„1. მას ჟამსა შინა ესმა ჰეროდეს, ოთხთა მათ სამთავროთა მთავარსა, ჰამბავი იესუისი, 2. და ჰრქუა მონათა თვისთა: ესე არს იოვანე ნათლის-მცემელი, იგი აღდგომილ არს მკუდრეთით, და მისთვის იქმნებიან ძალნი ესე მის თანა. 3. რამეთუ ამან ჰეროდე შეიპყრა იოვანე და შებორკილა იგი და საპყრობილესა შეაყენა ჰეროდიაისთვის, ცოლისა ფილიპეს, ძმისა თვისისა. 4. რამეთუ ეტყოდა მას იოვანე, ვითარმედ: არა ჯერ-არს შენდა, ვითარმცა გესუა იგი ცოლად. 5. და უნდა ღათუ მისი მოკლვაი, არამედ ეშინოდა ერისა მის, რამეთუ ვითარცა წინაწარმეტყუელი ეპყრა მათ იგი. 6. და ვითარცა შობისა დღენი იყვნეს ჰეროდესნი, როკვიდა ასული ჰეროდიაისი შორის, და სთნდა ჰეროდეს როკვაი იგი მისი. 7. რომლისათვის ფიცით აღუთქუა მას მიცემად, რაიცა ითხოვოს. 8. ხოლო იგი წინაისწარ ბირებულ იყო დედისაგან თვისისა და ჰრქუა: მომეც მე აქა ლანკნითა თავი იოვანესი, ნათლის-მცემელისაი. 9. და შე-ღავე-წუხნა მეფე იგი, არამედ ფიცისა მისთვის და მის თანა მეინახეთა ბრძანა მიცემად იგი მას. 10. და მიავლინა იგი და მოჰკუეთა თავი იოვანესი საპყრობილესა შინა. 11. და მოართუეს თავი მისი ლანკნითა და მისცეს ქალსა მას, და მან მიართუა დედასა თვისსა. 12. და მოვიდეს მოწაფენი მისნი და წარიღეს გუამი მისი და დაჰფლეს იგი და მოვიდეს და უთხრეს იესუს. 13. ესმა რაი ესე იესუს, განეშორა მიერ ნავითა და წარვიდა უდაბნოსა ადგილსა თვისაგან. და ვითარცა ესმა ერსა მას, მისდევდეს მას მკვირცხლ ქალაქებისაგან.“ |
I. ღამისთევის ლოცვისას წაკითხულ სახარებას ჩვენი აზრი იმ მოვლენამდე აჰყავს, რომელსაც დღეს მოიხსენიებს ეკლესია - ჰეროდეს მიერ წმიდა იოანე წინამორბედის მოკვლამდე. ამ სახარების განხილვით პატივი მივაგოთ უფლის წმიდა წინამორბედის ხსოვნას.
„მას ჟამსა შინა ესმა ჰეროდეს, ოთხთა მათ სამთავროთა მთავარსა, ჰამბავი იესუისი, და ჰრქუა მონათა თვისთა: ესე არს იოვანე ნათლის-მცემელი, იგი აღდგომილ არს მკუდრეთით, და მისთვის იქმნებიან ძალნი ესე მის თანა“ (მუხლები 1-2).
ასე მოწმობს წმიდა მახარებელი მათე იმას, რომ როცა ჰეროდეს ყურამღე მივიდა ამაგი უფალ იესოს საკვირველ საქმეთა შესახებ, იგი, თავისი დამნაშავე სინდისით დარწმუნებული იყო - ეს ჩემს მიერ მოკვდინებული იოანე ნათლისმცემელი აღმდგარა მკვდრეთით, რათა თავისი უდანაშაულობა, უმანკოება დაამტკიცოს და თავისი მდევნელნი შეგვაშინოსო. მათესთან თანახმიერად, ოღონდ უფრო დაწვრილებით გადმოსცემს ამ ამბავს მარკოზი. მისი სახარების მიხედვით, ჰეროდემ, როცა იესოს საკვირველი საქმეების შესახებ შეიტყო, თქვა: „იოვანე ნათლის-მცემგლი მკვდრეთით აღდგომილ არს, და მისთვის იქმნებიან ძალნი მის თანა“ (მარკოზი 6,14). და თუკი სხვები იესო ქრისტეს შესახებ ამბობდნენ ელია, ანდა ერთ-ერთი ძველი აწთქმის წინასწარმეტყველი არისო, ჰეროდე, მოიხსენებდა რა იმ ადამიანის სათნოებებს, რომელიც მან ასე დანაშაულებრივად მოაკვლევინა, გადაჭრით ამტკიცებდა: „რომელსა მე თავი მოვჰკუეთე იოვანეს, იგი აღდგომილ არს მკვდრეთით!“ (იქვე, მუხლი 16); ასეა მარკოზის სახარების მიხედვით; ხოლო ლუკას რაც შეეხება, მისი გადმოცემა რამდენადმე განსხვავდება მათესადა მარკოზის თხრობისაგან. მისი გადმოცემით, როცა ჰეროდემ იესოს შესახებ შეიტყო და ხალხის განსხვავებული შეხედულებანიც მოისმინა მის შესახებ, რომელთაგან ზოგი ამტკიცებდა იოანე ნათლისმცემელი არისო, ზოგი - ელიაო, სხვანი - ძველი აღთქმის ერთ-ერთი წინასწარმეტყველიო, იგი გადაჭრით უარყოფდა, - ეს არამც და არამც არ არის იოანე ნათლისმცემელიო, და, საგონებელში ჩავარდნილი იესო ქრისტეს გამო, ამბობდა: „იოვანეს მე თავი მოვჰკუეთე, ხოლო ესე ვინ არს, რომლისათვის ესევითარი მესმის, არა ვიცი“ (ლუკა 9,9). ერთი შეხედვით აქ მახარებლებს შორის წინააღმდეგობაა, მაგრამ ეს მხოლოდ მოჩვენებითი წანააღმდეგობაა, რადგან სინამდვილეში მახარებელი ლუკა მხოლოდ შეავსებს პირველი ორი მახარებლის გადმოცემას. სამივე მახარებლის გადმოცემათა შეჯერებით, ეს ამბავი ჩვენს წინაშე შემდეგი სახით წარმოსდგება: როცა ჰეროდემ უფალ იესოს არაჩვეულებრივი საქმეების შესახებ შეიტყო, რომელთაც იგი თავად და თავის მოციქულთა მეშვეობით აღასრულებდა, მან თავიდან თქვა, ეს ჩემს მიერ თავმოკვეთილი იოანე აღმდგარაო მკვდრეთით და სასწაულებს იქმსო (მათე, მარკოზი); მაგრამ როცა ისიც შეიტყო, რომ ერთნი მის მსგავსად ფიქრობენ, ხოლო სხვანი ვარაუდობენ ეს ელია წინასწარმეტყველიაო, მესამენი კი - ძველი აღთქმის ერთა-ერთი დიდი წინასწარმეტყველიო, - ჰეროდე საგონებელში ჩავარდა - ნეტავ, სინამდვილეში, ვინ უნღა იყოს ესო? იოანეს მან თავი მოჰკვეთა (ხოლო მკვდრეთით აღდგომისა მას სერიოზულად ალბათ არც სჯეროდა). მაშ, ვინ არის ეს? და ბოლოს, შიშისა თუ თავისი დაუდევარი ხასიათის გამო, ანდა შესაძლოა, თავისი შეხედულებების საწინააღმდეგოდაც დაასკვნა, რომ ეს ნამდვილად იოანე უნდა იყოსო (მათე, მარკოზი), და იმისთვის, რომ ეს გაურკვევლობა საბოლოოდ განეფანტა, გადაწყვიტა თავად იესო ენახა (ლუკა), თან, რა თქმა უნდა, ალბათ ეშინოდა საკუთარი თავის გამო. მახარებლები მათე და მარკოზი ამ გადმოცემას უმატებენ იმას, თუ როგორ მოაკვდინა ჰეროდემ იოანე ნათლისმცემელი საპყრობილეში: მახარებელი ლუკა კი, რომელმაც ამის შესახებ მანამდე თქვა მოკლედ (3,19-20), შემდგომ უკვე, არც აქ და არც მერმე, არსად აღარ ლაპარაკობს ამ მოვლენაზე.
„რამეთუ ამან ჰეროდე შეიპყრა იოვანე და შებორკილა იგი და საპყრობილესა შეაყენა ჰეროდიაისთვის, ცოლისა ფილიპეს, ძმისა თვისისა. რამეთუ ეტყოდა მას იოვანე, ვითარმედ: არა ჯერ-არს შენდა, ვითარმცა გესუა იგი ცოლად“ (მუხლები 3-4).
აი, როგორ მოხდა ეს ყოველივე: გარდახდა რა ყოველგვარ კანონებს - საღმრთოსაც და კაცობრივსაც, ჰეროდე ანტიპამ ისე, რომ სჯულიერი მეუღლე, კლდოვანი არაბეთის მრძანებლის - არეთას ასული ცოცხალი ჰყავდა, თავისი ძმის - ფილიპეს ცოლთან დაიწყო თანაცხოვრება, რომელიც ასევე ცოცხალი იყო. არეთამ გადაწყვიტა თავისი ასულის შეურაცხყოფილი ღირსება დაეცვა, რის შედყგადაც მასა და ჰეროდეს შორის ომი დაიწყო. თავისი ჯარისა და მხედართმთავრების თანხლებით ჰეროდე თავისი სამფლობელოების საზღვრებისაკენ გაემართა, რათა სამხედრო მოქმედებების ადგილთან ახლოს ყოფილიყო. გზად მკვდარი ზღვისაკენ მან, შესაძლოა, პირველად, შეიტყო კიდეც იოანე ნათლისმცემლის მოღვაწეობის შესახებ - რომ იგი, როგორც წინასწარმეტყველი თავისკენ იზიდავდა ხალხის დიდ სიმრავლეს. ამიტომ ჰეროდემ თავისი ხალხი გაგზავნა იოანესთან, ფიქრობდა რა თვალი მოეჭრა საწყალი, ღარიბი წინასწარმეტყველისათვის თავისი სამეფო ბრწყინვალებითა და ფუფუნებით, და კეთილი მოპყრობით მასთან ხალხის მხარდაჭერა მოეპოვებინა. მაგრამ იოანე სასახლის კარისათვის მიუღებელი კაცი იყო. ნაცვლად ხელმწიფისა და მის გვერდით მჯდომის - ჰეროდიადას ალერსიანი მოკითხვისა, ამ მგზნებარე განდეგილმა ხმა აღიმაღლა მათ წინააღმდეგ, და მიუხედავად იქ-მყოფი მხედართმთავრებისა და კარისკაცებისა, დაგმო ანტიპას კავშირი ჰეროდიადასთან, როგორც არასჯულიერი და სისხლის აღრევითი. წინასწარმეტყველის ეს მკვეთრი საკიცხავი სიტყვები იმის მსგავსი იყო, როგორითაც ერთ დროს ნათანი მიმართავდა მეფე დავითს. მაგრამ ჰეროდე მშვიდსა და ღვთისმოშიშ დავითს როდი ჰგავდა, რომელზეც ნათანის მხილებამ კეთილისმყოფელი ზეგავლენა იქონია: იგი ერთი იმ ჭირვეულთაგანი იყო ამა ქვეყნის ძლიერთა შორის, რომელნიც საკუთარ ნება-სურვილს კანონად მიიჩნევენ და ყველაფერი შეუძლიათ შესწირონ თავიანთი ვნებების დაკმაყოფილებას; ესევითართ ძალზე არ უყვართ სიმართლის მოსმენა საკუთარი თავის შესახებ თვით ღმერთის წმიდა მსახურთა ბაგეთაგან, და სასტიკად უსწორდებიან ხოლმე შურისძიების გრძნობით აღვსილნი იმათ, ვინც გაბედავს და ამხილებს მათ.
