„ნუ ჰზრუნავთ და იტყჳთ, რაჲ ვჭამოთ, ანუ რაჲ
ვსუათ, ანუ რაჲ შევიმოსოთ? რამეთუ ამას ყოველსა
წარმართნი ეძიებენ, რამეთუ იცის მამამან თქუენმან,
რაჲ გიჴმს ამათ ყოველთაგანი. ხოლო თქუენ ეძიებდით
პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა
მისსა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ“ (მთ. 6,31-33)
აი, მოვიდა ადამიანი ამქვეყნად... სამყაროს კიდევ ერთი ხანმოკლე მგზავრი მოევლინა, რომელსაც მარადიულობისაკენ მიმავალ გზაზე, ღვთის განგებით, უამრავი განსაცდელი ელოდება.
როგორც წესი, მას შემდეგ, რაც კაცი სრულწლოვანებას მიაღწევს, გვარის გასაგრძელებლად ოჯახის შექმნას ლამობს. უეჭველია, ჩნდება კითხვა: როგორც შევარჩიოთ ღირსეული თანამგზავრი, რომელიც შეძლებს ყველა ჩვენი სიხარული და მწუხარება გაიზიაროს?
მოჩვენებითია მიწიერი მისწრაფებები, წარმავალია ხილული ბედნიერება, და ნეტარ არს ის, ვინც თავის დროზე შეიცნობს ამას; ვინც შეიცნობს, რომ ყოველი ადამიანის ცხოვრების უმაღლესი მიზანი, რომელიც თავად უფალმა განუწესა, ცხონებაა.
რამდენი მიწიერი კეთილდღეობის მაგალითი დანგრეულა ჩვენს თვალწინ! რამდენ გაცრუებულ იმედსა და დამსხვრეულ ბედს ვაწყდებით ირგვლივ! ამ ყოველივეს მიზეზი კი ისაა, რომ ადამიანები, ყველაზე ხშირად, თავიანთი ცხოვრების მოწყობას დამოუკიდებლად, ღვთის გარეშე ცდილობენ.
დასაბამიდან კაცი თავის ოჯახში ეძიებს საკუთარ, პატარა, მიწიერ ბედნიერებას. ოჯახი საზოგადოების ის ნაწილია, სადაც ადამიანთა ზნეობის საძირკველი იყრება. ეს ის სულიერი საწყისია, საიდანაც წარმოიშვნენ ერესები და სახელმწიფოები. მართლმადიდებელი ადამიანებისათვის ოჯახი მცირე ეკლესიაცაა, თუ ის კურთხეული ცოლქმრული სიყვარულით არის განმტკიცებული. ისევ და ისევ იბადება კითხვები: როგორ შევქმნათ მტკიცე, ჯანსაღი, კეთილზნეობრივი ოჯახი? როგორ დავიცვათ იგი მიწიერი საცდურებისგან? როგორ დავიფაროთ ჩვენი შვილები ამასოფლის სულის ზეგავლენისაგან და როგორ აღვზარდოთ ისინი კეთილზნეობრივ ქრისტიანებად? ამ და სხვა საჭირბოროტო კითხვებზე პასუხს ისევ და ისევ ეკლესიის ცხოველსმყოფელ სწავლებაში ვიპოვით. ეკლესიის სწავლება სწორედ ის მაცხოვნებელი აფრაა, რომელიც ყოველთვისს დაგვეხმარება, რომ ჩვენი ოჯახური „ნავი“ ამქვეყნიურ ქარიშხლებს ავარიდოთ და უვნებლად მივიყვანოთ სამუდამო ნავთსაყუდელში.
„და დაარქვა ადამმა სახელი ყველა პირუტყვს, ცის ფრინველს და ველის ყველა მცხოვრებს. მაგრამ ადამს არ გამოუჩნდა შემწე, მისი შესაფერი“ (შესაქმ. 2,20)
ადამმა ცხოველთა შორის ვერ იხილა ვერცერთი არსება, ვისაც აზრებსა და გრძნობებს გაუზიარებდა და ერთად „იუფლებდნენ“ მიწიერ ქმნილებებზე.
გარშემო მხოლოდ უგუნური და უტყვი არსებები იყვნენ. ადამიანს ერთიც არ ჰგავდა. როდესაც ადამი ცხოველებს სახელებს არქმევდა, დანაწევრებულ ხმებს წარმოთქვამდა, რითაც თავის აზრებს ხმამაღლა გამოხატავდა. მაგრამ ეს ხმა ჰაერში იკარგებოდა და უპასუხოდ რჩებოდა. ადამს არ შეეძლო, არ ეგრძნო მარტოსულობა და თავისივე მსგავსის არსებობის საჭიროება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხედავდა, რომ ყველა ცხოველი წყვილად იყო შექმნილი. უეჭველია, მასაც გაუჩნდებოდა სურვილი, რომ გვერდში ჰყოლოდა ისეთი არსება, რომელიც ბუნებით მისი მსგავსი იქნებოდა.
„უფალმა ღმერთმა ძილქუში მოჰგვარა ადამს და რა დაეძინა, გამოუღო ერთი ნეკნი და მის ადგილას ხორცი ჩაუდო“ (შესაქ. 2,21).
ადამის „ძილქუში“ ჩვეულებრივი არ იყო. მძინარე ადამს სულიერი ხედვა გაეხსნა, მსგავსად წინასწარმეტყველთა და მოციქულთა, რომლებიც სულიწმიდის მიერ იყვნენ შთაგონებულნი და ზუსტად ვერ ხვდებოდნენ, ამ დროს სხეულში რჩებოდა თუ არა მათი სული. მათ მსგავსად, ადამს უფალმა ისეთი მდგომარეობა მიანიჭა, რომ სული, გარეგანი გრძნობითი ქმედების გარეშე, ნათლად ხედავდა, თუ რას იქმოდა უფალი.
უნდა ვივარაუდოთ, რომ ნეკნი მასზე შეზრდილ ხორცთან ერთად იქნა ამოღებული, ვინაიდან ადამი თავად ასე მიმართავს ევას: „ეს კი მართლაც ძვალია ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთაგანი“. თუმცა ნეკნის ადგილი ცარიელი კი არ დარჩა, არამედ მაშინვე, ღვთის ნებით ხორცით ამოივსო, ანუ ახალი ნეკნი წარმოიქმნა.
„ნეკნისაგან, ადამს რომ გამოუღო, დედაკაცი შექმნა უფალმა ღმერთმა და ადამს მიუყვანა“ (შექ. 2,22).
ადამისთვის ცოლის შექმნის განსაკუთრებული სახით უფალი გვიჩვენებს, რომ ცოლ-ქმარი ბევრად უფრო მჭიდრო თანაცხოვრებისთვის არიან განსაზღვრულნი, ვიდრე ცხოველთა წყვილები. მდედრობითი სქესის ცხოველები მამარობითი სქესის ცხოველებისგან დამოუკიდებლად შექმნა უფალმა, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ ისინი სჯულით არ არიან დაკავშირებულნი განუყრელი თანაცხოვრებისათვის. ერთადერთი მიზანი ცხოველების წყვილების შექმნისა მათი გამრავლების საჭიროებაა, რისთვისაც სულაც არ არის აუცილებელი განუყრელი თანაცხოვრება. სულ სხვაგვარადაა საქმე ცოლ-ქმრის ურთიერთობაში. ქალის მამაკაცის სხეულისაგან შექმნა იმაზე მიანიშნებს, რომ განუყრელი ურთიერთბისათვის არიან შექმნილნი, რომ სიკვდილამდე ერთმანეთის ერთგულნი უნდა იყვნენ და ერთად არა მხოლოდ იმიტომ უნდა იცხოვრონ, რომ გამრავლდნენ, არამედ შვილები ერთად, ერთობლივი ძალისხმევით აღზარდონ. ხოლო ის გარემოება, რომ ქალი ადამის სხეულის სხვა რომელიმე ნაწილიდან კი არ შეიქმნა, არამედ გვერდიდან, იმაზე მიუთითებს, რომ ის მამაკაცის დასახმარებლად არის შექმნილი, მის გვერდით უნდა იყოს მუდმივად და არ დრტვინავდეს პირველობაზე ოჯახსა და საზოგადოებაში. ის, რომ ქალი ქმარზე უნდა იყოს დამოკიდებული, როგორც მისი ერთგული შემწე, იქიდანაც ცხადია, რომ „კაცი კი არ არის ქალისაგან, არამედ - ქალი კაცისაგან“ (1 კორ. 11,8).
როდესაც უფალმა ქალი შექმნა, იგი მაშინვე ადამს მიუყვანა. ის ფაქტი, რომ ღმერთმა არა მხოლოდ შექმნა ქალი, არამედ თავად უბოძა იგი ადამს, იმაზე მეტყველებს, რომ მათ განსაკუთრებული ლოცვა-კურთხევა მიანიჭა და განწმინდა ცოლქმრული კავშირი.
„თქვა ადამმა: ეს კი მართლაც ძვალია ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთგანი. დედაკაცი ერქვას მას, რაკი კაცისაგან არის გამოღებული“ (2,23).
ეს სიტყვები ადამმა იმ ხილვის გამო წარმოთქვა, რომელიც უფლისაგან ძილის დროს მიენიჭა. ცოლის დანახვა, რომლის შექმნასაც იგი ძილის დროს სხეულიდან განსვლის მდგომარეობაში უჭვრეტდა, ბუნებრივია, დიდ სიხარულს გამოიწვევდა მასში. ფრიად განიხარებდა, რომ ძილში ნანახი ნაოცნებარი თავისი წარმოსახვის ნაყოფი კი არ იყო, არამედ სრული რეალობა. ადამს უხაროდა, რომ ბოლოსდაბოლოს ჰპოვა მონათესავე არსება, რომელსაც ამაოდ ეძებდა ცხოველთა შორის. სახელი, რომელიც ადამმა ცოლს მიანიჭა, ებრაულ ენაზე კაცის მდედრობითი სქესის სიტყვაა. „დედაკაცი (ებრ. იშა) ერქვას მას, რაკი კაცისაგან (ებრ. იშ) არის გამოღებული“.
„ამიტომაც მიატოვებს კაცი დედ-მამას და მიეწებება თავის დედაკაცს, რათა ერთხორცად იქცნენ“ (შეს. 2,24).
ვინაიდან „ქალი მამაკაცისაგან არის გამოღებული“, მათ შორის კავშირი ბევრად უფრო მჭიდროა, ვიდრე მშობლებსა და შვილებს შორის. დედ-მამა ცოდვის გარეშე შეუძლია მიატოვოს ძემ ქორწინებისას და შექმნას ცალკე ოჯახი. მაგრამ ცოლის თვითნებურად მიტოვება ან სხვაში გაცვლა ქმარს ცოდვის გარეშე არ შეუძლია. მათ შორის ერთხელ დამყარებული კავშირი დაურღვეველია. „ქმარი მიეწებება თავის დედაკაცს, რათა ერთხორცად იქცნენ“, - ანუ მათი ურთიერთობა იმდენად მჭიდრო უნდა იყოს, რომ ისინი თითქოს ერთი ადამიანი, ერთი პიროვნება არიან. ამიტომაც მოციქულთან ნათქვამია: „ცოლი კი არ არის საკუთარი სხეულის უფალი, არამედ ქმარი; ასევე ქმარიც როდია თავისი სხეულის უფალი, არამედ ცოლი“ (1 კორ. 7,4). და ეს არ არის მხოლოდ ადათი ან უბრალოდ ადამიანთა მიერ შექმნილი კანონი, არამედ - ღვთის დადგენილება. თავად შემოქმედმა დაადგინა მეუღლეთა შორის განუყრელი ურთიერთობა, ამიტომაც განქორწინება, გარდა სჯულში აღნიშნული განსაკუთრებული შემთხვევებისა, უსჯულოებაა და ღვთის ნებისადმი ურჩობად ითვლება. „რაც ღმერთმა შეაერთა, კაცი ნუ განაშორებნ“, - თავად ბრძანა იესო ქრისტემ. ასევე მრავალცოლიანობაც ეწინააღმდეგება ღვთის რჯულს, რადგან ადამი და ევა ორნი იყვნენ, სწორედ ორნი, და არა მრავალნი. ასევე ორნი იყვნენ ერთხორც და არა მრავალნი.
