| |
ვლადიმერ ლოსკი სარწმუნოების სიმბოლოს განმარტება VII მუხლი
და კვალად მომავალ არს დიდებით განსჯად ცხოველთა და მკვდართა, რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ
ქრისტეს მეორედ მოსვლის რწმენა ერთ-ერთი ეჭვშეუტანელი საფუძველია მთელი ქრისტიანული მოძღვრებისა და ყოველი ცდა ქრისტიანობის ”დეესქატოლოგიზებისა”, ე.ი. ამ მუხლის ამოშლისა ან მინიმუმამდე დაყვანისა, არის ქრისტიანული სახარების დამახინჯება. იმისთვის, რათა გავიზიაროთ ამ დოგმატის ადგილი ეკლესიაში, საჭიროა, იგი განხილულ იქნეს მისთვის შესაფერის პესპექტივაში.
ქრისტიანული თვალსაზრისი დროსა და ისტორიას ჰორიზონტალური ხაზის სახით წარმოიდგენს: მას აქვს დასაწყისი: სამყაროს შექმნა; ტრაგიკული მომენტი - ადამიანის ცოდვით დაცემა; ცენტრალური მოვლენა - ძე ღმერთის განკაცება; და დასასრული - ძე ღმერთის მეორედ მოსვლა. მაშასადამე, როგორც ქრისტეს მსხვერპლი იყო თავისებურად ერთადერთი მოვლენა [შდრ.: ქრისტეს ”არ სჭირდება, იმ მღვდელმთავართა მსგავსად ყოველ დღე შესწიროს მსხვერპლი ჯერ თავისი, ხოლო შემდეგ ხალხის ცოდვების გამო, ვინაიდან ერთხელ აღასრულა ეს, როცა შესწირა თავისი თვი” (ებრ. 7.27)], ასევე საბოლოო სამსჯავროც იქნება ერთადერთი და დამასრულებელი მოვლენა. ასეთია ეკლესიის ურყევი რწმენა, და ამიტომ V მსოფლიო კრებამ (553 წ.) დაგმო ორიგენული ტიპის სხვადასხვა თვალსაზრისი, რომელიც დროის ციკლურ გაგებას ეფუძნებოდა, რაც შეუთავსებელია გამოცხადებასთან. ესქატოლოგიური იმედები მართლმადიდებელი ღვთისმეტყველების ერთ-ერთი საფუძველია. ამიტომ ქრისტიანთა ესქატოლოგიური შეკრება არის არა მხოლოდ გახსენება მოვლენისა, რომელიც წარსულში მოხდა და რომლის ”აქტუალიზებაც” ხდება საიდუმლოში, არამედ იგი მესიანური ერის, ე.ი. ეკლესიის, სასობითაც არის აღბეჭდილი. ეს საგანგებოდ არის ხაზგასმული პავლე მოციქულის სიტყვებში, რომლებიც მოსდევს მონათხრობს ზიარების საიდუმლოს დაწესების შესახებ: ”ყოველთვის, როცა ამ პურს ჭამთ და ამ სასმისს სხვამთ, უფლის სიკვდილს იუწყებით, ვიდრე მის მოსვლამდე” (I კორ. 11.26). უფლის სიტყვებში, რომლებიც მათე მახარებელმა შემოგვინახა, აშკარა ესქატოლოგიური მითითება არის მოცემული: ”ხოლო მე გეუბნებით თქვენ: აღარა ვსვამ ამიერიდან ვაზის ამ ნაყოფისაგან, ვიდრე იმ დღემდე, როცა თქვენთან ერთად შევსვამ ახალს მამაჩემის სასუფეველში. ” (მათე 26.29). ევქარისტიული თემი არის პროტოტიპი ეკლესიისა, რომელიც მომავალ სასუფეველში შეიკრიბება. უძველეს ქრისტიანულ დოკუმენტში ”დიდაქეში” (I-II საუკუნე) ჩვენ ვხედავთ ამ იმედის ხოტბას: ”როგორც ეს პური, მთების ზემოთ მიმოფანტული, შეიკრიბა და ერთი გახდა, ამგვარადვე შეიკრიბოს კიდით-კიდე ეკლესია შენი სასუფეველში...” და შემდეგ: ”მოიხსენე უფალო ეკლესია შენი და იხსენ იგი ყოველგვარი ბოროტისაგან, შენს სიყვარულში სრულყავი იგი წმიდაქმნილი ოთხივ ქარისაგან შემოკრიბე სასუფეველში, რომელიც მასვე განუმზადე”.
