„1. და შევიდა და განვიდოდა იერიქოჲთ. 2. და აჰა ესერა კაცი ვინმე, და სახელი მისი ზაქე, და იყო იგი მთავარი მეზუერეთაჲ, და ესე იყო მდიდარ ფრიად. 3. და უნდა ხილვაჲ იესუჲსი, ვინ-ძი არს, და ვერ უძლო ხილვად ერისა მისგან, რამეთუ ჰასაკითა იყო მცირე. 4. და წარრბიოდა წინა და აღჴდა ლეღუსულელსა, რაჲთა იხილოს იგი, რამეთუ მიერ წარსლვად იყო. 5. და მოვიდა ადგილსა მას, მიხედა იესუ და ჰრქუა მას: ზაქე, ისწრაფე და გარდამოჴედ, რამეთუ დღეს სახლსა შინა შენსა ჯერ-არს ჩემი ყოფაჲ. 6. და ისწრაფა და გარდამოჴდა და შეიყვანა იგი სიხარულით. 7. და იხილეს ყოველთა და დრტჳნვიდეს და იტყოდეს, ვითარმედ: ცოდვილისა კაცისა თანა შევიდა დადგომად. 8. აღდგა ზაქე და ჰრქუა უფალსა: აჰა, უფალო, ზოგი ნაყოფთა ჩემთაჲ მივსცე გლახაკთა; და უკუეთუ ვისმე ცილი დავსდევ, მივაგო ოთხი წილი. 9. ჰრქუა მას იესუ: დღეს იქმნა ცხორებაჲ სახლისაჲ ამის, რამეთუ ესეცა შვილი აბრაჰამისი არს. 10. რამეთუ მოვიდა ძე კაცისაჲ მოძიებად და ცხორებად წარწყმედულისა.“ |
I. დღევანდელ სახარებაში ჩვენ მოვისმინეთ გადასახადების ამკრეფის - მეზვერე ზაქეს მონანიებისა და მოქცევის შესახებ, რამაც უფლის სიტყვით, მთელი მისი სახლეული აცხოვნა. დაწვრილებით განვიხილოთ ეს თხრობა.
„და (მას ჟამსა შინა) შევიდა (იესუ) და განვიდოდა იერიქოჲთ. და აჰა ესერა კაცი ვინმე, და სახელი მისი ზაქე, და იყო იგი მთავარი მეზუერეთაჲ, და ესე იყო მდიდარ ფრიად (მუხლები 1-2)“.
აღწერილი სახარებისეული მოვლენა ამ დროს ხდებოდა, როცა უფალი იესო ქრისტე იერიქონში იმყოფებოდა, სადაც ქალაქში შესვლისას მან ბრმა მათხოვარი განკურნა. იერიქონშიც უფალი ცათა სასუფეველს ქადაგებდა. და აი, სწორედ ამ დროს, როცა იგი ქალაქს განვლიდა, გზად ერთი კაცი შეხვდა, სახელად ზაქე, „მთავარი მეზვერეთაი“. მეზვერეები ყველა სახის გადასახადის ამკრეფნი იყვნენ; პუნქტებს, სადაც გადასახადის აკრეფისათვის საჭირო შენობა იდგა, საზვერე ეწოდებოდა (მათე 9,9). მაგრამ ესენი მთავრობის მიერ დადგინებული და სახელმწიფო სამსახურში ჩამდგარი ადამიანები კი არ იყვნენ, არამედ კერძო პირები, რომელთაც სახელმწიფოსაგან შესყიდული ჰქონდათ უფლება გასაზღვრული გადასახადების აკრეფისა, ანდა ამგვარი პირების რწმუნებულნი იყვნენ. სხვაგვარად, თანამედროვე ტერმინოლოგიით, მეზვერეებს იჯარით ჰქონდათ აღებული სახელმწიფოსაგან გადასახადების აკრეფის უფლება. მათ ჰყავდათ მთავარნიც, როგორიც იყო ზაქე (ლუკა 19,2), იყვნენ სხვა მრავალი მეზვერენიც - „კრებული დიდი მეზვერეთაი“ (ლუკა 5,29). ადამიანთა ეს ფენა წარმოიქმნა იმის შედეგად, რომ რომის იმპერიის მთავრობამ, ხალხის მასებთან შეჯახების თავიდან ასაცილებლად და სახელმწიფო ხარჯების შესამცირებლად, დაპყრობილ ქვეყნებში შემოიღო გადასახადების აკრეფის იჯარით გაცემის (გაყიდვის) სისტემა, რომლის თანახმადაც მდიდარი, გერგილიანი ადამიანები ხელმისაწვდომ საფასურად იძენდნენ ამ უფლებას და თვითონვე ახორციელებდნენ როგორც სულადობრივი გადასახადების, ასევე საგზაო და სხვა სახის ბაჟების მოკრებას. სახელმწიფო მეზვერეებს უწესებდა ნიხრებს, რაც ჩანს იოანე ნათლისმცემლის სიტყვებიდან მასთან სინანულისათვის მისული მეზვერეებისადმი: „ნურარას უფროის განწესებულისა თქვენისა იქმთ“ (ლუკა 3,12). მაგრამ ცხადია, რომ რაკი ასეთი საპასუხისმგებლო და სადავიდარაბო საქმისათვის მოეკიდათ ხელი, მეზვერეები ყოველთვის მკაცრად როდი იცავდნენ დაწერსებულ კანონებს და მათ შორისაც იყვნენ სამართლიანი და უსამართლონი, ხალხის შემავიწროებელნი, მჩაგვრელნი, რომელნიც ზოგჯერ დაწესებულზე ორჯერ მეტს სძალავდნენ ხალხს. ამისათვის ხალხს ძალზე არ უყვარდა გადასახადების ამკრეფნი და თვით სახელწოდებაც - მეზვერე - უსჯულოების მომქმედს, ცოდვილის სინონიმადაც კი იქცა. ამიტომ დრტვინავდნენ და მრისხანებდნენ ებრაელები, როცა ქრისტე მეზვერეებთან მიდიოდა სტუმრად და რჩებოდა კიდეც მათ სახლებში (მათე 9,11; ლუკა 19,7). ამავე მიზეზით უფლისადმი მტრულად განწყობილნი ფარისეველნი და მწიგნობარნი, რაკი სურდათ მისი ავტორიტეტი დაემცროთ ხალხის თვალში, ჩააგონებდნენ მას, რომ იესო მეზვერეთა და ცოდვილთა მეგობარია (მათე 11,19). მაგრამ მეზვერეთა შორისაც ზოგჯერ გვხვდებოდნენ შესანიშნავი, პატიოსანი და ღვთისმოშიში ადამიანები. ასეთნი იყვნენ, მაგალითად, მეზვერე ზაქე, რომელიც უფალმა განამართლა და აბრაჰამის ჭეშმარიტ ძედ აღიარა, და მეზვერე ლევი, არჩეული ქრისტეს 12 მოციქულთა შორის და წოდებული მახარებელ მათედ. როგორც მეზვერე, ზაქე, რა თქმა უნდა, არ გამოირჩეოდა სხვა მეზვერეთაგან არც გულჩვილობით, არც დამთმობობით ღარიბ-გლახაკთადმი და შეჭირვებულთადმი, არც სამართლიანობითა და პატიოსნებით თავის, როგორც მეზვერის, მოთხოვნებში. პირიქით, თვით მის უფროსობაში მეზვერეებისა ისიც უნდა დავინახოთ, რომ რაკი ის ამ ადგილს ინარჩუნებდა, ესე იგი, ყოველთვის გულმოდგინედ აჰკრეფდა გადასახადებს და სხვებსაც აღემატებოდა ამ საქმეში გამოძალვისა და შეუწყნარებლობის განსაკუთრებული ხელოვნებით, ამიტომაც არავისი ვალი არ ჰქონდა და დიდი ქონების პატრონი იყო - „და ესე იყო მდიდარ ფრიად“. სიმდიდრე აცდუნებდა მას და საბოლოოდ დაღუპვით ემუქრებოდა, რამეთუ მახარებელიც ტყუილუბრალოდ როდი ამბობს ზაქეზე თხრობისას, იგი იყო მთავარი მეზვერეთა და მდიდარი ფრიად.
„და უნდა ხილვაჲ იესუჲსი, ვინ-ძი არს, და ვერ უძლო ხილვად ერისა მისგან, რამეთუ ჰასაკითა (ტანით) იყო მცირე (მუხლი 3)“.
დიდება უფლის მიერ აღსრულებული სასწაულებისა უკვე შორს გავრცელებულიყო, და რა თქმა უნდა, ალბათ იერიქონსაც მოსწვდენოდა. ამიტომაც ხმამ - ქალაქში დიდი გალილეველის წინასწარმეტყველი მოდისო - იერიქონის მთელი მოსახლეობა აამოძრავა, მით უმეტეს, რომ ქალაქის შემოსასვლელში უფალმა ახალი სასწაული აღასრულა - ბრმას თვალი აღუხილა. ამიტომ სასწაულმოქმედის შესახვედრად დიდძალი ხალხი გამოვიდა. სწორედ მათ შორის იყო მეზვერე ზაქეც. მაგრამ სხვა მრავალ მოქალაქეთაგან განსხვავებით, მას მხოლოდ ცნობისწადილი როდი იზიდავდა იესოსკენ. როგორც მეზვერეთა - ამ, საყოველთაოდ აღიარებულ ცოდვილთა - უფროსი, იგი კიდევ უფრო ცოდვილ ადამიანად გრძნობდა თავს ღმერთისა და ადამიანთა წინაშე; მას ხომ მოყვასთან წყენინებითა და დაჩაგვრით ჰქონდა მოპოვებული თავისი სიმდიდრე და კარგად ჰქონდა შეგნებული თავისი ცხოვრების მთელი მანკიერება. ცნობა ქრისტეს მოსვლის შესახებ ზაქეს მხოლოდ სმენას კი არ შეეხო, არამედ გულსაც. და მან ძალზე ინდომა ენახა ეს „მეგობარი მეზვერეთაი და ცოდვილთაი“ (მათე 11,19), ანუ თავისი მსგავსი, ყველასაგან მოძაგებული ადამიანების მეგობარი, რათა იესოს სიმშვიდითა და მოწყალებით გაბრწყინებულ ღვთაებრივ პირისახეში შვება ეპოვა თავისი მგლოვარე სულისთვის. მაგრამ ტანმორჩილი ზაქესათვის აქ აშკარა დაბრკოლება შეიქმნა: უფლის გარს შემოხვეული დიდძალი ხალხის გამო მას არ შეეძლო იესოს დანახვა. მაგრამ ნამდვილი სურვილი და გულმოდგინება ყოველთვის ნახავს ნებისმიერი წინაღობის დაძლევის საშუალებას, ოღონდ კი ეს ადამიანის ძალებს არ აღემატებოდეს. ზაქეც ასე მოიქცა: „და წარრბიოდა წინა და აღჴდა ლეღუსულელსა, რაჲთა იხილოს იგი, რამეთუ მიერ წარსლვად იყო“ (მუხლი 4). ლეღუსულელი, ანუ გარეული ლეღვიც ისეთი ტანმსხვილია, როგორიც ჩვეულებრივი ლეღვი. მისი ტანი, დაბალია და ძალზედ დატოტვილი, ტოტები განზე, თითქმის ჰორიზონტალურად ეზრდება და თავის ქვეშ მშვენიერ ჩრდილს წარმოქმნის. ფოთლები