| |
ვლადიმერ ლოსკი სარწმუნოების სიმბოლოს განმარტება VIII მუხლი
და სულიწმიდა, უფალი და ცხოველმყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს, მამისა თანა და ძისა თანა თაყვანის-იცემების და იდიდების, რომელი იტყოდა წინასწარმეტყველთა მიერ.
ჩვენი მაცხოვრის - იესო ქრისტეს - პიროვნებისა და საქმის აღსარების შემდეგ ეკლესია აცხადებს, რომ სწამს ყოვლადწმიდა სამების მესამე პირი.
I მსოფლიო კრების მამებმა მხოლოდ ახსენეს, რომს წამთ სულიწმიდის არსებობა, რაც იმით აიხსნება, რომ მათი ყურადღების საგანი იყო, უწინარეს ყოვლისა, მოძღვრება მეორე ჰიპოსტასის - ძე ღმერთის - შესახებ: ის პუნქტი, სადაც კათოლიკე მართლმადიდებლობა არიოზის სწავლებას უპირისპირდებოდა. მაგრამ კამათი, რომელიც მთელი IV საუკუნის განმავლობაში გრძელდებოდა, შეუძლებელია, პნევმატოლოგიას არ შეხებოდა. სულიწმიდის ღმერთობას მხოლოდ არიოზელები როდი უარყოფდნენ - ბევრი ქრისტიანიც, ვინც, არიოზის საპირისპიროდ, ძეს აღიარებდა მამისგან უწინარეს ყოველთა საუკუნეთა შობილ და მამის ერთარს ჭეშმარიტ ღმერთად, უარს ამბობდა, მამისა და ძის ერთარს ჭეშმარიტ ღმერთად ეღიარებინა სულიწმიდა. ამიტომ, საჭიროება მოითხოვდა, იმ ეპოქის მამებს დაეცვათ მართლმადიდებელი მოძღვრება ყოვლადწმიდა სამების მესამე პირის და, აქედან გამომდინარე, შიდასამებრივ ურთიერთობათა შესახებ.
მეორე მსოფლიო კრებამ, რომელიც 381 წელს შეიკრიბა კონსტანტინოპოლში, ხელახლა დაგმო არიოზის მოძღვრების ყველა სახეობა და განსაკუთრებით მაკედონიუსის ერესი, რომელიც უარყოფდა სულიწმიდის ღმერთობას. ეკლესიის მამებმა მაშინ სავსებით ნათლად აღიარეს სულიწმიდის ღმერთობის მთელი სისავსე, მაგრამ, რათა არ შეეშფოთებინათ ზოგიერთი კონსერვატორი, რომელიც უარყოფდა ყოველ ახალ ფორმულირებას, თუნდაც იგი ეკლესიის რწმენის სრულყოფილი გამომხატველი ყოფილიყო, სარწმუნოების სიმბოლოში სულიწმიდასთან დაკავშირებით არ შეიტანეს ტერმინები: ”ღმერთი” და ”ერთარსი”. ამ სიფრთხილემ ნაყოფი გამოიღო და ”პნევმატომაქთა” (სულიწმიდის მოწინააღმდეგეთა) ერესი ფაქტობრივად დაძლეულ იქნა, ხოლო ეკლესიის რწმენის გამომხატველი სამებასთან დაკავშირებული ტერმინოლოგია საბოლოო დამკვიდრდა.
სულიწმიდის ქრისტიანული აღსარება დაფუძნებულია ახალ აღთქმაში მოცეულ გამოცხადებაზე და, უწინარეს ყოვლისა, მაცხოვრის სიტყვებზე: ”წადით და ასწავლეთ ყველა ხალხს, და ნათელი ეცით მამის, ძისა და სულიწმიდის სახელით” (მათე 28.19).
