(მთ. 26, 36-46; მკ. 14, 32-42; ლკ. 22, 39-46)
ლუკას სახარების 22, 43-44-ის არ არსებობა ზოგიერთ ხელნაწერში (P-75; B; א; A; W; T), რამდენადაც მნიშვნელოვანი არ უნდა იყოს ის, შეიძლება აიხსნას როგორც მცდელობა იესოს ძლიერი განსაცდელის ადამიანური მხარის შერბილებისა, მისი აგონიის, შიშის გამო „და იქმნა ოფლი მისი, ვითარცა ცუარი სისხლისაი“ (ლკ. 22, 44), რაც შესაძლოა ერეტიკოსთა გარკვეული წრეებისათვის წარმოადგენდა მტკიცებულებას მაცხოვრის ღმერთკაცური ჰიპოსტასის არსებობის მხარდასაჭერად (J. A. Fitzmyer, CBD 24 [1962]).
იესო პირველად იმყოფება ასეთ მძიმე მდგომარეობაში და ფუჭად ითხოვს მოწაფეთაგან მათ თანამყოფობას გეთსიმანიის ბაღში, რომლებიც, როგორც ჩანს, ვერ აცნობიერებენ ამ დროის სიმწვავეს. უკანასკნელ წუთებში იესო სრულიად მარტოა. სამყაროს იგი მიტოვებული ჰყავს და მხოლოდ „ანგელოზი ზეცით განაძლიერებდა მას“ (ლკ. 22, 43), რათა მოწამეობის სასმისი მიეღო. აღწერილი მონაკვეთი ძალზედ დიდაქტიკური უნდა ყოფილიყო ქრისტიანთა დევნის პერიოდში „სასუმელი ესე, რომელსა მე ვსუამ, სუათ, და ნათლისღებაი, რომელი მე ნათელ-ვიღო, ნათელ-იღოთ“ (მკ. 10, 39). ეს განსაცდელი მიტოვების, უარყოფის, წამების შიშისა და საშინელებათა განსაცდელია, რომლებიც პირველად იესო ქრისტეს, შემდეგ კი მის მოწაფეებსა და ეკლესიას მოელით.
გეთსიმანიის ბაღი იესოს ხშირი მონახულების ადგილი გახლდათ „ღამე განვიდის და იქცევინ მთასა მას, რომელსა ჰრქვიან ზეთისხილთაი“ (ლკ. 21, 37), „ესე თქუა იესუ და გამოვიდა მოწაფითურთ თვისით წიაღ ხევსა მას ნაძოვანსა, სადაცა-იგი იყო მტილი, რომელსა შევიდა თავადი და მოწაფენი მისნი“ (ინ. 18, 1). როგორც ბაღის სახელწოდებიდან ჩანს (Gat Shemen-ზეთსახდელი, ზეთის საწნეხელი), ადგილი გეთსიმანია ქრისტეს ეპოქაში „ელეონის მთის“ (ბერძ. Το Όρος των Ελαιών) ზეთისხილის პლანტაციებში მდებარეობდა. დღეს, მიუხედავად იმისა, რომ ზეთისხილის მთაზე კიდევ არსებობენ უძველესი ხეები, ცნობილია რომ იერუსალიმის ალყის დროს ქრისტეს შობიდან 70 წ. ტიტემ ძირფესვიანად ამოათხრევინა ისინი ჯარისკაცებს (იოსებ ფლავიუსი, „იუდ. ბრძ. შესახებ“ 5, 106-108; 6, 5-7).
მოციქულები პეტრე და ძმები იოანე და იაკობი, ზებედეს ძენი, ასევე მაცხოვრის ფერისცვალების მოწმენიც იყვნენ (მთ. 17, 1-9; მკ. 9, 2-10; ლკ. 9, 28-36).
მათეს „მწუხარებად და ურვად“ (26, 37) საგრძნობლად ამცირებს მარკოზის მიერ გამოყენებულ „დასულებად და ურვად“-ის (მკ. 14, 33) დაძაბულობას.
„მოიწია დასასრული“ (მკ. 14, 41) ნიშნავს „საკმარისია, სამყოფია!“
(მთ. 26, 47-56; მკ. 14, 43-52; ლკ. 22, 47-53; ინ. 18, 1-11)
სამი მახარებლის (მათე, მარკოზი, ლუკა) მიერ ამ მონაკვეთში ერთი და იმავე ფრაზის („ერთი იგი ათორმეტთაგანი“) გამოყენება და ის ფაქტი, რომ მათი მონათხრობი უკვე ეთანხმება (მსგავსია) მოციქულ იოანეს გადმოცემას, ითვლება მტკიცებულებად, რომ თავდაპირველად დამოუკიდებელი იყო და ორგანულად არ ეკუთვნოდა წინა მონათხრობ-წყაროს. Jeremias (EWJ გვ. 96) თვლის, რომ ამ ადგილიდან იწყებოდა მარკოზის ერთი ახალი, წინამდებარესთან შედარებით მცირე, წყარო.
ღვთისმეტყველი იოანე იესოს შეპყრობაში რომაელების თანამონაწილეობასაც აღგვიწერს. მათე ასწორებს მარკოზის „მწიგნობრებს“ „მღვდელმთავრებით“, მიუხედავად იმისა, რომ უფრო შეესაბამება იოანეს „ფარისევლებს“.
იოანეს მახარებლის მიხედვით, შეიარაღებული მოწაფეებიდან პეტრემ მახვილი იშიშვლა და შეეცადა მრვდელმთავრის მონისათვის თავში დაერტყა, რომელმაც ერთი მოძრაობით თავიდან აიცილა დარტყმა, შედეგით, რომ მახვილმა მხოლოდ ყური მოკვეთა. მოციქული ლუკა ეთანხმება იოანე მახარებელს იესოს მიერ მონის მოკვეთილი ყურის განკურნებაში.
იუდას ამბორი გაუგონარი ირონიაა, მიუხედავად იმისა, რომ იგი ტრადიციული მისალმება გახლდათ მოწაფისა მასწავლებლისადმი. „მოყუასო, რომლისათვისცა მოსრულ ხარ“, ნიშნავს „მოყვასო, აღასრულე ის, რისთვისაც მოხვედი“. იესომ ზუსტად, თანმიმდევრულად იცის რაც უნდა მოხდეს.
მახარებელი მათე ხშირად უსვამს ხაზს, რომ ყოველივე ღვთის წინასწარგანსაზღვრული ხედვით აღესრულება „რამეთუ ესრეთ ჯერ-არს ყოფად“ (მთ. 26, 54), „ვითარ-მე აღესრულნენ წერილნი“ (მთ. 26, 54) ზაქარიას წინასწარმეტყველებაა (ზაქ. 13, 7). ასევე მკვდარი ზღვის ყუმრანის[Q] ხელნაწერებშიც „ანგელოზები“ (მთ. 26, 53) სამართლიანი „სინათლის ძეთა“ თანამებრძოლნი არიან (1 Q M 7, 6).
უცნობი „ერთი ვინმე ჭაბუკი“ (მკ. 14, 51) ყოველ მიზეზ გარეშე იესოს გარემოცვიდანაა, რომლის სახელსაც მახარებელი არ ასახელებს. აღნიშნულის გამო, ზოგიეთი მეცნიერი თვლის, რომ უცნობი ჭაბუკი თვით მარკოზია, რომელიც ასეთი სახით გადმოგვცემს მის გეთსიმანიის ბაღში ყოფნასა და აღწერილი მოვლენის თვითმხილველობას.