მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

ვლადიმერ ლოსკი
სარწმუნოების სიმბოლოს განმარტება
XI და XII მუხლები

 

მოველი აღდგომასა მკუდრეთით. და ცხოვრებასა მერმისა მის საუკუნესასა, ამინ.


ჩვენ უკვე ვილაპარაკეთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქრისტიანულ მოძღვრებაში ესქატოლოგიას - ქვეყნიერების „დასასრულის“ მოლოდინს. ამის დავიწყება იქნებოდა შეგნებული დამახინჯება იმის შინაარსისა, რაც ახალი აღთქმით გვეხარა; ეს იქნებოდა გამოცხადების დაყვანა რაღაც კონფორმისტულ ეთიკაზე. ელინური ფილოსოფიისთვის, მისთვის დამახასიათებელი დროის ციკლური გაგების გამო, მკვდრების აღდგომა რაღაც უაზრობას წარმოადგენდა, ხოლო ქრისტიანული მოძღვრება, რომელმაც ბიბლიიდან დროის ხაზობრიობა შეიცნო, სწორედ მკვდრების აღდგომაში ხედავს ისტორიის გამართლებას. თუ ჩვენ ყურადღებით განვიხილავთ სულის უკვდავების პლატონისეულ იდეას, დავრწმუნდებით, რომ იგი ძალიან შორს დგას ქრისტიანული დოგმისგან ადამიანის ცხოვრებაზე „მერმისა მის საუკუნესასა“.


სარწმუნოების სიმბოლოში გამოყენებულია უაღრესად დამახასიათებელი გამოთქმა: „მოველი აღდგომასა მკვდრეთით“. ბერძნულად იგი გადმოცემულია ზმნით, რომელსაც ორმაგი მნიშვნელობა აქვს. ერთი მხრივ, ის გადმოგვცემს მორწმუნეთა სუბიექტურ მოლოდინს, რომლის გამოძახილიც ჩაგვესმის აპოკალიფსის ბოლოს („ჰო, მოდი, უფალო იესო!“ - 22:20); მეორე მხრივ, ეს ზმნა აღნიშნავს სამყაროსთვის ობიექტურ ფაქტს: მკვდრების აღდგომა აუცილებლად მოხდება. მკვდრეთით აღდგომა არ არის, უბრალოდ, ღვთისმოსავ სულთა იმედი, ეს არის უეჭველი რეალობა, რომელიც განაპირობებს ქრისტიანთა რწმენას. მკვდრეთით აღდგომის რწმენა უცნაურად და მიუღებლად ეჩვენებოდათ წარმართებს (საქმე 17:32), ებრაელთა უმრავლესობისთვის კი იგი სავსებით ბუნებრივი იყო (იოან. 11:24). ეს რწმენა მოცემული არის ძველ აღთქმაში (იხ., მაგალითად, ეზეკიელ წინასწარმეტყველის წიგნში 37:1-14). ქრისტიანულ რწმენაში ახალი ის იყო, რომ მკვდრეთით აღდგომა იესოს მაცხონებელ საქმეს დაუკავშირდა: უფალი მართას ეუბნება: „მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე. ვისაც სწამს ჩემი, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს. და ყველა, ვინც ცოცხლობს ჩემში და ვისაც სწამს ჩემი, არ მოკვდება უკუნისამდე“ (იოან. 11:25-26). ამიტომ მისწერა მოციქულმა პავლემ თესალონიკელებს: „არ გვნებავს, ძმანო, რომ არა იცოდეთ რა განსვენებულთა, რათა არ სწუხდეთ დანარჩენთა მსგავსად, რომელთაც არა აქვთ სასოება“ (1 თეს. 4:13). ქრისტიანობა ჭეშმარიტად სიხარულის რელიგიაა. ამიტომ, ქრისტიან მოწამეთა სიმტკიცეს საერთო არაფერი აქვს ანტიკურ ბრძენთა სიმშვიდესთან, რომელსაც ისინი გარდაუვალი სიკვდილის წინაშე ამჟღავნებდნენ. რაოდენ იმედიანია წმიდა მოწამე პოლიკარპეს ლოცვა კოცონზე: „უფალო ღმერთო, ყოვლისშემძლეო, მამაო იესო ქრისტესო, შენი საყვარელი და კურთხეული ძისაო, რომლითაც ჩვენ შენ შეგიცანით; ღმერთო ანგელოზთა და ძალთაო, ღმერთო ყველაფერ ქმნილისაო და მართალთა მთელი ოჯახისაო, რომლებიც შენს სიახლოვეს ცხოვრობენ; გაკურთხებ შენ, რადგან ღირსმყავი ამ დღესა და საათს შევუერთდე შენს მოწამეებს და შევსვა შენი ქრისტეს სასმისიდან, რათა აღვდგე სულისა და ხორცის მარადიულ ცხოვრებაში, სულიწმიდის უხრწნელებაში“.


