მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები წიგნის შესახებ

სტამატიოს ნ. ხაძისტამატიუ
„იესო ქრისტეს ვნება სახარებების მიხედვით“
(ლექციათა კრებული)


საიდუმლო სერობა

(მთ. 26, 20-30; მარკ. 14, 17-26; ლკ. 22, 1-30; იოან. 13, 1-38)


მოციქულ იოანეს „საიდუმლო სერობა“ არ არის საპასექო („და უწინარეს დღესასწაულისა მის პასექისა“ (13, 1), „იყიდე რაი იგი გვიხმდეს დღესასწაულსა ამას“ (13, 29). ამასთანავე, იოანეს მიხედვით, იესოს ჯვარცმა ნისანის 14-ში, ზუსტად იმ დროს აღესრულა, როდესაც იერუსალიმის ტაძარში მსხვერპლი შეიწირებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ოთხივე მახარებელი აღნიშნავს ჯვარცმის აღესრულებას პარასკევს, ხოლო აღდგომას კვირის პირველ დღეს (კვირა), სინოპტიკოსების მიხედვით პარასკევი პასექის დღეა, ანუ ნისანის 15, ხოლო იოანე ღვთისმეტყველის გადმოცემით დღესასწაულის წინა დღე (მღვდელმთავრებმა „მოიყვანეს იესუ კაიაფაისით ტაძრად და იყო განთიად და იგინი არა შევიდეს ტაძრად, რაითა არა შეიგინნენ, არამედ რაითა ჭამონ პასექი“ (ინ. 18, 28), „და იყო პარასკევი პასექისაი“ (ინ. 19, 14), „ხოლო ჰურიათა მათ, რამეთუ პარასკევი იყო... რამეთუ იყო დიდ დღე იგი შაბათისაი“ (ინ. 19, 31). ანუ, იოანეს მიხედვით, საიდუმლო სერობა აღესრულება ნისანის 14-ში, პასექის წინა დღეს (პარასკევი). შესაძლებელია ასევე, რომ სერობა არა საპასექო, არამედ გამოსამშვიდობებელი ყოფილიყო. აღნიშნული გარდამოცემა გამოხმაურებას ჰპოვებს აღმოსავლეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაშიც, რომელიც დასავლეთის რომაულ-კათოლიკური ეკლესიისაგან განსხვავებით, ჟამისწირვის დროს, ზიარებისას არ გამოიყენებს გაუფუებელ პურს. აღნიშნული პრობლემა, ისტორიული თვალსაზრისით, დღემდე გადაუჭრელი რჩება.



სინოპტიკოსები


  ხუთშაბათი პარასკევი შაბათი კვირა
დილის 6 სთ-დან საღამოს 6 სთ-მდე   ჯვარცმა   ცარიელი საფლავი
საღამოს 6 სთ-დან დილის 6 სთ-მდე 15 პარასკევი პასექი, საიდუმლო სერობა 16 შაბათი 17 „ერთშაბათი“ 18 ორშაბათი


იოანე


  ხუთშაბათი პარასკევი შაბათი კვირა
დილის 6 სთ-დან საღამოს 6 სთ-მდე   ჯვარცმა   ცარიელი საფლავი
საღამოს 6 სთ-დან დილის 6 სთ-მდე 14 პარასკევი, საიდუმლო სერობა 15 შაბათი პასექი 16 „ერთშაბათი“ 17 ორშაბათი

