მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

განმარტებები

 

მღვდელმსახურები და მათი შესამოსელი
სამღვდელო სამოსის ფერების მნიშვნელობა

 

წმიდა მოციქულებმა ახალი აღთქმის ეკლესიაში დაადგინეს მღვდელმსახურთა სამი ხარისხი: ეპისკოპოსი, პრესვიტერი (ანუ მღვდელი) და დიაკონი. ყველა ისინი იწოდებიან მღვდელმსახურად, რადგან მღვდლობის საიდუმლოთი იღებენ სულიწმიდის მადლს ქრისტიანულ ეკლესიაში წმიდა მსახურებისათვის: აღასრულებენ ღვთისმსახურებას, ადამიანებს ქრისტიანულ რწმენასა და სათნოებებში განსწავლიან და საეკლესიო საქმეებს განაგებენ.

 

სურათზე მარცხნივ: შავი სამღვდელოება (ბერები - მათ შორის ეპისკოპოსები)
მარჯვნივ - თეთრი სამღვდელოება (ცოლოსანი მღვდლები)

 

ეპისკოპოსები ეკლესიაში უმაღლეს ხარისხს წარმოადგენენ. ისინი მადლის უმაღლეს სახეს იღებენ. ეპისკოპოსს ეწოდება აგრეთვე მღვდელმთავარი, ანუ მღვდელთა უფროსი. მას შეუძლია, აღასრულოს ყველა საიდუმლოება და საეკლესიო მსახურება. ეს იმას ნიშნავს, რომ ეპისკოპოსებს აქვთ უფლება, არა მხოლოდ აღასრულონ ჩვეულებრივი ღვთისმსახურება, არამედ ხელი დაასხან მღვდლებს, აკურთხონ მირონი, რაც მღვდელს არ შეუძლია.

 

სიწმიდის ხარისხით ყველა მღვდელმთავარი თანასწორია, მაგრამ მეტნაკლებად დამსახურებულ მღვდელმთავარს მთავარეპისკოპოსის ხარისხი ენიჭება, ხოლო მასზე აღმატებულია მიტროპოლიტი (საბერძნეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში მთავარეპისკოპოსი მიტროპოლიტზე აღმატებულია). მღვდელმთავართა კრებულს, ანუ წმიდა სინოდს, და საერთოდ, ქვეყნის ეკლესიას მეთაურობს პატრიარქი (საქართველოს ეკლესიის მეთაურს აქვს წოდება კათოლიკოს-პატრიარქისა).

 

მღვდელი, ანუ პრესვიტერი ეპისკოპოსის შემდეგ მეორე სამღვდელო ხარისხია. ეპისკოპოსის კურთხევით მას შეუძლია, აღასრულოს ყველა საიდუმლო და საეკლესიო მსახურება, გარდა იმისა, რასაც მხოლოდ მღვდელმთავარი ასრულებს, ე.ი. ხელდასხმისა და მირონის კურთხევისა.

 

ქრისტიანულ საზოგადოებას, რომელიც მღვდელს ემორჩილება, სამრევლო ეწოდება.

შედარებით ღირსეულ და დამსახურებულ მღვდლებს ენიჭებათ დეკანოზის ხარისხი, მათ შორის აღმატებულს კი - პროტოპრესვიტერისა. პროტოპრესვიტერის წოდებას საქართველოს საპატრიარქო ტაძრის წინამძღვარი ატარებს.

თუ მღვდელი ამავე დროს ბერიცაა, მაშინ მას მღვდელმონაზონი ეწოდება, მონასტრის წინამძღვარი იღუმენის ხარისხშია, ხოლო კიდევ უფრო აღმატებულია არქიმანდრიტი. მათ შორის განსაკუთრებულად გამორჩეულთ ეპისკოპოსად ირჩევენ.

 

მღვდელს და დიაკვანს შეიძლება ჰყავდეთ მეუღლე, მაგრამ სასულიერო ხარისხში ქორწინების უფლება არ აქვთ.

 

დიაკონი მესამე, ყველაზე დაბალი სამღვდელო ხარისხია. იგი წარმოდგება ბერძნული სიტყვიდან და ნიშნავს „მსახურს“. დიაკონი ემსახურება ეპისკოპოსს ან მღვდელს ღვთისმსახურების დროს და საიდუმლოთა აღსრულებისას, მაგრამ თვითონ მათი აღსრულება არ შეუძლია.