არსებობს თეორია, რომელიც ამტკიცებს, რომ კაცთა მოდგმამ თავისი არსებობის ისტორია ველური მდგომარეობიდან დაიწყო და თითქოს აქედან იგი ნელ-ნელა, თანდათანობით გამოვიდა. ამ მოსაზრების მიხედვით, ათასეული წლები გავიდა მას შემდეგ, რაც ცხოველური ინსტინქტები გონიერი და ზნეობრივი მოთხოვნილებებით შეიცვალა. თავისთავად ცხადია, რომ ამ თეორიის მიხედვით, პირველყოფილ ადამიანებს წარმოდგენაც არ უნდა ჰქონოდათ ქორწინების შესახებ. შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ შემთხვევითი, ველური სქესობრივი ურთიერთობა, სქესთა კავშირი კი - არამყარი და ხანმოკლე, რომელსაც საფუძვლად არანაირი ზნეობრივი მოვალეობა არ ექნებოდა. თითქოსდა, ასეთი მშობლების შვილებმა არც კი იცოდნენ მამის ვინაობა და მხოლოდ დედას სცნობდნენ, ისიც მანამდე, სანამ მის ხელთ იყვნენ და ძუძუთი იკვებებოდნენ, ხოლო როგორც კი დამოუკიდებლად იწყებდნენ ცხოვრებას, ცხოველთა მსგავსად, მასთან ყოველგვარ კავშირს წყვეტდნენ.
ეს თეორია თავისი არსებობის გასამართლებლად იმ ფაქტს იშველიებს, რომ დღეისათვის ზოგიერთ ველურ ტომს ქორწინება არ გააჩნია. ამგვარი მოსაზრება მხოლოდ ვარაუდებს, ურთიერთგამომრიცხავ შეხედულებებს, არქეოლოგიურ აღმოჩენებსა თუ გეოლოგიურ გამოკვლევებს (რომელთა უმრავლესობაც მოგვიანებით მცდარი აღმოჩნდება ხოლმე) ეყრდნობა.
საქმე ისაა, რომ ის ველური მდგომარეობა, რომელსაც ცდილობენ, რომ ადამიანის პირვანდელ სახედ მოგვაჩვენონ, სრულებითაც არ არის კაცობრიობის დასაბამი. სინამდვილეში მას წინ უსწრებდა მაღალი სულიერი სრულყოფილება. ადამიანი დაეცა ზნეობრივი სიმაღლიდან და ისე ღრმად, რომ ველურ მდგომარეობამდეც კი მივიდა. ასეთმა ადამიანებმა დაკარგეს ქორწინებაზე, როგორც ზნეობრივ კავშირზე, პირველადი შეხედულება, რაც უხეში, ცხოველური ინსტიქტების ბატონობამ შეცვალა (თუმცა ცხოველთა გარკვეულ ჯიშებსაც კი მონოგამიური ურთიერთობები ახასიათებთ). კაცთა მოდგმის ასეთი დეგრადაცია ნათლად აისახა დღევანდელი მსოფლიოს ე.წ. ელიტარულ საზოგადოებაშიც, როდესაც ქორწინებას ხშირად „გელ-ფრენდებსა“ და „ბოი-ფრენდებთან“ ურთიერთობით ანაცვლებენ და ამას ჩვეულებრივ მოვლენად მიიჩნევენ.
შესაქმის წიგნს თუ გადავშლით, დავინახავთ, რომ ადამიანი ყველა მიწიერ ქმნილებათა გვირგვინია. თავად შექმნის განსაკუთრებული სახით იგი შეუდარებლად ამაღლებულია მათზე. სხვა მიწიერი არსებები ქვეყანას ღვთის ერთი ბრძანებით მოევლინენ, ცხოველთა სხეული და სამშვინველი ერთსა და იმავე წამს შეიქმნა, თანაც ერთი და იმავე ნივთიერებიდან - მიწისა და წყლისგან. ადამიანის შექმნაში კი ღვთაებრივი ყოვლისშემძლეობის რთული ქმედება ჩანს. ადამიანის შექმნას წინ უსწრებს წმიდა სამების პირთა საუბარი. შემდეგ ადამიანის სხეული იქმნება მიწის მტვერისაგან (ფერფლისაგან), სული კი თავად ღვთის ბაგიდან შთაებერება. ყველა ცოცხალი არსებისაგან განსხვავებით, ადამიანი ღვთის ხატად და მსგავსად არის შექმნილი, ანუ მიღებული აქვს ღვთის სულიერი სრულყოფილების დასაბამი და უსასრულო სულიერი განვითარების უნარი.
ადამისათვის ცოლის შექმნის პროცესიც ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ ადამიანი ცხოველზე აღმატებულია. მამრობითი სქესის ცხოველები მდედრობით სქესთან ერთად, ერთსა და იმავე დროს შეიქმნენ, და თანაც ერთბაშად, უამრავი რაოდენობით. ადამისთვისაც საჭირო გახდა მისივე მსგავსი მეწყვილის არსებობა. თავად უფალმა, რომელმაც ადამი სამოთხეში დაასახლა, ბრძანა: „არ ვარგა ადამის მარტოდ ყოფნა. გავუჩენ მას შემწეს, მის შესაფერს“ (2,18). თუ რამდენი დრო გავიდა კაცის შექმნიდან დედაკაცის შექმნამდე, ცნობილი არაა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ იყო დროის შუალედი, ხოლო ხანმოკლე იქნებოდა იგი თუ ხანგრძლივი, სულ ერთია: ეს გარემოება მეტად გასათვალისწინებელია ცოლ-ქმრული ცხოვრების მოწყობისას. ადამს ცოლი თავიდანვე იმიტომ არ მიეცა, როგორც ეს ცხოველთა სამყაროში მოხდა, რომ სანამ მიიღებდა, თავად უნდა დაფიქრებულიყო მის აუცილებლობაზე, თავად უნდა ეგრძნო მისი არსებობის საჭიროება. შემოქმედი მზად იყო, მიეცა მისთვის ქალი, მაგრამ ჯერ თავად მისგან ელოდა ამის სურვილს, რათა შემდეგ შეეთავაზებინა იგი. ძღვენს წინ უსწრებდა მისი მიღების თავისუფალი ნება და სურვილი. უფალი ადამს თავზე არ ახვევს თავის საჩუქარს, რითაც პატივს მიაგებს ზნეობრივ თავისუფლებას იმ არსებისა, რომელიც თავად დააჯილდოვა გონებითა და თავისუფალი ნებით. ამგვარი უფლება ცხოველებს იმიტომ არ მიეცათ, რომ ისინი ზნეობრივი თავისუფლების საწყისს იყვნენ მოკლებულნი.
