ადამიანთა გამოსახულებანი არ გამოისახებოდა, რომის იმპერატორ ტიბერიუსის გამოსახულებიანი დროშების გამოყენება დაადგინა, რის გამოც იუდეველები ხუთი დღის განმავლობაში კესარიაში, პილატეს სასახლესთან დროშების მოშორებას ითხოვდნენ. პილატე ქედმოუხრელად ავიდა ტრიბუნაზე, ვითომცდა იუდეველთათვის პასუხის გასაცემად, მაგრამ როგორც კი შეგროვდნენ დემონსტრანტები, მათი ალყაში მოქცევის ბრძანება გასცა და პასუხის გაცემის ნაცვლად გაჟლეტით დაემუქრა, თუკი არ მიიღებდნენ კეისრის გამოსახულებიან დროშებს. მაგრამ პილატეს გასაოცრად იუდეველებმა დაიჩოქეს და კისრები მოიღერეს. იძახდნენ: „ჯობს მოვკვდეთ, ვიდრე ჩვენი კანონები დავარღვიოთ“. ასეთ წინააღმდეგობას, რა თქმა უნდა, არ ელოდა პილატე. განშორდა მათ და ბრძანა მოეშორებინათ რომაული დროშები და კესარიაში გადაეტანათ (იოს. ფლავ. „იუდ. ბრძ. შეს. 2, 169-174; „არქეოლოგია“ 18, 55-59; იხ. ასევე ფილონ ალექსანდრიელი „მოკითხვა გაიოზისადმი“ 299). კიდევ ერთი სერიოზული და მნიშვნელოვანი ეპოზოდი აღწერილია იოსებ ფლავიუსის მიერ, როდესაც პოლატემ იერუსალიმის წყალმომარაგების სისტემის აგება ტაძრის ფულით გადაწყვიტა. ათეულ ათასობით იუდეველი შეგროვდა მოთხოვნით შეჩერებულიყო სამუშაოები. პილატემ ალყაში მოაქცია დემონსტრანტები ჯარისკაცებით, რომლებსაც სამოქალაქო ტანსაცმელი ემოსათ, ხოლო სამოსის შიგნით იარაღს მალავდნენ. პრეფექტის ნიშანზე ჯარისკაცები თავს დაესხნენ იუდეველებს, რის შედეგადაც მრავალი მოკვდა და დასახიჩრდა (იოს. ფლავ. „იუდ. ბრძ. “ 2, 175-177; „არქეოლოგია“ 18, 60-62). პოლატეს პოლიტიკური დასასრული სამარიტელების წინააღმდეგ გადაჭარბებული ძალმომრეობის გამო დადგა. ერთმა მდიდარი ფანტაზიების მქონე სამარიტელმა თანამემამულეებს გარიზინის მთაზე ასვლისკენ მოუწოდა, სადაც, მისივე რწმუნებით, მოსეს მიერ წმინდა ჭურჭელი იყო დამარხული. როდესაც აღჭურვილმა სამარიტელებმა მთაზე ასვლა დაიწყეს, პილატემ მათი დარბევა და დახოცვა ბრძანა, რის შედეგადაც სამარიტელ წინამძღოლთა დიდი ნაწილი დაიღუპა. აღნიშნული ფაქტის გამო სამარიტელებმა დახმარებისათვის ვიტელიუსს (Vitellius), სირიის მმართველს მიმართეს, რომელიც კონსულად იყო დანიშნული და პილატეზე მაღალი თანამდებობა ეკავა. სამარიტელებმა კონსულს საჩივრით მიმართეს, სადაც აღნიშნეს, რომ მთას თავი არა რომაელთა წინააღმდეგ ასაჯანყებლად, არამედ პილატეს ძალმომრეობისაგან გასაქცევად შეაფარეს. ვიტელიუსმა პილატე მარკელიოთი შეცვალა, ხოლო ყოფილი პრეფექტი რომში იმპერატორ ტიბერიუსის წინაშე თავის გასამართლებლად გაგზავნა. პილატეს რომში ჩასვლამდე ტიბერიუსი გარდაიცვალა (იოს. ფლავ. „არქეოლ.“ 18, 85-89). ამის შემდეგ პილატეს კვალი იკარგება. ევსები კესარიელი აღნიშნავს, რომ პილატემ თავი მოიკლა („ეკლ. ისტ.“ 2, 7, 1).


