(მთ. 26, 14-16; მარკ. 14, 10-11; ლკ. 22, 3-6; იოან. 13, 2)
სახელი „ისკარიოტელი“, რომელიც იესოს ერთ-ერთი მოწაფის, იუდას (იოან. 6, 71; 13, 2; 13, 26) ეპითეტია, შეიძლება მომდინარეობდეს ებრაული სიტყვიდან Ish qeriyot- „კაცი ქერიოტიდან“. სოფელი ქებრონიდან 16 კმ. სამხრეთით (ისუ. ნავ. 15, 25), დღევანდელი Khirbet el-Qaryatein. თუ ეს ასეა, მაშინ იუდა იესოს ერთადერთი არაგალილეველი მოწაფე უნდა ყოფილიყო. სხვა განმარტების მიხედვით, სახელი მომდინარეობს ებრაული ზმნადან shaqar - ვატყუებ, ე. ი. „მატყუარა“, „ცბიერი“ (Torrey HTR 36 [1943] გვ. 51-62). არსებობს კიდევ სხვა განმარტებებიც, მაგალითად ზმნა saqar - აღვნიშნავ, ვნიშნავ ხედვით ან წითლად ვღებავ. შესაბამისად „მღებავი“, „წითელთმიანი“, დანიშნული, დადაღული. ინტერესმოკლებული არაა ცნობილი გერმანელი მეცნიერის Culmann-ის მოსაზრება აღნიშნულ ეპითეტთან დაკავშირებით, რომლის აზრითაც, სიტყვა „ისკარიოტელი“ შეიძლება მომდინარეობდეს ლათინური „sica” (დანა, ხანჯალი)- დან. „სიკარიელნი“ (საქმ. 21, 38) წარმოადგენდნენ ცნობილ ზილოტების (მოშურნე) დაჯგუფებას. თუკი იუდა მართლაც ზილოტი იყო, შესაძლოა იგი იესოსგან იმედგაცრუებული დარჩა და მაცხოვარი ისრაელის მესიანისტური მოლოდინის წარუმატებელ მატარებლად ჩათვალა. ის, რომ იესო ნამდვილად იუდამ გასცა, იქიდან ჩანს, რომ იესოს შეპყრობა ხალხისაგან შორს, იმ ადგილას შეძლეს, რომლის მდებარეობაც მხოლოდ მოწაფეებმა იცოდნენ, მათ შორის იუდამაც: „იცოდა იუდაცა, მიმცემელმან მისმან, ადგილი იგი, რამეთუ მრავალგზის შესრულ იყო მუნ იესუ მოწფითურთ თვისით“ (იოან. 18, 2). როგორც გადმოგვცემს ღვთისმეტყველი იოანე: „ხოლო იესუ არღარა განცხადებულად ვიდოდა ჰურიათა შორის, არამედ წარვიდა მიერ სოფელსა, მახლობელად უდაბნოსა, ქალაქსა, რომელსა ჰრქვიან ეფრაიმ, და მუნ დაადგრა მოწფითურთ თვისით... რამეთუ მიეცა მცნებაჲ მღდელთ მოძღუართა მათ ფარისეველთა, რაითა, უკუეთუ ვინმე უწყოდის, სადა არს, აუწყოს მათ, რაითა შეიპყრან იგი“ (იოან. 11, 54-57). გაცემის მიზეზი მახარებლების მიერ არ აღინიშნება. მხოლოდ ლუკა და იოანე (13, 27) გადმოგვცემენ იუდას შესახებ, რომ „შევიდა მისა ეშმაკი“.
მრავლობით რიცხვში ნახმარი „ერის წინამძღუარნი“ (ლკ. 22, 4) აღნიშნავს იერუსალიმის ტაძრის დაცვის სამსახურის წევრებს, რომელსაც ლევიტელები წარმოადგენდნენ. გარნიზონის უფროსი მაღალი არისტოკრატულ წარმომავლობის მღვდელმთავარი, „ათი პირველთაგანის“ (Decem Primi) წევრი და ხშირად დიდი სინედრიონის თავმჯდომარის წევრობის კანდიდატი გახლდათ.
„ოცდაათი ვერცხლი“. მათეს სახარებაში სიტყვა-სიტყვით არის გადმოტანილი ზაქარიას წინასწარმეტყველებიდან: „და ვთქუ მათდა მიმართ: უკეთუ კეთილ არს წინაშე თქუენსა, მოეცით, აღწონეთ სასყიდელი ჩემი, ანუ უკუნ თქვით. და აღწონეს სასყიდელი ჩემი ოცდაათი ვერცხლნი...“ (ზაქ. 11, 12-13). წინასწარმეტყველების ალეგორიულ გაგებაში ზაქარია ითვლება „მწყემს კეთილად“, იესოს მსგავსად, მისი დატყვევებული ერისათვის, რომლის მსახურებაც არ ფასდება და უმნიშვნელოდ ნაზღაურდება მოსესეული კანონების მიხედვით, ერთი მონის ზარალის ასანაზღაურებლად უბედური შემთხვევის გამო: „ხოლო უკუეთუ მონაი დარქინოს კურომან, ანუ მხევალი, ოცდაათისა ვეცხლისა დიდრაქმაი (ებრ. sheqel) მისცეს უფალსა მათსა და კუროი ქვითა განიტვინოს“ (გამ. 21, 32). მათეს ცნობა, რომელიც აზროვნებს როგორც რაბინი, აღნიშნავს, რომ რამდენი ვერცხლიც არ უნდა აეღო იუდას, ნებისმიერ შემთხვევაში ცოტა იქნებოდა იმ საქმის ასანაზრაურებლად, რომელიც მან ჩაიდინა.
მიზეზი, რის გამოც მღვდელმთავრებს იესოს მოკვდინება სურდათ, აღნიშნულ ეპიზოდში არ აღიწერება. მოციქული იოანე აღნიშნავს, რომ ერთადერთი კითხვა, რომელიც დიდი სინედრიონის წევრებს ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების შენდეგ აწუხებდათ იყო: „რაი-მე ვყოთ, რამეთუ კაცი ესე მრავალსა სასწაულსა იქმს? უკუეთუ დაუტეოთ იგი ესრეთ, ყოველთა ჰრწმენეს მისა მიმართ, და მოვიდენ ჰრომნი და მიგვიღონ ჩვენ, ადგილიცა ჩვენი და ნათესავიცა“ (იოან. 11, 47-48). მიუხედავად იმისა, სწამდათ თუ არა მათ იესოს „ნიშნებისა“, ჭეშმარიტება ერთია, ისინი მაცხოვარს ფსევდომესიად აღიქვამდნენ.