 

დიაკვნის მონაწილეობა ღვთისმსახურებაში აუცილებელი არაა, ამიტომ ბევრ ტაძარში წირვა-ლოცვა მათ გარეშე აღესრულება. ზოგიერთი დიაკონი იღებს პროტოდიაკვნის, ანუ პირველდიაკვნის ხარისხს. თუ პროტოდიაკონი ბერად აღიკვეცა, მაშინ მას არქიდიაკონს უწოდებენ. დიაკვნად ნაკურთხი ბერი ბერდიაკვნად იწოდება, მთავარი ბერდიაკონი კი - მთავარდიაკვნად.

 

ამ სამი სამღვდელო ხარისხის გარდა ეკლესიაში არსებობს აგრეთვე უფრო დაბალი სამსახურო ხარისხები: იპოდიაკონი, მედავითნე და მნათე. ისინი ეკლესიის მსახურთა რიცხვს მიეკუთვნებიან, მაგრამ საიდუმლოს არ აღასრულებენ.

 

მედავითნეს აქვს მოვალეობა ფსალმუნთა კითხვისა, როგორც ტაძრის კლიროსში ღვთისმსახურების დროს, ასევე მღვდლის მიერ სხვადასხვა მსახურების აღსრულებისას.

 

მნათე მორწმუნეებს ღვთისმსახურებაზე მოუწოდებს ზარების რეკვით, ტაძარში ანთებს სანთლებსა და კანდელებს, ეხმარება მედავითნეებს კითხვის დროს და ა.შ.

 

იპოდიაკონი მხოლოდ სამღვდელმთავრო მსახურებაში მონაწილებს. ისინი შემოსავენ ეპისკოპოსს სამღვდელმთავრო შესამოსელით, უკავიათ სასანთლეები (სამსანთელი და ორსანთელი) და აწვდიან მათ მღვდელმთავარს მორწმუნეთა კურთხევისათვის და სხვა.

 

ღვთისმსახურების აღსასრულებლად მღვდელმსახურნი იმოსებიან განსაკუთრებული სამღვდელო შესამოსელით. სამღვდელო შესამოსელი მზადდება აბრეშუმის ან რაიმე სხვა შესაფერისი ქსოვილისაგან და ჯვრებით იმკობა.

 

დიაკვნის სამოსი: გინგილა, სამაჯურები და სტიქარი

 

სტიქარი არის გრძელი სამოსი, რომელსაც განიერი სახელოები აქვს. იგი აცვია იპოდიაკონსაც; მისი ტარების უფლება აქვს მედავითნესაც და ტაძარში მომსახურე ერისკაცსაც. სტიქარი განასახიერებს სულის სიწმიდეს, რომელიც წმიდა ხარისხში მყოფ ადამიანს უნდა ჰქონდეს.

 

გინგილა არის გრძელი ფართო ზოლი იმავე ქსოვილისაგან, რომლითაც სტიქარია დამზადებული. მას ატარებს დიაკონი მარცხენა მხარზე, სტიქარის ზემოდან. გინგილა განასახიერებს ღვთაებრივ მადლს, რომელიც დიაკონმა კურთხევის საიდუმლოთი მიიღო.

 

საბუხრეები ჰქვია ვიწრო სამკლაურებს, რომელიც თასმებით იკვრება. იგი შეახსენებს მღვდელმსახურებს, რომ ისინი ქრისტეს საიდუმლოთა აღსრულების ანდა მასში მონაწილეობის ჟამს ამას საკუთარი ძალით როდი აკეთებენ, არამედ ღვთის ძალითა და მადლით. საბუხრეები აღნიშნავს აგრეთვე იმ ბორკილებს (თოკებს), რომელიც მაცხოვარს ვნების დროს ხელზე ჰქონდა.

 

 

მღვდლის შესამოსელი (მიმდევრობით სურათზე): ჯვარი;
ფილონი; ოლარი; კვართი;
საგვერდული; სარტყელი და საბუხრეები; ენქერი

 

მღვდლის შესამოსელი ხუთი ნაწილისაგან შედგება, რაც სიმბოლურად გამოხატავს სამყაროს ოთხ მხარეს, რომელთაც ჰყავს ერთი განმგებელი- ქრისტე. შესამოსელი შემდეგი დეტალებისგან შედგება: კვართი; ოლარი; სარტყელი; სამაჯურები; ფილონი; ჯვარი; საგვერდული; საბუხრეები; ენქერი.

