მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

განმარტებები

 

ფსალმუნნის ძველ-ქართულ სიტყვათა,
გეოგრაფიულ ადგილთა და ისტორიულ მოვლენათა განმარტებანი

 

წინათქმა გამომცემელთაგან

 

ავტორის წინასიტყვაობა

 

                                                          

წინათქმა გამომცემელთაგან

 

წინამდებარე საეკლესიო ნაშრომი - „ლექსიკონი ანუ განმარტება ფსალმუნთა სიტყვათა შესახების, გაოგრაფიულის და ისტორიულის სტატიებით“ - გამოცემულია 1875 წელს, ანჩისხატის ტაძრის მედავითნე იოსებ ახალშენოვის მიერ. მასში, იმ ეპოქაში მცხოვრებ (იგულისხმება XIX ს.) ქართველ მორწმუნეთათვის გასაგებ ენაზე განმარტებულია ფსალმუნებში შემონახული უძველეს ქართულ სიტყვათა მნიშვნელობანი; აგრეთვე, მოცემულია იმ გეოგრაფიულ ადგილთა და ისტორიულ მოვლენათა განმარტება-აღწერილობანი, რომლებზეც გვესაუბრება ღვთივ-კურთხეული მეფე დავით მეფსალმუნე მის მიერ სამი ათასწლეულის უკან შედგენილ საღვთო საგალობლებში - ფსალმუნებში, უწინარეს ყოვლისა წმიდა წერილზე და სხვა ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით, და რომელიც, ჟამთა დაშორების გამო, ბუნებრივია, გარკვეულწილად გაუგებარი ან უცნობი უნდა ყოფილიყო XIX ს-ის მორწმუნეთათვის (მითუმეტეს XX-XXI ს.ს.-ების ადამიანთათვის). აღსანიშნავია ისიც, რომ „ფსალმუნთა განმარტების“ ავტორი, წმიდა მამათა ნააზრევზე დაყრდნობით, ცდილობს ჩასწვდეს ზოგიერთი ფსალმუნის ფარულ, ალეგორიულ შინააზრს და მათი თარგმანება შესთავაზოს მკითხველს, რაც კიდევ უფრო საინტერესოს, შინაარსობრივად მდიდარს და საკითხავად მიმზიდველს ხდის მთლიანად შრომას. ამდენად, აღნიშნული ნაშრომი მეტად მნიშვნელოვანი იყო და არის მორწმუნეთა როგორც სულიერი განათლების, ისე ინფორმაციული განსწავლულობის მხრივ.

 

ჩვენი მოსაზრებით, „ფსალმუნთა განმარტებანი“ არა მარტო უწინდელ აქტუალურობას ინარჩუნებს, მეტწილად საგულისხმოც კია ჩვენთვის, თანამედროვე ქართველ მორწმუნეთათვის, რომელნიც უფრო მეტად ვართ დაშორებულნი უძველეს ქართულ სიტყვიერებას, იმ გეოგრაფიული ადგილების და ისტორიული მოვლენების ცნობას, რომელნიც აღწერილი აქვს მეფე-ნათელმხილველ დავითს.

 

აქვე გავითვალისწინეთ ის ფაქტიც, რომ XIX ს-ის ქართული სიტყვიერება, რომელზეც შექმნილია ეს ნაშრომი, ნაწილობრივ გაუგებარი იქნებოდა თანამედროვე ქართველი მორწმუნეებისათვის, რის გამოც მოვახდინეთ ტექსტის გათანამედროვეება; ამასთანავე, ზოგიერთ განმარტებას, უკეთ გაგების თვალსაზრისით, დავურთეთ რედაქციული შენიშვნები, რაც მოცემულია ფიგურულ ფრჩხილებში - {}.

 

უფალო, შეგვიწყალენ.

 

გამომცემელი:
თორმეტი მოციქულის სახელობის
მცხეთის სვეტიცხოველის ეკლესის მოძღვარი
მამა მიქაელი (მაჭარაძე)

 

რედაქტორი:
იოსებ ჯაჯანიძე

 

 

ავტორის წინასიტყვაობა

 

ფსალმუნნი არის საფუძველი თითქმის ყოველთა საღმრთოთა წიგნთა. იგი არის აღვსებული ყოველ-გვარი სულის განმაცხოველებელი სიმდიდრით: მასში საკმაოდ იპოვებიან ისტორიული მოთხრობანი, მოძღვრებანი, ლოცვანი, წინასწარმეტყველებანი, კეთილ-მოქმედთა კურთხევანი და ბოროტის-მოქმედთა შეჩვენებანი. წმიდა ავგუსტინე მასწავლელის ბრძნობით: „ფსალმუნნი არის შემამკობელი სულისა, შესამოსელი სიწმიდისა და მომნიჭებელი სიხარულისა“. მაშასადამე, ყოველნი ქრისტეანენი მოვალენი ვართ გულსმოდგინედ მივაქციოთ ყურადღება სულთა განმაცხოველებელ ამ დიდებულ წიგნს ფსალმუნთასა, გულდასმით ვისმენდეთ კითხვის დროს, არა მხოლოდ ეკლესიაში, არამედ შინაც და ყოველი სიტყვა მასში აღმოკითხული გავაცნობიეროთ და გონებით განვმარტოთ, ვინაიდან იმავე ავგუსტინეს სწავლებით: „ფსალმუნნი - სულსა ადიდებს, გულს წმიდა-ჰყოფს, ცნობას (აზროვნებას) ახარებს, გვამს (სხეულს) განაბრწყინვებს, სვეტსა მაღალსა აღაგებს და გონებას მასზედ აღამაღლებს, ბოროტს დააკნინებს და კეთილს აღაზევებს, მოხუცთ ნუგეშინის-სცემს და ჭაბუკთ შეამკობს“.

 

წინამდებარე წიგნი, სავსე ყოვლითა სიკეთითა, არის ნათარგმნი ბერძნულიდან ღირსი მამის გიორგი მთაწმინდელის მიერ იმ ქართულ ენაზე, რომელიც მის დროს არსებობდა და ამჟამად დაშორებულია ჩვენგან, ამდენად, ნაწილობრივ გაუგებარიცაა. ზოგი სიტყვები არ გვესმის სიძველის გამო, ზოგიც კი ჩვენი უცოდინარობის გამო; ამ სიტყვების გაუგებლობა კი აბრკოლებს ფსალმუნებში გადმოცემული აზრის მართებულ გაგებას, მითუმეტეს, ახლადმოქცეულ ქრისტეანთათვის, რომელნიც კითხულობენ და უცხო ენასავით ჩაესმით ეს ძველ-ქართული. მათ შორის ჩემს თავსაც ვგულისხმობ, ვინაიდან ვისწავლე რა ანბანი (წერა-კითხვა) მამა-პაპური წესით, მასწავლებელმა მიბოძა ფსალმუნთა წიგნი (დავითნი) და დამავალა პირველი ფსალმუნის დაზეპირება, შემდეგ კი სხვანიც ამგვარად შევისწავლე. ფსალმუნთა ამგვარი სწავლისას მე მტანჯავდა გამოუცნობლობა ძველი სიტყვებისა, რის გამოც ვიხმარე ეს ღონისძიება (ხერხი) და ის სიტყვები, სახელები და ზოგი აზრები, რომელნიც არ მეყურებოდა (მესმოდა), - ამოვიწერე და ერთად მოვუყარე თავი. ამ ოთხი წლის უკან კი, ღვთის შეწევნის იმედით, ჩემი უძლური მეცადინეობა მივმართა მათ განსამარტებლად: დავაწყე ანბანის მიხედვით, მივუწერე ფსალმუნების და მუხლების რიგითობა, ვეძიე საღმრთო წიგნებში, ლექსიკონებში, ისტორიებში და სხვა წყაროებში - და მცირედი ესე ნაყოფი წარმოვადგინე ჩემი ქრისტეს მოყვარე ხალხის წინაშე, რის გამოც არ მეშინია არც მოკვეთისა, არც ცეცხლში დაწვისა და არც განკითხვისა საშინელისა. ვიმედოვნებ, რომ ჩემი მცირედი ღვაწლით ისარგებლებენ ჩემებრ უსწავლელი მეფსალმუნენი.

 

ვიმედოვნებ, რომ შეიწყნარებენ ამ ჩემს მოკრძალებულ შრომას სახიერი (კეთილი) მამანი, ყოვლად პატიოსანნი მოძღვარნი, და სიხარულით თანა-მიგრძნობენ.

 

კვალად ვიმედოვნებ, რომ კეთილად მიიღებენ ამ მცირე ძღვენს საღმრთო წერილთა მოყვარენი, კეთილ-შობილნი (არისტოკრატია) და სწავლულნიც და სიტყვათა გაუმართავობისათვის, გინა ჩემი უღირსებისათვის არ შეურაცხ-ჰყოფენ (უგულებელს-ჰყოფენ) ჩემს ამ მცირე შრომას.

 

ანჩისხატის ტაძრის მედავითნე
იოსებ ახალშენოვი

 

 

 

.: ა :.

აბირონი (105, 17) [*] - და დათან, ელიაბის ძენი, რუბენის ტომის - ისრაელის (ებრაელი ერის) თორმეტი ტომიდან ერთ-ერთი ტომის უხუცესნი (თავკაცები).

ებრაელი ერის აღთქმულ ქვეყანაში მოგზაურობის დროს, აბირონი და დათანი, ებრაელთა ზოგიერთ სხვა თავკაცებთან ერთად, შეითქვნენ მოსესა და მისი ძმის აარონის წინააღმდეგ, რის გამოც უფლის განგებით ისინი შთანთქა მიწამ მათი სახლობითურთ. მათთან ერთად დაისაჯა ისარის ძე კორე, რომელმაც მოიწადინა აარონის თანასწორად ყოფა და იყო ერთ-ერთი მოთავე შფოთისა. მათი მომხრენიც, 250 კაცი, დაიწვნენ უფლის მიერ ზეციდან მოვლენილი ცეცხლით (რიცხვ: XVI თ.).

     
აგარიანნი (82, 6) - იგივე ისმაიტელნი, აბრაამის მოახლის - აგარის ძის ისმაილის შთამომავალნი (2024 წ. ქ.შ.-მდე). ისმაილმა იქორწინა ეგვიპტელ ქალზე და ითვლება ნათესავ-მთავრად (მამათ-მთავრად) არაბი ხალხისა, ანუ ისმაიტელთა, იგივე აგარიანთა (შესაქ: XVI თ.).
     
აენდორი (82, 10) - მაგდალოსის წყლის ახლოს მდებარე ადგილი, სადაც ცხოვრობდა მკითხავი (ნათელმხილველი), რომელმაც უწინასწარმეტყველა ებრაელთა მეფე საულს მასზე ღვთის განრისხება და დამარცხება სიკილიის მეფის ახუსისაგან.
     
ათძალი (143, 9) - ათ-ალყიანი, ანუ ათ-სიმიანი საგალობელი იარაღი (დასაკრავი ინსტრუმენტი), რომელსაც უკრავდა იუდეველთა ხორო (მგალობელთა გუნდი) საღმრთო გალობისას სადიდებლად ღმრთისა (იხ. „ფსალმუნი“).
     
ალლილუია   - ებრაულად „ჰღალლელუ-ჰაიღ“. შედგება ორი სიტყვისაგან: „ჰღალლელუ“ ნიშნავს „აქებდით“, ხოლო „ჰაიღ“ შემოკლებით „ჰიეღოვა“ („იაჰვე“). ორივე ერთად კი ამგვარად გამოითქმის „აქებდით უფალსა“.
     
ამალეკ (82, 7) - ესავის შვილის ელიფაზის ძის ამალეკისაგან წარმომდგარი ხალხი. ელიფაზს ამალეკი ეყოლა თავისი ხარჭის თამნასაგან (შესაქ. 36, 12). ისინი წინ აღუდგნენ ისრაელის შესვლას აღთქმულ ქვეყანაში, მაგრამ დამარცხდნენ მათთან ბრძოლაში (გამოს. 17, 8).
     
ამაო (5, 10) - ცუდი, ფუჭი, გამოუსადეგარი.
     
ამბოხი (ამბოხება)   - არეულობა, ჩოჩქოლი. {ამბოხი სულხან-საბას განმარტებული აქვს აგრეთვე, როგორც „დაუმჟავებელი მაჭარი“}
     
ამო   - მოსაწონი, საამებელი, სასიამოვნო შესაქცევი.
     
ამონ, ამან (82, 7) - ლოთის ძის ამონისაგან (ამანისაგან) წარმომდგარი ხალხი (შესაქ. 19,38).
     
ამორეველნი (135, 19) - აღთქმულ ქვეყანაში შესვლის დროს ისრაელიანებმა (ებრაელებმა) დაიპყრეს ამორეველთა ქვეყანა და მოკლეს თვით მათი მეფე სეონ. მასთან ერთად ებრაელებმა ისუ ნავეს ძის წინამძღოლობით გაანადგურეს და მოსრეს ოცდათერთმეტივე მეფე ქანაანის ქვეყნისა, რომელნიც წინ აღუდგნენ მათ შესვლას აღთქმულ ქვეყანაში (ისუ ნავე XII თ.)
     
ანგარება   - სიხარბე, გამორჩენის მიზნით რაიმეს ქმნა.
     
ანგელოზი დამცველი (90, 11) - „ანგელოზი“ ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს „მაუწყებელს“, „ღვთის მაცნეს“. წმიდა ეკლესიის მოძღვრების თანახმად, ყოველ ადამიანზე ღვთისგან არის დადგენილი ანგელოზი, დასაცველად და წარსამართებლად მისი ცხოვრებისა.
     
ანთრაკი (118, 127) - ძვირფასი ქვა (თვალი) ნაკვერცხლის ფერისა, ღამე ცეცხლისებრ ელავს.
     
აპაური, აპეური (2, 3) - მოკლე თოკი, რომლითაც უღელი დაემაგრება ხარის კისერზე.

„განვხეთქნეთ აპაურნი მათნი და განვაგდოთ ჩვენგან უღელი მათი“ - ე.ი. გამოვიხსნათ თავი იმათი უფლობისაგან ანუ ბატონობისაგან და ყოველივე ვალდებულება, რაიც მათ დაგვაკისრეს, განვიშოროთო ჩვენგან {იმათში იგულისხმება ღვთის წინააღმდგომი მიწიერი ძალები - იხ. ფსალმ. 2, 1-3}

     
არა გიხმს (15, 2) - არ მოითხოვ, არ ჰსაჭიროებ.
     
არგანი   - დიდი ჯოხი, რომელსაც ხმარობენ სიარულის დროს დასაყრდნობლად, ყავარჯენი.
     
არე, ჰარე (73, 17) - გაზაფხული, ანუ რომელიმე დრო წელიწადისა.

{სულხან-საბას განმარტებით - „არე“ („ჰარე“) აღნიშნავს ატმოსფეროს ქვედა ნაწილს, რომელშიც უშუალოდ უწევთ ადამიანებს და უმრავლეს ცოცხალ არსებებს ცხოვრება}

     
არვე (49, 9) - თხათა და ცხვართა ჯოგი, ფარა.
     
ასპიტი (57, 4) - ბერძნული სიტყვაა, ჰქვია ფრიად შხამიან გველს, რომლის ნაკბენიც სასიკვდილოა ადამიანისათვის.
     
ასურ (82, 8) - ნოეს ერთ-ერთი შვილის სემის ძე, რომელმაც ბაბილონის გოდოლის შენების და ენათა განყოფის შემდგომ, მე-19 საუკუნეში დასაბამიდან ქვეყნიერებისა, მდინარე ტიგროსთან აღაშენა ქალაქი და იწოდა ნათესავთ-მთავრად (მამათ-მთავრად) ასურეველთა, ანუ ასირიისა.

