მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

განმარტებები

 

რა განსხვავებაა პარაკლისსა და პანაშვიდს შორის და როდის უნდა გადავიხადოთ პარაკლისი

 

პარაკლისი (ბერძ. "თხოვნა", "გულმოდგინე ვედრება", "ნუგეში") არის სავედრებელი ლოცვა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლისადმი ან სხვა წმინდანებისადმი, აღესრულება საზოგადო ან კერძო საჭიროებისამებრ. არსებობს სამადლობელი პარაკლისი, როდესაც ღმერთს მადლობას სწირავენ განსაკუთრებული შეწევნისათვის. ზოგჯერ პარაკლისს იხდიან იმისთვის, რომ თავიდან აცილებულ იქნეს ღმრთის რისხვა: სავედრებელ პარაკლისებს იხდიან ავადმყოფობების, უწვიმობის, მიწისძვრის, ომის, ეპიდემიის, ხანძრის დროს და სხვა. პარაკლისი თავისი აგებულებით (საღმრთისმსახურო მიმდევრობით) არის შემოკლებული და ცოტათი შეცვლილი ცისკარი (ცისკრის ლოცვა). პარაკლისზე იკითხება 142-ე ფსალმუნი: "უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისა...", შემდეგ "ღმერთი უფალი" და ტროპარები, რასაც მოსდევს 50-ე ფსალმუნი და კანონი. კანონში ჩართულია სახარება. ღმრთისმშობლის პარაკლისის მიხედვით შეიქმნა სხვადასხვა პარაკლისები: ჯვრისა, მოციქულთა, მოწამეთა; აგრეთვე მიწისძვრისა და სხვა.

 

პანაშვიდი (ბერძ.pannychis — მწუხარის ლოცვა, მთელი ღამე ვგალობ). პანაშვიდი ეწოდება მიცვალებულთათვის სავედრებელ ლოცვას. ქრისტიანთა დევნის პერიოდში მიცვალებულებს ღამით ან გამთენიისას კრძალავდნენ, ამიტომ მიცვალებულისთვის ლოცვა ღამით აღესრულებოდა. საეკლესიო ტიპიკონით საზოგადო პანაშვიდები სრულდება ხორციელის შაბათს, დიდი მარხვის 2, 3, 4 შაბათს და სულთმოფენობის წინა შაბათს. მიცვალებულისთვის პანაშვიდი უნდა აღესრულოს გარდაცვალებიდან 3, 9, 40 დღეებში. პირველ დღედ ითვლება გარდაცვალების დღე. ასევე სასურველია პანაშვიდის გადახდა მიცვალებულის დაბადების და გარდაცვალების წლისთავზე, ანგელოზის დღეს (მფარველი წმინდანის ხსენების დღეს). პანაშვიდი შედგება 90 ფსალმუნისაგან, ძლისპირებისაგან თავიანთი ტროპარებით (საგალობელი მართლმადიდებელ ეკლესიაში).

 

საეკლესიო პანაშვიდის პარალელურად გავრცელებულია სამოქალაქო პანაშვიდი სამგლოვიარო პროცესიებით, მიტინგით, საპატიო ყარაულით კუბოსთან.

 

ხშირად ადამიანებს პარაკლისი და პანაშვიდი უნებლიედ ერთმანეთში ეშლებათ. პარაკლისის და პანაშვიდის მნიშვნელობაზე, თუ როდის უნდა გადავიხადოთ ისინი და რას ნიშნავს თითოეული მათგანი, ნარიყალას წმ. ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი გვესაუბრება.

 

– სიტყვა პარაკლისი ბერძნული წარმოშობისაა და გაძლიერებულ ლოცვას ნიშნავს. პარაკლიტე ნიშნავს ნუგეშინისმცემელს ანუ ადამიანი უფალს ამა თუ იმ საკითხზე ხანგრძლივად ევედრება. არსებობს ასევე დაუჯდომელიც, რომელიც ბიზანტიის იმპერიაში შეიქმნა და ხანგრძლივ ლოცვას ნიშნავდა. ადამიანი არ ჯდებოდა და ისე ლოცულობდა, მაგრამ პარაკლისი წირვის შემდეგ შედარებით უფრო აღმატებული ლოცვის ფორმაა.

 

არსებობს ჯანმრთელობის, მგზავრობის, სწავლის დაწყების წინ სათქმელი პარაკლისები და ა.შ. არის პარაკლისების წიგნი და ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი, როცა ამა თუ იმ საკითხში შემწეობა დასჭირდება, პარაკლისს წაიკითხავს.

 

 

- როდის უნდა გადავიხადოთ პარაკლისი?

 

- ადამიანები წირვის შემდეგ მოძღვარს პარაკლისის გადახდას სთხოვენ. შეიძლება ითქვას, რომ ეს არასწორი ფორმაა იმიტომ, რომ წირვა-ლოცვა პარაკლისზე აღმატებულია. როცა ადამიანი წირვა-ლოცვას დაესწრო, მან უფრო დიდი ლოცვა-ვედრება აღასრულა და არ იქნება ლამაზი, წირვის შემდეგ კიდევ გადავიხადოთ პარაკლისი.

 

წირვაზე მოიხსენიებენ როგორც ცოცხლებს, ისე მიცვალებულებსაც. თუ შენ წირვაზე იდექი და კვეთაზე მოძღვარმა მოგიხსენია, ბუნებრივია, დამატებით პარაკლისის გადახდა უხერხულია. როცა წირვა არ ტარდება, პარაკლისი შეიძლება მაშინ ჩატარდეს, ანუ წირვის მაგივრად.

