მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები წიგნის შესახებ

სტამატიოს ნ. ხაძისტამატიუ
„იესო ქრისტეს ვნება სახარებების მიხედვით“
(ლექციათა კრებული)


იუდას აღსასრული

(მთ. 27, 3-10)


„კორბან“ (ებრ. Korban, არამ. Korbana „საჩუქარი“ მკ. 7, 11) არის ტაძრის საგანძური („ფასის საცავი“, მკ. 12, 41; ლკ. 21, 1; ინ. 8, 20). ცნობილია, რომ იერუსალიმის ტაძარს საღვთისმსახურო დანიშნულების გარდა ერთგვარი ბანკის ფუნქციაც გააჩნდა, ჰქონდა რა საკუთარი ფულადი ერთეული. ტაძრის ყოველი მომლოცველი ან მომნახულებელი ვალდებული იყო საკუთარი ფული ტაძრის ფულზე გადაეცვალა. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ შეძლებდა ვერანაირი შესაწირავის ყიდვას ან ფულის შეწირვას. სხვა მოწმობა ფულის ტაძარში შენახვის შესახებ, გარდა იუდას ისტორიისა, არ მოგვეპოვება. „საფლავად უცხოთა“ (მთ. 27, 7) ცხადია უცხოთა, ე.ი. არაიუდეველთა საფლავს გულისხმობს.


მახარებელი ლუკა იუდას აღსასრულის განსხვავებულ ვერსიას აგვიღწერს: „ამან მოიგო დაბაი იგი სასყიდლითა მით სიცრუვისაითა და განსივნა გა განსთქდა შორის და განიბნინეს ყოველნი ნაწლევნი მისნი და საცნაურ იქმნა ყოველთა მკვიდრთა იერუსალეიმისათა, ვიდრეღა ეწოდაცა დაბასა მას თვისითა სიტყვითა მათითა აკელდამა (haqel dama-არამ.) ესე იგი არს დაბაი სისხლისაი“ (საქ. 1, 18-19).


წინასწარმეტყველ იერემიას სიტყვები სინამდვილეში ზაქარია წინასწარმეტყველს ეკუთვნის (ზაქ. 11, 12-13). „სადნობელი“ (ბერძნ. Χωνευτήpιον, ებრ. Yotser) გარდა კერამიკული ნაკეთობების დამამზადებელი საწარმოსი ლითონის სადნობსაც აღნიშნავს. აღნიშნული ტერმინი ტაძრის ფულის ჩამოსასხმელ საწარმოს გულისხმობს, რომელშიც ცხადია ყოველნაირ ფულად ერთეულს ინახავდნენ ტაძრის ფულში გადაცვლის შემდეგ.


მათე მახარებელი თავისუფლად გადმოგვცემს ფაქტებს ძველი აღთქმის მოშველიებით, რომელსაც, როგორც რაბინს, წმინდა წერილის განმარტებისა და სიღრმეში ჩაწვდომის შესაძლებლობა ნამდვილად აქვს. საინტერესოა რატომ მიაკუთვნებს წინასწარმეტყველებას ზაქარიას ნაცვლად იერემიას? იქნებ შეცდომის გამო? (K. Stendahl, The School of St. Matthew, Copenhagen 1967, გვ. 123) თუმცა ზაქარიას წინასწარმეტყველების ზოგიერთი კვანძის არსებობა იერემიას წინასწარმეტყველებასთან დასაშვებია. Yoster-ის ორმაგი მნიშვნელობა, ასევე აგარაკის სახელწოდება („აგარაკი იგი მეკეცისაი“ (27, 7) შესაძლებელია გარკვეულ კავშირში იყოს „მეკეცის იგავთან“ (იერ. თავები 18 და 19), რომლითაც წინასწარმეტყველი თანამემამულეებს ღვთისაგან განშორების გამო სასჯელით ემუქრება. რაბინული განმარტებითი კანონის თანახმად, როდესაც ტექსტის ორი მონაკვეთი ამ სიტყვას შეიცავს, ავტომატურად ერთმანეთს უკავშირდება. ასევე [იერ. 32, 7 (ებრ. ) (=იერ. 39, 7 O’] წინასწარმეტყველი უფლის დავალებით ყიდულობს „აგარაკს“ ბაბილოვნელების მიერ უკვე გადათელილ ისრაელის მიწაზე, რომელიც იქნება დასაწყისი ტყვეთა დაბრუნებისა და მშობლიურ მიწაზე აღდგინებისა. თუკი საუბარი არაა შეცდომაზე, მაშინ მახარებელი მათე ზაქარიას წინასწარმეტყველებას იერემიას „სინათლის“ ფონზე გადმოგვცემს, თუმცა როგორ აკავშირებს, მისი რაბინული ლოგიკით აღნიშნულ ორ წინასწარმეტყველებას ერთმანეთთან, ბოლომდე ნათელი არაა.