მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

ვლადიმერ ლოსკი
სარწმუნოების სიმბოლოს განმარტება
III მუხლი

 

რომელი ჩვენთვის, კაცთათვის და ჩვენისა ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით, და ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისგან ქალწულისა განკაცნა


სარწმუნოების სიმბოლოს მეორე მუხლში საუბარია ძეზე - მის ონტოლოგიურ და ზეჟამიერ (”უწინარეს ყოველთა საუკუნეთა”) კავშირზე მამასთან. მესამე მუხლში კი საუბარია ძის ხორცშესხმის შესახებ.

ახალი აღთქმის გამოცხადება საზეიმოდ გვახარებს, რომ მესია, რომელსაც ისრაელი ელოდა - ხორცშესხმული სიტყვა ღვთისა - არის ძველი აღთქმის აღსრულებაც და გადალახვაც ერთდროულად. წინასწარმეტყველნი გარკვევით ამბობდნენ, რომ მესიის (ე.ი. ღვთის წარმოგზავნილის) მოსვლასთან ერთად ახალი ერა დადგებოდა. მათ ამ მესიის ხატიც კი მკაფიოდ განსაზღვრეს: მაგალითად, წინასწარმეტყველ ესაიას წიგნში დახატულია სახე დამცირებული და შეურაცხყოფილი მონისა (ეს. 53). მეორე მხრივ, ებრაული ღვთისმცოდნეობა, რომელიც მკაცრი მონოთეიზმის ერთგული რჩებოდა, მართალია წინასწარჭვრეტდა ღვთის სიბრძნის ერთგვარ პერსონალიზაციას (იგავ. 8-9; ეკლ. 1), მაგრამ მას არასოდეს დაუახლოებია მესია-გამათავისუფლებლის პიროვნება ღვთის ჰიპოსტასად მოაზრებულ სიბრძნესთან. გარდა ამისა, ძველი ეპოქის ბოლო საუკუნეებში ებრაელებში ყვაოდა ქსენოფობიური ელფერის მქონე ებრაული ნაციონალიზმი, რომელმაც დააბნელა ძველ წინასწარმეტყველთათვის დამახასიათებელი უნივერსალური ხედვა მესიისა. ასეთ ვითარებაში კი ბევრი მორწმუნე მესიისაგან ებრაული სახელმწიფოს აღდგენას მოელოდა. ვიდრე სულიწმიდა მოეფინებოდათ, თვით მოციქულებიც კი არ იყვნენ ამგვარი წარმოდგენისგან სრულიად თავისუფალნი (საქმე 1.6).

სარწმუნოების სიმბოლოს მესამე მუხლი გამოძახილია სახარების სიტყვებისა: ”სიტყვა ხორცი გახდა და დაემკვიდრა ჩვენს შორის” (იოანე 1.14). ეკლესია ყოველთვის განსაკუთრებული გულმოდგინებით იცავდა მოძღვრებას ხორცშესხმის შესახებ იმათგან, ვინც უარყოფდა ან ამახინჯებდა ამ ჭეშმარიტებას, რომელზეც მთელი ჩვენი ხსნის იმედი არის დაფუძნებული. სარწმუნოების სიმბოლოს წინა მუხლის განხილვისას ჩვენ ხაზი გავუსვით იმას, რომ ეკლესია იესო ქრისტეს აღიარებდა ჭეშმარიტ ღმერთად და ჭეშმარიტ ადამიანად. მართლმადიდებლობა დაუნდობლად ებრძოდა დოკეტისტებს, რომელთა მისტიკური დუალიზმი უარყოფდა ხორცშესხმის რეალურობას. სწორედ ამ ერეტიკოსებს გულისხმობს წმიდა იოანე ღვთისმეტყველი, როდესაც თავის პირველ ეპისტოლეში წერს: ”ამით იცნობთ ღვთის სულს: ყოველი სული, რომელიც აღიარებს იესო ქრისტეს ხორციელად მოსულს, ღვთისაგან არის. ხოლო ყოველი სული, რომელიც არ აღიარებს იესო ქრისტეს, ხორციელად მოსულს, ღვთისაგან კი არ არის, არამედ ესაა ანტიქრისტეს სული” (I იოანე 4.2-3). ხოლო თავის მეორე ეპისტოლეში იგი წერს: ”მომრავლდნენ მაცთურნი ქვეყნად, რომელნიც არ აღიარებენ იესო ქრისტეს, ხორციელად მოსულს; ეს არის მაცთური და ანტიქრისტე” (II იოანე 1.17). ამით წმიდა ეკლესია არა მხოლოდ დოკეტიზმის ერესისგან გვაფრთხილებს, არამედ ყოველგვარი ფსევდოსპირიტუალიზმისგან, რომელიც თავისი მოძღვრების ცენტრში არ აყენებს იესო ქრისტეს - ხორციელად მოსულ სიტყვას ღვთისას.

