მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

განმარტებები

 

როგორ მოვაწყოთ სამლოცველო კუთხე

 

ადამიანი, რომელიც პირველად მიდის ეკლესიაში, ხშირად დაბნეულია, არ იცის სად და როგორ მოაწყოს სამლოცველო კუთხე. თვით ის ადამიანებიც კი, რომლებიც დიდი ხანია დადიან ტაძარში, ხშირად ვერ აცნობიერებენ ყოველივე იმის მისტიურ შინაარსსა და სიმბოლურ დატვირთვას, რასაც წლების მანძილზე მექანიკურად აკეთებენ. მართლაცდა, რას ნიშნავს - ოჯახი არის სახლის ეკლესია?

 

ეს იმას ნიშნავს, რომ ქრისტიანული ოჯახის წევრებმა ცხოვრება ეკლესიის სულის მიხედვით უნდა მოაწყონ. ეს სული უნდა წარმართავდეს მათ ყოველდღიურ ურთიერთობებსა და საქმეებს, რათა ყველასათვის ნათელი იყოს, რომ ოჯახის წევრები ქრისტეს მორწმუნენი და მისი ეკლესიის ჭეშმარიტი წევრები არიან. სხვაგვარად, ოჯახში, უწინარეს ყოვლისა, უნდა სუფევდეს ღვთის შიში, ურთიერთმორჩილება და სიყვარული.

 

მაინც რა პრინციპების მიხედვით უნდა მოეწყოს ქრისტიანული ოჯახი? ცხადია, უწინარეს ყოვლისა, ეს ის ძირითადი პრინციპებია, რომლებზეც დგას ქრისტიანული ეკლესია. კერძოდ:

 

ა) ეკლესიაში (როგორც ზეციურში, ასევე ამქვეყნიურში) არსებობს იერარქია, რომელიც მორჩილების პრინციპს ემყარება. ეკლესიის თავი ქრისტეა, ამიტომ მამა, ოჯახის თავი, ღმერთის მცნებების სანიმუშო აღმსრულებელი უნდა იყოს, - ასე ვთქვათ, ყველაფერში „პირდაპირ“ ღმერთს უნდა ემორჩილებოდეს. დედა უნდა ემორჩილებოდეს მეუღლეს, შვილები კი დედ-მამას. მაგრამ ამ იერარქიის შენარჩუნება მხოლოდ იმ ოჯახებშია შესაძლებელი, სადაც ჭეშმარიტი ღვთის შიშია. როგორც კი ეს შიში სუსტდება, იერარქია ირღვევა და ნორმალური ქრისტიანული ურთიერთობების წარმართვა ძალიან ჭირს (ფაქტიურად შეუძლებელია).

 

ბ) მეორე ძირითადი ნიშანი ეკლესიისა არის ის, რომ ეკლესია უმთავრესად, სალოცავი სახლია. ოჯახის წარმმართველი ერთ-ერთი ძირითადი ძალაც სწორედ ლოცვაა - როგორც ერთიანი, ასევე თითოეული წევრისა. ლოცვა ქრისტიანის მთავარ სათნოებათაგანია და უდიდესი გამაერთიანებელი ძალა გააჩნია, ამიტომ, თუ შესაძლებელია, დილა-საღამოსა და საზრდელის მიღების წინა ლოცვები მაინც უნდა წაიკითხონ ერთად. ლოცვას კითხულობს უპირატესი - ოჯახის თავი. თუ ოჯახის თავი არ არის - უფროსი ვაჟი, თუ ეს უკანასკნელი პატარაა - დედა.

 

გ) იმისათვის, რომ საკუთარი სახლი მცირე ეკლესიად ვაქციოთ, ძალზედ მნიშვნელოვანია საღმრთო წიგნების კითხვა და საეკლესიო გალობა. ძალიან კარგი იქნება, თუ ოჯახის წევრები დღეში ერთ საკითხავს მაინც წაიკითხავენ სახარებიდან, ერთსაც სამოციქულოდან (შეიძლება ცალ-ცაკლე, უმჯობესია ერთად). მართლმადიდებლური წიგნების კითხვას განუზომლად დიდი და შეუცვლელი ადგილი უკავია ქრისტიანის სულიერი ზრდის საქმეში. გარდა ამისა, ერთად კითხვა სულიერდა აახლოვებს ოჯახის წევრებს, ამცირებს კონფლიქტების შესაძლებლობას.