იერუსალიმში იუდეველთა ჩამოსვლა დიდი მომლოცველობითი დღესასწაულების დროს ხშირად ეროვნულ-განმათავისუფლებელ აჯანყებებს წარმოშობდა, რის გამოც რომაელი მმართველი თავის ვალდებულებად თვლიდა დღესასწაულის განმავლობაში სამმართველო ცენტრი კესარიიდან დროებით იერუსალიმში გადმოეტანა და ქალაქის მუდმივმოქმედი გარნიზონით გაემაგრებინა, რათა უფრო კარგად გაეკონტროლებინა ქალაქში არსებული მდგომარეობა. იერუსალიმში პრეფექტი რეზიდენციაში („პრეტორიაში“ - praetorium) ცხოვრობდა, რომლის ზუსტი ადგილსამყოფელის შესახებ მრავალი მოსაზრება არსებობს. კლასიკური და უფრო მიღებული მოსაზრების მიხედვით იგი ანტონიუსის ციხე-სიმაგრესთან იგივდება, რომელიც ჰეროდე დიდმა იერუსალიმის ტაძრის ჩრდილო-დასავლეთით რომის იმპერატორ მარკუს ანტონიუსის პატივსაცემად ააგო (L. H. Vincent, „L’ Antonia, palais primitive d’ Herode“RB 61 (1954) გვ. 87-107; M. Aline, „La Forteresse Antonia a Jerusalem et la question du Pretoire“, Jerusalem 1956, გვ. 119-42). ამ ადგილს უკავშირდება ე.წ. Via dolorosa (ვნების გზა), იესო ქრისტეს მიერ განვლილი სავარაუდო გზა პრეტორიიდან გოლგოთამდე, რომელსაც ჯვაროსანთა დროიდან ყოველწლიურად ვნების შვიდეულის პარასკევს უამრავი მომლოცველი მიუყვება. სარწმუნოა, რომ ამ ადგილას მდებარეობდა ქალაქის რომაული გარნიზონის („ერის“-ინ. 18, 3) დისლოკაციის ადგილი (იოს. ფლავ. „იუდ. ბრძ. 5, 244). თუკი მარკოზის (15, 16) ფრაზეოლოგიას „შეიყვანეს იგი შინაგან ეზოსა მას, რომელ არს ტაძარი“ (ბერძ. Πραιτώριον) შევადარებთ იოსებ ფლავიუსის გადმოცემას („არქეოლ. “ 15, 292), ალბათ გამოირიცხება ანტონიუსის ციხე-სიმაგრე, როგორც პრეტორიის ადგილსამყოფელი. „ეზო“ აქ სასახლეა და არა ციხე. ასეთი სასახლე იერუსალიმში კი იყო ორი, ჰეროდე დიდისა და ძველი ასამონელთა სასახლეები. ისინი, რომლებიც ასამონელთა სასახლეს, როგორც პრეტორიის ადგილსამყოფელს, ემხრობიან, აღნიშნულ ადგილს უკავშირებენ უძველეს ბიზანტიურ, არაბების შემოჭრამდელ ადგილ Via dolorosa-ს, რომელიც ზეთისხილის მთიდან იწყებოდა, უვლიდა იერუსალიმის ტაძრის სამხრეთ ნაწილს და დამთავრებამდე (გოლგოთასთან) წმ. „სიბრძნის“ ტაძართან გაივლიდა, რომელიც ქრისტეს შობიდან 450 წ. იმ ადგილას აიგო, სადაც სავარაუდოდ პრეტორია მდებარეობდა. აღნიშნული ეკლესია, რომელიც არ არის შემორჩენილი, მადავას მოზაიკური რუქის მიხედვით იუსტინიანეს (483-563 წ.) მიერ აგებულ ღვთისმშობლის ახალ ეკლესიასთან ახლოს მდებარეობდა. არქეოლოგიური გათხრების შედეგად ძველი ქალაქის ებრაული დასახლების ჩრდილოეთით აღმოჩნდა იუსტინიანესეული ეკლესიის ნანგრევები, რის მიხედვითაც დგინდება „წმ. სიბრძნის ტაძრის“ (Η Αγία Σοφία) დაახლოებითი ადგილმდებარეობა. იოსებ ფლავიუსის მიხედვით ტაძარი „ზემო ქალაქში“ მდებარეობდა („იუდ. ბრძ.“ 2, 530), იქ სადაც მდებარეობდა ასმონეველთა სასახლე, რომელიც ჰეროდემ ახალი სასახლის აგებამდე აღადგინა. შესაძლებელია პრეტორია სწორედაც ის ყოფილიყო. თუმცა ახალ სასახლეს, რომელიც ჰეროდე დიდმა იერუსალიმის დასავლეთ ნაწილში 23 წ. დღევანდელი Citadel-ის ტერიტორიაზე, გიაფას ციხესთან ახლოს ააგო, უფრო მეტი მტკიცებულებანი გააჩნია. ვინაიდან ზომითაც უფრო დიდი და მდიდარი იყო და ამასთანავე სამი სპეციალურად გამაგრებული მტკიცე კოშკი ჰქონდა (იოს. ფლავ. „იუდ. ბრძ. “ 5, 161). თუკი ერთმანეთთან დავაკავშირებთ ფილონ ალექსანდრიელის ორ მონათხრობს „მოკითხვა გაიოზისადმი“ 38, 299 და 39, 306, გამოდის რომ ზუსტად ის იყო „მმართველთა საცხოვრებელი“. სხვაგვარად პილატე კესარიაშიც იმავე საცხოვრებელში დაბინავდებოდა სადაც ფელიქსი, ანუ „ჰეროდეს პრეტორიაში“ (საქ. 23, 35) [P. Benoit, „Pretoire de Pilate a l’ere byzantine “ RB 91 (1984) გვ. 161-177; J. Murphy O’ Connor, The Holy Land: An Archaeological Guide, Oxford, 1986 გვ. 25-26; J. Finegan, The Archeology of the New Testament, Princeton N. J. 1992, გვ. 246-253].