ორივე გარდამოცემის ურთიერთმისადაგების ყოველგვარმა მცდელობამ მარცხი განიცადა. A. Jaubert-ი ნაშრომში „საიდუმლო სერობის თარიღის შესახებ“ (La date de la Cene, 1957) ხაზგსმით აღნიშნავს, რომ შესაძლოა იესო და მისი მოწაფეები ყუმრანის (Qum-ran) კალენდარს მისდევდნენ და პასექი ოფიცილურ კალენდართან შედარებით უფრო ადრე აღნიშნეს. ყუმრანის თემი მისდევდა არა მთვარის, არამედ მზის კალენდარს, რომლის მიხედვითაც საპასექო სერობა ყოველთვის სამშაბათს საღამოს აღესრულებოდა. აღნიშნული მოსაზრება ერთის მხრივ ამარტივებს მოვლენების თითქოსდა ზუსტად აღქმას, ვინაიდან რჩება დროის გარკვეული მონაკვეთი, რომლის დროსაც შესაძლებელი იყო იესოს განსჯა (დროის თვალსაზრისით), მაგრამ მეორეს მხრივ, ვაწყდებით სხვა პრობლემებს, რომელთა გამოც ცნობილი ინგლისელი მეცნიერი K. Stendahl შემდეგ კითხვებს სვამს: „როგორ შეიძლება დავიწყებულიყო (მოწაფეების მიერ) ასეთი მოვლენა, მაშინ როცა ისინი სახარებებში ეთანხმებიან ერთმანეთს, რომ საპასექო სერობა ოფიციალური კალენდრით აღესრულა? ან იოანე მოციქული (დავამატებდით ჩვენი მხრიდან), განა არ ეთანხმებოდა იესოს მიერ არჩეულ კალენდარს ? (Mattew M. Black-H. H. Rowley, Peake’s Commentary on the Bible, London 1975). C. H. Turner-ი (A. New Commentary on Holy Scriptu-res). იგი გვთავაზობს განსხვავებულ მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც სერობა არ იყო საპასექო და მოწაფეებს, ჯვარცმის შემდგომ მძიმედ დაქანცულებს, არ ჰქონდათ საპასექო სერობის აღსრულების განწყობა. მაგრამ მომდევნო წელს იგი ერთი წლით ადრე აღასრულეს (წლისთავის აღსანიშნავად 14 ნისანს). ასე გაიგივდა მოგვიანებით ერთმანეთთან საიდუმლო და საპასექო სერობანი.


„ნუ დღესასწაულსა ამას“ (მკ. 14, 2) შესაძლებელია ნიშნავდეს პასექის დღესასწაულამდე, ან მის შემდეგ. და არა აუცილებლად პასექის ღამეს. მოციქულ ლუკას სიტყვებით „გულის-სიტყვით გული-მითქუმიდა პასექსა ამას ჭამად თქუენ თანა, ვიდრე ვნებადმდე ჩემდა“ (ლკ. 22, 15), შეიძლება იესოს წუხილს გამოხატავდეს რომ ჯვარცმა, მაცხოვარს იმ სურვილის აღსრულების საშუალებას არ მისცემდა, რომ მოწაფეებთან ედღესასწაულა პასექი. არამედ მხოლოდ „ვიდრე აღესრულოს სასუფეველსა შინა ღმრთისასა“ (ლკ. 22, 16). რამდენად შესაძლებელია, რომ პასექის ღამეს მოწაფეებს იარაღი ჰქონოდათ? ან იესოს სამსჯავრო პასექის ღამესვე მომხდარიყო? ან თუნდაც სიმონ კვირინელი მეორე დილით ადრე, ჯერ კიდევ პასექის დღესასწაულზე „მომავალი ველით“ (მკ. 15, 21) ეხილათ? ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება, რომ სინოპტიკოსებმა საიდუმლო სერობა სახარების ისეთ მონაკვეთში ჩაურთეს, რომ იგი წმინდა ზიარების დაარსებას, ქრისტიანულ პასექს დამთხვეოდა. ასეთია იოანე მახარებლის გადმოცემის მიმდევართა მოსაზრება (V. Taylor, Mark, გვ. 664. მისივე Behind the Third Gospel 1926 გვ. 37).