ებრაელთა აღთქმულ ქვეყანაში შესვლისას ასირიის მეფემ შემოიკრიბა სხვა მრავალი მეფენი და თავს დაესხა ისრაელიანებს; მაგრამ ისუ ნავემ (ისუ ნავეს ძემ) დაამარცხა ისინი და მოკლა მათი მეფე აბინი. გაანადგურა ასევე მასთან მშველელად მისული მეფენი მადიამისა, სემერომისა და დიდი დალმათიისა და დაიპყრო მათი ქალაქები (ისე ნავე XI თ.).

     
ასულნი ბაბილოვნისანი   - ე.ი. მოქალაქენი ბაბილოვნისა.
     
აღვიკუართნე (107, 9) - გავიშვირე.

„იდუმიამდე აღვიკუართნე ხამლნი ჩემნი“ ნიშნავს - „იდუმიაზე დავდგამ ჩემს ჩექმას“, ანუ „იდუმიას დავიპყრობ“.

     
აღვიმსთუე (118, 147) - ადრე ავდექი.

აღმსთობა - დილას ადრე ადგომა, ან სწრაფად წამოდგომა (ს.ს. ორბელიანი)

     
აღნადგინები (71, 14) - ვახში, ვალად გაცემული ფულის სარგებელი. სულხან-საბას განმარტებით - „უწესო ვალის სარგებელი“.
     
აღძრვა (30, 20) - შეთქმულება, შფოთი, არეულობა.
     
ახს (84, 9) - ახლო არს.

ზევით

 

.: ბ :.

ბაბილო (79, 10) - მაღალ ხეზე ასული ვაზი. სხვანაირად ჰქვია - მაღლარი, დობილო. ბაბილოს უწოდებენ ასევე ველურ ვაზს. მისი სინონიმებია - კრიკინა, უსურვაზი, რძღვამლი.
     
ბაბილოვანი (86, 4) - ქალაქი ბაბილოვანი (ბაბილონი), წოდებული სერარად, დააარსა ნოეს ერთ-ერთი ძის ქამის შვილიშვილმა ნიმროდმა. სწორედ აქ შენდებოდა გოდოლი, რომელიც იქმნა მიზეზად ენათა განყოფისა (შესაქ. 11, 1-9).

ბაბილონის მეფემ ნაბუქოდონოსორმა (გამეფდა 605 წ. ქ.შ.-მდე) დაარღვია ტაძარი იერუსალიმისა და დაატყვევა ისრაელნი, რომელთაც ბაბილონის ტყვეობაში გაატარეს 70 წელი, ბაბილონში კიროსის გამეფებამდე, რომელმაც გაანთავისუფლა ისრაელნი ტყვეობისაგან (ქ.შ.-მდე 526 წ.).

     
ბანაკი (26, 3) - დროებით სადგომი ჯარისა, მოზაურთა და მისთ. ამ ფსალმუნში იგულისხმება მტრის ჯარის ბანაკი. შეიძლება ასევე ვიგულისხმოთ სულიერი მტრებიც, ანუ ეშმაკთა დასი.
     
ბასანი (67, 22) - ოგ მეფის სამეფო ქალაქი (იხ. „ოგ“, „ამორეველნი“).
     
ბაძი   - მიმსგავსებითი მოქმედი.
     
ბელფეგორი (105, 28) - იგივე ფოგორი, სახელი ერთ-ერთი წარმართული კერპისა, რომელიც ებრაულად განიმარტება, როგორც „უფალი გაშიშვლებული“. მნიშვნელობა ამ სიტყვისა აღებულია მოაბელების (იხ. „მოაბ“) ბილწი და ურიცხვილო კერპისაგან (ოსია 9,10). ებრაელი მოძღვარნი მოგვითხრობენ, რომ ამ კერპისადმი ლოცვის დროს მლოცველები სრულებით შიშვლდებოდნენ და გარყვნილებას ეცემოდნენ. გერმანე იერუსალიმელი ამბობს: „ვალაამ ურჩია ვალაკს ამ გზით გაერყვნა ებრაელები და შეეუღლებინა ისინი მოაბელების დედაკაცებთან“. ფსალმუნში წერია: „შეიბილწეს იგინი ბელფეგორს“ - ე.ი. ისიძვეს მოაბელ დედაკაცებთან - „და ჭამეს ნაგები მკუდართაჲ“ - ანუ მიიღეს ნაზორევი (შესაწირი, წინა-დაგებული) უსულო კერპთა (რიცხვ. 25, 1-3).

ბილწი ფეგორის სჯულის საწინააღმდეგოდ, ძველი აღთქმის მოძღვრებმა დაადგინეს წესი, რომლის თანახმად ღვთისმსახურება უნდა ჩატარებულიყო შესამოსლით (გამოსლ. 28, 42-43).

ბელფეგორის სახედ მიჩნეულია ბერძნული კერპი პრიაპოსი, რომაულად მუტტინა. ბერძნულ-რომაული მითოლოგიის მიხედვით, პრიაპოსი იყო ძე დიონისისა და აფროდიტისა, ბარაქისა და ტკბილ განცდათა ღვთაება, ითვლებოდა მევენახეობის, მებაღეობის, მეთევზეობის მფარველად, ბაღების, ვენახების, მინდვრების, თხებისა და ცხვრების ფარათა მცველად. გამოისახებოდა გრძელ ტანსაცმელში გამოწყობილ სანდომიან-სახიან და წვერებიან ხნოვან მამაკაცად, რომელსაც ერთ ხელში ეჭირა საბაღო დანა, ხოლო მეორეში - კალათა ხილით. მისი რკინის კერპი ედგად ტაძრებში, ხოლო ხის და ქვის კერპებს ჩვეულებრივ დგამდნენ ზვრებსა და ბაღებში, საფრთხობელის მაგივრად.

     
ბენიამენ (79, 2) - მამათ-მთავარ იაკობის უმცროსი ძე, რომელიც მას შეეძინა რახილისაგან. მისგან წარმოდგა იმავე სახელწოდების ერთ-ერთი ტომი ისრაელთა თორმეტი ტომიდან.
     
ბობღანი, ბობღნი (80, 2)
(150, 4)
- ხის რკალზე ცალ მხარეს ტყავგადაკრული დოლის მსგავსი საკრავი, იგივე დაფი, დაირა. დაფდაფი იგივე დოლია.
     
ბორცუნი (113, 4) - მრავლობითი ფორმაა. ბორცვი - მცირედ შემაღლებული ადგილი, გორაკი.
     
ბუი (101, 6) - ღამის მტაცებელი ფრინველი, რომელიც დღისით ვერ ხედავს და განმარტოებით ცხოვრებას ეწევა. დიდ ბუს - ბაიყუში ეწოდება თურქულ ენაზე.
     
ბრანგვი (79, 13) - ძუ დათვი.
     
ბრჭალი (55, 6) - 1. ნები - ხელის გული თითებიანად.
2. ციდა - მანძილი გაშლილი სალოკი თითის წვერიდან ცერის წვერამდე.
3. ფეხის გული ქუსლიდან თითის ფრჩხილამდე (იხ. შესაქ: 3,15; 25,25).
4. სულხან-საბას განმარტებით „ბრჭალი“ საზომი ერთეულის მნიშვნელობითაც გამოიყენებოდა: „ხონოღროფსა შინა წერილ არს საზომად: ორმეოცი წყრთა (ხელის ნაწილი იდაყვიდან შუა თითის წვერამდე) და ათი ბრჭალი“ (იც. აქვე „ციდა“).
5. იგივე ბრჭყალი, კლანჭი.
     
ბღუარი (125, 4) - ქვეყნიერების ერთ-ერთი მხარე, კეძოდ სამხრეთი.
     
ბჭე (126, 5) - შესასვლელი. დიდი კარი ტაძრისა, სასახლისა და მისთ. (იხ. გამოსლვ. 12, 23).

ბჭე ეწოდება აგრეთვე ციხე-გალავანს, რომელშიც ასეთი შესასვლელია დატანებული, ციხის ბჭე.

ბჭე-ს ეძახდნენ ასევე სადავო საქმის გამრჩევს, მოსამართლეს, მედიატორს.

ზევით

 

.: გ :.

გაად   - 1. მამათ-მთავარ იაკობის ერთ-ერთი ვაჟი, რომელიც შეეძინა მას თავის ცოლის (რაქელის) დის ლიას მხევალ ზელფასგან (შესაქ. 30, 9-11).
2. წინასწარმეტყველი, რომელმაც უთხრა დავითს წასულიყო მოაბის (იხ. „მოაბ“) იუდეაში, რაჟამს იგი ემალებოდა საულს (I მეფ. 22,1-5).
     
გალაად (59, 7) - სახელი ქვეყნის მხარისა, რომელიც იყო კუთვნილება მანასეს შთამომავლობისა (ისუ 17,6).
     
გამოახურვა (104, 19) - ამ შემთხვევაში იგულისხმება ადამიანის გამოცდა, გამოწრთობა განსაცდელის მოვლენის გზით. პირდაპირი მნიშვნელობით გამოხურვება ნიშნავს რკინის გამოწრთობას ცეცხლში.
     
გამოკულევა (138, 3) - რაიმეს გამოძიება, განრჩევა.
     
განგრძობა (119, 5) - გაგრძელება საქმისა, სიტყვისა, დროისა და სხვ. ამ შემთხვევაში: „განმიგრძდა მე მწირობა ჩემი“, ნიშნავს - დიდხანს გასტანაო ჩემმა უცხოობაში ღარიბად ყოფნამ (იხ. „მწირი“).
     
განგუმერვა, განგმირვა   - გახვრეტა შუბით, ხანჯლით და მისთ. (იხ. იოანე 19, 34).
     
განვრცობა (118, 32) - გაფართოება, გადიდება. ამ შემთხვევაში: „განავრცე გული ჩემი“ ნიშნავს - ჩემი გული გახსენიო ღვთიური მცნებებისა და საქმეებისათვის (იხ. II კორინ. 6,11).
     
განვასპეტაკნე (50, 7) - პირდაპირი განმარტებით - გავთეთრდე (სპეტაკი - თეთრი). ამ შემთხვევაში - გავსუფთავდე ცოდვებისაგან, განვიწმიდო.
     
განზოგება (54, 23) განახევრება, შუაზე გაყოფა.
     
გან-თუ-ეწყოს (26, 3) - თუ გარს შემოერტყნენ, დამწკრივდნენ საომრად.
     
განთხევა   - 1. გადაღვრა.
2. გაფანტვა, გარეკვა.
     
განივლტიედ (30, 11) - გარბოდნენ, ანუ თავს მარიდებდნენ.
     
განკფდეს და კელობდეს (17, 45) - მოუძლურდნენ და კოჭლობდნენ (განკაფა - მოუძლურება, ძალის გამოლევა). ამ შემთხვევაში: „განკფდეს და კელობდეს ალაგთა მათთაგან“ ნიშნავს - გაილევიან (ძალას დაკარგავენ) და ათრთოლდებიან თავიანთ სიმაგრეებში.
     
განმსჭუალვა,
განმსჭვალვა
(118, 120) - პირდაპირი განმარტებით - ლურსმნით (სამშჭუალით, სამსჭვალით) განგმირვა, დალურსმვა. ამ შემთხვევაში: „განმშჭუალენ შიშითა შენითა ხორცნი ჩემნი“ გადატანით ნიშნავს - გამსჭვალულია, ანუ თრთის შენი შიშით ჩემი სხეული.
     
განრინება (30, 1)
(139, 1)
- გადარჩენა, გამოხსნა, განთავისუფლება.
     
განყენება (38, 10) - განდევნა, განშორება. „განმაყენენ ჩემგან ტანჯვანი შენნი“ ნიშნავს - განარიდე ჩემგან სასჯელი შენი.
     
განწონვა, განწონება (37, 2) - რაიმე საბრძოლო იარაღის (ამ შემთხვევაში ისრის) ადამიანის სხეულში გასვლა (განწონილი - განგმირული).
     
განხრწნა (77, 45) - 1. ზნეობრივი გარყვნა.
2. ხორციელი ლპობა. ამ შემთხვევაში: „განხრწნა იგინი“ ნიშნავს „დაღუპა ისინი“.
     
გარდათხევა (103, 2) - განფენა, გადაფარება.
     
გებალ (82, 7) - სამარიაში არსებული მთის სახელწოდება. გებალ ეწოდება აგრეთვე იმ ხალხს, რომელიც მის მიდამოებში იყო განსახილველი. ამ მთაზე, ისრაელთა (ებრაელი ერის) უხუცესებმა - რუბენმა, გადიმმა, ასერმა, ზაბულონმა და ლეფთალიმმა (ნეფთალემმა), უფლის ბრძანებით შეაჩვენეს დამრღვეველნი საღმრთო სჯულისა (II სჯ. 27, 13-26).
     
გესლი (77, 46) - 1. ქვეწარმავალთა და მისთ. შხამი.
2. მომაკვდინებელი წამალი, საწამლავი.
3. იგივე ჟანგი.
4. ამ შემთხვევაში უნდა იგულისხმებოდეს ოდი - მარცვლის დასრულებამდე პურეულის ნათესის ნაადრევი დაჭკნობა. იწვევს მცხუნვარე მზე, ცხელი ქარი.
     
გთნდა, გთნდინ (39, 6) - სათნოდ, ანუ სასურველად მიიჩნიე, ისურვე, ინებე, მოიწონე (გთნავს - სასურველად მიგაჩნია).
     
გმირი (18, 5) - 1. მეტად დიდი და საზარელი ტანის, ერთობ ღონიერი და გამოჩენილი მეომარი.
2. სახელოვანი ფალავანი.
     
გოდოლ-ტაძრები (121, 7) - ციხე-სასახლეები ეკლესიებითურთ.
     
გოლეული (18, 10) - 1. ფიჭიანი (გადაუდნობელი) თაფლი.
2. თაფლის პური.
     
გულარძნილი,
გვლარძნილი
(77, 8) - პირდაპირი მნიშვნელობით ოღრო-ჩოღრო, მრუდე ადგილი. ამ შემთხვევაში ითქმება მრუდედ, უკუღმართად მავალ ადამიანებზე.

ზევით

 

.: დ :.

დათან (105, 17) - იხ. „აბირონი“.
     
დაიყო პირი (62, 11) - მეტყველება წაერთვა, ვეღარ ილაპარაკა.
     
დამწყსენ (27, 9) - მწყემსე, ანუ მოუარე, უხელმძღვანელე, თვალი ადევნე.
     
დანთქმა (68, 2) - წყალში ჩაძირვა, დახრჩობა.
     
დაჭენებული (61, 3) - მორყეული, გვერდზე გადაქცეული.
     
დაჰრთნა (103, 3) - 1. დაურთო, მოუმატა;
2. დახურვა, დააფარა.
     
დრკუ (17, 26) - მრუდე, უკუღმართი; ამ შემთხვევაში ღვთის წინაშე მტყუანი, უკუღმართად მავალი ადამიანი (საწ. იხ. „რჩეული“).

ზევით

 

.: ე :.

ეგვიპტე (77, 12) - უძველესი ქვეყანა აფრიკის ჩრდილოეთ სანაპიროზე. ებრაულად ეწოდება - მისრაიმ. დააარსა და მდინარე ნილოსის მიდამოებში გააშენა ნოეს ერთ-ერთი ძის ქამის ნათესავმა მენესმა. ეგვიპტე განიყოფა სამ ნაწილად: ზემო, შუა და ქვემო ეგვიპტედ. გარდა იმისა, რომ ფრიად შესანიშნავია ეს ქვეყანა, სწორედ იგი იქმნა ღვთის ყოვლისშემძლეობის, მისი ნების ჩვენზედ გამოცხადების და ძველ წიგნთა განმრავლების მიზეზად (იგულისხმება უძველესი საღმრთო წიგნნი - მოსეს მიერ შექმნილნი).