„და უნდა ღათუ მისი მოკლვაი, არამედ ეშინოდა ერისა მის, რამეთუ ვითარცა წინაწარმეტყუელი ეპყრა მათ იგი“ (მუხლი 5).
მარკოზის სახარების მიხედვით, იოანეს სიკვდილს მხოლოდ ჰეროდიადა ეძიებდა, თვითონ ჰეროდე კი მისი სიცოცხლის შენარჩუნებას ცდილობდა, რადგან პატივს სცემდა მის მაღალ სულიერ თვისებებს; ხოლო მათეს სახარების აწინდელი საკითხავიდან ჩანს, რომ ჰეროდესაც სურდა იოანეს მოკვლა, და თუ არ იქმდა ამას, მხოლოდ იმიტომ, რომ ხალხის რისხვისა ეშინოდა, რომელიც შეიძლებოღა აჯანყებულიყო თავისი საყვარელი წინასწარმეტყველის მოკვლის გამო. ასეთი სხვადასხვაობა გადმოცემაში ადვილად აიხსნება იმით, რომ ჰეროდეს მიმართების აღწერაში იოანესადმი წმიდა მახარებელი მარკოზი ეფუძნება იმას, რაც უწინ იყო, ხოლო მათე იმას, რაც შემდგომ იყო; პირველი გამოხატავს იმას, თუ როგორ იყო ჰეროდე განწყობილი იოანესადმი თავისი გრძნობებიდან და შეხედულებებიდან გამომდინარე, ხოლო მეორე იმას გვიჩვენებს, თუ როგორი მიმართება გაუჩნდა მას იოანესადმი გაბოროტებული ჰეროდიადას ზეგავლენით.
„და ვითარცა შობისა დღენი იყვნეს ჰეროდესნი, როკვიდა ასული ჰეროდიაისი შორის, და სთნდა ჰეროდეს როკვაი იგი მისი“ (მუხლი 6).
მარკოზის სახარებიდან ჩვენ ვიგებთ, რომ ეს ხდებოდა იმ წვეულებაზე, რომელიც ჰეროდემ თავისი დაბადების დღის აღსანიშნავად გამართა; იუდეველებს ჩვეულებად არ ჰქონდათ თავიანთი დაბადების დღეს საზეიმო წვეულება მოეწყოთ. მაგრამ მეფე ჰეროდე აღმოსავლეთის მბრძანებელთა ჩვეულებებს მისდევდა, რომლებიც ძველთაგანვე დიდის ზარ-ზეიმით, მდიდრულად აღნიშნავდნენ თავიანთ დაბადების დღეს. ზეიმის აღმოსავლურ ფუფუნებას ჰეროდემ რომაელთა დახვეწილობაც მიუსართა და თავისი დაბადების დღე მუსიკოსებით, მოცეკვავეებითა და მომღერლებითაც შეამკო. მოცეკვავედ ამ წვეულებაზე ჰეროდიადას ასულიც წარმოსდგა, რომელმაც თავისი ეშხიანი როკვით, შეერთებულით ავხორცულ მოძრაობებთან ჰეროდეს აღტაცება გამოიწვია, ხოლო როგორც მარკოზი დასძენს - მისი სტუმრებისაც.
„რომლისათვის ფიცით აღუთქუა მას მიცემად, რაიცა ითხოვოს“ (მუხლი 7).
მახარებელი მარკოზი ამ შემთხვევაშიც დასძენს, რომ ჰეროდემ დაიფიცა, ჩემი სამეფოს ნახევარსაც კი მივცემ, თუკი მროკავი ქალიშვილი მომთხოვსო. აი, გონების ასეთ დაბნელებამდე იყო იგი მისული ბევრი ღვინის სმითა და ავხორცული სანახაობით.
„ხოლო იგი წინაისწარ ბირებულ იყო დედისაგან თვისისა და ჰრქუა: მომეც მე აქა ლანკნითა თავი იოვანესი, ნათლის-მცემელისაი“ (მუხლი 8).