 

კვართი არის გარკვეულად შეცვლილი სახის სტიქარი. იგი სტიქარისაგან იმით განსხვავდება, რომ თხელი, ღია ქსოვილისაგან მზადდება და თასმებით დაბოლოებული ვიწრო სახელოები აქვს. კვართის ღია ფერი მღვდელს შეახსენებს, რომ მას მუდამ წმიდა სული უნდა ჰქონდეს და უმწიკვლოდ ცხოვრობდეს. გარდა ამისა, იგი გვახსენებს იმ კვართსაც, რომლითაც დადიოდა მიწაზე თვით უფალი ჩვენი იესო ქრისტე და რომლითაც მან ჩვენი ცხონების საქმე აღასრულა.

 

მღვდლის ოლარი , ბერძნულად იგივეა რაც ეპიტრაქილიონი. დიაკვნის გინგილისაგან იმით განსხვავდება, რომ ორმაგადაა მოკეცილი, კისერზე შემოხვეული და წინიდან ორი ბოლოთი ეშვება ქვემოთ, რომლებიც ერთმანეთთან მიკერებული ან რაიმეთი დამაგრებულია. მღვდლის ოლარი დიაკვნისაზე ორმაგად აღმატებულ მადლს აღნიშნავს, რომელიც მღვდელს საიდუმლოთა აღსრულებისათვის ეძლევა. ოლარის გარეშე მღვდელს, ისევე როგორც დიაკონს, არანაირი მსახურების აღსრულება არ შეუძლია.

 

"კურთხეულ არს ღმერთი, რომელმან მოსცა მადლი ესე მღდელთა მისთა, ვითარცა ნელსაცხებელი თავსა ზედა, გარდამომავალი წვერთა ზედა, წვერთა ზედა აარონისთა, რომელი გარდამოვიდოდა სამხართა ზედა სამოსლისა მისისათა."- ამ ლოცვას უკითხავს მღვდელს დიაკონი ოლარის შემოსვისას. მის გარეშე მღვდელს მსახურების ჩატარების უფლება არ აქვს.

 

ოლარს თითოეულ მხარეს აქვს სამ-სამი ერთნაერი ჯვარი, რაც განასახიერებს იმ ექვს საიდუმლოს, რომელსაც აღასრულებს მღვდელი - ნათლსღება, მირონცხება, აღსარება, ზიარება, ზეთისკურთხევა, ჯვრისწერა.

 

ეპიტრაქელიონი არის სახე მოსასხამისა, რომელიც კისერზე შემოახვიეს ქრისტეს და რომლითაც საწამებლად მიმავალ უფალს წინ ეწეოდა მღვდელთმთავარი. ეპიტრაქელიონის მარჯვენა მხარე ის ლერწამია, რომელიც მოკიცხარებმა მარჯვენა ხელში ჩაუდეს ქრისტეს. მარცხენა მხარე გულისხმობს ბეჭებით ჯვრის ტვირთვას,” - წერს წმ.გერმანე კონსტანტინოპოლელი.

 

სარტყელი სიმბოლური გამოხატულებაა, სამღვდელო ხარისხის უბიწოებისა. კვართის ზემოდან კეთდება და აღნიშნავს ღვთისათვის მსახურების მზადყოფნას. იგი აღნიშნავს აგრეთვე ღვთაებრივ ძალას, რომელიც განამტკიცებს მღვდელმსახურს თავისი მსახურების აღსასრულებლად. ამავე დროს, სარტყელი იმ ტილოსაც აღნიშნავს, რომელიც მაცხოვარმა შემოირტყა, როდესაც თავის მოწაფეებს საიდუმლო სერობის ჟამს ფეხები დაბანა.

 

შემოსვისას იკითხება შემდეგი ლოცვა: "კურთხეულ არს ღმერთი, რომელმან გარე შემარტყა მე ძალი, და დასდვა უბიწოდ გზაი ჩემი, განამტკიცნა ფერხნი ჩემნი ვითარცა ირემთანი, და მაღალთა ზედა დამადგინა მე."