„შენ იტყვი“ (მთ. 27, 11), იესოს პასუხი არც დადებითია და არც უარყოფითი, არამედ თავშეკავებული, ფრთხილი და წინდახედულია „მეუფის“ მნიშვნელობის, მისი შინაარსის გამო. მახარებელი იოანე აღნიშნულ მონაკვეთს (ინ. 18, 33-38) უფრო გასაგებად გადმოგვცემს.


პილატეს სიტყვები, „არარას ბრალსა ვჰპოვებ კაცისა ამის თანა“ (ლკ. 23, 4 დ ინ. 18, 38), წარმოადგენს იესოს უდანაშაულობის ოფიციალურ განაჩენს და კანონით საქმის განხილვა ამით უნდა დასრულებულიყო დამადანაშაულებელი მტკიცებულებების არქონის გამო.


ეროდე ანტიპაც (ლკ. 23, 4-16), როგორც იუდეველი (მიუხედავად იმისა რომ მამის მხრიდან იდუმიელი იყო), პასექისა და უფუარობის დღესასწაულთა გამო იერუსალიმში იმყოფებოდა. თუკი პილატემ ჰეროდეს სასახლე გამოიყენა, მაშინ ანტიპა ასმონეველთა სასახლეში უნდა დაბინავებულიყო, ან პირიქით. პილატემ, გაიგო რა რომ იესო გალილეველია და ამასთანევე პასუხისმგებლობის თავიდან მოცილება სურდა, ზნეობრივ და კანონიერ მოვალეობად ჩათვალა იესო ჰეროდე ანტიპასთან გაეგზავნა, რომლის იურისდიქციაშიც შედიოდა გალილეა და რომელსაც დიდი ხანია სურდა იესოს გაცნობა, ვინაიდან მას მრავალი აღწერდა როგორც ახალ იოანე ნათლისმცემელს (ლკ. 9, 7-9; 13, 31-32).


არსებობს მოსაზრება, რომ აღნიშნული ისტორია ჰეროდე ანტიპასთან დაკავშირებით არ არის ისტორიული ფაქტი და მახარებელ ლუკას, ან მისი წყაროს მიერაა შეთხზული ფსალმუნზე (ფს. 2, 1-2) და ლკ. 9, 7-9-ზე დაყრდნობით (იხ. ასევე საქ. 4, 27) [M. Dibelius ZNW 16 (1915) გვ. 113; R. Bultmann, HST გვ. 273]. მიუხედავად ამისა ჰეროდე ანტიპასა და მის გარემოცვაში მყოფი ადამიანების არაერთჯერადი მოხმობა ნათელს ხდის, რომ როგორც ანტიპას, ასევე მის „წყაროებს“ განსაკუთრებული ინტერესი ჰქონდათ აღნიშნული პიროვნებისადმი (იხ. ლკ. 8, 3; 13, 31; საქ. 4, 27; 12, 20-23; 13, 1).



(მთ. 27, 15-26; მკ. 15, 6-15; ლკ. 23, 13-25; ინ. 18, 39-19, 16)


მახარებელ ლუკას სიტყვები, „რამეთუ უნებელად ედებოდა მას განტევებად დღესასწაულსა მას ერთი“, არ გვხვდება P-75, A, B, L-ში და ითვლება განმარტებით „ენად“ მომდინარე მკ. 15, 6-დან.


გამოთქმა „აჰა კაცი იგი!“ (ინ. 19, 5) ზოგიერთ შემთხვევაში იკითხება როგორც „აჰა ძე იგი კაცისა!“ და სრულიადაც სარწმუნოა, ვინაიდან არამეული პერიფრაზის მიხედვით bar nasha (= ძე კაცისა), შეიძლება ითარგმნოს უბრალოდ როგორც „ადამიანი“. და რადგანაც იოანემ კარგად იცის აღნიშნული ქრისტოლოგიური სახელის მნიშვნელობა (ინ. 3, 13-14; 6, 27. 53. 62 და ა. შ. ), მოცემულ შემთხვევაში სხვა განმარტებას აღარ იძლევა.


იოანე ღვთისმეტყველის გამოთქმა „რამეთუ თავი თვისი ძედ ღმრთისა ყო“ (ინ. 19, 7) ეხმაურება ინ. 10, 33-38-ს (იხ. ასევე მკ. 14, 61-62). პილატეს შიში იმ დროისათვის ბერძნულ-რომაულ სამყაროში არსებული დამახინჯებული აზროვნებიდან მომდინარეობს. აზრი, რომელიც მას გონებაში გაუვლის, ის გახლავთ, რომ „იქნებ იესო მართლაც ღვთის მიერ გამოგზავნილი „ღვთის კაცი“ ან „ღვთის ძეა“ ადამიანის გარეგნობით, როგორც უძველესი მითოლოგიის ადამიანები?“. ამიტომაც მისი შემდგომი კითხვაც ასეთია: „ვინაი ხარ შენ?“. მსგავს მდგომარეობაში იმყოფება ასისთავიც, რომელიც ჯვარცმულ იესოს „ღვთის ძედ“ აღიარებს.


