მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

კმევა

 

 

მართლმადიდებლურ ღვთისმსახურებაში კმევას განსაკუთრებული ადგილი უკავია. მას საკმაოდ დიდი ხნის ისტორია აქვს და საფუძველს ჯერ კიდევ ძველი აღთქმის ეკლესიიდან იღებს. წმ. წერილში მრავლადაა ისეთი ადგილები, სადაც კმევის შესახებ არის საუბარი. მაგალითად, როდესაც ღმერთმა მოსეს კარვის აღმართვა და მსხვერპლშეწირვა უბრძანა - დაავალა, რომ ისრაელიანებმა მას შესაწირად მოართვან: „ზეთი და სასაკუმევლე, ნელსაცხებელი და საკუმეველი” (გამოს. 25. 6) „და ჰქმნე საკურთხეველისა კუმეველთათვის ძელთაგან ულპოლველთა“ (გამოს. 30. 1), „და დასდგა იგი წინაშე კრეტსაბმელისა, რომელ არს კიდობანსა ზედა საწამებელთასა*, რომელთა შინა გეცნობებოდი მე შენ მუნ. და აკუმიოს მას ზედა აჰრონ საკუმეველი შეზავებული წულილი განთიად-განთიად, რაჟამს განჰმზადებდეს სასანთლეთა, აკუმიოს მას ზედა სამარადისოდ“ (გამოს. 30. 6-7). თავისთავად ცხადია, რომ ღმერთი, რომელიც უსხეულოა, არ საჭიროებს კმევას, თუმცა, საკმევლის შეწირვა სჭირდებოდა ადამიანს რომელსაც შემოქმედი ასწავლიდა ლოცვას, მსახურებას და თაყვანისცემას: „წარემართენ ლოცვაი ჩემი ვითარცა საკუმეველი შენ წინაშე, აღპყრობა ხელთა ჩემთა მსხუერპლ სამწუხროდ“ (ფს. 140. 2).

 

* საკურთხეველში კრეტსაბმელის წინ, რომელიც „წმიდათა წმიდას“ გამოყოფდა, მოთავსებული იყო საშუალო სიდიდის სამსხვერპლო, რომელზედაც დილა-საღამოობით საკმეველი იკმეოდა. სამსხვერპლო ურთხელის ხისგან მზადდებოდა და ოქროთი იფერებოდა. კუთხეებში რქის მსგავსი დაბოლოებანი ჰქონდა, ძირს - გადასატანი რგოლები. („ბიბლიის ენციკლოპედია“. გვ.123. თბილისი 1998.)

 

მართალია, კმევა და საკმეველის შეწირვა ძველი აღთქმიდან იღებს სათავეს, თუმცა ახალმა აღთქმამ მას დამატებითი მნიშვნელობა შესძინა. ქრისტიანული ღმრთისმსახურება საიდუმლოაღსრულებითი ხასიათისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველგვარ საეკლესიო რიტუალსა თუ საღვთისმსახურო ნივთს გარდა პრაქტიკული დანიშნულებისა, სულიერი დატვირთვაც აქვს. ეკლესია, როგორც ტაძარი ღვთისა, „ცაი ქვეყანასა ზედა“, არის ყოველგვარ საიდუმლოთა აღსრულების ადგილი, სადაც „გამოისახვის ჯუარცმაი და დაფლვაი და აღდგომაი ქრისტესი“. სწორედ ამ დიდი საიდუმლოს შემადგენელი ნაწილია კმევაც, რომლის უხილავი, მადლომოსილი მხარეც კარგად არის წარმოჩენილი კმევისას სათქმელ ლოცეაში: „საკუმეველსა შევსწირავთ შენდა, ქრისტე, ღმერთო ჩუენო საყნოსელად სულნელებისა სულიერისა, შეიწირენ შენსა ზეცისა საკურთხეველსა და ნაცვლად გარდამომივლინენ ჩუენ მადლი და ნიჭი სულისა შენისა წმიდისაი, ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ“. მაშასადამე, კეთილსურნელოვანი საკმევლის კმევა არის ერთგვარი ხილული გამოხატულება იმ უხილავი ლოცვისა, რომელსაც ტაძარში შეკრებილი მორწმუნეები აღავლენენ ღვთის წინაშე. საკმევლის კმევის შესახებ საინტერესო განმარტებას გვთავაზობს წმ. ბასილი დიდი. კაბადოკიელი მამის სწავლებით: „სასაკუმევლე მოასწავებს კაცებასა ქრისტესსა, ხოლო ცეცხლი - ღმერთეებისა მადლსა. სურნელებაი საკუმეველისა - სურნელებასა მას სულისა წმიდისასა. და კუალად, სასაკუმევლე სახე არს წმიდისა მის საშოისა ქალწულისასა, რომელმან იტვირთა ნაკუერცხალი იგი ღმერთეებისაი, რომელმან ჯერ-იჩინა მისგან ხორცთშესხმაი.*