ქრისტეს შობამდე 1824 წელს, შიმშილით შეწუხებული ებრაელი ხალხი შეეხიზნა ამ მშვენიერ და ნაყოფიერ მხარეს მათი თანამემამულის იოსების (იაკობის და რახელის შვილი) იმედით, რომელიც ეგვიპტის მაშინდელი ფარაონის კარზე მის მიერ პირველ კაცად ითვლებოდა. ებრაელებმა ეგვიპტეში დაჰყვეს 215 წელიწადი, რის შემდეგაც უფალმა მრავალი სასწაულით და საკვირველმოქმედებით და მოსე მოციქულის წინამძღოლობით გამოიყვანა ისინი იქიდან, დაუმორჩილა მრავალი წარმართი (ურჯულო, და დაამკვიდრა სარწმუნოების მიმდევარი) ერი და დაამკვიდრა წინათვე აღთქმულ ქვეყანაში, ქანაანში, ანუ პალესტინაში.

     
ედომი   - ეს მეტსახელი ეწოდა იაკობის ძმას ესავს (ნიშნავს - წითურს), მას შემდეგ ესავმა თავისი პირმშოება მიჰყიდა იაკობს ოსპის შეჭამანდის სანაცვლოდ (შესაქ. 25, 29-34). იგივე სახელი ეწოდა ესავისაგან წარმომდგარ ხალხს, რომელიც მკვიდრობდა იუდეის სამხრეთით, კლდიანი არაბიის (არაბეთის) ნაწილზე. ებრაელთა აღთქმული ქვეყნისაკენ მოგზაურობის დროს, მოსემ სთხოვა ნება ედომელებს, რათა გაეტარებინათ ებრაელები მათ მამულზე, რაზეც ედომელებმა უარი განუცხადეს და ბრძოლა გაუმართეს (რიცხვ. 20, 14-18), რომელიც ღვთის შეწევნით ებრაელთა გამარჯვებით დასრულდა.
     
ენოვანი (139, 11) - მრავალმეტყველი (და არა - მრავლისმეტყველი), ყბედი; ავსიტყვა, ბოროტად მოლაპარაკე; ენატანია.
     
ერმონი   - მთა, რომლის ჩრდილოეთი ნაწილი ემიჯნება ლიბანის მთას. მისი მწვერვალის კალთებზე თოვლი არასოდეს არ დნება.
     
ეფრათა (131, 6) - ანუ ბეთლემი, ქვეყანა მდებარე იორდანიის დასავლეთით, სადაც არის ძველად სატახტო ქალაქად ყოფილი ებრაელების მეფეთა „სვიქემი“ {ამ სიტყვის განმარტება სამწუხაროდ ვერ ვპოვეთ - რედ.} აქ ცხოვრობდა მამათ-მთავარი იაკობი და აქვე გარდაიცვალა რახილი, ვის საფლავზეც იაკობმა აღაშენა ძეგლი.

„ესერა გვესმა, ესე ეფრათას“ - ე.ი. შევიტყვეთ, რომ დავითი ეფრემის ქვეყანაში იყოო.

     
ეფრემ (79, 2) - იოსების უმცროსი ძე, რომელიც მისი ძმის მანასეს მაგივრად აკურთხა მამათ-მთავარმა იაკობმა სიკვდილის წინ მარჯვენა ხელის თავზე დადებით (შესაქ. 48, 9-20).

ზოგჯერ საღმრთო წერილი „ეფრემად“ მოიხსენიებს სრულიად ებრაელ ხალხს, უფრო ზუსტად, იმ ათ ტომს ისრაელიანთა, რომელნიც განუდგნენ სოლომონის შვილს რობოამს და საკუთარი სამეფო შექმნეს.

ზევით

 

.: ვ :.

ვარხუ, ვარხვი (101, 6) - წყლის ფრინველი, გრძელნისკარტიანი. ნისკარტქვეშ აქვს პარკუჭი. იერონიმეს, ავგუსტინეს და სხვა ღირს მამათა თქმით, ეს ფრინველები მდინარე ნილოსის სათავის მიდამოებში ცხოვრობენ. ითვლება, რომ ვარხვი გველისგან დაგესლილ მის ბარტყებს თავისი სხეულიდან გამოდენილი სისხლით არჩენს.
     
ვასილისკო, ბასილისკო (90, 13) - ფრიად შხამიანი გველი, რომელიც თავისი დასტვენვით (სისინით) აფრთხობს და გარეკს სხვა ცხოველებს, ხოლო სუნთქვით წამლავს სასიკვდილოდ. ზღაპრული გადმოცემით ეს იყო ურჩხული, რომელსაც კისერი და კუდი ჰქონდა გველისა, ბიბილო მამლისა, ფრთები დევისა (დრაკონისა) და ბრჭყალები ფრინველისა. ამასთანავე, იმდენად შხამიანი იყო, რომ შეხედვით და სუნთქვით კლავდა ყოველგვარ ცოცხალ არსებას. ხმა მისი იყო საშინელი ყოველ ცხოველზე.

ახლა ვასილისკოსს უწოდებენ სამხრეთ ამერიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში (კერძოდ - ღვიანაში, ანუ გვინეაში) მობინადრე ჯოჯოს (დიდ ხვლიკს), რომელსაც ზურგზე ასხია მეტად მაგარი ქერეჭი, ხოლო მოკუზული ხერხემლის გასწვრივ ეკლის მსგავსი გამონაზარდები აქვს. ცხოვრობს ხეებზე და იკვებება ჭია-ღუით.

     
ვაშა! ვაშა! (39, 15) - „მეტყოდეს მე ვაშა, ვაშა!!“ - ამ შემთხვევაში ნიშნავს ბოროტისაგან ანუ ეშმაკისაგან წაქეზებას ბოროტის საქმნელად.

„ვაშა, ვაშა!“ გვხვდება სხვა ფსალმუნებშიც და შეიძლება იმ შემთხვევაში სხვა მნიშვნელობა გააჩნდეს. მაგ. „ვაშა, ვაშა სულსა ჩუენსა“ (34, 25) - ამ შემთხვევაში გამოხატავს მოწონებას, კმაყოფილებას. ეს ტერმინი ასევე შეიძლება ქების, აღტაცების მნიშვნელობითაც გვხვდებოდეს: „ვაშა უკუე, ვაშა შენსა ქებასა და დიდებასა“ („შესხმა სუეტის ცხოველისა, აღწერილი მცხეთის კათალიკოზის არსენის მიერ“, X ს.).

     
ვაცი (49, 9) - მამალი თხა.
     
ვაჭირვო (17, 38) - ჭირი შევყარო, შევავიწროვო, ძალა დავატანო.
     
ველი მაღნართა (131, 6) - კარიათ-იარემის მინდორი {ალბათ გეოგრაფიული ადგილია, რომელიმე მნიშვნელოვან მოვლენასთან დაკავშირებული} (იხ. „მაღნარი“).
     
ველი ტანეოსისა (77, 43) - იხ. „ტანეოსი“
     
ვენახი (79, 14-15) - სულიერი მნიშვნელობით „ვენახი“ აღნიშნავს უფლის ეკლესიას. „მოხედე ვენახსა ამას. და დაამტკიცე ესე, რომელ დაასხა მარჯუენემან შენმან“. მეფე-წინასწარმეტყველი დავითი სთხოვს უფალს, მოხედოს და განამტკიცოს მის მიერ ქვეყნიერებაზე ხელდებული „სულიერი ვენახი“, ანუ ღვთის ეკლესია.
     
ვერძი   - მამალი ცხვარი.
     
ვეჭუ (118, 39) - მგონია, ვფიქრობ, ვვარაუდობ.
     
ვივლტოდი (138, 7) - ვშორდებოდი, გავრბოდი.
     
ვინცა მცნა (54, 6) - „ვინცა მცნა მე ფრთენი ვითარცა ტრედისანი, და ავფრინდე მე და განვისუენო“. ამქვეყნიური ამაოებით და შფოთით შეწუხებული მეფე-წინასწარმეტყველი დავითი ნატრობს - ნეტავი ვინმემ მომცეს ტრედის ფრთები, რომ განვეშორო საწუთროს საზრუნავს და სულიერი სიმშვიდე ვპოვოო.

{გავიხსენოთ, რომ სახარებაში „ტრედი“ სულიწმიდის სახეა (მათე 3, 16). მაშასადამე, მეფე დავითი ითხოვს სულიწმიდის მადლს, რომელიც აღამაღლებს მას ამქვეყნიურ ამაოებაზე (ამას ნიშნავს „ავფრინდე“) და სულიერი სიმშვიდეს მოუპოვებს}

     
ვრონინებ (41, 9) - ამ შემთხვევაში „ძლივს დავდივარ“, „დავლასლასებ“. პირდაპირი მნიშვნელობით რონინი ნიშნავს „ხელით ტარებას“ (ს.ს. ორბელიანი). ვარონინებ, ე.ი. ხელით ვატარებ.

ზევით

 

.: ზ :.

ზაბულონი (67, 27) - მამათ-მთავარ იაკობის შვილის ზაბულონის შთამომავლობა, რომელიც წარმოადგენდა ებრაელთა 12 ტომიდან ერთ-ერთ ტომს.
     
ზაკუა, ზაკვა (9, 27)
(14, 3)
- მზაკვრობა, ვერაგობა; ლიქვნა, პირფერობა. ზაკვაა, როდესაც კაცი პირით სიყვარულს იჩემებს, გულში კი ბოროტი უდევს.
     
ზებეე (82, 11) - იქვე ორებ (ყორებ), ზიბ და სალმანა. ესენი იყვნენ მადიამელთა მთავარნი, რომლებმაც ილაშქრეს ისრაელის წინააღმდეგ. მათ ჰყავდათ აურაცხელი ლაშქარი, მაგრამ გედეონმა უფლის ბრძანებით მხოლოდ 300 მეომარი გამოიყვანა მათ წინააღმდეგ საბრძოლველად და განსაკუთრებული სამხედრო მანევრით დაამარცხა მტერი, მათ მთავრებს კი თავები დასჭრეს ებრაელებმა (მსაჯ. VII თ.).
     
ზესკნელი (103, 13) - ზეცა, მიღმური სამყაროს სფერო, სადაც ანგელოსნი (კეთილი სულნი) ცხოვრობენ.
     
ზიბ   - იხ. „ზიბეე“.
     
ზღუა დიდი და ვრცელი   - საშუალ ქვეყნის (ხმელთაშუა) ზღვა.
     
ზღუა მეწამული   - წითელი ზღვა. მდებარეობს აფრიკის კონტინენტსა და არაბეთის ნახევარკუნძულს შუა. ხმელთაშუა ზღვისგან იგი გამოყოფილი იყო აზიისა და აფრიკის შემაერთებელი სუეთის ხმელეთით, სადაც ამჟამად გაყვანილია სუეთის არხი, რომელიც უმოკლესი საზღვაო გზით აკავშირებს ინდოეთს და ევროპას. წითელი ზღვა ინდოეთის ოკეანის ნაწილია და უერთდება მას ბაბ-ელ-მანდევის სრუტით.

ზევით

 

.: თ :.

თაბორი (88, 12) - მთა პალესტინაში, რომელიც მდებარეობს ეზდრელონის ველის შუა. იგი შემკულია მშვენიერი ყვავილებით და ფუსტულის (ფსტის) თხილის ბუჩქებით.

თაბორის მთა იმით არის გამორჩეული, რომ სწორედ აქ იცვალა ფერი უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ (მათე 17, 1-13; მარკ. 9, 2-13; ლუკა 9, 28-36).

     
თავ კიდეთა (117, 22) - თავკიდური, ქვაკუთხედი - ორი კედლის შემაერთებელი საწყისი კუთხის ქვა - დოდი, გინა საძირკველი.

ამ ეპითეტს მეფე-წინაწარმეტყველი დავითი იყენებს იესო მაცხოვრის აღსანიშნავად, რომელიც იქცა „ქვაკუთხედად“ ძველი და ახალი აღთქმებისა, ანუ შეაკავშირა ებრაელი და წარმართი ერები, რასაც ადასტურებენ თვით უფალი (მათე 22, 42) და მისი მოციქულები (I პეტ. 2, 7; ეფეს. 2, 20).

     
თანა-მჭუარი (68,20) - თანამგრძნობელი, გულშემატკივარი, თანამჭმუნვარი.
     
თარში (71, 10) - ესპანეთის უწინდელი სახელწოდება. მდებარეობს ევროპის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. უკავია პირინეეს ნახევარკუნძულის უდიდესი ნაწილი.
     
თხემი (7, 16) - 1. თავის ქალის ზედა ნაწილი
2. მთის წვერი.
     
თხზვა (49, 19) - გონების მოქმედების გამოხატულება, რაიმეს შედგენა გონების ძალით. „ენაჲ შენი თხზვიდა ზაკვასა“, ე.ი. შენი ენა გამოთქვამდა შეთითხნილ, მოჩმახულ ამბავს.

{„თხზვა“ აგრეთვე აღნიშნავს მწერლის შემოქმედებით პროცესს (თხზულება - ლიტერატურული, სამეცნიერო და მისთ. ნაწარმოებები).

„თხზვა“ - ძველ-ქართულში იგივე „წვნას“, ანუ რაიმეს დაწვნას ნიშნავს (თხზული - დაწნული)}

ზევით

 

.: ი :.

იაბი ანუ იაბინი   - მეფე ქანაანისა, რომლის მხედრობაც 20 წლის განმავლობაში თავს ესხმოდა ისრაელს მხედართმთავარ სისარას წინამძღოლობით. საბოლოოდ ისინი გაანადგურეს ებრაელებმა მსაჯულ ბარაკის წინამძღოლობით კიშონის ხევში მომხდარ ბრძოლაში (მსაჯ. IV თ.).
     
იგავი (77, 2) - ალეგორია, რაიმეს გამოთქმა ან დაწერა დაფარული სახით, სხვა სიტყვებით, სიმბოლოებით, რომლის აზრის ამოცნობაც საკმაოდ რთულია.

{წმიდა მამათა სწავლებით წმიდა წერილი (ბიბლია) უამრავ იგავურ სწავლებას თუ გადმოცემას შეიცავს, რასაც ადასტურებს არა მხოლოდ მეფე-წინასწარმეტყველი დავითი, არამედ მათე და მარკოზ მახარებელი მოციქულები (მათე 13, 34-35; მარკ. 4, 33-34)}

     
იდუმალ (100, 6) - ფარულად, მალვით.
     
იდუმიელნი (82, 6) - იხ. „ედომი“.
     
იერუსალიმი   - წოდებულია წმიდა ქალაქად. გადმოცემის თანახმად, პირველად ეს ქალაქი დააარსა სალიმის მეფემ მელქისედეკმა, აბრაამის მაკურთხეველმა (შესაქ. 14, 19-20) (რომელსაც ქრისტიანი ღვთისმეტყველნი იესო ქრისტეს სახებად მიიჩნევენ), რის გამოც იწოდა „სალიმად“. როდესაც იებოსელებმა დაიპყრეს და აღაშენეს სიონის მთაზე ციხე, უწოდეს მას „იერუს“ და ამ ორი სახელის შერწყმით ეწოდა ამ ქალაქს - „იერუს-სალიმი“, ანუ „იერუსალიმი“. დავით მეფემ, აიღო რა იერუსალიმი, უწოდა მას „ქალაქი დავითისა“.

