| |
ვლადიმერ ლოსკი სარწმუნოების სიმბოლოს განმარტება შესავალი
სარწმუნოების სიმბოლო (მრწამსი) არის ქრისტიანული დოგმატების საზეიმო აღსარება, რომელიც იკითხება ან იგალობება ლიტურგიის დროს, ევქარისტიული კანონის დაწყების წინ. ამ წმიდა ტექსტის პირველი სიტყვა - მრწამს - დაკავშირებულია სიმბოლოს თითოეულ შემდგომ მუხლთან და ქრისტიანი ერის რწმენის ამ საერთო აღსარებას ანიჭებს ეკლესიის თითოეული იმ წევრის პირადი მონაწილეობისა და პასუხისმგებლობის ხასიათს, ვინც სხვებთან ერთად წარმოთქვამს ”მრწამს”, ხოლო შემდეგ - ”აღვიარებ” და ”მოველი”.
მაგრამ კმარა კი სამების აღსარება მხოლოდ ბაგეებით ან თუნდაც გულმხურვალე მოკრძალებით, თუკი გონებას შესისხლხორცებული არა აქვს აზრი ამ სიტყვებისა, რომლებიც ეკლესიის მამებმა მოძებნეს, რათა ღვთივგანცხადებული ჭეშმარიტება, ქრისტეს რწმენით განათლებული, ყოველი ადამიანისათვის მისაწვდომი გაეხადათ?
XIX საუკუნის დიდი მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი მიტროპოლიტი ფილარეტ მოსკოველი განასხვავებდა რწმენას, როგორც ღვთივგამოცხადებულ ჭეშმარიტებას და როგორც გამოცხადების გააზრებულ მიღებას. რწმენის ავტორიტეტისადმი ბრმა მორჩილება საკმარისი არ არის იმისათვის, რომ ადამიანს ”რწმენა ჰქონდეს”. წმ. ფილარეტი წერდა, რომ ვიდრე ჩვენი რწმენა მხოლოდ წმიდა წერილისა და სარწმუნოების სიმბოლოს აღსარებით შემოიფარგლება, იგი ეკუთვნის ღმერთს, მის წინასწარმეტყველებს, მის მოციქულებს, ეკლესიის მამებს და ჯერ კიდევ არ გვეკუთვნის ჩვენ. საჭიროა, იგი დამკვიდრდეს ჩვენს აზრებში, ჩვენს მეხსიერებაში და მხოლოდ ამის შემდეგ მოვიპოვებთ ჩვენს რწმენას, გავხდებით მისი მფლობელები.
მაშასადამე აუცილებელია, შევისწავლოთ სარწმუნოების სიმბოლოს 12 მუხლი, რათა სიტყვები, რომლებიც ყოველ ლიტურგიაზე გვესმის, აცოცხლებდნენ ჩვენს აზროვნებას და გაცნობიერებულად გავხდეთ ეკლესიის წევრები.
ვიდრე შევუდგებოდეთ სარწმუნოების სიმბოლოში შეკუმშული სახით გადმოცემული ქრისტიანული დოგმატების შესწავლას, რამდენიმე სიტყვას ვიტყვით ამ ”რწმენის წესის” ისტორიაზე, რომელმაც ეკლესიაში მსოფლიო ავტორიტეტი მოიპოვა.
IV საუკუნის დასაწყისამდე ”სიმბოლოები”, ანუ ქრისტიანული რწმენის მოკლე ფორმულები ძირითადად, ნათლობასა და კათაკმევლობასთან (კატეხიზაცია) იყო დაკავშირებული. ამით აიხსნება მათი მრავალრიცხოვნება და ცვალებადობა, რაც ამა თუ იმ ეკლესიის ადგილობრივი პრაქტიკისგან იყო დამოკიდებული. ღვთის აღსარების ამ ფორმულებს, რომლებიც ახალმონათლულებს უნდა წარმოეთქვათ ნათლობის დღეს, II საუკუნეში რწმენის ”წესები” ან ”კანონები” ეწოდებოდა.
ახალი სახის სიმბოლო, რომლის მიზანია, ზუსტად განისაზღვროს მართლმადიდებელი მოძღვრება (ერეტიკოსთა მოძღვრების საპირისპიროდ), IV საუკუნეში ჩნდება. საეკლესიო კრებებზე მიღებული ეს სიმბოლო უკვე მხოლოდ ნათლობის რიტუალთან კი არ არის დაკავშირებული, არამედ გაცილებით უფრო არსებით მნიშვნელობას იძენს ეკლესიის ცხოვრებაში.
ნიკეის სარწმუნოების სიმბოლო არის მსოფლიოს საეკლესიო კრების (325 წ.) მიერ მიღებული პირველი დოგმატური სიმბოლო. ის წარმოადგენს ერთ-ერთი ადგილობრივი ეკლესიის (შესაძლებელია, იერუსალიმის ეკლესიის) ”სანათლობო” სიმბოლოს, რომელიც ღვთისმეტყველებმა გააფართოვეს, რათა მისი მეშვეობით უფრო ზუსტად გამოეხატად ქრისტეს ღმერთობის აღსარება (არიოზის მოძღვრების საპირისპიროდ). ეს სიმბოლო, როგორც სარწმუნოების დოგმატური აღსარება, კონსტანტინოპოლის (381 წ.), ეფესოს (431 წ.) და ქალკედონის (451 წ.) საეკლესიო კრებებზე მსოფლიო ავტორიტეტით სარგებლობდა.
ნიკეა-კონსტანტინოპოლის სიმბოლო, რომელიც ჩვენს დროში გამოიყენება, მხოლოდ ძირითად ხაზებში ჰგავს ნიკეის პირველ სიმბოლოს. თავდაპირველად ის იყო ”ნიკეური რწმენის” ერთ-ერთი გადმოცემა ქრისტეს ღმერთობის დაწვრილებითი სახით მოცემული აღსარებით, რომელიც 370 წლის შემდეგ შეიქმნა ანტიოქიურ-იერუსალიმური სანათლობო სიმბოლოების საფუძველზე. ეს ლიტურგიული სიმბოლო, როგორც ჩანს, ნათლობის დროს მისი გამოყენების მიზნით, შეასწორეს კონსტანტინოპოლის II მსოფლიო საეკლესიო კრების მამებმა, ისე, რომ მიზნად არ ჰქონიათ ნიკეის სიმბოლოს ნაცვლად დაემკვიდრებინათ იგი. ქალკედონის IV მსოფლიო საეკლესიო კრებაზე ეს სიმბოლო მიღებულ იქნა (ნიკეის სიმბოლოსთან ერთად), როგორც ოფიციალურად აღიარებული დოგმატური ფორმულა და ასე დამკვიდრდა იმპერიის დედაქალაქის ლიტურგიულ პრაქტიკაში. V საუკუნის მიწირულს, ეს კონსტანტინოპოლის ლიტურგიული სარწმუნოების სიმბოლო აღიარეს ნიკეის სიმბოლოს სრულ და საბოლოო ფორმულირებად და ჩაენაცვლა მას. საჭირო იყო, იგი საბოლოოდ გავრცელებულიყო, როგორც ჭეშმარიტი ”რწმენის წესი”, და მან გამოაძევა სხვა ქრისტიანული სანათლობო და სატაძრო სიმბოლოები. VI მსოფლიო კრებამ (680 წ.) დაამტკიცა ამ ე.წ. ნიკეა-კონსტანტინოპოლის სიმბოლოს აუცილებელი ხასიათი.
|
|