 

დ) ეკლესია ის ადგილია, სადაც გამუდმებით სულიერი მწყემსის დარიგებებს ვისმენთ. ოჯახის თავის საღმრთო მოვალეობაა აღზარდოს შვილები კეთილმსახურებითა და ღვთის შიშით. ერთდროულად ასწავლოს საქმითაც (თავისი პირადი მაგალითით) და სიტყვითაც (სახარებაზე და წმ. მამათა სწავლებაზე დაყრდნობით), ასწავლოს ლოცვის გარეგნული ნიშნები: პირჯვრის წერა, მეტანია, ხატის თაყვანისცემა და ა.შ. და აუხსნას მათი მნიშვნელობა.

 

ე) ეკლესია ის ადგილია, სადაც საღმრთო ლიტურგია და სხვა საიდუმლოებანი აღესრულება. იმისათვის, რომ ოჯახი ეკლესიის ნაწილად იქცეს, აუცილებელია მისი წევრების ჩართვა ეკლესიური ცხოვრების რიტმში. ოჯახის წევრები ყოველ შაბათ-კვირას და დღესასწაულებზე უნდა დაესწრონ საეკლესიო მსახურებებს, შეძლებისდაგვარად ეზიარონ ქრისტეს სისხლსა და ხორცს, აგრეთვე ხშირად აღიარონ ცოდვები მოძღვრის წინაშე, შეუკვეთონ პარაკლისები და პანაშვიდები, სახლი ღვთისმსახურს (მღვდელს) აკურთხებინონ და სხვა. ამით თითოეული მორწმუნე ხდება ლიტურგიკული სივრცე-დროის ნაწილი და ქრისტეს მისტიკური სხეულის - მართლმადიდებელი ეკლესიის - ცოცხალი წევრი.

 

ვ) და ბოლოს, ვინაიდან ტაძარი, როგორც წესი, ხატებით იმკობა, ქრისტიანის სახლის საუკეთესო მორთულობაც ხატია. პატიოსანი ჯვარი და წმ. გამოსახულებანი ყველა ოთახში უნდა იყოს, მაგრამ კარგია, თუ გამოიყოფა ერთი სპეციალური ადგილი სახლში (უმეტესად, ალბათ კუთხე), სადაც ოჯახი სალოცავად შეიკრიბება.

 

 

რა არის სალოცავი კუთხე?

 

სალოცავი კუთხე არის წმ. გამოსახულებებით გამშვენებული ადგილი სახლში, სადაც იკრიბება  ოჯახი სალოცავად. მისი დანიშნულებაა, დაიფაროს ოჯახი ბოროტი სულებისაგან და ოჯახის მორწმუნე წევრებს შეუქმნას ლოცვითი განწყობილება, მოძღვრის მიერ მათთვის დადგენილი ლოცვითი კანონის აღსრულებისას.

 

ხატი კურთხევის წყალობით იძენს იმის ძალას, ვინც მასზეა გამოსახული. სწორედ ამის გამოა, რომ არა თუ იმ ხატის მიერ არაერთი სასწაული აღესრულება. ისინი შეეწევიან პიროვნებას განსაცდელში. გარდა ამისა, ლოცვა ხატის წინ, ესაა უშუალო ურთიერთობა უფალთან და მის წმინდანებთან. ამიტომ, სალოცავი კუთხის ქონას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.

 

სალოცავ კუთხეში უნდა მოვათავსოთ, აგრეთვე, სხვადასხვა საეკლესიო სიწმინდეები, როგორიცაა: ნაკურთხი წყალი, საეკლესიო სანთლები (რომლებიც აუცილებლად ტაძარში უნდა იქნეს შეძენილი), სეფისკვერი, არტოსი, ნაკურთხი ზეთი (სხვადასხვა წმინდა ადგილებიდან).

