მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

განმარტებები

 

როგორ უნდა გავიგოთ მაცხოვრის სიტყვები იმის შესახებ, რომ კაცს მტრებად ექცევა მისი სახლეული

 

უწინარეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს გამოთქმა წმიდა წერილის ფურცლებზე პირველად წინასწარმეტყველ მიქეასთან გვხვდება: „რადგან შვილი არცხვენს მამას, ქალიშვილი თავის დედას ეურჩება, რძალი - თავის დედამთილს; კაცის მტრები არიან მისი შინაურები. მე კი უფალს შევცქერი, ვესავ ჩემი ხსნის ღმერთს, შემიწყნარებს ჩემი ღმერთი“ (მიქ. VII,6-7). წინასწარმეტყველთან საუბარია ოჯახის შიგნით არსებულ მტრობასა და გაუტანლობაზე, როცა ადამიანები ისე ეფლობიან ამქვეყნიურ ამაოებაში, რომ ღმერთი და მისი მცნებების შესრულება აბსოლუტურად ავიწყდებათ. უწინარეს ყოვლისა, ირღვევა უფლის უმთავრესი მცნება მოყვასის სიყვარულის შესახებ და როცა ადამიანს მოყვასი არ უყვარს, მაშინ ის ვერც ღმერთს შეიყვარებს. ამდენად, მაცხოვრის ეს მითითება საკმაოდ მნიშვნელოვანია.

 

თუმცა აქ მხოლოდ ამაზე გაჩერება არ შეიძლება. უფლის აღნიშნულ სიტყვებში უფრო მნიშვნელოვანი იგულისხმება, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. თავისი ამქვეყნიური მოღვაწეობის პერიოდში იესო ქრისტე ადამიანებს მოუწოდებდა, შედგომოდნენ მას, გაყოლოდნენ იმ გზას, რომელსაც ის უჩვენებდა და რაც ხსნის ერთადერთ (და არა ერთ-ერთ) საშუალებას წარმოადგენდა. უფალი მიუთითებდა, რომ თავად ის იყო გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მაცხოვრის ამქვეყნად მოღვაწეობისას ძალიან ცოტამ უსმინა ამ მოწოდებას და მცირე ნაწილი შეუდგა უფლის კვალს. ეს მაცხოვარმა კარგად უწყოდა.

 

უფალმა თავისი მაცხოვნებელი მოძღვრების საქადაგებლად თავისი უახლოესი და უერთგულესი მოწაფეები დატოვა, რომლებსაც სახარება უნდა ექადაგათ მთელ ქვეყანაზე, ეს კი საკმაოდ რთული იყო. სახარების ქადაგების სირთულე მხოლოდ დაუღალავი შრომით არ შემოიფარგლებოდა. სახარების ქადაგება ამ სოფლიდან დიდ მტრობასაც გულისხმობდა. და ეს უფრო დიდ სირთულედ წარმოდგებოდა წმიდა მოციქულების წინაშე, ვიდრე სხვა - ყოფითი სახის პრობლემები. ამქვეყნიურ ამაოებაში ჩაძირული კაცობრიობა იოლად არ მიიღებდა მაცხოვნებელ ქადაგებას, რომელიც უფალთან მისაახლებლად მიწიერ ვნებათა დატევებასა და პრინციპულად ახალი სახის ცხოვრების დაწყებას გულისხმობდა. მტრობა, რომელიც ამქვეყნისაგან ხვდებოდათ მოციქულებს, მხოლოდ მათი მცირე გუნდით არ შემოიფარგლებოდა. ქრისტეს სახარების გამავრცელებლად მაცხოვარმა ყველა ის ადამიანი მიიჩნია, რომელიც მის მცნებებს შეასრულებს და უფლისათვის სათნო ცხოვრებით იცხოვრებს. შესაბამისად, ყველა ქრისტიანი, რომელიც მაცხოვარს შეუდგება, მზად უნდა იყოს ნებისმიერი წინააღმდეგობისათვის. ეს კარგად ესმოდათ ადრინდელ ქრისტიანებს და ამიტომაც, წარმართული წყვდიადიდან გამოსულებს, არაფრად მიაჩნდათ ის დევნა, რომელიც ხშირად საკუთარი ოჯახის წევრებისა თუ უახლოესი მეგობრების მხრიდან თავს ატყდებოდათ.