მსჯავრდებულთა გათავისუფლების სხვა მოწმობა პასექის დროს, გარდა ავაზაკ ბარაბას გათავისუფლებისა, არ გაგვაჩნია.


ბარაბა (არამ. „ძე აბბასი“ ან ძე (შვილი) მამისა“ [აბბა-არამ. „მამა“]. გამოთქმას „[იესო] ბარაბა“ (მთ. 27, 17), რომელიც ზოგიერთ ხელნაწერში არ გვხვდება, მეცნიერთა მიერ მტკიცე მხარდაჭერა არ აქვს, ამიტომაც მრავალ და მნიშვნელოვან ხელნაწერში არ აღიწერება. თუკი იგი დედნისეულია, სიტყვა „ბარაბა“ შესაძლებელია იესოს სახელის ხაზგასმას უკავშირდებოდეს („იესო ძე მამისა“), ხოლო თუკი ჩანართია, ავაზაკ ბარაბას სახელს გულისხმობდეს, რაც საპირისპიროა იესოს ღვთიური ჰიპოსტასისა: - „იესო ძე მამისა“ - „იესო ძე (შვილი) საკუთარი მამისა“ [H. A. Rigg, JBL 64 (1945) გვ. 417-456].


„ბარაბა“ (ბერძ. Βαρραβάς- ძე რაბინისა, მოძღვრისა) გახლავთ „იესოსა“ და „ბარაბას“ შორის განსხვავების ჩვენების სხვა მცდელობა. განსხვავებისა ნამდვილ „მოძღვარსა“ და მხოლოდ სახელის მქონე მოძღვარს შორის. აღსანიშნავია, რომ სახელი იესო ძალზედ გავრცელებული ებრაული სახელი იყო. „ბარაბა“ (Βαρραβάς) კი ცნობილი რაბინული ეპითეტია თალმუდში. „შფოთი“ (მკ. 15, 7), რომლის შესახებაც მარკოზი გადმოგვცემს, შესაძლებელია პილატეს მიერ იერუსალიმის ტაძრის ფულით ქალაქის წყალ-გაყვანილობის სისტემის აგების საპირისპიროდ იუდეველთა აჯანყებას შეესაბამებოდეს. იოანე მახარებელი ბარაბას დასახასიათებლად ტერმინ „ავაზაკს“ (ინ. 18, 40), ხოლო მარკოზი კი „მეშფოთეს“ (მკ. 15, 7) იყენებს. ტერმინ „ავაზაკს“ იყენებს ასევე ცოტა მოგვიანებით იოსებ ფლავიუსიც რომაელთა წინააღმდეგ იუდეველთა აჯანყების აღწერისას. როგორც ჩანს, ბარაბა რომელიღაც ეროვნულ, ანტირომაულ დაჯგუფებას მიეკუთვნებოდა.


იუდეველთა მიერ იესოს დადანაშაულება, რომლებიც რამდენიმე დღით ადრე მისი სასწაულებით იყვნენ აღტაცებულნი, ალბათ მათ იმედგაცრუებასა და მესიის გასაცოდავებულ მდგომარეობაში ხილვას უკავშირდება მისი მდევნელების ხელში და თავს მოტყუებულადაც კი გრძნობდნენ. მღვდელმთავრები „მართლდებიან“.


პილატე, მიუხედავად იმისა, რომ „დაიბანა ხელნი“ (მთ. 27, 24), და აღიარა, რომ არ იზიარებდა სინედრიონის მოსაზრებას იესოს შესახებ, მაინც ჯვარცმის მონაწილეა. უკან იხევს და ხალხის გროვას ღირსებას ალახვინებს, რომელიც მას არათუ პატივს არ სცემს, არამედ ემუქრება კიდეც: „უკუეთუ ეგე განუტეო, არა ხარ მოყუარე კეისრისაი, რამეთუ ყოველი, რომელი მეუფედ იტყვინ თავსა თვისსა, სიტყუას-უგებნ კეისარსა“.