მკვეთრ სიმწვანეს მთელი წლის განმავლობაში ინარჩუნებენ; ლეღუსულელის ფოთოლი ქვემოთა მხრიდან ხაოიანია, კიდეებში დაკბილული, მოყვანილობით გულს წააგავს; ძველი ფოთლები ხეს მაშინ სცვივა, როცა ახლები გამოდის. ამიტომაც, თავის ჩრდილიანობით ლუღუსულელი ძვირფასი ხეა აღმოსავლეთის მცხუნვარე ჰავის პირობებში. მისი ნაყოფი ყვითელი ფერისაა და ძალიან ჰგავს ჩვეულებრივი ლეღვის ნაყოფს, შესახედაობითაც და გემოთიც; ოღონდ უფრო მშრალი და მომწაროა. ღირსშესანიშნავია, რომ ეს ნაყოფი, სხვა ხეთა ნაყოფების მსგავსად, ტოტების ბოლოებში კი არ ჰკიდია, არამედ თვით ხის ტანზე და მშრალ ტოტებზე გამოდის და წელიწადში რამდენჯერმე, ზოგჯერ ოთხგზისაც კი მწიფდება გასაზღვრული ვადის გარეშე. მოწყვეტ მწიფე ნაყოფს და მის ადგილზე დაუყოვნებლივ იზრდება ახალი ნაყოფი. ზოგიერთი სახეობა ლეღუსულელისა ახალ ნაყოფს ორ დღეში გამოიღებს. ამისთვის, რომ ნაყოფი მალე დამწიფდეს და უფრო ტკბილი იყოს, მწიფობაში შესულ ნაყოფს ზემოთა მხრიდან აჭრიან და 3-4 დღეში ჰკრეფენ კიდეც ჩვეულებრივზე ბევრად უფრო მწიფე და ტკბილ ნაყოფს... ლეღუსულელის თვით ხე მსუბუქია, ნასვრეტებიანი, მაგრამ ძალზე მტკიცე და რამოდენიმე წელიწადს არ ლპება. ლეღუსულელი ძველთაგანვე იზრდებოდა ეგვიპტეში, მას ძველი მემატიანეები მოიხსენიებენ, მისგან გაკეთებულ ყუთებში კი მუმიებს ინახავდნენ. უძველესი დროიდან დღემდეა შემორჩენილი ლეღუსულელის ხის ფიცრების სრულიად დაუზიანებელი ნაწილები. ძველ დროში ისინი პალესტინაშიც იზრდებოდნენ, ძირითადად სანაპირო, დაბლობ ადგილებში (III მეფეთა 10,27; I ნეშტთა 27,28). და რაკი ლეღუსულელი ჩრდილიანი ხეა, ებრაელები მას ძირითადად გზის პირებში რგავდნენ მოგზაურთა მოსასვენებლად. ლეღუსულელის ხის ტყეები, რომლებიც ისრაელის მეფეებს ეკუთვნოდათ, ძალზე ძვირფასად ითვლებოდა და განსაკუთრებული ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა: მის მორებს ებრაელები სხვადასხვა ნაგებობებისათვის იყენებდნენ (II მეფეთა 5,23-24; I ნეშტთა 14,14-15; 27-28; ესაია 9,10); ღარიბ-ღატაკნი მისი ნაყოფებით იკვებებოდნენ (ამოს. 7,14); ლეღუსულელის წვენს მებრძოლ სპილოებს აძლევდნენ აღსაგზნებად (I მაკაბ. 6,33). ეს ხე ამჟამადაც იზრდება პალესტინაში. ისინი უფრო ეგვიპტეშია გავრცელებული, სადაც დავით მეფის დროს ამ ხის მორებით ფართოდ ვაჭრობდნენ. ეგვიპტეში მას საცხოვრებლებთან რგავდნენ საჩრდილობლად.
აი, სწორედ ასეთ ხეზე ავიდა მეზვერე ზაქე, რათა უფალი ეხილა. რა მგზნებარე სული ჰქონდა ამ ტანმორჩილ, ცოდვილ კაცს! როგორც კი გაიგონა, იესო მოდისო, და დაინახა, რომ ხალხის სიმრავლის გამო ვერც მიუახლოვდებოდა მას და ვერც შორიახლოდან შეხედავდა, ზაქე წინ გაიქცა და ხეზე აძვრა ბავშვივით, რათა უფალი ეხილა. ასე აღეგზნო მისი გული მოშურნეობას უფლის სათნო ყოფისა და სურვილს ცოდვათა მონანიებისა. იგი მდიდარ იყო და დიდი პატივისცემით სარგებლობდა თავისიანებს შორის, მაგრამ ამ თავისი საქციელით თავის უბრალოებას და თავმდაბლობას წარმოჩენს: გლახაკ ბავშვივით ხალხის წინ გარბის და ნაყოფიან ხეზე ასვლას იჩქარის სასურველის ხილვის წყურვილით. იესოს ხილვის სურვილმა ყველა წვრილმანი ანგარიშიანობა დასძლია მასში. ჯანსაღი, წრფელი გრძნობების ძალამ კი იგი ზეციური ჭეშმარიტების სიმღლეს მიაახლა. ასე, რომ მდიდრისათვის არ არის დამამცირებელი ხეზე ავიდეს, რათა იხილოს მეუფე ცათა და ქვეყანისა. ამიტომაც ზაქეს გულმოდგინება ღირს იქნა უფლის უდიდეს წყალობისა.
„და მოვიდა ადგილსა მას, მიხედა იესუ და ჰრქუა მას: ზაქე, ისწრაფე და გარდამოჴედ, რამეთუ დღეს სახლსა შინა შენსა ჯერ-არს ჩემი ყოფაჲ. და ისწრაფა და გარდამოჴდა და შეიყვანა იგი სიხარულით“ (მუხლები 5-6).