 

ეს გამონათქვამი საერთო კონტექსტში უნდა იქნეს განხილული. უფალი თავის მორწმუნეებს მიუთითებს იმის შესახებ, რომ მათ ამქვეყნად მრავალი პრობლების გადალახვა მოუწევთ. ისიც კი შეიძლება მოხდეს, რომ ქრისტიანების მოწინააღმდეგეები მის ოჯახშივე აღმოჩნდნენ. ყველაფერთან ერთად, მაცხოვარი ამ შემთხვევაში (ისევე, როგორც თავისი ამქვეყნიური მოღვაწეობის უმრავლეს შემთხვევაში) თავის ქადაგებებს იუდეველთათვის გასაგებ ენაზე წარმოთქვამს. იუდეველებს სჯეროდათ, რომ გარდა ყველაფრისა, მესიის მოსვლისას, ოჯახების გაყოფაც უნდა მომხდარიყო. რაბინები ასე მოძღვრავდნენ ხალხს: „სანამ დავითის ძე მოვა, ქალიშვილი დედას აუმხედრდება, რძალი კი - დედამთილს“. „შვილს შეზიზღდება მამა, ქალიშვილი დედის, ხოლო რძალი დედამთილის წინააღმდეგ გამოვა. კაცს მტრებად ექცევა მისი შინაურები“. მაცხოვარი თითქოსდა იუდეველებს ეუბნება: „ჟამი, რომელსაც თქვენ ყოველთვის ელოდით, დამდგარია“.

 

ისტორიულად, ახლად დამდგარი ნებისმიერი დიდი პრობლემა, ადამიანებს ერთმანეთისგან ყოფს. არსებულ პრობლემაზე ზოგი დადებითად რეაგირებს და ზოგიც - უარყოფითად. როდესაც მაცხოვარი განკაცდა და თავისი მაცხოვნებელი მოძღვრება მოიტანა ამქვეყნად, ადამიანი არჩევანის წინაშე დადგა: ან უნდა მიეღო ეს მაცხონებელი მოძღვრება და უფალს გაჰყოლოდა, ან უარი უნდა ეთქვა მასზე. ასეც მოხდა. ქვეყანა ორად გაიყო: ერთნი გაჰყვნენ მას, რომელიც არის გზა, სიცოცხლე და ჭეშმარიტება, ხოლო მეორენი დარჩნენ იმ წყვდიადში, რომელსაც არაფრით ეთვისება მაცხოვნებლობა. მაცხოვარი თავის მიმდევრებს სთავაზობს ჯვარს, რომელიც, ერთი მხრივ, აუცილებელი ტვირთია ცხონებისათვის, მაგრამ მეორე მხრივ, თუკი თავად მაცხოვარს შევუდგებით და მასავით მშვიდნი და თავმდაბლები ვიქნებით, მსუბუქიც არის და ტკბილიც. თუმცაღა შორიდან ჯვარი სიკვდილის საშინელ იარაღად მოჩანს. გალილეის მაცხოვრებლებმა ძალიან კარგად იცოდნენ, რა იყო ჯვარი. იუდა გალილეველის აჯანყების ჩახშობის შემდეგ, რომაელთა ბრძანებჲთ - 2000 გალილეველი იქნა ჯვარცმული. ჯვრები, რომლებზეც აჯანყებულები გააკრეს, გზის ორივე მხარეს იყო ჩამწკრივებული. ყველა ხედავდა, რომ ჯვარი აუტანელ სიკვდილს უკავშირდებოდა. თუმცაღა ჯვარი თავად მაცხოვარმა იტვირთა და ის ხსნის ერთადერთ საშუალებად დასახა. შესაბამისად ყველა, რომელიც იესო ქრისტეს შეუდგება, მისგან ღებულობს ჯვარს, რომლის ტარებაც აუცილებელია ცათა სასუფეველში შესასვლელად. გზა, რომელზეც ამ ჯვრით მივდივართ, ვიწროა და ძნელად გასავლელი. სიძნელე კი იმაშიც მდგომარეობს, რომ ხშირად ქრისტესაკენ ახლადმოქცეულ ადმაიანს მტრებად ექცევა მისი სახლეული, მაგრამ ამისი არ უნდა შეგვეშინდეს, რადგან უფალმა თავის მიმდევრებს აუღთქვა: „აჰა ესერა მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა“ (მთ. 28,20).

 

მოამზადა სასულიერო აკადმიის კურსდამთავრებულმა
გიორგი გვასალიამ
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, №30, 2005 წ.