სინოპტიკოსთა გადმოცემის მომხრენი (J. Jeremias, The Eucharistic Words of Jesus, 1955 და Higgins, The Lord ‘s Supper in the N. T. London, 1952) უგულვებელყოფენ ყველა ზემოთჩამოთვლილ მოსაზრებას და თვლიან, რომ იოანე ჯვარცმის თარიღს ცვლის ისე, რათა იგი (ჯვარცმა) საპასექო კრავის შეწირვის სიმბოლო გახდეს: „...რამეთუ ზატიკად ჩვენთვის დაიკლა ქრისტე“ (1 კორ. 5, 7). მონაცემები საპასექო ტრაპეზის შესახებ: ღვინო და სახმევი საკვების დანიშნულების განმარტება - პასექის დღესასწაულზე მიუთითებენ, რასაც ჩვენც ვემხრობით. Oesterley მხარს უჭერს მოსაზრებას, რომ საიდუმლო სერობა შესაძლოა Qidush-ი, პურისა და ღვინის კურთხევა ყოფილიყო, რომელსაც ებრაელები შაბათ-კვირაობით ან დღესასწაულებზე ხშირად აღასრულებდნენ. მაგრამ იესოსა და მისი მოწაფეების მიერ Qidush-ის აღსრულება პასექამდე ერთი დღით ადრე გამორიცხულია (გარდა ზემოთაღწერილი მოსაზრებისა იხილე H. Strack-P. Billerbeck, Kommentar zum N. T. aus Talmud und Midrash, ტ. 2, 1924 გვ. 812-853. W. O. E. Oesterley, The Jewish Backgroundof the Christian Liturgy, 1925. Marshall, I. H. , Last Supper and Lord’s Supper. Exeter 1981. Ruckstuhl, E. , Zur Chronologie der Leidensgeschichte Jesu. Pp. 27-61 . Studien zum Neuen Tes-tament und seiner Umwelt A, 10, ed. A. Fuchs. Linz, 1985).


იესო ქრისტეს ეპოქაში საპასექო სერობა მოიცავდა ერთ კონკრეტულ მსახურებას დღევანდელი „სედერ ჰაპესახ“ (seder hapesach)-ის მსგავსს, მაგრამ ძველი, განსხვავებული ფორმით. აღნიშნული ტიპიკონისა (Talmud, Pesachim 10) და ადრექრისტიანული გადმოცემის მიხედვით (1 კორ. 11, 23-25), სერობა მოიცავდა 4 ჭიქა ღვინის აუცილებელად ხმევას შემდეგი რიგის მიხედვით: 1. ღვინით დალოცვა და პირველი ჭიქის ხმევა, დღესასწაულის (Qidush) კურთხევა. 2. ხელების დაბანა. 3. karpas-ის ჭამა (თეთრი ნიახურის ან ოხრახუშის სახეობა მლაშე წყლით ან ძმრით შეზავებული), როგორც ეგვიპტეში მონობის სიმძიმის სიმბოლო. 4. გაუფუებელი პურის დამტვრევა. 5. „Magid“-ი, დღესასწაულის განმარტება, რომელც ისრაიტელთა ეგვიპტიდან გამოსვლის ისტორიის მოყოლას გულისხმობდა. 6. „Hallel“-ის (ებრ. „ქება“) პირველი ნაწილის კითხვა (ფსალმ. 112-113, Ο΄) და მეორე ჭიქა ღვინის ხმევა. 7. ხელების დაბანა 8. უფუარი პურის კურთხევა და მისი მიღება. 9. მწარე ბალახის კურთხევა და ხმევა „ჰაროსეთ“-ში (მლაშე წყალი ან ძმარი) ჩაწობის შემდეგ. 10. საკუთრივ სერობა - საპასექო კრავის ხორცის ჭამა და სურვილისამებრ ღვინის მიყოლება. 11. სერობის კურთხევა, დალოცვა („Birkath hamazon”) და მესამე ჭიქა ღვინის მიღება. 12. „Hallel“-ი (მეორე ნაწილი ფსალმ. 114-117, Ο΄) და მე-4 ჭიქა ღვინის ხმევა.


პურის დამტვრევის დროს, მის ერთ ნაწილს, წოდებულს „Afikoman“ ან უფრო სწორედ „epikoman“ (იხ. Jastow), მალავდნენ სერობის დასასრულისაკენ გასართობად. მის საპოვნად ეძახდნენ ბავშვებს და პოვნის შემთხვევაში საჩუქარში უცვლიდნენ. აუცილებელ პირობას წარმოადგენდა ყოველ თანამეინახეს პურის მცირედი ნაწილი მაინც ეხმია, რათა მთლიანად ყოფილიყო მოხმარებული მესამე ჭიქა ღვინის კურთხევის წინ.