გულთამხილველი უფალი კარგად ხედავდა ყოველთვის, რაც მის გარშემო ხდებოდა, იცოდა, თუ ყველაზე მეტად ვის სწყუროდა მისი ნახვა, მაგრამ არ შეეძლო ეს თავისი მორჩილი ტანის და დიდძალი ხალხის გამო; და ვინ იყო ის, ვინც უგულებელყო ხალხის მითქმა-მოთქმა თუ დაცინვა, წინ გაიქცა და ბავშვივით ხეზე აძვრა მხოლოდ და მხოლოდ ამისათვის, რომ დაენახა ქვეყნის მაცხოვარი. ამიტომაც ეუბნება უფალი ზაქეს: „ზაქე, ისწრაფე და გარდამოჴედ, რამეთუ დღეს სახლსა შინა შენსა ჯერ-არს ჩემი ყოფაჲ“. უფალ იესოს მეზვერე ზაქეს სახლში სურს შევიდეს იმიტომ, რომ ეს კაცი გულისხმიერი განწყობით უკვე მზად არის იესო ქრისტეს მისაღებად. იესო ზაქესთან მიდის იმიტომ, რომ ზაქეც სულით იესოსკენ ისწრაფოდა. ზაქე ფიქრადაც ვერ გაივლებდა, რომ ასეთ წყალობას ეღირსებოდა, - მას მხოლოდ შორიახლოდან სურდა იესოს დანახვა. მაგრამ უფალი თავმდაბალთ და მორჩილთ ანიჭებს თავის მადლს და როგორი გულმოდგინებითაც იგი უფლის დანახვის შესაძლებლობას ეძებდა, იმგვარივე გულმოდგინებით ემორჩილება იგი ამჯერად უფლის სიტყვას. აი, ასე ნამდვილია წინასწარმეტყველის სიტყვები, რომელსაც უთქვამს მის შესახებ: „ლერწამი განტეხილი არა შემუსროს და პატრუქი მკუმოლვარე არა დაშრიტოს“ (ესაია 42,3).
უფლის მადლმოსილი მოწოდებისას, როცა კეთილი მწყემსი წყმედული ცხოვარი შესახვედრად მიემართება, მონანული ცოდვილის გული სიხარულით ივსება. მცირე ხნით ადრე ზაქეს სურდა ოდენ შეეხედა დიდი სასწაულმოქმედისათვის და ფიქრსაც კი ვერ ბედავდა მასთან გასაუბრების შესახებ, აწ კი მას არათუ მისი ხილვა შეეძლო, არამედ საკუთარ სახლში მიღება, მასთან სერობის განაწილება და მეგობრულ საუბარში უფლისათვის საკუთარი სულის გადმოღვრა. რა სიხარულით უდნა ყოფილიყო აღვსილი ამ, ყველასაგან მოძაგებული და უარყოფილი ცოდვილი მეზვერის გული! და აი, იგი უმალვე, წუთის დაუყოვნებლივ ჩამოდის ხიდან და უდიდესი სიხარულით შეჰყავს იგი თავის სახლში.
„და იხილეს ყოველთა და დრტჳნვიდეს და იტყოდეს, ვითარმედ: ცოდვილისა კაცისა თანა შევიდა დადგომად“ (მუხლი 7).
ხალხის წინასწარ აკვიატებული ცუდი შეხედულება, რომელიც ზაქეს მსგავს ადამიანებს არაწმიდა ცოდვილებად მიიჩნევდა, იმდენად დიდი იყო, რომ ყველანი შეცბუნებულნი დრტვინავდნენ - რატომ გაესაუბრა დიდი გალილეველი წინასწარმეტყველი ცოდვილ მეზვერეს და მით უმეტეს, რატომ წავიდა მასთან სახლში, თანაც ისე, რომ იქ შესვლისას სჯულიერი სიწმინდის შენარჩუნების არავითარი ზომები არ მიიღო?!-ო. ყოველივე ეს უკიდურესად საძრახის საქციელად მოჩანდა ფარისევლთა და მწიგნობართა თვალში, აგრეთვე იმ იუდეველისათვისაც, ვინც მათ ცრუ, ოდენ გარეგან სწავლებას მისდევდა (მარკ. 7,3). მაგრამ ასეთი დრტვინვა და ამგვარი მსჯელობები ზაქეს უღირსობის შესახებ ამაოა და მეტად ნაჩქარევი იყო. თავისი შემდეგომი სიტყვებითა და ქმედებებით ზაქემ ყველას უჩვენა, რომ იგი კარგი კაცი იყო და რომ ამიტომ უფალმაც ტყუილ-უბრალოდ როდი მოინახულა იგი.
„აღდგა ზაქე და ჰრქუა უფალსა: აჰა, უფალო, ზოგი ნაყოფთა ჩემთაჲ მივსცე გლახაკთა; და უკუეთუ ვისმე ცილი დავსდევ, მივაგო ოთხი წილი“ (მუხლი 8).
ზაქე, უეჭველია, ყველა სხვაზე უფრო ცხოვლად გრძნობდა, თუ რა სიკეთე იყო მას უფალმა თავის მოსვლით, და მის გამო სულით სიღრმემდე იყო შეძრული. იგი ყურადღებას არ აქცევდა ბრბოს დრტვინვას და მხოლოდ იმაზე ფიქრით იყო დაკავებული, თავისი სტუმრის ღირსი ყოფილიყო და მისი სტუმრობაც თავის სახლში მისთვის სავსებით სათნო რამ საქმით აღენიშნა. და აი, ყოვლადწმიდა საღმრთო პირის წინაშე არაწმიდა სინდისი განსაკუთრებული ძალით ალაპარაკდა, და კეთილგონიერი მეზვერე, ლმობიელ-ქმნილი ღვთაებრივი სიყვარულის უხილავი სუნთქვით სულ სხვა ადამიანად იქცა, - განსხვავებულად ამისაგან, როგორსაც მას, აქამდე იცნობდნენ.
