მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები წიგნის შესახებ

სტამატიოს ნ. ხაძისტამატიუ
„იესო ქრისტეს ვნება სახარებების მიხედვით“
(ლექციათა კრებული)


სინედრიონის გადაწყვეტილება იესოს მოსაკლავად

(მთ. 26, 1-5; მარკ. 14, 1-2; ლკ. 22, 1-2; იოან. 11, 47-57)


სინოპტიკოსები. მათეს სახარების 26-ე თავში აღწერილი მაცხოვრის ვნება წინა თავების შინაარსთან შედარებით უფრო მეტად მხატვრულია, ვიდრე მკაცრად ქრონოლოგიური. მახარებლების მიხედვით, ვნების წინასწარმეტყველება მიზნად ისახავს იმის ჩვენებას, რომ ყოველივე რაც მოხდება ღვთის ხელშია და იესო, როგორც მოვლენების ცენტრალური მონაწილე, ისტორიის უფალია. სინედრიონის ჩანაფიქრი იესოს შეპყრობისა და მოკვდინების შესახებ, ოღონდ არა დღესასწაულის დროს, რათა ხალხი არ აჯანყებულიყო მაცხოვრისადმი სიყვარულის გამო, არ გამართლდა. პირიქით, იესოს შეიპყრობენ და ჯვარს აცვამენ ზუსტად პასექის დღესასწაულზე.


მახარებელ მათეს მიხედვით, იუდეველ მთავართა შეკრება მღვდელმთავარ კაიაფას სახლში მოხდა, რომელიც მღვდელმთავრად დაინიშნა 18 წელს რომის პროკურატორის პილატე პონტოელის (26-36 წ.) წინამორბედის ვალერიუს გრატუსის (Valerius Gratus 15-26 წ.) მიერ, ვიდრე ვიტელიუსამდე (Vitellius 36 წ.) (იოსებ ფლავიუსი „არქეოლოგია“ 18,2,2 და 18,4,3). „საქმე მოციქულთა“-ში კაიაფა ჯერ კიდევ მღვდელმთავარია, როდესაც პეტრე და იოანე სინედრიონის წინაშე წარდგნენ, ასევე სავარაუდოა პირველმოწამე და პირველდიაკონ სტეფანეს დროსაც (საქ. 7,1). არ არის გამორიცხული, რომ მღვდელმთავარი, რომლისგანაც მოციქული პავლე დამასკოს სინაგოგებისადმი ეპისტოლეებს ითხოვდა, იქ დაკავებული ქრისტიანების გამო, კაიაფა ყოფილიყო (საქ. 9,1-2). 1990 წელს იერუსალიმიდან 3 კმ. სამხრეთით შემთხვევით აღმოჩნდა კაიაფას საძვალე წარწერით: Yehosef bar Qayyafa (იოსეფ ძე კაიაფასი). იოანე მოციქულის ფრაზა: „რომელ იყო მღვდელთმთავარი მის წელიწადისაი“, ნიშნავს რომ იყო მღვდელმთავარი იმ დროს. იუდეველი მღვდელმთავრები რომაული პოლიტიკის ინტერესების მომსახურების მიხედვით საუკეთესო ადგილებს იკავებდნენ საზოგადოებაში. მრავლობით რიცხვში ნახმარი „მღვდელმთავრები“აღნიშნავს მღვდელმთავართა სათათბიროს. აღნიშნული სამმართველო ინსტიტუტი ბერძნული წარმოშობისაა და ბერძნული ქალაქების სამმართველო სათათბიროს, საკანონმდებლო კორპუსს, პარლამენტს, „სასულიერო პირთა სათათბიროს“ შეესაბამება (იოსებ ფლავიუსი, „არქეოლოგია“ 13,166; საქ. 19,14), რომელიც არისტოკრატული წარმომავლობის 10 წევრის, ძირითადად მღვდელმთავრებისა და საერო საქმოსნებისაგან „ათი პირველთაგანი“-სგან შედგებოდა (იოსებ ფლავიუსი, „იუდ. არქეოლოგია“ 20, 194. ლათ. Decem Primi). მღვდელმთავრები პრესვიტერებთან და მწიგნობრებთან ერთად წარმოადგენდნენ დიდ სინედრიონს(ებ. სან-ჰედრინ), საყოველთაო იუდაიზმის უმაღლეს სამმართველო, საკანონმდებლო, აღმასრულებელ, პოლიტიკურ და რელიგიურ ორგანოს. „მწიგნობრები“ იყვნენ კანონმცოდნენი, ცნობილნი როგორც „ბრძენნი“ ან „რაბინნი“, ხოლო „პრესვიტერები“ არისტოკრატიის წარმოსაჩრენი წევრები. სინედრიონის წევრთა საერთო რაოდენობა შეადგენდა 71-ს (Mishna, Sanhedrin1, 6), რომლის საფუძველსაც წარმოადგენდა „სამოცდაათი მამაკაცი ისრაელის პრესვიტერებისაგან“ (რიცხ. 11. 6). სამოცდამეთერთმეტე იყო თვით მოსე. სინედრიონის შეკრებები ხორციელდებოდა საკანონმდებლო კორპუსში, იერუსალიმის ტაძრის სამხრეთ-დასავლეთით (იოსებ ფლავიუსი, „იუდ. ბრძ. შესახ“. 5, 144). სათათბიროს სრული შემადგენლობით შეკრება აუცილებელი იყო მხოლოდ სასიკვდილო განაჩენის გამოსატანად. ძირითადად, წევრთა მცირე რაოდენობა საკმარისად ითვლებოდა. თუკი თათბირი, რომელიც, რა თქმა უნდა, არ იყო სასამართლო, კაიაფას სახლის ეზოში გაიმართა, საქმე გვაქვს ატიპურ თათბირთან, რომელშიც სინედრიონის განსაზღვრული და წინასწარშერჩეული წევრები მონაწილეობდნენ.


