მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

ვლადიმერ ლოსკი
სარწმუნოების სიმბოლოს განმარტება
IV მუხლი

 

და ჯვარს ეცვა ჩვენთვის პონტოელისა პილატეს-ზე და ივნო და დაეფლა


უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მიერ კაცთა მოდგმის ხსნის ღვაწლი ერთიანი და განუყოფელია. განკაცება, ჯვარზე სიკვდილი, აღდგომა მხოლოდ ხსნის მთლიანი ღვაწლის თანმიმდევრული ეტაპებია.

სარწმუნოების სიმბოლოს მე-4 მუხლში, რომელშიც ნათქვამია, რომ მაცხოვარი ”ჯვარს ეცვა... ივნო და დაეფლა”, აღნიშნულია ისიც, თუ როდის მოხდა ეს: ”პონტოელისა პილატეს-ზე”. ამით ხაზგასმულია უფლის ჯვარცმისა და ტანჯვის ისტორიულობა. მაშინ, როცა წარმართული ღმერთებისა და გმირების ღვაწლი გადააქვთ შორეულ და საარაკო წარსულში, ქრისტეს მაცხოვნებელი ღვაწლი აღსრულდა გარკვეულ ისტორიულ მომენტში და კონკრეტულ ისტორიულ გარემოში.

აღსანიშნავია, რომ ამ მუხლშიც მეორდება სიტყვა ”ჩვენთვის”, რომელიც უკვე შეგვხვდა წინა მუხლში, განკაცებას რომ შეეხებოდა: იესო ქრისტეს მაცხოვნებელი სიკვდილი მიტევების და შერიგების წყარო არის არა მხოლოდ კაცობრიობისათვის მის მთლიანობაში, არამედ თითოეული ცალკე აღებული მორწმუნისთვისაც. ქრისტესა და თითოეულ ქრისტიანს შორის არსებობს პირადი კავშირი და ყოველი ჩვენგანისადმი არის მომართული სიტყვები: ”ვისაც სურს მე მომდიოს, განუდგეს თავის თავს, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს მე” (მათე 16.24; მარკ. 8.34; ლუკა 9.23).

ჯვარზე სიკვდილი განუყოფელია აღდგომისაგან, მაგრამ განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს, რათა რამენაირი მცდარი ინტერპრეტაციით მაცხოვრის ტანჯვის დიდებამოსილებას არაფერი დავაკლოთ. და თუ უფლის აღდგომით მისი გამარჯვება გაცხადდა, მისი ჯვარზე სიკვდილი ბოროტი ძალის დამარცხებას მოასწავებდა. ჯვარცმული იესოს სიტყვები - ”ელი, ელი, ლამა საბაქთანი?” - არის სიტყვები სამესიო 21(22) ფსალმუნისა და ისინი გამოხატავენ არა მხოლოდ მართლის ტანჯვას, არამედ იმედსაც, რომელსაც იგი ღმერთზე ამყარებს. ეს სიტყვები უნდა გავიაზროთ წმიდა წერილის სხვა მონაკვეთებთან კავშირში: ჯერ ერთი, ესაიას წინასწარმეტყველებასთან ერთად, იეღოვას მორჩილის შესახებ (ეს. 52.13-15; 53.1-18) და, აგრეთვე, მომაკვდავი იესოს უკანასკნელ სიტყვებთან ერთად: ”აღსრულდა” (იოანე 19.30). ამ დიდებას, რომლითაც ქრისტეს ტანჯვა არის მოსილი ყველგან ხაზს უსვამს ტრადიცია: აღმოსავლეთში ჯვარი ყოველთვის ”ცხოველმყოფელია”, დასავლურ ლიტურგიკაში მაცხოვრის ჯვარზე ვნებას (პასია) ეწოდება ”დიდებული” ან ”ნეტარი”. ამგვარ გაგებას სწორად ასახავს მართლმადიდებლური იკონოგრაფია, რომლისთვისაც უცხოა ჯვარცმის ავადმყოფური ჭვრეტა. ეკლესიას ახსოვს, რომ ”დღეს დამოეკიდების ძელსა, რომელმან დაჰკიდა ქუეყანა წყალთა ზედა” (მე-15 აღსავალი დიდი პარასკევის ღვთისმსახურების ჰიმნისა). ოღონდ აქედან არ უნდა გამოვიტანოთ დასკვნა, თითქოს იგი ფიქრს არიდებდეს ჯვარცმული იესოს ნამდვილ და საშინელ სატანჯველს. პირიქით, მწუხარებით და სიყვარულით შეძრული ეკლესია ღაღადებს: ”წმიდისა გუამისა შენისა თვითოეულმან მან ასომან ჩუენთვის შეურაცხება დაითმინა, თავმან ეკლისა გვირგვინი, და პირმან ნერწყუა, და ღაწუთა ყურმილის ცემა, და ბაგეთა ძმარი და ნაღველი, და ყურთა უღვთოთა მათ გმობა ბოროტი და ყუედრება, ხოლო ბეჭთა გუემა შოლტითა, ხელმან ლელწამი, და ყოველმან ხორცმან განკუართა ჯუარსა ზედა, და კუალად ნასხამნთა სამსჭუალნი, და გუერდმან ლახურისა წყლულება, რომელმან ივნე ჩუენთვის მხსნელო, და ვნებათაგან მიხსენ ჩუენ, კაცთმოყუარებისათვის რა გუაზიარენ ვნებითა და დამდაბლდი ვიდრე სიკუდიმდე, და აღგვამაღლენ შენთანა, ქრისტე ყოვლად ძლიერო, გუაცხოვნენ და შეგვიწყალენ ჩუენ” (დიდი პარასკევის ცისკარზე მე-2 დასდებელი ”აქებდითსა ზედა”).