თითქოს ზაქე ასე ამობდა: „უფალო, ნამდვილად, მე არ ვარ ღირსი შენი სტუმრობისა, რამეთუ ცოდვილს დიდი მისწრაფება მაქვს სიმდიდრისკენ, რომელსაც სხვათა წყენინების გარეშე ვფლობ; ცოდვილი ვარ იმაშიც, რომ უსამართლობის ჩადენითაც მაქვს შეძენილი ქონება. მაგრამ ამიერიდან აღარ ვიქნები ასეთი: აღარ მექნება უკიდურესი ლტლოვა სიმდიდრის მოპოვებისაკენ და თავს ნებას აღარ მივცემ უსამართლობით შევიძინო ქონება. ხოლო უწინდელ ცოდვათა გადასაფარად, აი, ჩემი ქონების ნახევარს ღარიბ-გლახაკთ დავურიგებ და ნარჩენი ნახევრიდან კი ოთხმაგად მივაგებ იმას, ვისთვისაც რაიმე წყენა მიმიყენებია“. აღსანიშნავია იქ მახარებლის მიერ ნათქვამი: „აღდგა ზაქე და ჰრქუა უფალსა“. ეს, თითქოსდა, ერთგვარი მინიშნებაა გარკვეული სახის თავშეკავებაზე; ანუ ზაქეს, თითქოს, უკვე დიდი ხანია უნდოდა ეთქვა უფლისათვის თავის ამ გადაწყვეტილების შესახებ, - თითქოსდა, წრფელი სინანული, მის სახლში უფლის შესვლის პირველივე წუთიდან, მზად იყო მის ბაგეთაგან გადმოღვრილიყო, რადგან გამოსწორების მტკიცე გადაწყვეტილება მას იმ უდიდესმა სიხარულმა მიაღებინა, რომელიც გამოწვეული იყო მის სახლში უფლის შემოსვლით და მშობლიურ კედლებში ღვთის ცხოველი სიტყვის გახმიანებით თავად მაცხოვრის ტკბილ ბაგეთაგან; და აი, ამ გადაწყვეტილებამ, რომელიც თანდათან იზრდებოდა, მტკიცდებოდა და ძლიერდებოდა, ბოლოს ზაქეს მთელი არსება მოიცვა და მას უკვე აღარ შეეძლო თავის შეკავება, - იგიც წამოდგა უფლის წინაშე და ამეტყველდა: აჰა, უფალო მთელი ჩემი ქონების ნახევარს ღარიბ-გლახაკთ მივცემ; და თუ ვისმე ცილი დავწამე და რაიმე ვაწყენინე, ოთხმაგად მივაგებო (ანუ სჯულის განჩინებით, ამგვარი შემთხვევებისათვის დაწესებულზე ოთხჯერ მეტს მივუზღავო). რაბინთა ჩვეულებით, არავინ იყო ვალდებული თავისი ქონების მეხუთედზე მეტი გაეცა მოწყალებად, ხოლო მოსეს სჯულის მიხედვით მხოლოდ სამსჯავროზე მხილებულ იუდეველს უნდა დაებრუნებინა პატრონისათვის მისგან მიტაცებული ქონება ორმაგად და ოთხმაგად (გამოსვლა 22,1,4), ხოლო ნებაყოფლობითი აღიარების შემთხვევაში - მხოლოდ ერთი მეხუთედის დამატებით მიტაცებულ ქონებაზე (რიცხვთა 5,7). ზაქეს ესმოდა, რომ მის წინაშე სჯულის უბრალო მოძღვარი კი არ იყო, არამედ სახარების სახიერების მქადაგებელი; ამიტომაც სწორედ მის მიერ სულისკვეთებას მიიღებდა, როცა აღუთქვამდა იესოს იმაზე მეტის გაკეთებას, რასაც ჩვეულება მოითხოვდა, თუ ძველი სჯული განაწესებდა: თავისი ნებით გადაწყვიტა მან არათუ დადგენილი ოდენობა და მეხუთედი წილი მიეცა თავის მიერ უსამართლოდ წყინებულთათვის, არამედ ამაზე ოთხჯერ მეტი. და უფალმაც მოიწონა მდიდარი მეზვერის ეს მსხვერპლი. მეზვერე ზაქეს შემდგომი ბედის შესახებ საეკლესიო გადმოცემით ცნობილია, რომ იგი იყო პალესტინის კესარიის პირველი ეპისკოპოსი.
„ჰრქუა მას იესუ: დღეს იქმნა ცხორებაჲ სახლისაჲ ამის, რამეთუ ესეცა შვილი აბრაჰამისი არს“ (მუხლი 9).
უფლის ეს სიტყვები პასუხიც არის მასზე მდრტვინავი იუდევლების მიმართ. ახლა იქნა ამ სახლის ცხოვნება, ანუ დღეს ამ სახლმა, ოჯახმა ხსნის გზა შეიცნო, ანუ თავის მაცხოვარი შეიცნო და მაცხოვნებელად სწამს მისი. აქედან ჩანს, რომ ზაქესთან ერთად მისმა ოჯახობამაც ირწმუნა იესო ქრისტე. და კიდევ ამასაც დასძენს უფალი: „რამეთუ ესეცა შვილი აბრაჰამისი არს“. და ესეც, კვლავაც, ზაქესადმი უფლის შემწყნარებლობის ახსნაა, განმართლებაა. ამ სიტყვების შინაარსი ასეთია: „იგიც აბრაჰამის შთამომავალია, რომელსაც მის შთამომავლობასთან ერთად ღმერთმა ცხოვნება აღუთქვა; რამეთუ მანაც ზაქემაც, აბრაჰამის მსგავსად, თავმდაბლობითა და გულმოდგინებით მიმიღო თავის სახლში, როგორადაც აბრაჰამმა მიმასპინძლა ორ ანგელოზთან ერთად მუხასა მამბრესა; ზაქეც, აბრაჰამის მსგავსად, ვითარცა მისი ღირსეული შთამომავალი, მოწყალედ წარმოჩინდება და თავისი ქონების ნახევარს ღარიბ-გლახაკთ ურიგებს“ (ევსევი მოგილეველი. საუბრები... ნაწ. II, გვ. 270). აი, ასე დაიცვა უფალმა სინანულით აღვსილი ზაქე. ამასთან დაკავშირებით წმიდა იოანე ოქროპირი შენიშნავს: „მაცხოვრის ამ სიტყვების გამო იხილე: სანამ ზაქე აბრაჰამის საქმეთა ქმნას დაიწყებდა, უფალი მას, აბრაჰამის შვილად კი არ ხმობდა, არამედ - ზაქედ; ხოლო როცა მან პატრიარქის საქმენი აღასრულა, წარმოაჩინა რა თავისი უმართლობის დანალექი და სიყვარულ ღარიბ-გლახაკთადმი, მაშინ თქვა მასზე: „რამეთუ ესეცა შვილი აბრაჰამისი არს“-ო.
