მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

ვლადიმერ ლოსკი
სარწმუნოების სიმბოლოს განმარტება
V მუხლი

 

და აღდგა მესამესა დღესა მსგავსად წერილისა.


იესო ქრისტეს აღდგომის რწმენა არის ქრისტიანული მოძღვრების გულისგული; ამიტომ ამბობს პავლე მოციქული კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში: ”ხოლო თუ ქრისტე არ აღმდგარა, ამაოა ჩვენი ქადაგება და ამაოა თქვენი რწმენაც” (I კორ. 15.14). მოციქულები ქრისტეს აღდგომის მოწმენი არიან (იხ. საქმე 1.22). აღდგომა ხომ ქრისტეს მესიობისა და მისი ღმერთობის ბრწყინვალე გამოვლენა იყო. ამ მოვლენისადმი დამოკიდებულება ქმნის ზღვარს, რომელიც რწმენას ურწმუნოებისგან განასხვავებს და, უეჭველია, ეს ძალაში დარჩება ყველა თაობისთვის ჟამთა დასასრულამდე.

მართალია, ებრაელთა უმეტესობა უარს ამბობდა, მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე მესიად მიეჩნია, - სულ ერთია, იესოს მკვდრეთით აღდგომის რეალურობას უარყოფდნენ ისინი, თუ არანაირი დასკვნა არ გამოჰქონდათ ამ ფაქტიდან, - მაგრამ ებრაელებისათვის, სადუკეველთა გამოკლებით, ყოველ შემთხვევაში, თვით მკვდრეთით აღდგომის იდეა მაინც არ იყო უცხო. მაგრამ სხვა ვითარება იყო წარმართებთან: ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის ხარებასა და ქადაგებას გარდაცვლილ ადამიანთა საყოველთაო აღდგომის შესახებ ისინი დიდი გაჭირვებით აღიქვამდნენ. ჩვენს დროში ჩვენ მეტისმეტად იოლად ვივიწყებთ, რომ სულის უკდავების ფილოსოფიურ იდეას ძალიან ცოტა რამ აქვს საერთო მკვდრეთით აღდგომის ბიბლიურ იდეასთან. სწორედ ამიტომ შეხვდნენ მოციქულ პავლეს ქადაგებას არეოპაგში სარკასტული სკეპტიციზმით (საქმე 17.16-34). სწორედ ამიტომ დარჩა ებრაელთა და წარმართთა უმრავლესობა ღვთიური ნიშნებისადმი გულგრილი.

მორწმუნეთათვის, რომლებსაც რწმენამ საშუალება მისცა ამ მოვლენის მთელი მნიშვნელობა გაეგოთ, უფლის აღგომა არის ბრწყინვალე დღესასწაული სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვებისა, წყევლისგან ადამის მოდგმის გათავისუფლებისა. აი, რატომ არის აღდგომა სიხარულით სავსე დღესასწაული, რის შესახებაც მართლმადიდებლური ლიტურგია ამ დღეს განსაკუთრებული მჭევრმეტყველებით ლაპარაკობს: ”პასექი ბრწყინვალედ შუენიერი აღმოგვიბრწყინდა ჩუენ დღეს, პასქა ახალი წმიდა, პასქა სამღუდელო, პასქა ყოვლად-ქებული, პასქა საიდუმლო, პასქა საუფლო, პასქა დიდი, და პასქა უბიწო, პასქა რომელმან სამოთხისა ბჭენი დახშულნი განგუხუნა ჩუენ, პასქა ყოველთა წმიდა-მყოფელი” (დასდებელი აქებდითსა ზედა). ძველი ისრაელისათვის პასექი იყო გახსენება ეგვიპტის უღლიდან გამოხსნისა; ახალი ისრაელისათვის (ანუ ეკლესიისათვის) პასექი (აღდგომა) არის გახსენება სიკვდილის უღლიდან გამოხსნისა. იგი, გარდა ამისა, არის სახარება საყოველთაო აღდგომისა, რომელიც ჭეშმარიტად დაიწყო ქრისტეს აღდგომით.

