მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები წიგნის შესახებ

განმარტებები

 

რატომ ვიწერთ პირჯვარს

 

  1. სამი თითი ერთად, განასახიერებს ყოვლად წმიდა სამებას.

  2. ორი თითი ხელის გულზე, მაცხოვრის ორ ბუნებას : ღვთაებრივს და ადამიანურს, გაერთიანებულს და ჩვენთვის დედამიწაზე გადმოსულს.

  3. ხელის გული დედამიწას წარმოადგენს.

  4. ვერტიკალური ხაზი ახალი აღთქმის პირველი მცნებაა: სიყვარული ღმერთსა და ადამიანს შორის.

  5. ჰორიზონტალური ხაზი ახალი აღთქმის მეორე მცნებაა: სიყვარული ადამიანებს შორის.

 

 

 

პირჯვრის გადასახვით ჩვენ აშკარად ვაღიარებთ რწმენას ჯვარცმული უფლისადმი, ვადიდებთ მას ჩვენი სხეულით (1 კორ. 6, 20) მოციქულთა დროსაც რომ არსებობდა წეს-ჩვეულება ლოცვის დროს ხელების გამოყენებისა, რწმენის გამოხატვის საშუალებად, მოწმობს პავლე მოციქული: „მსურს რომ ყველგარ ილოცონ, და აღაპყრან სუფთა ხელები რისხვისა და ეჭვის გარეშე“ (1 ტიმ. 2, 8) ფსალმუნშიც წერია: „ხელთა აღპყრობა – შესაწირავად მწუხრის ჟამისა“ (ფს. 140, 2).

 

ჩვენი შესაწირავი – ქრისტეა, რომელიც ჯვარს ეცვა ჩვენთვის (1 კორ. 5, 7; ებრ. 9, 28), ე.ი. როდესაც აღვაპყრობთ ხელებს ჯვრის გამოსახვისას, გამოვხატავთ რწმენას ჩვენთვის ჯვარცმული ქრისტეს მიმართ. ძველი ქრისტიანები ლოცვის დროს მარჯვენა ხელით გადაისახავენ ხოლმე ჯვარს. ამაზე მოწმობს წმ. იუსტინე წამებული (165 წ.) „ქრისტიანები უნდა ლოცულობდნენ სახით აღმოსავლეთისაკენ, ხოლო ჯვარი უნდა გადასახონ მარჯვენა ხელით, და არა მარცხენათი, რათა უკეთ აღავლინონ ლოცვა ღმრთისადმი“.

 

ტერტულიანე, რომელიც გარდაიცვალა 220 წელს, წერს: „მოციქულთა სწავლების თანახმად, ყოველი კეთილი საქმის დაწყებისას და დამთავრებისას, ყოველი გასვლისა და შემოსვლის დროს, ჩაცმისას, ბანაობისას, მაგიდასთან, კანდელთან, საწოლთან, სავარძელთან მისვლისას, მოკლედ, ყოველთვის ჩვენ უნდა ვიცავდეთ თავს ჯვრის გადასახვით. ამით ისინი შთააგონებენ თავის მოწაფეებს, ხოლო მათი მეშვეობით – ყველა მორწმუნეს, რათა სარწმუნოების აღიარების ნიშნად, ჯვირს გადასახვით დაესვათ ბეჭედი სახეზე და მკერდზე“.

 

 

მარჯვენა ხელის სამი თითის (ცერა, საჩვენებელი და შუათითი) ერთად დაწყობით ჩვენ ვაღიარებთ წმიდა სამებას, ხოლო დარჩენილი ორი თითის ხელისგულზე დადებით – იესო ქრისტეს ორბუნებოვნებას – კაცობრივს და ღვთიურს. პირჯვრის გადაწერისას ხელს მივიტანთ პირველად შუბლზე, მეორედ მუცელზე, მესამედ მარჯვენა მხარზე, მეოთხედ კი - მარცხენაზე, ამით გამოისახება ჯვარი, რომელზეც ეცვა ჩვენთვის უფალი იესო ქრისტე. ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ პირჯვრის გადაწერისას ჯვრის ქვედა ბოლო ზედაზე მოკლე არ გამოვიდეს, რომ ამობრუნებული ჯვარი არ გამოვისახოთ, როგორც ეს ქვემოთ ნახატზეა ნაჩვენები:

 

 

პირჯვრის წერით, ჩვენ ასოებივით ვიწერთ სხეულზე ჩვენს სარწმუნოებას. ასეთი წეს-ჩვეულება უძველესი დროიდან ჩამოყალიბდა ქრისტეს ეკლესიაში, რაზეც მოწმობს კირილე იერუსალიმელი (IV ს.): „დიაღ არ გვრცხვენია ჯვრის გადასახვისა შუბლზე და ყველაფერზე“.

 

და რაც მთავარია, ჯვრის გადასახვისას, სიტყვებით: „სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა“, ჩვენ ვაკურთხევთ ყოველს ჩვენს კეთილ საქმეს და ვიცავთ თავს ბოროტისაგან.

 

ამიტომაც ცდილობს ეშმაკი, სხვადასხვა სექტების მეშვეობით დაგვაეჭვოს ჯვრის გადასახვის მართებულობაში და ამით გაგვაგდებინოს ხელიდან ის მძალვრი იარაღი, რომელიც არ აძლევს მას საშუალებას ჩვენი მოჯადოებისა და შეპყრობისა.

 

„მახარებელი“ N 8
ჭულევის მონასტრის გამოცემა

„ღვთივსათნო ქცევის წესები ტაძარში“

 

 

 

პირჯვრის გამოსახვას კიდევ უფრო ღრმა მნიშვნელობაც აქვს: ქრისტეს ჯვარი, თავისი გარეგნული ფორმით სიმბოლოა ღვთისა და მოყვასისადმი სიყვარულის ურთიერთკვეთისა, ერთობისა. ღვთისა და მოყვასისადმი თავდადებული სიყვარულით განმსჭვალული ცხოვრება ჯვარია; მარტო ჯვრით იდიდება ღმერთი, სხვანაირი დიდება მას არ ნებავს; სხვანაირად არ არსებობს ღვთის დიდება. ჯვარი არის ამქვეყნად ღვთის დიდებაც და ღვთის დიდების ნიშანიც. ამიტომ როდესაც ლოცვის დროს ხდება ღვთის სახელის მოწოდება და დიდება: დიდებაა მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, მორწმუნენი ვიწერთ პირჯვარს, რითაც გარეგნულად გამოვხატავთ ჩვენს შინაგან სურვილს და სწრაფვას - მივბაძოთ ქრისტეს, ვიცხოვროთ სადიდებელად ღვთისა.

 

 

 

ლოცვის დროს პირჯვარს ვიწერთ ღვთის სადიდებელი სიტყვების წარმოთქმისას, ასევე ღვთისაგან შენდობის, შეწყალების თხოვნისას, ღვთისმშობლისა და წმინდანებისგან ღვთის წინაშე მეოხების თხოვნისა და მათი დიდებისას.

 

პირჯვარს ვიწერთ ერთხელ, დინჯად და ღვთისმოშიშებით. ასე, მაგალითად: 3-ჯერ ან 12-ჯერ უფალო შეგვიწყალენ -ზე, რის შემდეგაც კვლავ განვაგრძობთ ლოცვას.