 

* „სახისმეტყველებითი განმარტება საღმრთო ლიტურგიისა“. წმ. გერმანე კონსტანტინეპოლელი. ტექსტი გამოსაცემად მოამზადა ექვთიმე კოჭლამაზაშვილმა.

 

საკმევლად გამოიყენებოდა გუნდრუკი - ერთგვარი ფისი, რომელსაც გუნდრუკის ხისაგან იღებდნენ. იგი გახურებისას ან დაწვისას გამოსცემდა კეთილსურნელებას. გუნდრუკს მოიპოვებდნენ სამხრეთ არაბეთში და იგი აქტიურად გამოიყენებოდა რომაულ მედიცინაში. ქრისტიანები თავდაპირველად უარს აცხადებდნენ გუნდრუკზე, რადგან მას წარმართულ კულტთან აიგივებდნენ. თუმცა მოგვიანებით, დაახლოებით IV საუკუნიდან, მისი გამოყენება ღვთისმსახურების დროს აქტიურად იწყება. არქეოლოგებმა ძველი ქრისტიანული ტაძრების შესწავლისას აღმოაჩინეს სპეციალური უძრავი სასაკმევლეები, რომლებითაც ხდებოდა მთელი ტაძრის კმევა.

 

განსხვავებით ძველი აღთქმის ტაძრისგან, სადაც არსებობდა სპეციალური სასაკმევლე სამსხვერპლო, ახალი აღთქმის ეკლესიაში კმევას უშუალოდ სასულიერო პირი აღასრულებს საცეცხლურით. კმევის დაწყების წინ, მღვდელი საცეცხლურს გადასახავს ჯვარს და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს კმევას. მიღებულია საცეცხლურით ჯვრის გამოსახვაც. მაგალითად: ღამისთევის ლოცვის დაწყებისას, მღვდელი წმინდა ტრაპეზის წინ გამოსახავს ჯვარს და წარმოთქვამს: „დიდება წმიდასა და ერთარსსა...“. ასევე დიაკონი, დიდ მწუხრზე, საცეცხლურით შესვლისას, გამოსახავს ჯვარს და წარმოსთქვამს: „სიბრძნით აღემართენით“.

 

თანამედროვე პრაქტიკაში კმევა ერთი და იმავე მიმართულებით სამგზის სრულდება. კმევისას მიუღებელია სიჩქარე. იგი უნდა შესრულდეს დინჯად და აუღელვებლად. ყოველ ჯერზე, როდესაც ვაკმევთ ხატებს ან მრევლს, მოძრაობა საცეცხლურით უნდა შესრულდეს სამგზის. როდესაც ვაკმევთ წმინდა ტრაპეზს ან შუა ტაძარში დასვენებულ სახარებას ან სადღესასწაულო ხატს, აუცილებელია სახით მისკენ ვიყოთ მიბრუნებული და თითოეული მოძრაობისას მცირედი თაყვანისცემა გამოვხატოთ. კმევისას მიუღებელია ხელის ძლიერად ქნევა. საცეცხლურის ხმამ არ უნდა გადაფაროს მედავითნისა და გუნდის ხმა და არ უნდა დაარღვიოს ტაძარში ლოცვითი სიმშვიდე.

 

ქვემოთ განვიხილავთ კმევის იმ სახეებს, რომელსაც ღვთისმსახურებისას აღასრულებენ მღვდელი და დიაკონი.