მარკოზის (14, 1), უფრო მეტად კი ლუკას (22, 1) ქრონოლოგიური ფორმულირება, რომელიც პასექისა და უფუარობის დღესასწაულებს ერთმანეთთან აკავშირებს არ არის ზედმიწევნით ზუსტი. რეალურად, საუბარია ორ, ერთმანეთისაგან გავსხვავებულ დღესასწაულზე. პასექი (ებრ. „პისაჰ“; არამ. „პისჰა“) რელიგიური კალენდრის პირველი თვის, ნისანის (მარტი-აპრილი) 14 რიცხვში აღინიშნებოდა, მაშინ როცა უფუარობის დღესასწაული (ებრ. „მაცოტ“ ან „მაცოთ“) იწყებოდა იმავე თვის 15 რიცხვში და გრძელდებოდა 7 დღეს, ვიდრე ნისანის 21-მდე (გამ. 12, 6-15; ლევ. 23, 5-9). იუდეველი ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსიც იმეორებს მახარებლების სიტყვებს აღნიშნული დღესასწაულის შესახებ: „κατά τον καιρόν της των αζύμων εορτής, ήν πάσχα λέγονεμ“ - იმ დროს, უფუარობის დღესასწაულზე, პასექად წოდებულზე (იოსებ ფლავიუსი „არქეოლოგია“ 14, 21). იუდეური კალენდრის მიხედვით დღე იწყებოდა და მთავრდებოდა მზის ჩასვლის დროს. ე.ი. თვის 14 რიცხვი მთავრდებოდა ზუსტად იმ დროს, როდესაც იწყებოდა 15 რიცხვი, დაახლოებით საღამოს 6 საათზე. აღნიშნული დაბნეულობა და მონაცემთა არევა მხოლოდ იმ ფაქტიდან არ მომდინარეობს, რომ საპასექო სერობა ნისანის თვის 14 რიცხვში აღინიშნებოდა მზის ჩასვლის შემდეგ, უფრო სწორედ ნისანის 15-ში (საღამოს 6 საათის შემდეგ), არამედ უფრო ძველია და მიეკუთვნება მოსეს ხუთწიგნეულში არსებულ ორ ერთმანეთისაგან განსხვავებულ გადმოცემას. შედარებით ძველი გადმოცემის მიხედვით (გამ. 12, 6. 8. 18) პასექი განისაზღვრება ნისანის 14-ში, ხოლო ახალი გადმოცემის მიხედვით, რომელიც შემდგომშიც დომინირებდა (ლევ. 23, 5; რიცხ. 28, 16), პასექის დღესასწაული აღინიშნებოდა ნისანის 15-ში. გამოთქმა „ორი დღის შემდეგ“, შეიძლება ნიშნავდეს რომ ვნების შესახებ წინასწარმეტყველება მოხდა ნისანის 13-ში, მაგრამ ალბათ იგულისხმება 14. ისევე, როგორც მსგავსი გამოთქმა „მესამესა დღესა აღდგომად“ (მარკ. 8, 31) არსობრივად გულისხმობს ორ დღეს პარასკევის შემდეგ. ე.ი. ათვლა იწყება პარასკევიდან.