ნიკეა-კონსტანტინოპოლის სარწმუნოების სიმბოლო ლაპარაკობს მკვდრეთით აღდგომაზე, ძველი რომაული Credo კი ამ მოვლენის პირდაპირი მნიშვნელობის ხაზგასასმელად ლაპარაკობს „ხორცის აღდგომაზე“. მიუხედავად ამისა, ამ კონტექსტში „ხორცი“ უნდა გავიგოთ როგორც „პიროვნება“, რადგან ჩვენ ვიცით, რომ „ხორცი და სისხლი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს“ (1კორ. 15:50). მკვდართა აღდგომა მარადიულ ცხოვრებაში გულისხმობს ცვლილებას (იხ. იქვე 15:51-54), „ხრწნადმა უნდა შეიმოსოს უხრწნელება“ (იქვე 15:53). მოციქული პავლე, იმის შესახებ მსჯელობისას, თუ როგორ მოხდება აღდგომა, გარკვევით ამბობს: „ითესება სხეული მშვინვიერი, აღდგება სხეული სულიერი“ (იქვე 15:44). დამარხული სხეული და მკვდრეთით აღმდგარი სხეული, უეჭველია, ერთი და იგივე სუბიექტია, მაგრამ მათი არსებობის მოდუსი არის განსხვავებული. ამაში გასარკვევად აუცილებელია, გავიხსენოთ, რას ნიშნავს მოციქულ პავლესთვის კატეგორია „სულიერი“, რომელიც დაკავშირებულია კატეგორიასთან „ღვთაებრივი“. სულიერი სხეული ეს არის მადლის ზემოქმედებით გარდაქმნილი სხეული: „როგორც ადამში კვდებიან ყველანი, ისე ქრისტეში იცოცხლებს ყველა“ (იქვე 15:22), მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე არის „პირმშო განსვენებულთა“ (იქვე 15:20). ქრისტიანის მთელი ცხოვრება აღსავსე უნდა იყოს ამ რწმენით, ამიტომ მორწმუნენი უნდა იქცეოდნენ, როგორც „სინათლის შვილნი“ (ეფეს. 5:8). წმიდა ევქარისტიაში მონაწილეობა არის საწინდარი მარადიული ცხოვრებისა, რასაც ხშირად შეგვახსენებს ლიტურგია. და მართლაც, შესაძლოა, სწორედ ევქარისტიის საიდუმლოში იყოს ესქატოლოგიური მომენტი ყველაზე მეტად ხაზგასმული. საიდუმლო სერობა არის წინასახე სამეფო ნადიმისა, რომელზეც ჩვენ ყველანი ვართ მიწვეულნი. სულიწმიდის მოფენას წმიდა ძღვენზე ევქარისტიის დროს აწმყოში გადმოაქვს სულთმოფენობის დღე (როცა მოციქულები აღივსნენ სულიწმიდით); ამასთანავე ეს არის წინასახე მეორედ მოსვლისა. ევქარისტიის კავშირი, ერთი მხრივ, სულთმოფენობასთან, ხოლო მეორე მხრივ, მეორედ მოსვლასა და მკვდრეთით აღდგომასთან, განსაკუთრებით არის ხაზგასმული ლიტურგიკაში.


საყოველთაო აღდგომაში, რითაც წუთისოფლის ისტორია მთავრდება, ქრისტიანები, უწინარეს ყოვლისა, ხედავენ ქრისტეს გამარჯვებას, რომლის წინამომასწავებელი იყო უფლის აღდგომა მესამე დღის განთიადზე. მაგრამ „უფლის დღე“, ამავე დროს, სამსჯავროს დღეც იქნება, როცა, როგორც ვიცით, „ამოვლენ კეთილის მოქმედნი სიცოცხლის აღდგომად, ხოლო ბოროტის მოქმედნი განკითხვის აღდგომად“ (იოან. 5:29). ამით დასრულდება ხორბლისა და ღვარძლის განცალკევება, რასაც ვერავინ გააკეთებს, გარდა უფლისა, და ეს საშინელი სამსჯავროს დღეს მოხდება. მაშინ დასრულდება კეთილისა და ბოროტის შერევა, რადგან ვერაფერი უწმინდური ვერ შევა სასუფეველში და ადამიანთა ბედისწერაში აღარაფერი შეიცვლება. დროის შემდეგ დარჩება მხოლოდ ის, რაც უცვლელია. სასჯელი - ეს არის სამუდამო განშორება ღვთისგან. ღვთის განგებით, ადამიანის დანიშნულებაა ფერისცვალება, განღვთობა და ღმერთთან შეერთება. „მერმისა მის საუკუნესასა“ ყველაფერი, რაც ღვთისგან აღმოჩნდება დაშორებული, სიკვდილს მიეცემა. სწორედ ეს იქნება მეორე სიკვდილი, რომელზეც გამოცხადების წიგნში ლაპარაკობს წმიდა იოანე ღვთისმეტყველი („და სიკვდილი და ჯოჯოხეთი დაინთქნენ ცეცხლის ტბაში. ეს არის მეორე სიკვდილი“ - გამოცხ. 20:14). სიკვდილი ღვთისგან დავიწყებას ნიშნავს. ადამიანებს, რომლებმაც არ მოინდომეს, რომ ისინი ღმერთს ეცნო, ღმერთი უკვე აღარასოდეს იცნობს, ხოლო ადამიანები, რომლებიც იცნობდნენ ღმერთს და ემსახურებოდნენ მას, ენითუთქმელი და უცვლელი დიდებით გაბრწყინდებიან.


სარწმუნოების სიმბოლო იწყება ღვთის რწმენის საზეიმო აღსარებით. ეს აღსარება არ არის მხოლოდ ინტელექტუალური აქტი. იგი მოითხოვს მთელი სულის მონაწილეობას და საპასუხო ნაცვალგებასაც გულისხმობს. მორწმუნის ცხოვრება, სულიწმიდის შემწეობით ქრისტეში იცვლის ფერს, რადგან ქრისტიანი, მართალია, ამ სოფლად ცხოვრობს, მაგრამ ამ სოფელს არ ეკუთვნის. მისი მზერა მიმართულია სასუფევლის ნათლისკენ. სწორედ ამიტომ სარწმუნოების სიმბოლოს ბოლო მუხლები არის სიხარულით სავსე აღსარება აღდგომისა და ცხოვრებისა „მერმისა მის საუკუნესასა“, სადაც არ არის „ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა“.