| |
ვლადიმერ ლოსკი სარწმუნოების სიმბოლოს განმარტება II მუხლი
და ერთი უფალი იესო ქრისტე, ძე ღვთისა, მხოლოდშობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა; ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არა ქმნილი, ერთარსი მამისა, რომლისაგან ყოველი შეიქმნა
სარწმუნოების სიმბოლოში არის აშკარა არაპროპორციულობა: ერთადერთ მუხლზე, რომელიც ყოვლადწმიდა სამების პირველ პირს შეეხება, მოდის ექვსი მუხლი, რომელიც მის მეორე პირს შეეხება. ეს ადვილი ასახსნელია: სამყაროს შემოქმედი ერთი ყოვლისშემძლე ღმერთის რწმენა საერთო იყო როგორც იუდაიზმის, ისე ქრისტიანობისათვის. მაგრამ სულ სხვა ვითარებაა უფლისა ჩვენის იერო ქრისტეს პიროვნებასა და საქმესთან დაკავშირებით.
კავშირი მამა ღმერთისა ძესთან უწინარეს ყოვლისა, წამოჭრის მონოთეიზმის (ერთღმერთიანობის) საკითხს. ახალი აღთქმა უეჭველად აღიარებს, რომ ძე არის ღმერთი (იოანე 1.1), მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უარყოფს მკაცრ მონოთეიზმს. მამა და ძე ერთი არიან (იოანე 17.22), მაგრამ ამ ერთობის სხვადასხვა გაგებამ, სხვადასხვა მიდგომამ ამ ჭეშმარიტებისადმი, გამოიწვია მძაფრი დაპირისპირება და აზრთა შეურიგებელი სხვადასხვაობა. ჩამოყალიბდა ორი მცდარი თვალსაზრისი. ერთი მათგანი, რომლის მიხედვით მამასა და ძეს შორის არანაირი განსხვავება არ არსებობს, ეკუთვნის მოდალისტებს, ხოლო არიოზელები უარყოფდნენ, რომ ძე ღმერთობის მთელ სისავსეს ფლობდა. მეორე მხრივ, ადამიანური ელემენტის სრული რეალურობა ჩვენს უფალ იესო ქრისტეში წამოჭრის საკითხს მის პიროვნებაში ადამიანურისა და ღვთაებრივის თანაფარდობისა და ურთიერთმიმართების შესახებ. კამათი ამ საკითხებზე ფართოდ გაიშალა სარწმუნოების სიმბოლოს ჩვენი რედაქციის ჩამოყალიბების შემდგომ პერიოდში, რის გამოც ეკლესია იძულებული გახდა ახალი განსაზღვრებებით დაეზუსტებინა, - განსაკუთრებით ეფესოს (431 წ.) და ქალკედონის (451 წ.) მსოფლიო კრებებზე, - ის, რაც უკვე ნაგულისხმევი იყო ნიკეა-კონსტანტინოპოლის სიმბოლოში.
აქ ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ სომბოლოს ის მუხლები, რომლებიც შეეხება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს პიროვნებასა და მის საქმეს, აგრეთვე მომდევნო მსოფლიო კრებების განმარტებები, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მივიჩნიოთ უსაფუძვლო მსჯელობად, რომელმაც, ასე ვთქვათ, აამღვრია ახალ აღთქმაში მოცემული სახარება; ეკლესია ამ დოგმატების მეშვეობით იცავს თავად საფუძველს ახალაღთქმისეული გამოცხადებისა - ეს არის ცხონების (ხსნის, გადარჩენის) სახარება, რომელიც კაცობრიობას ახარა იესო ქრისტემ. მაგრამ თუ ქრისტე მთელი სისავსით და რეალობით არ არის ღმერთი და ადამიანი, უფსკრული ღვთაებრივსა და ადამიანურს შორის დაუძლეველი იქნება. ჩვენ ქვემოთ მივუბრუნდებით ამ საკითხს, როცა სიმბოლოს იმ მუხლებს განვიხილავთ, რომლებიც ხორცის შესხმასა და გამოსყიდვას შეეხება.
სარწმუნოების სიმბოლოს იმ ექვსი მუხლიდან, რომლებიც ყოვლადწმიდა სამების მეორე პირს შეეხება, პირველში საუბარია ძისაა და მამის ონტოლოგიურ კავშირზე, მაშასადამე, ისეთ კავშირზე, რომელიც ”უწინარეს ყოველთა საუკუნეთა” არსებობდა, ხოლო დანარჩენი ხუთი მუხლი იესო ქრისტეს მიერ კაცობრიობის ხსნის საქმეზე მოგვითხრობს.