 

 

რა დანიშნულება აქვს სეფისკვერს და როგორ მივიღოთ იგი

 

სეფისკვერი, ანუ „სეფე კვერი“ - „რჩეული პური“, არის სიმბოლო ეკლესიის ერთიანობისა. წირვის შემდეგ სეფისკვერი განიყოფება და ურიგდება მორწმუნეებს, ნიშნად მათი ერთიანობისა და ურთიერთთანაზიარობისა ეკლესიის წიაღში. სეფისკვერი უნდა მივიღოთ უზმოზე, ლოცვის შემდეგ. მისი მიღება შეგვიძლია როგორც ტაძარში, ასევე სახლში. კარგია, თუკი საზრდელის მიღებამდე სწორედ სეფისკვერსა და ნაკურთ წყალს ვიხმევთ.

 

ცნობილია, რომ მდინარე იორდანეში ჩასვლითა და ნათლისღებით უფალმა თავად წყლის ბუნება განწმინდა. ამიტომ მართლმადიდებელ ეკლესიაში წყალმა უდიდესი მნიშვნელობა და დანიშნულება შეიძინა. წყალში ინათლება ყოველი ქრისტიანი, წყლით იკურთხება ხატები და სხვა საეკლესიო ნივთები.

 

ნაკურთხი წყლის მიღება სასიკეთოა როგორც სულისათვის, ასევე ხორცისათვის (ჯანმრთელობისათივს). ამიტომ უნდა ვეცადოთ, რომ ყოველი დღე სეფისკვერისა და ნაკურთხი წყლის მიღებით დავიწყოთ.

 

 

რა არის არტოსი და რა დანიშნულება აქვს მას?

 

არტოსი არის სეფისკვერი, რომელიც მთელი ბრწყინვალე შვიდეულის მანძილზე დაბრძანებულია საკურთხეველზე და უდიდესი მაკურთხებელ ძალას იძენს. არტოსი უდიდესი სიწმინდეა. მისი მიღება შეიძლება ავადმყოფობის, ან დიდი სულიერი განსაცდელის ჟამს. მიღების წინ უნდა ვილოცოთ.

 

 

როგორ მოვაწყოთ სამლოცველო კუთხე?

 

პირველ რიგში, სწორად უნდა შევარჩიოთ ხატები. უფლის, ღვთისმშობლის, ან წმიდანების ყოველგვარი გამოსახულება არ შეიძლება ხატად ჩაითვალოს. მართლმადიდებლურ ხატს აქვს თავისი კანონიკა, რისი წყალობითაც იგი თავისუფლდება ყოველგვარი მიწიერისაგან და მასზე გამოსახული წმინდანის სულიერ პორტრეტს წარმოაჩენს. ამიტომ, არამართლმადიდებლურ (მაგ. კათოლიკურ) ხატებს არ გააჩნიათ ლოცვითი ღირებულება და სალოცავ კუთხეში არ შეიძლება მათი მოთავსება.

 

ხატები უნდა განლაგდეს აღმოსავლეთ კედელზე. თუ ამის შესაძლებლობა არ არის - ჩრდილოეთ ან სამხრეთ კედლებზე. შესაბამისად, ქრისტიანიც ლოცვისას პირით აღმოსავლეთისაკენ დგება.

 

 

რა მნიშვნელობა აქვს ლოცვისას აღმოსავლეთისაკენ მიბრუნებას?

 

ეს წესი, სხვა მრავალთან ერთად, წმ. მოციქულებისაგან მომდინარეობს. იგი იმიტომ შემოიღეს, რომ უფალი ჩვენი, იესო ქრისტე, ან როგორც მას ხშირად უწოდებენ, - „მზეი სიმართლისა“ - აღმოსავლეთიდან აღმობრწყინდა. წინასწარმეტყველებებში იგი ხშირად „აღმოსავლად“ მოიხსენიება. ნიშანდობლივია აგრეთვე, რომ ედემის ბაღიც სწორედ აღმოსავლეთით მდებარეობდა. და ბოლოს, მაცხოვრის მეორედ მოსვლას აღმოსავლეთიდან ველით, ამიტომ აღმოსავლეთისკენ მიბრუნება მაცხოვრის მუდმივი მოლოდინის ნიშანია.

 

 

რა არის ხატი?

