მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

განმარტებები

 

სეფისკვერი და მოსახსენებელი

 

ტრადიციულად, წირვის დაწყების წინ ქრისტიანენი შეიძენენ სეფისკვერს და აგზავნიან საკურთხეველში მოსახსენიებლებთან ერთად.

 

სეფისკვერი სუფთა საფუარიანი ცომისაგან გამომცხვარი ფორმის ორნაწილიანი კვერია. სეფისკვერის ორნაწილიანობა სიმბოლურად შეესაბამება მაცხოვრის ორ ბუნებას - ღვთაებრივსა და კაცობრივს. სეფისკვერის ზედა ნაწილზე გამოისახება ჯვარი წარწერით „იესო ქრისტე ძლევაი“. სიმრგვალე სიმბოლოა ქრისტეში კაცობრიობის მარადიულობისა, რაც ნიშნავს რომ კაცობრიობა შექმნილია მარადიული ცხოვრებისათვის.

 

წირვის ჩასატარებლად აუცილებლად მზადდება ხუთი დიდი ზომის სეფისკვერი, რომლებთაგანაც თითოეულს თავისი მნიშვნელობა აქვს. წირვის პირველ ნაწილში, იმ დროს როდესაც იკითხება მესამე და მეექვსე ჟამის ლოცვები, საკურთხეველში მღვდელი ასრულებს კვეთას ანუ ხუთივე სეფისკვერიდან ამოიღებს ნაწილებს. პირველი სეფისკვერიდან, რომელიც სიმბოლურად განასახიერებს მაცხოვარს - ჩვენთვის დაკლულ (შეწირულ) ღვთის ტარიგს, ამოიღება ნაწილები, რომლითაც ევქარისტიული კანონის შესრულების შემდეგ ხდება მორწმუნეების ზიარება. კვეთის დროს მღვდელი კითხულობს ლოცვებს, რომლებშიც მოიხსენიება მაცხოვრის შობა, ვნება, ასევე წინასწარმეტყველებანი და სწავლანი მაცხოვრის შესახებ. მეორე სეფისკვერიდან ამოიღება ნაწილები ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელზე, მესამე სეფისკვერიდან - ნაწილები წინასწარმტყველთა, მოციქულთა, მღვდელმთავართა, მოწამეთა, აღმსარებელთა და ყოველთა წმიდათა სახელზე; მეოთხე სეფისკვერიდან - ცოცხალთათვის; მეხუთედან კი - მიცვალებულთათვის. ამავე დროს ხდება მორწმუნეთა მიერ შეგზავნილი მცირე ზომის სეფისკვერების კვეთა და მოსახსენებელში ჩამოწერილ მონათლულ ქრისტიანთა სახელების მოხსენიება (უნდა შევნიშნოთ, რომ ეკლესია არ იხსენიებს თვითმკვლელებსა და მწვალებლებს).

 

ყოველი სახელის მოხსენიების შემდეგ მღვდელმსახური ამოკვეთს სეფისკვერის ნაწილს სიტყვებით: „მოიხსენე უფალო (მიუთითებს ჩვენს მიერ ჩაწერილ სახელს)“. ეს ამოკვეთილი ნაწილები ასევე ეწყობა ფეშხუმზე იმ ნაწილებთან ერთად, რომლებიც საღვთისმსახურო სეფისკვერიდან იყო ამოკვეთილი. ამ რიგით ფეშხუმზე ერთად დაწყობილი სეფისკვერთა ნაწილები ქრისტეს ეკლესიის სიმბოლოა. „კვეთაზე ხდება განსახიერება ტარიგის გარშემო შეკრებილი მთელი ზეციური და მიწიერი ეკლესიისა; ტარიგისა, რომელაც ამსოფლის ცოდვები იტვირთა... - წერს წმინდა იოანე კრონშტადტელი იმ ნაწილების შესახებ, რომლებიც სეფისკვერებიდან არის ამოკვეთილი და ფეშხუმზეა დასვენებული, - რა ახლოს არიან ერთმანეთთან ზეცისა და მიწის მკვიდრნი, ღვთისმშობელი და ყველა წმინდანი, ჩვენ ყველანი, მართლმადიდებლი ქრისტიანები, როდესაც აღესრულება ღვთაებრივი, საყოველთაო ლიტურგია! ღმერთო ჩემო! რა ცხოველმყოფელი ერთობაა!“