 

კმევა ღამისთევის ლოცვის დაწყებისას

 

დიდი მწუხრის დაწყების წინ, მას შემდეგ რაც სამღვდელოება შეიმოსება, დიაკონი გახსნის კრეტსაბმელს და გააღებს აღსავლის კარს. სრულდება საკურთხევლის კმევა. კმევას ასრულებს მლვდელი დიაკონთან ერთად. პირველ რიგში უნდა იკმიოს წმინდა ტრაპები ოთხივე მხრიდან. დიაკონი, ტრაპეზის ოთხივე კუთხის კმევისას ანთებული სანთლით დგას მღვდლის საპირისპირო მხარეს. ტრაპეზის შემდეგ, აღესრულება ეგრეთწოდებული ჯვრის სახით კმევა. მღვდელი მიდის მაღალდასაჯდომელთან და უკმევს მას რის შემდეგაც ადგილიდანვე უკმევს ჯერ აღსავლის კარის თავზე განთავსებულ ხატს (ან ჯვარცმას), ხოლო შემდეგ საკურთხევლის სამხრეთ (იქ, სადაც განთავსებულია მაცხოვრის ხატი) და ჩრდილოეთ (იქ, სადაც განთავსებულია ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატი) ნაწილში განთავსებულ ხატებს, ასევე იკმევა კანკელის შიდა ხატები წრიულად (მღვდლისგან მარჯვნიდან მარცხნივ) და ბოლოს საკურთხეველში მყოფი ღვთისმსახურები იერარქიის დაცვით.

 

საკურთხევლის კმევის დასრულების შემდეგ, მღვდელი დგება წმინდა ტრაპეზის წინ, ხოლო დიაკონი გადის აღსავლის კარით ამბიონზე, სადაც მხედველი დასავლეთით ხმამაღლა წარმოსთქვამს: „აღდეგით“, რის შემდეგაც მღვდელი საცეცხლურით გამოსახავს ჯვარს და აღამაღლებს: „დიდებაი წმიდასა და ერთარსსა, ცხოველსმყოველსა და განუყოფელსა სამებასა ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე“.

 

გუნდი გალობს: „ამინ, მოვედით თაყვანი-ვსცეთ“ – ოთხგზის და 103-ე ფსალმუნის მუხლებს.

 

მღვდელი აგრძელებს კმევას. იგი მოტრიალდება დასავლეთის მიმართულებით და უკმევს აღსავლის კარს. შემდეგ, აღსავლის კარითვე გადის ამბიონზე და უკმევს ჯერ მაცხოვრის ხატს ხოლო შემდგომ ღვთისმშობლის ხატს. კანკელის კმევას მღვდელი ასეთივე თანმიმდევრობით აღასრულებს, უკმევს ჯერ კანკელის სამხრით, ხოლო შემდეგ ჩრდილოეთ მხარეს განთავსებულ ხატებს.

 

მღვდელი ამბიონიდან ჩადის შუა ტაძარში და უკმევს ანალოგიაზე დასვენებულ სადღესასწაულო ხატს. შუა ტაძრიდან იგი გადაინაცვლებს სამხრეთით და იწყებს კმევას საათის ისრის მიმართულებით. დიაკონს კმევისას ხელთ უპყრია ანთებული სანთელი და წინ მიუძღვის მღვდელს. იმ შემთხვევაში თუ ორი დიაკონი მსახურობს, ორივე მიყვებიან მღვდელს ანთებული სანთლებით (ერთი წინ მიუძღვის, ხოლო მეორე უკან მიყვება)

 

ტაძრის კმევის დასრულების შემდეგ, მღვდელი დიაკონთან ერთად ადის ამბიონზე, კიდევ ერთხელ უკმევს აღსავლის კარს და მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხარებს, რის შემდეგაც მოტრიალდება და ამბიონიდანვე უმევს ტაძრის შუამი დასვენებულ სადღესასწაულო ხატს და ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ წრიულად უმევს ტაძარმი მყოფ მრევლს. აღსავლის კარით საკურთხეველში შესვლამდე მღვდელი კიდევ ერთხელ უკმევს კანკელის მაცხოვრისა დაღვთისმშობლის ხატებს და შევა საკურთხეველში. აქ იგი უკმევს წმინდა ტრაპეზს წინა მხრიდან, შემდეგ კი მაღალ დასაჯდომელს, რის შემდეგაც უკმევს დიაკონს, რომელიც ჩამოართმევს მღვდელს საცეცხღურს. ტრაპეზის სამხრეთით მდგომი დიაკონი, მიიღებს რა საცეცხლურს, უკმევს მღვდელს სამგზის და სრულდება კმევა.