 

ხატი არის ღმერთის ან მისი წმინდანის, ან მათ მიერ აღსრულებული საქმის და ბოლოს, საღმრთო წერილიდან და ეკლესიის ისტორიიდან ცნობილი მოვლენის გამოსახულება. ხატების თაყვანისცემა ღმერთის მიერაა დადგენილი. ამის დასტურია ხელთუქმნელი ხატი. როდესაც ავგაროზ მეფის მიერ გამოგზავნილმა მხატვარმა ვერ მოახერხა მაცხოვრის დახატვა, მაშინ უფალმა ტილო მიიფარა სახეზე, და გადასული გამოსახულება გაუგზავნა მეფეს. ამრიგად, ხატების თაყვანისცემა მოციქულების დროიდან მომდინარეობს, ხოლო საბოლოოდ მე-7 მსოფლიო კრებაზე დამტკიცდა. ხატების თაყვანისცემით პატივს მივაგებთ არა ხესა და საღებავს, როგორც დღეს გავრცელებული არაერთი სექტა „გვამხელს“, არამედ მასზე გამოსახულს, „პირველსახეს“, „არქეტიპს“ - ღმერთსა და მის წმინდანებს. კურთხევის საიდუმლო კი, როგორც აღვნიშნეთ, ხატს „არქეპიტის “ ძალას ანიჭებს. ხატების მეოხებით „ვუკავშირდებით“ ზეციურ სასუფეველს, ზეციურ ეკლესიას.

 

 

როგორ განვასხვავოთ ერთმანეთისგან ხატები?

 

ზემოთ აღვნიშნეთ, რომ არამართლმადიდებლურ ხატს ლოცვითი ღირებულება არ გააჩნია. მაგრამ როგორ განვასხვავოთ ხატები ერთმანეთისგან, ანუ რა არის ის კანონიკური ნიშნები, რომლითაც მართლმადიდებლური ხატი იცნობა?

 

ხატზე მაცხოვარს (და მხოლოდ მას) შარავანდედში აქვს ჯვარი მისი ღვთაებრივი ბუნების ნიშნად. ჯვარს აწერია ბერძნულად „მყოფი“, „ის, რომელიც არის“. ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელს ხელზე საღმრთო ყრმა ჰყავს, იშვიათად მარტოც გამოისახება. მისი ხატი შეიძლება გავარჩიოთ იმითაც, რომ დედოფალს სამი ვარსკვლავი ამშვენებს (შუბლზე და მხრებზე) - მარადისქალწულების ნიშნად. ყველა წმიდათა დასს თავისი განსაკუთრებული ნიშანი აქვს: მოციქულებსა და ღმრთის სიტყვის მქადაგებლებს ხელში სახარება ან ქარტია უპყრიათ, მოწამეებს - ჯვარი, ეკლესია მონასტრების მაშენებლებს - ტაძარი, მკურნალებს - წამლების ყუთი და ა.შ. ამას გარდა, ყველა დეტალს თავისი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს: გრძელი თითები წმიდა და მართალ ცხოვრებას აღნიშნავს, დიდი თვალები - სულიერ ხედვას და სხვა. ხატებს აქვთ განსაკუთრებული წარწერა (ძირითადად ქარაგმებით), რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია გავიგოთ, თუ ვისი ხატია იგი.

 

 

როგორ განვალაგოთ ხატები?

 

ჯვრის ქვემოთ მარჯვენა მხარეს უნდა მოთავსდეს მაცხოვრის ხატი, მარცხნივ - ღმრთისმშობლისა, ქვემოთ წმინდანებისა. საერთოდ ეს ზოგადი წესია - კანკელის მაგალითიდან აღებული. დანარჩენი კი თითოეულის გემოვნებაზეა დამოკიდებული. ოღონდ სასურველია ზოგადად დავიცვათ იერარქია - წმინდანის ხატი მაცხოვრის ხატის ზემოთ არ უნდა მოხვდეს. სამღვდელო კურთხევანის მიხედვით, მაცხოვრისა და ღმრთისმშობლის ხატების შემდეგ, დაცული უნდა იქნას ხატების განლაგების შემდეგი იერარქია:

 

1) წმიდა იოანე ნათლისმცემლის
2) წმიდა წინასწარმეტყველთა
3) წმიდა პეტრესი, წმიდა პავლესი და ათორმეტთა მოციქულთა
4) წმიდა მღვდელმთავართა
5) სხვა მოციქულთა და წმიდა მოწამეთა
6) ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა და დედათა
7) წმიდა უვერცხლო მკურნალთა
8) წმიდა იოაკიმესი და წმიდა ანასი

 

 

რომელი ხატები უნდა გვქონდეს აუცილებლად?