პორფიროსანი დავით მეფის და მისი უფროსი ძის სოლომონის ზეობის ხანაში იერუსალიმმა მთელს ქვეყანაზე გაითქვა სახელი თავისი სიმდიდრით, განსაკუთრებით იმ დიდებული ტაძრით, რომელიც აღაშენა სოლომონმა, ბრძენად წოდებულმა. მაგრამ მას შემდეგ, რაც ისრაელს მოაკლდა კეთილმსახური მეფენი და შემცირდა ღვთის-მსახურება, მის მცხოვრებთა ცოდვების გამო იერუსალიმის დიდებაც დაკნინდა. სოლომონმა ეს ტაძარი აღაშენა იმ ადგილზე, რომელზეც აბრაამმა განამზადა ძე თვისი ისააკი შესაწირავად (შესაქმე). ტაძრის მშენებლობა სოლომონმა დაიწყო ქრ. შ-მდე 1008 წელს და აღასრულა და აკურთხა 999 წელს. დღეს მის ადგილას არის ომარის მეჩეთი.

{ერთ-ერთი წინასწარმეტყველების თანახმად, ანტიქრისტემ სწორედ ამ ადგილას უნდა აღაშენოს ახალი ტაძარი, დაიდგას მსოფლიო მპყრობელის ტახტი და მართოს ქვეყნიერება}

იუდეანთა მეფის სედეკიას მეფობის მეთერთმეტე წელს იერუსალიმი დამხობილ იქნა ბაბილონის ძლევამოსილი და ურჯულო მეფის ნაბუქოდონოსორის მიერ, რომელმაც მეფე სედეკიას თვალები დასთხარა, ხოლო დიდ-მშვენიერი ტაძარი სოლომონისა აღმოფხვრა და დასწვა საძირკვლამდე. მან ესეც არ იკმარა, აჰყარა ისრაელნი და ტყვედ წაასხა ბაბილონში. ებრაელებმა ბაბილონის ტყვეობაში დაჰყვეს 70 წელი. როცა ებრაელები განთავისუფლდნენ ბაბილონის ტყვეობიდან და დაბრუნდნენ იუდეაში, მათ კვლავ აღაშენეს იერუსალიმი და აღადგინეს სოლომონის ტაძარი.

ქრისტეს შემდეგ 70 წელს იერუსალიმი აიღეს რომაელებმა. 636 წ. იერუსალიმი დაიპყრეს სარაცინებმა. 1099 წელს ჯვაროსნებმა გოდფრიდ ბულონელის მეთაურობით, რომელიც იყო ბულონიის პროვინციის (საფრანგეთში) ჰერცოგი, გაათავისუფლეს იერუსალიმი სარაცინთაგან და დაამყარეს თავიანთი მმართველობა. გოდფრიდ ბულონელი შეიქმნა მმართებელი იეურუსალიმისა და უწოდა თავს „უფლის საფლავის მცველი“. მის შემდეგ გამეფდა მისი ძმა ბალდუინ I, რომელიც უკვე იწოდებოდა იერუსალიმის მეფედ.

{გადმოცემის თანახმად, სწორედ ბალდუინმა ჩამოუტანა დიდ მეფეს ქართველთა დავით აღმაშენებელს ის წმიდა ბარძიმი („გრაალი“), რომლითაც იესო ქრისტემ აზიარა თავისი მოციქულები (მათე 26, 27-28) და რომელიც ქრისტეს მოწაფემ იოსებ არიმათიელმა (მარკ. 16, 42-46) აღავსო მაცხოვრის სისხლით}

ევროპელ ჯვაროსანთა ბატონობამ დიდხანს ვერ გასტანა იერუსალიმში, 1187 წელს იგი დაიპყრო ეგვიპტის სულთანმა სალ-ად-დინმა (სალადინმა). და ბოლოს, 1517 წ. იერუსალიმი აიღეს თურქებმა და დღემდე ფლობენ მას.

{ავტორს, ბუნებრივია, არ ექნებოდა ცნობა იმის შესახებ, რომ 1917 წ. იერუსალიმი დაიკავეს ინგლისელებმა და განაგებდნენ მას 1947 წ-მდე. გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით 1947 წ. 29 ნოემბრიდან იერუსალიმს უნდა მინიჭებოდა დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ერთეულის სტატუსი, რომელიც უნდა განეგო თავად გაეროს. არაბეთ-ისრაელის ომის შემდეგ (1947-1949 წ.წ.) იერუსალიმი გაყოფილ იქნა ორ ნაწილად. აღმოსავლეთი ნაწილი დარჩა იორდანიის მფლობელობაში, ხოლო დასავლეთი ნაწილი დაიკავეს ებრაელებმა. 1950 წელს, გაეროს გადაწყვეტილების მიუხედავად, რომ იერუსალიმს უნდა ჰქონოდა დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ერთეულის სტატუსი, ისრაელის მთავრობამ იერუსალიმის დასავლეთი ნაწილი გამოაცხადა დედაქალაქად, სადაც გადაყვანილ იქნა ისრაელის პარლამენტი და მთავრობა. 1967 წ. ივნისში ისრაელმა დაიპყრო იერუსალიმის აღმოსავლეთი ნაწილიც, ხოლო 1980 წლის ივლისში გამოაცხადა იერუსალიმი ისრაელის „მარადიულ და განუყოფელ“ დედაქალაქად}

     
ითამი (73, 15) - ებრაულად ეფამთ, რაც ნიშნავს დიდსა და ძლიერს.
     
იმსთოს (58, 10) - სიტყვა „აღმსთობის“ ბრუნვა (იხ. „აღმსთობა“). „წყალობამან მისმან იმსთოს ჩემდამი“, ამ შემთხვევაში ნიშნავს - „უფლის წყალობა ისწრაფვის ჩემდამი“, ანუ „წინ მეძლევა წყალობა უფლისა“.
     
იორდანე (113, 3, 5) - ფრიად შესანიშნავი მდინარე პალესტინაში, რომელიც გამომდინარეობს ანტილიბანის მთის ძირას მდებარე პატარა ტბიდან, სახელად „ფიალა“ {ალბათ აქედანაა სასმისის ერთ-ერთი სახეობის ქართული სახელწოდება. საყურადღებოა, რომ საბანელი ტაშტის ერთ-ერთი სახელწოდებაა „ფიალი“} იორდანე ჩამოივლის სამოქონიტის (მერომის) და ტიბერიადის (გენესარეთის) ტბებს და ნელი დინებით ერთვის მკვდარ ზღვას.

აღნიშნულ ფსალმუნში გახსენებულია ისუ ნავეს ძის წიგნში აღწერილი უფლის სასწაული, რომლის მიხედვით იორდანემ შეწყვიტა დინება და გზა მისცა იერიქოს დასაპყრობად მიმავალ ებრაელებს ეგვიპტიდან მოგზაურობის დროს (ისუ ნავე 3, 13-17).

მდინარე იორდანე იმითაც არის მეტად ღირსშესანიშნავი, რომ სწორედ აქ ინება იესო მაცხოვარმა ნათლის-ღება ჩვენი განახლებისა და გადარჩენისათვის (მათე 3, 13-17).

     
ისმაიტელნი (82, 6) - აბრაამის და მისი ხარჭის აგარის ძის ისმაილისაგან წარმომდგარი ხალხი (2004 წ. ქრ. შ-მდე). ისმაილმა იქორწინა ეგვიპტელ დედაკაცზე და ითვლება მამათ-მთავრად ისმაიტელთა, ანუ არაბთა (შესაქ. 16, 9-16; 25, 12-18). ისმაიტელნი მეორენაირად იწოდებიან აგარიანებად (იხ. „აგარა“).
     
ისრაელი (24, 22) - იუდეანთა მეორე სახელი, რომელიც ეწოდა მათ მათი მამამთავრის იაკობის, იგივე ისრაელის მიხედვით. ეს სახელი იაკობმა მიიღო უფლისაგან მასთან „შერკინების“ შემდეგ (შესაქ. 32, 24-32). ებრაულ ენით „ისრაელი“ ნიშნავს „ღმერთთან მებრძოლს“. იმავე სახელით იწოდებოდნენ ებრაელთა ათნი ტომნი, რომელნიც განდგნენ სოლომონის მემკვიდრის რობოამისაგან და საკუთარი სამეფო ჩამოაყალიბეს ქვეყნიერების გაჩენიდან 3009 წ. (იხ. „იუდა“).

{იაკობის „შერკინება ღმერთთან“ არ უნდა გავიგოთ პირდაპირი მნიშვნელობით. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს დადებითი „ღვთისმბრძოლობის“ მოვლენასთან, რაც გულისხმობს ადამიანის ძალისხმევას ღმერთთან მისაახლებლად, მის შესამეცნებლად. ეს რომ ასე არ იყოს, მაშინ ღმერთი არ აკურთხებდა იაკობს (შესაქ. 32, 28). ყურადღება უნდა მივაპყროთ იმასაც, რომ იაკობი „აიძულებს“ ღმერთს აკურთხოს იგი (იქვე 32, 26), რაც დადასტურებაა სახარებისეული მცნებებისა „სასუფეველი ცათაჲ იიძულების“ (მათე 11, 12) და „ითხოვდით და მოგეცეს თქუენ; ეძიებდით და ჰპოოთ; ირეკდით და განგეღოს თქუენ“ (მათე 7, 7; იხ. I კორ. 4, 20). შეიძლება ითქვას, რომ „ისრაელი“ სულიერი ცნებაა და არა ფიზიკური და აღნიშნავს ხალხს, ერს, პიროვნებას, რომელიც ეძიებს ღმერთს, იბრძვის ღმერთთან მისაახლებლად. ასე რომ, იაკობი წარმოადგენს ყოველი ღმერთის მაძიებელი ხალხის („ისრაელის“) სულიერ წინაპარს, სულიერ მამათმთავარს. ასევე „ახალი ისრაელის“, ანუ ყველა მართლმადიდებელი ხალხის მამათმთავრად შეგვიძლია მივიჩნიოთ იგი და ჩავთვალოთ, რომ მასზე მოწეული უფლის კურთხევა: „განძლიერდი ღმრთისა თანა და კაცთა თანაცა ძლიერ იყო“ (შესაქ. 32, 28) - ყველა ჭეშმარიტ აღმსარებელ ერზე თუ პიროვნებაზე ვრცელდება}

     
იუდა (107, 8) - იუდასგან წარმომდგარი ებრაელთა ერთ-ერთი ტომი (იხ. II სჯულ. 27, 12). იუდეანთა მეფობა წარმოდგებოდა მამათ-მთავრების იუდას, ბენიამენის და სიმეონის შთამომავალთაგან. მათ არ დაუტევეს სახლი დავითისი (II მეფ. 2, 10-11), ასევე მორჩილება გამოუცხადეს მის მემკვიდრე რობოამს; მაგრამ უარჰყვეს იერობოამი, რომელიც განუდგა იერუსალიმს, ტაძარს და ჭეშმარიტ ღვთისმსახურებას და აღმართა კერპები - ერთი დანში, ხოლო მეორე ბეთლემში, და ბრძანა მათი თაყვანისცემა ჭეშმარიტი ღმერთის მაგიერ.
     
იფქლი (147, 3) - ხორბალი. სულხან-საბას განმარტებით „შემოდგომაზე ნათესი ხვარბალი“.

ზევით

 

.: კ :.

კადის   - იხ. „უდაბნო კადისა“.
     
კანჯარი (103, 11) - ველური (გარეული) ვირი.
     
კარავი სელომისი (77, 60) - სელომი, ანუ სილომი - იყო ეფრემის ტომის კუთვნილი ქალაქი, სადაც იდგა სჯულის კიდობნის კარავი (აქედან „კარავი სელომისი“), სანამ მას დაატყვევებდნენ ფილისტიმელები. მაგრამ იგი სასწაულებრივ იქნა განთავისუფლებული, რის შემდეგაც კიდობანი დადგეს ამინადაბის სახლში კარიათ-იარამს (I მეფ. VI თ.).

მეფე დავითმა მოისურვა სჯულის კიდობნის იურუსალიმში გადატანა, მაგრამ გზაზე მოგზაურობისას შეფერხდა, რის გამოც იძულებული გახდა, კიდობანი სამ თვეს აბიდდარის სახლში დაეტოვებინა, რის შემდეგაც მაინც გადაიტანა იერუსალიმს (II მეფ. VI თ.).

     
კასია (44, 8) - ებრაულად ირეოსი, იეროსი, იეროჲნი (გამოსვლ. 30, 24), სპარსულად თუ ელინურად დარიჩინი (იხ.სულხან-საბა ორბელიანი - ირეოსი, კასია). ამავე სახელწოდების ხის ტოტების სურნელოვანი გამხმარი ქერქი, გამოიყენება სანელებლად.
     
კაცთ-მოთნე (52, 5) - კაცთათვის თამომწონებელი, ანუ პირი, რომელიც ცდილობს უპირველესად ადამიანებისგან იყოს მოწონებული და არა უფლისგან, ამიტომაც დაისჯებიან ისინი: „ღმერთმან განაბნინა ძუალნი კაცთ-მოთნეთანი“.
     
კდემულება, კდემა (43, 15) - მოკრძალება, მორიდება ვინმესგან შენიშვნის მიღების, ძაგების მოლოდინში. სულხან-საბას განმარტებით: „კეთილ არს ვნებაჲ ესე“, ე.ი. დადებითი გრძნობაა.

აღნიშნულ ფსალმუნში ეს სიტყვა შეიძლება იხმარებოდეს - აუგის, შერცხვენის მნიშვნელობითაც.

     
კედარი (119, 5) - მარადმწვანე წიწვოვანი ხე. თავისი სიმშვენიერით იგი გამოირჩევა უნაყოფო ხეთა შორის. მისი სიმაღლე და ფართოდ გაშლილი ტოტები თვალს სტაცებს ადამიანს. სიმაღლით 40-45 მ. იზრდება. ტოტების შემოწერილობითაც თითქმის იმავე ზომისაა. მისი მარადი სიმწვანე მის სიმტკიცესა და გამძლეობაზე მეტყველებს. ულპოლველობის გამო ამ ხეს ხმარობენ გემების ასაგებად. მისგანვე იხდება მოყვითალო და კეთილ-სურნელოვანი ზეთი, რომელიც გამოუყენება შინაური ცხოველების იარების და ჭრილობების საწამლებლად. კედარის ხისგან მზადდება აგრეთვე კეთილ-სურნელის საბოლებელი წამალი, რომელსაც ხმარობენ სახლებში საამო სურნელის დასაყენებლად და სხვ.

ეს კეთილ-სურნელოვანი ხე დღესაც ხარობს ლიბანის მთის აღმოსავლეთით, ტავრაზე (პატარა მთა მცირე აზიაში), ატლასის მთაზე (ჩრდ. დას. აფრიკა). ასევე მას საგანგებოდ აშენებენ სხვადასხვა ქვეყნების ბოტანიკურ ბაღებში.

{სულხან-საბას მიერ „კედარი“ განიმარტება, როგორც „ბნელი საჭმუნავი“, რაც სავსებით შეესიტყვება აღნიშნული ფსალმუნის პათოსს და გვაფიქრებინებს, რომ ამ შემთხვევაში ალეგორიულ, იგავურ გამოთქმასთან უნდა გვქონდეს საქმე: „დავემკვიდრე მე საყოფელთა თანა კედარისათა“ - ე.ი. ბნელი საჭმუნავი შემეყარაო}

აგრეთვე კედარი ერქვა ისმაილის ერთ-ერთ ძეს (დაბ. 25, 13), რომლის სახელის მიხედვით არსებობს გეოგრაფიული ადგილი (იერ. 49, 28), რომელსაც ალბათ ახსენებს დავით მეფე.

