| |
ვლადიმერ ლოსკი სარწმუნოების სიმბოლოს განმარტება VI მუხლი
და ამაღლდა ზეცად და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა
V მუხლს, სადაც ლაპარაკია ადამის მოდგმის მაცხოვნებელ ქმედებაზე - ქრისტეს მკვდრეთით აღდგომაზე მესამე დღეს, მოსდევს VI მუხლი, სადაც ნათქვამია, რომ იგი ზეცად ამაღლდა და დაჯდა ”მარჯვენით მამისა”. აქ დასრულდა სარწმუნოების სიმბოლოს ის მუხლები, რომლებიც ქრისტეს მიწიერ მსახურებას შეეხებოდა. ხორცშესხმის პერიოდი, უფრო სწორად, ხორცშესხმული ქრისტეს დედამიწაზე ყოფნის პერიოდი ზეცად ამაღლებით დამთავრდა. თუმცაღა ქრისტეს მიწიერი მსახურება მჭიდროდ არის დაკავშირებული შემდგომ პერიოდთან - ეკლესიის ეპოქასთან, რომელიც უფლის მეორედ და დიდებით მოსვლით დამთავრდება. ამ ორი პერიოდის კავშირი ორგვარად არის აქცენტირებული წმიდა წერილში. უწინარეს ყოვლისა, გარეგნულად, თვით მისი ლიტერატურული კომპოზიციით: წმიდა ლუკა მახარებელი თავისი სახარების დასასრულს მოგვითხრობს ქრისტეს ამაღლების შესახებ, ხოლო მოციქულთა საქმის დასაწყისში უფრო დაწვრილებით გადმოგვცემს ამავე მოვლენას. შინაგანი აქცენტირების თვალსაზრისით კი ახალმა აღთქმამ შემოგვინახა მაცხოვრის სიტყვები, რომ მისი ცად ამაღლება ქვეყნიერებიდან წასვლას სულაც არ ნიშნავს. ქრისტეს მიერ წარმოთქმულ ბოლო სიტყვებს ეფუძნება ეკლესიის სიმშვიდით აღსავსე რწმენა, რომ მაცხოვარი განუწყვეტლივ ზრუნავს მასზე: ”და აჰა, მე თქვენთანა ვარ დღემუდამ, ვიდრე დასასრულამდე. ამინ” (მათე 28.20). ამ სიტყვებზე გამოხმაურებას ვისმენთ ამაღლების დღესასწაულის ღვთისმსახურების კონდაკში: ”სრულ ჰყავ რა ცხოვრება ჩუენი, და ზეცისათა შეაერთენ ქუეყანისანი, ამაღლდი დიდებით, ქრისტე ღმერთო, რომელი არა სადა განეშორები, მხსნელო, არამედ ჰგიე განუშორებლად, და ეტყოდი საყუარელთა მათ შენთა: მე მხოლო ვარ თქუენ თანა, და ვერვინ შემძლებელ არს ვნებად თქუენდა”.
ამაღლება არის გვირგვინი ქრისტეს მსხვერპლისა: შეწირული კრავი წარუდგება მამას და თავისი ღმერთკაცობრივი პიროვნებით აღადგენს ერთობას ღმერთსა და ადამიანს შორის. ამასთან დაკავშირებით ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში ვკითხულობთ: ”მან ერთადერთი მსხვერპლი შესწირა ცოდვათათვის, და სამარადისოდ დაჯდა ღვთის მარჯვნივ” (ებრ. 10.12). ერთმანეთთან იმდენად მჭიდროდ არის დაკავშირებული ცოდვათა გამომსყიდველი სიკვდილი ჯვარზე, აღდგომა და ამაღლება, რომ უფალი ლაპარაკობს მათზე როგორც განუყოფელ მთლიანობაზე: ”და როდესაც ავმაღლდები ქვეყნით, ყველას ავიტაცებ ჩემთან” (იოანე 12.32).