 

 

ფილონი სიმბოლურად აღნიშნავს სამოსელს, რომელიც იესოს ეცვა ჯვარცმის დროს. მღვდელი მას სხვა სამოსელის ზემოდან იცვამს ლოცვის წარმოთქმის შემდეგ: "მღვდელთა შენთა, უფალო, შეიმოსონ სიმართლე, და წმიდანი შენნი სიხარულით იხარებდენ ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ."

 

ეს არის გრძელი, ფართო, უსახელო სამოსი, რომელიც ხელების თავისუფალი მოძრაობისთვის წინ ღრმადაა ამოჭრილი. თავისი გარეგნული სახით იგი მოგვაგონებს იმ სუდარას, რომელშიც ვნებების შემდეგ მაცხოვარი გაახვიეს. ფილონზე დაკერებული თასმები მოგვაგონებს იმ სისხლის ღვარებს, რომელიც მის სხეულზე ჩამოდიოდა. ამასთან ერთად, ფილონი მღვდლებს შეახსენებს სიმართლის იმ შემოსამოსელს, რომლითაც ისინი უნდა იყვნენ შემოსილნი, როგორც ქრისტეს მსახურნი.

 

ღვთისმსახურების დროს მღვდელი ხელების მაღლა აწევ-დაწევით ფრთების მსგავსად აღნიშნავს ანგელოზურ ხარისხს, ხოლო შესრულებული მოქმედება უჩვენებს ღვთისმსახურების ძალას, რომლის საშუალებითაც ღვთისმსახური ასრულებს საიდუმლოს. ფილონის გარეშე მღვდელი შედარებით ნაკლებ საზეიმო მსახურებას ასრულებს, მაგალითად: მცირე მწუხრი, სერობა ღამისთევით, შუაღამის მსახურება, ჟამნი, როცა სახარება არ იკითხება, ხოლო საზეიმო მსახურების დროს მღვდელი აუცილებლად ფილონით იმოსება.

 

ბერძნული ფილონი რუსულისგან იმით განსხვავდება, რომ გრძელია და უკანა საყელო არ აქვს. რუსულ ფილონს, როგორც ისტორიკოსები ამბობენ, დიდი ალბათობით, საყელო ცივი კლიმატის გამო აქვს, რომელშიც მღვდელმსახურს მსახურების აღსრულება უწევდა.

 

ფილონის ზემოდან მღვდელს მკერდზე ჰკიდია ჯვარი.

 

გულმკერდის ჯვარი რუსეთის ეკლესიაში XVIII საუკუნის ბოლოს იმპერატორ პავლე I-ის ბრძანებულებით შევიდა. ყველაზე ხშირად ისინი მზადდება ვერცხლისა და ოქროსაგან.

 

მღვდელი ასევე ატარებს საბუხრეებს, რასაც იგივე დატვირთვა და სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, როგორიც დიაკვნის შემთხვევაში.

 

გულმოდგინე, ხანგრძლივი მსახურებისათვის მღვდელს ჯილდოდ ეძლევა საგვერდული, რომელიც თასმაზეა მიკერებული და მხარზე გადმოტარებით მარჯვენა თეძოზე იკიდება. იგი სულიერ მახვილს აღნიშნავს, ისევე, როგორც კუნკული და ბარტყული.

 

ასევე, ჯილდოს სახით ეძლევა მღვდელს კუნკულ- ბარტყულის ტარების უფლება. ესაა შავი ან იისფერი, ზედა ნაწილში გაფართოებული ცილინდრის ფორმის თავსაბურავი.

 

იისფერი კუნკულ–ბარტყულით აჯილდოვებენ თეთრი სამღვდელოების წარმომადგენლებს. შავ კუნკულ–ბარტყულს ატარებს მორჩილი და იგი ასევე წარმოადგენს იეროდიაკონისა და არქიდიაკონის თავსაბურავს.

 

საეკლესიო ტიპიკონის მიხედვით, მღვდელმსახურებს შეუძლიათ ატარონ კუნკული ღვთიმსახურების შესრულების გარკვეულ პერიოდში. სიმბოლურად, კუნკულ–ბარტყული გამოხატავს უფლის ეკლიან გვირგვინსა და სხეულის მოკვდინებას.