 

ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ პარაკლისებში არის მღვდლისა და დიაკვნის საკითხავები და ქრისტიანმა მისი კითხვისას ის უნდა გამოტოვოს. სახარების წაკითხვა შეიძლება, მაგრამ კვერექსების წაკითხვა არა. პარაკლისში, სადაც მღვდელი და დიაკვანი წერია, მრევლმა ის ადგილები არ უნდა ამოიკითხოს.

 

 

– ეს ნიშნავს, რომ ადამიანსაც შეუძლია პარაკლისის გადახდა?

 

– რა თქმა უნდა, პარაკლისის გადახდა ყველა ადამიანს შეუძლია, ოღონდ შემცირებული ფორმით, სადაც მღვდლისა და დიაკვნის ადგილებს არ კითხულობს. ადამიანებს ხშირად ეშლებათ, რომ რაღაც საკითხზე კონკრეტულ ხატთან ლოცულობენ. მაგალითად ბარაქის ლოცვაზე ევედრებიან ღვთისმშობლის ხატს, რომელსაც საქართველოში ბარაქის ხატს ეძახიან, რაც არასწორია. როცა ადამიანს ნარკომანიისა და ლოთობისგან თავის დაღწევა უნდა, ამ დროს შეუსმელ ბარძიმს ევედრება, რაც არასწორი ტრადიციაა, რუსეთის ეკლესიიდან შემოვიდა და ჩვენში მცდარი შეხედულებით დამკვიდრდა.

 

უნდა ვიცოდეთ, რომ ღვთისმშობელი ერთია და მისი გამოსახულების ხატები მრავალი, მაგრამ ყველა ერთი და იგივე ღვთისმშობელია. შენ თუ გწამს, რომ შეუსმელ ბარძიმთან ილოცებ და განიკურნები, ძალიან კარგია, მაგრამ ღვთისმშობლის ხატის სხვადასხა საკითხებში დაყოფა არ შეიძლება. თუმცა თუ ადამიანს სწამს, რომ ამა თუ იმ ლოცვის წაკითხვის მერე განიკურნება, ძალიან კარგია, მაგრამ ეს უფრო წარმართობასთან დაგვაბრუნებს, როცა მრავალღმერთიანობა იყო. თანამედროვე. ქრისტიანებმა ხატებთან ურთიერთობა თითქოს გარკვეულ კატეგორიებად დაყვეს, თითქოს ღმერთს აღარ ვეხვეწებით და ამავე დროს გარკვეულ წმინდანს ვევედრებით.

 

ჩვენი ნომერ პირველი პრობლემა სარწმუნოების გამატერიალიზებაა, ანუ ადამიანი კარგად ლოცულობს მაშინ, ხშირად დადის ეკლესიაში როცა მატერიალურად შეჭირვებულია. რა თქმა უნდა, ყველაფრისთვის უნდა ვილოცოთ, მაგრამ ნომერ პირველი თხოვნა და ვედრება ის არის, რომ ჩვენ მადლიერი ვიყოთ არსებულ მდგომარებაში და უფლისგან სულიერი განწმენდა ვითხოვოთ. დანარჩენი კი როგორც ქრისტე ამბობს, მოგვეცემა რადგან თუ ჯერ მატერიალურს ვითხოვთ, წარმართებს ვემსგავსებით.

 

 

– რა განსხვავებაა პარაკლისსა და პანაშვიდს შორის?

 

- პანაშვიდი სიტყვა-სიტყვით ნიშნავს - მთელი ღამე ვლოცულობდი. თანამედროვე რეალობაში პანაშვიდს მიცვალებულთათვის იხდიან, თუმცა ადრე ცოცხალთათვისაც არსებობდა პანაშვიდი. მაგალითად ადრე იყო ხანგრძლივი პანაშვიდი იმ ადამიანთათვის, რომლებიც ეკლესიაში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ბრუნდებოდნენ. სანამ მოძღვარი მათ აზიარებდა, ხანრგძლივ პანაშვიდს უკითხავდა, რომ ადამიანი ეკლესიაში განწმენდილი დაბრუნებულიყო და მას ზიარების უფლება დაბრუნებოდა.

 

დღევანდელ პრაქტიკაში პარაკლისი და დაუჯდომელი არის ჯანმრთელობის და წარმატებისთვის ცოცხალთათვის, ხოლო პანაშვიდი მხოლოდ მიცვალებულთათვისაა. საუფლო დღესასწაულის დროს პანაშვიდს არ ვიხდით, თუმცა თუ ვინმეს მაინცდამაინც იმ დღეს უნდა, არც ეს არის პრობლემა.

 

 

- რას ნიშნავს დაუჯდომელი ლოცვა?

 

- სიტყვა აკათისტო დაუჯდომელს ნიშნავს. ეს არის დაუჯდომლად ხანგრძლივი ლოცვის წაკითხვა.
დაუჯდომელი უფრო შემცირებულია და მასში მღვდლის და მგალობლის საკითხავები ნაკლებად. არის. სასურველია ადამიანებმა დაუჯდომელი იკითხონ, ვიდრე პარაკლისები, მაგრამ როგორც აღვნიშნე, მოძღვრის ლოცვა-კურთხევით პარაკლისების კითხვაც შეუძლიათ.