ქრისტეს შობიდან 70 წ. იერუსალიმის ტაძრის განადგურებისა და მსხვერპლშეწირვის გაუქმების შემდეგ (ვინაიდან მსხვერპლშეწირვა მხოლოდ იერუსალიმის ტაძარში აღესრულებოდა), კრავის ან ციკნის შემწვარი ხორცის არსებობა საპასექო მაგიდაზე აღარ არის აუცილებელი და იგი ნებისმიერმა საკვებმა შეიძლება შეცვალოს. მაგრამ ყოველ თეფშზე ყოველთვის დევს ხორცის პატარა ნაჭერი, როგორც სერობის პირვანდელი სახის გახსენება. არ არის ცნობილი, არსებობდა თუ არა იესოს ეპოქაში სერობისას ღვინის მე-4 ჭიქის ხმევა (იხ. მთ. 26, 30).


საპასექო სერობის დროს არსებობდა ჩვეულება, რომელიც გამოსვლათა წიგნს ემყარებოდა (გამ. 12, 26 და 13, 8. 14) და რომლის დროსაც უმცროსი შვილი, ძე, ოჯახის უფროსს ერთი კითხვით მიმართავდა: „რაი არს ესე“ (გამ. 13, 14; Ο΄. მოგვიანებით კითხვების რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა), რაზეც ოჯახის უფროსი ყველას გასაგონად პასუხობდა ამონარიდებით გამოსვლათა და მეორე სჯულის წიგნებიდან (რჯლ. 26; გამ. 13; 12, 29; 1, 14). თუკი სერობა საპასექო იყო, მაშინ იოანე, როგორც უმცროსი თანამეინახეთა შორის, ყველაზე შესაფერისი პიროვნება იქნებოდა, რათა აღნიშნული შეკითხვით იესოსთვის მიემართა. იქნებ არც არის შემთხვევითი, რომ სწორედ იოანეს სახარება მოიცავს იესოს გამოსამშვიდობებელ სიტყვას, რომელშიც მაცხოვარი იქ დამსწრეთ საიდუმლო სერობის მნიშვნელობას უხსნის. იესოს, „Magid“-ის ნაცვლად საიდუმლო სერობის განმარტება შემოაქვს, როგორც მომავალი ჯვარცმის სახე: „ესე არს ხორცი ჩემი... „ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქმისაი, მრავალთათვის დათხეული მისატევებელად ცოდვათა“ (მთ. 26, 26-28; მკ. 14, 22-24; ლკ. 22, 19-20; 1 კორ. 11, 23-26).


სინოპტიკოსი მახარებლების თანახმად, იესო (მარტო ან „ათორმეტთა მათ თანა“ (მთ. 26, 20)) სერობაზე მზის ჩასვლის შემდეგ ნისანის 14-ში მიდის, რომელიც უკვე პარასკევი, ნისანის 15-ია (ხუთშაბათის საღამოს დაახ. 6 საათის შემდეგ დღევანდელი გათვლით).


მახარებელი ლუკა, რომელიც ორ გადმოცემას აერთიანებს, გარდა წმინდა ზიარებისა, იესოს კიდევ ერთ გამოსამშვიდობებელ აღთქმას წარმოგვიდგენს (ლკ. 22, 24-30. 35-38), რომელიც იოანეს სახარების 13-17 თავებში აღწერილი მაცხოვრის სიტყვის შემოკლებულ გადმოცემად შეიძლება ჩაითვალოს. მათესა და მარკოზთან აღნიშნული სიტყვის მხოლოდ მცირე კვალს ვხვდებით მთ. 26, 29 და მკ. 14, 25-ში.


გამოთქმა „გულის-სიტყვით გული- მითქუმიდა“ (ლკ. 22, 15) უცნობია კლასიკური ბერძნულისათვის (BI-Deb-F 198, 6; იხ. ბერძ. „Επιθυμία επεθύμησα“), რაც ალბათ სემიტიზმი და სავარაუდოთ „სამოცდაათთაგანის“ (Ο΄) ენის იმიტაციაა, რომელსაც მახარებელი ლუკა იყენებს.