„რა შეიძლება იყოს ამგვარ მხეცობაზე უარესი?! - ამბობს წმიდა იოანე ოქროპირი. - ითხოვდე მკვლელობას, როგორც წყალობას? თანაც უსჯულო მკვლელობას! ითხოვდე მკვლელობას წვეულების დროს და თანაც უსირცხვილო მკვლელობას!“ მაგრამ ყმაწვილი ქალი უსიტყვოდ ემორჩილება თავისი დედის ნებას: შეძრწუნებისა და თავზარდაცემის გარეშე ისმენს მის მითითებას და თან ბრძანებას, და თითქოს რაღაც ნუგბარ საჭმელზე ლაპარაკობსო, ნათლისმცემლის წმიდა თავს ითხოვს ჰეროდესაგან (წმ. იოანე ოქროპირი. 48-ე საუბარი მათეს სახარებაზე). იმჟამინდელი გარყვნილი და ზნეგარდაქცეული რომის ჩვეულებებზე [1] აღზრდილ ქალიშვილს, შესაძლოა, სავსებით ბუნებრივადაც მოეჩვენა თავისი დედის ასეთი ბრძანება, და ამიტომ ყოველგვარი შეცბუნების გარეშე გადასცა მისი სურვილი ხელმწიფეს. და რა მოიმოქმედა ჰეროდემ?
„და შე-ღავე-წუხნა მეფე იგი, არამედ ფიცისა მისთვის და მის თანა მეინახეთა ბრძანა მიცემად იგი მას“ (მუხლი 9).
მეფეს, რა თქმა უნდა, იმედი ჰქონდა, რომ ჰეროდიადას ასული რასმე იმგვარს მოსთხოვდა, რაც შესაფერისი იქნებოდა ლხინისათვის, - კერძოდ, ვითარცა ყმაწვილი ქალი, ამ საზეიმო დღეს, ესოდენი მხიარულებისას და მრავალრიცხოვან სტუმართა თვალწინ, რაღაც ბრწყინვალე, დახვეწილ საჩუქარს ისურვებდა და არა წმიდა წინასწარმეტყველის თავს, რომელსაც პირადად მისთვის არაფერი ცუდი არ გაეკეთებინა. ამგვარი მოთხოვნის სრულმა მოულოდნელობამ და უცაბედობამ შეაცბუნა სუსტი ნებისყოფის მქონე ჰეროდე: იგი დამწუხრდა. რატომ? წმიდა იოანე ოქროპირი პასუხობს: „ასეთია ჭეშმარიტი სათნოება: ბოროტ ადამიანთა მსჯავრითაც იგი გაოცებასა და ქება-დიდებას იმსახურებს!“ მაგრამ გულწრფელი იყო კია ჰეროდეს მწუხარება, თუკი მანამდე მას უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა შურისძიება იოანეზე - მისი მოკვლა? ნეტარი იერონიმე პირდაპირ ამბობს, რომ ჰეროდეს მწუხარება მხოლოდ მის სახეზე იყო გამოხატული, გულში კი იგი სიხარულს გრძნობდაო. მას ხომ ჰეროდიადას ასულის - სალომეას წინაშე ჰქონდა წარმოთქმული, თავისი ბოროტმოქმედი ცოლის თანხმობით, სამეფო ფიცი მასზედ, რომ შესაძლებლობას მისცემდა მას შურისძიების გრძნობის დასაკმაყოფილებლად იოანე ნათლისმცემელზე! - ამიტომ დიდხანსაც არ უყოყმანია ჰეროდეს. მან იფიქრა, თუკი ჰეროდიადას ასულის თხოვნას არ შევასრულებ, ჩემი დიდებულების წინაშე სამეფო ფიცის აშკარა დამარღვევლად შევიქნებიო [2] და სახელი გამიტყდებაო; ამასთან სამაგიეროს გადახდის შემთხვევასაც გაუშვებდა ხელიდან იოანესათვის, რომელმაც კადნიერად ამხილა იგი უსჯულო ქორწინებაში და ამით, ჰეროდეს აზრით, მისი სამეფო დიდებულება შეურაცხ-ჰყო; ამავე დროს, გალილეისა და პერეიის წარჩინებულ პირთა თანდასწრებით აღსრულებული მკვლელობა წმიდა იოანე ნათლისმცემელისა დაადასტურებდა, რომ ისინიც, ყველანი, ეთანხმებოდნენ ჰეროდეს ამ გადაწყვეტილებას, და ხალხის თვალში მის გამართლებას ემსახურებოდა! რა საოცარი სიბრმავეა, რა აღმაშფოთებელი ჭოჭმანი მღელვარე სინდისისა! ოქროპირის სიტყვით, „ანტიპას ეშინოდა ფიცის დამარღვეველი არ შექნილიყო, ხოლო არაადამიანური საქციელის ჩადენისა - არ ეშინოდა; მას ეშინოდა, თავის მიერ ფიცის გატეხის მოწმენი არ ჰყოლოდა, და სულ არ ეშინოდა ასე ბევრი მოწმე ჰყოლოდა თავისი ეგზომ უსჯულო მკვლელობისა“ (48-ე საუბარი მათეს სახარებაზე).