 

სეფისკვერის შეწირვის ტრადიცია უძველესია. პირველ ქრისტიანებს, ჩვეულებისამებრ, წმიდა ლიტურგიაზე მიჰქონდათ პური და ღვინო, რაც განკუთვნილი იყო ღვთისმსახურებისათვის. რასგანაც წმიდა საიდუმლოთა შესულებისათვის საკმარისი იყო ერთი პური („რამეთუ ერთ პურ და ერთ ხორც ჩუენ მრავალნი ესე ვართ, რამეთუ ყოველთა ერთისა მისგან პურისა მოგუაქუს“ (1 კორ. 10, 17) და რადგანაც ყველას სურდა, რომ მათ მიერ შეწირული პური ყოფილიყო არჩეული ტარიგად, ამიტომ ეკლესიამ დაადგინა: წმიდა შესაწირავისთვის ამოერჩიათ ერთი საუკეთესო პური, ხოლო დანარჩენი პურებისაგან ამოეღოთ ნაწილები მათ შემომწირველთა სახელების მოხსენიებით. ლიტურგიის დამთავრების შემდეგ ნაკვეთ პურებს ღვინოსთან ერთად არიგებდნენ საერთო ტრაპეზზე, რომელიც იმართებოდა გლახაკთათვის. ამდენად პურის შეწირვა ამავე დროს იყო გამოხატულება ქრისტესმიერი სიყვარულისა და კეთილმოღვაწეობისა.

 

თანამედროვე ტრადიციით სეფისკვერი წარმოადგენს შესაწირს და წირვის ბოლოს ხდება მისი განაწილება მორწმუნეთათვის. სახლში სეფისკვერის მიღება ხდება უზმოზე, დილის ლოცვის შემდეგ.

 

ჟურნალი „საყდარი“, №1, 2001 წ.

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, №51(204), 2002 წ.

 

 

მოსახსენებელი

წირვაზე მოხსენიების შესახებ

 

საოჯახო ლოცვას, როგორც წესი, ისეთი მადლმოსილი ძალა არ გააჩნია, როგორც საზოგადო, ერთობლივ ლოცვას, რომელიც ეკლესიაში სრულდება. ამის შესახებ თავად უფალმა ბრძანა: „უკუეთუ ორნი თქუენთაგანნი შეითქუნენ ქუეყანასა ზედა ყოველისათვისვე საქმისა, რომელიცა ითხოვონ, ეყოს მათ მამისა ჩემისაგან ზეცათაჲსა. რამეთუ სადაცა იყვნენ ორნი გინა სამნი შეკრებულ სახელისა ჩემისათვის, მუნ ვარ მე შორის მათსა“ (მთ. 18, 19-20).

 

ეკლესიაში ერთობლივი ლოცვისათვის იკრიბებიან მორწმუნენი, ტაძარში უხილავად მყოფობს თავად უფალი. ტაძარი - ესაა სახლი უფლისა, სადაც მღვდელმსახურნი უსისხლო მსხვერპლს სწირავენ ღმერთს. ჯერ კიდევ ძველი აღთქმის ეკლესიაში ლოცვას თან ახლდა ცხოველთა მსხვერპლშეწირვა, რომელსაც ცოდვათა განსაწმედად ასრულებენ.

 

ახალი აღთქმის ეკლესიაში კი ცხოველის მსხვერპლშეწირვა აღარ არსებობს, ვინაიდან „ქრისტე მოკუდა ცოდვათა ჩუენთათვის“ (1 კორ. 15, 3). „და იგი არს მომტევებელი ცოდუათა ჩეუნთაჲ, არამედ ყოვლისა სოფლისა“ (1 ინ. 2, 2). მან თავისი ყოვლადპატიოსანი სისხლი და ხორცი შესწირა მსხვერპლად ყოველთათვის და ამის მოსახსენებლად, საიდუმლო სერობაზე დაადგინა უსისხლო მსხვერპლშეწირვა - პურისა და ღვინის - მისი ყოვლადწმიდა ხორცისა და სისხლის - შეწრივა მისატევებელად ცოდვათა. რაც აღესრულება კიდეც ლიტურგიის დროს ეკლესიაში.