 


სურათზე გამოსახულია (მიმდევრობით):
სამსანთელი (ტრიკირი); ჯვარი; მიტრა; პანაღია; ორსანთელი (დიკირი);
რიპიდები; საბუხრეები; ბისონი, ომოფორი და კვართი; კვერთხი; ენქერი;
მანტია; არწივი; ომოფორი

 

ეპისკოპოსი იმოსება მღვდლის ყველა შესამოსლით: კვართით, ოლარით, სარტყელით, საბუხრეებით, ფილონის ნაცვლად კი აცვია ბისონი, საგვერდულის ნაცვლად კი უკეთია ენქერი; გარდა ამისა, მღვდელმთავარს აქვს ომოფორი და მიტრა.

 

ბისონი არის ეპისკოპოსის ზედა სამოსი, რომელიც ქვემოდან და სახელოებიდან დამოკლებულ დაიკვნის სტიქარს ჰგავს, ასე რომ, მის ქვეშ მოჩანს კვართიც და ოლარიც. ბისონი მაცხოვრის სუდარას გამოხატავს.

 

ენქერი ოთხკუთხედი, რომბის ფორმის ქსოვილია, რომელიც ერთი კუთხიდანაა დამაგრებული და ბოლოვდება ორმაგი თასმით. ეპისკოპოსს სამოსის ზემოდან აცვია მარჯვენა გვერდზე. ღვაწლმოსილი და გულმოდგინე მსახურებისათვის ენქერის ტარების უფლებით მმართველი მღვდელმთავრისაგან ჯილდოვდებიან აგრეთვე დამსახურებული მღვდლები, რომლებიც მას მარჯვენა მხარეს ატარებენ. ასეთ შემთხვევაში საგვერდული მარცხენა მხარეს კეთდება. არქიმანდრიტისათვის, ისევე, როგორც მღვდელმთავრისათვის, ენქერი სამოსის აუცილებელი ნაწილია. ენქერი, ისევე, როგორც საგვერდული, აღმნიშვნელია სულიერი მახვილის, ანუ ღვთის სიტყვისა, რომლითაც შეიარაღებულნი უნდა იყვნენ სასულიერო პირები ურწმუნოებასა და უწმინდურებასთან საბრძოლველად.

 

შემოსვისას, იკითხება შემდეგი ლოცვა: "შეიბ მახვილი შენი წელთა შენთა, ძლიერო, შუენიერებითა შენითა, და სიკეთითა შენითა, და გარდააცუ და წარემართე, და სუფევდი, ჭეშმარიტებისათვის, და სიმშვიდისა, და სიმართლისა, და გიძღოდეს შენ საკვირველად მარჯვენე შენი ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ."

 

გარდა სიმბოლური დატვირთვისა, მას აქვს აგრეთვე, წმიდა პრაქტიკული დანიშნულება და სასულიერო პირმა, შესაძლებელია გამოიყენოს იგი, დაჩოქვისას, მუხლების დასადებად.

 

"სარტყელზე ჩამოკიდული ენქერი ქრისტეს ხელსაწმენდს ნიშნავს. სარტყელზე ენქერის ქონა მოასწავებს, აგრეთვე, პილატეს, რომელმაც ხელები შეიმშრალა მასზე და ეს თქვა: „უდანაშაულო ვარ“ (მათე XXVII.24)." – წერს წმ.გერმანე კონსტანტინოპოლელი.

 

ეპისკოპოსი ბისონის ზემოდან მხრებზე ატარებს ომოფორს; ეს არის გრძელი, ფართო თასმებიანი შესამოსელი, რომელიც ჯვრებითაა დამშვენებული. იგი მხრებზე უკეთდება მღვდელმთავარს ისე, რომ ყელზე ეხვევა, ერთი ბოლო წინ ჩამოეშვება, მეორე კი - უკან. ომოფორი ბერძნული სიტყვაა და „სამხრეს“ ნიშნავს. მას მხოლოდ მღვდელმთავარი ატარებს. მის გარეშე ეპისკოპოსი, ისევე, როგორც მღვდელი ოლარის გარეშე, მსახურებას ვერ აღასრულებს. ომოფორი ეპისკოპოსს ახსნებს, რომ იგი უნდა ზრუნავდეს გზააბნეული სამწყსოს ცხონებისათვის, სახარებისეული მწყემსი კეთილის მსგავსად, რომელიც მოძებნის რა დაკარგულ ცხოვარს, საკუთარი მხრებით მიჰყავს იგი სახლში.