ლუკას სახარებაში იესოს სიტყვები „არღარა ვსუა ნაყოფისა ამისაგან ამის ვენახისა“ (მთ. 26, 29; მკ. 14, 25), მახარებელს იმ სიტყვების წინ გადააქვს, სადაც მაცხოვარი წმინდა ზიარების შესახებ საუბრობს. ეს ადგილი, ალბათ, მისი საწყისი ადგილია. ე.ი. არსებობს „Seder”-ის პირველი ჭიქის (ფიალის) მჭიდრო კავშირი ლუკას 22, 17-თან, რომლის შინაარსი ის გახლავთ, რომ ზიარება, რომელიც ყოველთვის მეორდება, ცათა სასუფევლის სერობის წინასახეა (ფსალ. 22, 5; ეს. 25, 6; 55, 1; 65, 13; სოფ. 1, 7; ენოქ. 62, 14; მკ. 10, 37; ლკ. 14, 15; გამ. 7, 16-17; 19, 9; 22, 17). ოღონდ ცათა სასუფეველი არის ის, რომელიც უნდა აღსრულდეს მომავალში. ახლა კი, ვინაიდან არსებობს, ჯერ კიდევ ადამიანთა შორისაა (ლკ. 17, 20-21). ანუ არ არის გამომჟღავნებული დიდებით, ვინაიდან უფალი არ არის დაბრუნებული (ამაღლებული) თავის დიდებაში (ლკ. 19, 11-28). სხვაგვარად, როგორც ამბობს მოციქული პავლე: „რამეთუ რაოდენ-გზისცა შჭამდეთ პურსა ამას და სუმიდეთ სასუმელსა ამას, სიკუდილსა უფლისასა მიუთხრობდით, ვიდრემდის მოვიდეს“ (1 კორ. 11, 26).


იესო არ არის მკვდარი, არამედ მარადის მყოფობს მამის მარჯვენით დიდებაში მჯდომი, რომელიც მამის აღთქმას აღასრულებს ეკლესიისათვის სულიწმინდის მისანიჭებლად (საქ. 2. 33). ყოველთვის, როდესაც წმინდა ზიარება აღესრულება, იესო იქ მყოფობს, როგორც უფალი თავის დიდებაში ცათა სასუფევლის გაცხადებამდე.


გამოთქმა „ესე არს სისხლი ჩემი...“ (მთ; მკ.), ღვინოს მსხვერპლშეწირვის სისხლთან აკავშირებს, რომლითაც დაიბეჭდა ძველი, სინას მთის აღთქმა (გამ. 24, 8; ზაქ. 9, 11; ებრ. 9, 15-22). ფორმულირება „ახალი აღთქმა“ გვხვდება ჯერ კიდევ იერემიას წინასწარმეტყველებაში, მიუხედვად იმისა, რომ მის მიერ გამოყენებული აღნიშნული ტერმინი სახარებაში ნახმარ ტერმინს („ახალი აღთქმა“) არ შეესაბამება: „აჰა, დღენი მოვლენ, - იტყვის უფალი, - და აღუთქუა სახლსა ისრაელისასა და სახლსა იუდაისასა აღთქმაი ახალი“ (იერ. 31, 31 ებრაული ხელნაწერის მიხედვით, ხოლო „სამოცდაათთაგანის“ თარგმანის მიხედვით იერ. 38, 31). მათეს განმარტება „მისატევებელად ცოდვათა“ (მთ. 26, 28) სიახლეა იუდაიზმისთვის, ვინაიდან ძველ აღთქმაში თუმცა კი ვხვდებით გამომსყიდველობით მსხვერპლშეწირვებს, მაგრამ მხოლოდ მსახურებითი ხასიათის დარღვევების გამო და არა ზოგადად ცოდვებისათვის.


პურის დამტვრევა და მაცხოვრის სიტყვები „ესე არს ხორცი ჩემი...“ შეესაბამება სერობის გაუფუებელი პურის კურთხევას. იესო, როგორც სერობის უფალი, განმარტავს „გაჭირვების პურს“ (რჯლ. 16, 3) როგორც საკუთარ სხეულს, აქვს რა წარმოდგენილი თვალწინ მომავალი ჯვარცმა. სიტყვა „პური“ (ბერძნ. „άρτος“) არ წარმოადგენს წინააღმდეგობას სერობისათვის საპასექო ხასიათის მისანიჭებლად, ვინაიდან იგი ასევე გამოიყენებოდა როგორც „პურნი შესაწირავთანი“ (გამ. 29, 2; მთ. 12, 4; მკ. 2, 26).