ეკლესია არა მხოლოდ სააღდგომო ღვთისმსახურების დროს გველაპარაკება ჩვენ აღდგომის დიად საიდუმლოზე, არამედ კვირის ნებისმიერი დღის ღვთისმსახურების დროსაც. აღდგომის თემით არის განმსჭვალული ნათლობის მთელი რიტუალი: ახალმონათლული სულიერად გადადის სატანის ტყვეობიდან ქრისტეში ცხოვრებისკენ. მოციქული პავლე ამბობს: ”ან იქნებ არ იცით, რომ ვინც მოვინათლეთ იესო ქრისტეს მიერ, მის სიკვდილში მოვინათლეთ? და მასთან ერთად დავიმარხეთ სიკვდილში ნათლისღებით; რათა, როგორც ქრისტე აღდგა მკვდრეთით, მამის დიდების მიერ, ასევე ჩვენც განახლებულ სიცოცხლეში ვიარებოდეთ” (რომ. 6.3-4). თვით აღდგომის მომენტი ყოველგვარი ადამიანური ცნობისმოყვარეობისათვის მიუწვდომელი რჩება (მახარებლები ხომ ამ მოვლენის არანაირ აღწერას არ გვაწვდიან). აი, რატომ არის, რომ გადმოცემის ერთგული მართლმადიდებელი ხატწერა არ ხატავს აღდგომის მომენტს, არამედ მხოლოდ მკვდრეთით აღმდგარი ქრისტეს ჩვენებას ხალხის წინაშე, რასაც ბევრი მოწმე ჰყავს. მოციქული პავლეს სიტყვით, ჩვენი უფალი ”ერთდროულად ეჩვენა ხუთასზე მეტ ძმას” (I კორ. 15.6) და იქვე აღნიშნავს, რომ მათი ”უმრავლესობა დღესაც ცოცხალია”, რითაც იმ კორინთელებს, ვისაც ქრისტეს აღდგომის რეალურობა აეჭვებდათ, მიანიშნებს, რომ შეეძლოთ აღდგომის თემაზე ამ მოწმეებთან ესაუბრათ. მიუხედავად ამისა, ქრისტეფანიები (ქრისტეს გამოჩინებები) იმდენად გრანდიოზული არ ყოფილა, რომ არათუ მთელ კაცობრიობას, თუნდაც მხოლოდ მთელ იერუსალიმს ეღიარებინა ქრისტეს აღდგომა. ასეთი ყოვლისმომცველი იქნება იესო ქრისტეს მეორედ მოსვლა, როდესაც იგი დიდებით გამოგვიჩნდება ცოცხალთა და მკვდართა გასასამართლებლად. იმ დრომდე ყოველ ადამიანს არჩევანის თავისუფლება აქვს მინიჭებული და იმ ხალხისთვის, ვისაც სურს, იქცეს საღვთო მადლის ჭურჭლად, ნუგეშად ჟღერს მკვდრეთით აღმდგარი ქრისტეს სიტყვები: ”ნეტარ არიან ისინი, ვისაც არ ვუხილვარ და მაინც მიწამებს” (იოანე 20.29). ამიტომ არის, რომ ქრისტიანთა თაობები მოციქულთა მოწამეობიდან 20 საუკუნის შემდეგაც უყოყმანოდ ვიმეორებთ: ”აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ, თაყვანის-ვჰსცეთ წმიდასა ამას უფალსა დიდებისასა იესოს, მხოლოსა ღმერთსა ჩუენსა, და ესრეთ ხმა ვჰყოთ: ჯუარსა შენსა თაყუანის-ვჰსცეთ, ქრისტე მეუფეო, და წმიდასა აღდგომასა შენსა ვუგალობთ და ვადიდებთ”. და აი, მენელსაცხებლე დედების მსგავსად, ქრისტიანები სულიერად მიემართებიან ქრისტეს სამარხისაკენ, რათა მოისმინონ სიტყვები ანგელოზისა, რომელიც მათ მაცხოვრის აღდგომას ახარებს. ქრისტიანი არ შეიძლება აღდგომის ჭეშმარიტების მარტოოდენ ინტელექტუალური აღიარებით შემოიფარგლოს. ყოველ მონათლულ ადამიანს უნდა შეეძლოს მოციქულ პავლესთან ერთად თქვას: ”ქრისტესთან ერთად ვეცვი ჯვარს; და მე კი აღარ ვცოცხლობ, არამედ ქრისტე ცოცხლობს ჩემში” (გალ. 2.20). ქრისტიანის მდგომარეობა პარადოქსულია: იგი ამსოფლად ცხოვრობს, მაგრამ ქრისტესთან კავშირის გამო წყვეტს მასთან კავშირს, რადგან ”ამ სოფელს” არ სურს ქრისტეს მეუფება აღიაროს.