{სულიერი გაგებით „კედარი“ ცხოვრების ხის სიმბოლოა. ნიშანდობლივია, რომ სწორედ კედარი იზრდებოდა უფალ იესო ქრისტეს კვართის დაფლვის ადგილას მცხეთაში. წმინდა ნინოს დროს, ტაძრის მშენებლობისას, ეს კედარი მოჭრეს, სვეტად (ბოძად) გამოთალეს და მოინდომეს მისი აღმართვა იმავე ადგილას (უფლის კვართის საფლავთან) ქრისტიანული ტაძრის დედაბოძად, სიმბოლოდ ცხოვრებისა და ცნობადის ხისა. მაგრამ მშენებლებმა მას ძვრაც ვერ უყვეს. მხოლოდ წმიდა ნინოს ლოცვის შემდეგ, ეს სვეტი აღმართეს ანგელოზებმა და დააყენეს სასურველ ადგილას და სწორედ იქ აშენდა პირველი ტაძარი საქართველოში (სვეტიცხოვლის პირველი სახე), რომელსაც ზემოთ მოთხრობილი სასწაულის გამო „სვეტი-ცხოველი“, ანუ თანამედროვე ენით თუ ვიტყვით - „ცოცხალი ბოძი“ ეწოდა}

     
კიდე (64, 5) - კიდე ეწოდება რაიმე ბტყელი საგნის (მაგიდა, წიგნი და მისთ.) ნაპირხაზს, ან მდინარის, ზღვის და მისთ. ნაპირს. აგრეთვე ქალაქის, სოფლის, მინდვრის და მისთ. განაპირა მხარეს. ამ შემთხვევაში იგულისხმება ქვეყნიერების მხარე, კუთხე.
     
კიცხევა (21, 7) - დაცინვა, სასაცილოდ აგდება, გაქირდვა. „მეკიცხვიდეს“ ნიშნავს „დამცინის“.

{თანამედროვე მნიშვნელობით კიცხევა ნიშნავს აგრეთვე - დაძრახვას, დაგმობას}

     
კნინღა (72, 2) - კინაღამ; თითქმის.
     
კრებული (25, 4,5) - ერთად თავმოყრილი ხალხი; ებრაულად „ხორა“.
     
კრულნი (106, 10) - დატყვევებულნი. „კრული“ ნიშნავს აგრეთვე დაწყევლილს, შეჩვენებულს (იხ. მათე 16, 19).
     
კუართი, კვართი (21, 18) - იგივეა, რაც პერანგი. ძველ დროში ეწოდებოდა მოგრძო ჩამოშლილ შესამოსელს.

{ღვთისმეტყველნი თვლიან, რომ მთლიანად 21-ე ფსალმუნი არის წინასწარმეტყველება მაცხოვრის შესახებ, რასაც ადასტურებს „ახალი აღთქმა“: „და ვითარცა ჯუარს აცუეს იგი (იესო ქრისტე), განიყვეს სამოსელი მისი და განიგდეს წილი, რაჲთა აღესრულოს თქმული იგი წინასწარმეტყუელისა მიერ, რომელსა იტყვის: განიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის და კუართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი (მათე 27, 35; იოანე 19, 23-24)}

     
კუმოდიან (103, 32) - აბოლდებიან, აკვამლდებიან, კვამლი აუვათ.
     
კურო-პოხილი (21, 12) - „კურო“ ნიშნავს გამოუყვერავ (დაუკოდავ) ხარს, ხოლო „პოხილი“ მსუქანს, ჩაფსკვნილს. ე.ი. „კურო-პოხილი“ ნიშნავს „გამოუყვერავ ნასუქალ ხარს“. სიმბოლურად კი დავით მეფე ამ ტერმინში გულისხმობს იესო ქრისტეს და მისი მიმდევრების, ანუ წმიდა ეკლესიის მტრებს; ასევე თავად პირად მტრებსაც, ვინაიდან თავადაც ჭეშმარიტი ღმერთის მადიდებელი და ჭეშმარიტი სჯულის აღმსარებელია.

ზევით

 

.: ლ :.

ლეღუსულელი (77, 47) - ლეღვის ხე.

{ვფიქრობთ, ავტორისეული განმარტება არ უნდა იყოს ზუსტი, რადგან სულხან-საბას „სიტყვათა კონაში“ ეს სიტყვა განიმარტება როგორც „თუთა“: „ესე არს ჟოლა, რომელსა სომხურად თუთა ეწოდება, რამეთუ ლათინურად სიკომოროს ჟოლას ჰქვიან, ვითარმედ სიკო - ლეღვი, მოროს - სულელი (II ნეშტ. 9, 57)“. თუმცა სხვაგან სულხან-საბა ამგვარად განმარტავს ამ სიტყვას: „ეგვიპტური ლეღვი - ლეღუსუარი (იერ. 29, 17)}

     
ლიბანი (28, 5-6) - მთა, რომელზედაც ხარობდა კედარის ტყე. აქ მოაჭრევინა სოლომონმა იერუსალიმის ტაძრის მშენებლობისთვის საჭირო მასალა. ლიბანის მთა მდებარეობს ფინიკიის აღმოსავლეთით.
     
ლმობიერება (59, 3) - შემწყნარებლობა, შემბრალებლობა; აგრეთვე გულჩვილება, სათნოება. სულხან-საბას განმარტებით „ლმობიერი“ ითქმის წყნარ, გუნება-მშვიდ ადამიანზეც, იგივეა რაც „ლომბიერი“ (იხ. ს.ს. ორბელიანის „სიტყვის კონა“).
     
ლოშნა (71, 9) - ნადირული ლოკვა.

ზევით

 

.: მ :.
მადიამი (82, 9) - აბრაამის ძის მადიამისაგან წარმომდგარი ხალხი, რომელიც შეეძინა მას უკანასკნელი ცოლის ქეტურასაგან (შესაქ. 25, 1-4).

„მადიამი“ ერქვა მათ მეფესაც.

     
მანანა (77, 24) - ზეციური პური; თეთრი თაფლნარევი პურის ნამცეცები, რომელიც უფალმა გამოუგზავნა ეგვპტიდან გამოსულ ებრაელებს. ცვიოდა ციდან ყოველდღე, გარდა შაბათისა. ამით იკვებებოდნენ ისრაელიანები, ვიდრე აღთქმულ ქვეყანაში არ შევიდნენ (გამოს. 16, 14-36). როდესაც ისრაელიანებმა პირველად იხილეს ციდან პურის ცვენა, გაკვირვებულები კითხულობდნენ: „ეს რა არის?“, რაც ებრაულად ამგვარად გამოითქმის: „მან-ღა?“. აქედან „ზეციური პურის“ წარმომდგარი სახელი - „მანანა“.

ნარჩენი ამ მანანისა ინახებოდა სჯულის კიდობანში საწამებლად (დასამოწმებლად, დასამტკიცებლად) ჭეშმარიტი სჯულისა, სანამ იერუსალიმი დაიქცეოდა.

     
მანასე (59, 7) - ხალხი, რომელიც წარმოსდგა იოსების ძის მანასესგან. განსახლდნენ მკვდარი ზღვის ჩრდილოეთ ნაწილიდან იორდანემდე (იხ. „ეფრემ“).
     
მართლ-უკუნ-იქცენ (69, 2) - უკუიქცნენ, უკან გაბრუნდნენ (მართლ-უკუნ - პირ-უკუღმა).
     
მართუე, მართვე (83, 3) - ყველა ფრინველთა შვილების ზოგადი სახელი (იხ. ს.ს. ორბელიანი).
     
მარჯულ ჩემსა არს (15, 8) - ჩემს მარჯვნივ არის, რაც ნიშნავს, რომ ჩემს მხარეს ანუ ჩემთან ახლოს არისო.

{აქ შეიძლება იგულისხმებოდეს აგრეთვე უფლის ანგელოზის თანადგომა, რადგან, როგორც ქრისტიანული სწავლებიდან არის ცნობილი, მფარველი ანგელოზი ადამიანს მხარმარჯვნივ უდგას. აქაც უცილოდ სიმბოლურ განმარტებასთან გვაქვს საქმე}

     
მაღნარი (28, 9) - მთაზე შეფენილი დიდი და ხშირი ტყე (ტევრი), მსხვილბალახოვანი, „მაღნარნი“ - მრავლობითი ფორმაა.
     
მაჭირვებელი (26, 2) - ჭირის მომცემი, შემაწუხებელი, მჩაგვრელი.
     
მდინარე ბაბილოვნისა (136, 1) - ბაბილონის მდინარეთა შორის გამოირჩევა მდინარე ქოვარი, რომლის სანაპიროზეც დასახლდნენ დატყვევებულ ებრაელთა უმეტესი ნაწილი. აქვე, სამშობლოსადმი ნოსტალგიით შეპყრობილმა წინასწარმეტყველმა იერემიამ შეთხზა „გოდება“ ებრაელთა მიერ წმიდა ქალაქ იერუსალიმის დაკარგვის გამო (იხ. „გოდება იერემიასი“).
     
მეებნე (67, 25) - ებანის დამკვრელი, მედაირე. ზოგი მონაცემით ებანი იყო დაფის, დაირას მსგავსი დასარტყამი ტყავგადაკრული საკრავი; ამასთანავე, არის მოსაზრება, რომ ებანი იყო სიმებიანი საკრავი.
     
მელქისედეკი (109, 4) - მეფე შალომისა (სალომისა, სალიმისა, რაც ებრაულად ნიშნავს „მშვიდობას“), ანუ იერუსალიმისა, რომელსაც წმიდა ეკლესია მიიჩნევს იესო ქრისტეს სახედ. როდესაც აბრაამმა სძლია ელადის მეფეს და გაათავისუფლა მის ტყვეობაში მყოფი თავისი ძმისშვილი ლოთი, მეფე მშვიდობისა მელქისედეკი გახარებული შეეგება მას და აკურთხა იგი (შესაქ. 14, 18-20), რაც ითვლება მეფე-მღვდელმთავრად კურთხევის წესად, რასაც ადასტურებს პავლე მოციქული ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში, სადაც იგი მაცხოვარს ალეგორიული ფორმით თვითკურთხეულ მეფე-მღვდელმთავრად ასახელებს (განსჯ. იხ. ებრ. 5, 5-6, VII თ.).
     
მეფენი საბასნი   - იხ. „საბა“.
     
მეძავი (49, 18) - უქმრო ბოზი დედაკაცი. მემრუშე - ქმრიანი ბოზი დედაკაცი. მრუში - ცოლიანი გარყვნილი მამაკაცი.
     
მთავარნი
ნეფთალემისანი
(67, 27) - მამათ-მთავარ მეფთალემის ტომის უფროსები.
     
მთა პოხილი და
შეყოფილი
(67, 15) - მთა ნოყიერი (ნაყოფიერი) და შეერთებული (გრეხილი), ანუ ნაყოფიერი მთაგრეხილი. ასეთია სიონის მთა, რომელიც შეერთებულია მორიას მთასთან. ეს მთაგრეხილი „სთნდა ღმერთსა დამკვიდრებად“ (67, 16), ანუ ისურვა (ინება) ღმერთმა თავის სამოსახლოდ, ამიტომაც იწოდება „მთაჲ ღმრთისაჲ“.

„რასამე ჰგონებთ თქუენ, მთანო შეყოფილნო?“ (67, 16) - ამ სიტყვებით დავით მეფე-წინასწარმეტყველი თითქოს ნიშნს უგებს სხვა მთაგრეხილებს, კერძოდ ბაშანის მთას, რომ სიონზედ ინება ღმერთმა დამკვიდრება და არა თქვენზეო.

     
მთნავს (131, 14) - მსურს, მნებავს; მომწონს, მსიამოვნებს.
     
მთხრებლი (56, 6) - ნიშნავს ყოველნაირ თხრილს. ამ შემთხვევაში იგულისხმება კაცის ჩასავარდნად გამზადებული თხრილი, ორმო.
     
მიეწიფნეს   - სიტყვიდან „წიფება“, რაც ნიშნავს „შეძლებას“ (აქედან შედგენილი სიტყვები: ხელმწიფე, მოწიფული და ა.შ.). მიეწიფნეს, ანუ შეძლეს თავისი სურვილის ასრულება - მიუახლოვნდნე, მიხვდნენ და მისთ.
     
მივდრეკ ჭენებით
დაცემად
(117, 13) - დაძგერებით, დაჯახებით (ამ მნიშვნელობას ატარებს ამ შემთხვევაში სიტყვა „ჭენება“) მივიდრიკე დასაცემად, ანუ კინაღამ დავეცი („მივდრეკ დაცემად“), მაგრამ უფალი შემეწია მე („უფალმან ხელი აღმიპყრა მე“ - იქვე).

{აქ შეიძლება ვიგულისხმოთ აგრეთვე ადამიანის სულიერი მდგომარეობა, რომელიც ბოროტ ძალთა შემოტევის გამო მიიდრიკა დასაცემად, კინაღამ დაეცა სულიერად, მაგრამ უფალმა დაიფარა იგი}

     
მივრდომა (83, 10) - შეხიზვნა, თავის შეფარება.
     
მიმცხოვანებადმდე (70, 18) - მოხუცებულობამდე. მხცოვანი (მხცოიანი) - წვერთეთრი მოხუცებული. მხცოვანება - წვერთეთრობა.
     
მოაბ (107, 9) - ლოთის ძის მოაბისაგან წარმომდგარი ხალხი (შესაქ. 19, 30-38). მკვიდრობდნენ იორდანეზე, იერიქოს მხარეში. მათი ქვეყანა დაიპყრეს ებრაელებმა, ხოლო მცხოვრებნი გაწყვიტეს (რიცხვ.).
     
მოახს (36, 13) - მოახლოვებულია, ახლო არის.
     
მომახსენე (118, 49) - გამახსენე, მომაგონე; შემატყობინე, გამაგებინე.
     
მომეწიფნეს (17, 5) - მომიახლოვდნენ, წინ გადამეღობნენ (იხ. „მიეწიფნეს“).
     
მოსავ-ყოფაჲ (117, 8)
(118, 49)
- იმედიანად ყოფნა, იმედიანობა. მოსავ-მყავ - იმედიანად მამყოფე, დამაიმედე. 117,8 ფსალმუნი ერთგვარად განმარტავს „კაცთ-მოთნეთა“ დასჯის მიზეზს (იხ. „კაცთ-მოთნე“).
     
მოსპე (118, 22) - აღმოფხვერი, გაანადგურე.
     
მოქლონნი   - დასაკეტი მოწყობილობების ზოგადი სახელი (ურდული, კლიტე და მისთ.).
     
მოქცევი (68, 2) - (და არა მოქცევა). ბუნებაში არსებული ბრუნვადი პერიოდული (განმეორებადი) მოვლენების ზოგადი სახელი. მაგ. მზის მოქცევა, წელიწადის მოქცევა და სხვ. კერძოდ, ამ ფსალმუნში იგულისხმება კარგად ცნობილი ე.წ. „ზღვის მოქცევა“, რაც ნიშნავს ზღვის დონის პერიოდულ აწევას (საპირისპირო - მიქცევა, უკუქცევა).
     
მსახრვალი   - სიზმრის ამხსნელი, ანუ ღაზარინელი (დან. 5,15). მსახრვალი ჰქვია აგრეთვე გრძნეულებით (ჯადოქრობით) გამძვინვარებულ მხეცთა დამამშვიდებელს.
     
