(მთ. 26, 6-13; მარკ. 14, 3-9; ლკ. 7, 36-50; იოან. 12, 1-8)
აღნიშნული ეპიზოდი აღწერილია ოთხივე მახარებლის მიერ, მაგრამ განსხვავებული წვრილმანებით როგორც ადგილისა და დროის, ასევე ეპიზოდში მონაწილე პირების მიხედვით. მახარებლები ლუკა და იოანე ისტორიას ნელსაცხებლის შესახებ შედარებით ადრე გადმოგვცემენ (იოანე იესოს იერუსალიმში დიდებით შესვლამდე), ვიდრე მათე და მარკოზი. მაგრამ განსხვავებების მიუხედავად, ოთხივე მახარებელს შორის არის მნიშვნელოვანი მსგავსებანიც. არ არის შემთხვევითი, რომ იოანე ეთანხმება როგორც მარკოზსა და მათეს („ბეთანია“, „ნელსაცხებელი ნარდისაი“, „300 დინარი“, „გლახაკნი მარადის თქუენ თანა არიან“), ასევე ლუკასაც („თმითა თავისა მისისაითა წარჰხოცდა და ამბორს-უყოფდა ფერხთა მისთა და სცხებდა ნელსაცხებელსა“). შესაძლებელია საუბარი იყოს ორ ან სამ მსგავს ეპიზოდზე, რომლებიც ზეპირი გადმოცემის შედეგად ნელ-ნელა ერთი მთლიანი ისტორია გახდა, ან ერთ ეპიზოდზე, ოღონდ განსხვავებული განმარტებებით. სარწმუნოა უფრო პირველი. რომელიც არ უნდა იყოს სწორი, აღნიშნული მონაკვეთის ადგილი იოანესთან და ლუკასთან, რომლებიც უფრო ადრე აღწერენ მას, მათესათან და მარკოზთან შედარებით, რომლებთანაც აღწერილი ჩანართი ორ ნაწილად ჰყოფს იესოს ვნების ისტორიას, იმის შესახებ მეტყველებს, რომ ნელსაცხებლის ცხების ისტორია თავდაპირველად დამოუკიდებელი იყო და არ წარმოადგენდა მაცხოვრის ვნების შესახებ თხრობის ფრაგმენტულ ნაწილს. სავარაუდოა, რომ იესო მოწაფეებს ახსენებს დედაკაცის საქმეს, რომელმაც „ნელსაცხებელი ესე ხორცთა ჩემთა და დასაფლველად ჩემდა ყო“ (მთ. 26, 12), საქმე, რომელიც ამართლებს აღნიშნული ეპიზოდის ჩართვას ვნების ისტორიაში. ჭეშმარიტებაა ისიც, რომ იესოს სხეული არ იქნა მირონცხებული მისი დაკრძალვის დროს ისე, როგორც იყო აუცილებელი (A. Legault, CBQ 16 (1954) გვ. 131-145).
ბეთანია. (Beth-hini, იხ. M. Jastrow, A. Dictionary of the Targuminm, the Talmud Babli and Jerushalmi, and the Midrashic Literature, London, N. Y. 1903 გვ. 348) მდებარეობს ზეთისხილის მთის სამხრეთ-აღმოსავლეთ კიდეზე, იერუსალიმიდან დაახ. 3 კმ. აღმოსავლეთით და არანაირი კავშირი არ აქვს ბეთანიასთან „წიაღ იორდანესა“ (იოან. 1, 28 იხ. ქართული თარგმანი „ბეთაბრა... წიაღ იორდანესა“) და შეესაბამება el- Azariyeh-ს (<el-Lazarieh), მე-5 საუკუნის ლაზარეს მხარედ წოდებულ ადგილს (პალადიოსი, „ლავსიაკონი“ 44, 5), სადაც გრანიტის მრავალი საფლავი მდებარეობს.
სიმონ კეთროვანი შესაძლებელია იმ ათი კეთროვანიდან ერთ-ერთი ყოფილიყო, რომელიც იესომ განკურნა. იოანეს მარიამი (იოან. 12. 3) არანაირ შემთხვევაში არ შეიძლება გაიგივდეს მარიამ მაგდალინელთან.
„ნელსაცხებელი ნარდისა სარწმუნოისაი“ (მარკ. 14. 3) უნდა ყოფილიყო ერთი პატარა დალუქული ფიალა (ფლაკონი) მცირე რაოდენობით სუნამოთი, რომლის გამოყენებაც ფიალის გატეხვის შემდეგ შეიძლებოდა. თანამეინახეთა ნელსაცხებლით ცხება სერობის დროს ჩვეულებრივი მოვლენა გახლდათ (იხ. ფს. 22, 5). ნარდი (სპარს. „ნარდინ“) არის სურნელოვანი მცენარე კატაბალახას ოჯახიდან, ველურად მზარდი ინდოეთში, რომლის ფესვებიდანაც იწარმოებოდა სურნელოვანი ზეთი. „სარწმუნოისაი“ შესაძლებელია ნიშნავდეს ნატურალურს. ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი აღნიშნული ადგილის განმარტებისას ამბობს, აქ უნდა იგულისხმებოდეს ან ნარდის სახეობა, ან ეს სიტყვა უნდა ნიშნავდეს „შეურევნელს“ (თეოფილ. ბულგარელი, PG 123, 645b). „სარწმუნოისაი“, ბერძნულად „Πιστική“, არამ. „პისტაქა“, მომდინარეობს მცენარის Pistachio-ს სახელწოდებისაგან (M. Black, An Aramaic Approach, 1967 გვ. 223-225) ან ნარდის ინდური სახელწოდების Piccita-გან (იხ. BDAG).
ვერცხლის „დინარი“ (denarius, ქართული თარგმანი „დრაჰკანი“ (მთ. 20, 2)), რომის იმპერატორ ნერონის მიერ მისი გაუფასურების შემდეგ, მუშის დღიურ ხელფასს შეესაბამებოდა. ანუ 300 დინარი სამასი დღის ხელფასი იყო (BDAG). აღნიშნული მონაკვეთი დინარის შესახებ, ჩვენი აზრით, მისი გაუფასურების შემდეგაა დაწერილი და როდესაც იესო იგავს ჰყვებოდა, გამოიყენებოდა სხვა ფულადი ერთეული, რომლის ფასიც მათემ მისი ეპოქის ეკონომიკური მონაცემების მიხედვით განსაზღვრა.
გამოთქმა „გლახაკნი მარადის თქვენ თანა არიან“ ეხმაურება ძველი აღთქმის გამოსვლათა წიგნში არსებულ ფრაზას: „ვინ მსგავს შენდა უფალო? ვინ მსგავს შენდა წმიდათა შორის, დიდებულო, საკვირველ, დიდებათა შინა მოქმედი ნიშნებისაი?“ (გამ. 15, 11).