„შოლტი საბლისაი“ [ (ინ. 2, 15) ლათ. flagellum], არის რკინის წვეტებიანი მათრახი. გამათრახება სიკვდილმისჯილი მონებისა და არარომაელი მოქალაქეების დასჯის აუცილებელ ნაწილს წარმოადგენდა (იხ. იოს. ფლავ. „იუდ. ბრძ. “ 2, 306; 5, 449).

არამეული სახელწოდება „გავვათა“ აღნიშნავს „ამაღლებულ ადგილს“ (იხ. იოს. ფლავ. „იუდ. ბრძ. “ 5, 51). „გავათ საულ“ გადმოიცემა როგორც „საულის ბორცვი“, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სახელწოდება ლათინური წარმოშობისაა (gabata). იერუსალიმის ძველი სომხური დასახლების არქეოლოგიური გათხრებისას (M. Broshi) აღმოჩნდა ქვის უზარმაზარი ტრიბუნა ზომით 335 x 61 მ. Citadel-დან (ჰეროდე დიდის სასახლის ადგილსამყოფელი) ქალაქის სამხრეთ კედლამდე. შესაძლოა ზუსტად ამ ადგილას მდებარეობდა ის ტრიბუნაც (rostrum), საიდანაც რომაელი მმართველები ხალხს მიმართვდნენ [J. McRay, “Gabbatha” D. Noel Freedman-თან, The Anchor Bible Dictionary, N. J. 1992]. აღმოჩენილი ტრიბუნა იოსებ ფლავიუსის მიერ აღწერილი ტრიბუნის მსგავსია, საიდანაც რომაელი მმართველი Gessius Florus-ი (64-66 წ. ) მღვდელმთავრებსა და ხალხს მიმართავდა (იოს. ფლავ. „იუდ. ბრძ. 2, 301-306).



(მთ. 27, 27-31; მკ. 15, 16-20; ინ. 19, 2-3)


„ყოველი იგი თესლები“ [(მკ. 15, 16; მთ. 27, 27) ბერძნ. Σπείρα] ლათინურ „cohors, -rtis“ უიგივდება. Cohortis- ხელმძღვანელობდა ათასისთავი (საქ. 21, 31) და მის სრულ შემადგენლობაში 600 მეომარი შედიოდა, თუმცა ეს რიცხვი ყოველთვის არ იყო მუდმივი.


პორფირი (ბერძ. Πορφύρα, ლათ. Murex) ზღვის რბილსახსრიანთა ჯავშნიანი წარმომადგენელია, რომლისგანაც მზადდებოდა მასალა მატერიის წითლად შესაღებად, ე.წ. პორფირის („ძოწეულის“, „მეწამულის“) ფერის მისაღებად. მსგავსი ფერი ჰქონდა არა მხოლოდ სამეფო შესამოსელებს, არამედ რომაელი ჯარისკაცების ქლამინდებსაც (sagum purpulatum და paludamentum). მსგავსი ფერის ქლამინდით შემოსეს ჯარისკაცებმა იესოც: „და განძარცუეს იგი და ქლამინდი მეწამული შეჰმოსეს მას“ (მთ. 27, 28) და დამცინავი შეძახილებით მიმართავდნენ როგორც იმპერატორს: „Ave, Caesar, victor, imperator“.


ეკლის გვირგვინი (იხ. ინ. 19, 2) წარმოადგენდა „მზის სამეფო გვირგვინს“ და სავარაუდოდ მიზნად ისახავდა იესოს წარმოჩინებას (მისი დაცინვის მიზნით) როგორც Sol invictus („მზე დაუმარცხებელი“), რომელიც საკმაოდ გავრცელებული იყო რომაელ ჯარისკაცთა შორის და ღვთაება მითრას შეესაბამებოდა.