ლიტურგია თავისთავად სადღეღამისო საღვთისმსახურო ციკლის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი და მისი გვირგვინია, რამდენადაც სწორედ ლიტურგიაზე აღესრულება უსისხლო მსხვერპლშეწირვა და მორწმუნეთა ზიარება ქრისტეს მაცხოვნებელ საიდუმლოსთან. ლიტურგია მკაცრად დადგენილი წესით მიმდინარეობს და მნიშვნელოვანი ნაწილი ყოველდღიურად უცვალებელად აღესრულება. თუმცა ზოგიერთი ეპიზოდი გარკვეულ ცვალებადობას ექვემდებარება კიდეც. სწორედ ამგვარია ე.წ. "განიცადე”. ის წარმოადგენს უმეტესწილად ფსალმუნის მუხლს, რომელიც იგალობება მაშინ, როდესაც საკურთხეველში ღვთისმსახური ეზიარება. ეს ეპიზოდი, რომელიც განსაკუთრებულად საიდუმლო ხასიათიდან გამომდინარე, დახურულ აღსავლის კარსა და კრეტსაბმელის მიღმა სრულდება, მლოცველთაგან გამორჩეულ გულისყურსა და კონცენტრაციას მოითხოვს, ისეთს, რაც ძალიან გაჭირდებოდა, საგალობელი გრძელი რომ ყოფილიყო. სწორედ აქ საჭირო იყო მოკლე ტექსტისა და ღრმა მნიშვნელობის მქონე მუხლი, ალილუიას მისამღერით, რომელიც როგორც წესი, გადმოსცემს ხოლმე მსახურების ყველაზე მნიშვნელოვან და საზეიმო ეპიზოდებს. ამავე განწყობილებას ასახავს მისი გალობა: განგრძობილი, ნელი და ლმობიერი, რომელშიც ვნების შვიდეულის მოტივი გაისმის.
საკვირაო ლიტურგიის განიცადე "აქებდით უფალსა ცათაგან, აქებდით მას მაღალთა შინა” (ფს. 148,1), აქ იმავე მნიშვნელობის მტვირთველია, რისიც ცისკრის დასასრულს "აქებდითის” ბოლო მუხლები, როდესაც ღვთის განსადიდებლად შესაფერისი სიტყვების უკმარისობის გამო, ამ საქმეს ზეცის ბინადართ გადავცემთ: "აქებდით მას ყოველნი ანგელოზნი მისნი, აქებდით მას ყოველნი ძალნი მისნი”. უფლის აღდგომა ხომ ისეთი მოვლენაა, რომლის ჭეშმარიტი განმადიდებლები მხოლოდ ზეციური ძალები შეიძლება იყვნენ. ხოლო მიწიერ ზეცაში – საკურთხეველში განიცადეს გალობისას უმნიშვნელოვანესი მოვლენა აღესრულება: ევქარისტიულ ძღვენთან ზიარება – ქრისტეს სიკვდილით გამოსყიდული ცხონების შესაძლებლობა (სააღდგომო განიცადე - "ხორცი ქრისტესი მოვიღოთ და უკვდავებისა წყაროსა გემო ვიხმიოთ”).
საკვირაო განიცადე: "აქებდით უფალსა ცათაგან, აქებდით მას მაღალთა შინა,” გარდა კვირისა, იგალობება რამდენიმე დღესასწაულზე: ქრისტეშობის, ღმრთისგანცხადების, წინადაცვეთის და ახალი წლის (1 სექტემბერი) ლიტურგიაზე. თუკი იმ წმიდანის საღვთისმსახურო საკითხავები, რომლის ხსენებაც კალენდარულადაა დადგენილი, სამოციქულოსა და სახარებასაც შეიცავს, მაშინ მისთვის საგანგებო განიცადეც იგალობება და ამ დროს ალილუია მხოლოდ მეორე განიცადეს შემდეგ ითქმის.
წმიდა პეტრე მოციქულის უძველეს მართლმადიდებლურ ლიტურგიაში ,,განიცადედ” გვევლინება ის მუხლი, რომელსაც წარმოსთქვამს ღვთისმსახური ღვინისა და პურის შეერთებისას: "კრავო ღმრთისაო, აღმღებელო ცოდვათა სოფლისათაო, შეგვიწყალენ ჩვენ”. წმიდა მარკოზ მოციქულის ალექსანდრიულ ლიტურგიაში განიცადე მოხსენიებული არ არის. წმიდა იაკობ მოციქულის ლიტურგიის ყველა ხელნაწერში (X-XIVსს.) დიაკონის ასამაღლებელს მოსდევს განიცადე: "განიცადეთ და იხილეთ, რამეთუ ტკბილ არს უფალი" (ფს. 33,9) ალილუია. განიცადე:"აქებდით უფალსა ცათაგან, აქებდით მას მაღალთა შინა”. უნდა აღმოცენებულიყო წმიდა იაკობ მოციქულის ლიტურგიაზე ტარიგის განტეხისას: "აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა” (ფს. 150, 1), ან (სხვა ხელნაწერის მიხედვით:) "უგალობდით უფალსა ყოველი თესლები” (ფს. 116, 1). როგორც ჩანს, ძველად მას შემდეგ, რაც განიცადე ღვთისმსახურის ზიარებისას იგალობებოდა, მისი გალობა ერისკაცთა ზიარების დროსაც მეორდეოდა. ერთ-ერთ ხელნაწერში აღნიშნულია "განიცადე: "იხარებდით მართალნი…” მცირე, ხოლო, წმიდა ზიარება რომ დაიწყება, განმეორებით, "აღავსემდე”. ბერძნებთან: "მეორე გუნდის პირველდამწყები გალობს განიცადეს ნელა და განგრძობილად – იმ ხმაზე, რომელზედაც ქერუბიმთა იგალობებოდა, ანუ – დღის მთავარ ხმაზე”.
მოამზადა თინათინ გოგოჩაშვილმა
ჟურნალი ქართული გალობა, N9 მაისი 2007 წ.