მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

განმარტებები

 

კრეტსაბმელის გახსნა-დახურვის ტიპიკონი


კრეტსაბმელის გახსნა დახურვის წესი მოცემულია საბაწმიდურ ტიპიკონში.


კრეტსაბმელი გახსნილია:


1. სადაგი დღისა და დიდი მწუხრის (მაგრამ არა მცირე მწუხრის) დაწყებიდან დასრულებამდე.

2. სადაგი და დიდი ცისკრის დაწყებიდან დასრულებამდე. (I ჟამნის წინ კრეტსაბმელი ჩამოეფარება).

3. დიდ სამეუფეო ჟამნებზე, I ჟამის დასაწყისიდან IX ჟამნზე წმინდა სახარების წაკითხვის შემდეგ საკურთხეველში მის შებრძანებამდე.



წირვა


კრეტსაბმელი გახსნილია:


1. კვეთის დასრულების შემდეგ, კმევის დაწყებიდან წმინდა ბარძიმ-ფეშხუმის საკურთხეველში შებრძანებამდე, ანუ "დიდი გამოსვლის" დასრულებამდე.

2. "კარნი კარნის" თქმიდან-"წმიდაა წმიდათას" თქმამდე.

3. მრევლის ზიარების დაწყებიდან-წირვის დასრულებამდე.

სხვა დროს კრეტსაბმელი დახურულია.


შენიშვნა: სამივე დღესასწაულის: აღდგომის, ქრისტეშობისა და ნათლისღების დიდ სამეუფო ჟამნებზე I ჟამის დაწყებისთანავე არა მარტო გაიხსნება კრეტსაბმელი, არამედ აღსავლის კარიც იღება, წმინდა სახარების შუა ტაძარში გამოსაბრძანებლად, რომელიც დაიხურება IX ჟამზე, წმინდა სახარების წაკითხვის შემდეგ საკურთხეველში შებრძანებისთანავე და ჩამოეფარება კრეტსაბმელი.



დანართი VI


სამეუფეო აღსავლის კარის გახსნა-დახურვის ტიპიკონი


აღსავლის კარის გახსნა-დახურვის წესი მოცემულია საბაწმინდურ ტიპიკონში.


სამეუფეო კარები გაიღება და დაიხურება შემდეგი წესით:


დიდი მწუხრი*


* თავდაპირველად კანკელი არ არსებობდა. V საუკუნის შუაწლებში საკურთხეველი მთლიანად დაიხურა და შუა ტაძარს 3 კარებით უკავშირდება. ამ დროიდან კანკელის უბრალო ფარდა იცვლება კაპიტალური კედლით (Тафт Роберт Френсис, I, 2010; 294).



სადაგი დღის მწუხრსა და ცისკარზე აღსავლის კარი არ იღება.<

1. გაიღება კარი ღამისთევის მსახურების დაწყების დროს, ვიდრე წარმოითქმება ასამღლებელი: „დიდება წმინდასა და ერთარსსა და ცხოველსმყოფელსა და განუყოფელსა სამებასა“...

დაიხურება – 103-ე ფსალმუნის გალობის დროს კმევის დასრულების შემდეგ.

2. გაიღება კარი „უფალო, ღაღად-ვყავსა“ ზედა დასდებლების „დიდებაზე“.

დაიხურება – „ნათელი მხიარულის“ შემდეგ დღის წარდგომის დასრულებისას.*

* ღამისთევის დიდი მწუხრის ბოლოს აღსავლის კარის გაღებას უთითებს მხოლოდ რაჟდენ ხუნდაძის ტიპიკონი, რომლის მიხედვითაც კარი გაიღება, როცა მღვდელი იტყვის: „კურთხევა უფლისა თქვენ ზედა, მისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა, ყოვლადვე აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე“. ამ ასამაღლებლის შემდეგ კარი დაიხურება (შემოკლებული საეკლესიო ტიბიკონი, 1887: 248-249).



დიდი ცისკარი


1. გაიღება კარი მე-19 კანონის 134-ე და 135-ე ფსალმუნების გალობის დაწყებისას. კვირაობით, როცა ცისკარში იგალობება მე-17 კანონი, ასევე ნებისმიერ დღეს, როცა ცისკარი ტარდება „ღამისთევის გარეშე“, თუნდაც მე-19 კანონი იგალობებოდეს, აღსავლის კარი მოგვიანებით გაიღება, კერძოდ, წმინდა სახარების წაკითხვამდე, წარდგომების წინ.

დაიხურება – სახარების წაკითხვის შემდეგ, როცა მას შეაბრძანებენ საკურთხეველში.

2. გაიღება კარი მღვდლის სიტყვებზე: „დიდება შენდა რომელმან მოგვფინე ნათელი“.

დაიხურება – „დიდებამაღალიანის“ გალობის დასრულების შემდეგ.

3. გაიღება კარი ცისკრის ბოლოს მღვდლის სიტყვებზე: „დიდება შენდა ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩვენო“.

დაიხურება – ჩამოლოცვის შემდეგ.



წირვა


1. გაიღება კარი ანტიფონის მესამე აღსავლის „დიდებაზე“ წმინდა სახარებით „მცირე“ გამოსვლისათვის.*
* კვეთის დასრულების შემდეგ კათაკმეველთა ლიტურგიის ასამაღლებელზე – „კურთხეულ არს მეუფება...“ - აღსავლის კარი არ იღება.

დაიხურება – წმინდა სახარების წაკითხვისა და საკურთხეველში შებრძანების შემდეგ.

2. გაიღება კარი წირვის „დიდი“ გამოსვლისათვის „რომელი ქერბუმთას“ გალობის დროს.

დაიხურება – წმინდა ბარძიმ-ფეშხუმის საკურთხეველში შებრძანებისა და წმინდა ტრაპეზზე დაბრძანების შემდეგ.

3. გაიღება კარი მრევლის ზიარებისათვის.

დაიხურება – წირვის დასრულებისა და ჩამოლოცვის შემდეგ.



აღსავლის კარი ღიაა ბრყინვალე შვიდეულში აღდგომის ცისკრის დაწყებიდან ბრწყინვალე შვიდეულის შაბათის წირვის ბოლომდე.

ბრწყინვალე შვიდეულში ასევე ღიაა საკურთხევლის ჩრდილოეთისა და სამხრეთის კარებიც.

ასევე, აღსავლის კარი გაღებულია პარაკლისებზე, დიდი და მცირე აიაზმის კურთხევისას, ჯვრისწერისა და ნათლობის საიდუმლოს შესრულებისას, მიცვალებულის წესის აგებისა და ყველა იმ მსახურების დროს, რომლებზეც იკითხება წმინდა სახარება.