| |
ვლადიმერ ლოსკი სარწმუნოების სიმბოლოს განმარტება X მუხლი
აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა
სიმბოლოს ეს მუხლი შეგვახსენებს, რომ რწმენის აღსარება ნათლობიდან იწყება. აღსარება იმისა, რომ ცოდვათა მოტევება მხოლოდ ნათლობის მეშვეობით არის შესაძლებელი, იმის აღიარებას ნიშნავს, რომ ეკლესიაში ქრისტესთან შეერთება არის ცხონების ერთადერთი სწორი გზა. ძველ დროში ძირითადად ზრდასრული ადამიანები ინათლებოდნენ, რომლებიც ნათლობამდე ეცნობოდნენ ქრისტიანულ მოძღვრებას. ნათლობის უფლებას რომ ითხოვდნენ, ნეოფიტებს გააზრებული ჰქონდათ, რას ნიშნავს წარსულ ცხოვრებასთან კავშირის გაწყვეტა. ახლა სხვა ვითარებაა: იმ ქვეყნების გამოკლებით, სადაც ეკლესია მისიონერულ მდგომარეობაშია, ადამიანები ბავშვობიდანვე ინათლებიან, რათა აღსრულდეს მაცხოვრის სიტყვები - „მოუშვით ბავშვები, ნუ უშლით ჩემთან მოსვლას“ (ლუკ. 18: 16) და მცირეწლოვანმა ყრმებმაც შეძლონ ქრისტიანულ ცხოვრებასი მონაწილეობა. ორსავე შემთხვევაში ქრისტიანის მიერ ამ მუხლის ყოველი წარმოთქმა არის განახლება ნათლობის დროს უშუალოდ ან ნათლიის მეშვეობით მიცემული აღთქმისა. ლიტურგიის დროს იგი შეახსენებს მორწმუნეთა კრებულს ნათლობისას მიცემულ აღთქმებს და ჟღერს, როგორც გამოძახილი მოციქულ პავლეს გაფრთხილებისა: „ვინც შეჭამს ამ პურს და შესვამს უფლის ამ სასმისს უღირსად, დამნაშავე იქნება უფლის სხეულისა და სისხლის წინაშე. დაე, გამოსცადოს კაცმა თავისი თავი, და ისე ჭამოს ამ პურისგან და ამ სისხლისგან სვას“ (1 კორ. 11:27-28).
ნათლობისადმი მიძღვნილი მუხლი სარწმუნოების სიმბოლოში უშუალოდ მოსდევს ეკლესიისადმი მიძღვნილ მუხლს და ეს სავსებით ბუნებრივია, რადგან არ არსებობს ქრისტეს მიერ დაფუძნებული ეკლესიის წევრად ქცევის სხვა საშუალება, გარდა ნათლობისა. ამგვარად, ეს საიდუმლო არის მთელი ქრისტიანული ცხოვრების სათავე, მისი მეშვეობით ადამიანი სულიერად იბადება და, როგორც უკვე ვთქვით, თავიდანვე წყვეტს კავშირს ყველაფერთან, რაც არ ეკუთვნის ღვთის სასუფეველს. აქ კომპრომისი შეუძლებელია: „არავის ძალუძს ორი ბატონის მონობა: რადგან ან ერთს შეიყვარებს და მეორეს შეიძულებს, ან კიდევ ერთს შეითვისებს და მეორეს შეიზიზღებს“ (მათ. 6:24; ლუკ. 16:13). მოციქული პავლე რომაელებს მიმართავდა: „ან იქნებ არ იცით, რომ ვინც მოვინათლეთ იესო ქრისტეს მიერ მის სიკვდილში მოვინათლენით? და მასთან ერთად დავიმარხეთ სიკვდილში ნათლისღებით; რათა როგორც ქრისტე აღდგა მკვდრეთით, მამის დიდების მიერ, ასევე ჩვენც განახლებულ სიცოცხლეში ვიარებოდეთ... ხოლო თუ ქრისტესთან ერთად მოვკვდით, გვწამს, რომ სიცოცხლითაც ერთად ვიცოცხლებთ, რადგანაც ვიცით, რომ ქრისტე, მკვდრეთით აღმდგარი, აღარა კვდება: სიკვდილი ვეღარ უფლობს მასზე. რადგანაც, თუ მოკვდა, ცოდვისთვის მოკვდა ერთხელ, ხოლო რაკი ცოცხლობს, ღმერთისთვის ცოცხლობს. ასევე თქვენც მკვდრებად შერაცხეთ თქვენი თავი ცოდვისათვის, და ცოცხლებად - ღმერთისათვის, უფლის ჩვენის იესო ქრისტეს მიერ“ (რომ. 6: 3-4; 8-11).