მსხემი (38, 12)
(104, 12)
- მდგმურივით, ადრე წარმავალი; აგრეთვე უცხო, ეული.
     
მსხუერპლი, მსხვერპლი (26, 6) - შესაწირავი. „მსხვუერპლი ქებისა და ღაღადებისაჲ“ - იგულისხმება დიდება ღვთისადმი, უსისხლო შესაწირავი.
     
მური (44, 8) - სურნელოვანი ფისი, რომელსაც ძველ დროში ხმარობდნენ მიცვალებულებისათვის წასასმელად, ანუ შესამურავად.
     
მღვიმე (27, 1)
(142, 7)
- მთაში ან კლდეში (მიწის ქვეშაც) არსებული სიცარიელე, რომელსაც გამოსასვლელი არ აქვს, იგივე გამოქვაბული. შეიძლება იყოს ხელოვნურიც. მღვიმეებს იყენებდნენ ადამიანთა პატიმრობისათვის. ასევე განდეგილები სოფლისაგან მოსაწყვეტად და ლოცვისა და სინანულისათვის.

{აღნიშნულ ფსალმუნებში შესაძლებელია დავით მეფე გულისხმობდეს „სულიერ მღვიმეს“, რომელშიც ცოდვილი იგდებს თავს}

     
მყის სისრა-უყონ (63, 4) - უსწრაფესად ესროლონ.
     
მყარი   - მაგარი, მტკიცე, მკვიდრი.

{ამ სიტყვაში შეიძლება ვიგულისხმოთ მატერიალური ნივთი ან ფიზიკური სამყარო. თვით სიტყვა „სამყაროც“ ხომ „მყარისგან“ გამომდინარეობს}

     
მყუარი, მყვარი (77, 45) - ბაყაყის სახეობაა, რომელსაც აქვს ამაღლებული ზურგი. მეტად მყრალი და იმდენად ლორწოვანია, გახურებულ ცეცხლშიც რომ ვამყოფოთ, ორ საათს მაინც დაიფარავს თავისი სინოტივე დაწვისაგან.
     
მძორი (78, 2) - მკვდრის გვამი.
     
მწამლველი (57, 5) - სულხან საბას განმარტებით „გრძნების მოქმედი“, ანუ განსაკუთრებული სახეობა გრძნეულებისა, რომელიც წამლებით ზემოქმედებას ეფუძნება.

{აღნიშნული ფსალმუნის საწინააღმდეგოდ პავლე მოციქული ამგვარ ქმედებას უარყოფით ქმედებათა რიცხვში აქცევს (იხ. გალ. 5, 20)}

     
მწყერ-მარხილი (104, 40) - მწყერის სახეობა, რომელიც ზღვის მახლბლად ბინადრობს, კერძოდ არაბეთში.
     
მწყობრი (150, 4) - ამ შემთხვევაში შეიძლება იგულისხმებოდეს მწყობრში ცეკვა ან ხმაშეწყობილი სიმღერა. ზოგადად „მწყობრი“ ნიშნავს გარკვეული წესრიგით განლაგებულ ადამიანთა ჯგუფს. მაგ. ჯარისკაცთა მწყობრი, მოასპარეზეთა მწყობრი და სხვ.
     
მჭელეული (125, 6) - ხელეული (ხელეური), ნამგლით მომკილი პური, რაც მომკელის ერთ მუჭში თავსდება.
     
მხუმილი ანუ მხმილავი (126, 1)
(ქება 5, 7)
- ღამის დარაჯი, ღამის გუშაგი. პატრონის კართან დარაჯი (იხ. „სახუმილავი“).

ზევით

 

.: ნ :.

ნავნი თარშისანი (47, 7) - ნავები ანუ გემები (ხომალდები) ესპანეთისა, რომელნიც ცურავდნენ ხმელთაშუა ზღვაში (ეზეკ. 27, 25-36).
     
ნატამალი (108, 10) - ნაოხარი, ნანგრევები, ადრე ნასახლარი. ძველად „ნატამალს“ ხმარობდნენ „შთამომავლის“, „ნათესავის“ მნიშვნელობითაც. ნატამალი არის აგრეთვე სულ მცირე ნაწილი რაისამე, ანუ „ნასახი“.
     
ნაღუარევი (109, 7) - 1. ნაკადული. 2. მშრალი ხევი.
     
ნაძვი ლიბანისა (28, 5)
(91, 12)
- ნაძვის განსაკუთრებულად ლამაზი ჯიში, რომელიც იზრდება ლიბანის მთაზე.
     
ნესტვი ჭედილი (97, 6) - „ნესტვი“ ჰქვია ყოველგვარ ჩასაბერ ნასვრეტებიან საკრავს. მაგ. სტვირი, სალამური და მისთ. იყო ორნაირი - შეჭედილი ვერცხლით („ნესტვი ჭედილი“) და რქისგან დამზადებული („ნესტვი რქისაჲ“).
     
ნეშტი (75, 10) - რაისამე ნარჩენი, ნაშთი.

{თანამედროვეობაში იხმარება „ცხედრის“ მნიშვნელობითაც}

     
ნიში (45, 8) - სასწაული, ღვთიურობით აღბეჭდილი რისამე მანიშნებელი მოვლენა.

{„ნიში“ ჰქვია აგრეთვე ტაძარში რომელიმე წმინდანისთვის გამოყოფილ მცირე სალოცავს. ასევე გამოღრმავებულ ადგილს კედელში რისამე შესადგმელად}

     
ნიჭი (67, 18) - უფლის საბოძვარი; სულიერი ძღვენი, რომელიც მადლის სახით ეძლევა ადამიანს და აღმოაცენებს მასში რაიმე დადებით უნარს.
     
ნუ დასდუმნები ჩემგან (27, 1) - ნუ დადუმდები ჩემს მიმართ, რაც ნიშნავს - ზურგს ნუ მაქცევ, შენს მფარველობას ნუ მომაკლებ უფალო.
     
ნუ ჰყოვნი (39, 17) - ნუ დააყოვნებ. იგულისხმება - წყალობას ნუ მომაკლებ უფალო.

ზევით

 

.: ო :.

ოგ მეფე ბასანისა (135, 20) - და სეონ მეფე ამორეველთა (იხ. „ამორეველნი“).
     
ორბი (102, 5) - მაღალ მთებში მცხოვრები დიდი მტაცებელი ფრინველი, მეტად ძლიერი, ადვილად მაღლდება სივრცეში, გამოირჩევა მახვილი ყნოსვით და გამჭრიახი მხედველობით, ცოცხლობს ას წლამდე.

სულხან-საბას განმარტებით „ორბი“ ზოგადი სახელია ყოველი ხორცის მჭამელი ფრინველისა.

{ამ შემთხვევაში ფსალმუნში ნაგულისხმევია მითიური ფრინველი „ფენიქსი“ (ქართულად „ორბი“), რომელიც ბერძნების წარმოდგენით ხუთას წელიწადში ერთხელ მოფრინდებოდა ხოლმე არაბეთიდან ეგვიპტეში. მითის თანახმად, როდესაც ფენიქსი 500, 1461 და 7006 წლის გახდა - თავი დაიწვა, შემდეგ ფერფლიდან განახლებულ-გაახალგაზრდავებული აღსდგა და კვლავ განაგრძო ცხოვრება. ამიტომ გალობს ფსალმუნი: „განახლდეს ვითარცა ორბისა, სიჭაბუკე შენი“}

     
ორნატი (64, 10) - გუთნის ან სხვა სახვნელის ნაკვალევი, ხნული. „ორნატნი მისნი დაათრვენ“ ნიშნავს - „ხნულები მისი მორწყეო“.
     
ორღანო (150,4) - ბევრნაირი ხმებისგან შედგენილი ჩასაბერი საკრავი. ქართულად „ნესტვმრავალი“ ეწოდება.
     
ორებ   - იხ. „ზებეე“.

ზევით

 

.: პ :.

პირად-პირადი (44, 13) - სხვადასხვანაირი (ნაირ-ნაირი), ფერად-ფერადი.
     
პირმშო (104, 36) - უფროსი, ანუ პირველად დაბადებული შვილი (იხ. გამოს. XI თ.).

ზევით

 

.: რ :.

რააბი (86, 4) - იერიქოში მცხოვრები მეძავი დედაკაცი, რომელმაც თავისთან დამალა ისუ ნავეს ძის მიერ იერიქოს დასაზვერად გაგზავნილი ორი მონა, რომელთა დახოცვაც სურდა იერიქოს მეფეს. გადაარჩინა რა რააბმა ეს მონები, ავიდა მათთან და აღიარა, რომ სცნობდა ისრაელიანთა ღმერთს, რომელმაც მრავალი სასწაული აღასრულა; თანავე სთხოვა დაცვა თავისი სახლისა და სახლეულისა, როდესაც ისრაელიანები იერიქოს დაიპყრობდნენ, რაზეც ისუ ნავეს ძის მონებმა თანხმობა განუცხადეს (ისუ II თ.). ამიტომ ამბობს მეფსალმუნე: „მოვიხსენო მე რააბისი და ბაბილოვნისაჲ, რომელთა მიციან მე“ (86, 4). ბაბილოვანი კი იმით იცნობდა ღმერთს, რომ მის დასავლეთით მდებარეობდა სწორედ ის უდაბნო, რომელშიც 40 წელი იმოგზაურეს ებრაელებმა და ამ ხნის განმავლობაში იქ უამრავი ღვთის საკვირველება და სასწაული აღესრულა, ზოგჯერ ღვთის რისხვისა და ზოგჯერ წყალობისა.
     
რაბამად, რაბამ (118, 103) - რარიგ, როგორ.
     
რომელსა დღესა
მჭირდეს მე
(101, 2) - როდესაც მიჭირდეს მე, ჩემი გაჭირვების ჟამს.
     
რომელი ჰმწყსი (79, 1) - რომელიც უვლი, რომელიც ჰპატრონობ.
     
რული, ჰრული (131, 4) - მსუბუქი ძილი, თვლემა.
     
რქანი ცოდვილთანი (74, 10) - ამ შემთხვევაში „რქაში“ იგულისხმება ამპარტავნობა, ქედმაღლობა, ღვთისმბრძოლი ძალა.

{„რქაჲ მართლისაჲ“ (იქვე) - აქ კი „რქა“ გამოიყენება, როგორც სარწმუნოებრივი ძალის სიმბოლო, ღვთისმოსაობის აღმნიშვნელი}

     
რჩეული (17, 26) - იგულისხმება ღვთის წინაშე მართალი ადამიანი (საწ. იხ. „დრკუ“).

ზევით

 

.: ს :.

საბა (71, 10) - „მეფეთა არაბიაჲსთა და საბაჲსთა“.

არაბია, ანუ არაბეთი განიყოფა სამ ნაწილად: 1. კლდოვანი არაბეთი. 2. მთიანი არაბეთი და 3. ბედნიერი არაბეთი. ბედნიერი არაბეთი მოიცავს სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს არაბეთისას. აქ მდებარეობდა ქალაქი საბა, სადაც ყვაოდა გუნდრუკითა და სურნელოვანი ფისით ვაჭრობა. ადამიანი რომ მიუახლოვდებოდა ამ ქალაქს, შორიდანვე შეიგრძნობდა ამ მშვენიერი ქალაქიდან გამომდინარე საამო სურნელებას, რადგან აქ შეშად ხმარობდნენ კეთილ-სურნელი კასიის ხეებს, რომლის ცეცხლიც მუდმივად გიზგიზებდა იქ მოსახლეთა სახლებში.

საბას დედოფალს, რომელსაც გაეგო სიბრძნე და სიმდიდრე სოლომონისა, მივიდა მასთან მოსანახულებლად და მიართვა ძღვნად ასოცი ლიტრა ოქრო, ძვირფასი ქვები და აურაცხელიკეთილ-სურნელი.

     
საგალობელნი (136, 2) - საკრავები, რომლებზედაც გალობდნენ ლევიტელნი საღმრთო ლოცვებს და ფსალმუნებს.

{ლევიტელნი - ლევის შთამომავალნი, ისრაელიანთა 12 ტომიდან ერთ-ერთი, რომელიც აღასრულებდა სამღვდელო დასის ფუნქციას. ამ ტომს ეკუთვნოდნენ თავად მოსე და აარონი}

     
სათნო (25, 3) - სულხან-საბას განმარტებით: ნებისყოფიანი, ზომიერი, ლმობიერი და კეთილი ერთად (თანამედროვე ენით თუ ვიტყვით „იდეალური“). სათნო ითქმის ასევე მოსაწონ, სასიამოვნო ადამიანზე.
     
სათხეველი (140, 10) - სასროლი ბადე (ალბათ თევზის საჭერი). ამ შემთხვევაში იგულისხმება ბოროტ ადამიანთა მიერ სხვათათვის „დაგებული მახე“.
     
საკურთხეველი (25, 6) - სპეციალური ადგილი ღმერთისთვის მსხვერპლის შესაწირად. ქრისტიანულ ტაძრებში საკურთხეველი მდებარეობს ტაძრის აღმოსავლეთ ნაწილში (რაც სიმბოლურად განასახიერებს სამოთხეს, ცათა სასუფეველს) და გამოყოფილია აღსავლის კარით.
     
სალმანა (82, 11) - იხ. „ზებეე“.
     
სალმობა (9, 34) - სატკივარი, წუხილი.
     
სამხარი   - შუადღის საჭმელი, სადილსა და ვახშამს შორის.
     
სასოება (117, 9) - იმედი, იმედიანობა.
     
სასტიკებითა (17, 15) - დიდი ძლიერებით.

{ძვ. ქართულში „სასტიკი“ ნიშნავდა „დიდად ძლიერს“, ამდენად გასაგებია, რომ ფსალმუნთა ავტორი უფლის „დიდად ძლიერებაზე“, ანუ ყოვლისშემძლეობაზე საუბრობს და არა „შეუბრალებლობაზე“, რა მნიშვნელობითაც იხმარება სიტყვა „სასტიკი“ თანამედროვე ქართულში}

     
საცთური (139, 5) - საცდუნებელი, საცთომელი, რაც კაცს შეაცდენს, კეთილისაგან გადაცდენს და ცოდვაში ჩააგდებს.
     
საცო პირისა (38, 1) - „დავსდევ საცოჲ პირსა ჩემსა“ ნიშნავს „პირს დავიდუმებ“.
     
საცხებელი (103, 15) - სურნელოვანი ზეთი, რომელსაც ხმარობდნენ სახის ლამაზად გამოსაჩინებლად. იდუმალი სულიერი მნიშვნელობით ნიშნავს სულიწმიდის მადლს (იხ. მათე 25, 4).

„განაპოხე ზეთითა თავი ჩემი“ (ფსალ. 22, 5) ნიშნავს - სულიწმიდის მადლით გამსჭვალე ჩემი გონება.

„ზეთი ცოდვილისა ნუ განაპოხებნ თავსა ჩემსა“ (ფს. 140, 5) ნიშნავს - ცრუ „მადლი“ (რომელიც ეშმაკისგან არს) ნუ შეიპყრობს ჩემს გონებასო.

     
საცხოვარი (48, 14) - ცხვრის არვე, ანუ ფარა.
     
საწმისი   - მატყლიანი ტყავი ცხვრისა, დამუშავებული.
     
სახუმილავი (76, 4) - სადარაჯო, საყარაულო (იხ. „მხუმილი“).
     
საჭურველი (45, 9) - ყოველგვარი სამხედრო დამცავი საშუალება.
     
საჯენ (34, 1) - განსაჯე, გაასამართლე; დასაჯე.
     
სელომი   - იხ. „კარავი სელომისი“.
     