თავისუფალი განსჯის ძალით ადამი მიხვდა, რომ მისი არსება სავსე არ იყო, შეიგრძნო აუცილებლობა იმისა, რომ თავისივე მსგავსი არსებით შევსებულიყო, რომელიც მის აზრებსა და გრძნობებს გაიზიარებდა. თანაშემწის, სულიერი მეგობრის აუცილებლობის შესახებ აზრი შეიძლება მხოლოდ ადამიანს გასჩენოდა და არა პირუტყვს. და მხოლოდ მეგობრის ყოლის საჭიროებას შეეძლო, ყოფილიყო ცოლ-ქმრული ურთიერთობის საფუძველი და კაცისა და ქალის თანაცხოვრება ზნეობრივ ღირებულებამდე აღემაღლებინა.
თავისთავად ცხადია, რომ ხორციელი ერთობა ამ შემთხვევაში ზნეობრივ საწყისს, ცოლქმრული ერთგულების, განუყრელი თანაცხოვრების მოვალეობის გაცნობიერებას ეფუძნება, ვინაიდან მხოლოდ ამის შემეცნება აკავებს ადამიანს წმიდა ცხოველური ვნებებისგან და მოთოკავს მის გრძნობით ინსტიქტებს.
ადამს, თუმცა არა სრულყოფილად, შეგნებული ჰქონდა ცოლთან ცხოვრების მოვალეობა, იმ არსებასთან, რომელსაც მისი მსგავსი სულიერი, ადამიანური ღირსებები ჰქონდა. მან იცოდა, რომ არ შეეძლო თავისი ინტერესები მისი ინტერესებისგან განესხვავებინა. მაგალითად, არ შეეძლო ისე დაემცირებინა ცოლი, რომ მასთან ერთად თავადაც არ დამცირებულიყო, ვინაიდან იყვნენ „ერთ ხორც“. ადამი გრძნობდა, რომ უნდა ეზრუნა ცოლზე, ჰყვარებოდა იგი, ვითარცა თავი თვისი, ვინაიდან „არავინ სადა თავი თვისი მოიძულის, არამედ ზრდინ და ჰფუფუნებნ მას, ვითარცა ქრისტე ეკლესიასა“ (ეფ. 5,29).
ცოდვით დაცემის შემდეგ ცოლი კიდევ უფრო დამოკიდებული გახდა ქმარზე, „ქმრისკენ გექნება ლტოლვა, ის კი იბატონებს შენზე“ (შეს. 3,16), - უთხრა უფალმა ევას, რადგან თავადაც დაარღვია მცნება უფლისა და ქმარსაც უბიძგა ცოდვისაკენ. ცოლის ქმარზე დამოკიდებულება განსაკუთრებით მძიმე იყო წარმართობის ხანაში. მას დამონებულად თვლიდნენ.
ქრისტიანობამ კი ცოლისა და ქმრის თანასწორობა დაამყარა, რადგან ქრისტეში „არა არს რჩევა მამაკაცისა, არცა დედაკაცისა“ (გალ. 3,28; ეფ. 5,22), მაგრამ ქრისტიანული სარწმუნოებაც შთააგონებს ქალს, რომ იგი ქმრის თანასწორი მხოლოდ რელიგიურ ურთიერთობაშია, და არ უნდა უგულებელყოს მისდამი, როგორც ოჯახის თავისადმი მორჩილება, და ისე უნდა ემორჩილებოდეს ქმარს, ვითარცა უფალს (ეფ. 5,22).
ქორწინება არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ, უპირველესად, ზნეობრივი კავშირია; დაურღვეველი, ღვთისაგან კურთხეული ე.ი. წმიდა კავშირი.
მონოგამიური ქორწინების სჯულს წმიდად იცავდნენ წარღვნამდელი პატრიარქები. მხოლოდ ერთი გამონაკლისია ცნობილი ძველი აღთქმიდან - ესაა ლამექი (შესაქ. 4,19-22). წარღვნიდან მოყოლებული მოსემდეც ასე იყო. ეს იქიდანაც ჩანს, რომ აბრაამმა თავისი ქონების გადაცემა გარეშე პირისათვის გადაწყვიტა, ვინაიდან კანონიერი ცოლისგან შვილები არ ჰყავდა (შესაქ. 15,2). მრავალჯერ ქორწინების დაშვების შემთხვევაში კი მას სხვა ცოლისგანაც შეეძლებოდა მემკვიდრის ყოლა. აბრაამის ძეს ისააკსაც ერთი ცოლი ჰყავდა - რებეკა.
