არასოდეს არ ცრუობს ადამიანი ისე, როგორც მამაო ჩვენოს ლოცვისას .
1. მივმართავთ რა მას სიტყვებით ,,მამაო ჩვენო" ჩვენ არასოდეს არ ვცდილობთ მის შვილობას, რადგანაც შვილს უყვარს მამა და უყვარს მამის სხვა შვილები, ხოლო ჩვენ არც მამა გვიყვარს ( ქრისტე ამბობს : ვისაც მე ვუყვარვარ ჩემს მცნებებს აღასრულებსო) და არც ადამიანები .
2. შემდეგ ვამბობთ რომელი ხარ ცათა შინაო და ისე გავა თვეები, რომ მიწიერს ვერ ცდება ჩვენი გონება და არ ფიქრობს ციურსა და მარადიულზე, მხოლოდ ხრწნადზე და წარმავალზე ვართ მიჯაჭვულნი და ამიტომაც ვიძლევით შურისაგან, ეგოიზმისაგან და მომხვეჭელობისაგან .
3. ვამბობთ : "წმინდა იყავნ სახელი შენნი" და აქაც დიდად ვცრუობთ, რადგან არასოდეს ვყოფთ წმინდას მის სახელს ჩვენში, ვინაიდან ამბა ისაია ამბობს "მხოლოდ ვნებების დამმარცხებელს შეუძლია ღმერთის სახელის წმინდად დაცვა თავის გულშიო" ჩვენ კი ვნებებთან ბრძოლაც არ დაგვიწყია .
4. ვამბობთ : "მოვედინ სუფევა შენიო ", ხოლო ჩვენ არაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მისი სუფევა ჩვენს გულში დამკვიდრდეს, ვინაიდან საზრუნავით გვაქვს ის სავსე.
5. ვამბობთ "იყავნ ნება შენი ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა" ალბათ აქ ყველაზე მეტად ვცრუობთ ადამიანები, ვინაიდან მის ნებას მოვუხმობთ, ხოლო ყოველივეს ჩვენი ნებისა და სურვილისამებრ აღვასრულებთ და როდესაც ასე ხდება და უფალი ხედავს, რომ ადამიანი მის ნებას არ გამოეძიებს, მერე თავად უფალი ბრძანებს "დაე იყოს ნებისაებრ შენისა" რაც დაღუპვის საწინდარია.
6. ვამბობთ : "პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს" და მრავალგზის გვესმის ქრისტეს სიტყვები "მე ვარ პური ცხოვრებისა, რომელიც ზეციდან გადმოვედი". ჩვენ კი რამდენჯერ ვესწრებით რა წირვას არ ვეზიარებით, ვთხოვთ უფალს ცხოვრების პურს, ის გვაძლევს ჩვენ კი ზურგს ვაქცევთ, ვითომცდა საკუთარი უღირსების განცდით, რომლის მიზეზი არა სინანულია, არამედ ურმწუნო და დაუდევარი ცხოვრება.
7. ვამბობთ : "და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა" და აქაც საშინლად ვცრუობთ და არაგულწრფელნი ვართ. ალბათ დღე არ გავა, რომ უფლის განგებამ ვინმე ისეთი არ გამოგვიგზავნოს ვინც შეეხება ჩვენს პატივმოყვარეობას, ეგოიზმს, არ გაგვაბრაზებს და ამ დროს გვავიწყდება რომ თავად ვთხოვეთ უფალს ისეთი ადამიანის გამოგზავნა, ვისაც ვაპატიებდით და ამ პატიებით ჩვენც მოვიპოვებდით ცოდვათა შენდობას, თუმცა აქაც უტიფრად ვცრუობთ.
8. ვამბობთ "და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან ". აქ არც მეტი, არც ნაკლები, ვთავხედობთ ძალიან უნამუსოდ . ვინაიდან წინა ყველა მუხლს ვარღვევთ, ვცრუობთ და ვთაღლითობთ, ღმერთი კი, რომელიც უცვალებელი სიყვარულია არ შეუძლია არ იზრუნოს ჩვენზე, თუმცა ის ყოველივეს უყურებს რა მარადისობის პერსპექტივიდან და პრიზმიდან ხშირად გვივლენს განსაცდელს ( ,,არა როგორც შურისძიებას ჩვენი უშჯულოებების გამო, არამედ საკურნებლად ჩვენი ვნებებისა და ბოროტებებისა" - წმ ისააკ ასური) და რომ არა ეს მოვლენილი განსაცდელები, ვერც განკურნებასა და სიმდაბლეს მოვიპოვებდით. ამიტომ ვცხოვრობთ რა დაუდევრად და ვარღვევთ რა ყველა მუხლს, მოვიწევთ ჩვენს თავზე განსაცდელს, ხოლო უფალი "რომელსა უნდა ყოველთა კაცთა ცხონება " ( პავლე მოციქული) ამ განსაცდელს აქცევს მიზეზად ჩვენი მარადიული ბოროტებისაგან ხსნისა. რაც არის ბოლო მუხლის თხოვნაც..
დიდებულია ღვთის განგება და გამოუკვლეველი მისი გზები ჩვენი გადარჩენის საქმეში . მიუხედავად ჩვენი ურჩობისა, სიჯიუტისა, უტიფრობისა და ცოდვილობისა, ის ყოველივეს სასიკეთოდ გარდაქმნის, რასაც შეეხება ყოველივეს ანედლებს, აკარგებს და აცოცხლებს.
საუბარს კი პავლე მოციქულის სიტყვით ( რომაელთა თავი 11) დავასრულებ:
32. რადგანაც ღმერთმა ყველანი ურჩობაში გამოამწყვდია, რათა ყველანი შეიწყალოს.
33. ეჰა, ღმერთის სიუხვის, სიბრძნისა და ცოდნის სიღრმე! რაოდენ გონებამიუწვდომელნი არიან მისი მსჯავრნი და მიუკვლეველი მისი გზანი!
34. რადგანაც ვინ შეიცნო აზრი უფლისა, ან ვინ იყო მისი მრჩეველი?
35. ანდა ვინ მისცა წინასწარ, რომ შემდეგ მიაგოს?
36. რადგანაც მისგან, მის მიერ და მის მიმართაა ყოველი. დიდება მას უკუნითი უკუნისამდე. ამინ."