სარწმუნოების სიმბოლოს მტკიცებით, უფალი ”აღდგა მესამესა დღესა მსგავსად წერილისა”. ამ სიტყვებს ბევრად უფრო მდიდარი შინაარსი აქვს, ვიდრე ეს ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს. ეს არის ორმაგი დამოწმება ძველი აღთქმისა (ტერმინი ”წერილი” აქ ძველ აღთქმას აღნიშნავს). ეს არის პირდაპირი მითითება წინასწარმეტყველურ მოწმობაზე იონას წიგნიდან. ჩვენი უფალი ლაპარაკობს ”იონას სასწაულზე”, როგორც მისი დამარხვისა და მკვდრეთით აღდგომის პროტოტიპზე (მათ. 12.39-40 და 16.4; ლუკა 11.29-30 და 32). მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე კი ახლა უკვე მთელი ძველი აღთქმის შესახებ ესაუბრება დაბა ემაუსისკენ მიმავალ მგზავრებს: ”ეჰა, უგუნურნო და გულმძიმენო რწმენისა და ყოველივე იმის მიმართ, რასაც ამბობდნენ წინასწარმეტყველნი! განა ასე არ უნდა ვნებულიყო ქრისტე და შესულიყო თავის დიდებაში? და მოსედან და ყველა წინასწარმეტყველიდან მოყოლებული უხსნიდა მათ, რაც ითქვა მისთვის მთელს წერილში” (ლუკა 24.25-27). მოციქულებს უფალი ეუბნება: ”აი, სიტყვები, რომლებსაც ჯერ კიდევ თქვენთან მყოფი გეუბნებოდით: რომ უნდა აღსრულდეს ყველაფერი, რაც დაწერილია ჩემთვის მოსეს რჯულში და წინასწარმეტყველთა მიერ და ფსალმუნებში. მაშინ გაუხსნა მათ გონება, რათა შეეცნოთ წერილი. და უთხრა მათ: ასე დაიწერა და ასე უნდა ვნებულიყო ქრისტე და მესამე დღეს აღმდგარიყო მკვდრეთით” (ლუკა 24.44-46). დავძენთ, რომ, როდესაც ებრაელები ამბობდნენ ”რჯული”, ”წინასწარმეტყველნი” და ”ფსალმუნები”, ეს შეესაბამებოდა ებრაული ბიბლიის დაყოფას სამ ნაწილად და აღნიშნავდა მთელ წმიდა წერილს.

ქრისტიანული კატეხიზაციის საწყის ეტაპზე უაღრესად მნიშვნელოვან როლს ასრულებდა მითითება ძველი აღთქმის მოწმობებზე ქრისტეს აღდგომის შესახებ. ამაში ადვილად დავრწმუნდებით, თუკი წავიკითხავთ მოციქულ პეტრეს მიმართვას ხალხისადმი სულთმოფენობის დღეს (საქმე 2.14-36, განსაკუთრებით კი 25-35).