 

ისევე როგორც ძველ აღთქმაში ლოცვას თან ერთვოდა მსხვერპლი, ასევე ახლაც, ქრისტიანულ ეკლესიებში, ლოცვისას წმიდა უსისხლო მსხვერპლი შეიწირება ანუ სრულდება წმიდა ზიარება.

 

საეკლესიო ლოცვას განსაკუთრებული ძალა კიდევ იმიტომ აქვს, რომ იგი მღვდელმსახურის მიერ აღევლინება, რომელიც სპეციალურად იმისთვის არის დადგენილი, რომ ღვთისმსახურება აღასრულოს, ყოველი ქრისტიანისათვის აღავლინოს ლოცვა და მსხვერპლი შეწიროს უფალს.

 

„მე გამოგირჩიე თქუენ... - მიმართავს მაცხოვარი თავის მოციქულებს, - რაჲთა რაჲ იგი სთხოვოთ მამასა ჩემსა სახელითა ჩემითა, მოგცეს თქუენ“ (ინ. 15, 16). მოციქულებმა უფლის მიერ მიცემული უფლებები და მოვალეობები თავიანთ მემკვიდრეებს - ეპისკოპოსებსა და მღვდელმსახურებს გადასცეს „რაჲთა ჰყოფდენ ვედრებასა, ლოცვასა, თაყუანის-ცემასა და მადლობასა ყოველთა კაცთათვის“ (1 ტიმ. 2, 1).

 

სწორედ ამიტომ მიმართავს წმიდა იაკობ მოციქული ქრისტიანებს: „უძლურ თუ ვინმე არს თქუენ შორის, მოუწოდენ ხუცესთა ეკლესიისათა, და ილოცონ მის ზედა და სცხონ მას ზეთი სახელითა უფლისათა“ (იაკ. 5, 14)...

 

 

თუ თქვენ გსურთ, რომ თქვენ მიერ საკურთხეველში შეგზავნილი მოსახსენიებელი ყურადღებით და აუჩქარებლად წაიკითხონ, გახსოვდეთ შემდეგი წესები:

 

მოსახსენიებელი უნდა შეაგზავნოთ საკურთხეველში საღვთო ლიტურგიის დაწყებამდე. კარგი იქნება, თუ ამას გააკეთებთ წირვის წინდღით – საღამოს ღამისთევის ლოცვაზე, ანდა ადრე დილით, მსახურების დაწყებამდე ეკლესიაში. 2. მოსახსენიებელი დაწერეთ მკაფიო, გარკვეული ხელით. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ბევრი ახლობელისა და ნათესავის მოხსენიება გსურთ, რამდენიმე მოსახსენიებლის შეგზავნაც შეიძლება.

 

 

მოსახსენებელი

ვინ მოიხსენიება მოსახსენებელში?

 

წირვის დროს ტაძრის საკურთხეველში მორწმუნენი გზავნიან მოსახსენებელს, რომელშიც მხოლოდ იმათ სახელთა ჩაწერა შეიძლება, ვინც მართლმადიდებელ ეკლესიაში არის მონათლული.

 

პირველი მოსახსენებელი არის - „ჯანმრთელობისათვის“. ცნება „ჯანმრთელობა“ ადამიანის მხოლოდ ფიზიკურ სიჯანსაღეს არ გულისხმობს, არამედ მის სულიერ მდგომარეობას, მატერიალურ კეთილდღეობასაც მოიცავს. და თუ ვლოცულობთ ისეთი კაცის ჯანმრთელობისათვის, რომელმაც მრავალი ბოროტება ჩაიდინა, ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ მან შეცვალოს მისი შინაგანი მდგომარეობა და უფლის შეწევნით, ჩვენს მიმართ მტრულად განწყობილი კაცი სიკეთისაკენ მოიქცეს.

 

ამ მოსახსენებელში უნდა ჩავწეროთ ყველა იმ ადამიანის სახელი, ვისაც ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და ცხონებას ვუსურვებთ.

 

ღვთის სიტყვა გვასწავლის, რომ ადამიანმა მხოლოდ საკუთარი თავისთვის კი არ უნდა ილოცოს, არამედ სხვებისთვისაც. „ულოცევდით ურთიერთსა“ (იაკ. 5, 16). სწორედ ამ ერთიმეორისათვის ლოცვაზეა დამყარებული ქრისტიანული ეკლესია.