„და მიავლინა იგი და მოჰკუეთა თავი იოვანესი საპყრობილესა შინა. და მოართუეს თავი მისი ლანკნითა და მისცეს ქალსა მას, და მან მიართუა დედასა თვისსა“ (მუხლები 10-11).
უგნური ბრძანება დაუყოვნებლივ სრულდება. უფლის წინამორბედი გაბოროტებისა და ავხორცობის მსხვერპლი შეიქნება და მოწამეობრივ აღსასრულს ეწევა. მისი პატიოსანი თავი, ჯერეთ სისხლმდინარი, ლარნაკით მოართვეს უღირს ქალიშვილს, როგორც რამ ნუგბარი ტკბილეული. რა უნდა შეეგრძნოთ ლხინში მყოფ სტუმრებს, როცა მათ საერთო მხიარულების დროს მცირე ხნის წინ მოკვეთილი წინასწარმეტყველის თავი დაინახეს, რომელსაც ჯერ ისევ სდიოდა სისხლის წვეთები? მათთვის, რა თქმა უნდა, აუტანელი იქნებოდა ეს სამწუხარო სახილველი, და სალომეამაც იჩქარა უფლის წინამორბედის სისხლიანი თავი თავისი გულსასტიკი დედისათვის მიერთმია.
„და მოვიდეს მოწაფენი მისნი და წარიღეს გუამი მისი და დაჰფლეს იგი და მოვიდეს და უთხრეს იესუს. ესმა რაი ესე იესუს, განეშორა მიერ ნავითა და წარვიდა უდაბნოსა ადგილსა თვისაგან. და ვითარცა ესმა ერსა მას, მისდევდეს მას მკვირცხლ (ქვეითად, ფეხით) ქალაქებისაგან“ (მუხლები 12-13).
აღასრულეს რა თავიანთი უკანასკნელი მოვალეობა მოძღვრის წინაშე, იოანეს მოწაფეებმა იჩქარეს უფალ იესოსთან მისულიყვნენ და მისი წინამორბედის ბედის შესახებ ეცნობებინათ მისთვის. რამ აიძულა ისინი ასე მოქცეულიყვნენ? ერთის მხრივ, ისინი ნუგეშს ეძიებდნენ იესოსაგან თავიანთი უდიდესი დანაკარგის გამო და ამ მიზნით მასთან დაახლოება სურდათ; მეორეს მხრივ კი მათ ეშინოდათ, იესოც ჩვენი მოძღვრის ხვედრს არ ეწიოსო, რადგან იგი ჰეროდეს სამფლობელოში ცხოვრობდა და მოქმედებდა, და ამასთანავე, როგორც ყველამ იცოდა, მის მიერ დაწყებულ საქმეს აგრძელებდა; ამიტომ მათ სურდათ გაეფრთხილებინათ იესო ქრისტე მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. და იესომაც ისმინა მათი გაფრთხილება. იგი განეშორა ჰეროდეს მრისხანებას და ერთ უდაბურ ადგილას წავიდა, რომელიც გადმოცემით, ქალაქ ბეთსაიდას მახლობლად მდებარეობდა. ეს იყო იულიას ბეთსაიდა, რომელიცთავიდან ერთი პატარა სოფელი იყო, მაგრამ შემდგომში ჰეროდე ფილიპეს მიერ იქნა განვრცობილ-შემკული და წოდებული იულიას - იმპერატორ ავგუსტუსის ასულის პატივად. უფალ იესოს კვალად კი იქით გაემართა დიდძალი ხალხიც, რომელსაც მისი ღვთაებრივი მოძღვრებით დატკბობა და მისგან სასწაულებრივ კურნებათა მიღება სურდა სხვადასხვა სნეულებებისაგან.