 

პირველ რიგში, უნდა ვიქონიოთ ყოვლადწმინდა სამების, მაცხოვრის და ღმრთისმშობლის ხატები. ქართულ ოჯახებში, აგრეთვე, უნდა იყოს ქართველთა განმანათლებლების - წმინდა ნინოსი, ქართველი ერის დიდი მეოხისა და მფარველის - წმიდა გიორგისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფარველის - წმიდა ნიკოლოზის ხატები.

 

სასურველია გვქონდეს ოჯახის წევრთა მოსახელე წმინდანების, წმ. იოანე ნათლისმცემლის, ანგელოზთა დასის, მფარველი ანგელოზის, საუფლო დღესასწაულთა აღმნიშვნელი ხატები. აგრეთვე იმ წმინდანთა ხატები, რომელთა მიმართაც განსაკუთრებულ სითბოსა და სიყვარულს განვიცდით.

 

ცნობილია, რომ ესა თუ ის ხატი შემწეა ამა თუ იმ ხორციელი თუ სულიერი უძლურებისას. ამიტომ, ხატების შერჩევისას უეჭველად უნდა გავითვალისწინოთ ეს ფაქტორიც. კარგია, თუ გვექნება, მაგალითად, წმინდა პანტელეიმონის ხატი, როგორც ყოველთა მკურნალისა, წმინდა გური, სამონ და აბიბოს და წმიდა ნატალიასა და ადრიანესი, როგორც ოჯახის სიმტკიცის მფარველთა, ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატი „შეუსმელი ბარძიმი“, რომელიც ლოთობის ვნების საწინააღმდეგოა, ან „პანტანასა“, როგორც სიმსივნიანთა მკურნალისა. გონება გაუხსნელ ბავშვთათვის - წმ. იოანე კრონშტანდტელის, ან წმ. სერგი რადონეჟელისა, მატერიალური გაჭირვების ჟამს - „ბარაქის“ ხატი, სხვადასხვა ოჯახური პრობლემებისას - წმინდა მატრონასი და წმიდან ქსენია პეტერბურგელისა და ა.შ. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მხოლოდ ხატის შეძენა არ არის საკმარისი ჩვენი სულიერი თუ ხორციელი პრობლემების მოსაგვარებლად. აუცილებელია ჩვენი ღრმა რწმენა და გულმხურვალე ლოცვა. სასურველია წავიკითხოთ ამ ხატებისთვის შექმნილი სპეციალური ლოცვები და „დაუჯდომლები“, ხშირად ვეზიაროთ წმიდა საიდუმლოებებს, ვიცხოთ ზეთი. წარუმატებლობის შემთხვევაში მიზეზი ყოველთვის საკუთარ თავში მოვიძიოთ. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეგვეწევა უფალი.

 

 

რა მნიშვნელობა აქვს ჯვარს ხატების კუთხეში?

 

ჯვარი არის დიდება ქრისტიანეთა, „ქებათა ქება“, ნიშანი ჩვენი გადარჩენისა, ეშმაკის მონობისაგან გათავისუფლებისა, ქრისტეს სიმდაბლისა; „საჭურველი მშვიდობისა“, „უძლებელი საძლეველი“, ჩვენი იარაღი ბოროტის წინააღმდეგ, ჩვენი მფარველი, მცველი. ჯვარი ამშვენებს და აგვირგვინებს ტაძრებს, სამღვდელოების შესამოსელს, ჯვრის ნიშნით სრულდება საიდუმლოებები, ჯვარი ამშვენებს ქრისტიანის მკერდს, ჯვარი უპყრია მიცვალებულ ქრისტიანს, ჯვარი აღიმართება მის საფლავზე. ხატების კუთხეც გვირგვინდება ჯვრით.

 

 

ზოგჯერ ამბობენ, რომ ჯვარი არამართლმადიდებლურია, ან არაკანონიკურია. როგორ გავარჩიოთ მართლმადიდებლური ჯვრები არამართლმადიდებლურისაგან?