ქრისტეს ჯვარზე სიკვდილმა დაცემულ კაცობრიობას ცოდვათა გამოსყიდვა და ღმერთთან შერიგება მოუტანა - ეს არის ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი უმთავრესი დოგმატი. მცდარი ან ყოველ შემთხვევაში, მეტისმეტად ნაკლულია ამ დოგმატის იმგვარი განმარტება, რომლის მიხედვით, გამოსყიდვა ეთიკურ-იურიდიული კატეგორია ხდება. სწორედ ამ ტენდენციით არის აღბეჭდილი შუა საუკუნეებიდან მოყოლებული, დასავლური ღვთისმეტყველება, რითაც ძველი ქრისტიანული აზრის დამაჯერებელი რეალიზმი ზიანდება. ეთიკურ-იურიდიული პერსპექტივა ხაზს უსვამს პირველი ცოდვის შედეგად, ღვთისთვის მიყენებულ შეურაცხყოფას, რომელიც საზღაურს მოითხოვს, რათა ღვთის რისხვა შესუსტდეს. ღვთის ხორცშესხმული ძის სიკვდილი სწორედ ასეთი გულმოსალბობი მსხვერპლი იყო. მართლმადიდებლური აზრი, რომელიც ეყრდნობა წმიდა წერილს, აგრეთვე ლიტურგიკულ გადმოცემას და წმიდა მამათა ძველ ტრადიციას, სხვაგვარად განმარტავს გამოსყიდვას: პირველი ცოდვა იყო მწარე ნაყოფი თავისფულებისა, რომელიც ადამიანს შემოქმედმა უბოძა. ღმერთს თავისუფალი არსების თაყვანისცემა და სიყვარული სურდა, რადგან მხოლოდ თავისუფლება სძენს აზრს სიყვარულს. არჩევანის ნების გარეშე, - რაც უარყოფის შესაძლებლობასაც მოიცავს, - ადამის სიყვარული ღვთისადმი სხვა არაფერი იქნებოდა, თუ არა ანარეკლი ღვთის სიყვარულისა საკუთარი თავისადმი, მსგავსად სინათლის ათინათისა, სარკეში რომ ირეკლება. ბოროტების არჩევით, ადამიანმა უღალატა თავის მოწოდებას და მტრის მონობაში აღმოჩნდა. მაგრამ ღმერთმა არ გაწირა ადამიანი, უნებისყოფოდ მინებებოდა საკუთარ ვნებათა დინებას. ზოგიერთი წმიდა მამა - ირინეოს ლიონელი და თეოფილე ანტიოქიელი - ღვთის მიმტევებლობას პირველი ადამიანების უმწიფარობით ხსნის. მართალია, ადამიანმა თავისუფალი ნებით შესცოდა, მაგრამ სრული პასუხისმგებლობა ცოდვის არჩევის გამო მას მაინც არ ეკისრება. შერიგება მოხდა იესო ქრისტეში, ჭეშმარიტ ღმერთსა და ჭეშმარიტ ადამიანში. მან საკუთარი ნებით მიიღო სიკვდილი, რითაც ძლევამოსილად დასძლია მისი ძალაუფლება, რადგან სიკვდილმა ვერ შეძლო ღმერთკაცის დამარცხება. ცოდვის არმქონე ადამიანი, ეშმაკის მონობისგან გათავისუფლებული, ახალი კაცობრიობის პირველი წარმომადგენელი იესო ქრისტე, მამის წინაშე წარდგება, როგორც წმიდა მსხვერპლი, როგორც უმანკო კრავი. იესო ქრისტეს სიკვდილის სამსხვერპლო ასპექტი მჭიდროდ არის დაკავშირებული ძველ აღთქმასთან, რომელიც ამ მსხვერპლით გასრულდა და გადაილახა. ძველი რჯულის მსხვერპლშეწირვები ღვთის წყალობის მოსაპოვებლად ხდებოდა, რათა ღმერთს ცოდვათა მიტევება ებოძებინა. ისინი ქრისტეს სრულყოფილი მსხვერპლის პროტოტიპები, მისი წინამომასწავებლები იყვნენ. ქრისტე არის ღვთისთვის შეწირული არა მხოლოდ უკანასკნელი, არამედ ერთადერთი ჭეშმარიტი მსხვერპლი. ამის შესახებ ნათქვამია ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში: ”სწორედ ასეთი მღვდელმთავარი გვშვენოდა: წმინდა, უმანკო, უმწიკვლო, ცოდვილთაგან განრიდებული და ზეცათა უზენაესი, რომელსაც იმ მღვდელმთავრებივით როდი სჭირდება ჯერ თავის, ხოლო შემდეგ ხალხის ცოდვებისათვის ყოველდღე სწირავდეს მსხვერპლს, რადგან ეს ერთხელ და სამუდამოდ აღასრულა, როცა შესწირა თავი. ვინაიდან რჯული მღვდელმთავრებად ადგენს უმწეო ხალხს, ხოლო ფიცის სიტყვა, რჯულის შემდგომ, - ძეს, უკუნისამდე სრულქმნილს” (ებრ. 7.26-28).