ნათლობის რიტუალში მკაფიოდ გამოიყოფა ორი მომენტი: კავშირის გაწყვეტის მომენტი - „იჯმნი ეშმაკისაგან და ყოველთა საქმეთა მისთაგან და ყოველთა მსახურთა მისთაგან და ყოველთა ანგელოზთა მისთაგან და ყოველთა სიბილწეთა მისთაგან?“ - და კავშირში შესვლის მომენტი - „შეუდგებია ქრისტესა?“ ძველ დროში
ნათლობის რიტუალის თითოეული მონაკვეთი სავსე იყო სიმბოლოებით. ამ სიმბოლიკის გარკვეული ნაწილი შორს გადის უბრალო ალეგორიის საზღვრებიდან. ეკლესია საგულდაგულოდ ინახავს მათ, თუმცა ახლა ისინი ყველასთვის ბოლომდე გასაგები არაა. მამები კი თავიანთ სანათლობო ქადაგებებში ხაზს უსვამდნენ ძველი ადამიანის განძარცვას, ისევე როგორც სპეტაკი სამოსით შემოსვას, რაც აღნიშნავდა ნათლობის საიდუმლოს წყალობით მოპოვებულ სიწმიდეს.
ცნობილია, რომ მართლმადიდებელ ეკლესიაში, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, ნათლობა ყოველთვის წყალში შთაფლვით ხდება. ამაში მჟღავნდება ნათლობის მთელი მნიშვნელობა.
წყალში სამგზის შთაფლვის განმარტებისას წმიდა კირილე იერუსალიმელი (IV ს.) შესანიშნავად წერს: „რა საოცარი და უცნაურია! ჩვენ ნამდვილად არ მოვმკვდარვართ და ნამდვილად არ დავფლულვართ! არც ჯვარცმის შემდეგ აღვდგარვართ ნამდვილად მკვდრეთით. მაგრამ მიბაძვა ხდება მსგავსების მიხედვით, ხოლო სანაცვლოდ ნამდვილი ცხოვრება გვენიჭება. ქრისტე ნამდვილად აცვეს ჯვარს, ნამდვილად დაასვენეს სამარხში და ნამდვილად აღდგა მკვდრეთით. და ეს ყველაფერი ჩვენდამი სიყვარულის გამო მოხდა, რათა მის ვნებებში მონაწილეობით ჩვენ ნამდვილი ცხონება მიგვეღო“. ახლა გასაგებია, რომ არა მხოლოდ წარსულისადმი სიყვარულის გამო რჩება მართლმადიდებელი ეკლესია ნათლობის ძველი წესის ერთგული. იგი ამას რიტუალის რელიგიური მნიშვნელობიდან გამომდინარე აკეთებს. უეჭველია, რომ უარის თქმა წყალში შთაფლვით ნათლობაზე იწვევს ამ საიდუმლოსთვის დამახასიათებელი სიმბოლურობის გაქრობას. მართლმადიდებელ ეკლესიაში ნათლობის შემდეგ ყოველთვის სრულდება მირონცხების საიდუმლო, რომელსაც დასავლეთში კონფირმაცია ეწოდება. და მართლაც, თუკი ნათლობა სულიერად შობას ნიშნავს, მირონცხება ქარიზმულად ადასტურებს ქრისტიანთა კრებულთან შეერთებას, რაც სულიწმიდის მადლით ხდება. ჩვეულებრივ, ქრისტიანად გახდომის პროცესი ზიარების საიდუმლოში მონაწილეობით მთავრდება. ახალმოქცეულისთვის ეს არის უფალთან სრული შეერთება და პირობა იმისა, რომ იგი გახდება მონაწილე მომავალი სამეფო ნადიმისა. ზიარებამ უნდა დაასრულოს გარდაქმნა, რომელიც ნათლობითა და მირონცხებით დაინერგა. ამგვარად, ქრისტიანად გახდომა აერთიანებს სამ საიდუმლოს - ნათლისღებას, მირონცხებასა და ევქარისტიას და, როგორც ვნახეთ, ეს კავშირი სულაც არ არის შემთხვევითი. ეს არ არის სამი სხვადასხვა მღვდელმსახურების მექანიკური გაერთიანება, არამედ არის ღრმა მისტიკური აზრით აღსავსე პროცესი.