იაკობს თუმცა ორი ცოლი ჰყავდა, მაგრამ ეს, როგორც ცნობილია, მისი თავისუფალი ნებით არ მომხდარა. იაკობის ძმა ესავი რო ქანანელზე და ერთ თანატომელზე იყო დაქორწინებული (შესაქ. 28.9; 36,2), რაც მხოლოდ ესავის გრძნობების შეუკავებლობაზე მეტყველებს. ესავის ორ ქანაანელზე ქორწინებამ მრავალი მწუხარება მოუტანა მის მშობლებს, არა მარტო იმიტომ, რომ ეს იყო ადათის დარღვევა, არამედ იმიტომაც, რომ ქანაანი უწმინდურ ტომად ითვლებოდა. აი, ამიტომ ისააკმა იაკობს სთხოვა, ცოლად ქანანელი ქალი არ მოეყვანა. მხოლოდ ქორწინების ზნეობრივ-რელიგიური მნიშვნელობის პატივისცემით შეიძლება აიხსნას ის, რომ პატრიარქთა დროს ღვთის რჩეული ერი მიუღებლად თვლიდა უცხოტომელთნ საქორწინო კავშირის დამყარებას.
ამ დროისათვის განქორწინების შესახებ ცნობები არ მოგვეპოვება.
პატრიარქთა მომდევნო პერიოდში კი ქორწინების სიწმიდე მოსეს სჯულით იყო დაცული, ვინაიდან ღვთის რჩეულ ერში წარმართებისგან შემოჭრილ ზნეუკეთურობას, სხვა ყველაფერთან ერთად, შეეძლო, ცოლქმრულ ურთიერთობაზეც მოეხდინა მავნე ზეგავლენა.
ქორწინების სიწმიდის დაცვის მიზნით მოსეს სჯულით აკრძალული იყო ქორწინებს სისხლით ნათესავებს შორის (გამონაკლისს წარმოადგენდა მხოლოდ ლევირატის წესი, რომლის მიხედვითაც, გარდაცვლილი მამაკაცის ძმა ან ახლო ნათესავი უნდა დაქორწინებულიყო მის ქვრივზე, რათა უშვილოდ გარდაცვლილისთვის თესლი აღედგინა).
სჯული აგრეთვე მკაცრად აკონტროლებდა ცოლქმრულ ურთიერთობას და მოჭარბებული ვნებების მოთოკვასა და ზომიერებას მოითხოვდა.
სჯული სასტიკად სჯიდა სიძვასა და მრუშობას. ცოლქმრული ერთგულების დარღვევისათვის სიკვდილით ისჯებოდა არა მხოლოდ ქალი, როგორც ეს მოგვიანებით, რომაულ კანონმდებლობაშიც იყო მიღებული, არამედ კაციც: „ვინც გათხოვილ ქალთან იმრუშებს, უნდა მოკვდეს... როგორც მემრუშე ქალი“ (ლევ. 20,10).
ქორწინების სიწმიდის დაცვის მიზნით მოსეს სჯული განქორწინებასაც ეხებოდა. ებრაელებს თუმცა განქორწინების ნება ჰქონდათ, მაგრამ მხოლოდ შეზღუდული პირობებით: განქორწინების მოთხოვნის უფლება მხოლოდ ქმარს ჰქონდა, მაგრამ ეს უფლება ჩამოერთმეოდა, თუკი თავის მიერ შეცდენილ ქალზე იყო დაქორწინებული (მეორე სჯ. 22,2), ან თუ ქორწინების პირველ დღეს მეუღლეს ცილს დასწამებდა, თითქოსდა ქორწინებამდე ქალწული არ იყო. უკანასკნელ შემთხვევაში, თუ ცილისწამება გამჟღავნდებოდა, შეურაცხყოფისათვის სასჯელად ქმარი არა მარტო სიცოცხლის ბოლომდე ვერ შეძლებდა მასთან განქორიწნებას, არამედ ფიზიკური სასჯელი და ფულადი ჯარიმაც კი ეკისრებოდა (მეორე სჯ. 22,13-21).
განქორწინების გადაწყვეტილების მიღება ქმარს თვითნებურად არ შეეძლო, არამედ ცოლში უნდა აღმოეჩინა „რაღაც სასირცხო“ (მეორე სჯ. 24,1). ეს ღალატსაც გულისხმობდა, მაგრამ სჯული, კაცთმოყვარეობის გამო, ქმრისაგან მტკიცებულებებს არ ითხოვდა, ვინაიდან ამგვარი დამადასტურებელი საბუთი აუცილებლად გახდებოდა დამნაშავის სიკვდილით დასჯის საფუძველი.
რაც არ უნდა ყოფილიყო განქორწინების მიზეზი, პროცესი აუცილებლად წერილობით მიმდინარეობდა. აქტის შესადგენად ლევიტელებს მიმართავდნენ. ხელმოსაწერად მოწმეები იყვნენ საჭირო; ეს ფორმალობა დიდ დროსა და დავიდარაბას მოითხოვდა, რაც ხელს უწყობდა პირველი ვნებათაღელვის ჩაცხრობას. მოგვიანებით საქმეს უკვე ცივი გონებით განიხილავდნენ. თანაც, გარეშე პირები, განსაკუთრებით კი ლევიტელები, რომლებიც სჯულის უზადო დამცველნი იყვნენ, ყოველმხრივ ცდილობდნენ მეუღლეთა შერიგებას.
ქორწინების სიწმიდის დაცვის მიზნით მოსეს სჯულით აკრძალული იყო დარღვეული ქორწინების აღდგენა იმ შემთხვევაში, თუ ცოლი ხელახლა გათხოვდებოდა, მაშინაც კი თუ დაქვრივდებოდა ან მეორე ქმარს გაშორდებოდა. ამგვარი ცოლის პირველ ქმართან დაბრუნება, სჯულის მიხედვით, ღვთის წინაშე სისაძაგლედ და წმიდა მიწის შებილწვად (მეორე სჯ. 24,4) ითვლებოდა, ვინაიდან ასეთი ქალი, ქონების მსგავსად, ხელიდან ხელში გადავიდოდა და ქორწინება ზნეობრივ მნიშვნელობას დაკარგავდა. სწორედ ამიტომ თვითნებურ განქორწინებას მალაქია წინასწარმეტყველი სჯულის საწინააღმდეგო საქმედ მიიჩნევდა (მალ. 12, 14-16).
