მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

განმარტებები

 

განმარტება ეკლესიისა

 

ეკლესია არს ტაძარი ღმრთისა, სახლი შესაკრებელი ერისა, გვამი ქრისტესი, და სძალი მისი წყლითა მით ნათლის ღებისათა განწმედილი, და პატიოსნითა სისხლითა მისითა პკურებული, ვითარცა სძალი აღბეჭდული და შემკული საცხებელითა მით სულისა წმიდისათა; ეკლესია არს ცა ქუეყანასა ზედა, რომელსა შინა დამკვიდრებულ არს ცათა შინა მყოფი ღმერთი. ცად ვიტყვი ვიდრე მე ზენა კერძოდ და ზეციერად სამსახურებელად საკურთხეველსა. ხოლო ქუეყანად ეკლესია, ვითარცა მუნ შემოკრებულნი; და ვითარცა ზენა ცით მოიღებენ წმიდათაგან წმიდა ქმნასა, მას შინა გამოისახვის ჯვარცმა, დაფლვა, და აღდგომა ქრისტესი, რომელ ესე უზეშთაეს არს კარავსა მას საწამებელსა. რამეთუ ესე წმიდა ეკლესია მამათმთავართა წინათვე მოასწავეს, წინასწარმეტყველთა ქადაგეს, მოციქულთა დააფუძნეს, და მღუდელთ მოძღვართა დაამტკიცეს. ხოლო წმიდა ტრაპეზი პატიოსნისა საკურთხეველისა, უფლისა ჩუენისა საფლავისა სახე არს, რომელსა ზედა მდებარე არს ჭეშმარიტი იგი და ზეცისა პური ქრისტე, რომელი იგი უსისხლოდ დაიკლვის, ვითარცა კაცი, და ხორცსა და სისხლსა თვისსა მისცემს მორწმუნეთა თვისთა ცხოვრებად საუკუნოდ.

 

ტრაპეზი არს საყდარი ღმრთისა, რომელსა ზედა განისვენებს ქერაბინთა ზედა მჯდომარე ქრისტე ღმერთი ჩვენი, ცხოვრებისათვის ჩუენისა განკაცებული, ვითარცა იგი დიდებულსა მას საიდუმლოსა სერობასა, მჯდომარე იყო შორის მოწაფეთა თვისთა და მოციქულთა. მოიღო პური და ღვინო, წმიდაყო, და თქვა: მიიღეთ და სჭამეთ, და სუთ ამისგან, ესე არს ხორცი ჩემი და სისხლი ჩემი.

 

და კვალად ამისვე ტრაპეზისა მოსწავება გამოსახა დიდმან მოსე, ოდეს შემზადა ტაბლა იგი, რომელსა ზედა იყო მანანა, რამეთუ ჭეშმარიტად ქრისტე არს მანანა, რომელი გარდამოხდა ზეცით ცხოვრებისათვის ჩუენისა. სალხინებელი, რომელი ზედა ადგს წმიდასა ტრაპეზსა, სახე არს თხემისა ადგილსა, სადა იგი ჯვარს ეცვა ქრისტე ხსნისათვის ჩუენისა, რამეთუ არს ადგილსა მას, სადა დაეფლა უფალი. ამას გამოსახვიდა კიდობანიცა იგი რჩულისა, რომელი იყო წმიდა წმიდათა, სადა იგი ბრძანა ღმერთმან ორთა–ქერაბინთა ქმნა ამიერ და იმიერ. საკურთხეველი კვალად სახე არს საფლავისა, სადა იგი დაიკლა უფალი ჩუენი, მსგავსად კრავისა მის, რომელი ეგვიპტეს მოსეს მიერ ესწავა ისრაელთა, და სისხლითა მით კრავისათა პოვეს ლხინება მომსრველისა მისგან სენისა, და განთავისუფლდენ მონებისგან. შეიწირა მამისა კრავი ღმრთისა ჭეშმარიტი, მღდელთმოძღვარი იგი დიდებისა, შობილი დედაკაცისაგან, და აწცა იგივე არს უსისხლოდ შემწირველი და შეწირული, რომლისა ზიარებითა ზიარ ვიქმნენით ცხოვრებასა საუკუნესა;

 

საკურთხეველი სახე არს ზეცისა მის უხილავისა საკურთხეველისა. რამეთუ მსგავსად მუნ მდგომარეთა მათ ძალთასა, მდგომარე არიან მღუდელნი აქა წინაშე უფლისა, ამისთვისცა ჯერ-არს, რათა იყვნენ მსგავსად მათსა ცეცხლებრ შემწუელ ყოვლისავე ვნებისა, რამეთუ ზეცისა იგი მღუდელობანი და ქუეყანისა ყოვლივე განაწესა ძემან ღმერთისამან შემოქმედმან ყოველთამან. საკურთხეველისა იგი საჯდომი, ადგილი არს საყდარი, სადა იგი უფალი ჩუენი მჯდომარე არს მოციქულთა თანა, ვითარცა თქვა: დასხდეთ თქვენცა ათორმეტთა საყდართა ზედა. და სახე არს მეორედ მოსლვისა, ოდეს დაჯდეს უფალი საყდართა დიდებისთა, განკითხვად სოფლისა, ვითარცა იტყვის წინასწარმეტყველი: ვითარმედ მუნ დაიდგნენ საყდარნი სასჯელისანი.

 

კანკელი არს მაუწყებელი სალოცველისა ადგილისა, რომელ მოასწავებს გარეშე მისა დადგრომასა ერისასა, ხოლო შინაგან წმიდა წმიდათასა, შესლვა და მსახურება მღუდელთა მიერ. ნანდვილვე წმიდასაცა ქრისტეს საფლავსა კანკელი არს რვალისა, რათა არავინ ურიდად შევიდეს. კანკელისა ზედა იგი სამკაული, მოასწავებს სამკაულსა მას კარვისა საწამებელისასა, რომელსა ზედა არს სახე ჯვარისა, რომელ ბრწყინვიდეს ბეჭედი ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა, საფსალმუნე, მის ლოდისა სახე არს, რომელ გარდააგორვა ანგელოზმან, კარისაგან საფლავისა, და დაჯდა მას ზედა, და ახარა მენელსაცხებელეთა აღდგომა უფლისა, სიტყვისაებრ წინასწარმეტყველისა, რომელი იტყვის: აღიღეთ სასწაული მთასა მას ზედა ველოვანსა, მახარებელი ეგე, აღიმაღლე ხმა.

 

„დიდი კურთხევანიდან“

 

კურთხეულ ხარ შენ, უფალო, რომელი მოხუედ ბეთანიად, აღადგინე ლაზარე ოთხისა დღისაი მკუდრეთით.
რომელთა იხილეს და რწმენა, ღაღადებდეს და იტყოდეს: რომელი მოხუედ და მოსლვად ხარ, იესუ მაცხოვარო ჩუენო, დიდებაი შენდა.