 

 

კმევა „უფალო ღაღად-ვჰყავ“-ის გალობისას

 

„უფალო ღაღად-ვჰყავ“-ის გალობისას, კმევას ასრულებს დიაკონი წინასწარ აიღებს რა კურთხევას მღვდლისაგან. კმევა იწყება საკურთხევლიდან. დიაკონი პირველ რიგში უკმევს წმინდა ტრაპეზს ოთხივე მხრიდან. ტრაპეზის შემდეგ სრულება ეგრეთწოდებული ჯვრის სახით კმევა. იგი მიდის მაღალდასაჯდომელთან და უკმევს მას, რის შემდეგაც ადგილიდანვე უკმევს ჯერ აღსავლის კარის თავზე განთავსებულ ხატს (ან ჯვარცმას), ხოლო შემდეგ საკურთხევლის სამხრეთ (იქ, სადაც განთავსებულია მაცხოვრის ხატი) და ჩრდილოეთ (იქ, სადაც განთავსებულია ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატი) ნაწილში განთავსებულ ხატებს, ასევე იკმევა კანკელის შიდა ხატები და ბოლოს, სა კურთხეველში მყოფი ღვთისმსახურები იერარქიის დაცვით.

 

საკურთხევლის კმევის შემდეგ, დიაკონი ჩრდილოეთ კარით გამოდის ამბიონზე და იწყებს კმევას. უკმევს ჯერ მაცხოვრის ხატს, ხოლო შემდგომ ღვთისმშობლის ხატს. კანკელის კმევას დიაკონი ასეთივე თანმიმდევრობით აღასრულებს, უკმევს ჯერ კანკელის სამხრეთ, ხოლო შემდეგ ჩრდილოეთ მხარეს განთავსებულ ხატებს.

 

დიაკონი როგორც კი დაასრულებს ამბიონის კმევას, ჩამოდის შუა ტაძარში და შეასრულებს კმევას შუა ტაძარში დასვენებული სადღესასწაულო ხატის წინაშე. მთლიანად ტაძრის კმევას დიაკონი იწყებს სამხრეთი (მარჯვენა) მხრიდან და ამთავრებს ჩრდილოეთ (მარცხენა) მხარეს, რის შემდეგაც ადის ისევ ამბიონზე და უკმევს მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატებს და მრევლს. კმევა დასრულდება საკურთხეველში, სადაც დიაკონი შევა სამხრეთ კარით. იგი წინა მხრიდან უკშევს წმინდა ტრაპეზს, შემდეგ მაღალ დასაჯდომელს და მღვდელს. ამის შემდგომ დიაკონი ელოდება „უფალო ღაღად-ვჰყავსა“ ზედა დასდებლების კითხვის დასრულებას. როგორც კი გუნდი დაიწყებს „აწ დას“ მუხლის („დოგმატიკონის“) გალობას, მღვდელი და დიაკონი დადგებიან ტრაპეზის წინ (მღვდელი ჩრდილოეთით, ხოლო დიაკონი სამხრეთით საცეცხლურით ხელში) და ემთხვევიან: მღვდელი სახარებას და ტრაპეზს, ხოლო დიაკონი მხოლოდ ტრაპეზს და მაღალი დასაჯდომლის გავლით (ქედის მომხრელნი მაღალი დასაჯდომელისადმი, გავლენ ჩრდილოეთ კარით ამბიონზე, დიაკონი საცეცხლურით ხელში (კმევით) წინ მიუძღვის მღვდელს. მივლენ რა აღსავლის კართან, მღვდელი წარმოსთქვამს ლოცვას: „მწუხრი, დილეულ და სამხრად...“ ამ დროს დიაკონი საცეცლურს გადაიტანს მარცხენა ხელში, ხოლო მარჯვენა ხელში გინგილით მიუთითებს მღვდელს კარისკენ სიტყვებით: „აკურთხე მეუფეო წმინდა შესავალი“. მღვდელი წარმოსთქვამს კურთხევის სიტყვებს: „კურთხეულ არს შესავალი წმიდათა შენთა...“ ამის შემდეგ დიაკონი დადგება აღსავლის კარში სახით აღმოსავლეთით, ხოლო მღვდელი მის უკან. ორივენი დაელოდებიან „დოგმატიკონის“ დასრულებას, რის შემდეგაც დიაკონი ხმამაღლა წარმოსთქვამს (საცეცცხლურით ჯვრის გამომსახველი): „სიბრძნით, აღემართენით!“ და შევლენ აღსავლით კარით საკურთხეველში, დიაკონი უკმევს ტრაპეზსა და მაღალდასაჯდომელს სამგზის, ხოლო შემდეგ უპირატესს და დაასრულებს კმევას.