ძველი აღთქმა, უეჭველია, იცნობდა სულიწმიდას, როგორც მოქმედ ძალას და წინასწარმეტყველთა ხილვებში ამ სულის გადმოღვრით არის განსაზღვრული ჟამთა დასასრული (ეს. 44.3; იოვ. 3.1-2). მაგრამ მხოლოდ ახალ აღთქმაში არიან სიტყვა და სული მოაზრებული პირებად.
ქრისტიანული მოძღვრება არანაირი თვალსაზრისით არ უარყოფს სინას მთის გამოცხადების მკაცრ მონოთეიზმს და სრულად აღიარებს ღმერთის რიცხვით ერთობის პრინციპს, მაგრამ ქრისტიანული მოძღვრება აღიარებს არა ერთჰიპოსტასიან, არამედ სამჰიპოსტასიან მონოთეიზმს. ამ საღვთო საიდუმლოს შესახებ კარგად ლაპარაკობს წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი: ”ძველმა აღთქმამ ძე გამოგვიცხადა და სულიწმიდაზე მიგვითითა; ამჟამად ჩვენთან იმყოფება სულიწმიდა და უნათლეს ცოდნას გვაძლევს თავის შესახებ. უსაფრთხო არ იყო, იმ დრომდე, ვიდრე აღსარებული იქნებოდა მამის ღმერთობა, წერილს ნათლად ექადაგა ძე; და ვიდრე აღვიარებდით ძეს (ცოტა არ იყოს თამამად ვიტყვი), დავემძიმებინეთ ჩვენ ქადაგებით სულიწმიდის შესახებ. საჭირო იყო, სამების ნათელს გაენათებინა განათლებულნი თანდათანობითი მატებით, დიდებიდან დიდებაში გადასვლით... მაცხოვარს, მას შემდეგაც კი, რაც უკვე ბევრი რამ უქადაგა მოციქულებს, კიდევ ბევრი რამ დარჩა სათქმელი, რასაც მოციქულები იმჟამად ვერ იტვირთავდნენ (იოანე 16.2). და კიდევ, მაცხოვარმა თქვა, რომ ყველაფერს გვასწავლიდა ჭეშმარიტების სული, როდესაც მოვიდოდა (იოანე 16.13). სწორედ იგი მიმაჩნია მე სულიწმიდად” (31-ე სიტყვა).
ყოვლადწმიდა სამების წიაღში წყარო, მიზეზი არის მამა, ძე მისგან შობილია, ხოლო სულიწმიდა გამომავალი. ამიტომ, თვით მაცხოვრის სწავლების შესაბამისად (იოანე 15.26 – ”ჭეშმარიტების სული, რომელიც გამოდის მამისაგან”) სარწმუნოების სიმბოლოს აღსარებით, სულიწმიდა არის მამისაგან გამოსული (”... რომელი მამისაგან გამოვალს”). ეკლესიური აღსარებით ძისა და სულიწმიდის არსებობის განსხვავებული მოდუსები განაპირობებს ჰიპოსტასთა სხვადასხვაობას; მაგრამ, ამავე დროს, წმიდა მამები აღიარებენ, რომ ადამიანის გონებას არ ძალუძს გაიგოს, რაში მდგომარეობს განსხვავება ძის შობასა და სულიწმიდის გამოსვლას შორის. წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი წერს: ”რა არის გამოსვლა? შენ მამის არშობილობა ამიხსენი და მე გავბედავ ვილაპარაკო ძის შობასა და სულიწმიდის გამოსვლაზე. მაშინ ჩვენ ღვთის საიდუმლოში შევაღწევთ და ორივე განვცვიფრდებით” (31-ე სიტყვა).