„რამეთუ მოვიდა ძე კაცისაჲ მოძიებად და ცხორებად წარწყმედულისა“ (მუხლი 10).
აი, ახალი ახსნა ამისა, თუ რატომ ეწვია იესო ქრისტე მეზვერე ზაქეს სახლს, - ყველაზე ცხადი და საყოველთაოდ გასაგები ახსნა: რამეთუ ძე კაცისაი მოვიდა მოსაძიებლად და საცხოვნებლად წარწყმედულისა, დაღუპვისკენ მიმავალისა. თითქოს უფალი ასე ამბობსო: „მე სწორედ იმისთვის მივიღე ადამიანური ბუნება, სწორედ ამისათვის გამოვცხადდი ადამიანთა შორის როგორც ადამიანი, რომ ჭეშმარიტების გზაზე დასადგომად მომეწოდებინა უცნობლობისა და მანკიერებებში დაღუპვისკენ მიმავალი ადამიანებისათვის და მეხსნა, მეცხოვნებია ისინი; მაშ ნუ დაიწყებთ დრტვინვას ჩემზე იმის გამო, რომ ცოდვილი ადამიანის სახლში შევედი“. სწორედ უფლის ასეთმა სიტყვებმა დაუყო პირი მდრტვინავთ და აღკვეთა მათი მრისხანება.
II. ჩვენს მიერ განხილული სახარებისმიერი თხრობა ქრისტესადმი მეზვერე ზაქეს მოქცევისა და ღრმაზნეობრივ ჭეშმარიტებებს შეიცავს. გავისიგრძეგანოთ ისინი:
ა) პირველ ყოვლისა და უმთავრესად იგი გვასწავლის იმას, თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი სინანული ცოდვების გამო (მუხლი 8). ცოდვილი მეზვერე ზაქე სრულიად სხვა ადამიანად იქცა მას შემდეგ, რაც უფლის წინაშე შეინანა. მანამდე იგი მხოლოდ სიმდიდრის მოხვეჭაზე ფიქრობდა. ახლა კი მხოლოდ მაცხოვარზე ფიქრობს; მანამდე იგი არ ერიდებოდა იმას, რომ მოყვასისათვის ყველაზე აუცილებელი რამ წაერთმია; აწ კი მზად არის მთელი თავისი ქონების ნახევარი მისცეს ღარიბ-გლახაკთ. აი, ჩვენი სინანულიც ასეთი უნდა იყოს! - იგი მთლიანად უნდა მსჭვალავდეს ჩვენს სულს, შესძრავდეს და სცვლიდეს მას ყოველ აზრში, გრძნობებსა და მიდრეკილებებში, და ჩვენ მხოლოდ გარეგან ცოდვებს კი არ უნდა ვინანიებდეთ - საქმეებსა და სიტყვებს, არამედ ჩვენი სულის ცოდვიან მოძრაობებსაც - გრძნობებსა და ფიქრებს. ჩვენ, ჩვეულებრივ ცოდვად მივიჩნევთ გარეგან საქციელთ - უსჯულოთ და კანონსაწინააღმდეგოთ, - და სამართლიანადაც, რამეთუ ყოველი ისეთი საქციელი ცოდვაა, ამასთან სრული, მთლიანი ცოდვა, ადამიანის მთელ არსებას რომ მსჭვალავს, მის ყველა ნაწილსა და სფეროს: აზრებს გრძნობებს, ნებელობას და თვით ჩვენს ქმედებებს. მაგრამ განა მართლაც მხოლოდ გარეგანი, უკვე ჩადენილნი საქციელნი შეადგენენ ჩვენს ცოდვებს და მხოლოდ ისინი უნდა შევინანოთ?! განა ასევე ცოდვებს არ წარმოადგენენ თვით ჩვენი შინაგანი გრძნობები, განზრახვანი და გადაწყვეტილებანი ამა თუ იმ ცოდვის ჩასადენად?! ჩვენი გული დაფარულია ადამიანთათვის, მაგრამ ყოველთვის ხილული და ღიაა გულთამხილავი ღმერთისათვის. განა ცოდვიანი გრძნობა აღარ იქნება ცოდვიანი მხოლოდ იმის გამო, რომ იგი უხილავია ადამიანთათვის? ჩვენი გული ხომ დიდი ფარული საცავია, რომელშიც გულისთქმა, ვნება ყოველგვარ ცოდვებს შთასახავს და შემდეგ შობს კიდეც. ამიტომაც ყოვლად აუცილებელია თვით განზრახვაშივე ვებრძოდეთ და აღმოვფხვრიდეთ ჩვენს ცოდვებს, რათა ნება არ მივცეთ მათ გარეთ გამოვიდნენ. ამიტომ სწორედ ჩანასახში, განზრახვაში არსებული ჩვენი ცოდვებიც უნდა შევინანოთ. აზრებზე, ფიქრებზე კი ჩვენ კიდევ უფრო ნაკლებად ვზრუნავთ, ვიდრე გრძნობებზე. და ეს მაშინ, როცა სწორედ აზრები შეადგენენ ყველა ჩვენი ცოდვის თესლს: ისინი მაცთუნებელი საგნების სახეებს წარმოგვიდგენენ, რომელთაც ჩვენი გულისთქმა შეეყოფა და ცოდვას ჩასახავს, შემდეგ კი შობს. ამიტომ თვით ჩვენი უჯერო ფიქრებიც უნდა დავგმოთ და უარვყოთ, ისე, რომ, როცა სინანულის ნაყოფის გამოღებას შევუდგებით, ჩვენ ყველა ჩვენი ცოდვიანი აზრი და ფიქრიც უნდა შევინანოთ. და რაღა უნდა ვთქვათ სიტყვებზე, რომელთაც მრავალნი კიდევ უფრო მეტად უგულებელჰყოფენ, ვიდრე სწრაფმფრენ ფიქრებს?! სიტყვები - გარეთ გამოსული ფიქრებია, და როგორადაც ბოროტი ფიქრითა და აზრებით ცოდვები ითესება ჩვენს სულში, ასევე ჩვენი ბოროტი სიტყვებით ცოდვები ითესება სხვა ადამიანთა სულებში, რომელნიც ისმენენ მათ. ამრიგად, ჩვენი სიტყვების გამო ჩვენ შეიძლება საცთურად შევიქნათ სხვებისთვის და ღმერთის რისხვა მოვაწიოთ ჩვენს თავს. და ვაი ჩვენ, თუკი სინანულით არ განვიწმიდავთ თავს ამაში და თუკი არ ვიზრუნებთ იმაზე, რომ მომავალში ფრთხილნი ვიყოთ სიტყვებში. დაე, წრფელმა სინანულმა განმსჭვალოს მთელი ჩვენი არსება სულით ხორცამდე, აზრებიდან სიტყვებამდე. გრძნობებიდან ქმედებებამდე, და განზრახვებიდან - საქციელამდე!