განკაცება - ეს არის მოვლენა, რომელსაც ბადალი არ მოეპოვება ცხონების (ხსნის, გადარჩენის) ისტორიაში. ამ მოვლენამ ძირფესვიანად გარდაქმნა ისტორია, რადგან ღვთის სიტყვის განკაცებით სრულიად გარდაიქმნა ურთიერთობა ადამიანსა და ღმერთს შორის. ქრისტიანულ მოძღვრებაში დროის დინება წარმოდგენილია არა ციკლურად, არამედ სწორხაზოვნად: დროს აქვს თავისი დასაწყისი - იგი სამყაროს შექმნით იწყება და ექნება დასასრული - საბოლოო სამსჯავრო. ერთ ადგილას ეს სწორი ხაზი ღვთის სიტყვის განკაცებით არის გაწყვეტილი. მოციქულებს და პირველ საუკუნეთა ქრისტიანებს, უეჭველია, კარგად ესმოდათ განკაცების გადამწყვეტი მნიშვნელობა, რაშიც ისინი სამართლიანად ხედავდნენ წინასწარმეტყველთა მიერ ნაუწყები ესქატოლოგიური ერის დასაწყისს (იხ. საქმე 2.14-36, აქ აღსანიშნავია მითითება იოველ წინასწარმეტყველზე, 3,1-5). ეკლესიის დიდი მოძღვარი წმიდა ირინეოს ლიონელი (II ს. დასასრული) განკაცების შემდეგ დამდგარ ერას უწოდებს “novissima tempora”-ს, უახლოეს დროებას, ანუ უკანასკნელ ჟამს (ერესების წინააღმდეგ, 3.24,1).

აშკარაა სარწმუნოების სიმბოლოს ტერმინოლოგიის სიმარტივე და დოგმატურ განმარტებათა შეკუმშულობა. აქ ასევე უნდა გვახსოვდეს, რა იყო ნათქვამი სიმბოლოს წინა მუხლის კომენტარში: მრწამსისათვის აუცილებელია შეგნებული უარყოფა ყოველგვარი გონებაჭვრეტითი საღვთისმეტყველო კონსტრუქციებისა.

ხორცშესხმის მიზეზი მოკლედ არის განმარტებული: ”ჩვენთვის კაცთათვის და ჩვენისა ცხოვრებისათვის”. სარწმუნოების სიმბოლოში ზედმეტი იქნებოდა უსაგნო და მნიშვნელობას მოკლებული მსჯელობა საკითხზე: მოხდებოდა თუ არა განკაცება და გამოსყიდვა, რომ არ ყოფილიყო ადამიანის ცოდვით დაცემა? მეორე მხრივ, ასეთი ფორმულირება წმიდა წერილის ცხად და გასაგებ სიტყვებთან ერთად - ”რადგან ეს კეთილად და სათნოდ უჩანს მაცხოვარს ჩვენსას, ღმერთს, რომელსაც სურს, რომ ყველა კაცი ცხონდეს და ეზიაროს ჭეშმარიტების შემეცნებას” (I ტიმ. 2.3-4) - ნათელყოფს, რომ ”ცხონება” (ხსნა, გადარჩენა) საყოველთაოა და ის მთელ კაცობრიობას მიეცა. თავისთავად ცხადია და საგანგებო განმარტებას არ საჭიროებს, რომ გამოთქმა ”ჩვენთვის კაცთათვის...” მიესადაგება არა მხოლოდ სიმბოლოს ამ მუხლს, არამედ ყველა შემდგომ მუხლსაც, სადაც საუბარია განკაცებული სიტყვის მაცხოვნებელ ღვაწლზე.