II. ახლა კი ყურადღება მივაქციოთ იმ დამოძღვრათ, რომელთაც ჩვენს მიერ განხილული სახარების საკითხავი შეიცავს.
ა) ჩვენ ვნახეთ, რომ წმიდა იოანე უმართლობის პირდაპირი, მიუკერძოებელი და გაბედული მხილებისათვის საპყრობილეში იქნა შთაგდებული და იქ სიკვდილით დასჯილი დედაკაცის გაბოროტების გამო, - მის საამებლად, წვეულების და ცეკვა-თამაშის დროს, როცა ღვინის ჭარბი სმისაგან ყველანი გონდაკარგულნი იყვნენ (მუხლი 10). ამისთვის იოანე ნათლისმცემელი განდიდებულ იქნა ცათა შინა და დღესამომდე განიდიდება და თაყვანის-იცემება მთელს ქრისტიანულ სამყაროში, მთელს ქვეყნიერებაზე, ხოლო მის მოწამეობრივ სიკვდილში დამნაშავენი ამქვეყნიურ ცხოვრებაშიც სასტიკად დაისაჯნენ და იმქვეყნადაც, რა თქმა უნდა, სამარადჟამოდ დაისჯებიან ჯოჯოხეთში - გეჰენიის ცეცხლში (როგორც ისტორიიდანაა ცნობილი, ჰეროდე ანტიპა და მისი მეუღლე, სასტიკი მმართველობისათვის, რომის მთავრობის მიერ ექსორია-იქმნენ ესპანეთში, სადაც უსახელოდ მოკვდნენ, მათი ასული კი, მათსავ სიცოცხლეში საშინელ ხვედრს ეწია: ზამთარში, გაყინულ მდინარეზე მიმავალს ყინული ჩაუტყდა, დაწყალში დაიხრჩო, ამასთან ყინულის ვეება ფილამ მდინარის წყალთაგან დაძრულმა, თავი მოჰკვეთა მასდა მის დედასა და მამობილს მკვდარი ასულის მხოლოდ თავი მიართვეს მსახურებმა!). ასე, რომ რა წოდებისაც არ უნდა იყო შენ, ჰოი, ქრისტიანო, ნურასდროს ნუ შეგეშინდება სიმართლის თქმისა, და ნურც იმისა, რომ კეთილსინდისიერად აღასრულებ რა შენს მოვალეობებს, წინააღმდეგობებს, მწუხარებათ, დევნა-შევიწროებათ, დანაკარგებსა და თვით შენი სიცოცხლისათვის ხიფათს შეხვდები. დაე, ახლა, დროებით, გამარჯვება იზეიმოს ბოროტებამ; არის ყოვლისმხილველი თვალი, და არსებობს სამართლიანი მისაგებელი, საზღაური თითოეული საქმისათვის. ეს ჩვენი ქვეყნიური ცხოვრება ძალზე ხანმოკლეა, ხოლო მეორე, ზეციური ცხოვრება დაუსრულებელია. და ამ მცირე და ხანმოკლე დანაკარგით მოვიპოვოთ საუკუნო მოსვენება, მარადიული ნეტარი ცხოვრება, - რა დიდებული საფასურია და რა მშვენიერი, მიმზიდველი მონაპოვარი! წმიდა მოციქული პავლე ამბობს: „მე ესრე მგონიეს, ვითარმედ ვერ ღირს არიან ვნებანი იგი ამის ჟამისანი მერმისა მის თანა დიდებისა, რომელ გამოჩინებად არს ჩვენდა მომართ“ (რომ. 8,18). ხოლო ის, რომ კეთილმსახურად ცხოვრების მსურველნი დევნილნი არიან ხოლმე ამქვეყნად, ეს აწინდელი ჩვენი ცხოვრების კანონია ამა უსამართლო, ბოროტსა ზედა მდგომ მსოფლიოში. უფალი ჩვენი იესო ქრისტეც ევნო და ყოველთა მოციქულთაც მოწამეობრივი სიკვდილი მიიღეს, და ყოველნი წმიდანნიც, მეტ-ნაკლები ხარისხით ეტანჯნენ ამქვეყნად, ქრისტესთვის იცხოვრეს და აღესრულნენ. „აწ უკუე ჩვენცა ესოდენი მაქუს გარე-მოდგომილი ჩვენდა სიმრავლე წმიდათა მოწამეთაი, სიმძიმე ყოველი განვიშოროთ და მსწრაფლ მომავალი იგი ცოდვაი და მოთმინებით ვრბიოდეთ წინა-განმზადებულსა მას ჩვენსა ღვაწლსა. და ვხედვიდეთ სარწმუნოებისა ჩვენისა წინამძღვარსა და სრულებისა მოქმედსა იესუს“ (ებრ. 12,1-2).
ბ) მეორე დამოძღვრა მიღებული ჩვენს მიერ აწინდელი სახარებიდან, იმაში მდგომარეობს, რომ უგნური, განუსჯელი ფიცი არამც და არამც არ უნდა შესრულდეს (მუხლი 9). აი, რას შეგვაგონებს ამასთან დაკავშირებით ნეტარი ავგუსტინე: „როცა წმიდა დავითი, დევნილი უმადური საულისაგან, სადაც კი მოუხდებოდა, იქ დახეტიალობდა თავის ხალხთან ერთად, რათა მდევართ არ ჩავარდნოდა ხელში და მათგან არ მოკვდინებულიყო, მაშინ, ერთ დღეს, დავითმა მსახურნი მიუგზავნა ძალზე მდიდარ კაცს, ნაბალს, რომელიც მაშინ თავის ცხვრის ფარებს პარსავდა და საზრდო სთხოვა თავისთვის და თავისი თანამგზავრებისათვის, მაგრამ უმოწყალო ნაბალმა უარით გაისტუმრა და უდიერი სიტყვებიც თქვა დავითის მისამართით. მაშინ განრისხებულმა დავითმა დაიფიცა, რომ მოკლავდა ნაბალს და მისი ოჯახის წევრ ყველა მამაკაცს. ამის შესრულება მისთვის ადვილი იყო, რადგან შეიარაღებული იყო, და რისხვით აღსავსეს სამართლიანი ეჩვენებოდა ეს, და იგიც უკვე მიეშურებოდა ფიცის შესასრულებლად. მაგრამ გზად მისი ცოლი აბიგეა შემოხვდა, რომელმაც ყოველივე აუცილებელი მოუტანა და მორჩილად ევედრა მას პატიებას და თავიდან აიცილა სისხლის-ღვრა (I მეფეთა, თავი 25). ამგვარად, უფრო ძლიერმა კეთილმსახურმა აღძვრამ არ მიუშვა დავითი, რომ დადებული ფიცი აღესრულებინა. ჰოდა, აი, წმიდა დავითმა, საბოლოოდ, არ დაუშვა კაცის სისხლის დაღვრა, მაგრამ, ამავე დროს, აშკარად არ შეასრულა თავისი ფიცი. ორი ცოდვიდან მან ნაკლები ამოირჩია, - ნაკლები - მეთქი, ვამბობ, დიდთან შედარებით, იმიტომ, რომ თუკი ფიცის დარღვევას ცალკე, თავისთავად აღებულს განვიხილავთ, იგიც ასევე მძიმე ცოდვაა“ (ნეტარი ავგუსტინე. სიტყვა იოანე წინამორბედის თავისკვეთაზე). მაგრამ ზოგიერთნი ჯიუტად აღასრულებენ ხოლმე თავიანთ არაგონიერ და ბოროტ ფიცს. და რისთვის? თავად ფიცის პატივისცემით, ანუ მხოლოდ ფიცის გულისათვის? მაგრამ არაკეთილისათვის დადებული ფიცის შესრულება კიდევ უფრო მეტი ცოდვაა, ვიდრე თვით მისი დადება: „რამეთუ უმჯობესი იყო ეცრუვა და ცხოვრება მიეღო, ვიდრე სიმართლით წინამორბედისა თავი მოეკვეთა“ - ნათქვამია ჰეროდეს განსაკითხად საეკლესიო საგალობლებში, ვისაც ცხადად ჰქონდა შეგნებული, ფიცის პატივისცემის თანად, მისი შესრულების უკეთურობა, ღვთის საწინააღმდეგობა, რადგან დამწუხრებული იყო. ფიცი ღმერთის განდიდებას ემსახურება, ხოლო უგუნური და ბოროტგანმზრახი ფიცით, თუკი იგი ჯიუტად სრულდება, განა მხოლოდ გმობა არ აღესრულება ღმერთისა?! მოციქულმა პეტრემ სამ-გზის, და ამასთან, მძაფრი სიტყვებით დაიფიცა, რომ არ იცნობდა იესო ქრისტეს; და რა მოხდებოდა, მას რომ მართლაც, თვით ფიცის პატივისცემის გულისათვის, რომ შეესრულებინა და ბოლომდე დაეცვა იგი? განა იგი თავს არ წარიწყმედდა ამით?! განა შეიძლება იმთავითვე ცოდვიანი ფიცი იკურთხოს და განათლდეს იმით, რომ უსათუოდ აღსრულდება? ამ მაგალითებიდან ცხადად ჩანს, რომ არაგონიერი და ბოროტგანმზრახი ფიცი არამც და არამც არ უნდა შესრულდეს.
გ) ჩვენს ყურადღებას იპყრობს ის გარემოებაც, რომ იოანე წინამორბედის მკვლელობა აღსრულებულ იქნა ამ ბოროტ საქმეში მონაწილე თითქმის ყველა პირის თანაზიარი სურვილით - ეამებინათ ერთმანეთისათვის (მუხლი 6). ჰეროდიადას ასული ასეთი მონდომებით როკავდა იმისთვის, რომ ჰეროდესა და მისი სტუმრებისათვის ეამებინა. ჰეროდესაც, თავის მხრივ, ასევე სურდა ეამებინა მისთვის, როცა ფიცით აღუთქვამდა ყოველივეს შესრულებას, რასაც კი სალომეა მოითხოვდა; სტუმრებსაც ეშინოდათ უდანაშაულო კაცის დაცვა, რათა ამით ჰეროდე და მისი ცოლი არ გაენაწყებინათ. მაგრამ ისინი არ ყოფილან იესო ქრისტეს მოწაფეები, მიმდევრები: ჩვენკი, ქრისტიანებს, ჯვარცმული იესო ქრისტე გვწამს; ხოლო იგი, ყველამ ვიცით, იმისთვის როდი ეცვა ჯვარს, რომ ამა ქვეყნის ამაო წესები შეესრულებინა და ადამიანთა ვნებებისა და ცრურწმენებისათვის ეამებინა, არამედ - იმისთვის, რომ თავისი ზეციური მამის ნება აღესრულებინა და საწყალობელი ცოდვილნი ეხსნა ეშმაკის ტყვეობისაგან. მაშ, ჩვენც ვეცადოთ ყველაზე მეტად და უპირველესად ღმერთს ვაამოთ, მას სათნო ვეყოთ, და გვეშინოდეს სათნო-ყოფა ხორცისა და სისხლისა როგორც საკუთარ თავში, ასევე სხვა ადამიანებშიც. ვეცადოთ ყველაზე მეტად სათნო-ვეყოთ ღმერთს რწმენითა და სიყვარულით მისი ძის იესო ქრისტესადმი, და ჩვენი ცხოვრებით მისი მცნებების შესაბამისად. როცა ასე სათნო-ვეყოფით ღმერთს, ჩვენ მოყვასის სათნო-ყოფასაც ვასწავლით, რამეთუ ნათქვამია - საკუთარ თავს კი ნუ აამებთ, არამედ თითოეული ეცადეთ მოყვასს აამოთო. მაგრამ როგორ? იმ სახით, რომელიც ჩვენ უფალმა იესო ქრისტემ მოგვცა: სიყვარულით ღმერთისადმი; ღმერთის წინაშე და ღმერთის გულისათვის გვიყვარდეს ერთმანეთი, გულწრფელად და გულმოდგინედ ვუსურვოთ ერთმანეთს სიკეთე; ამგვარივე გრძნობით მარადის კეთილი ვუყოთ ერთმანეთს - ღმერთისათვის სათნო კეთილი. და როცა ამგვარ სახედ სათნო-ვეყოფით ერთმანეთს, მაშინ ჭეშმარიტად თითოეული ჩვენგანი საკუთარ თავსაც აამებს - თავის სინდისს, თავის გულს, თავის გონებასა და თვით სხეულსაც კი. მაშინ ჩვენი სინდისი უზაკველი იქნება, საღმრთო მშვიდობა მოიცავს მას; გული გაკეთილშობილდება, შეიცნობს რა კეთილმოქმედებისა და ღმერთის სიყვარულის სიტკბოებას; გონება ამაღლდება და ჯანსაღი და მორჩილი, თავმდაბალი იქნება ღმერთის სიბრძნის წინამძღვრობით; მაშინ ადამიანს სულიერი თვალნი აღეხილება და იგი იტყვის: აი, ღვთაებრივი ხელოვნება კეთილდღეობაში ყოფნისა! აი, ჭეშმარიტი კეთილდღეობა: გულითა მხიარულითა პირისახე ჰყვავის, ხოლო ქრისტეს მოყვარე და ქრისტეს მიერ კაცთმოყვარე გულს უფლისა მიერ უხარის თვით ცრემლთა შორისაც, და მის სიყვარულში მოიპოვებს დიდ ნუგეშს თვით სატანჯველთა შორისაც.