სარწმუნოების სიმბოლოს III მუხლში ნახსენები ”გარდამოხდომა ზეცით” მხოლოდ ერთი განსაზღვრული აზრით შეიძლება დავუკავშიროთ ამაღლებას: ხორცშესხმით იწყება და ცად ამაღლებით მთავრდება ღვთის ძის დამცრობა (კენოზისი). ამასთან, არ უნდა დავივიწყოთ, რომ ძე ღმერთის დამცრობას არანაირად არ შეუცვლია მისი შიდასამებრივი მდგომარეობა, რადგან სამჰიპოსტასოვანი ღმერთი მარადიული და უცვლელია და ძე ონტოლოგიურად არის დაკავშირებული მამასა და სულიწმინდასთან, მიუხედავად ნებისმიერი კონკრეტულ-ისტორიული გარემოებებისა. მეორე მხრივ, ხაზი უნდა გაესვას ამაღლების განსაკუთრებულ ხასიათს, სახელდობრ - ღმერთკაცის განდიდებას. ქრისტე არის ახალი ადამი, თავი განახლებული კაცობრიობისა, რომელიც სწორედ მისი სახით ამიერიდან სამარადისოდ ზის დიდებაში ”მარჯვენით მამისა”. ამის მეშვეობით ვხედავთ, რომ გამოსყიდვა არ იყო, უბრალოდ, ცოდვის შედეგად გაჩენილი წყევლისაგან გათავისუფლება, რადგან დიდება, რომელიც ადამიანმა იესო ქრისტეში მოიხვეჭა წარუვალი ბუნებისაა. სწორედ ამიტომ ამბობს მოციქული პავლე: ”გამუდმებით მადლს ვწირავ ღმერთს თქვენს გამო და ჩემს ლოცვებში გიხსენებთ, რათა მოგცეთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღმერთმა დიდების მამამ, სიბრძნისა და გამოცხადების სული მის შესაცნობად; და გაანათლოს თქვენი გონების თვალი, რათა შეიცნოთ, რა არის მისი ხმობის იმედი და როგორია მისი დიადი მემკვიდრეობის სიმდიდრე წმიდათა შორის, ან რარიგ განუზომელია მისი ძალმოსილების სიდიადე ჩვენში, რომელთაც გვწამს მისი მძლეთამძლე ძალის წყალობით, ყველა მთავრობასა თუ ხელმწიფებაზე, ყველა ძალსა თუ უფლებაზე, ყველა იმ სახელზე მაღლა, სახელად რომ ითქმის არა მარტო ამ საწუთროში, არამედ მომავალშიც” (ეფეს. 1.16-21).
ამგვარად ამაღლება არანაირად არ არის ხორცშესხმული სიტყვის ”განძარცვა ხორცისგან”, რადგან ცხონების (ხსნის) ისტორიაში, რომელიც ღვთის ზეჟამიერი განგების მიხედვით მიმდინარეობს , არ არსებობს უკუსვლა. ახალი აღთქმის მოძღვრებას ეკლესიის, როგორც ქრისტეს სხეულის შესახებ შეიძლება ჩავწვდეთ მხოლოდ რწმენით, რომ ქრისტე ამაღლდა და მამის მარჯვენით დაჯდა. ქრისტეს თავის ეკლესიაში საღვთო სიცოცხლე, თუ შეიძლება ასე ითქვას, ორგანულად შეაქვს: ეკლესიის, როგორც სხეულის, თავისა და ამავე სხეულის ასოებს შორის თანხმობის გზით. მამა ღმერთმა ”ყველაფერი ფეხქვეშ დაუმორჩილა მას; და დააყენა ყველაფერზე მაღლა, ეკლესიის თავად, რომელიც არის მისის ხეული” (ეფეს. 1.22), ”იგია სხეულის, ეკლესიის თავი” (კოლ. 1.18). ფხიზელი ღვთისმეტყველება უარს არ ამბობს ამ მტკიცების ძალაზე. მის გარეშე ძალას დაკარგავდა წმიდა წერილის სხვა მტკიცებები, მაგალითად, რომ ეკლესიის წევრებს შესაძლებლობა აქვთ, გახდნენ ღვთიური ბუნების თანაზიარნი. ასევე, მხოლოდ მოძღვრება - ეკლესიის, როგორც ქრისტეს სხეულის შესახებ იძლევა შესაძლებლობას, გავიგოთ მაცხოვრის იდუმალებით მოცული სიტყვები, რომლებიც მეოთხე სახარებამ შემოგვინახა: ”ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ისმენს ჩემს სიტყვებს და სწამს იგი, ვინც მომავლინა, აქვს საუკუნო სიცოცხლე და არ წარუდგება სამსჯავროს, არამედ უკვე გადავიდა სიკვდილიდან სიცოცხლეში” (იოანე 5.24).