სიტყვები: ”გარდამოხდა ზეცით”, ცხადია, არ გულისხმობს რაღაც უხეშად მატერიალურს: ისინი მიუთითებენ ღვთის უსაზღვრო მოწყალებაზე, რომელიც განკაცებაში გამოვლინდა და ამ მოვლენის მთელ რეალურობაზე, რომლის იდუმალი სიდიადე მშვენივრად არის გამოხატული წმიდა სოფრონის (VII ს.) დოგმატურ წერილში: ”ხორცს ისხამს ის, ვინც არის უხორცო; ჩვენს ხატს იღებს ის, ვისაც თავისი საღვთო არსით არ გააჩნია გარეგნობა, ანუ ხილული ხატი; ჩვენს მსგავს სხეულს იძენს ის, ვინც უსხეულოა; იგი ჭეშმარიტი ადამიანი ხდება და განუწყვეტლივ განაგრძობს ყოფნას ჭეშმარიტ ღმერთად; თავისი დედის მუცელში მკვიდრობდა იგი, ვინც სუფევს მარადიული მამის წიაღში; იგი, ზეჟამიერი, მოდის ჟამში და ამას აკეთებს არა თვითნებობით, არამედ საკუთარი თავის ნამდვილი, ჭეშმარიტი და სრული დამცირებით, თანახმად თავისი მამის და თავისი საკუთარი ნებისა; მან მიიღო მთელი ჩვენი ადამიანური ბუნება, შეისხა ხორცი, ერთარსი ჩვენი ხორცისა, მიიღო სული გონიერი, მსგავსი ჩვენი სულისა, გონება - მსგავსი ჩვენი გონებისა, რადგან მისგან შედგება ადამიანი”. უნდა აღვნიშნოთ, რომ საჭიროა სწორად გავიგოთ მოციქულ პავლესგან ნასესხები სიტყვა: ”დაიმცირა” (”არამედ თავი თჳსი დაიმდაბლა და ხატი მონისაჲ მიიღო და მსგავს კაცთა იქმნა” - ფილიპ. 2.7) - ხორცშესხმისას ქრისტემ განიძარცვა არა თავისი საღვთო ბუნება, არამედ დიდება, რომელიც განკაცებამდე ჰქონდა და რომელიც მხოლოდ ერთხელ გამოამჟღავნა მოციქულთა წინაშე, როდესაც თაბორის მთაზე იცვალა ფერი.

ეკლესიური აღსარებით ჩვენმა უფალმა ”ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა განკაცნა”, რაც შეესაბამება იმას, რის შესახებაც დაწვრილებით მოგვითხრობს სახარება (მათე 1.18-25; ლუკა 1.26-38). ყოვლადწმიდა ქალწული მარიამის ხსენება ხაზს უსვამს ადამიანური მხარის მთელ რეალურობას ჩვენს მაცხოვარში, ვინც იყო მესია დავითის მოდგმიდან, რომლის შესახებაც ძველი აღთქმა გვამცნობდა. განკაცება მოხდა არა მხოლოდ წმიდა სამების მიერ ქვეყნის შექმნამდე წინასწარგანჩინებული გადაწყვეტილებით (I პეტ. 1.17-20), არამედ ყოვლადწმიდა ქალწულის თანხმობითაც. ღვთის სიტყვისადმი ამ ნდობით სავსე მორჩილებას საეკლესიო ტრადიცია მიიჩნევს პასუხად ევას ურჩობაზე. II საუკუნის პირველ ნახევარში წმიდა იუსტინე წერდა: ”ჩვენთვის გასაგებია - ქრისტე იმიტომ განკაცდა ქალწულისაგან, რომ გველისგან წაქეზებული ურჩობა იმავე გზით დამთავრებულიყო, რომლითაც დაიწყო. და მართლაც, ქალწულმა და უბიწო ევამ დაუჯერა გველის სიტყვას და ურჩობა და სიკვდილი შვა; ხოლო ქალწულმა მარიამმა რწმენა და სიხარული იგრძნო, როდესაც მთავარანგელოზმა გაბრიელმა ახარა, რომ მასზე სულიწმიდა გადმოვიდოდა და უზენაესის ძალა მოუჩრდილებდა, და რომ მის მიერ შობილი ძე უზენაესის ძედ იწოდებოდა. მარიამმა უპასუხა: ”მეყოს მე სიტყვისაებრ შენისა!” ამგვარად, ქალწული მარიამისგან იშვა იგი, ვის შესახებ ამდენი რამ იყო ნათქვამი წმიდა წერილში. ქალწულის მეშვეობით შემუსრა ღმერთმა სამეფო გველისა და იმ ანგელოზებისა და იმ ადამიანებისა, რომელნიც მას მიემსგავსნენ, ხოლო ისინი, ვისაც სწამთ ღმერთი და ვინც ინანიებს თავის ცოდვებს, სიკვდილისგან იხსნა”. ეს წმიდა მამა, რომელიც ძალიან ახლოს იდგა მოციქულთა თაობასთან, განსაკუთრებული დოგმატური სიზუსტით განგვიმარტავს იმ საფუძვლებს, რომლებზეც არის დაფუძნებული ყოვლადწმიდა მარიამის ქრისტიანული თაყვანისცემა. განკაცების შედეგად ქრისტე თავისი ადამიანური ბუნებით გახდა ყოველნაირად ჩვენი მსგავსი, გარდა ცოდვისა (ებრ. 2.17; რომ. 8.3; ფილიპ. 2.7).