 

ჯვარი შეიძლება იყოს ოთხ ან რვა (იშვიათად - ექვს) ფერდიანი. თუ ჯვარზე მაცხოვარია გამოსახული, მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს შარავანდედი, შარავანდედში კი - ჯვარი (ჯვრის ზემო სამი ფერდი) სპეციალური წარწერით (ამის შესახებ უფრო დაწვრილებით ქვემოთ ვისაუბრებთ). მაცხოვარს გამოსახულებაზე ფეხები ცალ-ცალკე უნდა ჰქონდეს შემსჭვალული. ამ ნიშნების დაცვის შემთხვევაშიც შეიძლება იყოს შეცდომები, ამიტომ ჯვრის გაკეთებისა და შეძენისას საჭიროა კანონიკის მცოდნე ადამიანს უჩვენოთ იგი. ჯვარის შეძენა სასურველია სპეციალურ საეკლესიო მაღაზიაში. ზოგჯერ ვხვდებით ჯვრებს, რომლებშიც ლოცვებია ჩადებული, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ჯვრის ძალას.

 

დაუშვებელია კარზე ნალის გაკვრა და სხვა წარმართული ჩვეულებანი. ასეთ საგნებს არ შეუძლიათ და ვერ დაიცავენ ჩვენს ოჯახებს. უფრო მეტიც, მსგავსი საგნები კიდევ უფრო მეტად იზიდავს ბოროტ ძალებს. ოჯახის დაცვის მიზნით დღევანდელ საეკელსიო მაღაზიებში გამოსულია „ჯვარი - ოჯახის მფარველი“, რომელშიც მოთავსებულია შემდეგი ლოცვები: 90-ე ფსალმუნი, ხვავისა და ბარაქის ლოცვა, მფარველი ანგელოზის ლოცვა და ჯადოს საწინააღმდეგო ლოცვა. ნალების ნაცვლად უმჯობესია ამ ტიპის ჯვრების შეძენა და შესასვლელში მოთავსება.

 

თუმცა, ამავე დროს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წარმოვთქვათ კიდეც ის ლოცვები, რომლებიც მასშია ჩადებული. გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, უმჯობესია მოვერიდოთ შემთხვევით ადგილებში საეკლესიო ნივთების ყიდვას და სპეციალურ მაღაზიებს მივმართოთ.

 

 

რა შეიძლება გვქონდეს კიდევ სალოცავ კუთხეში?

 

კარგია თუ გვაქვს კანდელი, სასანთლე, სასაკმევლე (საცეცხლური), სასულიერო წიგნები.

 

 

რა მნიშვნელობა აქვს კანდელს?

 

კანდელის ნათელი არის სიმბოლო ზეციური ნათლისა. რამდენადაც სასუფეველში მყოფი წმინდანები ზეციური ნათლით არიან მოსილნი, მათ ხატებასაც აქ, დედამიწაზე მუდამ ნივთიერი ნათელი უნდა ეფინებოდეს, როგორც ზეციური ნათლის სიმბოლო. ღმერთის წმინდანებიც ზეცაში მარადიულ ნათელში არიან და ამიტომ მათი წმ. გამოსახულებებიც უნდა განათდეს. ძველ აღთქმაში მკაცრი მოთხოვნა იყო იმაზე, რომ ღმერთის ტაძარში ცეცხლი ყოველთვის ანთებული ყოფილიყო. ახალ აღთქმაში, წმ. იოანე ღმრთისმეტყველი „გამოცხადებაში“ ხედავს ღმერთის საყდრის წინაშე ანთებულ 7 ცეცხლოვან სასანთლეს, ასევე 7 სასანთლეს შორის ხედავს იგი იესო ქრისტეს.

 

 

რა მნიშვნელობა აქვს სანთელს?

 

სანთელი ზოგადად გამოხატავს ჩვენი გულის სითბოსა და სიყვარულს ღმერთისადმი. სანთლის ცვილი კეთილი საქმეების, ხორციელ და სულიერ შრომათა სახეა, პატრუკი - რწმენისა. ჩვენი გათვითცნობიერებული რწმენა სწორად შეხამებული საქმეებთან, ღმერთის მადლით, ადამიანს ზეცაში აღიყვანს. მაგრამ ესეც არ კმარა: აუცილებელია, რომ სანთელი წმ. მართლმადიდებელ ეკლესიაში იქნას ანთებული (შინ კი, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის წევრის „სახლის ეკლესიაში“).