 

 

კმევა „სადიდებლიანის“ (აქებდითის) გალობისას

 

განსაკუთრებულობა ამ კმევისა მდგომარეობს იმაში, რომ იგი იწყება შუა ტაძრიდან, ანალოღიაზე დასვენებული სადღესასწაულო ხატის კმევით. კმევას „სადიდებლიანის“ გალობისას აღასრულებს მღვდელი დიაკონთან ერთად (სამღვდელმთავრო მსახურებისას უპირატესი მღვდელი), ხოლო დიაკონი წინ უძღვის მას ანთებული სანთლით.

 

თავდაპირველად, მღვდელი უკმევს ანალოგიაზე დასვენებულ სადღესასწაულო ხატს ოთხივე მხრიდან (საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით). დიაკონი კმევისას დგას მღვდლის საპირისპირო მხარეს (სახით მღვდლისკენ). შუა ტაძრის კმევის შემდეგ, მღვდელი აღსავლის კარით ინაცვლებს საკურთხეველში (მას წინ უძღვის დიაკონი) და ამჯერად ტრაპეზს უკმევს ოთხივე მხრიდან, რის შემდეგაც აღესრულება ჯვრის სახით კმევა, ისე როგორც 103-ე ფსალმუნისა და „უფალო ღაღად-ვჰყავის“ გალობისას.

 

ამის შემდეგ, მღვდელი უკმევს ღია აღსავლის კარს და გამოდის ამბიონზე, სადაც უკმევს კანკელს წესისამებრ. მღვდელი და დიაკონი ჩამოდიან ამბიონიდან და აღასრულებენ მთელი ტაძრის კმევას სამხრეთი (მარჯვენა) მხრიდან და ამთავრებენ ჩრდილოეთ (მარცხენა) მხარეს, რის შემდეგაც ადიან ისევ ამბიონზე და უკმევენ მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატებს და მრევლს. ისინი ისევ ჩამოდიან შუა ტაძარში და მღვდელი კიდევ ერთხელ (ამჯერად მხოლოდ წინა მხრიდან) უკმევს სადღესასწაულო ხატს და დგება შუა ტაძარში მისთვის განკუთვნილ ადგილას, ხოლო საცეცხლურს გადასცემს დიაკონს, რომელიც უკმევს მას და დასრულდება კმევა.

 

 

კმევა „უპატიოსნესას“ გალობისას

 

კმევას „უპატიოსნესას“ გალობისას აღასრულებს დიაკონი. აღნიშნული კმევა იწყება მე-8 გალობის კითხვისას. დიაკონი მიიღებს რა ლოცვა-კურთხევას მღვდლისაგან შეასრულებს საკურთხევლის კმევას ჯვრის სახით (იხ. ზემოთ). ასევე უკმევს უპირატესს და საკურთხეველში მყოფ მღვდელმსახურებს. გამოვა ჩრდილოეთ კარით და უკმევს მაცხოვრის ხატს სამგზის, შემდეგ ღვთისმშობლის ხატს ასევე სამგზის, გაჩერდება ხატის წინ და დაელოდება მე-8 გალობის დასრულებას.

 

კატავასიის (დასაფარებლის) დასრულების შემდგომ, აღამაღლებს საცეცხლურს და წარმოსთქვამს: „ღმრთისმშობელსა დედასა ნათლისასა, გალობით ვადიდებდეთ“*, და უკმევს ღვთისმშობლის ხატს ცხრა-გზის, რის შემდეგაც განაგრძობს კანკელის კმევას ჯერ სამხრეთით, ხოლო შემდგომ ჩრდილოეთით. დიაკონი ჩადის შუა ტაძარში, სადაც უკმევს ანალოღიაზე დასვენებულ სადღესასწაულო ხატს, შემდეგ კი იწყებს მთლიანი ტაძრის კმევას წესისამებრ (საათის ისრის მიმართულებით). რომლის დასრულების შემდეგაც, დიაკონი ისევ ადის ამბიონზე და ხელახლა უკმევს მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატებს, შემოტრიალდება და ამბიონიდან უკმევს სადღესასწაულო ხატს და ტაძარში მყოფ მრევლს. რის შემდეგაც, სამხრეთ კარით შედის საკურთხეველში და უკმევს ტრაპეზს წინა მხრიდან, ასევე მაღალდასაჯდომელს და უპირატესს, რის შემდეგაც დასრულდება კმევა.