სარწმუნოების სიმბოლოს მეორე მუხლში ეკლესია, უწინარეს ყოვლისა, აღიარებს ღვთის მხოლოდშობილ ძეს. ამით უარყოფილია ერეტიკული მოძღვრება ნაშვილებობის შესახებ, რომლის მიხედვით იესო ქრისტე მარტოდენ ღვთის მიერ ნაშვილები ადამიანი იყო. მხოლოდ იესო ქრისტე არის თავისი ბუნებით ძე ღვთისა. ქრისტიანთა შვილობა, რომლებიც ნათლობის მეშვეობით ვხდებით ღვთის შვილები ქრისტეში, არანაირად არ აუქმებს ძირეულ განსხვავებას შეუქმნელ და ქმნილ არსებობას (ყოფიერებას) შორის. ჩვენ ღვთის შვილები ვხდებით მადლის მეშვეობით, ქრისტე არის ძე ღვთისა საღვთო ბუნებით. და ჩვენი გადაქცევა ღვთის შვილებად მადლის მეშვეობით მხოლოდ იმიტომ გახდა შესაძლებელი, რომ ქრისტე საღვთო ბუნებით არის ძე ღვთისა.
როდესაც წარმოვთქვამთ, ”გვწამს ძე... მამისაგან შობილი უწიანრეს ყოველთა საუკუნეთა”, ჩვენ იმას კი არ ვამბობთ, რომ ეს შობა, უბრალოდ, წინ უსწრებდა სამყაროს შექმნას, არამედ იმას ვამტკიცებთ, რომ შობა დროის გარეთ დგას, რამდენადაც ცნება ”დრო” დაკავშირებული არის შექმნილთან. ამიტომ ამბობს იესო სახარებაში: ”აბრაამზე უწინარეს მე ვარ” (იოანე 8.28), და არა - ”მე ვიყავი”, რაც მხოლოდ იმის აღმნიშვნელი იქნებოდა, რომ იგი წინ უსწრებდა აბრაამს დროში. აღვნიშნავთ, რომ ეს მტკიცება შობისა ”უწინარეს ყოველთა საუკუნეთა” მიმართული იყო არიოზელთა მკრეხელური სიტყვების წინააღმდეგ, რომლებიც ძის შესახებ ამბობდნენ, რომ ”იყო დრო, როცა იგი არ იყო”.
ძე არის ”ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისაგან ჭეშმარიტისა”, რადგან პირადი საწყისის გარდა (ე.ი. იმ პირადი თვისების გარდა, რომლითაც ჩვენ ყოვლადწმიდა სამების ერთ პირს მეორისგან განვასხვავებთ), სამების სამივე პირი სრულად იგივეობრივია, რის შესახებაც წერს წმ. გრიგოლ ნოსელი: ”თუ ჩვენ გვწამს უცვლელი ბუნებ ღვთისა, ჩვენ არ უარვყოფთ განსხვავებას მიზეზსა და მიზეზისეულს შორის და მხოლოდ ეს მიგვანიშნებს, რით განსხვავდება ერთი მეორისგან”. იმისათვის, რომ გამოხატოს ძის ეს სრული მსგავსება მამასთან, მოციქული პავლე ამბობს, რომ ქრისტე ”არის ღვთის ხატი” (II კორ. 4.4). ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში მამისა და ძის დამოკიდებულება ასე არის გამოხატული: ძე არის ”ბრწყინვალება დიდებისა და მისი არსების ხატი” (ებრ. 1.3). III საუკუნის ერთ-ერთმა მამამ, წმ. გრიგოლ საკვირველმოქმედმა, ნეოკესარიელმა ეპისკოპოსმა, მშვენივრად და შეკუმშულად გადმოგვცა ეს ღვთისმეტყველება ხატისა თავის მრწამსში: ”არის ერთი ღმერთი, მამა ცხოველი სიტყვისა, გვამოვანი სიბრძნისა და ძალისა და მარადიული ხატოვნებისა, სრული სრულის მშობელი, მამა მხოლოდშობილი ძისა,
ერთი უფალი, მხოლო მხოლოსგან, ღმერთი ღმერთისგან, ხატოვნება და ხატი ღმრთეებისა, სიტყვა მოქმედი, სიბრძნე – ყოველთა თანაშემტკიცების გარემომცველი, და ძალა – შემოქმედი მთელი ქმნილებისა, ძე ჭეშმარიტი ჭეშმარიტი მამისა, უხილავი უხილავისა, და უხრწნელი უხრწნელისა, და უკვდავი უკვდავისა, და მარადიული მარადიულისა”.