ლუკა მახარებლის მეორე სასმისი „შემდგომად სერობისა“ (22, 20) შეესაბამება Seder-ის მესამე ფიალას, რომელსაც მოციქული პავლე „სასუმელი ესე კურთხევისაი“-ს (1 კორ. 10, 16) უწოდებს.


გამოთქმა „ამას ჰყოფდით მოსახსენებელად ჩემდა“ (ლკ. 22, 19) არ გვხვდება მათესა და მარკოზის სახარებებში, მაგრამ სიტყვა-სიტყვით მეორდება 1 კორ. 11, 24-ში. ძველ აღთქმაში (გამ. 12, 14;13, 9; რჯლ. 16, 3) პასექი შეიწირებოდა როგორც გახსენება (ებრ. „ლეზიკკარონ“). სახარების მკითხველთათვის გახსენება არ წარმოადგენს მხოლოდ საიდუმლო სერობის გახსენებას იესოსთან ერთად, არამედ მისი ჯვარცმისა და აღდგომისასაც „ვიდრემდის მოვიდეს“ (1 კორ. 11, 26), ანუ ცათა სასუფევლის გაცხადებამდე.


იუდას მიერ მაცხოვრის გაცემის შესახებ ცნობა მათესთან, მარკოზთან და იოანესთან, მახარებელ ლუკას გადმოცემის საპირისპიროდ, წარმოადგენს მცდელობას იუდას თანამონაწილეობის გამორიცხვისას წმინდა ზიარების დროს. მაგრამ რაიმე მსგავსის მიღება შეუძლებელია და ძნელად ეთანხმება „სუეს მისგან ყოველთა“-ს (მკ. 14, 23 იხ. P. Benoit Scr 9 [1956], გვ. 101). გამოთქმაში „რომელი ჭამს ჩემ თანა“ (მკ. 14, 18), მახარებელი ხედავს იუდას მიერ იესოს გაცემას, რომელიც აღასრულებს ფსალმუნის წინასწარმეტყველებას: „და რამეთუ ამანცა, კაცმან მშვიდობისა ჩემისამან, რომელსა იგი მე ვესევდი, რომელი ჭამდა პურსა ჩემსა, მან განადიდა ჩემ ზედა შეტყუილი“ (ფს. 40, 10). მარკოზის „პინაკის“ (14, 20 „ღრმა თეფში“, „პატარა თასი“) შიგთავსს ცხადია „ჰაროსეთ“-ი წარმოადგენდა, რომელშიც მწარე ბალახს აწობდნენ.


„ძე კაცისაი წარვალს ვითარცა წერილ არს“ (მკ. 14, 21; მთ. 26, 24) გულისხმობს პირველი ეკლესიის მიერ „ძე კაცისა“- ს მნიშვნელობის დაკავშირებას ესაიას „ღვთის მონასთან“. ხოლო ლუკა მახარებლის ფორმულირება „მსგავსად წარჩინებულისა“ (ლკ. 22, 22) თუ კორექტივაა არაა, ჩანს რომ საუკეთესო ფორმულირებას წარმოადგენს.


„მრავალთათვის დათხეული“ (მკ. 14, 24) სემიტური იდიომატური გამოთქმაა და ნიშნავს „არცერთის გამოკლებით“, „ყველასათვის“.


„გალობაი წართქუეს“ (მკ. 14, 26), თუკი საიდუმლო სერობა საპასექო იყო, ეხმაურება საპასექო ტიპიკონის Hallel-ს. ზეთისხილის მთა მდებარეობს იერუსალიმის აღმოსავლეთით „ხევსა მას ნაძოვანსა“ (ინ. 18, 1). გამ. 12, 22 კრძალავდა სახლიდან საპასექო სერობის შემდეგ გამოსვლას მომდევნო დილამდე: „ნუ გამოხუალთ კართა მათ სახლისა თქუენისათა მიგანთიადმდე“. მაგრამ ახალი აღთქმის ეპოქაში დღესასწაულზე, ხალხმრავლობის გამო, პასექის აღსასრულებელი ტერიტორიის ფართობი ბეთბაგეში, ზეთისხილის მთამდე აღწევდა (Jeremias EWJ გვ. 55).