სარწმუნოების სიმბოლოს მიხედვით, ჩვენ ვაღიარებთ „ერთსა ნათლისღებასა“ (unum baptisma). ეს არის საზეიმო აღსარება, რომ ნათლობა მხოლოდ ერთხელ არის შესაძლებელი. მოციქული პავლე ნათლად ლაპარაკობს ამის შესახებ ეფესელთა მიმართ ეპისტოლეში: „ერთია უფალი, ერთი რწმენა, ერთი ნათლისღება. ერთია ღმერთი და მამა ყოველთა, ყველაზე უზენაესი, ყველას მიერ და ყველა ჩვენგანში“ (ეფეს. 4: 5-6). ისევე, როგორც ჩვენ ვაღიარებთ, რომ უფალმა იესო ქრისტემ დააფუძნა მხოლოდ ერთი ეკლესია, ვაღიარებთ იმასაც, რომ არის მხოლოდ ერთი ნათლისღება, რადგან ერთი და განუყოფელია ყოვლადწმიდა სამება, რომლის სახელითაც ჩვენ ვინათლებით, როგორც მაცხოვარმა ბრძანა („ნათელი ეცით მამის და ძის და სულის წმიდის სახელით“ (მათ. 28:29). ამიტომ, ეკლესიაში არ ხდება ნათლობის განახლება. ერეტიკოსებს, რომლებიც მონათლულები არიან მამის და ძისა და სულიწმიდის სახელით, ეკლესია II მსოფლიო კრების (381 წ.) VII კანონის შესაბამისად, თავის წიაღში ხელახალი ნათლობის გარეშე იღებს. ნათლობის „ნამდვილობა“ ამ შემთხვევაში განპირობებულია იმით, რომ, ერთი მხრივ, საიდუმლო, როგორც შინაარსის, ისე ფორმის თვალსაზრისით, სწორად იქნა ჩატარებული, ხოლო მეორე მხრივ - იმით, რომ ის, ვინც ნათლობის რიტუალი შეასრულა, ეკუთვნოდა ისეთ ქრისტიანულ თემს, რომელიც აღიარებს ყოვლადწმიდა სამების პირველად ქრისტიანულ დოგმატს. განმეორებითი ნათლობა არც მაშინ ტარდება, თუკი რომელიმე ქრისტიანი უარყოფს რწმენას, ხოლო შემდეგ ეკლესიას სთხოვს, ხელახლა მიიღოს იგი თავის წიაღში, რადგან ყოველი მონათლული ადამიანი ღვთის წარუშლელი ბეჭდით არის აღბეჭდილი: ძის დანაშაულის გამო არ წყდება მისი კავშირი მამასთან და ცოდვათა სიმრავლისა და სიმძიმის გამო არ უქმდება ნათლისღებით მოპოვებული შანსი ცხონებისა. მონანიების გზა ყოველი ქრისტიანისთვის ყოველთვის ხსნილია, რასაც შეგვახსენებს უფლის იგავი შეცთომილი ძის შესახებ.
ნათლობა განუმეორებელი მოვლენაა თითოეული ადამიანის ცხოვრებაში, რადგან ამ საიდუმლოს მეშვეობით მონათლული გამართლდება ღვთის წინაშე, რაც ხდება არა მისი პიროვნული დამსახურებების გამო, არამედ ღმერთთან შერიგებისა და ცხონების იმ შესაძლებლობის წყალობით, რომელიც მაცხოვარმა მოგვიტანა. წყევა, კაცობრიობას რომ აწვა, ხორცშესხმული სიტყვა-ღმერთის მსხვერპლის შედეგად განქარდა. მიიღო ნათლობა, ეს ნიშნავს, გახდე წევრი განახლებული კაცობრიობისა, როგორც სხეულისა, რომლის თავი არის ახალი ადამი - იესო ქრისტე. ქრისტეში ჩვენ, უწინარეს ყოვლისა, ვიძენთ თავისუფლებას ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ესე იგი არჩევნის შესაძლებლობას. ქრისტიანად ხელდასხმისას ჩვენზე გადმოდის ღვთაებრივი მადლი, ხოლო ნაბოძებ ტალანტთა გამრავლება უკვე ჩვენი საქმეა. სახარების იგავი გვასწავლის, რომ, თუკი ამას არ გავაკეთებთ, თავს ღვთის რისხვას დავიტეხავთ. ხოლო ვინც უფლის მცნებებს შევასრულებთ, მოგველის „დიადი და ფასდაუდებელი აღთქმანი, რათა ამ ქვეყნად გულისთქმის ხრწნილებისგან განრიდებულნი, საღვთო ბუნების თანამოზიარენი გავხდეთ“ (2პეტრ. 1:4) - ეს ყველა ქრისტიანის საბოლოო მიზანს წარმოადგენს.
|
|