 

მაშინ, როცა ქვეყანას მირონცხებული მეფე მართავდა, ყველა პარაკლისი და მოსახსენებელი მისი მოხსენებით იწყებოდა, ვინაიდან მასზე იყო დამყარებული როგორც, საზოგადოდ, ქვეყნის, ასევე ყოველი მართლმადიდებლის ოჯახური კეთილდღეობა. დღეს კი მოსახსენებელში პირველად უნდა ვწერდეთ პატრიარქს, შემდეგ ეპარქიის მღვდელმთავარს, რომელიც უფლის წინაშე აღავლენს კიცვასა და წირავს მსხვერპლს მისთვის ჩაბარებული სამწყსოსათვის.

ასე გვასწავლის წმიდა წერილი: „ყოვლისა წინა, რაჲთა ჰყოფდე ვედრებასა, ლოცვასა, თაყუანის-ცემასა და მადლობასა ყოველთა კაცთათვის, მეფეთათვის და ყოველთა მთავართა, რაჲთა მშვიდობით და მყუდროებით ვცხოვნდებოდით ყოვლითა ღმრთისმსახურებითა და სიწმიდითა, რამეთუ ესე არს კეთილ და სათნო წინაშე მაცხოვრისა ჩუენისა ღმრთისა, რომელსა ყოველთა კაცთა ჰნებავს ცხოვრებაჲ და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსლვაჲ“ (1 ტიმ. 2, 1-4).

 

პირველად უნდა ჩაიწეროს მღვდელმთავართა და მღვდელთა სახელები, ამასთან საჭიროა მიეთითოს მათი წოდება, მთლიანად ან შემოკლებით (მაგალითად, „მთავარეპისკ. ნიკოლოზი“, „მღვდელი პეტრე“).

 

მოსახსენიებელს (თუკი ის უბრალო ფურცელია) თავზე აუცილებლად დააწერეთ „ცოცხალთათვის“ ან „მიცვალებულთათვის“, „შესვენებულთათვის“. ჩაწერეთ მხოლოდ იმ ადამიანთა სახელები, რომელნიც არიან (ან იყვნენ) მართლმადიდებლური წესით მონათლულნი.

 

ჩაწერეთ ნათლობის სახელის სრული ფორმა. მაგალითად, „დავითი“ და არა „დათო“, „ნიკოლოზი“ და არა „ნიკა“, „ეკატერინე“ – „ეკა“. ბავშვი 7 წლამდე იწოდება „ყრმად“.

 

არ არის საჭირო მოსახსენიებელ ადამიანთა გვარის, მამის სახელის, ტიტულების, პროფესიებისა და იმის აღნიშვნა, თუ როგორ ნათესავად მოგხვდებიან ისინი თქვენ.

 

დასაშვებია მოსახსენიებელში ისეთი სიტყვების ჩაწერა, როგორიცაა: „მეომარი“, „მონაზონი“, „სნეულებაში ან უძლურებაში მყოფი“, „მოგზაურობაში მყოფი“, „საზღვარგარეთ ან უცხოობაში მყოფი“, „პატიმრობაში მყოფი“, „ორსულობაში მყოფი“.

 

არ არის საჭირო ისეთი სიტყვების ჩაწერა, როგორიცაა: „შეცთომილი“, „ვნებული“, „ტანჯული“, „მგლოვიარე“, „ბოროტეშმაკეული“, „მოსწავლე“, „ქალწული“, „ქვრივი“.

 

შემდეგ მოსახსენებელში უნდა ჩაიწეროს სულიერი მოძღვრის სახელი, რომელიც თავისი სამწყსოს ქრისტიანულ ცხოვრებას წარმართავს, მათი სულის ცხონებისათვის ზრუნავს და მათთვის ლოცულობს უფლის წინაშე: „მოიხსენენით წინმძღუარნი იგი თქუენნი, რომელნი გეტყოდეს თქუენ სიტყუათა მათ ღმრთისათა“ (ებრ. 13, 7).