წმიდა იოანე დამასკელი მოკლედ ამბობს, რომ გონების ვერანაირი ძალისხმევა ვერ გაგვაგებინებს, ”როგორ იშვება ძე და როგორ გამოდის სულიწმიდა” (”მართლმადიდებლური სარწმუნოების შესახებ”, 1.8). დასავლეთში, პირიქით, სქოლასტური ღვთისმეტყველება ცდილობდა, ფსიქოლოგიურ ანალოგიებზე დაყრდნობით აეხსნა შობა და გამოსვლა. ამ მეთოდს იყენებდა ნეტარი ავგუსტინეც, მაგრამ იგი ყოველთვის მხოლოდ შედარებად მიიჩნევდა ამას, რაც ადამიანის გონებას სამების საიდუმლოსთან მიახლოებაში ეხმარებოდა და არ ხედავდა მასში ღვთის შიდასამებრივ ურთიერთობათა რაციონალურ ახსნას. იგი წერს: ”რაც შეეხება განსხვავებას შობასა და გამოსვლას შორის, არ ვიცი, არ შემიძლია და არ ძალმიძს ამის გაგება” (”აღსარება”, 11.4).
მართლმადიდებელი ეკლესია მიიჩნევს, რომ ფორმულით - ”...რომელი მამისგან გამოვალს” - საკმაოდ სრულად და ამომწურავად არის გადმოცემული მისი რწმენა. იმ ერეტიკოსებისგან განსხვავებით, რომლებსაც სულიწმიდა შექმნილად მიაჩნიათ, მართლმადიდებლობის დამცველები ხაზს უსვამენ, რომ სულიწმიდა უშუალოდ მამისგან გამოდის; გრიგოლ ღვთისმეტყველის სიტყვით: ”სულიწმიდა, რამდენადაც იგი მამისგან გამოდის, არ არის ქმნილი” (31-ე სიტყვა).
დასავლეთში, V საუკუნიდან მოყოლებული, ტრინიტარულმა ღვთისმეტყველებამ სხვა მიმართულება მიიღო: არიოზელებთან პაექრობაში ძის ღმერთობის დასაცავად და, აგრეთვე, ძისა და სულიწმიდის კავშირის ხაზგასასმელად, აქ თავდაპირველად, დრო და დრო, ხოლო შემდეგ სისტემატურად დაიწყეს მტკიცება, რომ სულიწმიდა გამოდის არა მხოლოდ მამისგან, არამედ მამისა და ძისგან (Filioque). ეს კონცეფცია თანდათანობით ვითარდებოდა, რის შედეგადაც სიტყვა ”ფილიოკვე” ჯერ ესპანეთში შეიტანეს სარწმუნოების სიმბოლოში, ხოლო შემდეგ გალიასა და გერმანიაში.
რომში თავიდან ეს დოგმატი არ მოიწონეს, მაგრამ მას შემდეგ რაც XI საუკუნის დასაწყისში პაპის ძალაუფლება მთლიანად გერმანელ იმპერატორებზე დამოკიდებული აღმოჩნდა, ”ფილიოკვე” რომშიც შეიტანეს მრწამსში. ეს აქტი ორმხრივ დაგმობას ისმახურებს: ჯერ ერთი, იმის გამო, რომ დამატებაში გამოხატული მოძღვრება გამოცხადებაზე არ იყო დამყარებული და, მეორეც, იმის გამო, რომ მრწამსის ტექსტი დასავლეთის ეკლესიამ ცალმხრივად შეცვალა, რითაც ეკლესიის კათოლიკე კრებითი საფუძველი დაარღვია. მრწამსის სიტყვები, რომ სულიწმიდა მხოლოდ მამისგან გამოდის, სულაც არ ნიშნავს, თითქოს მას საერთო არაფერი ჰქონდეს ძესთან. წმიდა იოანე დამასკელი წერს: ”...ჩვენ აგრეთვე ვამბობთ, რომ სულიწმიდა გამოდის მამისგან და ვუწოდებთ მას ”სულს მამისა”, ჩვენ არ ვამბობთ, რომ იგი გამოდის ძისგან, მაგრამ ვამბობთ, რომ იგი არის სული ძისა” (”მართლმადიდებლური სარწმუნოების შესახებ”, 1.8). წმიდა გრიგოლ ნეოკესარიელის (III ს.) შესანიშნავ სარწმუნოების სიმბოლოში, რომელიც ჩვენ უკვე ვახსენეთ, სიტყვა-ღმერთის შესახებ მის მოძღვრებასთან დაკავშირებით ვკითხულობთ: ”ერთი სულიწმინდა, ღვთისგან მყოფობის მქონე და ძის მეირ ჩენილი, ცხადია, ადამიანებისადმი, ხატი სრული სრული ძისა, სიცოცხლე – ცოცხალთა მიზეზი, სიწმინდე – სიწმინდის მბოძებელი”. ამგვარად, თუ ონტოლოგიური, ზეჟამიერი თვალსაზრისით სულიწმიდა მამისგან გამოდის, მესიანური ასპექტით იგი ძის მიერ გვევლინება. წმიდა იოანე დამასკელი წერს: ”ჩვენი აღსარების მიხედვით, სულიწმიდა მოგვეცა და მოგვევლინა ძის მეშვეობით”.