 

მკერდზე, ბისონის ზემოდან, ჯვრის გარდა, ეპისკოპოსს აქვს აგრეთვე პანაღია, რაც „ყოვლადწმიდას“ ნიშნავს. ეს არის პატარა მრგვალი ხატი მაცხოვრის ანდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა, ფერადი ქვებით შემკული.

 

ეპისკოპოსს თავზე აფარია მიტრა, რომელიც შემკულია პატარა ხატებითა და ფერადი ქვებით. მიტრა აღნიშნავს ეკლის გვირგვინს, რომელიც ვნებულ მაცხოვარს დაადგეს თავზე. მიტრა აქვს აგრეთვე არქიმანდრიტსაც. მღვდელი ხანგრძლივი და ერთგული ღვაწლისთვის მღვდელმთავარმა შეიძლება დააჯილდოვოს მიტრის ტარების უფლებით.

 

ეპისკოპოსს აქვს აგრეთვე კვერთხი, როგორც უმაღლესი სამწყემსო მსახურების ნიშანი.

 

ღვთისმსახურების დროს ეპისკოპოსს ფეხქვეშ უფენენ არწივებს. ეს არის პატარა მრგვალი ხალიჩა ზედ გამოსახული არწივით, რომელიც ქალაქს დაჰყურებს. არწივი აღნიშნავს, რომ ეპისკოპოსი, არწივის მსგავსად, მიწიერიდან ზეციურისაკენ უნდა ისწრაფოდეს.

 

 

სამღვდელო სამოსის ფერების მნიშვნელობა

 

ლიტურგიული ლიტერატურა არ შეიცავს განმარტებებს მსახურებაში გამოყენებული ფერების სიმბოლიკის შესახებ და იკონოგრაფიული ორიგინალები მხოლოდ მიუთითებს იმაზე, თუ რა ფერი უნდა იყოს გამოყენებული კონკრეტული წმინდანის სამოსის მოხატვისას, მაგრამ არ განმარტავს რატომ. მსახურების ტიპიკონში არაფერია ნათქვამი ფერების შეხამებაზე. ეს ერთგვარი ტრადიციაა, რომელიც არ არის დოგმატური სიძლიერის.

 

ფერების სიმბოლიკა შეიძლება განისაზღვროს ძველი და ახალი აღთქმის მრავალი მითითების, იოანე დამასკელის განმარტების, ფსევდო-დიონისე არეოპაგელის ნაშრომების, აგრეთვე მსოფლიო და ადგილობრივი კრებების აქტების საფუძველზე.

 

რუსულ ეკლესიაში დამკვიდრებული კანონი ლიტურგიკული შესამოსელის ფერებისა შედგება თეთრისაგან (სიმბოლოა ღვთაებრივი შეუქმნელი შუქისა) და მზის სინათლის სპექტრის შვიდი ძირითადი ფერისაგან, რომელთაგანაც შედგება თეთრი ფერი (იოანე ღვთისმეტყველის სიტყვების თანახმად - "ტახტზე იყო მჯდომარე... და ცისარტყელა იყო ტახტის ირგვლივ" (გამოცხ. 4,3-ის სინათლე). და ასევე შავი ფერისგან (სიმბოლურად განასახიერებს სინათლის არარსებობას, სიკვდილს, გლოვას, ან პირიქით, ამქვეყნიური ამაოებაზე უარის თქმას).

 

 

თეთრი

 

 

ლიტურგიკული შესამოსლის თეთრი ფერი თაბორის სინათლის, ღვთაებრივი სიკაშკაშის, სულიერი სიწმინდისა და უბიწოების სიმბოლოა. მსახურებაში გამოიყენება იესო ქრისტეს ცხოვრებისადმი მიძღვნილ დღესასწაულებზე: ქრისტეს შობის, ნათლისღების, ხარების და უსხეულო ზეციური ძალების დღესასწაულებზე.