ლუკას სახარების ერთ-ერთი ტექსტი, რომელსაც ფილოლოგიური ნიშანიც კი ადევს, რომ იგი დაკარგულია, არ გვხვდება ე.წ. „დასავლური ტიპის“ ხელნაწერთა შორის (D, Vetus Latina და სხვ.). საუბარია ყველაზე ცნობილ ხელნაწერებზე (Western non-interpolations), რომელთა ნამდვილობაც ეჭვქვეშ დადგა Westcott-ისა და Hort-ის მიერ ახალი აღთქმის კრიტიკული გამოცემის გამოქვეყნების დროს. მიუხედავად აღნიშნულისა, ზემოთნახსენებ ტექსტს აქვს მტკიცე მხარდაჭერა და აღიწერება მრავალი სხვა ხელნაწერის მიერ (P-75; א; B; A; C; W; Vulgata; ძვ. სირიული ხელნაწ.). დღეს, პაპირუს Bodmer (P-75)-ის აღმოჩენის შემდეგ კი, იგი აღიარებულია მრავალი მკვლევარის მიერ (Jeremias, Schormann, Benoit, BJ (იხ. P. Benoit, Exegese et theologie, Paris, 1961, 1, 163-203; J. A. Fitzmyer, CBQ 24 (1962), გვ. 177).


„ისრაელი“ (ლკ. 22, 30) უკვე „ახალი ისრაელია“, ანუ ეკლესია, ხოლო „ათორმეტნი“ (ლკ. 22, 30) იქნებიან ახალნი „მსაჯულნი“, მსგავსნი ძველი მსაჯულებისა ახალ ისრაელში.



მთ. 26, 31-35; მკ. 14, 27-31; ლკ. 22, 31-38


წინასარმეტყველ ზაქარიას სიტყვებით, „დაეც მწყემსი და განიბნინენ ცხოვარნი!“ (ზაქ. 13, 7), იესო წინასწარმეტყველებს იმ დროებით შიშსა და გაურკვევლობას, რაც მოწაფეებში მისი ჯვარცმითა და სიკვდილით იქნება გამოწვეული. მაგრამ მისი აღდგომა ისევ შეკრებს ყველას გალილეაში, საიდანაც მოღვაწეობა დაიწყეს (მთ. 28, 7; მკ. 16, 7).


მახარებლები ლუკა და იოანე, მარკოზისა და მათესაგან განსხვავებით, პეტრეს მიერ მაცხოვრის უარყოფის შესახებ წინასწარმეტყველებას საიდუმლო სერობის დროს აღწერენ. ისევე როგორც იობის შემთხვევაში, აქაც სატანა ითხოვს უფლებას ღვთისაგან მოწაფეთა „აღცრად“ (გასაცხრილად, ლკ. 22, 31).


გამოთქმა „ვიდრე ქათმის ხმობადმდე“ (მთ. 26, 34) და ვერსიათა ნაირსახეობანი არ არის აუცილებელი, რომ ღამის განსაზღვრულ დროს გულისხმობდეს. მაგალითად ღამის მესამე სამხედრო ცვლას 24:00-დან 03:00-მდე. როგორც ცნობილია, ღამის 03:00-ს ეწოდებოდა „მამლის ხმობა“ (მკ. 13, 35). აღნიშნული გამოთქმის მნიშვნელობა მარტივია: „განთიადამდე უარყოფილი გეყოლები“.


„უსჯულოთა თანა შეირაცხა“ (ლკ. 22, 37) მომდინარეობს ესაიას წინასწარმეტყველებიდან (იხ. ეს. 53, 12).


იესოს პასუხი მოწაფეებისადმი „კმა არს“ (ლკ. 22, 38) ნიშნავს „სამყოფია, საკმარისი თქვით“. მსგავსი ფრაზა გვხვდება მეორე სჯულის 3, 26-ში „კმა იყავნ შენდა, ნუღარა შესძინებ სიტყუად ჩემდა სიტყუასა მაგას“. მოწაფეები უძლურნი არიან გაიგონ, რომ მაცხოვარი ეკლესიის დევნას წინასწარმეტყველებს. ამასთანავე ჩანს, რომ მოწაფეთაგან ზოგიერთი შეიარაღებული იყო.