მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

განმარტებები

 

საუფლო ლოცვა
„მამაო ჩვენო“

განმარტება

 

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

 

ეს ლოცვა იწოდება საუფლო ლოცვად იმიტომ, რომ თვით მაცხოვარმა ჩვენმა იესო ქრისტემ ასწავლა თავის მოწაფეებს მაშინ, როცა ამ უკანასკნელთ სთხოვეს უფალს ესწავლებინა მათთვის ლოცვა, რამეთუ არ იცოდნენ, როგორ ელოცათ. ამიტომაც ეს ლოცვა არის უმთავრესი სხვა ლოცვათა შორის. ამ ლოცვაში ჩვენ მივმართავთ მამა ღმერთს – წმ. სამების პირველ წევრს. ეს ლოცვა იყოფა შვიდ თხოვნად ანუ ვედრებად.

 

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა ლოცვის დასაწყისში ჩვენ ვთხოვთ მამა ღმერთს, რომელიც არის ჩვენი ზეციური მამა, ისმინოს ჩვენი თხოვნა-ვედრება. როცა ჩვენ ზეცას ვახსენებთ, არ ვგულისხმობთ ხილულ ცისფერ ზეცას, რომელიც დედამიწას გარს აკრავს, არამედ უხილავ, სულიერ ზეცას.

 

წმიდა იყავნ სახელი შენი – დაგვეხმარე, მოგვმადლე ძალა, რათა ვიცხოვროთ ისე მართლად და წმიდად, რომ შენი სახელი მარად წმიდად იყოს ჩვენში და არ შეიბღალოს ჩვენი უწმიდური საქმეებითა და უსჯულო ცხოვრებით.

 

მოვედინ სუფევა შენი – გაგვხადე ღირსი, რათა აქ, დედამიწაზე ვიხილოთ შენი ზეციური მეუფება თვით ჩვენს გულებში და ჩვენს ირგვლივ – ეს არის სიმართლე, სიყვარული, მშვიდობა.

 

იყავნ ნება შენი ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა – დაე ყველაფერი იყოს ისე, როგორც ეს შენ გსურს და არა ისე, როგორც ჩვენ გვსურს. დაგვეხმარე, შეგვაძლებინე, დავემორჩილოთ შენს ნებას და ისევე უსიტყვოდ აღვასრულოთ, როგორც ამას აღასრულებენ ზეცაში (სულიერ სამყაროში) დიდი სიყვარულითა და სიხარულით წმიდა ანგელოზნი, რადგან მხოლოდ შენთვისაა ცნობილი რა არის ჭეშმარიტად კარგი და სასურველი ჩვენთვის და რა ცუდი. შენ ბევრად მეტი სიკეთე გსურს ჩვენთვის, ვიდრე ჩვენ ჩვენი თავისთვის.

 

პური ჩვენი არსობისა მომეც ჩუენ დღეს – პურის ქვეშ აქ იგულისხმება არა მხოლოდ საჭმელი პური, არამედ ყოველივე ის, რაც აუცილებელია დედამიწაზე ჩვენი არსებობისათვის; ეს იქნება: საკვები, შესამოსელი, საცხოვრებელი და ყველაზე მთავარი – ყოვლადწმიდა ხორცი და პატიოსანი სისხლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელსაც წმ. ზიარების სადუმლოში ვღებულობთ, და რომლის გარეშე შეუძლებელია გადარჩენა, არ არსებობს მარადიული სიცოცხლე. უფალმა გვიანდერძა ვითხოვოთ ჩვენთვის არა სიმდიდრე, არა ფუფუნება, არამედ მხოლოდ ის რაც არსებობისათვის არის აუცილებელი და ყველაფერში მივენდოთ ღმერთს; გვახსოვდეს, რომ ის როგორც მამა, მარადის ზრუნავს და განიცდის ჩვენს გამო.

 

და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა – ისევე შეგვინდე და გვაპატიე ჩვენი ცოდვები, როგორც ჩვენ ვპატიობთ მათ, ვინც ჩვენს წინაშე სცდავს. ამ შემთხვევაში ჩვენს მიერ ჩადენილი ცოდვები ჩვენს ვალებად იწოდება და აი, რატომ: ღმერთმა მოგვცა ადამიანებს ძალა, ნიჭი და შესაძლებლობა, რათა სიკეთე ვაკეთოთ; ჩვენ კი ხშირად ღმერთისაგან სასიკეთოდ მოცემულ ნიჭსა და უნარს ბოროტებისათვის, ცოდვების ჩასადენად ვიყენებთ და ამრიგად ღვთის წინაშე „ვალში“ აღმოვჩნდებით ხოლმე. ასე რომ თუ ჩვენ თვითონ გულწრფელად არ ვპატიობთ ჩვენს „მოვალეებს“, არც ღმერთი გვაპატიებს ჩვენს მიერ ჩადენილ ცოდვებს.

 

და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა – განსაცდელი ჰქვია აქ ისეთ მდგომარეობას, როცა რაღაც ძალა გვეწევა ცოდვისაკენ, ან ვინმე გვაიძულებს ან გვაცდუნებს ცოდვის ჩასადენად, რომლის გადატანაც ჩვენ არ შეგვიძლია და რომლის წინაშეც ჩვენ უძლურნი ვართ.

 

არამედ მიხსენ ჩუენ ბოროტისაგან - ანუ გადაგვარჩინე ჩვენ ქვეყნიერებაზე არსებული ყოველგვარი ბოროტებისაგან, თვით ეშმაკისაგან, რომელიც ყოველჟამს მზად არის ჩვენს დასაღუპავად. დაგვიფარე და გადაგვარჩინე მისი მზაკვარი და ფლიდი სიცრუისაგან, რომელიც შენს წინაშე არარაობაა.

 

ჟურნალი „წყარო“ N17, 1993 წ. იანვარი