 

ეს ფერი განასახიერებს შეუქმნელ ღვთაებრივ შუქს, რომელიც შემოდის სამყაროში და განწმენდს ღვთის ქმნილებას, გარდაქმნის მას. ამიტომაც უფლის ფერისცვალებისა და ამაღლების დღესასწაულებზე თეთრი სამოსით მსახურობენ.

 

თეთრი სამოსი გამოიყენება ნათლობისა და ქორწინების საიდუმლოების აღსრულების დროს. მიცვალებულისათვის წესის აგების დროს. აგრეთვე ხელდასხმის დროს. ახლად ხელდასხმულიც ასევე თეთრ სამოსშია შემოსილი.

 

თეთრ ფერს ეკლესია იღებს მიცვალებულთა ხსენების დღეებში, რადგან გამოხატავს სამგლოვიარო ლოცვების მნიშვნელობას და შინაარსს, სადაც განსვენებას ითხოვენ წმინდანებთან მიწიერი ცხოვრებიდან წასულთათვის, მართალთა საცხოვრებლებში, გამოცხადების თანახმად, ცათა სასუფეველში ღვთიური სინათლის თეთრი სამოსით შემოსილი.

 

აღდგომის სადღესასწაულო მსახურება ასევე იწყება თეთრი სამოსით, ეს ნიშნავს ღვთაებრივ შუქს, რომელიც ანათებდა აღდგომის საფლავიდან.

 

 

ოქროსფერი (ყვითელი)

 

 

ოქროსფერი (ყვითელი) სამეფო ფერი - გამოხატავს ფერთა სიდიადეს, სულიერ დიდებას და ღირსებას. გამოიყენება საკვირაო მსახურების (თუ არ არის მარხვა ან განსაკუთრებული დღესასწაულები), წინასწარმეტყველთა, მოციქულთა, წმინდანთა, მოციქულთა სწორთა, ეკლესიის სხვა წმიდების, აგრეთვე ერთგული მეფეებისა და მთავრების ხსენების დღეებში, ლაზარეს შაბათს (ზოგჯერ ისინი ასევე მსახურობენ თეთრებში).

 

ეს ფერი პირდაპირ კავშირშია ქრისტესთან, როგორც დიდების მეფისა და მარადიული მღვდელმთავარისა

 

 

წითელი

 

 

წითელი - სულიერი აღტაცების ფერი, უფლის ცეცხლოვანი და მსხვერპლშეწირული სიყვარული ადამიანის მიმართ. ქრისტესადმი რწმენისთვის დაღვრილი სისხლი იყო უფლისადმი მათი მხურვალე სიყვარულის დასტური. ზოგადად, წითელი ფერი საეკლესიო სიმბოლიკაში არის ღმერთისა და ადამიანის უსაზღვრო ურთიერთსიყვარულის ფერი. ეს არის სისხლის ფერი, რის გამოც საეკლესიო მსახურება მოწამეების პატივსაცემად და წინასწარმეტყველ იოანე ნათლისმცემლის თავის მოკვეთის დღეს ტარდება წითელ სამოსში. აგრეთვე დიდ ხუთშაბათს და აღდგომას.

 

აღდგომის ლიტურგია და შემდეგ მთელი ნათელი კვირის მსახურება წითელ სამოსში აღევლინება, რაც ნიშნავს ადამიანთა მოდგმისადმი ღვთის გამოუთქმელი ცეცხლოვანი სიყვარულის ტრიუმფს, რომელიც გამოვლინდა ღვთის ძის მიერ ადამიანური ბუნების გამოსყიდვით.

 

 

ლურჯი (ღია ლურჯი) ფერი

 

 

ღია ცისფერი (ლურჯი) ფერი აღნიშნავს უმაღლეს სიწმინდესა და უმანკოებას, ტრადიციულად ასოცირდება ქალწულ მარიამთან და ცათა სამეფოსთან. ეს არის ცის ფერი, ამიტომ ცისფერ სამოსს ჩვეულებრივ ატარებენ დღესასწაულებზე, რომლებიც ეძღვნება ღვთისმშობლის ცხოვრებაში მომხდარ მოვლენებს: ხარება, კვართის გადმოსვენება, მიძინება, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობა და ტაძრად მიყვანება. აგრეთვე ღვთისმშობლის ხატების ხსენების დღეებში.