სეონ მეფე (135, 19) - იხ. „ამორეველნი“, „ოგ“.
     
სთნდა (24, 12) ინება, ისურვა; მოიწონა.
     
სიავი (59, 8) - სააბაზანე სპილენძის ქვაბი.
     
სიდონი   - ფინიკიელთა უძველესი ქალაქი. მდებარეობდა ლიბანის მთასა და ხმელთაშუა ზღვის შუაში. ეს ქალაქი აღაშენა ქანანის ძემ სიდონმა (შესა. 10, 15-19). ტვირეს მსგავსად სიდონიც უნაყოფო ტერიტორიაზე მდებარეობდა, მაგრამ ეს ორივე ქალაქი აღემატებოდა სხვა ქალაქებს წარმოებითი საქმიანობით. აქ იყო გემთსაშენები, შუშის მწარმოებელი სახელოსნოები და სხვა. მეფე დავითის, უფრო კი მისი ძის სოლომონის დროს ეს ქალაქები მეტად გაძლიერდნენ და ითვლებოდნენ უმდიდრეს ქალაქებად მაშინდელი ევროპის ქალაქებს შორის. თუმცა, მათი სიძლიერე და ბედნიერი ყოფა დაამხო ნაბუქოდონოსორმა (ქ.შ-მდე 600 წ.), რომელმაც ააოხრა სიდონი და დაიპყრა ტვირე.
     
სიკიმა (59, 6) - ამ ქვეყანას დაპირდა უფალი აბრაამს და მის შთამომავლობას (შესაქ. 12, 6-7). იაკობმა წაართვა ეს ქვეყანა ამორეველთ ეგვიპტეში პირველ-გადასახლების დროს და მიცვალების შემდეგ მისცა იოსებს.
     
სიკუდიდ (12, 3) - სიკვდილად, სასიკვდილოდ.
     
სინაი (67, 8) - ეს არის მთა, რომელიც მდებარეობს იმავე სახელწოდების უდაბნოში. აქ განუცხადა უფალმა მოსეს ათი მცნება და სხვა სამოქალაქო და საეკლესიო სჯულები (გამოსლვ. XIX-XXXIV თ.თ.). ეს მთა მდებარეობს სინას ნახევარკუნძულზე, რომელსაც სამი მხრიდან საზღვრავს მეწამული ზღვის ჩრდილო ნაწილი, ხოლო ჩრდილოეთ მხარეს გაჭრილია სუეცის არხი, შემაერთებელი აზიისა და აფრიკისა.

ამჟამად სინას მთაზე აშენებულია ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია. მათ შორის გამორჩეულია წმიდა მოწამე ეკატერინეს ტაძარი, სადაც ასვენია მისი წმიდა ნაწილები. ამ ნაწილების უკეთ დასაცავად იმპერატორმა პეტრემ წარგზავნა მოოქროვილი ვერცხლის კუბო.

     
სიონი   - ეს მთა შეადგენს უძველეს ნაწილს ქალაქ იერუსალიმისა, ვინაიდან პირველად სწორედ აქ გაშენდა ქალაქი. იობოსელთაგან ამ მთის მიღების შემდგომ, მეფე დავითმა მეტად განამტკიცა სიონი, აღაშენა მასზე სამეფო ციხე-დარბაზი და უწოდა „ქალაქი დავითისა“ (II მეფ. V თ.).

მართლმადიდებელი მოძღვარნი სიონს „ეკლესიათა დედად“ უხმობენ. „აღდგომის დასდებელში“ ვკითხულობთ: „გიხაროდენ სიონ წმიდაო, დედაო ეკლესიათაო“ (მუხლი 2, ხმა 8).

სიონის ჩათვლით იერუსალიმი გაშენებულია ოთხ მთაზე:

1. სიონი - სამხრეთ ნაწილი იერუსალიმისა;
2. აკრა - ჩრდილოეთი და დასავლეთი იერუსალიმისა, უმდაბლესია სიონზე. იწოდებოდა „ქვემო ქალაქად“;
3. მორია - მდებარეობს სიონის სამხრეთით და აკრას აღმოსავლეთით. შემოსაზღვრულია სამი მთით. ამ მთაზე იყო აშენებული სოლომონის დიდმშვენიერი ტაძარი;
4. ბეზეთა - მდებარეობს მორიას მოშორებით. ეს მთა ძირითადად დასახლებული იყო ხელოსნებით, მუშებით და მისთანა ხალხით.

(იხ. „იერუსალიმი“)

     
სიპოხე (35, 8) - სიმსუქნე. ამ ფსალმუნის შემთხვევაში იგულისხმება მატერიალური „ხვავრიელება“, „ბარაქა“.
     
სირი   - ძველ-ქართულად „ჩიტი“.

„ანუ არა ორი სირი ასარის განისყიდებისა? და ერთიცა მათგანი არა დავარდების ქუეყანასა ზედა თვინიერ მამისა თქუენისა“ (მათე 10, 29).

„ასარი“ ძველ-ებრაული ყველაზე წვრილი ფულის ერთეულია. ამდენად, ეს სახარებისეული სიბრძნე გვასწავლის, რომ სულ მცირე არსებაზეც კი, რომელიც ნახევარი ასარის ტოლია, ერთობ ზრუნავს მამა-ზეციერი. აქედან გასაგები ხდება რაოდენი რუდუნებით იზრუნებს იგი ჩვენზე, მის სახედ და ხატად ქმნილ ადამის ნაშიერებზე, რომლებიც თავისი უსასყიდლო სისხლით გამოგვისყიდა უდიდესი სიყვარულის ნიშნად.

     
სისრა (63, 4) - გატყორცნა, „სისრა-უყონ“ - სტყორცნონ, ესროლონ.
     
სიწრფოება (16, 2) - სიწრფელე, სისწორე, სამართლიანობა.
     
სრბა (18, 5) - სირბილი, რბენა.
     
სუეტი, სვეტი (74, 3) - ძვ. ქართ. ბოძი, ძელი. უფრო ზუსტად - შვეულად აღმართული ბოძი.
     
სული მთავრობისა (50, 12) - როგორც ვიცით ანგელოზნი განიყოფიან 12 დასად. ერთ-ერთი მათ შორის არის „მთავრობანი“, ანუ სულნი განმამტკიცებელნი.
     
სძლო (50, 4) - სძლიო.

„სძლო შჯასა შენსა“ ნიშნავს - აღასრულო სამართალი (მსჯავრი) შენი.

ზევით

 

.: ტ :.

ტაბლა (22, 5) - დაბალი ხის მაგიდა. ასეთ მაგიდაზე გაშლილი სუფრა.
     
ტანეოს, ტანოს, ტანოა   - ველი ქვემო ეგვიპტეში, გესემის ახლოს. აქ აღასრულა მოციქულმა მოსემ ღვთის ხელდასხმით სასწაულნი - ისრაელიანთა ფარაონის ტყვეობისაგან გამოსახსნელად. „არა მოიხსენეს (ისრაელიანთა) ვითარ იგი დასხნა ეგვიპტეს შინა სასწაულნი და ნიშნი ველსა მას ტანეოსსა“.
     
ტვიროსი ანუ ტვირე (82, 7) - ქამის შთამომავლობის მიერ აგებული ფინიკური ქალაქი. აღშენებული იყო კლდეზე ნახევარ-კუნძულად. ტვიროსი იყო განთქმული ქალაქი მთელს აზიასა და ევროპაში. აქ მზადდებოდა იერუსალიმის ტაძრის საშენებელი მასალა და იგზავნებოდა იერუსალიმში. აქვე, 1800 წ. ქრისტეს შობამდე შეიმუშავეს შუშის კეთების ტექნოლოგია, რომელიც იმ დროს ოქროზე მეტად ფასობდა. ტვიროსი განთქმული იყო აგრეთვე გემთმშენებლობით და ფაიფურის დამუშავებით.

ეს დიდებული ქალაქი დაიპყრო და დაარღვია დიდმა დამპყრობელმა ნაბუქოდონოსორმა. მას შემდეგ აღაშენეს ახალი ტვიროსი, რომელიც თავისი დიდებულებით პირველს სჯობდა. იგი მდებარეობდა ძველი ტვიროსის ახლოს კუნძულზე. იმ დროის მსოფლიოში იყო ყველაზე დიდი სავაჭრო და მდიდარი ქალაქი. მაგრამ იგიც დარღვეულ იქნა ალექსანდრე დიდი მაკედონელის მიერ, ქ.შ-მდე 332 წელს.

ზევით

 

.: უ :.

უბრალო (25, 6) - უდანაშაულო (ბრალობა უქონელი), უცოდველი, უბიწო.
     
უდაბნო კადისა (28, 8) - რიცხვთა წიგნში ეს ადგილი მოიხსენიება „ფარანის უდაბნოდ“. ისრაელისანების მოგზაურობის დროს უფალმა მრავალი სასწაულით შეამკო კადის უდაბნო. აქ აღესრულა მოსეს დაჲ მარიამი და აქვე იქნა დასაფლავებული. აქვე მოსემ კლდეზე კვერთხის დაკვრით ისრაელიანებს წყალი გამოუდინა, რომელსაც უფალმა უწოდა „წყალი ცილობისა“ (რიცხვ. 20, 18, 13) [იხ. „წყალი ცილობისა“].
     
უზორეს   - უკმიეს, შესწირეს; თაყვანი-სცეს.
     
უმზირინ (36, 12) - თვალი ბოროტად უჭირავს. სულხან-საბას განმარტებით - „მოსაკლავად ეძიებს“.
     
უპოვარება (106, 41) სიღარიბე, სიღატაკე, უქონლობა.
     
ურვა (24, 17) - მძიმე მწუხარება.
     
ურჩი (67, 18) - არამორჩილი, გაუგონარი, წინააღმდგომი.

„რაჲთა ურჩნიცა სამკვიდრებელად იყვნენ“. ამ კონტექსტში „ურჩებში“ მეფე დავითი „წარმართებს“, ანუ ძველი აღთქმის არამართლმორწმუნე ერებს გულისხმობს, რომლებიც მომავალში ქრისტიანებად მოინათლებიან, ანუ უფლის სამკვიდრებლად იქცევიან ქრისტიანობის მიღებით.

     
ურწყული (77, 17) - უწყლო ადგილი, უდაბნო.
     
უსუპი (50, 7) - კონად შეკრული სურნელოვანი ბალახი (ქონდარი?) აიაზმის ანუ ნაკურთხი წყლის სასხურებლად. უსუპს გამოიყენებდნენ ძველი აღთქმის დროსაც, კრავის (დაკლული სამსხვერპლო ბატკნის) სისხლს ასხურებდნენ განსაწმედელად (იხ. ლევიტ. VII თ. რიცხვ. 19, 18).
     
უტყუ (30, 18) - მუნჯი.

„უტყუ იქმნენ ბაგენი მზაკუვარნი“, ანუ „დამუნჯდნენ ცრუ (მზაკვარი) ბაგენი“.

     
უფსკრული (32, 7) - უძირო (მიუწვდომელი) სიღრმე.
     
უყე (39, 2) - ლაფი, საფლობი.

{„თიხის უყე“ ამ შემთხვევაში გადატანითი მნიშვნელობით იხმარება და ნიშნავს განსაცდელს, გინა საცთურს, რომელიც მიწიერისაგან (თიხისგან) გამომდინარეობს. ანალოგიური მნიშვნლეობით „თიხა“ გამოიყენება სხვა ფსალმუნებშიც: „მიხსენ მე თიხისაგან“ (68, 14), ანუ „დამიფარე მიწიერი საცთურისაგან“}

     
უჩინო (50, 6) - გამოუჩინარი; საიდუმლო ღვთისა, რომელიც მხოლოდ ღვთის ცხებულთ განეცხადებათ, როგორიც დავითი იყო.
     
უცხოთესლნი (82, 7) - „უცხო თესლს“ ებრაელები კერძოდ ფილისტიმელებს ეძახდნენ, ზოგადად კი ყველა სხვა ხალხს, რომელნიც არ ეკუთვნოდნენ აბრაამის ტომს.

ზევით

 

.: ფ :.

ფართოდ (17, 19) - ამ შემთხვევაში იგულისხმება „დაუბკოლებლად“, „ხალვათად“.
     
ფასუედი, ფესვედი (44, 13) - ჰურიების მწიგნობრებს სამოსლის ქვედა ნაწილი მოქარგული ჰქონდათ (უფრო ხშირად - ოქრონემსულით) უფლის მცნებათა მოსახსენებლად.
     
ფინეზ (105, 30) - აარონის ძის ელიფაზის ვაჟი, რომელმაც თავისი სიმხნით იხსნა ისრაელნი ბელფეგორის წარწყმედისაგან (რიცხვ. 25, 1-15) [იხ. „ბელფეგორი“].
     
ფინიკი (91, 12) ხე, რომელიც მეტად გემრიელ ნაყოფს ისხამს. იზრდება თვით ფინიკიაში, საიდანაც წარმოსდგება მისი სახელი; აგრეთვე აფრიკის ჩრდილოეთ ნაწილში, არაბეთის უდაბნოში და სხვა თბილ ქვეყნებში. ყვავის აპრილში, ნაყოფს კრეფენ შემოდგომის პირველ ნახევარში. თვით ხე ძლებს 100 წლამდე.

ფინიკის ხე მეტად შესანიშნავი და სასარგებლოა. იმის გარდა, რომ ნაყოფი ძალზედ ნოყიერი, გემრიელი და მარგებელი აქვს, გამოიყენება მისი ფოთლებიც და ხის ტანიც. უბრალო ხალხი ფინიკის ხის გრძელ და მტკიცე ფოთლებს სუფრის გასაშლელად, ხელსახოცებად და მისთ. იყენებს. ნედლი ხის ტანს საჭრეთელით უკეთებენ ანაკვეთს, რომლისგანაც გამონადენი წვეთებით ამზადებენ ალკოჰოლურ სასმელს. გამხმარი ხისგან კი გამოარჩევენ ფუტუროს „ფქვილს“, რომლისგანაც მზადდება კეთილგემოიანი პური.

     
ფოგორი   - იხ. „ბელფეგორი“.
     
ფხრივ (65, 6) - ფეხით, ქვეითად. „მდინარესა წიაღხდენ ფხრივ“ - აქ დავით მეფე საუბრობს სასწაულებრივ ისტორიულ მოვლენაზე, როდესაც იერიქოს დასაპყრობად მიმავალმა ისრაელიანებმა წინ წაიმძღვარეს აღთქმის კიდობანი და ადიდებულ იორდანეზე ფეხით გავიდნენ (ისუ 3, 14-17).
     
ფსალმუნი (150, 3) - ათ-ალყიანი (ათსიმიანი) საგალობელი საკრავი, რომელზეც უკრავდა იუდეანების „ხორო“ საღმრთო გალობას. ასევე იწოდება ათძალად, აგრეთვე საფსალმუნედ (ფსალ. 143, 9).

{ქნარის მსგავსი ათ ან თორმეტ-სიმიანი საკრავი, რომელიც დღემდე არ შემორჩენილა. მასზე სასულიერო-საეკლესიო საგალობლები იმღერებოდა. უბადლო ხელოვანი ფსალმუნზე დაკვრისა იყო თვით მეფე-წინასწარმეტყველი დავითი. აქედან მის მიერ შედგენილი საგალობლების სახელიც - „ფსალმუნნი“, რომელსაც მეორენაირად მისი შემდგენელის სახელი „დავითნი“ ეწოდება.