ბ) ზაქეს ამბავი იმასაც გვასწავლის, რომ არანაირი წოდება, არანაირი ცხოვრებისეული საქმიანობა არ ეწინააღმდეგება და ხელს არ უშლის ჩვენი ცხონების საქმეს; და თუკი ჩვენ ქვეყნიურ ცხოვრებაში რაიმე უნდა მივატოვოთ, ეს თვით საქმიანობა კი არ არის, არამედ - უმართლობა, უჯერო საქციელნი ჩვენს საქმიანობაში, რადგან სწორედ ამ უმართლობებით ჩვენთვის მართლაც შეუძლებელი იქნება ცხოვნება (მუხლი 9). აი, მაგალითად, მოხეტიალე მომლოცველი ავიღოთ, რომელიც მრავალი წმდია ადგილის მოსალოცად დადის: იგი ბევრს დაშვრება, მაგრამ მისი შრომა სათნო არ ეყოფა ღმერთს და სულისთვისაც დამღუპველი იქნება, თუკი უმართლოდ დაშვება - სხვების ხარჯზე მოგზაურობს, ან მათხოვრობს გზაში. ანდა, დაქირავებული მუშაკი ავიღოთ, მოჯამაგირე: იგი სათნო ეყოფა ღმერთს, თუკი პატიოსნად მუშაობს, სუფთა სინდისით, - ანუ ისეთივე გულმოდგინებით შრომობს პატრონის სასარგებლოდ, თითქოს მხოლოდ საკუთარი თავისთვის დაშვრებოდეს. ხოლო თუკი ეს მოჯამაგირე ყველანაირად ცდილობს რაც შეიძლება ნაკლები გააკეთოს და რაც შეიძლება მეტი მიიღოს თავისი პატრონისაგან; თუკი იგი დააქცევს თავის პატრონს, რათა თავად იხეიროს და გამდიდრდეს მის ხარჯზე, - ასეთი მოჯამაგირე იმდენადვე ვნებს თავის პატრონს მატერიალურად, რამდენადაც საკუთარ სულს სულიერად; და მის სულს ამ შემთხვევაში თვით მოჯამაგირეობა კი არ ღუპავს, არამედ უმართლობა სამოჯამაგირეო საქმიანობაში. ანდა, ვთქვათ, შენ მოვაჭრე ხარ: ნუ მიატოვებ შენს საქმიანობას შენი ცხოვნების გულისათვის, არამედ უმართლობანი მიატოვე შენს საქმეში, - ნურავის ნუ მოატყუებ, სწორად შეასრულე შენი მოვალეობა! ასევე, მიწისმოქმედი თუ ხარ, - ყოველთვის პატიოსნად იშრომე, ნუ დაამშევ შენს მუშა-საქონელს, ზედმეტი, უსაშველო შრომითაც ნუ გათანგავ შენი ოჯახის წევრებს! ანდა, მეწარმე თუ ხელოსანი ხარ, კვლავაც გააგრძელე შენი საქმიანობა და შიში ნუ გექნება შენი სულისათვის, - ოღონდ ყოველთვის ეცადე, სამართლიანი იყო და არავინ დაჩაგრო: ჯამაგირს ნუ დაუკავებ შენს მუშაკებს და ნუ მიემძლავრები იმ ღარიბ-გლახაკთ, რომელთაც შენს მიერ წარმოებული ნაკეთობანი ესაჭიროებათ. ანდა, ვთქვათ, საზოგადოებრივი თანამდებობა რამ გაკისრია: ნუ იტყვი მასზე უარს ღმერთის სათნო-ყოფისათვის, არამედ ეცადე ყოველივე სიმართლით და სუფთა სინდისით აკეთო: ვინც პატიოსნად ემსახურება ადამიანებს, ის ამით თვით ღმერთს ემსახურება და სათნო-ეყოფა. სიმართლე ყოველ ჩვენს საქმეში ნებავს და სათნო-ეყოფა შემოქმედ ღმერთს, ხოლო ყოველი უმართლობა ყველაზე კეთილსახიერ საქმეთაც კი წაახდენს. მაშასადამე, არა გვიხმს ჩვენ, ძმანო, ჩვენი ცხოვრების იმ სახეს ვადანაშაულებდეთ საკუთარ ცოდვიანობაში, რომელშიც დაბადებიდანვე ვართ დადგინებულნი, - ანდა იმ ცხოვრებისეულ საქმიანობაში ვეძებდეთ ჩვენი ცოდვების მიზეზს, რომელსაც ჩვენი ბავშვობიდანვე მივსდევთ და შევჩვევივართ. სულის ცხოვნება შეთავსებადია ცხოვრების ნებისმიერ კანონიერ სახესთან და ღვთის სათნო-მყოფელი საქმეების აღსრულება შესაძლებელია ნებისმიერი ცხოვრებისეული საქმიანობისას.