 

 

რა მნიშვნელობა აქვს კმევას?

 

სიწმინდეების წინაშე კმევა სიმბოლოა ჩვენი გულმხურვალე ლოცვისა, რომელიც საკმევლის ბოლივით ადის ღმერთთან. იგი არის აგრეთვე ხილული ნიშანი სული წმიდის კეთილსურნელებისა. საკმეველი სიმბოლოა ქრისტიანის შინაგანი ლოცვისა და სულიერი განცდებისა, ნახშირი - ჩვენი წმ. მართლმადიდებლური აღმსარებლობისა, საცეცხლური - დედა-ეკლესიისა. ქრისტიანები ჩვენი გულის ნადებს (საკმეველი) „ვდებთ“ მადლით აღსავსე სარწმუნოებაზე (ნახშირი) და მიგვაქვს ეკლესიაში (საცეცხლური), რომელიც მორწმუნეთა ლოცვებს ღმერთის საყდრამდე აღამაღლებს.

ტაძარში კმევას სხვადასხვა მღვდელთმოქმედების დროს სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს.

 

 

რა წიგნები უნდა გვქონდეს?

 

აუცილებელია: ლოცვების წიგნი, ფსალმუნნი, ახალი აღთქმა. წმ. მამები გვასწავლიან, რომ ქრისტიანი დღის განმავლობაში აუცილებლად უნდა კითხულობდეს ფსალმუნს (მაგალითად, ერთ კანონს, ან ერთ „დიდებას“, კანონის მესამედს, მაინც). წმ. იოანე ოქროპირი ბრძანებს, რომ უმჯობესია მზემ არ გამოსცეს ნათელი, ვიდრე იმ დღეს ქრისტიანმა ფსალმუნი არ წაიკითხოს. აგრეთვე, როგორც ვთქვით, უნდა წავიკითხოთ ერთი თავი მაინც სახარებიდან და ერთიც - სამოციქულოდან (საქმე მოციქულთა და ეპისტოლეები). სულისათვის ფრიად სასარგებლოა და სასურველი ვიკითხოთ ღმრთისმშობლის დაუჯდომელი, კანონები იესო ტკბილისა და მფარველი ანგელოზისადმი. აგრეთვე კარგია ვიქონიოთ სხვა პარაკლისები და დაუჯდომლები. ვფიქრობთ, ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ ქრისტიანად ძნელად თუ იწოდება ადამიანი, როემლიც დილა-საღამოს, საზრდელის მიღების წინ და შემდეგ ლოცვებს არ კითხულობს. ლოცვების რაოდენობა და წაკითხვის სიხშირე სასურველია ჩვენი ძალებისა და დროის შესაბამისად შევარჩიოთ და აუცილებლად შევათანხმოთ სულიერ მოძღვართან.

 

 

კიდევ რა უნდა გავითვალისწინოთ ამ კუთხის მოწყობას?

 

ეს კუთხე არ უნდა იყოს ცოლ-ქმრის საძინებელ ოთახში (თუ გამოსავალი არ არის, ფარდა უნდა გაუკეთდეს, რომელიც ლოცვის დროს გაიხსნება). ხატების კუთხისათვის უნდა შევარჩიოთ საუკეთესო ადგილი, როგორიც ეკადრება წმ. გამოსახულებებს. ხატების წინაშე არ უნდა ვიაროთ ნაწილობრივ შეუმოსავებმაც კი. არ უნდა ვეწეოდეთ სიგარეტს და ყოველთვის უნდა ვეცადოთ, რაიმე სიტყვითა თუ მოქმედებით არ შეურაცხვყოთ წმიდა ხატები.

 

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ როგორი გულმოდგინებითაც მოვეკიდებით თითოეულ საქმეს, რომელიც ღმერთს უკავშირდება, ასეთივე კეთილგანწყობით გვიპასუხებს უფალი. და პირიქითაც, ჩვენი დაუდევრობისა და სიწმინდეებისადმი ზერელე მოპყრობისათვის მკაცრად ვაგებთ პასუხს საშინელ სამსჯავროზე, რისგანაც ღმერთმა ყველა დაგვიფაროს, შეგვიწყალოს და გვაცხონოს, ამინ.