ქორონიკონი (ბერძ.) ნიშნავს წელთაღრიცხვას და შეადგენს 532 წლიან ციკლს, იგი პირველად გამოთვალა მღვდელმონაზონმა დიონისემ 516 წელს. მისი ყოველი ციკლი (მოქცევა) შეიცავს 532 წელს, რომელიც 28 მზის მოქცევის და 19 მთვარის მოქცევის წლების ნამრავლითაა მიღებული (28x19=532). ყოველ ახალ მოქცევაში მეორდება მთვარის ასაკი, თვისა და კვირის დღეთა თანამიმდევრობა. წელთაღრიცხვის ქორონიკონული სისტემით სარგებლობის მიზანი პასექის (აღდგომის) და მოძრავი დღესასწაულების (აღდგომასთან მიმართებაში მყოფი დღესასწაულები) წინასწარი გამოთვლაა და ამდენად მასში წლის დასაწყისად მარტია მიღებული. ქორონიკონის განმეორებისას, პასექისა (აღდგომა) და პასექის მიმართებაში მყოფი დღესასწაულების თვეები, რიცხვები და დღეები მეორდება. ანუ, თუ 2004 წელს აღდგომა იყო ძველი სტილით 29 მარტს, იგივე 29 მარტს ყოფილა 1472 წელს (2004-532=1472), 940 წელს (2004-532-532=940) და 408 წელს (2004-532-532-532=408).
ქორონიკონი საქართველოში პირველად მე-VIII საუკუნეში 781 წელს გამოიყენეს და შეათანხმეს პონტოს ერასთან (ქ. შ. 284 წელი). რაც შეეხება ბერძნულ ქორონიკონს, მას საფუძვლად უდევს ქვეყნის, სამყაროს დასაბამი და მისი ათვლა იწყება სამყაროს დასაბამიდან. სწორედ ამიტომ არის სხვაობა ქართულსა და ბერძნულ ქორონიკონებს შორის და ეს სხვაობა შეადგენს 10 სრულ მოქცევას და 96 წელიწადს.
თუ გვსურს ქართული ქორონიკონით გამოვთვალოთ თუ მერამდენე ქორონიკონის (მოქცევის) წელიწადში ვდგევართ, ამისათვის არსებულ წელიწადს, მაგ 2005-ს უნდა დავუმატოთ 284 და გავყოთ 532-ზე. მივიღებთ 4-ს და ნაშთი დაგვრჩება 161. ეს იმას ნიშნავს, რომ შესრულებულა 4 სრული ქორონიკონი, ანუ მოქცევა და მე-5 მოქცევის 161-ე წელი დამდგარა, ანუ მე-5 ქორონიკონის (მოქცევის) 161-ე წელი ყოფილა. ბერძნული ქორონიკონის გამოთვლისას კი ქვეყნის დასაბამიდან გასული დრო 7513 უნდა გავყოთ 532-ზე, მივიღებთ 14-ს და ნაშთი დაგვრჩება 65, რაც ნიშნავს იმას, რომ ბერძნული ქორონიკონით მე-15 მოქცევის 65-ე წელი ყოფილა. როგორც ხედავთ სხვაობა ქართულსა და ბერძნულ ქორონიკონებს შორის 96 წელი (161-65=96) და 10 სრული მოქცევაა. ეს სხვაობა განაპირობა ათვლის თარიღების სხვადასხვაობამ.
ზოგიერთი წყაროს მიხედვით საქართველოში ქორონიკონის შემოღებისას - 781 წელს, შესრულებულა მე-XII მოქცევა და დაწყებულა მე-XIII. რაც ნიშნავს იმას, რომ გასულა 6384 წელი, რაც არ შეესაბამება სამყაროს შექმნის თარიღს. თუ მოცემულ მოსაზრებას დავეყრდნობით, ასეთ შემთხვევაში ამჟამად ყოფილა მე-XV მოქცევის 161-ე წელი, ანუ სამყაროს შექმნიდან 7608 წელი, რაც ჩემი აზრით არასწორია. საქართველოში ქორონიკონით ათვლა შემოიღეს 781 წელს, მაგრამ ეს იყო რიგით მე-II მოქცევა და არა მე-XII, რადგან ქართულ ქორონიკონს საფუძვლად დაედო პონტოს ერა, ანუ ქ. შ. 284 წელი და სწორედ II მოქცევა იყო შესრულებული 781 წელს, ანუ 532+532=1064, 781+284=1064.
28 წლიანი - მზის მოქცევის ციკლი, ანუ ყოველი 28 წლის შემდეგ ყოველი თვის შვიდეულის (კვირის 7 დღე) დღეები მეორდება. ე. ი. თუ ძველი სტილით 1 იანვარი 2004 წელს იყო ოთხშაბათი, 1976 წელსაც 1 იანვარი ყოფილა ოთხშაბათი (2004-28=1976).
19 წლიანი, ანუ მთვარის მოქცევის ციკლი. ყოველი 19 წლის შემდეგ მთვარის განახლების დღეები მეორდება, ანუ თუ 2004 წლის ძველი სტილით 20 იანვარს მთვარე იყო 2 დღის, იგივე 2 დღის ყოფილა 1985 წლის 20 იანვარს (2004-19=1985).
(ბერძ. indiktiõn, ლათ. indictio - გამოცხადება; განცხადება) ქრისტიანულ ქვეყნებში (შუა საუკუნეებისა და ნაწილობრივ ახალი დროის ისტორიის ქრონოლოგიაში) წელთაღრიცხვის 15-წლიან ციკლში წლის რიგითი ნომრის სახელწოდება. ინდიქტიონით წელთაღრიცხვა რომის პერიოდის ეგვიპტეში ჩამოყალიბდა. ბიზანტიაში იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა შემოიღო (312/313 - პირველი რომაული ინდიქტიონი).
ბიზანტიაში ინდიქტიონის დაწყება სამოქალაქო ახალი წლის დღეს ემთხვეოდა. ინდიქტიონის დასადგენად საჭიროა, ახალი წელთაღრიცხვის წელს მივუმატოთ 3 და მიღებული ჯამი გავყოთ 15-ზე, ნაშთი იქნება ინდიქტიონი, რომელიც მნიშვნელოვანი საშუალებაა თარიღების სისწორის დასადგენად.
ინდიქტიონით წელთაღრიცხვის დროს გასათვალისწინებელია ინდიქტიონის საწყისი თარიღი:
მე-XVIII საუკუნეში შეწყდა ინდიქტიონით წელთაღრიცხვა, შემორჩა მხოლოდ საეკლესიო აქტებში.