გ) დღევანდელი სახარებიდან ისიც ცხადი ხდება ჩვენთვის, რომ ზნეობრივი დაცემის რა დაბალ საფეხურზეც არ უნდა იმყოფებოდეს ადამიანი, ჩვენ ზიზღით, მოძაგებით არ უნდა ვეპყრობოდეთ მას და არც უნდა უგულებელვჰყოფდეთ (მუხლები 6-10), რამეთუ იგი მაინც ჩვენი ძმაა ქრისტესმიერ, გამოსყიდული მისი უძვირფასესი სისხლით, - ღმერთის ხატად და მსგავსად შემქნილი გონიერი არსება; და საიდან ვიცით ჩვენ, რომ ის, ვინც დღეს მანკიერ ცხოვრებას ეწევა, ხვალ ცხოვნების გზაზე არ მოიქცევა ღმერთის მადლით და სრულყოფილებიდან სრულყოფილებისაკენ აღმავალი სიწმინდის უმაღლეს ხარისხს არ მიაღწევს და თვით ანგელოზთა მსგავსი არ გახდება?! ჩვენი ღირსი დედების მაგალითი - წმიდათა მარიამ ეგვიპტელის, ევდოკიასი, პელაგიასი ცხადად გვიდასტურებს ამის სრულ შესაძლებლობას. ქრისტიანული სიყვარული, პირიქით, გვაიძულებს ცოდვებში მძიმედ შთაფლულ ადამიანებსაც კი სრული კეთილშემწყნარებლობით მოვეპყრათ - სიმშვიდითა და მრავალმოთმინებით, კაცთმოყვარეობით შთავაგონებდეთ მათ გამოსწორებას იმ იმედით, რომ ეგების მცირე, თუნდაც სუსტ იარაღად გამოვადგეთ ღმერთის ყოვლადძლიერ მადლს ამ ცოდვლითა მოქცევის საქმეში. ხოლო მეზვერე ზაქეს მოქცევის მაგალითი სწორედ ამ ღრმად მანუგეშებელ ჭეშმარიტებას განგვიცხადებს, რომ ზნეობრივი დაცემის რა დაბალ საფეხურზეც არ უნდა იმყოფებოდეს ადამიანი, მისი ცხოვნება მაინც შესაძლებელია. მაგრამ იცოდე, ჰოი, ცოდვილო კაცო, თუკი შენს სულს საღმრთო მადლის ხმა მისწვდება, რომელიც მოგიწოდებს დასტოვო მანკიერების გზა, - შენ არ უნდა დააყოვნო, უმალვე უნდა შეინანო ცრემლთა ღვრით და ესწრაფო გადახვიდე იმ დამღუპველი გზისაგან, რათა ქრისტესაკენ მიმავალ გზას დაადგე და მხოლოდ იგი ეძიო. სად უნდა ვეძიოთ უფალი ქრისტე? - მის სიტყვაში, რომელიც უფალმა წმიდა სახარებაში დაგვიტოვა, მის საღმრთო საიდუმლოებებში, განსაკუთრებით კი საიდუმლოში მისი სხეულისა და სისხლისა - ზიარების საიდუმლოში, რომლის მეშვეობითაც იგი მადლისმიერ თავად შემოდის შენს სულში; და ბოლოს, უნდა ვეძიოთ იგი მის მცნებათა აღსრულებაში, - ვეძიოთ მანამდე, სანამ თვით უფალი არ გამოგვეცხადება და უძღები შვილებივით არ მიგვიყვანს თავისი ზეციური მამის სახლში, ცათა სასუფეველში.
დ) ზაქეს თავგადასავალი იმ ჭეშმარიტებასაც გვიდასტურებს, რომ უფალი თავად მოდის იმ ადამიანის სახსნელად, ვინც, ცოდვილი მეზვერე ზაქეს მსგავსად, გულშემუსვრილია და საკუთარ თავს უდიდეს ცოდვილად მიიჩნევს (მუხლი 5). უფალ ღმერთს სურს, რომ ყოველი ადამიანი ცხოვნდეს (I ტიმ. 2,4), - სწორედ ამისათვის მოვიდა იგი ამქვეყნად, სწორედ ამისათვის ევნო და მოკვდა ჯვარზე, რომ მოეძია და ეცხოვნებინა წარწყმედული ადამიანი (ლუკა 19,10); მაგრამ ცხოვნდებიან მხოლოდ ის ადამიანები, ვისაც შეგნებული აქვს ცხოვნების აუცილებლობა, ვინც ხედავს საკუთარ ცოდვებს, და ზაქეს მსგავსად თავს იმდაბლებს და მორჩილ-ჰყოფს უფლის წინაშე. სხვაგვარად, აბა, როგორ უნდა შეგვინდოს უფალმა ცოდვები, როცა ჩვენ გულწრფელად არ ვინანიებთ მათ? როგორ უნდა გვეწვიოს იგი თავისი წყალობით, როცა ჩვენ არა გვსურს მისი წყალობა? და როცა, ვართ რა ცოდვილნი, მხოლოდ საკუთარ თავზე ვფიქრობთ ბევრს, დიდი აზრისა ვართ საკუთარ დამსახურებებსა და სათნოებებზე? „ამპარტავანთა შემუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი“ (იაკობი 4,6). - ამრიგად, მარადის ასე ვევედროთ უფალ ღმერთს: მოგვანიჭე განცდა თვისთა ცოდვათა, რათა შევძლოთ შევიმეცნოთ საკუთარი თავი ცოდვილებად, და თუკი ამას შევძლებთ და შევიმეცნებთ საკუთარ თავს ცოდვილებად, მაშინ უფალ იესო ქრისტესაც ვიწამებთ; და მაშინ იესო ქრისტეს თავად მოვალს ჩვენთან ჩვენს გაიფიქრებაზე, რათა გვაცხოვნოს ჩვენ, ისევე, როგორც თავადვე უფალი იესო ქრისტე მოვიდა ცოდვილ და მონანულ ზაქესთან მისი და მთელი მისი სახლეულის საცხოვნებლად.