სულიწმიდა არის წყარო ყოველი განწმედისა. შეპყრობისა და ჯვარცმის წინ მაცხოვარი მოციქულებს დაჰპირდა, რომ მამა ღმერთი მათ მოუვლენდა ჭეშმარიტების სულს. ეს აღსრულდა სულთმოფენობის დღეს. ეკლესიის ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა საეკლესიო საიდუმლოთა მეშვეობით მარად განმეორებული ეს მოვლენა - სულიწმიდის მოფენა. მასში სულიწმიდის მყოფობა ძირეულად განასხვავებს ეკლესიას ნებისმიერი სხვა საზოგადოებისგან და ძნელ პერიოდებში ნათელი იმედით ავსებს მას.
სულიწმიდა არის ქმედითი ძალა, რომელიც განწმედს ყოველ ქრისტიანს. სულიწმიდის მადლის მიღების წყალობით შეგვიძლია ჩვენ შევღაღადოთ ღმერთს: - ”აბბა, მამაო!” (რომ. 8.15; გალ. 4.6). ამიტომ უწოდებს მოციქული პავლე სულიწმიდას ”ძეობის სულს”: ”იგივე სული უმოწმებს ჩვენს სულს, რომ ღვთის შვილნი ვართ” (რომ. 8.16).
სარწმუნოების სიმბოლოში ჩვენ ვამბობთ, რომ გვწამს ”ცხოველმყოფელი” სულიწმიდა, რადგან მის მიერ მონიჭებული მადლი საშუალებას გვაძლევს ”საღვთო ბუნების თანამოზიარენი გავხდეთ” (II პეტრე 1.4). ეს არ უნდა იქნეს გაგებული პანთეისტური აზრით, მაგრამ არც ის არის გამართლებული, დავუკარგოთ წმიდა წერილს ნამდვილი მნიშვნელობა და მისი გამონათქვამები მეტაფორული აზრით გავიგოთ. მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც იცავს მოძღვრებას ღვთის ტრანსცენდენტურობის შესახებ და, იმავდროულად, აღიარებს ქმნილი ადამიანის განღმრთობის შესაძლებლობას, გვასწავლის, ერთმანეთისგან განვასხვავოთ ღვთის შეუცნობელი არსი და ადამიანისთვის მისაწვდომი მადლი - ღვთის ენერგია. ადამიანის განმაღმრთობელი მადლი უკვე მოქმედებს ამსოფლად და ნათელს ჰფენს იმათ, ვინც ასკეზის გზით განეშორნენ ამაოებას. მეორედ მოსვლისას ეს მადლი მთელ კოსმოსს გარდაქმნის, გააცხადებს ქრისტეს გამარჯვებას და სიყვარულის ნათელში შეაერთებს ერთმანეთთან შემოქმედსა და მის ქმნილებას.
|
|