პირველი ქრისტიანები მაცხოვრის დაბრუნების მოუთმენლობით სავსე მოლოდინში ცხოვრობდნენ. და ისინი მოკლე არამეული ფორმულით გამოხატავდნენ ამ გრძნობას, - ”მარანთა” (უფალი მოდის), - რომელიც მოციქულ პავლეს აქვს მოყვანილი [”ვისაც არ უყვარს უფალი იესო ქრისტე, ანათემა, მარანათა!” (I კორ. 16.22)]. მაგრამ თვით უფალი ასე უპასუხებდა თავისი მოწაფეების სურვილს, გაეგოთ მეორედ მოსვლის ზუსტი თარიღი: ”მაგრამ ის დღე და ის საათი არავინ იცის: არც ციურმა ანგელოზებმა, არამედ მხოლოდ მამამ” (მათე 24.36); ”თქვენი საქმე არ არის დროთა და ვადათა ცოდნა, თავისი ხელმწიფებით რომ დაადგინა მამამ” (საქმე 1.7). პავლე მოციქული კი თესალონიკელებს მოუწოდებდა ფხიზლად ყოფილიყვნენ, ”რადგან თქვენ თვითონაც მშვენივრად იცით, რომ დღე უფლისა მოვა, როგორც მპარავი ღამით” (I თეს. 5.2). ქრისტიანი ყოველთვის მეორედ მოსვლის მოლოდინში უნდა ცხოვრობდეს, მაგრამ ეს მოლოდინი არ უნდა გადაგვარდეს ფუჭ ცნობისმოყვარეობად და ღვთის განგების გამოცდად. ეკლესია ფრთხილობს, ნაჩქარევი დასკვნები არ გააკეთოს წინასწარმეტყველ დანიელის წიგნისა და აპოკალიფსის წიგნის ცალკეული მონაკვეთების საფუძველზე. აი, ყველა ეპოქის სექტანტები კი ხალისით აკეთებდნენ ამას, რათა მათემატიკური სიზუსტით გამოეანგარიშებინათ მეორედ მოსვლის თარიღი, ან კიდევ - შეცდომაში ემხილებინათ რომელიმე თავიანთი თანამოძმე. ასეთი სპეკულაციები არა მხოლოდ ეწინააღმდეგება უფლის სიტყვებს, არამედ იმ ადამიანთა სრულ უვიცობას ცხადყოფს, ვინც ასეთი კვლევა-ძიების ცდუნებას არიან აყოლილნი. ამ ადამიანებს წარმოდგენა არა აქვთ იუდეველთა აპოკალიფსისტიკის კანონებზე, რომლებიც ამჟამად უკვე კარგად არის ცნობილი ჩვენთვის ძვ. წ. აღ. II ს. - ახ. წ. აღ. II საუკუნის მრავალრიცხოვან დოკუმენტთა წყალობით.
ჩვენ უკვე აღვნიშნეთ განსხვავება უფლის პირველსა და მეორე მსოვლას შორის, როცა ზემოთ ვთქვით, რომ პირველად იგი დამცირებული მოვიდა (”კენოზისი”). მეორედ მოსვლა ყველასთვის უფლის ძალის გაცხადება იქნება. ამას უსვამს ხაზს სარწმუნოების სიმბოლოში გამოყენებული გამოთქმა ”დიდებით”. წუთისოფლის აღსასრულთან ერთად შეწყდება ყოველგვარი ცვლილებები, ყველაფერი სრულიად წარუვალი გახდება, როგორც ზედროული. ამიტომ გვითხრა უფალმა: ”და წავლენ ესენი საუკუნი სატანჯველში, ხოლო მართალნი - საუკუნო სიცოცხლეში” (მათე 25.46). ამავე აბსოლუტურ ზედროულობას გულისხმოს წმ. იოანე ღვთისმეტყველი, როცა აპოკალიფსში მეორე სიკვდილზე ლაპარაკობს [”ზღვამ, სიკვდილმა და ჯოჯოხეთმა დააბრუნეს თავიანთი მკვდრები, და, თანახმად მისი საქმისა, განკითხულ იქნა თვითეული. სიკვდილი და ჯოჯოხეთი კი დაინთქნენ ცეცხლის ტბაში, და სწორედ ცეცხლის ეს ტბაა მეორე სიკვდილი. ცეცხლის ტბაშივე ჩავარდა, ვინც არ იყო ჩაწერილი სიცოცხლის წიგნში” (გამოცხ. 20.13-15)]. საბოლოო სამსჯავრო ქრისტეს სრული გამარჯვება იქნება ყველა ბოროტ ძალაზე, რომლებსაც, ჯვრისა და აღდგომის მიუხედავად, არ სურთ აღიარონ თავიანთი გარდაუვალი დამარცხება.
ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ, როგორც წმიდა წერილის, ისე სარწმუნოების სიმბოლოს მიხედვით, საბოლოო სამსჯავრო მთელი კოსმოსის მომცველი მოვლენაა. ქრისტე მოდის, როგორც სამყაროს მეფე. ამის შესახებ წმიდა წერილში ვკითხულობთ: ”და როდესაც მოვა ძე კაცისა თავისი დიდებით და ყველა წმიდა ანგელოზი მასთან ერთად, მაშინ დაჯდება იგი თავისი დიდების ტახტზე. შეიყრება მის წინაშე ყველა ხალხი” (მათე 25.31-32); ”მაშინ ვიხილე დიდი თეთრი ტახტი და მასზე მჯდომარე, ვისი სახისგანაც ილტვოდნენ მიწა და ცა, და აღარ აღმოჩნდა ადგილი მათი. და ვიხილე ტახტის წინ მდგომარე მკვდრები, დიდნი თუ მცირენი, და გადაშლილი წიგნები. გადაიშალა სხვა წიგნიც, რომელიც არის სიცოცხლის წიგნი, და, თანახმად იმისა, რაც წიგნებში წერია, მათი საქმისამებრ განკითხულ იქნენ მკვდრები” (გამოცხ. 20.11-12; აგრეთვე - ამავე თავის შემდგომი მუხლები, - გამოცხ. 20.13-15, - რომლებიც წინა აბზაცში არის მოყვანილი).
მართლმადიდებლურმა იკონოგრაფიამ მრავალფეროვნად დაამუშავა საბოლოო სამსჯავროს თემა: თავდაპირველად, როგორც სიუჟეტი მწყემსისა, რომელიც ერთმანეთისგან აცალკევებს ცხვრებსა და თხებს (წმიდა აპოლინარიუსის ტაძარი რავენაში, დაახლ. 520 წ.); ხოლო შემდგომში - როგორც რეალისტური გამოსახულება ”ზეციდან მომავალი” ქრისტესი: იგი მოციქულთა შორის ზის ტახტზე მსაჯულად ცოცხალთა და მკვდართა, რომლებსაც მთავარანგელოზის საყვირი აღვიძებს (ტაძარი ტორჩელოში, XI ს.).
სარწმუნოების სიმბოლოს მე-7 მუხლი მთავრდება სიტყვებით: ”რომლისა დიდებისა არა არს დასასრულ”. ეს გამონათქვამი ქრისტეს დიდების უსასრულობაზე ჯერ კიდევ არ იყო ნიკეის კრების მამათა სარწმუნოების სიმბოლოში და მხოლოდ II მსოფლიო კრებამ (381 წ.) შეიტანა მრწამსში, რათა უარეყო მარკელოსის ერესი, რომ ქრისტეს სუფევა დასრულდება ჟამთა დასასრულთან ერთად. ეს თვალსაზრისი მომდინარეობს მისი მოდალისტური მსოფლმხედველობიდან, რომლის მიხედვით სამება არის მხოლოდ დროებითი მოდუსი ღვთის ყოფიერებისა და იგი ბოლოს და ბოლოს მონადად გარდაიქმნება.
უკვე ანტიოქიის კრების (341 წ.) სარწმუნოების სიმბოლოში არის სიტყვები: ”რომელიც კვლავ მოვა ცოცხალთა და მკვდართა განსასჯელად და იქნება, როგორც მეფე და ღმერთი, უკუნისამდე”.
უფლის დიდებით დაბრუნების სიხარულიან მოლოდინში ქრისტიანი ამბობს: ”მოვიდეს მადლი და გარდავიდეს ეს სამყარო” (დიდაქე, X.6); მაგრამ მას საკუთარი ბუნების სისუსტე და ცოდვიანობაც აქვს გაცნობიერებული და ამიტომ ასე ლოცულობს: ”რაჟამს მოხვიდე ღმერთი დიდებით ქუეყანასა ზედა, მაშინ შეძრწუნდენ ყოველნი დაბადებულნი, მდინარე ცეცხლისა სდიოდეს მსაჯულისა წინაშე, და საშინლად ოხვრიდეს, წიგნნი განეხვნენ, და დაფარულნი გამოსცხადნენ, მაშინ მიხსენ მე ცეცხლისა მისგან უშრეტისა, და ღირს მყავ მარჯუენით დადგომად შენდა, მსაჯულო სიმართლისაო” (ხორციელი კვირის კონდაკი).
|
|