 

* ათორმეტ საუფლო დღესასწაულზე, ნაცვლად აღნიშნული ასამაღლებლისა, დიაკონი ღვთიმშობლის ხატის წინაშე წარმოთქვამს დღესასწაულის კანონის მე-9 გალობის ჩასართავს.

 

 

კმევა კვეთისას

 

კვეთის დასრულებისას, მას შემდეგ რაც, მღვდელი დაბურავს წინადაგებულ ძღვენს დაფარნებით, მიიღეს მნათესაგან საცეცხლურს და უკმევს სამკვეთლოზე წინადაგებულ ძღვენს, ხოლო შემდეგ კი - დიაკონს, რომელიც თავის მხრივ იღებს მღვდლისგან საცეცხლურს და უკმევს მას. მღვდელი და დიაკონი სამკვეთლოსა და ერთურთის წინაშე იხრიან ქედს და დიაკონი იწყებს კმევას. იგი გადის საკურთხეველში და იწყებს ჯვრის სახით კმევას. კმევა „უფალო ღაღად-ვჰყავის“ კმევის იდენტურია ერთი მცირე სხვაობით, ტრაპეზის გარშემოკმევის შემდეგ, ვიდრე მოხდება საკურთხევლის ჯვრის სახით კმევა, დიაკონი გადადის სამკვეთლოში და უკმევს წინადაგებულ ძღვენს (დიაკონი კმევისას ჩუმად წარმოსთქვამს 50-ე ფსალმუნს).

 

 

კმევა „წმიდაო ღმერთოს“ გალობისას

 

კმევს აღასრულებს დიაკონი. ტიპიკონის მიხედვით, აღნიშნული კმევა უნდა შესრულდეს „ალილუიას“ მუხლების გალობისას, თუმცა რადგანაც საღვთისმსახურო პრაქტიკაში „ალილუია“ თავისი მუხლებით სწრაფად სრულდება, ამიტომ დიაკონი კმევას იწყებს „წარდგომის“ მუხლების კითხვისას.

 

დიაკონი, მას შემდეგ რაც მიიღებს კურთხევას უპირატესისაგან, „წმიდაო ღმერთოს“ გალობის დასრულებისას, წარმოსთქვამს ასამაღლებელს „მოხედენ“ და იწყებს საკურთხევლის კმევას შემდეგი თანმიმდევრობით: უკმევს ტრაპეზს ოთხივე მხრიდან, შემდეგ სამკვეთლოზე წინადაგებულ ძღვენს, ბრუნდება საკურთხეველში და იწყებს ჯვრის სახით კმევას (იხ. ზემოთ). დიაკონი აღსავლის კარით გადის ამბიონზე. გასვლისას იგი უკმევს ღია აღსავლის კარს, რის შემდეგაც აღასრულებს კანკელის ხატების კმევას წესისამებრ. · კანკელის ხატების კმევის დასრულების შემდეგ შებრუნდება ისევ საკურთხეველში, უკმევს ტრაპეზს წინა მხრიდან სამგზის, ასევე მაღალდასაჯდომელს და საკურთხეველში მყოფ ღვთისმსახურებს იერარქიის დაცვით. ისევ გამოდის აღსავლის კარით ამბიონზე, პირველ რიგში უკმევს ამბიონიდან ანალოგიაზე დასვენებულ სადღესასწულო ხატს, ხოლო შემდეგ მარჯვნიდან მარცხნივ ტაძარში მყოფ მრევლს და კმევას დაასრულებს ჩვეულებისამებრ: მრევლის კმევის შემდეგ, კვლავ უკმევს მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატებს, აღსავლის კარით შედის საკურთხეველში და უკმევს ჯერ ტრაპეზს, ხოლო შემდეგ მაღალდასაჯდომელს სამგზის, ბოლოს კი უპირატესს ასევე სამგზის და სრულდება კმევა.

 

 

კმევა „რომელნი ქერუბიმთას“ გალობისას

 

კმევას აღასრულებს დიაკონი „რომელნი ქერუბიმთას“ გალობის დაწყებისას. იგი მიიღებს მნათესაგან საცეცხლურს და უკმევს ტრაპეზს ოთხივე მხრიდან, სამკვეთლოს, ხოლო შემდეგ აღასრულებს საკურთხევლის ჯვრის სახით კმევას (იხ. ზემოთ). ასევე უკმევს ყველას ვინც საკურთხეველშია და აღსავლის კარით გადის ამბიონზე.

