მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

ვლადიმერ ლოსკი
სარწმუნოების სიმბოლოს განმარტება
I მუხლი

 

მრწამს ერთი ღმერთი, მამა ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქუეყანისა, ხილულთა ყოველთა და არა ხილულთა


ქრისტიანული გამოცხადების ღმერთი, ღმერთი წმიდა წერილისა და ეკლესიური რწმენისა, არ არის უპიროვნო არსება, რაღაც უსახო აბსოლუტი, რომელიც გულგრილია ადამიანის ბედისადმი. ქრისტიანთა მონოთეიზმი განსხვავდება ფილოსოფოსთა მონოთეიზმისგან. იგი არც იუდაიზმისა და ისლამის მონოთეიზმს ჰგავს, რომელსაც შეზღუდული ხასიათი აქვს - ეს რელიგიური ტრადიციები აღიარებენ ძველი აღთქმის ცოცხალ და პირად ღმერთს, მაგრამ დაუშვებლად მიაჩნიათ, რომ ეს ღმერთი, როგორც პიროვნება, განსხვავდებოდეს თავისი სრულყოფილი არსისგან და უნარი ჰქონდეს, გამოვიდეს თავისი მარტოობიდან, იყოს უფრო მეტი, ვიდრე ერთი პირი, შეზღუდული თავისი ერთადერთობით. გამოცხადების სისრულე ახალი აღთქმის მონაპოვარია: ძე ღვთისა განკაცდა და ჩვენ მამისგან გამომავალი სულიწმიდის მიღების უნარი მოგვანიჭა - ქრისტიანობის ერთი და პიროვნული ღმერთი ეს არის პირთა - მამის, ძისა და სულიწმიდის - სამერთობა. ამიტომ მკვდრეთით აღმდგარმა ქრისტემ გაგზავნა თავისი მოციქულები და უთხრა: ”ასწავლეთ ყველა ხალხს, და ნათელი ეცით მამის, ძისა და სულიწმიდის სახელით” (მათე. 28.19). ეკლესიის ”მრწამსი” არის ნათლობის, ამ ქრისტიანული ფორმულის განმარტება.

სიმბოლოს პირველი მუხლი, რომელიც არის აღსარება ”ერთი ღვთის” რწმენისა, შეეხება სამების პირველ წევრს: მამას - ის არის პიროვნული საწყისი განუყოფელი ღვთაებრიობისა, რომელიც თანაბრად ახასიათებს სამივე პირს. სამივე მათგანი - მამა, ძე და სულიწმიდა - ღმერთია; არა ”სამი ღმერთი”, არამედ ერთი ღმერთი, ერთი არსი, ერთი სუბსტანცია ან ბუნება, რომელსაც სამი ჰიპოსტასი, სამი პირი აქვს. საღვთო ყოფიერების ამ სრული ერთობი გამო, ყოვლადწმიდა სამების პირთა შორის არ არის სხვა განსხვავება, გარდა არსებობის ფორმებისა (მოდუსებისა), რომლებიც თითოეულ პირს ახასიათებს: მამა არის არშობილი, ძე - შობილი და სულიწმიდა - გამოსული. უნდა დავძინოთ, რომ ამ პირადი თვისებების მეშვეობით დგინდება სამთა ერთობა, რომელიც საშუალებას იძლევა ერთმანეთისგან განვასხვავოთ მამა, ძე და სულიწმიდა, მაგრამ, ამავე დროს, სამების თითოეული პირი ყოველთვის დანარჩენ ორთან მიმართებაში მოვიაზროთ და არასოდეს განვაცალკევოთ ისინი ჩვენს ცნობიერებაში. ასე მაგალითად, როდესაც ვლაპარაკობთ მამა ღმერთზე, როგორც ”ყოვლის მპყრობელზე” და ”შემოქმედზე”, არ უნდა დავივიწყოთ, რომ მან ყველაფერი შექმნა თავისი სიტყვით (იოანე 1.3), და რომ იგივე შემოქმედებითი ძალა დამახასიათებელია სულიწმიდისთვისაც.