ქორწინების ზნეობრივ-რელიგიური მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა იესო ქრისტეს განკაცების შემდეგ. უფალმა ქორწინება თავისი დასწრების ღირს ჰყო კანას გალილეაში და სწორედ იქ აღასრულა თავისი პირველი სასწაული. ამ ფაქტს ეკლესია განიხილავს, როგორც კანონიერი ქორწინების უფლისმიერ კურთხევას. კაცობრიობის განმაახლებელმა თავის ერთ-ერთ პირველ საქმედ ქორწინების კურთხევა ისურვა, რათა ქრისტიანული ოჯახის წევრები, ამავე დროს, ქრისტეს ეკლესიის წევრებიც ყოფილიყვნენ. მან აგრეთვე პირველსაწყისი ძალა დაუბრუნა სჯულს ქორწინების შესახებ. ახალმა სჯულმდებელმა გადაჭრით აკრძალა განქორწინება. ფარისეველთა კითხვაზე: „ყველა მიზეზით შეიძლება თუ არა ცოლთან განქორწინება?“ მან ქორწინების დაურღვევლობის პირველსაწყის სჯულზე მიუთითა, რომელიც ღმერთმა პირველი ადამიანების შექმნისას დაადგინა და დაამატა: ვინც ღმერთმა შეაერთა, კაცი ნუ განაშორებს. მოსეს მცნების წარმოშობა იესომ ებრაელთა გულქვაობით ახსნა. წმიდა იოანე ოქროპირის თქმით, მას მხედველობაში ჰქონდა, რომ ებრაელებს არ შეეძლოთ მოკრძალებით, მოთმინებითა და თავგანწირვით გადაეტანათ ცოლის ნაკლი; ამიტომ მოსემ იმ განზრახვით, რომ - უფრო დიდი ბოროტება - მეორე - უფრო ნაკლებ ბოროტებით აერიდებინა, განქორწინების ნება დართოთ. ეს რომ არ დაეშვა, ისინი ცოლებს მოკლავდნენ. „თავიდან ასე არ იყო,- უთხრა ქრისტემ ფარისევლებს და განაგრძო, - ვინც გაშორდება თავის ცოლს მრუშობის გარეშე და სხვაზე დაქორწინდება, ის იმრუშებს...“ (მთ. 19,3-9; მარკ. 10,2-12). სხვაგან კი თქვა, რომ განქორწინებულ ცოლს, თუნდაც უდანაშაულოდ იყოს ქმრის მიერ მიტოვებული, მრუშობის საბაბი ეძლევა (მთ. 5,32).
წმიდა პავლე მოციქული არა მხოლოდ იმეორებს ქრისტეს სწავლებას ქორწინების დაურღვევლობის შესახებ (1 კორ. 7,10), არამედ ქადაგებს შერეული ქორწინების ურღვევობას, ანუ ისეთს, როცა ერთმა ქორწინებისას მიიღო ქრისტიანული სარწმუნოება, მეორე კი - წარმართი დარჩა; მოციქული ამტკიცებს, რომ ურწმუნო ქმარს მორწმუნე ცოლი განწმედს და შეიძლება მისი მეშვეობით ცხონდეს კიდეც, ისევე როგორც ურწმუნო ცოლი მორწმუნე ქმრის მიერ. თუკი ქორწინება წმიდად ითვლება მაშინაც კი როცა ქრისტიანი და წარმართი უკავშირდებიან ერთმანეთს, მაშ უფრო წმიდ არ იქნება ქრისტიანული ქორწინება? სწორედ ეს სიწმიდე ქრისტიანული ქორწინებისა აქვს მხედველობაში მოციქულს, როდესაც ამბობს, რომ ქვრივს შეუძლია მეორედ იქორწინოს „დედაკაცი შეკრულ არს სჯულითა, რავდენ ჟამ ცოცხალ არს ქმარი მისი, ხოლო უკუეთუ მოკუდეს ქმარი, იგი თავისუფალ არს, უნდეს თუ ქორწინებაჲ, გარნა ხოლო უფლისა მიერ“ (1 კორ. 7,39). გამოთქმა „უფლისა მიერ“ გვიჩვენებს, რომ ქრისტიანმა საქორწინო კავშირი უნდა დაამყაროს უფალზე ფიქრით, მისი სახელით, მის სადიდებლად; „ამისთვის დაუტეოს კაცმან მამაი თვისი და დედაი თვისი და შეეყოს ცოლსა თვისსა და იყვნენ ორნივე ერთ ხორც. საიდუმლო ესე დიდ არს, ხოლო მე ვიტყვი ქრისტესთვის და ეკლესიისა“ (ეფ. 5,31-32). მოციქული ქრისტიანულ ქორწინებას აღამაღლებს ქრისტეს ეკლესიასთან კავშირის მნიშვნელობამდე. ქრისტეს კავშირი ეკლესიასთან, როგორც თავისა სხეულთან, არის საიდუმლო კავშირი, ვინაიდან გაონებამიუწვდომელია. ამ საიდუმლოზე მიუთითებს ქმარის ფიზიკური და ზნეობრივი კავშირი ცოლთან.
საეკლესიო ქორწინება მადლმოსილი კავშირია. ქორწინებისას ცოლ-ქმარს მადლი საიდუმლოდ მიეცემა. ვინაიდან მოციქულის სიტყვებით, იმისათვის, რომ ქორწინება ქრისტეს ეკლესიასთან საიდუმლო კავშირის ღირსეული მაგალითი გახდეს, საჭიროა „ვითარცა ეკლესიაი დამორჩილებულ არს ქრისტესა, ეგრეცა ცოლნი თვისთა ქმართა ყოვლითა. ქმართა გიყუარდედ ცოლნი თვისნი, ვითარცა ქრისტემან შეიყუარა ეკლესიაი და თავი თვისი მისცა მისთვის“ (ეფ. 5,24-25). აქ მოციქული ცოლ-ქმარს შორის ისეთ ურთიერთობას ადგინებს, რომელიც მხოლოდ ყოვლისშემძლე მადლის ზემოქმედებით იქნება დაცული, რაც ქორწინების საიდუმლოს მეშვეობით მიენიჭებათ ახალშეუღლებულებს.