სწორედ იმიტომ, რომ ამაღლება ქვეყნიერებიდან წასვლა არ არის, სულთმოფენობა მისი აუცილებელი გაგრძელებაა, რის შესახებაც ნათლად ამბობს მაცხოვარი: ”ჭეშმარიტებას გეუბნებით: გიჯობთ, რომ წავიდე, რადგან თუ არ წავალ, არ მოვა თქვენთან ნუგეშისმცემელი; ხოლო თუ წავალ, მოგივლენთ მას” (იოანე 16.7). ჩვენ სულთმოფენობას ვუწოდებთ გარკვეულ მოვლენას: მოციქულების აღვსებას სულიწმიდით პასექიდან ორმოცდამეთა, სულთმოფენობის დღეს. თუმცაღა, სინამდვილეში, ეკლესიის მთელი ცხოვრება ამ დღის შემდეგ შეიძლება გავიაზროთ როგორც განუწყვეტელი სულთმოფენობა, რადგან ეკლესიის ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა სულიწმიდის მოქმედება. სახელდობრ, ყოველი ევქარისტიის დროს მღვდელი სთხოვს ღმერთს, გარდამოავლინოს თავისი წმიდა სული და მოჰფინოს იგი მლოცველ ერს და წმიდა ძღვენს.
ქრისტე ნებაყოფლობით იქცა მსხვერპლად, რითაც ადამიანი ღმერთთან შეარიგა, ამაღლების შემდეგ კი კაცობრიობა ქრისტეში არის შეერთებული ღმერთთან და მამის მარჯვენით ზის დიდებაში. ახლა თითოეულმა ადამიანმა თვითონ უნდა მოიპოვოს შეთავაზებული ცხონება (ხსნა) ქრისტეში. ადამიანის თავისუფლება რომ არ შეიზღუდოს, ღმერთი გვთავაზობს ცხონებას, მაგრამ თავს არ გვახვევს მას. ქრისტეს ხორცშესხმის შემდეგაც, ისევე, როგორც მანამდე, ადამიანი ცოდვილად და ბოროტების მონად იბადება, მაგრამ მას შემდეგ, რაც ქრისტემ მაცხონებელი საქმე აღასრულა და კაცთა მოდგმის ცოდვა გამოისყიდა, ადამიანს შესაძლებლობა მიეცა, გახდეს ნაწილი ახალი ქმნილებისა - ეკლესიისა, ქრისტეს სხეულისა. ამისთვის საჭიროა, ადამიანი მზად იყოს ღვთისგან მომდინარე მადლის მისაღებად, რადგან თავისი საკუთარი ძალებით იგი ვერაფერს მიაღწევს. სწორედ ამ თვალსაზრისით ეკლესია მკაცრად უარყოფს პელაგიუსის მოძღვრებას ცხონებაზე. თუმცაღა ღვთის ეს აუცილებელი თავდაპირველი ჩარევა სულაც არ ნიშნავს, თითქოს ადამიანი პასიური უნდა იყოს. პირიქით, საჭიროა ყოველ ქრისტიანს ახსოვდეს მაცხოვრის სიტყვები, რომლებითაც იგი მიმართავს თავის მოწაფეებს ყველა დროში: ”ვისაც სურს მე მომდიოს, განუდგეს თავის თავს, აიღოს თავისი ჯვარი, და გამომყვეს მე” (მათე 16.24; მარკ. 8.34; ლუკა 9.23). გამუდმებული ასკეზა არის აუცილებელი იმისთვის, რათა ძველი ადამიანი განვიძარცვოთ და ახალი შევიმოსოთ. ნათლობა არის სატანის ბატონობისგან გათავისუფლება და ქრისტეს სხეულის ნაწილად ქცევა, მაგრამ განუწყვეტელი ბრძოლაა საჭირო საიმისოდ, რათა ეს მონაპოვარი შევინარჩუნოთ და ჩვენს გულში ჩათესილმა სასუფევლის სიტყვამ ნაყოფი გამოიღოს. ეს სულიერი ზეასვლა, რაოდენ რთულიც უნდა იყოს იგი, ქრისტიანული მოძღვრების უეჭველი ოპტიმიზმის წყალობით ხორციელდება. მორწმუნეს ჩაესმის მაცხოვრის სიტყვები, რომლებიც იმედსა და მხნეობას აძლევს მას: ”ჭირი გექნებათ ქვეყნად; მაგრამ გამხნევდით, მე ვძლიე ქვეყანას” (იოანე 16.33).
|
|