აღსანიშნავია, რომ გამოთქმა ”ყოვლის მპყრობელი” ნიშნავს ”ყველაფრის უფალს”, ყოველივე არსებულის მეუფეს. მხოლოდ ბიბლიის ღმერთი, რომელმაც ასე გაუმხილა თავისი სახელი მოსეს ”მე ვარ რომელიც ვარ” (გამო. 3.14), მხოლოდ ის არის ”შემოქმედი” ამ სიტყვის აბსოლუტური აზრით - არარსებობისგან არსებობის შემქმნელი. ეს შემოქმედი ღმერთი არ არის ”საღვთო ოსტატი”, ”დემიურგი”, რომელიც მხოლოდ აწესრიგებს მარადიულ უფორმო მატერიას, რაღაც არსებობამდელ ქაოსს. თუ ღმერთმა ყველაფერი შექმნა არაფრისგან, არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ სამყაროს შექმნამდე არსებობდა რაღაც გაურკვეველი ”არაფერი”. ”არაფერი” არ წარმოადგენს საწყისს, რომელიც შეიძლება ღმერთის სრულყოფილ არსებობას (ყოფიერებას) დავუპირისპიროთ. ეს ცნება შინაარსს იძენს მხოლოდ შექმნილ არსებობასთან (ყოფიერებასთან) მიმართებაში, რომელსაც ღმერთი ქმნის ისე, რომ არ არის არანაირი წინაპირობა ამ შექმნისა (დაბ. 1.1), ყველაფერს მხოლოდ მისი ყოვლისშემძლე ნება განაპირობებს. ოღონდ, რაკიღა გარეგანი პირობები არ არსებობს, არ უნდა ვიფიქროთ, თითქოს ღმერთმა ყველაფერი ”თავისი თავისგან” შექმნა ერთგვარი ემანაციის ან ”ექსტერიტორიზაციის” გზით. სამყარო არ არის დამცრობილი ან ნაკლული ღვთაებრიობა, არამედ სრულიად ახალი არსებობა (ყოფიერება), რომელიც დაბადა შემოქმედმა, ვისი შემოქმედებაც განპირობებული არ ყოფილა არანაირი შინაგანი აუცილებლობით. დაბადება, შექმნა სრულიად თავისუფალია ქტია, ღვთის ნების საჩუქარი და არა უნებლიე ან არაცნობიერი ქმედება. სამყაროს წყობა გვაიძულებს ვაღიაროთ სიბრძნე, სიკეთე და სიყვარული შემოქმედისა, რომელმაც სამყარო აზრით აავსო, უზენაესი დანიშნულება მიანიჭა მას და დაუმორჩილა იგი პიროვნებებს - ”თავის ხატად” შექმნილ (დაბ. 1.26-27) თავისუფალ არსებებს.

ბიბლიური გამოთქმა ”ცა და მიწა” [ღმერთი არის შემოქმედი ”ცათა და ქუეყანისა”. შდრ.: ”თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა (დედანში ეს სიტყვა მრავლობით ფორმაშია) და მიწა” (დაბ. 1.1)] აღნიშნავს მთელ კოსმოსს, ყველაფერს, რაც არსებობს და ღვთის მიერ არის შექმნილი. წმიდა მამათა მიხედვით, ამ გამოთქმას დიფერენცირებული შინაარსი აქვს. კერძოდ, ”ცა” აღნიშნავს სულიერ რეალობას, ზეციურ სულთა უხილავ სამყაროს, ხოლო ”მიწა” - ხილულ სამყაროს, რომელთანაც ჩვენ მჭიდროდ ვართ დაკავშირებული ჩვენი მიწიერი არსებობის პირობებით. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს დიფერენციაცია ”ცათა და ქუეყანისა” სრულიადაც არ იწვევს გეოცენტრული კოსმოლოგიის აღიარების აუცილებლობას. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ ამ პრობლემასთან დაკავშირებით ხელოვნურად გამოიყურება ”კონფლიქტი მეცნიერებასა და რელიგიას შორის”. და მართლაც, კოსმოსური სივრცეების კვლევით ხომ ვერ შევიცნობთ შექმნილი სამყაროს სულიერ უსასრულობას; და მით უფრო ვერაფერს გვეტყვის ჩვენ ატომური ფიზიკა, რომელიც მატერიის აგებულებას შეისწავლის, იმ შემოქმედის ყოვლისშემძლე ენერგიის შესახებ, რომელმაც არსებობა მიანიჭა ყველაფერს - ხილულსაც და უხილავსაც.