 

შემდეგ იწერება მშობლების სახელები, საკუთარი სახელი, შემდეგ ოჯახის წევრთა, ახლობლებისა და ნათესავების სახელები. ყოველი ადამიანი უნდა ლოცულობდეს საკუთარი ოჯახის კეთილდღეობისათვის: „უკუეთუ ვინმე თვისთა და უფროისღა სახელულთა არა მოღვაწე იყოს, სარწმუნოებაჲ უარუყოფიეს და არს იგი ურწმუნოსა უძვირეს“ (1 ტიმ. 5, 8). ამის შემდეგ უნდა ჩაიწეოს იმ ადამიანთა სახელები, ვინც სიკეთეს გიკეთებენ, რათა მათ წინაშე ვალში არ დარჩეთ: „მისცემდით უკუე ყოველთა თანა-ნადებსა... ნურარაიმცა ვისი თანა-გაც, გარნა ურთიერთას სიყუარული, რამეთუ რომელსა უყუარდეს მოყუასი თვისი, მან სჯული აღასრულა“ (რომ. 13, 7-8).

 

დასასრულს, თუკი მოძულენი, მაწყინარნი, მოშურნენი ან, სულაც, მტრები გყავთ, ჩაწერეთ მათი სახელები მოსახსენებელში, ვინაიდან უფალმა ბრძანა: „გიყუარდედ მტერნი თქუენნი და აკურთხევდით მაწყევართა თქუენთა და კეთილს უყოფდით მოძულეთა თქუენთა და ულოცევდით მათ“ (მთ. 5, 44). მტრისათვის ლოცვას უდიდესი ძალა აქვს. მრავალი შემთხვევაა ცნობილი, როდესაც საეკლესიო მოსახსენებელში მისი სახელის ჩაწერის შედეგად, ყოფილი მტერი კეთილის მსურველად ქცეულა.

 

 

გარდაცვალებულთა მოსახსენებელი

 

მეორე მოსახსენებელი, რომელსაც ეკლესიის საკურთხეველში გავზავნით, მიცვალებულთა სახელზეა. მასში იმ გარდაცვლილ ადამიანთ სახელები იწერება, რომლებიც ჩვენთვის ახლობელნი და ძვირფასნი არიან: მშობლები, ნათესავ-მეგობრები, მასწავლებლები და ა.შ.

 

გარდაცვლილთათვის ისევე უნდა ვილოცოთ, როგორც ცოცხლებისთვის ვლოცულობთ. უნდა ვილოცოთ და არა მხოლოდ ახლო ნათესავების სულებისათვის. არამედ იმათთვისაც, ვინც ოდესმე რაიმე სიკეთე გაგვიკეთა, შეგვეწია, გვასწავლა. გარდაცვლილნი, თუმცა ფიზიკურად განგვეშორნენ და სხეულით მიწაში იმყოფებიან, მათი სულები უფალთან სუფევს და ჩვენთვის უხილავ, სულიერ ცხოვრებას აგრძელებენ, ვინაიდან თავად უფალი ამბობს: „არა არს ღმერთი მკუდართაჲ, არამედ ცხოველთაჲ, რამეთუ ყოველნი ცხოველ არიან მის წინაშე“ (ლკ. 20, 38). ჩვენ გვწამს, რომ ჩვენი გარდაცვლილი წინაპრები, რომელთა სახელები ხშირად არც კი ვიცით, ჩვენთვის, თავიანთი შთამომვლებისათვის ლოცულობენ. ჩვენ, ცოცხალნი, მათთან ერთად ერთ ეკლესიას, ერთ სხეულს შევადგენთ, რომელსაც ერთი წინამძღოლი ჰყავს - უფალი ჩვენი იესო ქრისტე: „ამისთვისცა ქრისტე მოკვდა და აღდგა და ცხოვნდა, რაჲთა მკუდართაცა და ცხოველთაცა ზედა უფლებდეს“ (რომ. 14, 8-9).

 

ჩვენი კავშირი გარდაცვლილებთან განსაკუთებულ მათთვის აღვლენილი მხურვალე ლოცვისას იგრძნობა. მლოცველი ადამიანის სულზე ის განსაკუთრებულ ზემოქმედებას ახდენს, და თვალნათლივ უჩვენებს იმ ერთობას, რომელიც სულთა შორის არსებობს, ამ ქვეყნის მკვიდრნი იქნებიან ისინი თუ გარდაცვლილნი.

 

შესვენებულთა მოსახსენიებელში აღნიშნეთ ხოლმე „ახლადშესვენებული“ (გარდაცვალების დღიდან მე-40 დღემდე).

 

იმათთვის, ვინც უკვე წმინდანად არის შერაცხული ეკლესიის მიერ, ლოცვა საჭირო არ არის.

 

მოამზადა ნათია თარაშვილმა

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, №49(202), 2002 წ.