ქორწინების საიდუმლოს შესრულების წესს, უეჭველია, თავიდანვე არ მიუღია თანამედროვე სახე, არამედ თანდათანობით დაიხვეწა, ისევე როგორც სხვა საეკლესიო მსახურებები.
ბერძნულ-რომაულ იმპერიაში ქორწინებასთან დაკავშირებულმა საეკლესიო წესებმა დიდხანს ვერ ჰპოვა მხარდაჭერა სამოქალაქო კანონმდებლობაში, რომელიც წარმართობის ხანიდან იყო შემორჩენილი. უკვე იუსტინიანეს დროიდან ქორწინებასთან დაკავშირებული სამოქალაქო კანონმდებლობა საეკლესიოს დაუახლოვდა. იუსტინიანე მოითხოვდა, რომ ქორწინება სასულიერო პირების თანდასწრებით შესრულებულიყო. იმპერატორმა ლეონ ბრძენმა დაახლოებით 900 წელს გამოსცა კანონი, რომლის მიხედვითაც, ღვთისმსახურის ლოცვა-კურთხევის გარეშე შესრულებული ქორწინებები ძალაში არ იყო. იმპერატორმა ალექსი კომნენოსმა (1081-1118) გამოსცა დადგენილება საეკლესიო ჯვრისწერის აუცილებლობის შესახებ. ამ დრომდე საეკლესიო ლოცვა-კურთხევით მხოლოდ თავისუფალი მოქალაქეები ქორწინდებოდნენ, ვინაიდან მონები, რომის იმპერიის კანონის მიხედვით, თავისუფალი მოქალაქეების საკუთრებას წარმოადგენდნენ. მონობაში მყოფ ადამიანებს მხოლოდ უკანონო ქორწინება შეეძლოთ.
ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ მონობისადმი წარმართული შეხედულებები სწრაფად ვერ შეურიგდებოდა სწავლებას იმის შესახებ, რომ მონა და ბატონი ღვთის წინაშე თანასწორნი იყვნენ. ბატონები მონებს ნებას არ რთავდნენ, რომ ეკლესიაში ჯვარი დაეწერათ, ვინაიდან მათ ეშინოდათ, რომ მონები ეკლესიის წიაღში მათთან თანასწორი უფლებებით ისარგებლებდნენ და თავისუფლები გახდებოდნენ.
რუსეთში ქრისტიანობის პირველ პერიოდში საეკლესიო ქორწინება მხოლოდ დიდებულთა უპირატესობას წარმოადგენდა, დაბალი კლასის ოჯახები კი ჯვრისწერის გარეშე იქმნებოდა, რასაც მალე ბოლო მოეღო.
ქრისტიანული ქორწინება იმდენად წმიდაა, რომ საეკლესიო კანონების მიხედვით აკრძალულია სისხლით ნათესავების ან ნათლობით დაკავშირებული პირების ქორწინება მრავალი თაობის განმავლობაში.
არა მხოლოდ ჯვრისწერა, არამედ წინდობაც კი, რომელიც ძველად ჯვრისწერამდე ზოგჯერ რამდენიმე წლით ადრე სრულდებოდა, იმდენად წმიდად ითვლებოდა ეკლესიაში, რომ თუ სასიძო ცოცხალი იყო, დაწინდულზე დაქორწინება სხვას აღარ შეეძლო (მეექვსე კრების 98-ე კანონი).
უწინ ჯვრისწერამდე ცოლ-ქმარი ჯერ ლიტურგიას ესწრებოდა, ეზიარებოდა და მხოლოდ შემდეგ სრულდებოდა ჯვრისწერის საიდუმლო.
კართაგენის კრების მე-13 კანონის მიხედვით, ახალდაქორწინებულნი, ამ წმიდა საიდუმლოს მიმართ მოწიწების ნიშნად, ერთად ცხოვრების პირველ ღამეს ქალწულობას ინარჩუნებდნენ.
ცოლქმრული ერთგულების დარღვევისთვის დაწესებული მკაცრი საეკლესიო სასჯელი (7-15 წელი წმიდა ზიარებისგან დაყენება) ასევე ნათლად მოწმობს, თუ რაოდენ ამაღლებულად მიიჩნევს ეკლესია ქორწინების სიწმიდეს. ამასვე მოწმობს მეორედ ქორწინებულისადმი მისი დამოკიდებულება. ეკლესია არასდროს კრძალავდა მეორე ქორწინებას, პირიქით, მცდარად მიიჩნევდა ზოგიერთი ერეტიკოსის (მონტანისტებისა და ნოვატიანების) შეხედულებას, რომ მეორედ ქორწინების გამო ადამიანი ეკლესიიდან ყოფილიყო განკვეთილი. თუმცა, პავლე მოციქულის სწავლების მიხედვით, ეკლესიაში აკრძალული იყო მეორედ ქორწინებაში მყოფი სასულიერო პირის ხარისხში აყვანა. ამის გარდა, მეორეცოლიანებს ერთი წელი ეკრძალებოდათ ზიარება, მესამე ცოლის მოყვანის შემთხვევაში კი - სამი წელი ვერ ეზიარებოდნენ, სასჯელად იმისა, რომ არ ეყოთ მოთმინება და ვერ შეძლეს, ღვთის ნებას მინდობოდნენ. მეორედ ჯვრისწერისას წარმოითქმება ლოცვა, სადაც უფალს შესთხოვენ, შეუნდოთ ხორციელი უძლურება, რამაც ხელახალი ქორწინებისკენ უბიძგათ. ბასილი დიდის მიხედვით, მესამედ ქორწინება მხოლოდ მრუშობაზე უმჯობესია. რაც შეეხება პოლიგამიის მიმართ ეკლესიის დამოკიდებულებას, ამაზე საუბარიც კი ზედმეტია.