ფსალმუნი ეწოდება აგრეთვე „დავითნის“ ცალკეულ საგალობელს. „დავითნი“ შედგება 150 ფსალმუნისგან}

     
ფსალმუნნი
ანუ დავითნი
  - საღმრთო წიგნი შედგენილი ისრაელიანთა დიდი მეფის ღვთივცხებული დავით წინასწარმეტყველის მიერ, „ფსალმუნნი“ ღვთის სადიდებელი საგალობლების კრებულია (მასში გადმოცემულია ასევე ისტორიული მოვლენები), რომელიც დავით მეფემ შექმნა სულიწმიდის შთაგონებით. იგი ამავე დროს ებრაული სასულიერო პოეზიის უბრადლო ნიმუშსაც წარმოადგენს.

„ფსალმუნნი“ ძველი აღთქმის ბიბლიურ (საღმრთო) წიგნთა რიცხვს ეკუთვნის, რომელიც ავტორის სიცოცხლეშივე იყო აღიარებული სასულიერო პირთა მიერ და გამოყენებული ღვთისმსახურებაში. „ფსალმუნნი“ განიყოფა ხუთ აღსავალად, ანუ საფეხურად, რომელიც ასახავს ადამიანის სულიერი განვითარების ხუთ საფეხურს:

I აღსავალი (1-40 ფსალ.) - არჩევანი სიკეთესა და ბოროტებას შორის, ანუ მოქცევა ბოროტისაგან და სიკეთის გზაზე დადგომა.

II აღსავალი (41-71 ფსალ.) - სურვილი ღმერთთან ყოფნისა, უზენაეს შემომქმედთან მიახლებისა.

III აღსავალი (72-88 ფსალ.) - ღვთაებრივი საიდუმლოებების წვდომისა (შემეცნებისა, განჭვრეტისა), ანუ შემომქმედ ღმერთთან უფრო მეტი მიახლოვებისა.

IV აღსავალი (89-105 ფსალ.) - ღმერთთან დაახლოვებული (ღვთივცხებული) კაცისა, რომელსაც ენიჭება ძალა (მადლი) ერისთვის ლოცვისა.

V აღსავალი (106-150 ფსალ.) - უმაღლესი მჭვრეტელობისა, რასაც შედეგად მოსდევს თავის უარყოფა და ყოვლიერების შემომქმედისადმი მადლიერება - გამოხატული მის ქებასა და დიდებაში.

[ყოველი აღსავალი თავდება სიტყვებით: „იყავნ, იყავნ“.]

„ფსალმუნნი“ სულ-ხორციელად შეითვისა ქრისტიანობამ, მისი საგალობლები შედის ქრისტიანული ღვთისმსახურების თითქმის ყველა სახეობაში. უმეტესად ფსალმუნები დილისა და საღამოს ლოცვების ერთ-ერთ მთავარ წყაროდ იქცნენ. „ფსალმუნნი“ მთლიანად იკითხება ყოველი მსგეფსის (კვირის) განმავლობაში; დიდ-მარხვის ჟამს კი მსგეფსში (კვირაში) ორჯერ.

ქრისტიანობაში „ფსალმუნნი“განიყო 20 კანონად. იგი შეიძლება ვიკითხოთ როგორც ჯგუფურად, ასევე საოჯახო (საშინაო) ვითარებაში. ერთი დღე-ღამის განმავლობაში ფსალმუნის წიგნის მთლიანი წაკითხვისას მკითხველზე გადმოდის უდიდესი ღვთიური მადლი, მაგრამ ეს უნდა განხორციელდეს მხოლოდ და მხოლოდ მოძღვრის კურთხევით, თორემ შეიძლება უკუ-შედეგი გამოიღოს.

ფსალმუნებს უკითხავენ აგრეთვე ავადმყოფებს. განსაკუთრებით სასარგებლოა მათი წაკითხვა შეპყრობილთათვის, ანუ მათთვის, ვინც არაწმიდა სულების ზეგავლენის ქვეშ იმყოფება.

ფსალმუნებს უკითხავენ აგრეთვე მიცვალებულებს. ჭირისუფლებმა მიცვალებულს ფსალმუნები უნდა უკითხონ განუწყვეტლივ, ვიდრე იგი შინ ასვენია (ეს წესი ძველი აღთქმის ეკლესიიდან მომდინარეობს), დასაფლავების შემდეგ კი 40-მდე ყოველდღიურად მთელი „ფსალმუნნი“ უნდა წაუკითხონ.

წმიდა მამათა სწავლების თანახმად, ყოველ ფსალმუნს თავისი სულიერი მნიშვნელობა გააჩნია. მაგ. მომავალ მაცხოვარზე წინასწარმეტყველების საგალობლებად ითვლება შემდეგი ფსალმუნები: 2, 15, 21, 39, 44, 88, 90, 96, 109, 117.

     
ფუფუნება (91, 14) - ნებიერად განსვენება, განცხრომა; დიდი სიხარული.

ზევით

 

.: ქ :.

ქარქუეტი (101, 3) - დიდი ხმელი ბალახი.
     
ქმნეს ხბო ქორებს   - ლაპარაკია „გამოსლვათა“ წიგნში მოთხრობილ ისტორიულ მოვლენაზე, როდესაც მოსეს სინას მთაზე ყოფნის ჟამს ებრაელებმა ოქროსგან გამოადნეს ხბოს მსგავსი კერპი, მას სწირავდნენ და გარყვნილებაში შთაეფლნენ. სინას მთიდან დაბრუნებულმა მოსემ დაადნობინა ეს ოქროს კერპი და სამი ათასი ებრაელი გააწყვეტინა ლევის ტომს (გამოსლ. XXXII თ.).
     
ქუეყანა უფლისა (84, 1) - იგულისხმება პალესტინა, ანუ ქვეყანა, რომელიც ღმერთმა აღუთქვა ისრაელიანებს. იგივე „აღთქმული ქვეყანა“.
     
ქუეყანა ცხოველთა
ანუ ცოცხალთა ქვეყანა
(26, 13) - იგულისხმება ზეციური სასუფეველი, სადაც მარადიული სიცოცხლეა.
     
ქუეყანა წრფელი   - კეთილის მოქმედთა გზა, რომელსაც ადამიანი ღმერთთან მიჰყავს. „ქუეყანა წრფელი“ - ზეციური სასუფევლის სინონიმია.

ზევით

 

.: ღ :.

ღუარი (125, 4) - ნიაღვარი, წვიმის წყლის დიდი ნაკადი.

„ვითარცა ღუარი ბღუარითა“, ანუ „ვითარცა ღვარი მოვარდნილი სამხრეთიდან“.

     
ღუაწლი, ღვაწლი   - შრომა, ჯაფა, რუდუნება.

სულხან-საბას განმარტებით: „ღვაწლი არს დიდად გაჭირვებული საქმე ბრძოლისა, გინა სათნოებისა“.

ზევით

 

.: ყ :.

ყარყატი (103, 17) - შავი ფრინველი, აქვს გრძელი კისერი და ნისკარგი, მაღალი ფეხები

ზევით

 

.: შ :.

შევეყავ (118, 63) - შევუერთდი, თანაზიარ-ვექმენ.
     
შეიყო (118, 70) - შედედდა, გასქელდა; დამსუყდა.
     
შეუბრკუმენ სლვანი (36, 31) - „არა შეუბრკუმენ სლვანი მისნი“, ანუ ფეხი არ წაბორძიკებიაო, არ შებრკოლებულაო ღვთისკენ მავალ გზაზე.
     
შტახსი (44, 8) - სურნელოვანი ნივთიერება.
     
შუანი (57, 6) - მხეცთა დიდი და მაგარი კბილები, ღოჯები.

ზევით

 

.: ჩ :.

ჩრდილოი და ბღუარი (88, 12) - ჩრდილოეთი და სამხრეთი.

ზევით

 

.: ც :.

ცვილი (21, 14) - თაფლის სანთელი.
     
ცმელი (16, 10) - სიმსუქნე, გადაუმდნარი ქონი.
     
ცუნდრუკება (40, 7) - ჩურჩლი ან თვალით მინიშნება ბოროტი განზრახვით.
     
ცხებული (27, 8) - ისრაელიანთა შორის „ცხებულად“ ითვლებოდნენ და იწოდებოდნენ კეთილმორწმუნე მეფენი, წინასწარმეტყველნი და სასულიერო პირნი, რომელთა „ცხება“ ნიშნავდა ღმრთისგან მათთვის სულიწმიდის მადლის და შესაბამისად მართლმსაჯულების უფლების მინიჭებას (გულისხმ. იხ. იოანე: 14, 26; 15, 16; 16, 8). ისინი იწოდებოდნენ „ქრისტედ“ და მოასწავებდნენ საუკუნო მეუფეს, ყოვლის მეცნიერს, უმაღლეს მხედართ-მთავარს, ცხოველთა და მკვდართა უზენაეს მსაჯულს - იესო ქრისტეს.
     
ცხედარი (6, 6) - ძველ-ქართულად „დაუგებელი საწოლი“.
     
ცხოვარი (43, 12) - ცხვარი. სულიერი მნიშვნელობით „ცხვრად“ ქრისტიანული მრევლის (სამწყსოს) წარმომადგენელი იწოდება, ხოლო „მწყემსად“ მოძღვარი მიწიერი, რაც მის ქრისტესთან - უზენაეს მწყემსთან მიმსგავსებას გამოხატავს.

ზევით

 

.: ძ :.

ძაღლის-მწერი (77, 45) - ბუზანკალი, ბუზი ძაღლისა და ცხენისა, რომელიც უფალმა სასჯელად მოუვლინა ეგვიპტელებს (გამოსლ. 8, 21).
     
ძაძა (34, 13) - ყისინა, მატყლის მსხვილი უხეში შალი, იცვამენ მგლოვიარობის და მარხვის ჟამს.
     
ძენი ედომისნი   - იხ. „ედომი“.
     
ძეწნი (136, 2) - ტირიფის ხის სახეობა. სულხან-საბას განმარტებით „ძეწნი“ არის - კაცის ხელით დანერგული წვრილფურცვლოვანი ტირიფი.
     
ძნობი (150, 4) - შეწყობილი ხმა.

ზევით

 

.: წ :.

წარეწირა (76, 2) - სასოებად (იმედად) ექმნა.
     
წარმართი (46, 3) - ძველი აღთქმის დროს „წარმართად“ იწოდებოდა ყველა არაებრაელი ერი. ქრისტიანული მნიშვნელობით წარმართია ყველა ის ერი, ვინც არ აღიარებს ჭეშმარიტ სჯულს.
     
წინწილი
კეთილ-ხმოვანი
(150, 5) საგალობელი საკრავი, რომელსაც იუდეანები ხმარობდნენ საღმრთო გალობის დროს ტკბილხმოვანი ჟღერადობისათვის. იგი შედგებოდა ორი ლითონის მრგვალი ფირფიტისაგან, რომელნიც ერთმანეთზე დაკვრით მეტად საამო ჟღერადობას გამოსცემდნენ.
     
წინწილი ღაღადებისა (150, 5) - საგალობელი საკრავი, რომელსაც იუდეანები ხმარობდნენ ღვთის მსახურების დროს. ეს საკრავი კეთდებოდა რვალისაგან (სპილენძისაგან). მასზე რკინის დაკვრით გამოიცემოდა დიდი ხმა, ანუ „ხმა ღაღადებისა“. იგი გამოყენებულ იქნა დავით მეფის მიერ სჯულის კიდობნის იერუსალიმში გადატანის დროს (II მეფ. 6, 12-17).
     
წრფელი (24, 8) - მართალი.
     
წურთა (118, 24) - წვრთნა, ანუ გაწაფვა.

„წამებანი შენნი წურთა არიან ჩემდა“, ანუ მცნებანი (სწავლანი) შენნი საწვრთნელია ჩემი.

     
წყალი ცილობისა   - ანუ „შეცილების წყალი“. ეს წყალი გამოადინა მოსემ ფარანის უდაბნოში კლდიდან კვერთხის დაკვრით. „წყალი ცილობისა“ კი იმიტომ უწოდა უფალმა, ვინაიდან მოსემ არ განუცხადა ებრაელ ერს, რომ ეს სასწაული აღასრულა ღვთის ძალით; პირიქით, გამოხატა აზრი, ვითომც საკუთარი ძალით აღასრულებდეს სასწაულებს, რის გამოც ებრაელებს აღეძრათ ეჭვი (რიცხვნი 20, 9-13).

ამავე წყალს პასექის საგალობელი უწოდებს „ნიშოვან ქმნილს“, ე.ი. „სასწაულით გამოყვანილს“; თანავე გვაუწყებს, რომ იგი არის ნიშანი მაცხოვრისაგან მონიჭებული უკვდავების წყაროსი, რომლითაც განცხოველდების დამაშვრალი სული კაცთა: „მოვედით და ვსვათ სასმელი ახალი; არა კლდით მყარით ნიშოვან ქმნილი, არამედ უხრწნელებისა წყარო ქმნილი ქრისტეს საფლავით, რომლითა განვძლიერდით“ (მესამე გალობა პასექის კანონისა).

     
წყობა (77, 9) - ამ შემთხვევაში „საომრად განმზადება“, „ლაშქრობა“.

ზევით

 

.: ჭ :.

ჭური (34, 2) - აბჯარი, ჯავშანი, საჭურველი.
     
ჭური მეკეცისა (2, 9) - ჭურჭელი მეჭურჭლის, ანუ მეკეცის მიერ დამზადებული.
     
ჭურჭელი წყმედული (30, 12) - დამსხვრეული, გაფუჭებული, უვარგისი ჭურჭელი.

{„ჭურჭელი წყმედული“ შეიძლება ნიშნავდეს ასევე ცოდვით შერყვნილ ადამიანს, ვინაიდან ქრისტიანული თვალსაზრისით ადამიანი „სულიწმიდის ჭურჭელია“}

ზევით

 

.: ხ :.

ხადილი (4, 1) - თხოვნით მოწოდება მოსასვლელად.
     
ხამლი (107, 9) - ჩექმის მსგავსი ფეხსაცმელი.
     
ხევი კიშონისა (82, 9) - მდებარეობს კარმელის მთის მარცხნივ, ერთვის იორდანეს.
     
ხბო ლიბანისა (28, 5-6) - „ხმამან უფლისამან შემუსრნეს ნაძუნი და შემუსრნეს უფალმან ნაძუნი იგი ლიბანისანი. და დააწულილნეს (განაცალკევოს, განაბნიოს, გაფანტოს) იგინი ვითარცა ხბოჲ იგი ლიბანისაჲ“. - ამ სიტყვებით წმიდა დავითი გვამცნობს, რომ „ხმა უფლისა“ ანუ „ნება ღვთისა“ ისე გაჰფანტავს ლიბანის მთის დიდრონ ხეებს, როგორც მუნ (იქ) მცხოვრებ ნადირთ, რამეთუ ამ შემთხვევაში „ლიბანის ხბოებში“ იქ მცხოვრები ნადირი იგულისხმება.
     
ხორხი (113, 15) - ნაწილი ყელისა, საიდანაც ამოდის ადამიანის ხმა.

ზევით

 

.: ჰ :.

ჰაეროვნება (49, 2) - ზეციური სილამაზე.
     
ჰგიეს (116, 2) - იმყოფება, არის; არსებობს.
     
ჰრული (75, 6) - თვლემა, ძილის მორევა. „ჰრულოოდა მათ“, ანუ „ძილი მორეოდათ მათ“.
     
ჰუნე (19, 7)
(75, 6)
- გვარიანი (ჯიშიანი) და კარგად გაწვრთნილი ცხენი.

ზევით

 

 


[*] პირველი რიცხვი აღნიშნავს ფსალმუნთა რიგს, ხოლო მეორე - მინიშნებული ფსალმუნის მუხლს.