„ძე კაცისაი“. (მთ. 26, 1; ებრ. „ბენ (ჰა) ადამ“; არამ. „ბარ ნაშა“) არის იდიომატური გამოთქმა, რომელიც ებრაულად უბრალოდ „ადამიანს“ ნიშნავს.


იოანე. „მღვდელმთავრები“ და „ფარისევლები“ არ ჩანს ეჭვობდნენ, რომ იესო „მრავალსა სასწაულსა იქმს“ (იოან. 11, 47). რასაც ეჭვქვეშ აყენებენ არის ის, იესო მესიაა თუ არა. შიშობენ, ვაითუ ხალხი, გატაცებული ერთი ვიღაც ფსევდომესიის მიერ, აჯანყდეს რომაელთა წინააღმდეგ და დამპყრობელთა მხრიდან შურისძიება გამოიწვიოს. კაიაფა წარმოდგენილია დრამატული სახით, რომელსაც ხელიდა უსხლტება ისტორია, ვინაიდან ვერ ხვდება რომ იგი, უმაღლესი იერარქი ღვთის ნებას წინასწარმეტყველებს. იესო მართლაც „მოკვდა ერისათვის“, მაგრამ არა მხოლოდ ერისათვის, როგორც ამას კაიაფა იმედოვნებდა. საბოლოოდ გამართლდა მღვდელმთავართა და ფარისეველთა შიში „მოვიდნენ ჰრომნი და მიგვიღონ ჩვენ, ადგილიცა ჩვენი და ნათესავიცა“ (იოან. 11, 48). რომაელებმა სისხლში ჩაახშვეს იუდეველთა აჯანყება 66-70 წწ. ქრისტეს შობიდან. გამოთქმა „უმჯობეს არს ჩვენდა, რაითა ერთი კაცი მოკუდეს ერისთვის“, ცნობილი რაბინული გაგებაა და გვხვდება Midrash Genesis Rabah 94, 9-ში.


ფარისეველები, ისევე როგორც სადუკეველები და ესეელები, პოლიტიკურ-რელიგიურ დაჯგუფებას წარმოადგენდნენ ქრისტეშობამდე მეორე საუკუნის შუა წლებისათვის. სადუკეველები, მაღალი არისტოკრატული ფენის წარმომადგენლები, დიდი სინედრიონის სამმართველო აპარატის უმრავლესობას შეადგენდნენ. ხოლო ფარისევლები საზოგადოების საშუალო კლასს მიეკუთვნებოდნენ. „მწიგნობართა“ ანუ კანონმცოდნეთა ფენა ფარისევლებისა და სადუკეველების ფენებთან შედარებით უფრო ძველია, მაგრამ დროთა განმავლობაში „მწიგნობართა“ უმრავლესობა ფარისეველთა დაჯგუფებას შეუერთდა, რომელმაც შემდგომში გვიანი იუდაიზმი ჩამოაყალიბა. იესო ქრისტეს მოღვაწეობის პერიოდში „მწიგნობრები“ და „ფარისევლები“ უკვე თითქმის თანაბარი მნიშვნელობის დაჯგუფებებს წარმოადგენდნენ. ქალაქი „ეფრემი“ შესაძლოა იყოს ქალაქი „აფრა“ (ისუ. ნავ. 18, 23 Ο’; ებრ. „ოფრა“), რომელიც დღევანდელ Et-Taiyibeh-ს, მთიან რეგიონს იერუსალიმიდან 24კმ. და ბეთილიდან 7, 5 კმ. ჩრდილო-აღმოსავლეთით, შეესაბამება.