ქორწინების სიწმიდის დასაცავად ეკლესია ქორწინების წინააღმდეგ მებრძოლთ ანათემას გადასაცემდა (მოც. 5,51, განგრ. 19,14). სახარებისეული და მოციქულთა სწავლებით, თუმცა ქალწულობა ქორწინებაზე აღმატებულია, მაგრამ იგი ყველას არ მოეთხოვება, არამედ მხოლოდ იმ ადამიანის ნებასურვილზეა დამოკიდებული, ვინც ამას შეძლებს. პავლე მოციქულის სიტყვით, „პატიოსან არს ქორწილი ყოვლითავე და საწოლი შეუგინებელ“ (ებრ. 13,4).
სამწუხაროდ, მოციქულთა შემდეგ გამოჩენილმა ცრუმოძღვრებმა დაამახინჯეს სახარებისეული შეხედულება ქორწინების შესახებ. ისინი ქორწინებას ცოდვად მიიჩნევდნენ და ცდილობდნენ, თავიანთი ცრუ მოსაზრება ყველგან გაევრცელებინათ, რასაც უცილობლად მოჰყვებოდა კაცთა მოდგმის გადაშენება; ისინი ქორწინებას ცხონების ხელისშემშლელ პირობად მიიჩნევდნენ. ქორწინებას ებრძოდნენ სხვადასხვა სექტები: ესეელთა, სატურნების, ბასილიდის, მარკიონის, შემდეგ ენკრატიტები, მანიქეველები, ევსტათიები და სხვ. სამწუხაროდ, დღეს მართლმადიდებელთა შორისაც შეხვდებით ისეთ ადამიანებს, რომლებსაც შეცდომით მიაჩნიათ, რომ მხოლოდ ბერ-მონაზვნური ცხოვრება არის ცხონების ერთადერთი აუცილებელი პირობა, ერში ყოფნა კი ცდუნებებთან ბრძოლაში უცილობელი დამარცხების მიზეზი გახდება. ასეთებს შეგვიძლია ერთ-ერთი ცნობილი პატერიკი შევახსენოთ: ერთხელ ღირსი მაკარი ეგვიპტელი მომეტებული გულმოდგინებით ლოცულობდა. ამ დროს ზეციდან ხმა მოესმა: „შენ ჯერ კიდევ ვერ მიემსგავსე ორ დედაკაცს, რომელნიც მახლობელ ქალაქში ცხოვრობენ“. მაკარის გაუკვირდა ეს სიტყვები და მათი ცხოვრების გაგება მოინდომა, წავიდა ქალაქში, მოძებნა ის სახლი, რომელშიც ორი დედაკაცი ცხოვრობდა. წმიდა მაკარიმ მათ ასე მიმართა: „მხოლოდ თქვენი გულისთვის მივიღე ჩემს თავზე დიდი შრომა, შორეული უდაბნოდან მოვედი, რათა შევიტყო თქვენი საქმენი. დაუფარავად აღიარეთ ყოველივე ჩემს წინაშე“. დედაკაცებმა ქალწულებრივი მორცხვობით მიუგეს: „კაცო ღვთისაო! განა შეიძლება რაიმე ღვთივსათნო საქმე მოეთხოვოს იმას, ვინც მუდამ ჟამს ოჯახის მზრუნველობაში არის გართული და უნდა აღასრულოს მეუღლის მოვალეობა?“ მაგრამ წმიდა მაკარი დაჟინებით თხოვდა მათ, მოეთხროთ მისთვის თავიანთი ცხოვრების შესახებ. მაშინ ქალებმა თავმდაბლად უპასუხეს: „ჩვენ ორნი - რძლები ვართ, ღვიძლ ძმათა მეუღლენი. თხუთმეტი წელია, ერთად ვცხოვრობთ და ამდენ ხანს არცერთი საწყენი სიტყვა არ გაგვიგონია ერთმანეთისაგან. შვილები არა გვყავს და თუ უფალმა მოგვანიჭა ისინი, პირველი ჩვენი საზრუნავი იქნება ღვთის ვედრება, რომ ღმერთი შეგვეწიოს, აღვზარდოთ ისინი მოშურნენი და კეთილმოქმედნი. მოსამსახურეებს ვეპყრობით თავაზიანად, ბევრჯერ მოვინდომეთ მონაზვნად შედგომა, მაგრამ მეუღლეებისგან ნებართვა ვერ გამოვითხოვეთ, ვინაიდან ჩვენდამი მათ სიყვარულს ვთხოვთ. ამიტომ გადავწყვიტეთ მათთან დარჩენა მათდა სანუგეშოდ, ხოლო ჩვენი ცხოვრება ცოტათი მაინც რომ მიემსგავსოს წმიდა მეუდაბნოე დედების ცხოვრებას, გულში გადავწყვიტეთ, ვერიდოთ ჭორებს და ცუდუბრალო საუბრებს, უფრო ხშირად ვიმყოფებოდეთ შინ და ვუვლიდეთ ოჯახს“.
წმიდა მაკარიმ წარმოთქვა: „ჭეშმარიტად ღმერთი მას კი არ უცქერს, ქალწულია ვინმე თუ შეუღლებული, ბერია თუ ერი, არამედ ეძიებს მხოლოდ გულით კეთილი საქმის მიმდევარს და შეიწყნარებს, მოხედავს მას და მოუვლენს სული წმიდას, რომელიც ამოქმედებს და მართავს ცხოვრებას თითოეული კაცისა, რომელსაც კი უნდა ცხოვნება“.
ეს მაგალითი ცხადად გვიჩვენებს, რომ ცხონება ყოველი ქრისტიანისათვის არის შესაძლებელი, ბერი იქნება ის თუ ერისკაცი, შეუღლებული თუ ქალწული, ვინაიდან „რომელმან პოოს ცოლი კეთილი, უპოვნიეს მადლი, ხოლო მიუღებიეს სიწყნარე უფლისა მიერ“ (იგავ. 18,22). „ბედნიერია კარგი ცოლის ქმარი და რიცხვი მისი დღეებისა გაორმაგდება. ერთგული ცოლი ახარებს თავის ქმარს და მის წლებს სიმშვიდით აღავსებს. კარგი ცოლი კარგი ხვედრია - წილად ერგებათ უფლის მოშიშებს“ (ზირაქ. 26,1-3).
მოამზადა ნათია თარაშვილმა
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ № 31-35, 2002 წ.