დ) და ბოლოს, აწინდელი სახარება ჩვენც ჩაგვაგონებს, რომ უფალ იესო ქრისტეს მსგავსად არც ჩვენ უნდა ვეძლეოდეთ საშიშროებას და რამდენადაც შესაძლებელია გავურბოდეთ ხიფათს (მუხლი 13). არ მოველოდეთ ჩვენი ხსნისათვის რაღაც განსაკუთრებულ საშუალებებს ზეგარდმო, არამედ იმ საშუალებებს ვიყენებდეთ, რომლებიც ჩვენს ხელთაა. რამეთუ განა ღმერთის ძეს არა ჰქონდა სასწაულები და ნიშები თავის გადასარჩენად ჰეროდეს დევნისაგან? მას ხომ ახლაც შეეძლო, თუკი ისურვებდა, თავის დასაცავად ანგელოზთა თორმეტი ლეგიონისათვის და მეტისთვისაც მოეწოდებინა ცათაგან (მათე 26,53): მაგრამ ამის ნაცვლად, კაცის ძეთაგან უკანასკნელის მსგავსად, უდაბნო ადგილას მიდის და ასე იხსნის თავს. ამგვარადვე უნდა მოვიქცეთ ხოლმე ჩვენც, და ბუნებრივ საშუალებებს ვიყენებდეთ საკუთარი თავის დაცვისათვის, და არამც და არამც არ უნდა გამოვცდიდეთ უფალს მისგან სასწაულების მოთხოვნითა და მოლოდინით ჩვენს სასარგებლოდ, ჩვენს დასაცავად, რომელთაც უფალი არასდროს არ მიმართავს უკიდურესი აუცილებლობის გარეშე.
[1] ამგვარი სისასტიკენი ჩვეულებრივი ამბავი იყო იმჟამინდელი მსოფლიოსათვის. რომის იმპერიაში ცნობილი და წარჩინებული ადამიანები, თავიანთ ლხინშიც კი ხშირად უბრძანებდნენ ხოლმე მსახურთ თავიანთი მტრების სიკვდილით დასჯას და მოკვეთილი თავის მორთმევას, რათა დამტკბარიყვნენ მტერზე ასეთი ცხადლივი გამარჯვებით და დანამდვილებით დარწმუნებულიყვნენ, რომ მტერი უკვე აღგვილია პირისაგან მიწისა! ამგვარ ამბებს გადმოგვცემენ მარკუს ანტონიუსზე, მის ცოლზე ფულვიაზე და ნერონის დედაზე - აგრიპინაზე.
[2] სამეფო ფიცის საკრალური მნიშვნელობა აღმოსავლელი მონარქებისათვის საოცარი ფაქტებით არის დადასტურებული ისტორიაში. აი, მაგალითად, სპარსეთის მეფეს ქსერქსეს ერთ-ერთი ქალიშვილი მოეწონა და მან სამეფო ფიცით აღუთქვა - ყოველივეს შეგისრულებ, რაც არ უნდა ითხოვოო. ქალიშვილმა კი უგნურად სთხოვა ის შესანიშნავი მოსასხამი, რომელსაც თავად ხელმწიფე ატარებდა და რომელიც მეუღლეს მოექსოვა მისთვის. მეფეს არ შეეძლო ამის შესრულება, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ძალზე მოსწონდა მოსასხამი, მეორედ კი - ცოლის წინაშე რიდის გამო; მაგრამ იმისთვის, რომ ფიცის გამტეხი არ ყოფილიყო, ამის სანაცვლოდ მთელი ქალაქი უბოძა ქალიშვილს სამფლობელოდ. ქსერქსეს ცოლმა, ამესტრისმა იფიქრა, რომ ქალიშვილს ასეთი თხოვნით წარდგომა მეფის წინაშე მისმა დედამ ჩააგონა, და ამიტომ გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, დაეღუპა უბედური ქალი, რაც შეასრულა კიდეც (ჰეროდიტე IV,108-112).