სიკვდილის შემდეგ უფალი დაასაფლავეს და მისი სხეული მესამე დღემდე სამარხში დარჩა. სააღდგომო ღვთისმსახურების ტროპარი ამ მომენტზე დიდი საღვთისმეტყველი სიზუსტით ამბობს: ”საფლავად ხორცითა შეხვედ, ხოლო ჯოჯოხეთს სულითა, ვითარცა ღმერთი, და სამოთეს ავაზაკისა თანა, და საყდართა მამისა და სულისა თანა განუშორებელ იყავ, ქრისტე, რომელი ყოველსავე აღავსებ, გარეშემოუწერელო უფალო”. მიწიერი ცხოვრების დროს მაცხოვარს არაერთხელ უსაუბრია თავისი დამარხვის შესახებ: ”უკეთური და მემრუშე მოდგმა სასწაულს ეძებს; მაგრამ სასწაული არ მიეცემა მას, გარდა იონა წინასწარმეტყველის სასწაულისა” (მათე 12.29; ლუკა 11.29; მარკ. 8.12), და კიდევ: ”დაანგრიეთ ეს ტაძარი და სამ დღეში აღვადგენ მას” (იოანე 2.19).

ქრისტე ჯოჯოხეთში ჩავიდა როგორც გამათავისფულებელი, თავისი სიკვდილით დათრგუნა სიკვდილი, რომელიც სამყაროში ცოდვის გზით შემოვიდა, და გახდა ახალი ადამი, პირველი წული ადამიანთა იმ ახალი მოდგმისა, რომელსაც ძლევამოსილ ქრისტესთან კავშირის წყალობით შეუძლია კვლავ მოიპოვოს ერთობა ღმერთთან.