სიმბოლოს მეორე მუხლის დასაწყისის დასაზუსტებლად ვიტყვით: ეკლესია ყოველთვის აღიარებს (არიოზისა და მისი მომხრეების საპირისპიროდ), რომ ძე არის ”შობილი და არა ქმნილი”, რამდენადაც ძის შობა ”უწინარეს ყოველთა საუკუნეთა”, ისევე, როგორც სულიწმიდის გამოსვლა, არის აქტი ღვთის შიდასამებრივი ცხოვრებისა, რომელსაც საერთო არაფერი აქვს შექმნასთან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ანალოგიის გავლებაც კი არ შეიძლება მამისგან ძის შობასა და სამყაროს შექმნას შორის, რაც არის წმიდა სამების ad extra (გარეთ მიმართული) აქტი. კარგად აქვს ნათქვამი გრიგოლ ნეოკესარიელს: ”სამებაში არაფერია შექმნილი და დაქვემდებარებული; მასში არაფერია გარედან შეტანილი; არაფერია ისეთი, რაც ერთ დროს არ ყოფილა და მხოლოდ შემდგომში გაჩნდა”.
იმ მიზნით, რათა საბოლოოდ მოეღოთ ბოლო ყოველგვარი ორაზროვნებისთვის, ნიკეის მსოფლიო კრების მამებმა განაცხადეს, რომ ძე არის ”ერთარსი” მამისა. ეს ლოგიკურად გამომდინარეობდა წინარე მტკიცებებიდან, რომ წმიდა სამების სამი პირი არის თანამარადიული და თანაბრად ღვთაებრივი, არსობრივად სრულიად ერთი. ტერმინის ძალა იმაში მდგომარეობდა, რომ იგი გამორიცხავდა ყოველგვარ გაურკვევლობას. ერეტიკოსი არიოზელები კი ხან წმიდა წერილის გამონათქვამებს იყენებდნენ (რომლებსაც, ერთი შეხედვით, დამაჯერებელი მსჯელობების მოშველიებით, თავიანთი თეორიის სასარგებლოდ განმარტავდნენ), ხან კი ბუნდოვან ფორმულებს, რომლებიც არაერთმნიშვნელოვნად შეიძლება ყოფილიყო გაგებული. ამიტომ, აუცილებელ განმარტებათა შემდეგ, ეკლესიის ყველა მართლმადიდებელი მოძღვარი ბოლოს და ბოლოს სწორედ ამ ტერმინზე შეთანხმდა. წმიდა სამების პირთა ერთარსობა ჭეშმარიტი ქრისტიანული მოძღვრების ერთ-ერთი ძირითადი დოგმატია.
მრწამსის მეორე მუხლი მთავრდება მტკიცებით, რომ ყველაფერი ძისგან (ძის მიერ) შეიქმნა. ეს არის გამოძახილი ახალ აღთქმაში მკაფიოდ გამოხატული მოძღვრებისა (იოან. 1.3; კოლ. 1.16), რომ ყველაფერი არის ღვთის სამი პირის ქმნილება. ოღონდ, თითოეული მათგანი არსებობის მიზეზად გვევლინება განსაკუთრებული, სწორედ მისთვის დამახასიათებელი სახით. თუ მამა არის პირველმიზეზი, ხოლო სულიწმიდა - სრულმქმნელი მიზეზი, ძეს შეიძლება მოქმედი მიზეზი ეწოდოს.
მრწამსი ვრცლად არ საუბრობს ამის შესახებ, არამედ მხოლოდ დაადგენს გადმოცემაში დამკვიდრებულ რწმენას უბრალო სიტყვებით: ”რომლისაგან ყოველი შეიქმნა”. ეს ლაკონურობა ადვილი ასახსნელია: ერთი მხრივ, სახარებაში მოცემული ეს დოგმატი - ”ყველაფერი მისგან შეიქმნა, და უმისოდ არაფერი შექმნილა, რაცკი შეიქმნა (იოანე 1.3) - ქრისტიანთა შორის კამათის საგნად არ ქცეულა; მეორე მხრივ - მრწამსი არის აღსარება რწმენისა და მასში არ უნდა შეეტანათ პირწმინდად გონებაჭვრეტითი კონსტრუქციები, რომლებიც, რაოდენ უფლებამოსილნიც უნდა იყვნენ, პრეტენზიას ვერ განაცხადებენ რწმენის კანონად გადაქცევაზე.
|
|