 

ცისფერი ასევე არის მაღალი ენერგიის ფერი, რომელიც შეესაბამება სულიწმიდის ძალისა და მისი მოქმედების იდეას.

 

მიტროპოლიტთა სამოსი ლურჯის სხვადასხვა ფერებშია, მათ შორის მუქი ლურჯი.

 

 

მწვანე ფერი

 

 

მწვანე მარადიული სიცოცხლის ფერი. იგი მიღებულ იქნა წმინდანთა ხსენების დღეებში და მოწმობს იმაზე, რომ მათი მონაზვნური ღვაწლი აცოცხლებს ადამიანს მაცხოვართან შეერთებით და ამაღლებს მას ცათა სასუფეველში. ეს ფერი გვხვდება წმინდანთა, ასკეტების, წმიდა სალოსების ხსენების დღეებში, უფლის იერუსალიმში შესვლის დღესასწაულზე, სამების დღესა და სულიწმიდის დღეს.

 

მწვანე ფერი განადიდებს სულიწმიდის მოქმედებას, ამიტომ სამების დღესასწაულებზე და სულიწმიდის დღესასწაულზე შეგვიძლია ვიხილოთ მღვდლები მწვანე სამოსში.

 

აღსანიშნავია, რომ მწვანე ფერი წარმოიქმნება ყვითელი და ლურჯი (ღია ლურჯი) ფერების კომბინაციით, რომლებიც განასახიერებენ ჩვენს უფალ იესო ქრისტეს და სულიწმიდას.

 

 

იასამნისფერი

 

 

იისფერი ან მუქი წითელი ფერი გამოიყენება მარხვის დროს ჯვრის თაყვანისცემის კვირაში; უფლის მაცოცხლებელი ჯვრის საპატიო მსვლელობისას, ჯვრის ამაღლებაზე, იოანე ნათლისმცემლის თავის მოკვეთის დღეს.

 

იისფერი აერთიანებს ქრისტეს სისხლისა და მისი აღდგომის ფერს ლურჯთან, რაც სიმბოლოა, რომ მაცხოვრის მსხვერპლშეწირვამ გზა გაგვიხსნა ცათა სასუფევლისკენ. ეს ასევე ნიშნავს სულის სიძლიერეს. თუ მზის სინათლის სპექტრი წარმოდგენილია წრეში ისე, რომ მისი ბოლოები ერთმანეთთან არის დაკავშირებული, გამოდის, რომ იისფერი არის სპექტრის ორი საპირისპირო ბოლო - წითელი და ლურჯი. საღებავებში იასამნისფერი წარმოიქმნება ამ ორი საპირისპირო ფერის შერწყმით. ამრიგად, იისფერი ფერი აერთიანებს სინათლის სპექტრის დასაწყისს და დასასრულს.

 

უფალმა იესო ქრისტემ თავის შესახებ თქვა: „მე ვარ ალფა და ომეგა, დასაწყისი და დასასრული, პირველი და უკანასკნელი“ (გამოცხ. 22:13).

 

ეს ფერი ასოცირდება ჯვრის მოგონებებთან და ამიტომ არის დადგენილი დიდმარხვის მსახურებაზე, სადაც იხსენებენ უფალი იესო ქრისტეს ტანჯვასა და ჯვარცმას ადამიანების გადარჩენისთვის.

 

იისფერი ფერი ასევე გამოხატავს აზრს, რომ ჯვარზე სიკვდილით ქრისტემ დაამარცხა სიკვდილი, რადგან სპექტრის ორი ექსტრემალური ფერის კომბინაცია არ ტოვებს ადგილს დახურულ წრეში სიბნელისთვის, როგორც სიკვდილის სიმბოლოს.

 

იასამნისფერი არის ეპისკოპოსთა და მთავარეპისკოპოსთა სამოსის ფერი, ასევე სკუფია და კამილავკა (მღვდლების თავსაბურავი). ეს ფერი განასახიერებს ზეციური ეპისკოპოსის ჯვრის ტარებას, რომლის გამოსახულებაც არის ეპისკოპოსი ეკლესიაში.

 

 

შავი

 

 

შავი მარხვისა და მონანიების ფერია. ზოგჯერ ამ ფერს იასამნისფერთან ერთად მარხვის დროსაც იყენებენ.