 

იგი ამბიონზე აკმევს კანკელის ხატებს წესისამებრ, რის შემდეგაც უკმევს სადღესასწაულო ხატს, შემდეგ კი მრევლს მარჯვნიდან მარცხნივ და კმევას დაასრულებს ხატებს, შემდეგ ბრუნდება საკურთხეველში და უკმევს ჯერ ტრაპეზს, ხოლო შემდეგ მაღალდასაჯდომელს სამგზის, ბოლოს კი უპირატესს ასევე სამგზის და სრულდება კმევა.

 

 

კმევა დიდ შესვლაზე

 

ამ კმევას აღასრულებს ორი დიაკონი. პირველი დიაკონი მოასვენებს ფემხუმს, ხოლო მეორე დიაკონი მას წინ მიუძღვის კმევით ჩრდილოეთ კარიდან ამბიონის გავლით აღსავლის კარისკენ. დიაკონი საცეცხლურით ხელში უკმევს ღია აღსავლის კარს, შედის საკურთხეველში, უკმევს ტრაპეზს წინა მხრიდან, მაღალდასაჯდომელს და დაელოდება პირველი დიაკვნის და მღვდლის მიერ ბარძიმ-ფეშხუმით მოხსენიებას. მოხსენიებისა და საკურთხეველში შესვლის შემდეგ, მღედელი დააფარებს დიდ დაფარნას წინადაგებულ ძღვენს და ჩამოართმევს დიაკვანს საცეცხლურს და სათანადო ლოცვებით უკმევს წინადაგებულ ძღვენს. შემდეგ ისევ გადასცემს დიაკონს საცეცხლურს, რომელიც უკმევს მას სამგზის და სრულდება კმევა.

 

 

კმევა „ღირს არსის“ გალობისას

 

როგორც კი დასრულდება ძღვნის კურთხევა მღვდელი მიიღებს საცეცხლურს და წარმოსთქვამს ასამაღლებელს: „უმეტესად ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა...“, რის შემდეგაც უკმევს ტრაპეზზე დასვენებულ შეწირულ ძღვენს ცხრაგზის და გადასცემს საცეცხლურს დიაკონს, რომელიც თავის მხრივ აგრძელებს კმევას. იგი უკმევს ტრაპეზს ოთხივე მხრიდან და აკმევს საკურთხეველს ჯვრის სახით წესისამებრ. შემდეგ უკმევს უპირატესს და საკურთხეველში მყოფ ღვთისმსახურებს, რის შემდეგაც კიდევ ერთხელ უკმევს ტრაპეზს წინა მხრიდან, შემდეგ მაღალდასაჯდომელს სამგზის, ბოლოს კი ისევ უპირატესს და სრულდება კმევა.

 

 

კმევა ძღვენის გადასვენებისას

 

შემდგომად ასამაღლებლისა: „აცხოვნე ღმერთო ერი შენი...“ მღვდელი მიიღებს საცეცხლურს და უკმევს ტრაპეზს, ხოლო შემდეგ საცეცხლურს და ფეშხუმს გადასცემს დიაკონს, რომელიც თავის მხრივ, გადავა სამკვეთლოში და დაელოდება მღვდელს საცეცხლურით ხელში. მღვდელი ბარძიმის სამკვეთლოში გადასვენების შემდეგ, კვლავ მიიღებს დიაკვნისგან საცეცხლურს და სამგზის უკმევს ძღვენს, რის შემდეგაც დასრულდება კმევა.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

 

1. ბიბლია. გამოსაცემად მოამზადა და სქოლიოები დაურთო ედიშერ ჭელიძემ. თბილისი 2015.

2. ბიბლიის ენციკლოპედია. გაერთიანებული ბიბლიური საზოგადოებები საქართველოს წარმომადგენლობა. თბილისი 1998.

3. სამღდელოი კონდაკი. თბილისი 2012.

4. Литургический Лексикон. Р. Ф. ТАФТ. Омск 2013.

5. УСТАВ ПРАВОСЛАВНОГО БОГОСЛУЖЕНИЯ. Алексей Кашкин. Саратов 2014.

6. Михаил Скабалланович. Толковый Типикон. Издательство Сретенского монастыря. Москва 2011.